№ას-265-2023
13 ივლისი, 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე–ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ე–ას“ (შემდეგში - მოპასუხე) მიმართ, 31 744 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოსა და 16 000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრების მოთხოვნით (იხ. სარჩელი: ს.ფ. 3-19).
1.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით მიუთითა, რომ სარჩელს არ ცნობდა, თუმცა იქვე და სასამართლოს ზეპირ მოსმენაზე აღიარა ვალდებულების არსებობა 11 380.22 ლარის ნაწილში. განმარტა, რომ მოსარჩელეს არასწორად ქონდა გაანგარიშებული პირგასამტეხლო და ასევე მიუთითა მის შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2019 წლის 14 იანვარს გაფორმებული №8 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა 11 380,22 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა, ხოლო დარჩენილი მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 30384 ლარის გადახდა.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. 2019 წლის 14 იანვარს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და შპს „ე–ას” შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №8 ხელშეკრულება მეხანძრე-მაშველის ზამთრის უნიფორმის შესყიდვის შესახებ, ღირებულებით 320 000 ლარი. მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ე–ას“ საქონელი უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 120 კალენდარული დღის განმავლობაში - 2019 წლის 11 მაისის ჩათვლით.
5.2. შპს „ე–ას“ მიმართვების საფუძველზე, მხარეთა შეთანხმებით მიმწოდებელს გაუგრძელდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2020 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით.
5.3. მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაბამის სანქციებზე. 2019 წლის 14 იანვარს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 13.3. „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის მიწოდების ვადების გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილი იყო მიმწოდებლისათვის დაეკისრებინა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.02%-ის ოდენობით; ამასთან, 13.4 პუნქტის თანახმად, თუკი ხელშეკრულების 13.3 „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამატებითი ვადის ფარგლებში პირგასამტეხლოს ოდენობა მიაღწევდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ს და მიმწოდებელი ვერ განახორციელებდა საქონლის სრულად მიწოდებას ან/და არ გამოასწორებდა აღმოჩენილ ხარვეზს, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა ხელშეკრულება და მიმწოდებელი ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისთვის დაეჯარიმებინა ხელშეკრულების საერთო თანხის 5%-ის ოდენობით.
5.4. შპს „ე–ამ“ რვაჯერ განახორციელა ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის მიწოდება, რომლის ჯამურმა ოდენობამაც შეადგინა 145 280 ლარი.
5.5. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 2020 წლის 14 თებერვალს №400025 წერილით მიმართა შპს „ე–ას“ და მოსთხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება; 2020 წლის 16 სექტემბერს შპს „ე–ამ“ წერილით მიმართა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს და აცნობა, რომ ვერ შეძლებდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი პროდუქციის მიწოდებას.
5.6. 2020 წლის 18 სექტემბერს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა № MIA 5 20 02212551 წერილით მიმართა მოპასუხეს და აცნობა, რომ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება; ამასთან, ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისთვის დააკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო თანხის 5%-ის ოდენობით, რაც შეადგენდა 16 000 ლარს; ხოლო ხელშეკრულების 13.3. „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი დაარიცხა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის ჯამში 31 744 ლარის ოდენობით.
5.7. მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის, რომ მოპასუხის მიერ შესრულების ვადაგადაცილების პერიოდი შეადგენდა 496 დღეს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება: 5.8. პალატამ მიუთითა, რომ ადგილი ჰქონდა მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებას და მიუხედავად შემსყიდველის მხრიდან ვადის მრავალჯერ გაგრძელებისა, სახეზე იყო ასევე ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობა. პალატა მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი მხარეთა შორის სადავო არ ყოფილა, უფრო მეტიც, მოპასუხე მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი ცნო ნაწილობრივ - 11 380,22 ლარის მოთხოვნის ნაწილში.
5.9. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 320 000 ლარს. დადგენილი იყო, რომ შპს „ე–ამ“ 145 280 ლარის ოდენობით ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება იმ თანხიდან გამომდინარე, რომლის ფარგლებშიც ვალდებულება ჯეროვნად იქნა შესრულებული, ეწინააღმდეგებოდა კერძოსამართლებრივ პრინციპებს და მისი გაანგარიშება უნდა მომხდარიყო იმ ვალდებულებიდან, რომლის არაჯეროვან შესრულებასაც ჰქონდა ადგილი. შეუსრულებელი ვალდებულების ოდენობამ შეადგინა 174 720 ლარი (320000-145280) და იმის გათვალისწინებით, რომ მიმწოდებელს ეკისრებოდა ფიქსირებული პირგასამტეხლოც ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, პალატამ მიმწოდებლისთვის ვალდებულების ვადის გადაცილების გამო დასაკისრებელი ყოველდღიური პირგასამტეხლო შეამცირა და საბოლოოდ გონივრულ ოდენობად ნაცვლად 17 332.22 ლარისა, განსაზღვრა 14 384 ლარით (0.016%). რაც შეეხება ფიქსირებულ პირგასამტეხლოს, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მისი ოდენობა სრულად შეესაბამებოდა ვალდებულების დარღვევის ხასიათს.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება: 6.1. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად შეამცირა მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად შეთანხმებული პირგასამტეხლო, რაც ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს მიზანს. 6.2. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ვალდებულების დროულად შესრულების საჯარო ინტერესი და ის მთავარი მიზანი, რომლის მიხედვითაც პირგასამტეხლოს უნდა გააჩნდეს შემაკავებელი ეფექტი.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და სათანადოდ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნაა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის გამო, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრება. ეს სამართლებრივი შედეგი კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2-ე (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას) 417-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) და 418-ე (ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულების შემთხვევაში მიიღწევა. კერძოდ, ეს წინაპირობებია: ა) მხარეთა შორის ხელშეკრულების დადება; ბ) პირგასამტეხლოზე წერილობითი შეთანხმება; გ) ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება.
13. პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტები, რომლებიც ასახულია ამ განჩინების 5.1.-5.7. პუნქტებში და რომლებსაც სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულო ძალა აქვთ.
14. განსახილველ შემთხვევაში სადავო არაა მხარეთა შეთანხმებით გაფორმებული ხელშეკრულებების პირობები, უფლებები და ვალდებულებები; არც ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების ნაწილის (174 720 ლარი) საერთოდ შეუსრულებლობაა სადავოდ გამხდარი. მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ასევე ვადადარღვეული დღეების რაოდენობა. კასატორი სადავოდ ხდის მხოლოდ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ“ სანქციად მიჩნევის საკითხს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერება - მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში.
15. კასატორის პრეტენზია უშუალოდ იმ გარემოებას შეეხება, რომ მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, სასამართლომ კი დაუსაბუთებლად შეამცირა მისი ოდენობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილება არის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც სასამართლოს უფლება აქვს, ჩაერიოს მხარეთა ნების ავტონომიაში (ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება) და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, შეამციროს იგი (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800).
16. სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) იმპერატიულია და მხარეებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება, თავიანთი შეთანხმებით გამორიცხონ იგი. სასამართლოს აღნიშნული მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოიხმოს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობის თაობაზე დამკვიდრებული სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკაც. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, თუმცა იგი მხარეთა აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება წარმოადგენს (იხ. სუსგ-ები Nას-1292-2019, 24.12.2020წ; N ას-386-2019, 02.04.2021წ; N ას-1199-1127-2015, 13.04.2016წ.).
17. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ Nას-1511-2018, 26.03.2019წ.). პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგN ას-186-2021, 25.03.2021წ.).
18. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას მასზედ, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების დადებისას მოპასუხე თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის ნაწილში, არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი. ამ მხრივ საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს გაანგარიშების ბაზას წარმოადგენდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულება და არა შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულება.
19. ზემოაღნიშნულ საკითხთან მიმართებით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა, სადაც განმარტებულია, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, მართალია, იცავს კრედიტორის ქონებრივ ინტერესს, მაგრამ არღვევს სახელშეკრულებო წონასწორობას და ვერ ასრულებს ვალდებულების დარღვევის პრევენციის ნორმატიულ დანიშნულებას. დაუშვებელია, პირგასამტეხლო მხარეს ეკისრებოდეს იმ ვალდებულების პროპორციული ღირებულებიდანაც, რომელიც მან ჯეროვნად შეასრულა. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების მოცულობიდან (იხ. სუსგ. №ას-971-2019, 28.10.2019; №ას-581-2019, 31.07.2019; №ას-164-160-2016, 28.07.2016).
20. განსახილველ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია და მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს 174 720 ლარის ღირებულების პროდუქციის მოსარჩელისათვის მიუწოდებლობის ფაქტი. შესაბამისად, მოპასუხეს პირგასამტეხლო სწორედ შეუსრულებელი ვალდებულების ოდენობიდან (174 720 ლარი) უნდა დაკისრებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, პირგასამტეხლოს შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებიდან დაანგარიშების შესახებ.
22. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას პირგასამტეხლოს გაანგარიშების საფუძვლისა და მისი გონივრული ოდენობის თაობაზე, ითვალისწინებს ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილით გამოწვეული ზიანის თანაფარდობას პირგასამტეხლოს ოდენობასთან და მიაჩნია, რომ კრედიტორის და მოვალის მტკიცების ფარგლების, ვალდებულების დარღვევის შინაარსის და ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, დასაბუთებულია პალატის მიერ პირგასამტეხლოს შემცირებული ოდენობით გაანგარიშება და დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად, მართებულად განისაზღვრა 14 384 ლარი (174 720 ლარის 0.016% X 496 დღეზე). შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, ადეკვატური და გონივრულია.
23. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი და მიიღო კანონიერი განჩინება; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
24. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
26. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
28. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე