Facebook Twitter

ბს-374-53-გ-03 12 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიასა და ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს შორის განსჯადობის შესახებ დავა მოქ. ო. ზ-ის სარჩელთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 13 აგვისტოს ო. ზ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს მოპასუხე იუსტიციის სამინისტროს მიმართ და ითხოვა ,,ნოტარიუსობის კანდადიტთა შესარჩევი კონკურსის დანიშვნის შესახებ” იუსტიციის მინისტრის 2003წ. 16 ივლისის ¹117 §2 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 15 აგვისტოს ¹3ა/392-2003წ. განჩინებით ო. ზ-ის სასარჩელო განცხადება იმ მოტივზე მითითებით, რომ იუსტიციის სამინისტროს ბრძანება წარმოადგენს ერთჯერად სამართლებრივ აქტს, რომელიც მიღებულია ადმინისტრაციულ გარიგებასთან დაკავშირებით და მიმართულია ადმინისტრაციული გარიგების დასადებად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით გადაეგზავნა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ბრძანების სახით საქმე გვქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან, რომელიც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის ,,გ” პუნქტის საფუძველზე განსახილველად ექვემდებარებოდა თბილისის საოლქო სასამართლოს პირველი ინსტანციით და შესაბამისად, საქმე, განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტის მიზნით, გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიისა და თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს განჩინებების ანალიზის საფუძველზე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ო. ზ-ის სარჩელი მოპასუხე იუსტიციის სამინისტროსთან განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას შემდეგ მოსაზრებათა გამო:

ო. ზ-ე სასარჩელო განცხადების საფუძველზე ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი იუსტიციის მინისტრის 2003წ. 16 ივლისის ¹117 §2 ბრძანება ,,ნოტარიუსობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის დანიშვნის შესახებ”.

ამდენად, სასარჩელო განცხადების საფუძველზე მოსარჩელე ითხოვს იმ ბრძანების ბათილობას, რომლის საფუძველზეც ადგილი აქვს ნოტარიუსთა კონკურსის გამოცხადებას. მოცემულ შემთხვევაში, განსახილველი საკითხის გადაწყვეტის მიზნით, არსებითი ყურადღება უნდა მიექცეს ,,ნოტარიატის”, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის ლეგალურ ნიშნებს და აღნიშნული გაანალიზებული უნდა იყოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსთან მიმართებაში, კერძოდ, ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ნოტარიუსი თავის პროფესიულ საქმიანობაში თავისუფალია და სანოტარო მოქმედებათა მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის ,,ა” პუნქტის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოა ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო, ან დაწესებულება, ან ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას.

როგორც ზემოაღნიშნული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, ნოტარიუსი, როგორც ფიზიკური პირი, არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც კანონის ფარგლებში დამოუკიდებლად წარმართავს თავის საქმიანობას.

ამასთან, საყურადღებოა, რომ ამავე კანონის შესაბამისად, გამოირიცხება სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ნოტარიუსის მიერ მიყენებულ ზიანზე და სახელმწიფოს ვალდებულება ნოტარიუსის შრომით საზღაურზე.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდესის მე-2 მუხლის I ნაწილის ,,ზ” პუნქტის საფუძველზე, ადმინისტრაციული გარიგებაა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი გარიგება.

შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების, როგორც ადმინისტრაციული გარიგების, მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს ის გარემოება, რომ სახელმწიფო, ადმინისტრაციული ორგანოს სახით, შრომით ანუ კერძო სამართლებრივ ურთიერთობაში შედის პირთან და მათ შორის წარმოიშობა სახელშეკრულებო ვალდებულებებითი ურთიერთობა.

რაც შეეხება ნოტარიუსს, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, თავად წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც თავის საქმიანობაში სახელმწიფოსაგან დამოუკიდებელია და არ იღებს მისგან ხელფასს.

შესაბამისად, მას და სამინისტროს (სახელმწიფოს) შორის არ წარმოიშობა ვალდებულებითი, კერძოსამართლებრივი ურთიერთობა, რის გამოც ნოტარიუსის დანიშვნის ბრძანება გაიგივებული ვერ იქნება ადმინისტრაციული გარიგების დადებასთან.

ყოველივე აღნიშნული კი საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ ნოტარიუსის დანიშვნა და მით უფრო ბრძანება ნოტარიუსთა შესარჩევი კონკურსის გამოცხადების თაობაზე, არ წარმოადგენს გარიგებას. ამდენად, ო. ზ-ის სარჩელი იუსტიციის მინისტრის 2003წ. 16 ივლისის ¹117 §2 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის ,,ბ” პუნქტის საფუძველზე განსახილველად ექვემდებარება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო. ზ-ის სარჩელი იუსტიციის სამინისტროს მიმართ მინისტრის ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.