Facebook Twitter

საქმე №ას-470-2023

8 ივნისი, 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ.ა–ვა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ა–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 2022 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით ნ.ა–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა: გაუქმდა 2021 წლის 19 აპრილს გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე, მდებარე წყალტუბო, ......., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ....... და უძრავი ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა ნ.ა–ძე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინებით აპელანტს, ნ.ა–ვას დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ხარვეზის შევსების მიზნით წარმოედგინა: ა) სააპელაციო საჩივრის წარმოდგენის დროისთვის სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება (ექსპერტიზის დასკვნა, აუდიტის დასკვნა); ბ) დასაბუთებული/დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი იმდენი ასლის ოდენობით, რამდენი მხარეც მონაწილეობს საქმეში, სადაც მითითებული იქნება, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა, კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი, მითითებას გარემოებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს, ასევე მითითებული იქნება სადავო უძრავი ქონების ღირებულების გათვალისწინებით სააპელაციო საჩივრის ფასი და შესაბამისი სასხელმწიფო ბაჟის ოდენობა; გ) დასაბუთებული/დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია შესრულებული word-ის ფაილში CD დისკის სახით; დ) უძრავი ქონების ღირებულების გათვალსწინებით, სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, იმის მითითებით, თუ რომელი განჩინების საფუძველზე განხორციელდა გადახდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 იანვრის განჩინებით აპელანტის, ნ.ა–ვას შუამდგომლობა ხარვეზის შევსებისთვის ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა; აპელანტს - ნ.ა–ვას გაუგრძელდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადა და იგი განისაზღვრა ამ განჩინების ასლის აპელანტისთვის ჩაბარებიდან 14 დღით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინებით ნ.ა–ვას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა; აპელანტს - ნ.ა–ვას გაუგრძელდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადა და იგი განისაზღვრა ამ განჩინების ასლის აპელანტისთვის ჩაბარებიდან 10 დღით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განჩინებით ნ.ა–ვას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ნ.ა–ვას სააპელაციო საჩივარი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებაზე, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი.

ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განჩინებით ნ.ა–ვას დაევალა კერძო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ: აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.

საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი სატელეფონო აქტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2023 წლის 27 აპრილს სსსკ-ის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 368-ე მუხლის მე-6 ნაწილის, ასევე 399-ე მუხლების შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს.

2023 წლის 2 მაისს (სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში) საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა და წარმოადგინა 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განჩინებით ნ.ა–ვას კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

2023 წლის 18 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მხარეებმა წარმოადგინეს სანოტარო წესით დამოწმებული მორიგების აქტი და მოითხოვეს აღნიშნული მორიგების დამტკიცება. მხარეებმა ასევე იშუამდგომლეს მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

2023 წლის 2 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მხარეებმა წარმოადგინოს სანოტარო წესით დამოწმებული დაზუსტებული მორიგების აქტი და მოითხოვეს აღნიშნული მორიგების დამტკიცება. მხარეებმა ასევე იშუამდგომლეს მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ 2023 წლის 2 ივნისს წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ის უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით (მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ) და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით (მხარეებს უფლება აქვთ წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე) გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ.: სუსგ Nას-264-2021, 23.03.2023წ; სუსგ №ას-1406-2020, 22.03.2022წ.; №ას-993-2021, 20.04.2022წ).

ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები.

სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

განსახილველ საქმეში მხარეთა მიერ წარმოდგენილია სანოტარო წესით დამოწმებული მორიგების აქტის შემდეგი პირობები:

1. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სადავო უძრავი ქონება მდებარე: წყალტუბო, მ. ..... (ს/კ ......) დარჩეს ნ.ა–ვას პ/ნ ... საკუთრებად;

2. წინამდებარე აქტის 1.1 პუნქტში აღნიშნული უძრავი ნივთი ნ.ა–ძის სასარგებლოდ დაიტვირთოს პირადი სერვიტუტით მისი სიცოცხლის ხანგრძლივობით;

3. ნ.ა–ძეს მიეცეს უფლება, უძრავი ნივთის თავისთვის გამოიყენოს ბინად;

4. მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი პირადი სერვიტუტი დაარეგისტრინონ საჯარო რეესტრში.

ზემოაღნიშნულ მორიგების აქტს ხელს აწერს კერძო საჩივრის ავტორის წამომადგენელი ნ.გ–ი (იხ. მინდობილობა საქმეზე მორიგების უფლებით, ტომი 1, ს.ფ.199-200) და მოსარჩელე ნ.ა–ძე.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. ზემოაღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორს სახელმწიფო ბიუიჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ნ.გ–ის მიერ 02.05.2023 წელს N1683015718 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 83-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგება, ერთი მხრივ, ნ.ა–ვას (კერძო საჩივრის ავტორი, მოპასუხე), მეორე მხრივ, ნ.ა–ძეს (კერძო საჩივრის მოწინააღმდეგე მხარე, მოსარჩელე) შორის, შემდეგი პირობებით:

1.1 მხარეები შეთანხმდნენ, რომ სადავო უძრავი ქონება მდებარე: წყალტუბო, მ. ...... (ს/კ .....) დარჩეს ნ.ა–ვას პ/ნ ......საკუთრებად;

1.2 წინამდებარე აქტის 1.1 პუნქტში აღნიშნული უძრავი ნივთი ნ.ა–ძის სასარგებლოდ დაიტვირთოს პირადი სერვიტუტით მისი სიცოცხლის ხანგრძლივობით;

1.3 ნ.ა–ძეს მიეცეს უფლება, უძრავი ნივთის თავისთვის გამოიყენოს ბინად;

1.4 მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი პირადი სერვიტუტი დაარეგისტრინონ საჯარო რეესტრში;

2. შეწყდეს წინამდებარე საქმის წარმოება და გაუქმდეს საქმეზე ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება/განჩინება.

3. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

4. კერძო საჩივრის ავტორს ნ.ა–ვას პ/ნ ...... სახელმწიფო ბიუიჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ნ.გ–ის მიერ 02.05.2023 წელს N1683015718 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე