Facebook Twitter

№ას-103-2023

20 ივლისი, 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „ს.კ.ე.ჯ–ია“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის მხარის პოლიციის დეპარტამენტმა (შემდეგში - მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ (შემდეგში - მოპასუხის) მიმართ, 7399 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით (იხ. სარჩელი: ს.ფ. 2-18).

1.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7399 ლარის გადახდა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. 2019 წლის 31 დეკემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც შემსყიდველს და სს „ს.კ.ე.ჯ–იას“, როგორც მიმწოდებელს შორის, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N981 ხელშეკრულება, რომლის შესყიდვის ობიექტად განისაზღვრა მიმწოდებლის მიერ, შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალების დაზღვევის (თანდართული დაზღვევის პირობების დანართი N1-ისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალის დანართი N2-ის შესაბამისად) მომსახურების გაწევა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სატენდერო დოკუმენტაციით, მიმწოდებლის სატენდერო წინადადებითა და ტარიფებით.

5.2. ხელშეკრულების 2.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საერთო/საორიენტაციო ღირებულებად განისაზღვრა 1 999 765.10 ლარი. ამავე ხელშეკრულების 2.6 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში იყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2021 წლის 30 აპრილის ჩათვლით. ხელშეკრულების 3.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მიზნებისთვის შემსყიდველი გულისხმობდა ორგანიზაციას, რომელიც ახორციელებს შესყიდვას ხელშეკრულებისა და სატენდერო დოკუმენტაციის პირობებით, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შემსყიდველი სადაზღვევო პოლისით განსაზღვრულ სატენდერო საშუალებას აზღვევდა მზღვეველთან და იხდიდა შესაბამის სადაზღვევო პრემიას. ამავე ხელშეკრულების 3.13 პუნქტის თანახმად, შემთხვევა (სადაზღვევო რისკი) განმარტებულია როგორც, შემთხვევა, როდესაც ზიანი მიადგებოდა დაზღვეულ სატრანსპორტო საშუალებას ან/და დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების უფლებამოსილი მძღოლის მიერ ექსპლოატაციისას, დამზღვევს წარმოეშობოდა პასუხისმგებლობა მესამე პირის მიმართ. ხელშეკრულების 6.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო სადაზღვევო მომსახურება გაეწია შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის კონსოლიდირებული ტენდერით განსაზღვრული პირობებითა და ფასით. ამავე ხელშეკრულების 6.1.6 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო განეხილა და სადაზღვევო შემთხვევის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი მომსახურება გაეწია ნებისმიერ შემთხვევაზე, რომელიც მოხდა სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში, მიუხედავად მომსახურების გაწევისთვის საჭირო დროის ხანგრძლივობისა. ხოლო ხელშეკრულების 6.3.6 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ვალდებული იყო არ ეღიარებინა საკუთარი პასუხისმგებლობა და არ გაეცა პირობა ზიანის კომპენსაციაზე მიმწოდებლის (მზღვეველის) თანხმობის გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში მიმწოდებელი (მზღვეველი) უფლებამოსილი ოყო მოეხსნა ნაკისრი პასუხისმგებლობა. ხელშეკრულების 11.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე 150 ლარის ოდენობით.

5.3. ხელშეკრულების დანართი N1-ის 1 ნაწილის 1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად სადაზღვევო რისკს წარმოადგენდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (არ ქონდა მნიშვნელობა ვისი მიზეზით ხდებოდა საგზაო-სატრანსპორტო შეთხვევა); ხელშეკრულების დანართი N1-ის 1 ნაწილის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, მზღვეველი უფლებამოსილი იყო არ აენაზღაურებინა ნაკისრი პასუხისმგებლობა, თუ შემსყიდველი აღიარებდა საკუთარ პასუხისმგებლობას და გასცემდა პირობას ზიანის კომპენსაციაზე მიმწოდებლის (მზღვეველის) თანხმობის გარეშე.

5.4. ხელშეკრულების დანართი N2-ის შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე დაზღვეულ ავტომობილს წარმოადგენდა მოსარჩელის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება, „Toyota Hilux“, სახელმწიფო ნომრით - ...... (23 ნომრად). აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 06 დეკემბრის NMIA 3 18 0001/559 ბრძანების თანახმად გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტს.

5.5. N981 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით მოპასუხის მიერ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მარკა/მოდელი - „Toyota Hilux“, სახელმწიფო ნომრით - ......მონაწილეობით 2020 წლის 03 ოქტომბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, სსიპ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ შედგენილ ახსნა-განმარტებებში მითითებულია ჩანაწერი იმის შესახებ, რომ არავის არანაირი დაზიანება არ მიუღია და შემთხვევაში მონაწილე მძღოლებს პრეტენზიები არავის მიმართ არ გააჩნდათ.

5.6. 2020 წლის 03 ოქტომბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაზიანდა მოსარჩელის ბალანსზე რიცხული და 2019 წლის 31 დეკემბერის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N981 ხელშეკრულებით მოპასუხის მიერ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალება მარკა/მოდელი - „Toyota Hilux“, სახელმწიფო ნომრით - ...... „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ ინვოისის თანახმად, მოსარჩელის ბალანსზე რიცხულ ავტომობილზე მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 7399 ლარი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება: 5.7. პალატის მითითებით, ხელშეკრულებაში საგამონაკლისო ნორმების დანიშნულებაა ამომწურავად განისაზღვროს იმ გარემოებათა/ქმედებათა წრე, რაც მზღვევლის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, ყველა სხვა შემთხვევა კი, დამზღვევის ინტერესების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ სსიპ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ შედგენილ ახსნა-განმარტებაში მითითებული ჩანაწერი იმის შესახებ, რომ შემთხვევაში მონაწილე მძღოლებს პრეტენზიები ერთმანეთის მიმართ არ გააჩნდათ, ვერ ჩაითვლებოდა საგამონაკლისო შემთხვევად. აღნიშნული ახსნა-განმარტება მიცემული იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლებში, რა დროსაც მხარეთა ვალდებულებას რეალური ვითარების შესახებ სწორი ახსნა-განმარტების მიცემა წარმოადგენს. ამასთან, მითითებულ განმარტებით დგინდებოდა, რომ ი.მ–ძის მიერ აღიარებული იყო მის მიერ ჩადენილი დარღვევა, რაზედაც მიუთითებდა და განმარტავდა, რომ მას არავის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია. შესაბამისად, აღნიშნულიდან არ გამომდინარეობდა მესამე პირებისთვის რაიმე კომპენსაციის დაპირების არსებობა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება: 6.1. კასატორის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი უსწორობა, უპირატესად უნდა შეფასდეს სასამართლოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების არასწორი და არასრული განმარტების კუთხით. ხელშეკრულების 6.3.6. პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ვალდებულია არ აღიაროს საკუთარი პასუხისმგებლობა და არ გაცეს პირობა ზიანის კომპენსაციაზე მიმწოდებლის თანხმობის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია მოიხსნას ნაკისრი ვალდებულება. საპატრულო პოლიციის დოკუმენტებში აღნიშნული ჩანაწერიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ დაზღვეული საშუალების მძღოლის მიერ არ შესრულდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებლება, რაც იმავე ხელშეკრულების თანახმად, ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი იყო.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მარტის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და სათანადოდ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 799-ე მუხლის პირველი ნაწილი (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება), ამავე კოდექსის 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) და 821-ე (მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში) მუხლები.

13. დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა (სუსგ Nას-1165-1110-2014, 23.01.2015წ.).

14. მოცემულ შემთხვევაში: მხარეთა შორის გაფორმებულია დაზღვევის ხელშეკრულება; დამზღვევის მიერ შესრულებულია ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკით სადაზღვევო პრემიის გადახდის თაობაზე; დადგა სადაზღვევო შემთხვევა და დაზიანდა დაზღვეული ავტომანქანა.

15. მზღვეველი საკასაციო საჩივრის ფარგლებში სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე უარს აცხადებს იმ საფუძვლით, რომ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ სსიპ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის მიცემული ახსნა-განმარტება ავტოსაგზაო შემთხვევის მისი მიზეზით გამოწვევისა და პრეტენზიის არქონის შესახებ, წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევას და მოპასუხეს აძლევს უფლებას უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურებაზე.

16. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა, მზღვეველმა კი უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი წარმოადგენს კანონის ან ხელშეკრულების გამონაკლისს, რის გამოც, მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა (იხ. სუსგ საქმე Nას-1091-2022, 23 თებერვალი, 2023 წელი).

17. საკასაციო სასამართლო, ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულების პირობებზე. ხელშეკრულების 6.3.6 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ვალდებული იყო არ ეღიარებინა საკუთარი პასუხისმგებლობა და არ გაეცა პირობა ზიანის კომპენსაციაზე მიმწოდებლის (მზღვეველის) თანხმობის გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში მიმწოდებელი (მზღვეველი) უფლებამოსილი ოყო მოეხსნა ნაკისრი პასუხისმგებლობა. ხელშეკრულების დანართი N1-ის 1 ნაწილის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, მზღვეველი უფლებამოსილი იყო არ აენაზღაურებინა ნაკისრი პასუხისმგებლობა, თუ შემსყიდველი აღიარებდა საკუთარ პასუხისმგებლობას და გასცემდა პირობას ზიანის კომპენსაციაზე მიმწოდებლის (მზღვეველის) თანხმობის გარეშე.

18. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა: ხელშეკრულებაში საგამონაკლისო ნორმების იმპლემენტაციის დანიშნულებაა ამომწურავად განისაზღვროს იმ გარემოებათა/ქმედებათა წრე, რაც მზღვეველის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, ყველა სხვა შემთხვევა კი, დამზღვევის ინტერესების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საგამონაკლისო შემთხვევების გაფართოების დაშვება, ეწინააღმდეგება ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმების ჩართვის მიზანს. მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დებენ ხელშეკრულებას, თავადვე განსაზღვრავენ სახელშეკრულებო ურთიერთობების იმპერატიულ და დისპოზიციურ წესებს, რომელსაც ორივე მხარე განუხრელად უნდა დაემორჩილოს და იცავდეს. საგამონაკლისო დათქმები სადაზღვევო ხელშეკრულების სწორედ იმპერატიულ დანაწესთა იმ წყებას მიეკუთვნება, რომელიც სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისათვის დაუშვებლად მიჩნეულ ქმედებათა სრულ სპექტრს განსაზღვრავს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო დაზღვევის ხელშეკრულებით ანაზღაურებას ექვემდებარება მძღოლის ბრალით (ავარიისას) გამოწვეული ნებისმიერი ის ზიანი, რომელიც მხარეთა შეთანხმებით საგამონაკლისო შემთხვევების ნუსხის განსაზღვრისას დაუშვებლად არ არის მიჩნეული (სუსგ №ას--1147-1067-2017, 29 .12.2017წ).

19. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სადავო საკითხზე და აღნიშნავს, რომ ი.მ–ძის ახსნა-განმარტებიდან დასტურდება მისი ბრალეული ქმედება. ამასთან, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, სსიპ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ შედგენილ ახსნა-განმარტებებში მითითებულია რომ შემთხვევაში მონაწილე მძღოლებს პრეტენზიები არავის მიმართ არ გააჩნიათ. აღნიშნული ახსნა-განმარტება მიცემული იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლებში, რა დროსაც მხარეთა ვალდებულებას რეალური ვითარების შესახებ სწორი ახსნა-განმარტების მიცემა წარმოადგენს. ამასთან, ახსნა განმარტება არ შეიცავს ი.მ–ძის მიერ მესამე პირებისთვის რაიმე კომპენსაციის დაპირებას, რისი არსებობაც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გამორიცხავდა მზღვეველის მიერ მოსარჩელისათვის ზიანის ანაზღაურებას. შესაბამისად, ი.მ–ძის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება არ წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევას და მისი არსებობა ვერ გახდება ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.

20. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ ხელშეკრულების არასწორი და არასრული განმარტების შესახებ.

21. ხელშეკრულების განმარტების საჭიროებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა ხელშეკრულება, რომლის გამონათქვამებიც ბუნდოვანი, ორაზროვანი ან ურთიერთგამომრიცხავია, აგრეთვე როცა მისი გამონათქვამები შესწორებასა და შევსებას მოითხოვენ. ხელშეკრულების განმარტების დროს სასამართლო ორ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს: სასამართლოს ევალება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გაკეთებული გამონათქვამების დაზუსტება, ხოლო მეორეს მხრივ, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ხელშეკრულებაში ღიად დარჩენილი ადგილების ე.წ. ხარვეზების შევსებას ახორციელებს (ხელშეკრულების განმარტების საკითხებზე იხ., სუსგ №ას-1144-1090-2014, 23 თებერვალი, 2015 წელი). მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულება არ შეიცავს ბუნდოვან, ორაზროვან და ურთიერთგამომრიცხავ გამონათქვამებს და მასში ნათლად არის ჩამოყალიბებული მხარეთა უფლებამოვალეობები.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი და მიიღო კანონიერი განჩინება; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

23. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

25. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

27. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ (........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 370 ლარის (საგადახდო დავალება N5216546, გადახდის თარიღი 02.28.2023) 70% – 259 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

ლაშა ქოჩიაშვილი