Facebook Twitter

ას-1616-2022

2 მარტი, 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე(თავმჯდომარე)

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – მ.ბ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – მ.მ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2022 წლის 11 მაისს მ.მ–ძემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე მ.ბ–ძის მიმართ და მოითხოვა:

1.1 მოპასუხე მ.ბ–ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას უძრავი ქონება, მდებარე - ქ. ბათუმი, ...... (ქ.ბათუმი, .........), საკადასტრო კოდით №...... და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელეს.

1.2. მოპასუხე მ.ბ–ძეს მოსარჩელე მ.მ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად 600 აშშ დოლარის გადახდა, 2022 წლის 18 აპრილიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

1.3 მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. კერძოდ: ინდივიდუალურ მეწარმეს მ.ბ–ძეს, პ/ნ ....., აეკრძალოს სამეწარმეო საქმიანობა მ.მ–ძის საკუთრებაში მქონე უძრავ ქონებაში, მდებარე: ქ.ბათუმი, ........ (......) ს.კ .......

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 მაისის განჩინებით მოსარჩელე მ.მ–ძეს უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ.მ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე მ.ბ–ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა უძრავი ქონება, მდებარე - ქ. ბათუმი, ..... (ქ. ბათუმი, .......), საკადასტრო კოდით №....... და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელე მ.მ–ძეს; მოპასუხე მ.ბ–ძეს მოსარჩელე მ.მ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად 600 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა, 18.04.2022 წლიდან უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის (მდებარე - ქ. ბათუმი, ...... N45 (ქ.ბათუმი, ......), გამოთხოვის ნაწილში გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ბ–ძემ.

5. 2022 წლის 12 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მ.მ–ძის წარმომადგენელმა და მოითხოვა: სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე მ.ბ–ძეს აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ბათუმი, ........., ს.კ ....... გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით მ.მ–ძის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მ.ბ–ძეს (პ/ნ .........) აეკრძალა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ბათუმი, ........, ს.კ ....... გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

6.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მ.მ–ძის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, მ.ბ–ძე ცდილობს თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისებას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გაართულებდა ან შეუძლებებელს გახდიდა შემდგომში მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.

7. ზემოხსენებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მ.ბ–ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობაა, ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი მოსარჩელის უფლებასა (უზრუნველყოს სასამართლო წესით სამომავლოდ დადასტურებული უფლების რეალიზაცია) და მოპასუხის ინტერესს (უზრუნველყოფის ღონისძიებამ გაუმართლებლად არ ხელყოს მისი, როგორც მოპასუხის უფლებები) შორის. უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადეკვატური. დაუშვებელია უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და ამით მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენება.

7.1 ასევე საჩივრის ავტორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში მხარე ითხოვს თანხის დაკისრებას მ.ბ–ძეზე იმ მოტივით, რომ თითქოს ვერ იღებს შემოსავალს. თუმცა, სარჩელში და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ფართი სჭირდება საცხოვრებლად, რადგან სხვა საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია, ანუ იგი არ აპირებს ამ ფართის გაქირავებას და ამით შემოსავლების მიღებას. ამასთან, შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე გამოიკვეთა ფაქტი, რომ ფართი მ.ბ–ძემ იქირავა გ.ა–ისაგან და ქირის საფასურს იღებს სწორედ ა–ე. საჩივრის ავტორის მტკიცებით, მ.ბ–ძე იხდის ქირის საფასურს და ამ თანხას იღებს გ. ა–ე. ამდენად, გაუგებარია რა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე საუბრობს სასამართლო.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინებით მ.ბ–ძის საჩივარი დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

9. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მართებულად გამოიყენა უზრუნველყოფის ღონისძიება. პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელემ დაასაბუთება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, ვინაიდან განსახილველ საქმეში უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვასთან ერთად დავის საგანია თანხის დაკისრება (პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 600 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა, 18.04.2022 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე) და მოპასუხისათვის დაკისრებული თანხა არ არის მცირე ოდენობის, და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დროისათვის შესაძლოა სოლიდურ ოდენობასაც მიაღწიოს, შესაბამისად არსებობდა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

10. საკასაციო სასამართლო მოპასუხის საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

11. სსსკ-ის 1971 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე წარდგენილი საჩივარი ექვემდებარება საკასაციო სასამართლოს მიერ განხილვას.

12. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

13. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

14. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. თუმცა, მხედველობაშია მისაღები, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის (სარჩელის საგნის) პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს. ამიტომ სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს, ყოველთვის უნდა შეაფასოს, სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება.

15. აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანია, ვინაიდან მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

16. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარეთა ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.

17. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს. აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც საუბარია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე.

18. განსახილველი საქმის შემთხვევაში მ.მ–ძემ სარჩელით მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა და ზიანის ანაზღაურება.

18.1 ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ.მ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე მ.ბ–ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა უძრავი ქონება, მდებარე - ქ. ბათუმი, ....... (ქ. ბათუმი, ........), საკადასტრო კოდით №...... და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელე მ.მ–ძეს; ასევე მოპასუხე მ.ბ–ძეს მოსარჩელე მ.მ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად 600 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა, 18.04.2022 წლიდან უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის (მდებარე - ქ. ბათუმი, ....... N45 (ქ.ბათუმი, .........)), გამოთხოვის ნაწილში გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

19. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან სადავო უძრავი ქონების გასხვისება გაართულებდა ან შეუძლებებელს გახდიდა შემდგომში მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. სწორედ ამიტომ მიზანშეწონილად ჩათვალა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება მართლზომიერია. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედი მტკიცების სტანდარტის შესაბამისად, საჩივრის ავტორმა ვერ დაასაბუთა, რომ არსებობს ისეთი გარემოება, რომელიც სადავო აკრძალვის უკანონობას დაადასტურებდა.

21. საკასაციო სასამართლოს განსჯით, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას, სასამართლო უნდა დარწმუნდეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საჭიროებაში და დასაბუთებულობაში. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს სარჩელის პერსპექტიულობას და იმ გარემოებას, რამდენად მოსალოდნელია მოპასუხის მხრიდან შესაძლო დაკისრებული ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდების მიზნით ქონების განკარგვა. განსახილველ შემთხვევაში სარჩელის დავის საგანია უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა და ზიანის ანაზღაურება (პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 600 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა, 18.04.2022 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე). მოსარჩელემ მიუთითა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხის უძრავი ქონების განკარგვის აკრძალვის აუცილებლობა გამოწვეული იყო იმ საშიშროებით, რომ მოპასუხე ვალდებულებისგან თავის ასარიდებლად უძრავ ქონებას გაასხვისებდა. აღნიშნულს მიემხრო სააპელაციო სასამართლო და უზენაესი სასამართლოც იზიარებს. მით უფრო, რომ თანის დაკისრების ნაწილში სარჩელი არის მიკუთვნებითი, ანუ აღსრულებითი სარჩელი, რაც ნიშნავს იმას, რომ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა (თანხის დაკისრების ნაწილში) დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე, არამედ - მოპასუხის ნებაზე - გადაიხადოს დაკისრებული თანხა. აღნიშნული ნების არარსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა იძულებითი აღსრულება. სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან შეუზღუდავია მესაკუთრის ნება, განახორციელოს საკუთარი ქონების მიმართ სამართლებრივი შედეგის მქონე მოქმედებები, მაგალითად გაყიდვა, გაჩუქება და სხვა, მოცემულ შემთხვევაში არ არის უსაფუძვლო, რომ მოვალემ, სხვადასხვა მოტივით, განახორციელოს მითითებული მოქმედებები და უძრავი ქონება აღმოჩნდეს მესამე პირთა, შესაძლო კეთილსინდისიერ პირთა მფლობელობაში, აღნიშნული ქმედებები კი საფრთხის ქვეშ დააყენებს გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაძლოა შეუძლებელიც გახადოს. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 191-ე მუხლის დანაწესის ფარგლებში, სწორად გამოიყენა სარჩელის უზრუნველყოფის საპროცესო ღონისძიება და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი მსჯელობა უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას შეესაბამება (იხ. სუსგ: #ას-54-2019, 06.06.19 წ.).

22. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971.4-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ბ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე