Facebook Twitter

№ას-1528-2022

13 ივლისი, 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ა.დ–ა“ (მოპასუხე)

მესამე პირი – უცხოური საწარმოს ფილიალი „კ-ს–ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ საბანკო გარანტიის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „ა.დ–ის“ (შემდეგში - მოპასუხე) მიმართ, საბანკო გარანტიის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 84591 ლარის დაკისრების მოთხოვნით (იხ. სარჩელი: ს.ფ. 2-18).

1.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 ივნისის საოქმო განჩინებით დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად (მოპასუხის მხარეზე) საქმეში ჩაება უცხოური საწარმოს ფილიალი „კ-ს–ი“.

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და უსფ „კ-ს–ის“ შორის 2018 წლის 19 ივლისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N02.02/30/352 ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, .......... ქუჩაზე N72ბ-ში მდებარე 8 სართულიანი ავარიული საცხოვრებელი სახლის გამაგრება-გაძლიერების სამუშაოების შესყიდვას.

5.2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N02.02/30/352 ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს „ა.დ–ის“ მიერ 2018 წლის 18 ივლისს გაცემულ იქნა NCPB/18-003958 საბანკო გარანტია 84591 ლარის ოდენობით და გარანტმა იკისრა ვალდებულება გადაეხადა აღნიშნული თანხა უ „კ-ს–ის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველივე მოთხოვნისთანავე.

5.3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N02.02/30/352 ხელშეკრულების ფარგლებში, 2019 წლის 17 ივნისს დამატებით გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც ხელშეკრულების ღირებულება 845 903 ლარი - შემცირდა 303 367.94 ლარით და ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 542 535.06 ლარი.

5.4. 2018 წლის 19 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N02.02/30/352 ხელშეკრულების 10.5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნებისმიერი ისეთი დარღვევის დროს, რაც შეუძლებელს ხდის ნორმალური სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებას, ან იწვევს შემსყიდველის ინტერესის დაკარგვას სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებისადმი. ამავე ხელშეკრულების 9.7 პუნქტის თანახმად კი, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ჩამოერთმევა სრულად შემსყიდველის სასარგებლოდ.

5.5. უ „კ-ს–ის“ მიერ დარღვეული იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან 2018 წლის 19 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N02.02/30/352 ხელშეკრულების პირობები, კერძოდ, ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოების დასრულების ბოლო ვადა იყო 2019 წლის 27 ივლისი, თუმცა აღნიშნული სამუშაოები 2019 წლის 31 ივლისის მდგომარეობითაც კი არ იყო დასრულებული. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის 2019 წლის 22 მაისის N12-011914238 და 2019 წლის 10 ივლისის N12-01191913457 წერილებით უ „კ-ს–ის“ დაეკისრა საჯარიმო სანქცია გეგმა-გრაფიკის ჩამორჩენისათვის, ხოლო ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა 2019 წლის 31 ივლისის N14-01192121425 წერილით ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ცალმხრივად შეუწყვიტა ხელშეკრულება.

5.6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ საბანკო გარანტიის მოქმედების პერიოდში, 2019 წლის 31 ივლისს, N14-01192121612 წერილით მიმართა სს „ა.დ–ას“ და მოითხოვა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის 84591 ლარის გადახდა ბენეფიციარის სასარგებლოდ.

5.7. 2019 წლის 16 აგვისტოს სადაზღვევო კომპანიამ საპასუხო N1/19-1143 წერილით განუმარტა ბენეფიციარს, რომ 2019 წლის 17 ივნისს შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული შეთანხმების შედეგად შემცირდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოთა ღირებულება 542 535.06 ლარამდე. შესაბამისად, შემსყიდველს ეთხოვა წარმოედგინა დაზუსტებული მოთხოვნა შემცირებული სახელშეკრულებო ღირებულების გათვალისწინებით.

5.8. 2019 წლის 05 სექტემბრის N1/19-1220 შეტყობინებით, შემსყიდველს ეცნობა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის N12 ბრძანების 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე „ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა განისაზღვრება: ა) ხელშეკრულების ღირებულების 2%-დან 5%-ის ჩათვლით. გ) ხელშეკრულების ღირებულების 2%-დან 10-%-ის ჩათვლით - თუ გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე“. სადაზღვევო კომპანიის საპასუხო წერილით გარანტმა ბენეფიციარს მიუთითა შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციის შესახებ და განუმარტა, რომ თუ მის მიერ არ მოხდებოდა თანხის დაკორექტირება, მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა მითითებული საკანონმდებლო ნორმის მიხედვით.

5.9. 2019 წლის 24 სექტემბრის საგადახდო დავალების თანახმად, სადაც გადახდის დანიშნულებაში მითითებულია: შემოსავალი ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოდან, საგარანტიო ანაზღაურება NCPB/18-003958 უ „კ-ს–ი“ (ს/კ ….), დგინდება, რომ სს „ა.დ–ის“ მიერ განხორციელდა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვა (54253.50 ლარი).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება: 5.10. პალატის მითითებით, უდავოდ დგინდებოდა, რომ 2018 წლის 19 ივლისს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და უ „კ-ს–ის“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N02.02/30/352 ხელშეკრულება. ბენეფიციარის მიერ სატენდერო დოკუმენტაციაში გათვალისწინებული იქნა ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია სახელშეკრულებო თანხის 5%-ის ოდენობით, ელექტრონული ვაჭრობის დროს მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული ფასის გამო ბენეფიციარის მიერ მოთხოვნილ იქნა საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ოდენობით. სახელშეკრულებო თანხად განისაზღვრა 845 903 10 ლარი, 2018 წლის 18 ივლისს სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემულ იქნა ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფის საბანკო გარანტია 84 591 ლარის ღირებულებაზე. 2019 წლის 17 ივნისს ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც შემცირდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოთა ღირებულება და 845 903 ლარის ნაცვლად, განისაზღვრა 542 535.06 ლარით. უდავოა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოთა ღირებულების შემცირების შემდგომ საბანკო გარანტიის ოდენობა არ შემცირებულა.

5.11. პალატამ მიუთითა, რომ ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში შემცირდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოთა ღირებულება, საბანკო გარანტიის ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო 2019 წლის 17 ივნისს ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის გაფორმებული შეთანხმებიდან გამომდინარე. კერძოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემცირებული სამუშაოთა ღირებულების ოდენობის - 542 535.06 ლარის 10%-ის ოდენობით. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ეწინააღმდეგება ელექტრონული ტენდერის ჩატარების დამტკიცების შესახებ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის N12 ბრძანების 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებს, რადგან მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა წარმოადგენდა ხელშეკრულების ღირებულების 16%-ს, რაც აღემატებოდა აღნიშნული ბრძანებით დადგენილი გარანტიის ზედა ზღვარს - 10%-ს.

5.12. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გარანტის მიერ ბენეფიციარის სასარგებლოდ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით, სს „ა.დ–ის“ მიერ ვალდებულება სრულად იყო შესრულებული, რაც წარმოდგენილი სარჩელის/სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება: 6.1. კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ უსფ „კ ს–ის“ მიერ დარღვეულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან 2018 წლის 19 ივლისის სასხელმწიფო შესყიდვის შესახებ N02.02/30/352 ხელშეკრულების პირობები. კერძოდ, ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოების დასრულების ბოლო ვადა იყო 2019 წლის 27 ივლისი, თუმცა, აღნიშნული სამუშაოები, 2019 წლის 31 ივლისის მდგომარეობითაც არ იყო დასრულებული.

6.2. კასატორი მიუთითებს 2018 წლის 18 ივლისს გაცემულ საბანკო გარანტიაზე (რომლის მიხედვით სს „ა.დ–ამ“ იკისრა ვალდებულება, საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხა გადაეხადა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე, ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნისთანავე) და აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ გარანტს წერილობითი ფორმით წარუდგინა მოთხოვნა, საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის განმავლობაში. მოთხოვნაში მითითებულ იქნა, რომ მიმწოდებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც, ხელშეკრულების 10.5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიმწოდებელს ცალმხრივად შეუწყდა ხელშეკრულება. შესაბამისად, აღნიშნული წერილის ჩაბარებიდან, მხარეს წარმოეშვა საგარანტიო თანხის ანაზღაურების ვალდებულება, რაც მოპასუხის მიერ არ შესრულდა. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ მოთხოვნა საბანკო გარანტიიდან გამომდინარე 84 591 ლარის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 09 დეკემბრის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და სათანადოდ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. წინამდებარე საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეფასების საგანს წარმოადგენს, მოპასუხისათვის საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, თანხის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო პალატის მიერ უცვლელად დატოვების მართლზომიერება.

12.1. დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და უ „კ-ს–ის“ შორის 2018 წლის 19 ივლისს დადებული N02.02/30/352 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (ხელშეკრულების საგანი იყო ავარიული საცხოვრებელი სახლის გამაგრება-გაძლიერების სამუშაოების შესყიდვა) ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს „ა.დ–ის“ მიერ 2018 წლის 18 ივლისს გაცემულ იქნა NCPB/18-003958 საბანკო გარანტია 84591 ლარის ოდენობით და გარანტმა იკისრა ვალდებულება გადაეხადა აღნიშნული თანხა უ „კ-ს–ის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველივე მოთხოვნისთანავე.

12.2. დადგენილია და სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N02.02/30/352 ხელშეკრულების ფარგლებში, 2019 წლის 17 ივნისს დამატებით გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც ხელშეკრულების ღირებულება 845 903 ლარი - შემცირდა 303 367.94 ლარით და ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 542 535.06 ლარი.

12.3. ზემოაღნიშნული შესყიდვების ხელშეკრულების 10.5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი შემსყიდველს აძლევდა უფლებას მიეღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნებისმიერი ისეთი დარღვევის დროს, რაც შეუძლებელს გახდიდა ნორმალური სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებას, ან გამოიწვევდა შემსყიდველის ინტერესის დაკარგვას სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებისადმი. ამავე ხელშეკრულების 9.7 პუნქტის თანახმად კი, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ჩამოერთმეოდაა სრულად შემსყიდველის სასარგებლოდ.

12.4. უ „კ-ს–ის“ მიერ დარღვეული იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმებული 2018 წლის 19 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N02.02/30/352 ხელშეკრულების პირობები და 2019 წლის 31 ივლისის N14-01192121425 წერილით ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ცალმხრივად შეწყდა ხელშეკრულება.

12.5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ საბანკო გარანტიის მოქმედების პერიოდში, 2019 წლის 31 ივლისს, N14-01192121612 წერილით მიმართა სს „ა.დ–ას“ და მოითხოვა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის 84591 ლარის გადახდა ბენეფიციარის სასარგებლოდ.

12.6. 2019 წლის 16 აგვისტოს სადაზღვევო კომპანიამ საპასუხო N1/19-1143 წერილით განუმარტა ბენეფიციარს, რომ 2019 წლის 17 ივნისს შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული შეთანხმების შედეგად შემცირდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოთა ღირებულება 542 535.06 ლარამდე და შესაბამისად, შემსყიდველს ეთხოვა წარმოედგინა დაზუსტებული მოთხოვნა შემცირებული სახელშეკრულებო ღირებულების გათვალისწინებით.

12.7. საქმეში წარმოდგენილია 2019 წლის 24 სექტემბრის საგადახდო დავალება, რომლის თანახმად, სს „ა.დ–ის“ მიერ განხორციელდა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვა (54253.50 ლარი). გადახდის დანიშნულებით დასტურდება, რომ საგარანტიო თანხის ანაზღაურება განხორციელდა სწორედ აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.

13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლო საქმეს იხილავს საკასაციო საჩივრის ფარგლებში და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, უფლება არ აქვს გასცდეს საკასაციო საჩივარში დაფიქსირებულ პრეტენზიებს. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ არ ხდის ქვემდგომი ინსტანციის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა მისი მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულებიდან გამომდინარე. კასატორი აღნიშნავს, რომ სს „ა.დ–ამ“ იკისრა ვალდებულება, საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხა - 84591 ლარი გადაეხადა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე, ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნისთანავე. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ კი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის განმავლობაში, მოსარჩელემ გარანტს წერილობითი ფორმით წარუდგინა მოთხოვნა, შესაბამისი საფუძვლების მითითებით, რაც სადაზღვევო კომპანიას უპირობოდ წარმოუშობდა აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულებას.

14. საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ, ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე (სსკ-ის 879-ე მუხლი).

15. რადგან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იყო საბანკო გარანტიით, ამიტომაც საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, იმსჯელოს ზოგადად საბანკო გარანტიის სამართლებრივ ბუნებაზე და აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით - არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება - ხელშეკრულება, რომლის უზუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე. საბანკო გარანტია შესასრულებელია გაცემული პირობების ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესაგებელი. საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობას ძირითადი, უზრუნველყოფილი ვალდებულებისაგან (პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის არსებული ვალდებულება), განაპირობებს მისი არააქცესორული ბუნება. თავად საბანკო გარანტია წარმოადგენს დამოუკიდებელ ვალდებულებას (სსკ-ის ის 881-ე მუხლი). პრინციპალის ძირითადი ვალდებულების გაბათილება, შეწყვეტა ან სამართლებრივი ვითარების სხვაგვარი შეცვლა, თავისთავად არ გამოიწვევს საბანკო გარანტიის მოქმედების შეწყვეტას. ამიტომაც, საბანკო გარანტიაში მკაფიოდ უნდა აისახოს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები (იხ., სუსგ Nას-749-709-2015 , 25 სექტემბერი, 2015 წელი).

16. საბანკო გარანტიის მთავარი განმასხვავებელი თავისებურება სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან ის არის, რომ არ არის დამოკიდებული ხელშეკრულებაზე, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. საბანკო გარანტია არააქცესორული ვალდებულებაა. იგი ბენეფიციარის კუთვნილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას იმ შემთხვევაშიც უზრუნველყოფს, როცა საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე ბენეფიციარის მოთხოვნა არ წარმოშობილა, მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულდა, შეწყდა ან ბათილია.

17. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შედეგს გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (იხ. სუსგ №ას-696-696-2018, 6.07.2018წ).

18. საქმეში მოცემული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკასაციო პრეტენზიის შეფასების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 84591 ლარის დაკისრების შესახებ საფუძველს მოკლებულია. ელექტერონული ტენდერის ჩატარების დამტკიცების შესახებ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის N12 ბრძანების 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, „ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების ღირებულების 2%-დან 10%-ის ჩათვლით - თუ გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე“. აღნიშნული ნორმის თანახმად, საბანკო გარანტიის ოდენობა ხელშეკრულების ღირებულების 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულება 84591 ლარის გადახდის შესახებ, შეესაბამებოდა ზემოაღნიშნულ დანაწესს და 2018 წლის 19 ივლისის ხელშეკრულების ღირებულების (845903 ლარი) 10%-ს შეადგენდა. მართალია, სამოქალაქო კოდექსის 888-ე მუხლი ითვალისწინებს გარანტიის ვალდებულების ფარგლებს და განმარტავს, რომ საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის მიმართ შემოიფარგლება იმ თანხის გადახდით, რომელზედაც გაიცა გარანტია, თუმცა, ყურადღების მიღმა ვერ დარჩება ის, რომ გარანტიის გაცემა ხორციელდება ხელშეკრულების ღირებულების გათვალისწინებით და ხელშეკრულების ღირებულების შემცირების შემთხვევაში, შეთანხმებული ოდენობით ვალდებულების შესრულება, ეწინააღმდეგება ელექტრონული ტენდერის ჩატარების დამტკიცების შესახებ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის N12 ბრძანების ზემოაღნიშნულ მოთხოვნას. გასათვალისწინებელია, რომ საგარანტიო თანხის ოდენობა შეადგენდა მაქსიმალურ ოდენობას, ხელშეკრულების ღირებულების 10%-ს და ხელშეკრულების შემცირებული ოდენობის გათვალისწინებით, ხელშეკრულების თავდაპირველი ღირებულებიდან გამომდინარე საგარანტიო თანხის გადახდა სცდება ბრძანებით დადგენილი გარანტიის ზედა ზღვარს. ასევე დადგენილია და კასატორი არ ხდის სადავოდ, რომ სადაზღვევო კომპანიის მიერ ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული იქნა ხელშეკრულების ღირებულების (542535.06 ლარი) 10% - 54253.50 ლარი. შესაბამისად, მოპასუხემ სრულად შეასრულა ვალდებულება.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი და მიიღო კანონიერი განჩინება; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

20. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

21. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

22. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

24. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე