ას-153-2023
13 ივლისი, 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჩ–ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ჩ–ამ“ (შემდეგში - მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდეგში - მოპასუხის) მიმართ, პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნით (ტომი 1, ს.ფ. 2-17).
1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით, შპს „ჩ–ას“ სარჩელი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ დაკმაყოფილდა. შპს „ჩ–ას“ მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 100 ლარის გადახდა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. 2014 წლის 18 ივნისს გამყიდველს - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და მყიდველს - შპს „ჩ–ას“ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ........ ტერიტორიაზე მდებარე ექვსი ერთეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდებით: ......; .......; ........; ......; .......; ....... ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო გადაეხადა საპრივატიზებო თანხა - 49 300 ლარის ოდენობით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის განმავლობაში. ნასყიდობის ხელშეკრულებით განისაზღვრა მყიდველის ვალდებულებები, მათ შორის: 3.1.4 ქვეპუნქტის თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო ნიადაგის ნაყოფიერებისა და ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების მიზნით, 5 წელიწადში ერთხელ, ნიადაგის ანალიზის შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი/დასკვნა წარედგინა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრსათვის; 3.1.9 ქვეპუნქტის თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო 3.1.4 და 3.1.5 ქვეპუნქტებით დადგენილი თითოეული ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამყიდველისათვის წარედგინა სამინისტროს მიერ გაცემული წერილი, რომელიც დაადასტურებს 3.1.4 და 3.1.5 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას.
5.2. ნასყიდობის ხელშეკრულების 6.5 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 3.1.3; 3.1.4; 3.1.5; 3.1.7; 3.1.8 და 3.1.9 ქვეპუნქტებით განსაზღვრული თითოეული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო - 500 ლარის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
5.3. სადავო გარემოებას არ წარმოადგენდა ის, რომ შპს „ჩ–ამ“ 3.1.4 ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნიადაგის ანალიზის დოკუმენტი სამინისტროში წარადგინა ვადაგადაცილებით - 2019 წლის 22 ივლისს, ნაცვლად 2019 წლის 18 ივნისისა, რისთვისაც ხელშეკრულების 6.5 პუნქტის შესაბამისად, მხარეს დაეკისრა პირგასამტეხლო - 500 ლარის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ვალდებულების შესრულების თარიღისათვის შეადგენდა - 17 000 ლარს (34 დღე). უდავოა, რომ კომპანიამ ვადაგადაცილებით შეასრულა ხელშეკრულების 3.1.9 ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ, სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტი 2019 წლის 18 ივლისის ნაცვლად სააგენტოში წარდგენილია 2019 წლის 24 ივლისს, რისთვისაც ხელშეკრულების 6.5 პუნქტის თანახმად, კომპანიას დაეკისრა პირგასამტეხლო - 500 ლარის ოდენობით დარღვევის დღიდან 2019 წლის 19 ივლისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც 2019 წლის 24 ივლისის მდგომარეობით შეადგენდა - 3 000 ლარს (6 დღე).
5.4. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ჩ–ამ“ ჯეროვნად არ შეასრულა მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები. კერძოდ, მოწინააღმდეგე მხარის მიერ ნიადაგის ანალიზის დოკუმენტი წარდგენილი იქნა შეთანხმებული ვადების დარღვევით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
5.5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პალატამ განმარატა რომ, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით.
5.4. პალატის მითითებით, სასამართლომ გაითვალისწინა საქმის კონკრეტული გარემოებები, მხარეთა შორის ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულებები, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა დარღვევების გათვალისწინებით და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული იყო. შესაბამისად, სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას დარიცხული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიჩნევის შესახებ და მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა სწორად განისაზღვრა 100 ლარით.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. კასატორის მითითებით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ხელშეკრულების არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისთვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულება. მართალია, კანონმდებლობა ითვალისწინებს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას, თუმცა, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს. კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნულ გარემოებებზე სასამართლოს არ უმსჯელია და არ დაუკონკრეტებია, თუ რატომ მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ შეთანხმებული თანხა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 თებერვლის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2023 წლის 06 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და ნაწილობრივ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. მოსარჩელის მოთხოვნაა, მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრება. ეს სამართლებრივი შედეგი მიიღება 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულების შემთხვევაში. კერძოდ, ეს წინაპირობები შემდეგია: ა) მხარეთა შორის ხელშეკრულების დადება; ბ) პირგასამტეხლოზე წერილობითი შეთანხმება; გ) ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება.
11. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა დაუსაბუთებლად შეამცირეს.
12. უდავოა, რომ მხარეთა შორის 2014 წლის 18 ივნისს მხარეებს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ........ ტერიტორიაზე მდებარე ექვსი ერთეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მყიდველი ვალდებული იყო გადაეხადა საპრივატიზაციო თანხა - 49 300 ლარის ოდენობით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის განმავლობაში. ნასყიდობის ხელშეკრულებით განისაზღვრა მყიდველის ვალდებულებები, მათ შორის: 3.1.4 ქვეპუნქტის თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო ნიადაგის ნაყოფიერებისა და ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების მიზნით, 5 წელიწადში ერთხელ, ნიადაგის ანალიზის შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი/დასკვნა წარედგინა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის; 3.1.9 ქვეპუნქტის თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო 3.1.4 და 3.1.5 ქვეპუნქტებით დადგენილი თითოეული ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამყიდველისათვის წარედგინა სამინისტროს მიერ გაცემული წერილი, რომელიც დაადასტურებს 3.1.4 და 3.1.5 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას. ნასყიდობის ხელშეკრულების 6.5 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 3.1.3; 3.1.4; 3.1.5; 3.1.7; 3.1.8 და 3.1.9 ქვეპუნქტებით განსაზღვრული თითოეული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო - 500 ლარის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სადავო გარემოებას არ წარმოადგენდა ის, რომ შპს „ჩ–ამ“ 3.1.4 ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნიადაგის ანალიზის დოკუმენტი სამინისტროში წარადგინა ვადაგადაცილებით 2019 წლის 22 ივლისს, ნაცვლად 2019 წლის 18 ივნისისა, რისთვისაც ხელშეკრულების 6.5 პუნქტის შესაბამისად, მხარეს დაეკისრა პირგასამტეხლო - 500 ლარის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ვალდებულების შესრულების თარიღისათვის შეადგენდა - 17 000 ლარს (34 დღე). უდავოა, რომ კომპანიამ ვადაგადაცილებით შეასრულა ხელშეკრულების 3.1.9 ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ, სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტი 2019 წლის 18 ივლისის ნაცვლად სააგენტოში წარდგენილია 2019 წლის 24 ივლისს, რისთვისაც ხელშეკრულების 6.5 პუნქტის თანახმად, კომპანიას დაეკისრა პირგასამტეხლო - 500 ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან - 2019 წლის 19 ივლისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც 2019 წლის 24 ივლისის მდგომარეობით შეადგენდა - 3 000 ლარს (6 დღე).
13. სადავო არაა მხარეთა შეთანხმებით დადებული ხელშეკრულების პირობები, უფლებები და ვალდებულებები. უდავოა ასევე მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ 2019 წლის 01 აგვისტოს აქტში მითითებული ვადადარღვეული დღეების რაოდენობა. სადავოა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა.
14 საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი).
15. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ (იხ. სუსგ # ას-816-767-2015, 19.11.2015წ.).
16. სსკ-ის 420-ე მუხლის (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, აღნიშნული მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა.
17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ თუ ეკონომიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას.
18. საკასაციო პალატა პირველ რიგში შეაფასებს თუ რამდენად კვალიფიციური შედავება განახორციელა მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ და აღნიშნავს, რომ სასამართლო მხოლოდ კვალიფიციური შედავების არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევას სასამართლო მოვალის კვალიფიციური შესაგებლის არსებობის შემთხვევაში ახორციელებს და მის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად შეუსაბამო და არაგონივრულია პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან.
19. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ძირითად აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ მართალია, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე წერილობითი ფორმით, თუმცა, შეთანხმება დადებული იყო სახელმწიფო ორგანოსა და კერძო კომპანიას შორის, სადაც ხელშეკრულების ფორმა შემუშავებული იყო მოპასუხის მიერ. მოსარჩელე კი, როგორც სუსტი მხარე, იძულებული იყო ხელი მოეწერა შეთავაზებული ფორმულირებისთვის, იმისდა მიუხედავად, ეთანხმებოდა თუ არა ჯარიმის გონივრულობას. მოსარჩელე ასევე მიიჩნევდა, რომ მის მიერ ვალდებულებების დაგვიანებით შესრულებას არ გამოუწვევია არავითარი ზიანი.
20. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგადაც, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების მხედველობაში მიღებით, როგორიცაა: სახელშეკრულებო ურთიერთობათა მხარეები, ხელშეკრულების ღირებულება, ხელშეკრულების მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დამრღვევის ბრალეულობის ხარისხი, დარღვევის სიმძიმე და მოცულობა, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხე და კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დაკისრებულ პირგასამტეხლოს შეაფასებს როგორც შეუსაბამოდ მაღალს, მან უნდა განსაზღვროს პირგასამტეხლოს ისეთი ოდენობა, რომელიც იქნება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. რაც შეეხება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოს განსაზღვრას, აღნიშნულიც ასევე უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ზემოთმითითებული გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად.
21. პალატას მიაჩნია, რომ როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის და ის არ უნდა ატარებდეს სიმბოლურ ხასიათს. პალატა აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა.
22. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას და როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს მხოლოდ 5 წელიწადში ერთხელ ჰქონდა ვალდებულება ნიადაგის ნაყოფიერებისა და ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების მიზნით, ნიდაგის ანალიზის შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი/დასკვნა წარედგინა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის, ხოლო შემდეგ 30 დღის ვადაში ევალებოდა სააგენტოსთვის მხოლოდ სამინისტროს მიერ გაცემული წერილის წარდგენა იმის შესახებ, რომ შეასრულა 3.1.4-3.1.5 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ აღნიშნული ვალდებულებები ორივე შემთხვევაში შეასრულა ვადის დარღვევით, ამასთან, არ მიუთითებია ამ პირობათა ვადაში შესრულების ხელისშემშლელ გარემოებებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე უპასუხისმგებლოდ მოეკიდა მის მიერ ნაკისრ ვალდებულებას. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის დარიცხული პირგასამტეხლოს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ განსაზღვრულ ოდენობამდე შემცირების საფუძველს.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა ქვემდგომი სასამართლოების მიერ არაპროპორციულად შემცირდა, რის გამოც უნდა განისაზღვროს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული ოდენობა, რომელიც არ გამოიწვევს კრედიტორის გამდიდრებას, ამავდროულად პირგასამტეხლოს არ დაუკარგავს თავის ძირითად ფუნქციას - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენციას და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობას. თუმცა, საკასაციო პალატა თავის მხრივ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ვალდებულების სრულად შეუსრულებლობას არ ჰქონია ადგილი, მოსარჩელის მიერ ვალდებულება ვადის დარღვევით, მაგრამ შესრულდა, რის გამოც მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს თანაზომიერ, საპირწონე და გონივრულ ოდენობად უნდა ჩაითვალოს პირგასამტეხლო - 200 ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საქმეში უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ შეადგინა 40 დღე, მოსარჩელისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 8000 (40X200) ლარით.
24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და 2019 წლის 01 აგვისტოს N4/46027 აქტით დაფიქსირებული დარღვევისათვის პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა განისაზღვროს 8000 ლარით (40X200).
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოპასუხე, გადახდება მოსარჩელეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზეც მოსარჩელეს ეთქვა უარი. განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც მოპასუხე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და, ამასთან, მისი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 720 (320+400) ლარის გადახდა. ხოლო, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 360 ლარი, პირველი ინსტანციის სასამართლოში შპს „ჩ–ას“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „ჩ–ას“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. შპს „ჩ–ას“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს 8000 ლარის გადახდა;
5. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს (....) შპს „ჩ–ას“ (....) სასარგებლოდ დაეკისროს 360 ლარი, პირველი ინსტანციის სასამართლოში შპს „ჩ–ას“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად;
6. შპს „ჩ–ას“ (....) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისროს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 720 (320+400) ლარის გადახდა;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე