Facebook Twitter

ას-644-2023

28 ივლისი, 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეა ძიმისტარაშვილი, ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ა.ფ–ი, ზ.ს.ჩ–ი, ფ.ს–ნი (ფ.ს–ის უფლებამონაცვლეები, მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.ფ–ი (ე.შ–ის უფლებამონაცვლე, მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. დ.ფ–იმ (შემდეგში მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ფ.ს–ის (შემდეგში მოპასუხის) მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების მესაუთრედ ცნობის მოთხოვნით (სარჩელი: ტ.1, ს.ფ. 2-18).

1.1. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხის უფლებამონაცვლეებმა: ა.ფ–მა, ზ.ს.ჩ–მა და ფ.ს–ნმა სარჩელი არ ცნეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ.ფ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ე.შ–სა და ფ.ს–ს შორის, ქ. თბილისში, ....., ბლოკი ჩ, N2ა-ში მდებარე უძრავი ნივთის (ს.კ. ......) ნასყიდობის შესახებ, 2019 წლის 6 ივნისს დადებული ხელშეკრულება და დადგინდა აღნიშნულ უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრში მოსარჩელის საკუთრების უფლების დარეგისტრირება.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხეებმა და მოთხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 აპრილის განჩინებით ა.ფ–ის, ზ.ს.ჩ–ისა და ფ.ს–ნის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი გასაჩივრების ვადის გასვლის გამო.

3.1. პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხეთა წარმომადგენლებს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ განცხადებით სასამართლოსთვის არ მიუმართავთ, შესაბამისად გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადების 30-ე დღიდან - 2022 წლის 20 ნოემბრიდან და ამოიწურა 2022 წლის 03 დეკემბერს, რომელიც მოცემულ შემთხვევაში იყო არასამუშაო/უქმე დღე (შაბათი), შესაბამისად გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება აპელანტებს გააჩნდათ 2022 წლის 05 დეკემბრის ჩათვლით. საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარმოდგენილ იქნა 2023 წლის 10 მარტს, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 აპრილის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

4.1. კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ, რომ მოპასუხეების წარმომადგენლებმა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30 დღის განმავლობაში არაერთხელ მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მათთვის ჩაბარება, მაგრამ პასუხად იღებდნენ, რომ გადაწყვეტილება არ იყო მომზადებული. დასაბუთებული გადაწყვეტილება ელექტრონული საქმის წარმოების სისტემაში აიტვირთა კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით და მოპასუხეების მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

4.2. ვინაიდან, დასტურდება ის ფაქტი, რომ სასამართლოს მიერ საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილება მომზადდა და სასამართლოების ელექტრონული საქმის წარმოების სისტემაში აიტვირთა კანონით განსაზღვრული საპროცესო ვადის დარღვევით, გასაჩივრების ვადის ათვლის საწყისად მიჩნეულ უნდა იქნეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ივნისის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

6. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ, ა.ფ–ის, ზ.ს.ჩ–ისა და ფ.ს–ნის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

9. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორები სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას სადავოდ ხდიან იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილება მომზადდა და სასამართლოების ელექტრონული საქმის წარმოების სისტემაში აიტვირთა კანონით განსაზღვრული საპროცესო ვადის დარღვევით, რის გამოც გასაჩივრების ვადის ათვლის საწყისად მიჩნეულ უნდა იქნეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღი.

10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე, რომელიც იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად კი ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე - 2591 მუხლით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.

11. აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

12. ზემოაღნიშნული ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი. სსსკ-ის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.

13. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება და არც კერძო საჩივარშია საწინააღმდეგო მითითებული, რომ მოპასუხეთა წარმომადგენელი, (იხ.: რწმუნებულება, ტ.1, ს.ფ. 208-212), კანონმდებლობით დადგენილი წესით ინფორმირებული იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღის შესახებ. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ მოპასუხეებს ან/და მათ წარმომადგენელს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, სასამართლოსათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით არ მიუმართავთ. შესაბამისად, სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 21 ნოემბრიდან და 2022 წლის 05 დეკემბერს (2022 წლის 04 დეკემბერი იყო არასამუშაო დღე - კვირა) ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილია 2023 წლის 10 მარტს, გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

14. რაც შეეხება დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობის თაობაზე კერძო საჩივრის პრეტენზიას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეული მხარე ვალდებულია, დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორებს მათ მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ და მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით შემოიფარგლენ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით კი, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის სასამართლოს ბრალით მიღების შეუძლებლობის ფაქტი შეიძლება დადასტურდეს სასამართლოს კანცელარიაში უფლებამოსილი პირის მიერ ჩაბარებული განცხადებით და სასამართლო მოხელის მიერ იმ გარემოების დადასტურებით, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მზად არ არის (სუსგ. 09.12.2013წ., საქმეზე #ას-1040-994-2013; სუსგ 30.10.2019წ., საქმეზე # ას-1063-2019). მოცემულ შემთხვევაში, ასეთი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორები ვერ ადასტურებენს მათ მიერ მითითებულ გარემოებას.

15. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხეებმა სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, 2023 წლის 10 მარტს (3 თვისა და 5 დღის დაგვიანებით) წარადგინეს. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობდა ა.ფ–ის, ზ.ს.ჩ–ისა და ფ.ს–ნის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, შესაბამისად, კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.ფ–ის, ზ.ს.ჩ–ისა და ფ.ს–ნის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე რევაზ ნადარაია

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი

ლევან მიქაბერიძე