Facebook Twitter

№ას-1153-2022

24 მარტი, 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ტ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი წერილობითი ნების ბათილად ცნობა, გათავისუფლებამდე არსებულ პოზიციაზე აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ.ტ–მა (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის (შემდეგში - მოპასუხე) მიმართ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, გათავისუფლებამდე არსებულ პოზიციაზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით (ტ.2, ს.ფ. 2-22).

1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ.ტ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2019 წლის 31 დეკემბრის N12/1235/კ ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. გ.ტ–ი აღდგენილ იქნა მოპასუხე სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული დეპარტამენტის იურიდიულ სამმართველოში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე. მოპასუხე სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის სახით 2020 წლის 01 თებერვლიდან, ყოველთვიურად, დარიცხული 1300 ლარის გადახდა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. გ.ტ–ი 2015 წლის 12 მარტიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში დასაქმებული იყო მოპასუხე ორგანიზაციაში სხვადასხვა პოზიციებზე. გათავისუფლებამდე მოსარჩელეს ეკავა ადმინისტრაციული დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოში მთავარი სპეციალისტის პოზიცია. მოსარჩელის ყოველთვიური ფიქსირებული ხელფასი გათავისუფლების დროისათვის შეადგენდა დარიცხულ 1300 ლარს.

5.2. მოპასუხის მიერ 2019 წლის 31 დეკემბერს წერილობით გამოვლენილი N12/1235/კ ბრძანებით მოსარჩელესთან 2020 წლის 01 იანვრიდან შეწყდა შრომითი ურთიერთობა საქართველოს შრომის კოდექსის 37.1. მუხლის „ა“ პუნქტის საფუძველზე. მოსარჩელეზე გაიცა შრომის კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებული 1 თვის კომპენსაცია.

5.3. 2020 წლის 16 იანვარს მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა მისი გათავისუფლების საფუძვლების წერილობითი დასაბუთება, რაზეც წერილობითი პასუხი ეცნობა მოპასუხეს 2020 წლის 29 იანვარს.

5.4. მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული მთავარი სპეციალისტის პოზიცია პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის ვაკანტური იყო.

5.5. 2019 წლის 30 ოქტომბრისთვის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული იყო სულ 62 საშტატო ერთეული, მათ შორის იურიდიულ სამმართველოში 3 (1 სამმართველოს უფროსი, 2 მთავარი სპეციალისტი), ხოლო სახელფასო ფონდი სულ შეადგენდა წლიურ 1489200 ლარს.

5.6. 2019 წლის 31 დეკემბრისთვის საშტატო ნუსხა განისაზღვრა სულ 125 საშტატო ერთეულით, მათ შორის იურიდიულ სამმართველოში 4 (1 სამმართველოს უფროსი, 2 მთავარი სპეციალისტი ხელფასით 1800 ლარი და 1 მთავარი სპეციალისტი ხელფასით 1300 ლარი), ხოლო სახელფასო ფონდი განისაზღვრა წლიური 4983600 ლარით.

5.7. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში 2019 წლის 18 ოქტომბერს N5204-1ს კანონით 2019 წლის 21 ოქტომბრიდან შეტანილ იქნა ცვლილებები, რის შედეგადაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი რეორგანიზაციის გზით მიუერთდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს და მოპასუხე მიჩნეულ იქნა სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფლებამონაცვლედ.

5.8. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 30 დეკემბრის N1846 ბრძანებით და 10.01.2020 წლის N7 ბრძანებით მოპასუხეს უსასყიდლო თხოვების ფორმით გადაეცა შპს ბათუმის სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ქონება.

5.9. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ განყოფილებაში იყო 3 საშტატო ერთეული და ყველა მათგანი იყო დაკავებული. შპს ბ.ს.ს.დ. 23 ცენტრში იურისტის პოზიციაზე იყო 1 საშტატო ერთეული, რომელიც იყო დაკავებული და ასევე 1 პირი იყო ხელშეკრულებით აყვანილი.

5.10. რეორგანიზაციამდე იურიდიულ სამმართველოში არსებობდა მთავარი სპეციალისტის 2 საშტატო ერთეული, რომელიც დაკავებული იყო, ხოლო უფროსის პოზიცია იყო ვაკანტური

5.11. განხორციელებული შერწყმის შედეგად, რეორგანიზაციამდე, მოპასუხესთან შტატით დასაქმებული აღმოჩნდა იურიდიულ სამმართველოში 6 პირი, ხოლო ვაკანტური იყო უფროსის 1 პოზიცია. ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად იურიდიულ სამმართველოში განისაზღვრა 4 საშტატო ერთეული, რომელთაგანაც საქმის განხილვის დროისათვის 2 იყო დაკავებული, უფროსის 1 შტატი და 1 მთავარი სპეციალისტის შტატი კი იყო ვაკანტური. შესაბამისად რეორგანიზაციის შედეგად შემცირდა 3 საშტატო ერთეული და შრომითი ურთიერთობა შეწყდა 3 პირთან.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

5.12. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება მასზედ, რომ მოპასუხესთან ჩატარებული ორგანიზაციული ცვლილებების საჭიროება და მის შედეგად შტატების შემცირების აუცილებლობა იყო მართლზომიერი, ხოლო მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა არამართლზომიერი. კერძოდ, მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნებით და წერილობითი დასაბუთებით, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი გახდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რაც ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას ეკონომიკური გარემოებების, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებებისას, რომელიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.

5.13. პალატამ მიიჩნია, რომ ორგანიზაციულ ცვლილებების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება იყო მართლზომიერი. თუმცა ამ ორგანიზაციულ ცვლილებებს შედეგად აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა სამუშაო ძალის შემცირება. იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან შერწყმის და ქონების თხოვების ფორმით გადაცემის შედეგად გაიზარდა მოპასუხის ფუნქციები და შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა, დამსაქმებლის გადასაწყვეტი იყო ეფექტური და სრულფასოვანი საჯარო ფუნქციის განხორციელებისათვის რა პოზიციაზე და რამდენი საშტატო ერთეული იქნებოდა საკმარისი. რაც შეეხება საშტატო რაოდენობის და სახელფასო ფონდის ზრდას, პალატამ განმარტა, რომ აღნიშნული განაპირობა მოპასუხისათვის კანონით დამატებითი ფუნქციის დამატებამ და სხვა სსიპ-ის შერწყმამ, ასევე ქონების თხოვების მიღებამ.

5.14. პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ რეორგანიზაციის ჩატარების დროს არ არსებობდა წინასწარ დადგენილი კონკრეტული, ნათელი, სამართლიანი, მკაფიო და გამჭვირვალე პროცედურები იმ პოზიციებზე კანდიდატების შერჩევასთან მიმართებით, რაც რეორგანიზაციის შედეგად უნდა შევსებულიყო. ასევე სათანადო მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა მოპასუხის მიერ ზეპირად მთვარ სხდომაზე მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე მოხდა კომისიური წესით გასაუბრება და მისი სათანადო წესით შეფასება, რასაც მოსარჩელე მხარე უარყოფს. ასეთ პირობებში კი, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას ვერ მიიჩნევდა დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგალურ წინაპირობად.

5.15. პალატის მითითებით ვერ დადასტურდა მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ამ ორგანიზაციული ცვლილების შედეგად გათავისუფლებამდე არსებული და მოსარჩელის კვალიფიკაციის და უნარ-ჩვევების შესაბამისი ყველა ვაკანტური თანამდებობის შეთავაზება. პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი იყო, რომ მოპასუხე ორგანიზაციაში არსებობდა რეორგანიზაციული ცვლილებების ჩატარების აუცილებლობა, თუმცა ჩატარებული რეორგანიზაციის ფარგლებში არ დგინდებოდა, თუ რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით განხორციელდა კონკრეტულად გ.ტ–თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა და რა საფუძვლით მიენიჭა სხვა დასაქმებულებს უპირატესობა გათავისუფლებულ თანამშრომელთან მიმართებით.

5.16. პალატამ მიუთითა დამსაქმებელზე არსებულ მტკიცების ტვირთზე და განმარტა, რომ მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოთხოვნილი ტოლფასოვანი პოზიციის არ არსებობის თაობაზე, არ შეიძლება გამხდარიყო მოსარჩელის დარღვეული უფლებების აღდგენაზე უარის თქმის საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციით საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე ვაკანტური იყო მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიცია, რის გამოც სარჩელი აღდგენის ნაწილში დაკმაყოფილდა. აღნიშნულის შემდგომ, სააპელაციო ეტაპზე მითითება პოზიციის არავაკანტურობასთან მიმართებით, ვერ გახდებოდა მიღებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი, რადგანაც გადაწყვეტილების არსებობისა და დავის მიმდინარეობის პირობებში, მოპასუხის მიერ მითითებულ პოზიციაზე სხვა პირის დასაქმება გაუმართლებელია და ვერ გამოიწვევდა მიღებული გადაწყვეტილების აღნიშნულ ნაწილში შეცვლას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ სრულად არ გამოიკვლია საქმის მასალები და ყურადღება არ გაამახვილა ცენტრის გარდაქმნის შედეგად განხორციელებულ რეორგანიზაციაზე, რომელმაც თავის მხრივ გამოიწვია ორგანიზაციული ცვლილებები. სწორედ აღნიშნული ეკონომიკური და ორგანიზაციული ცვლილებებიდან გამომდინარე გათავისუფლდა მოსარჩელე სამსახურიდან.

6.2. სასამართლომ მოპასუხე მხარეს არ მისცა საშუალება, წარედგინა ახალი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დაადასტურებდა, თუ რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით განხორციელდა კონკრეტულად მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა და რა საფუძვლით მიენიჭა სხვა დასაქმებულებს უპირატესობა გათავისუფლებულ თანამშრომელთან მიმართებით. სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება, რომ ცენტრის ხელმძღვანელმა თანამშრომლების შერჩევისას იხელმძღვანელა სამსახურში საუკეთესო დასაქმებულის დატოვების პრინციპით, ხოლო საუკეთესოს შერჩევისას სამუშაო გამოცდილებით, კვალიფიკაციით, უნარ-ჩვევებით, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კომისიის შეფასებით... სწორედ ამ მიზნით შეიქმნა კომისია, ჩატარდა გასაუბრებები და კომპეტენციის შემოწმების ოთხდონიანი შეფასების შედეგების მიხედვით გათავისუფლდა მოსარჩელე სამსახურიდან.

6.3. სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების მიღების დროს საფუძვლიანად არ შეაფასა და არ გამოიკვლია მოსარჩელის მიერ მითითებულ პოზიციაზე აღდგენის შესაძლებლობა. აღნიშნულ პოზიციაზე ორჯერ გამოცხადდა კონკურსი და მოსარჩელეს შეეძლო მონაწილეობა მიეღო მასში, რაც არ განუხორციელებია. ვინაიდან, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლება მოხდა ლეგიტიმურად, შეივსო ვაკანტური პოზიცია და შესაბამისად, მოსარჩელის აღდგენა მის მიერ მითითებულ პოზიციაზე შეუძლებელია.

6.4. კასატორი აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებლის წარდგენის დროს დოკუმენტაციის გაბნევის გამო, ვერ განხორციელდა სათანადო დოკუმენტაციის წარდგენა სასამართლოში. აღნიშნული დოკუმენტაცია შეეხებოდა რეორგანიზაციის ფარგლებში, ცენტრში დასაქმებული თანამშრომლების შესაბამის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დანიშვნის/გადაყვანის მიზნით, მათი კომპეტენციებისა და უნარების შესახებ, რეკომენდაციების გაცემისათვის შექმნილი კომისიის შედეგებს. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატას უნდა დაეკმაყოფილებინა შუამდგომლობა აღიშნული დოკუმენტაციის საქმეზე დართვის შესახებ, ვინაიდან, მისი სათანადო დროს წარუდგენლობა გამოწვეული იყო იმ დროისათვის პანდემიის გამო არსებული ფორს-მაჟორით.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და სათანადოდ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. საკასაციო საჩივრით სადავოა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილობის საფუძვლის არსებობა, ვაკანტურ თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძვლიანობა.

12.1. საკასაციო საჩივრის ფარგლებში, სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილობის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, უნდა შეფასდეს მოპასუხე ორგანიზაციაში რეორგანიზაციის ჩატარებისა და მოსარჩელის მიმართ რეორგანიზაციის შედეგების მართლზომიერება, კერძოდ, რეორგანიზაციის მოტივით მართლზომიერად გათავისუფლდა თუ არა მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან და ადგილი ხომ არ ჰქონდა დამსაქმებლის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებას, რაც ეწინააღმდეგება სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს, სსკ-ის 115-ე, მე-8 მუხლებსა და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ შრომის უფლებას.

12.2. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად, თუმცა იმისათვის, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საფუძვლიანად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, ნებისმიერ აღნიშნულ გარემოებას შედეგად მოჰყვებოდეს სამუშაო ძალის შემცირება. როდესაც დამსაქმებელი რეორგანიზაციის გადაწყვეტილებას იღებს, უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი შეესაბამება ორგანიზაციის ინტერესებს და, ამავე დროს, გაუმართლებლად არ ხელყოფს დასაქმებულთა კანონიერ უფლებებს.

13. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ დასაქმებულთა სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს საწარმოში განხორციელებული არა ყოველგვარი, არამედ ისეთი რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება ან ახალი საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობებისათვის დაწესებული ისეთი ფუნქციები, რომლებიც არსებითად განსხვავდება რეორგანიზაციამდე არსებული შესაბამისი თანამდებობებისათვის დაწესებული ფუნქციებისგან“ (სუსგ. №ას-665-636-2016, 9.12.2016)“.

14. შრომით დავებში მტკიცების ტვირთის გადანაწილების თავისებურებიდან გამომდინარე, დამსაქმებელი, რომელიც რეორგანიზაციის მართლზომიერებაზე მიუთითებს, სწორედ თავადაა ვალდებული, რეორგანიზაციისა და მისი შედეგების მოსარჩელის მიმართ მართლზომიერების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარადგინოს. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხემ სათანადო და დამაჯერებელ მტკიცებულებებზე მითითებით ვერ უზრუნველყო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, რაც გამორიცხავს რეორგანიზაციის მოტივით მოსარჩელის გათავისუფლების კანონიერების შესახებ მოპასუხის პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას. 15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად ცვლილება განიცადა მოპასუხე ორგანიზაციამ. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხესთან ორგანიზაციული ცვლილებების აუცილებლობა კანონის მიღების და სხვა კერძო სამართლის იურიდიული პირის ქონების თხოვების ფორმით მისთვის გადაცემიდან გამომდინარე დადგა დღის წესრიგში. შესაბამისად, პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან შერწყმისა და ქონების თხოვების ფორმით გადაცემის შედეგად გაიზარდა ფუნქციები და შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა, აუცილებელი გახდა ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელება. შესაბამისად, ეფექტური და სრულფასოვანი საჯარო ფუნქციის განხორციელების მიზნით, დამსაქმებლის მიერ მისი პრეროგატივის ფარგლებში რეორგანიზაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება იყო მართლზომიერი. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საშტატო რაოდენობისა და სახელფასო ფონდის ზრდა განაპირობა მოპასუხისათვის კანონით დამატებითი ფუნქციის დამატებამ და სხვა სსიპ-ის შერწყმამ, ასევე ქონების თხოვების მიღებამ.

16. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის საკმარის საფუძველს მოპასუხის პრეტენზიის (კანონიერად ჩატარებული რეორგანიზაციის პირობებში დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლიანობა) გაზიარებისთვის და მიუთითებს, რომ ორგანიზაციაში განხორციელებული რეორგანიზაცია არ წარმოშობს დასაქმებული პირის უპირობოდ გათავისუფლების საფუძველს, დამსაქმებელს ევალებოდა ესაბუთებინა, თუ რა გარდაუვალი აუცილებლობა არსებობდა კონკრეტულად მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისათვის.

17. კასატორი (მოპასუხე) მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად არ გამოიკვლია საქმის მასალები და ყურადღება არ გაამახვილა ცენტრის გარდაქმნის შედეგად განხორციელებულ რეორგანიზაციაზე, რომელმაც თავის მხრივ გამოიწვია ორგანიზაციული ცვლილებები. სწორედ აღნიშნული ეკონომიკური და ორგანიზაციული ცვლილებებიდან გამომდინარე გათავისუფლდა მოსარჩელე სამსახურიდან. აღნიშნულ პრეტენზიას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად გამოიკვლია საქმის მასალები და განხორციელებული რეორგანიზაცია მიიჩნია მართლზომიერად. ასევე მართლზომიერად იქნა მიჩნეული რეოარგანიზაციის შედეგად შტატების შემცირება. რაც შეეხება დამსაქმებლის მიერ კონკრეტულად მოპასუხის მიმართ გამოვლენილ ნებას და მის სამსახურიდან გათავისუფლებას, აღნიშნულის გარდაუვალი აუცილებლობის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებები მოპასუხეს არ წარმოუდგენია. საქმის მასალებით არ დასტურდება და კასატორიც არ ხდის სადავოდ, რომ დამსაქმებლის მიერ არ მომხდარა მოსარჩელისთვის მისი კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით არსებული ვაკანსიების შეთავაზება. მოპასუხეს არ უცდია თავიდან აეცილებინა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. მოპასუხემ მისი წილი მტკიცების ტვირთის ფარგლებში ასევე ვერ დაადასტურა რეორგანიზაციის დროს წინასწარ დადგენილი სამართლიანი და ობიექტური კრიტერიუმების არსებობა, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელა დასაქმებულებთან მიმართებით რეორგანიზაციის პროცესში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს გადაწყვეტილების მიღებისას. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოპასუხის მიერ ზეპირად მთვარ სხდომაზე მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელესთან და იურიდიულ სამმართველოში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე მოხდა კომისიური წესით გასაუბრება და მისი სათანადო წესით შეფასება, ვინაიდან, ასეთი შეფასების არსებობას მოსარჩელე მხარე უარყოფს, ხოლო სათანადო მტკიცებულებები მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჩატარებული რეორგანიზაციის პირობებში, სამუშაო ძალის შემცირების შემთხვევაშიც, ასეთი საფუძვლით გათავისუფლებული თანამშრომლისათვის ნათელი უნდა ყოფილიყო შერჩევის რა კრიტერიუმით ისარგებლა დამსაქმებელმა. შრომით-სამართლებრივი დავებისათვის დამახასიათებელი მტკიცების სპეციფიური სტანდარტის შესაბამისად, დამსაქმებელმა ვერ დაასაბუთა კონკრეტულად მოსარჩელის მიმართ გადაწყვეტილების მიღების განმაპირობებელი ისეთი გარემოებების არსებობა, რომელთა საფუძველზეც სხვა თანამშრომლებს მიენიჭათ სამუშაოზე დარჩენის უპირატესობა მოსარჩელესთან შედარებით.

19. კასატორის პრეტენზია შეეხება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებების საქმეზე დართვის შესახებ შუამგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმასაც. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატას უნდა დაეკმაყოფილებინა შუამდგომლობა დოკუმენტაციის საქმეზე დართვის შესახებ, ვინაიდან, მისი სათანადო დროს წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. კასატორი მიუთითებს, რომ წარდგენილი დოკუმენტაცია ადასტურებდა რეორგანიზაციის ფარგლებში, ცენტრში დასაქმებული თანამშრომლების შესაბამის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დანიშვნის/გადაყვანის მიზნით, მათი კომპეტენციებისა და უნარების შესახებ რეკომენდაციების გაცემისათვის შექმნილი კომისიის შედეგების არსებობას და მისი სათანადო დროს წარუდგენლობა გამოწვეული იყო დოკუმენტაციის გაბნევით, რაც განაპირობა იმ დროისათვის პანდემიის გამო არსებულმა ფორს-მაჟორმა. საკასაციო პალატა მითითებულს ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. სსსკ-ის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეები შეზღუდული არიან ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ ამის შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით ვერ განაცხადეს. ზემოაღნიშნული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ მოპასუხე შეზღუდულია შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით და მას არ აქვს უფლება შემდგომში, საქმის არსებითად (მთავარ სხდომაზე) განხილვის დროს ან სააპელაციო და საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას სადავოდ გახადოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა თაობაზეც შესაგებელში მითითებული არ ჰქონია. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე ვალდებული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებლის წარდგენისა და საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე წარედგინა სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც მისი მოსაზრებით, დაადასტურებდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერებას. ხოლო, თუ რაიმე გარემოებიდან გამომდინარე, მოპასუხეს არ შეეძლო შესაგებლის წარდგენის ეტაპზე მტკიცებულებების წარმოდგენა, მას ამის შესახებ უნდა მიეთითებინა შესაგებელში. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებელი არ შეიცავს მითითებას, მის მიერ მტკიცებულებების საპატიო მიზეზით წარდგენის შეუძლებლობის შესახებ, რაც გამორიცხავს შემდგომში მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენას. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს მტკიცებულებების წარუდგენლობის საპატიოდ მიჩნევის საფუძველს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მითითებული პრეტენზია უსაფუძვლოა.

20. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობაზე ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის რესტიტუციული შედეგი განსახილველ შემთხვევაში არის სშკ-ის 38-ე მუხლის მერვე ნაწილით (ახალი რედაქციით 48-ე მუხლი) გათვალისწინებული სამუშაოზე აღდგენა. პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიცია იყო ვაკანტური, შესაბამისად, სასამართლომ იხელმძღვანელა საქმის განხილვის დროს არსებული მდგომარეობით და მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის შესახებ. გადაწყვეტილების გამოტანის შემდემ მოპასუხის მიერ აღნიშნულ პოზიციაზე სხვა პირის დასაქმება კი ვერ გახდება აღნიშნულ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკანონოდ და მართებულად დატოვა ძალაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ. კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, საკასაციო საჩივრის და დასაშვებად ცნობისათვის არ წარმოუდგენია, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

22. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

23. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

25. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე. 27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 2132.20 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 117.2 ლარი და დარჩენილი 2015 ლარის 70% – 1410.5 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს (20530..) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 2132.20 ლარიდან (საგადახდო დავალება N60917, გადახდის თარიღი 22.08.2022) ზედმეტად გადახდილი 117.2 ლარი და დარჩენილი 2015 ლარის 70% – 1410.5 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე