ას-799-2022
31 მარტი, 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ.ჩ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.რ–ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 09 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2022 წლის 28 აპრილის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, დაყოვნების პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ.ჩ–მა (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „ს.რ–ის“ (შემდეგში - მოპასუხე) მიმართ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და დაყოვნების პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით (იხ. სარჩელი: ტ.1, ს.ფ. 27-41).
1.1. სს „ს.რ–ამ“ სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 05 თებერვლის გადაწყვეტილებით გ.ჩ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 05 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 08 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად, ხოლო ამავე სასამართლოს 2021 წლის 25 მაისის განჩინებით, გ.ჩ–ის სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაინიშნა მთავარი სხდომა 2021 წლის 09 ივნისს 16:00 საათზე, მე-17 სხდომათა დარბაზში, რის შესახებაც სასამართლო უწყება პირადად ჩაბარდა აპელანტ გ.ჩ–ს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე 2021 წლის 28 მაისს.
3.2. 2021 წლის 04 ივნისს აპელანტის წარმომადგენელმა, კ.ჩ–მა სასამართლოს მიმართა განცხადებით და მიუთითა, რომ დავალიანების გამო შეჩერებული აქვს ადვოკატის ლიცენზია, რის გამოც იშუამდგომლა სასამართლო სხდომის გონივრული ვადით გადადება წარმოქმნილი დაბრკოლების აღმოფხვრის მიზნით
3.3. 2021 წლის 09 ივნისს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი და მისი წარმომადგენელი კ.ჩ–ი.
3.4. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ და მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3.5. სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ წარდგენილი განცხადება არ შეიცავდა მითითებას სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ, რაც გათვალისწინებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით, რის გამოც შუამდგომლობას სასამართლო სხდომის გადადების შესახებ დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
3.6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 09 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3.7. სააპელაციო პალატის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა გ.ჩ–მა, მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ წარმოდგენილი განცხადებით დასტურდებოდა მისი წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობა, ხოლო სსსკ-ის 93-ე მუხლის თანახმად, მხარე უფლებამოსილია და არა ვალდებული დაესწროს სასამართლო სხდომას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მხარეს ჰყავს წარმომადგენელი. საჩივრის ავტორის განმარტებით მის წარმომადგენელს ადვოკატის ლიცენზია შეჩერებული ჰქონდა კოვიდ 19-ით გამოწვეული მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, შესაბამისად, შუამდგომლობა სხდომის გადადების შესახებ გამოწვეული იყო საპატიო დაუძლეველი ძალით და არსებობდა მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
3.8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის განჩინებით გ.ჩ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
3.8.1. პალატამ აღნიშნა, რომ იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებების შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა, სასამართლოს უფლებამოსილებაა. პალატის მოსაზრებით, საჩივრის ავტორმა, ვერ უზრუნველყო სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით დაესაბუთებინა სასამართლო სხდომაზე გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობა იმ პირობებში, როდესაც პირადად მისთვის ცნობილი იყო სასამართლო სხდომის გამართვის თარიღი, ხოლო მისმა წარმომადგენელმა ასევე სათანადოდ ვერ დაასაბუთა ის გარემოება, თუ რატომ ვერ იქნა მისი მხრიდან აღმოფხვრილი პროცესში მონაწილეობის დამაბრკოლებელი გარემოება სხდომის გამართვის თარიღამდე. მით უფრო, რომ აღნიშნულ საქმეზე სასამართლო სხდომა თავდაპირველად დანიშნული იყო ჯერ კიდევ 2020 წლის 28 ოქტომბერს. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ხსენებული მთავარი სხდომა ასევე ვერ გაიმართა აპელანტი მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე, რომლითაც ის სხდომის გადადებას მოითხოვდა გონივრული ვადით ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მიუხედავად აღნიშნული შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო სხდომის გადადებისა და შემდგომში მთავარი სხდომის 2021 წლის 9 ივნისს დანიშვნისა, აპელანტი მხარე სხდომაზე არ გამოცხადებულა, ხოლო მისმა წარმომადგენელმა კვლავ მოითხოვა სასამართლო სხდომის გადადება.
3.8.2. სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია საჩივრის ავტორის აპელირება კორონავირუსის გავრცელების თაობაზე ადვოკატის ლიცენზიის შეჩერების ჭრილში, რამეთუ აპელანტის წარმომადგენელი მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიუთითებდა არა კორონავირუსით ინფიცირებას ანდა ჯანმრთელობის მდგომარეობას, არამედ აღნიშნულს აკავშირებდა ფინანსურ პრობლემასთან, რის გამოც ვერ შეძლო ადვოკატის ლიცენზიისთვის დაწესებული ასოციაციის საწევროს გადახდა. აღნიშნულზე მითითება, პალატის მოსაზრებით, არ პასუხობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215.3 მუხლით დადგენილ სტანდარტს.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 09 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2022 წლის 28 აპრილის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
4.1. სასამართლომ უგულებელყო სხდომის გადადების საპატიო დაუძლეველი გარემოებები და მხარის უფლება წარმოდგენილი ყოფილიყო წარმომადგენლის მეშვეობით. აპელანტის სხდომაზე გამოუცხადებლობა განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ აპელანტი საქმეში წარმოდგენილი იყო წარმომადგენლით, რომელმაც ვადის დაცვით წარუდგინა სასამართლოს შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე.
4.2. კასატორი მიიჩნევს, რომ მის წარმომადგენელს ადვოკატის ლიცენზია შეჩერებული ჰქონდა სასამართლო სხდომის დანიშვნამდე, ვინაიდან, ქვეყანაში იყო კოვიდ 19-ით გამოწვეული კრიზისი. სამსახურის გარეშე დარჩენილი მოსარჩელისა და წარმომადგენლის ფინანსური მდგომარეობის მიზეზით შეჩერებული ლიცენზიის გათვალისწინებით, სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა შუამდგომლობა და გადაედო სასამართლო სხდომა.
4.3. კასატორი აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებზე არ არის მისი ხელმოწერა და ის მაღალი ხარისხითა და გულისხმიერებით ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად გაათავისუფლეს სამსახურიდან.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 სექტემბრის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2023 წლის 28 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. 7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. 8. საკასაციო პალატა კასატორის არგუმენტების გაცნობის შემდეგ მიიჩნევს, რომ ამ კუთხით მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარუდგენია. 9. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვა 2020 წლის 24 სექტემბერის განჩინებით გ.ჩ–ის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა სასამართლოს მთავარ სხდომაზე 2020 წლის 28 ოქტომბერს. აპელანტის წარმომადგენელმა 2020 წლის 27 ოქტომბერს შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო პალატას და იშუამდგომლა სხდომის გადადების თაობაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. აპელანტის შუამდგომლობა სხდომის გადადების შესახებ დაკმაყოფილდა.
9.1. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განჩინებით გ.ჩ–ის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2021 წლის 09 ივნისს, 16:00 საათზე, რის თაობაზეც ეცნობათ მხარეებს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9.2. 2021 წლის 04 ივნისს სააპელაციო სასამართლოს შუამგომლობით კვლავ მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა და ითხოვა სასამართლო სხდომის გადადება იმ საფუძვლით, რომ დავალიანების გამო შეჩერებული აქვს ადვოკატის ლიცენზია.
9.3. 2021 წლის 09 ივნისს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი და მისი წარმომადგენელი კ.ჩ–ი. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ და მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ წარდგენილი განცხადება არ შეიცავდა მითითებას სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ, რაც გათვალისწინებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით, რის გამოც, სასამართლო სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობას, დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 09 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. 10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესსა და წინაპირობებს სსსკ-ის 387-ე მუხლი განსაზღვრავს. აღნიშნული ნორმით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში კი, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სხდომაზე და არც გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე არ აცნობა სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს. ამავდროულად, ზემოაღნიშნული საპროცესო ღონისძიება ერთგვარი სანქციაა ისეთი მხარისათვის, რომელიც არასაპატიოდ არ ცხადდება საქმის განხილვაზე. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს 387-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) აპელანტის გამოუცხადებლობა; ბ) გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზი; გ) მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
11. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა საპატიო გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.
12. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.
13. კასატორი, როგორც უკვე აღინიშნა, მისი გამოუცხადებლობის განაპირობებელ გარემოებად მიუთითებს იმაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო ადვოკატით. სსსკ-ის 93-ე მუხლის მიხედვით კი, პირი უფლებამოსილია თავად დაესწროს სასამართლო სხდომას. კასატორი მიუთითებს, რომ აღნიშნული დანაწესი მხარეს არ ავალდებულებს სასამართლო სხდომაზე დასწრებას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ჰყავს წარმომადგენელი. გ.ჩ–ი ასევე აღნიშნავს, რომ არსებობდა მისი წარმომადგენლის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, კერძოდ კ. ჩ–ს შეჩერებული ჰქონდა ადვოკატის ლიცენზია, რის შესახებად ვადის დაცვით ეცნობა სასამართლოს.
14. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მხარეთა შეჯიბრებითობაზეა დამყარებული და სსსკ-ის 102-ე მუხლი თითოეულ მხარეს უდგენს ვალდებულებას, სათანადო მტკიცებულებით დაასაბუთოს მოთხოვნა. სსსკ-ის მე-4 მუხლით კი განსაზღვრულია მხარის აბსოლუტური შესაძლებლობა, თავადვე განსაზღვროს სადავო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და წარუდგინოს ისინი სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დამტკიცებას საჭიროებს, მხოლოდ მხარის განმარტებით ვერ დადგინდება. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე აპელირებს.
15. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საჩივრის ავტორის პრეტენზიებზე სადავო საკითხთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სათანადო შედავებას, რომელიც დაასაბუთებდა კასატორის მოხოვნას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის არსებობის შესახებ. საკასაციო პალატა მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატამ აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა ერთხელ უკვე დააკმაყოფილა და 2020 წლის 28 ოქტომბერს დანიშნული სხდომა გადადო. რაც შეეხება 2021 წლის 09 ივნისს დანიშნულ სასამართლო სხდომას, აღნიშნული სხდომის შესახებ გ.ჩ–ს ეცნობა 2021 წლის 28 მაისს, შესაბამისად, მიეცა შესაძლებლობა უზრუნველეყო მისი ინტერესების დაცვა, თუმცა, აღნიშნულ სხდომაზე არც თვითონ და არც მისი წარმომადგენელი არ გამოცხადდა. კასატორის აპელირება, რომ სასამართლო სხდომაზე დასწრება მისი უფლებაა და არა ვალდებულება, არ წარმოადგენს ვარგის საფუძველს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისათვის, ვინაიდან, სსსკ-ის 93-ე მუხლიდან გამომდინარე, აპელანტს ნამდვილად არ გააჩნდა სხდომაზე დასწრების ვალდებულება, იმ დროს როდესაც უზრუნველყოფილია წარმომადგენლის დასწრება სასამართლო სხდომაზე, ხოლო წარმომადგენელიც თუ არ გამოცხადდა, ნიშნავს იმას, რომ სხდომაზე არ ცხადდება მხარე. აპელანტს არათუ სათანადო მტკიცებულება არ წარმოუდგენია სასამართლოსთვის, გამოუცხადებლობის საპატიოობის შესახებ, არამედ, აღნიშნულის გარდა, რაიმე გასათვალისწინებელ გარემოებაზეც არ მიუთითებია. შესაბამისად, თავად გ.ჩ–ის მიერ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს. რაც შეეხება კასატორის წარმომადგენლის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობას, აღნიშნულ ნაწილშიც საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ ადგილი არ ჰქონია განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც წარმომადგენლისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს გახდიდა სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. გ.ჩ–ის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მიღებულია 2020 წლის 08 ივნისს და მისი განხილვა როგორც უკვე აღინიშნა, ერთხელ უკვე გადაიდო აპელანტის შუამდგომლობით. საქმეში წარმოდგენილი სსიპ ადვოკატთა ასოციაციის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ კ.ჩ–ს ასოციაციის წევრობა შეუწყდა 2021 წლის 1 თებერვალს. შესაბამისად, მხარეს რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა პროცესის დანიშვნის მოლოდინი, სხდომის დანიშვნამდეც და მის შემოდგომაც, ინფორმირებიდან სასამართლო სხდომის თარიღამდე, შესაძლებლობა ჰქონდა უზრუნველეყო მითითებული დაბრკოლების აღმოფხვრა და მოსარჩელის ინტერესების დაცვა. ამასთან, აპელანტის წარმომადგენელი განცხადებაში უთითებდა, რომ შეწყვეტილი ჰქონდა ადვოკატის უფლებამოსილება და ამ მოტივით ითხოვდა სხდომის გადადებას, თუმცა, არ მიუთითებდა რაიმე ვადას (რაც შეიძლება მიჩნეულიყო გონივრულ ვადად), რა ვადაშიც ის უზრუნველყოფდა აღნიშნული საკითხის მოგვარებას და ექნებოდა სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა. კასატორის პრეტენზია ასევე შეეხება მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მთავარ სხდომაზე წარდგენილი დოკუმენტაციის დაგვიანებით წარდგენის საპატიოობას და მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლის არარსებობას. აღნიშნულ პრეტენზიებთან მიმართებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან, განსახილველი საკასაციო საჩივრით მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს განჩინების კანონიერება, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც არ მიემართება დაუსწრებელ გადაწყვეტილებას.
16. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებას და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია. 17. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და საქმის მასალების ერთობლივი ანალიზის შედეგად ჩამოყალიბებულ დასკვნას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები. 18. სსსკ-ის 410-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება აპელანტის პროცესზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის მოტივით და მართებულად დატოვა იგი ძალაში. კასატორს კი არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სააპელაციო სასამართლოს მითითებული ქმედების უკანონობას დაადასტურებდა. ამრიგად, საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და მას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 09 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2022 წლის 28 აპრილის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
20. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 სექტემბრის განჩინებით მოპასუხეს გადაუვადდა საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. შესაბამისად, სსსკ-ის 55.2-ე მუხლის მიხედვით, ვინაიდან, საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, კასატორს საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ჩ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 09 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2022 წლის 28 აპრილის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე;
3. გ.ჩ–ს (....) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი - TRESGE22, მიმღების ანგარიშის ნომერი - 200122900, სახაზინო კოდი - 3 0077 3150) სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 სექტემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის გადახდა;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე