№ას-909-2022
24 ნოემბერი, 2022 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ზ.ბ–ვი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ფ.ა–ვა (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
მესამე პირი – სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)
დაინტერესებული პირები (არასრულწლოვნები) – მ.ბ–ვა, ი.ბ–ვი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 03 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი ძირითად სარჩელში – განქორწინება, ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ალიმენტის დაკისრება, მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა
დავის საგანი შეგებებულ სარჩელში – ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ფ.ა–ვამ (შემდეგში - მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა რუსთავის საქალაქო სასამართლოში ზ.ბ–ვის მიმართ (შემდეგში - მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, კასატორი) შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
1.1.შეწყდეს ფ.ა–ვასა და ზ.ბ–ვს შორის 2015 წლის 15 აპრილს რეგისტრირებული ქორწინება;
1.2.2015 წლის 01 ნოემბერს დაბადებული მ.ბ–ვას და 2018 წლის 01 ოქტომბერს დაბადებული ი.ბ–ვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის - ფ.ა–ვას საცხოვრებელი ადგილი;
1.3.დაეკისროს ზ.ბ–ვს არასრულწლოვანი შვილების - 2015 წლის 01 ნოემბერს დაბადებული მ.ბ–ვას და 2018 წლის 01 ოქტომბერს დაბადებული ი.ბ–ვის სასარგებლოდ, ალიმენტის სახით 200-200 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან ბავშვების სრულწლოვანების მიღწევამდე;
1.4.მოპასუხე ზ.ბ–ვს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი შვილების - 2015 წლის 01 ნოემბერს დაბადებული მ.ბ–ვას და 2018 წლის 01 ოქტომბერს დაბადებული ი.ბ–ვის მიმართ პასპორტის აღებაზე თანხმობის გაცემის ნაწილში;
1.5. მოსარჩელე ფ.ა–ვას მიეცეს მოპასუხე ზ.ბ–ვის თანხმობის გარეშე არასრულწლოვანი შვილების - მ.ბ–ვას და ი.ბ–ვის დროებით, წლის განმავლობაში არაუმეტესი სამი თვის ვადით, საზღვარგარეთ გაყვანის უფლება (იხ. სარჩელი, განცხადება (ტ.1. ს.ფ. 3-19; 159) და სასამართლოს 02.11.2021 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი)
2. მოპასუხე ზ.ბ–ვმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. მოპასუხე ზ.ბ–ვმა შეგებებული სარჩელი წარადგინა ფ.ა–ვას მიმართ შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
3.1.არასრულწლოვანი მ.ბ–ვას და ი.ბ–ვის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს მამის - ზ.ბ–ვის საცხოვრებელი ადგილი გარდაბნის რაიონი, სოფელი ........
3.2.მოპასუხე ფ.ა–ვას შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი შვილების - მმ.ბ–ვას და ი.ბ–ვის მიმართ პასპორტის, ვიზის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ფ.ა–ვას სარჩელი მოპასუხე ზ.ბ–ვის მიმართ დაკმაყოფილდა: შეწყდა მოსარჩელე ფ.ა–ვას (დაბადებული 24.09.1997 წელს) და მოპასუხე ზ.ბ–ვს (პ.ნ. ...) შორის 2015 წლის 15 აპრილს რეგისტრირებული ქორწინება (აქტის ჩანაწერი 21153000066) და მეუღლეები განქორწინდნენ. არასრულწლოვანი ბავშვების - მ.ბ–ვას (პ.ნ. ....) და ი.ბ–ვის (პ.ნ. ......) საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრა დედის - ფ.ა–ვას (დაბადებული 24.09.1997 წელს) საცხოვრებელი ადგილი. მოპასუხე ზ.ბ–ვს არასრულწლოვანი შვილების - მ.ბ–ვას (პ.ნ. ....) და ი.ბ–ვის (პ.ნ. ......) რჩენა-აღზრდისათვის დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად თითოეულზე 200 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან (16.12.2020 წელი) ბავშვების სრულწლოვანებამდე (31.03.2021 წლის განჩინების საფუძველზე გადახდილი თანხის გამოკლებით). მოპასუხე ზ.ბ–ვს (პ.ნ. ....) შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილების - მ.ბ–ვას (პ.ნ. ....) და ი.ბ–ვის (პ.ნ. ......) მიმართ საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებისთვის თანხმობის მიცემის ნაწილში, ხოლო მოსარჩელე ფ.ა–ვას (დაბადებული 24.09.1997 წელს) მიეცა მოპასუხე ზ.ბ–ვის (პ.ნ. ........) თანხმობის გარეშე არასრულწლოვანი შვილების - მ.ბ–ვას (პ.ნ. .....) და ი.ბ–ვის (პ.ნ. ......) დროებით, წლის განმავლობაში არაუმეტესი სამი თვის ვადით, საზღვარგარეთ გაყვანის უფლება. ამავე გადაწყვეტილებით, ზ.ბ–ვის შეგებებული სარჩელი მოპასუხე ფ.ა–ვას მიმართ არ დაკმაყოფილდა.
4.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1. ფ.ა–ვა და ზ.ბ–ვი 2015 წლის 15 აპრილიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - 01.11.2015 წელს დაბადებული მ.ბ–ვა და 01.10.2018 წელს დაბადებული ი.ბ–ვი.
4.1.2. ფ.ა–ვა და ზ.ბ–ვი, არასრულწლოვან შვილებთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ .......ში, ზ.ბ–ვის მშობლების საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდნენ. ზ.ბ–ვი 2019 წლის 01 აგვისტოდან საზღვარგარეთ, კერძოდ უნგრეთში იმყოფება და ამ პერიოდიდან მეუღლეებს შორის თანაცხოვრება ფაქტობრივად შეწყვეტილია.
4.1.3. ფ.ა–ვა არასრულწლოვან შვილებთან ერთად 2020 წლის 6 ნოემბრამდე ზ.ბ–ვის მშობლების საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდა. 2020 წლის 6 ნოემბერს, მეუღლის დედასთან მომხდარი კონფლიქტის გამო, ფ.ა–ვამ დატოვა მეუღლის მშობლების საცხოვრებელი სახლი და ბავშვებთან ერთად ჯერ იმავე სოფელში მდებარე სხვა საცხოვრებელ სახლში გადავიდა, ხოლო შემდგომ ქ. რუსთავში მდებარე ბინაში გადავიდა ქირით.
4.1.4. დავის განხილვის მომენტისთვის ფ.ა–ვა შვილებთან ერთად ქ. მარნეულში, ..... მდებარე კერძო სახლში ცხოვრობს. სახლი არის კაპიტალურად ნაშენი, კარგ მდგომარეობაში, საცხოვრებელში არის სამი ოთახი, სახლის ეზოში მდებარეობს სამზარეულო და სველი წერტილი, საცხოვრებელში არის ძირითადი მოხმარების საოჯახო ნივთები, სახლი უზრუნველყოფილია ყველა საჭირო კომუნიკაციით და ზოგადი მდგომარეობა კარგია, დაცულია უსაფრთხოების და ჰიგიენის ნორმები.
4.1.5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 31.03.2021 წლის დროებითი განკარგულებით ზ.ბ–ვს 17.03.2021 წლიდან მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დაეკისრა თვეში 400 ლარის გადახდა არასრულწლოვანი ბავშვების მ. და ი.ბ–ვების რჩენისათვის. მხარეთა განმარტებით, დავის განხილვის მომენტში დროებითი განკარგულების ფარგლებში მოპასუხეს საალიმენტო დავალიანება არ აქვს.
4.1.6. არასრულწლოვანი ბავშვები მ. და ი.ბ–ვები 2021 წლის 16 ივნისიდან 20 ივნისამდე სამედიცინო მომსახურება დასჭირდათ და მოთავსებულები იყვნენ შპს „მ.ს.ც.ა–ის“ სტაციონარში დიაგნოზით „გულისრევა-პირღებინება“. სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, ბავშვებს ესაჭიროებათ მკურნალობა ზღვის და ქვიშის აბაზანების სახით, 20 დღის განმავლობაში.
4.2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.2.1. სასამართლომ არ გაიზიარა შეგებებულ სარჩელში მითითებული გარემოებები, რომ ფ.ა–ვა სათანადო ყურადრებას არ აქცევდა არასრულწლოვან შვილებს, არ ზრუნავდა მათზე, დროებითი განკარგულების საფუძველზე მიღებულ ალიმენტს პირადი საჭიროებისთვის იყენებდა, ბავშვები არ იზრდებოდნენ უსაფრთხო გარემოში და მათი ინტერესები ილახებოდა.
4.3. პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასება.
4.3.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ პირველ რიგში აღნიშნა, რომ ფარიდან აბბასოვას სარჩელი მოპასუხე ზ.ბ–ვის მიმართ ქორწინების შეწყვეტის ნაწილში მოპასუხე მხარემ ცნო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, ხოლო არასრულწლოვანი შვილების მ. და ი.ბ–ვების სასარგებლოდ ალიმენტის სახით თითოეულზე თვეში 200 ლარის დაკისრების ნაწილში, ცნო სასამართლოს მთავარ სხდომაზე, რაც ამ ნაწილში, ფ.ა–ვას სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა.
4.3.2. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი და მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ბავშვების საცხოვრებელ ადგილად დედის - ფ.ა–ვას საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრით, ორივე ბავშვის ინტერესები დაცული იქნებოდა, რადგან სწორედ ამ შემთხვევაში იქნებოდა უზრუნველყოფილი, როგორც კონვენციით, ასევე ქვეყნის შიდა კანონმდებლობით დადგენილი პრინციპი, რომლის მიხედვითაც, ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში.
4.3.3. სასამართლო ამ გადაწყვეტილებამდე მივიდა სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე. სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ორივე ბავშვი ფაქტობრივად დედასთან ერთად ცხოვრობდა. სააგენტოს მიერ მომზადებული დასკვნით დასტურდებოდა, რომ ბავშვები დედის მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულებას ავლენენ, დედის უკუკავშირიც ადეკვატურია. დედა ჩართულია ბავშვების კვების, ჰიგიენის, უსაფრთხოების დაცვის და სოციალური კუთხით, ესაუბრება შვილებს და უხსნის მათთვის დამაზიანებელი შედეგების შესახებ, უნაცვლებს აქტივობებს, გამოხატავს მზრუნველობას და ბავშვებიც, ასაკის გამო, ძირითადად დამოკიდებულები არიან დედაზე. ამავე დასკვნის მიხედვით, ფ.ა–ვა მუდმივ და უწყვეტ მეთვალყურეობას ახდენს შვილებზე, ზრუნავს, რომ ბავშვებმა შეიძინონ დამოუკიდებელი მოქმედებების განხორციელებისთვის საჭირო უნარები, ისწავლონ რისკების და მათთვის დამაზიანებელი ქმედებების შეფასება.
4.3.4. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა ბავშვების მამასთან ურთიერთობის საკითხიც. ამ მიზნით, სასამართლოს განჩინებით, სააგენტოს მამის საცხოვრებელი პირობებისა და აღმზრდელობითი უნარ-ჩვევების შესწავლაც დაევალა, თუმცა, დასკვნის მომზადება ვერ მოხერხდა, რადგან მამა (ზ.ბ–ვი) 2019 წლის 01 აგვისტოდან აღარ ცხოვრობდა საქართველოში და როგორც გაირკვა, ბავშვების აღზრდაში უშუალოდ არ მონაწილეობდა. შესაბამისად, მამას მუდმივი ურთიერთობა არ ჰქონდა შვილებთან და არ ახორციელებდა ყოველდღიურ მეთვალყურეობას, განსხვავებით დედისგან, რომელიც მუდმივ და უწყვეტ მეთვალყურეობას ახდენდა შვილებზე.
4.3.5. ამავდროულად, სასამართლომ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მამა სასამართლოში დავის აღძვრიდან მოყოლებული ჩართული იყო საქმის განხილვაში, მას არც კი უცდია, რომ დავაში პირადად მიეღო მონაწილეობა, რათა მისცემოდა სასამართლოს მამასა და შვილებს შორის დამოკიდებულების მრავალმხრივი შეფასების საშუალება. სასამართლოს განმარტებით, მართალია სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მხარეებს აძლევდა სასამართლოში წარმომადგენლის დახმარებით საქმის წარმოების უფლებას, მაგრამ როდესაც საკითხი არასრულწლოვნებს ეხება, მითუმეტეს მათი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას, მშობელი, რომელიც ასეთი მოთხოვნით მიმართავს სასამართლოს, პირადად უნდა იყოს ჩართული საქმის განხილვაში და მაქსიმალურად ცდილობდეს იმის წარმოჩენას, რომ ბავშვების საცხოვრებელ ადგილად მისი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა უფრო მეტად შეესაბამება ბავშვების ინტერესებს. განსახილველ შემთხვევაში კი, ზ.ბ–ვს პირადად მონაწილეობა სასამართლო სხდომებში არ მიუღია. სასამართლომ მოისმინა არასრულწლოვანი მ.ბ–ვას განმარტება, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბავშვები მამასთან მხოლოდ ტელეფონის საშუალებით ურთიერთობდნენ და შესაბამისად, მამასთან ემოციურად მნიშვნელოვანი კავშირების არსებობა, როგორიც ბავშვებს დედის მიმართ გააჩნდათ, არ გამოიკვეთა.
4.3.6. სასამართლოს განმარტებით, პოზიტიური მიჯაჭვულობისა და კავშირის არსებობა წარმოჩინდა დედასა და შვილებს შორის, რაც განაპირობა იმან, რომ ბავშვები დაბადებიდან დედის მეთვალყურეობისა და მზრუნველობის ქვეშ იმყოფებოდნენ, მამა კი, ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში წასული იყო საზღვარგარეთ და იგივე მზრუნველობას ვერ ახორციელებდა.
4.3.7. გარდა ამისა, სასამართლომ აღნიშნა, რომ რადგან მამა საქართველოში არ ცხოვრობდა და ბავშვების საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შემთხვევაში, ბავშვებს რეალურად მამის მშობლებთან ერთად მოუწევდათ ცხოვრება, ამით დაზიანდებოდა ბავშვების ჭეშმარიტი ინტერესი - აღიზარდონ და იცხოვრონ მშობელთან ერთად, ოჯახში, მატერიალურად და მორალურად ჯანსაღ გარემოში. ეს კი მშობლისა და შვილების დადებითი ემოციური კავშირის ჩამოყალიბებისთვის ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენდა და საბოლოოდ, მათ ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე უარყოფითად იმოქმედებდა.
4.3.8. სასამართლომ განმარტა, რომ ბავშვის სრულფასოვანი აღზრდისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა მშობელთან ერთად ცხოვრებას ენიჭება. მშობელთან ერთად ცხოვრება კი გულისხმობდა მუდმივ ურთიერთობას, ფიზიკურ სიახლოვეს და უწყვეტ კავშირს, რაც ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის იყო აუცილებელი. მოცემულ შემთხვევაში, მამას ბავშვებისთვის ასეთი საცხოვრებელი პირობების შექმნა არ შეეძლო, რადგან იგი არ ცხოვრობდა საქართველოში და არც ის იყო ცნობილი გეგმავდა თუ არა საერთოდ საქართველოში დაბრუნებას.
4.3.9. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ფ.ა–ვას სარჩელი, ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში, უნდა დაკმაყოფილებული და არასრულწლოვნების: მ. და ი.ბ–ვების საცხოვრებელ ადგილად დედის - ფ.ა–ვას საცხოვრებელი ადგილი უნდა განსაზღვრულიყო, ხოლო ზ.ბ–ვს შეგებებული სარჩელი იმავე მოთხოვნით, არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
4.3.10. სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეებს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობა წარმოედგინათ მტკიცებულებები და დაესაბუთათ თავიანთი პოზიცია სადავო საკითხთან მიმართებით. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის განმარტებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ნათესავები აზერბაიჯანში ცხოვრობენ, სადაც არასრულწლოვანი შვილების პერიოდულად წაყვანა სურს, რათა ბავშვებს ურთიერთობა დედის ნათესავებთანაც ჰქონდეთ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ექიმის დანიშნულებით ბავშვებს ზღვის და ქვიშის აბაზანები ესაჭიროებათ და რამდენადაც ბავშვების ბებია ცხოვრობს თურქეთში, იგი მზადაა ბავშვების დასვენება უზრუნველყოს. სწორედ ამისთვის ესაჭიროება მას პასპორტის აღება და ბავშვების საზღვარგარეთ დროებით წაყვანა. მოპასუხე ამის უფლებას არ აძლევს და მშობლის უფლებით ბოროტად სარგებლობს. მოპასუხე მხარემ შეგებებული სარჩელით იგივე მოთხოვნა დააყენა და საფუძვლად განმარტა, რომ თუ დედას ეს უფლებები არ შეეზღუდებოდა, მაშინ იგი ბავშვების საზღვარგარეთ წაიყვანდა და შესაძლებელი იყო საქართველოში აღარ დაბრუნებულიყო (იხ. შეგებებული სარჩელი (ტომი 2 ს.ფ. 18-32;) სასამართლოს 20.10.2021 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 13:38:40-13:44:19 სთ).
4.3.11. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანაზე თანხმობის მიცემის ნაწილში გამართლებული იყო მამის - ზ.ბ–ვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა, ხოლო დედის - ფ.ა–ვას მიმართ ასეთი შეზღუდვის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა.
4.3.12. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ რადგან მოცემული დავის ფარგლებში ფ.ა–ვას მოთხოვნა ბავშვების საცხოვრებელ ადგილად მისი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში დაკმაყოფილდა, ხოლო იმავე მოთხოვნით აღძრული შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, დედისათვის აზერბაიჯანში, ან თურქეთის რესპუბლიკაში ნათესავებთან წასვლის შემთხვევაში ბავშვების წაყვანის შეზღუდვა ვერ იქნებოდა გამართლებული, ვინაიდან ოჯახური ცხოვრების კონცეფცია გულისხმობს არა მარტო ერთ რომელიმე ადგილას ერთად ცხოვრებას, არამედ დროებით სტუმრად, ან დასასვენებლად ერთად გამგზავრებასაც. სწორედ ამიტომ, მამის მოსაზრება, რომ დედამ შეიძლება ბავშვები საქართველოში აღარ დააბრუნოს, სასამართლოს მოსაზრებით, ვერ გადაწონიდა ბავშვების უფლებას, მუდმივად ყოფილიყვნენ იმ მშობლის გვერდით, რომლის საცხოვრებელი ადგილიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა განსაზღვრული. მითუმეტეს, რომ მოცემული დავის ფარგლებში, მოსარჩელემ თავად შეზღუდა ამ უფლებით სარგებლობის ფარგლები და საქართველოდან მხოლოდ დროებით, წლის განმავლობაში არაუმეტესი სამი თვის ვადით, ბავშვების საზღვარგარეთ გაყვანის უფლების მოპოვება მოითხოვა. ასევე, სასამართლომ აღნიშნა, რომ მ. და ი.ბ–ვების კანონით დაცული უფლება - იცხოვრონ მშობელთან ერთად, თანხვედრაში იყო მშობლის ინტერესთანაც - იცხოვროს შვილებთან ერთად და ოჯახური ცხოვრების კონცეფციის ჭრილში ბავშვები უნდა ყოფილიყვნენ იქ, სადაც მათი მშობელი იქნებოდა. ამიტომ თუ დედა დროებით საზღვარგარეთ წასვლას გადაწყვეტდა, იგი იძულებული არ უნდა გამხდარიყო დაეტოვებინა ბავშვები და მარტო გამგზავრებულიყო. ბავშვებს უნდა ჰქონოდათ მასთან ერთად წასვლის უფლება, მითუმეტეს, თუ გამგზავრების საფუძველს დედის ნათესავებთან ურთიერთობა, მკურნალობა ან თუნდაც დასასვენებლად ბავშვების წაყვანა წარმოადგენდა.
4.3.13. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბავშვების მამას - ზ.ბ–ვს უნდა შეზღუდვოდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი შვილების პასპორტისა და დროებით, წლის განმავლობაში არაუმეტესი სამი თვის ვადით, საზღვარგარეთ გაყვანაზე თანხმობის მიცემის ნაწილში. აქვე სასამართლომ განმარტა, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვა არ გულისხმობდა მშობლისათვის შვილთან ურთიერთობის უფლების ჩამორთმევას ან შვილთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ზ.ბ–ვმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
6.1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 03 მაისის განჩინებით, ზ.ბ–ვის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
7.1.სააპელაიცო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ მ. და ი.ბ–ვების კანონით დაცული უფლება - იცხოვრონ მშობელთან ერთად, თანხვედრაშია მშობლის ინტერესთანაც - იცხოვროს შვილებთან ერთად და ოჯახური ცხოვრების კონცეფციის ჭრილში ბავშვები უნდა იყვნენ იქ, სადაც მათი მშობელი იქნება. ამიტომ, თუ დედა დროებით საზღვარგარეთ წასვლას გადაწყვეტს, იგი არ უნდა გახდეს იძულებული დატოვოს ბავშვები და მარტო გაემგზავროს. ბავშვებს უნდა ჰქონდეთ მასთან ერთად წასვლის უფლება, მითუმეტეს, თუ გამგზავრების საფუძველს დედის ნათესავებთან ურთირთობა, მკურნალობა ან თუნდაც დასასვენებლად ბავშვების წაყვანა წარმოადგენს. ამასთან, სასამართლომ მხედველობაში მიიღო მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლისა და არასრულწლოვნის ადვოკატის პოზიციაც, რომელიც იზიარებდა სასარჩელო მოთხოვნის მართებულობას.
7.2. სააპელაციო პალატის მითითებით, წინამდებარე შემთხვევაში, აპელანტი თავისი პოზიციის მართებულობის მტკიცებისას, აპელირებდა იმ გარემოებაზე, რომ არსებობდა დედის მხრიდან ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანისა და ქვეყანაში დაუბრუნებლობის რისკი, რაც, გარდა მისი ზეპირსიტყვიერი განმარტებისა, საქმეზე წარდგენილი სხვა სათანადო და უტყუარი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული. ამავდროულად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის, ბავშვის ასაკის გათვალისწინებითა და არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების შესაბამისად, პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა ზ.ბ–ვისთვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის ნაწილში, არასრულწლოვანი შვილების პასპორტისა და დროებით, წლის განმავლობაში არაუმეტესი სამი თვის ვადით, საზღვარგარეთ გაყვანაზე თანხმობის მიცემის ნაწილში. ამასთან, პალატამ აღნიშნა ისიც, რომ აპელანტის პოზიციის საპირისპიროდ, არ იკვეთებოდა დედის მხრიდან არასრულწლოვნების საქართველოდან სხვა ქვეყანაში მუდმივ საცხოვრებლად გაყვანის რისკი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ’’ 1980 წლის ჰააგის კონვენციის შესაბამისად, ქვეყნიდან არამართლზომიერად გადაადგილებული და დაკავებული არასრულწლოვნების ქვეყანაში დაბრუნების უზრუნველსაყოფად მკაცრად რეგლამენტირებული მექანიზმები მოქმედებს.
7.3.რაც შეეხება ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე აპელანტთა შედავებას, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილშიც დასაბუთებული იყო; კერძოდ, პალატამ განმარტა, რომ მსგავსი კატეგორიის დავების განხილვისას, სასამართლოს მთავარ საკვლევ გარემოებას ბავშვის საუკეთესო ინტერესის გამოვლენა წარმოადგენდა, რაც წინამდებარე შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ზედმიწევნით იქნა დასაბუთებული.
7.4. სააპელაციო პალატის მითითებით, სასამართლომ გაითვალისწინა არასრულწლოვანი ბავშვების ასაკი და სხვა თვისობრივი მაჩვენებლები, ასევე, ორივე მშობლის გარემო-სოციალური პირობები, სოციალური სამსახურის მიერ წარმოდგენილი დასკვნები, ფსიქოლოგის შეფასება და რაც ყველაზე მთავარია, გარემოება მასზედ, რომ მამა საქართველოში არ ცხოვრობდა და ბავშვებს რეალურად მამასთან კი არა, მამის მშობლებთან ერთად ცხოვრება მოუწევდათ, ეს კი, მშობლის და შვილების დადებითი ემოციური კავშირის ჩამოყალიბებისთვის ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენდა და საბოლოოდ, მათ ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე უარყოფითად იმოქმედებდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილ გარემოებათა შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ არ არსებობდა არასრულწლოვნებისათვის ამჟამინდელი ფაქტობრივი ადგილსამყოფლის შეცვლის რაიმე მნიშვნელოვანი საფუძველი და დავა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით, სამართლებრივად სწორად, საპროცესო დარღვევების გარეშე იყო განხილური.
8. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ.ბ–ვმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
9. კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
9.1. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ დედასთან, ფ.ა–ვასთან ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა გამომდინარეობს ბავშვების ჭეშმარიტი ინტერესებიდან. კასატორის განმარტებით, არასრულწლოვნები უნდა აღიზარდონ მშობლებთან ერთად, ოჯახში, მატერიალურად და მორალურად ჯანსაღ გარემოში. დედის ამჟამინდელი საცხოვრებელი პირობები კი, ცნობილი არ არის. კერძოდ, საქმეში არ არის წარმოდგენილ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ახალი დასკვნა, რომლითაც შემოწმებული, გამოკვლეული და დადგენილი იქნება თუ სად და რა პირობებში ცხოვრობენ ამჟამად ბავშვები და არის თუ არა იქ არსებული გარემო ბავშვების ემოციური და ფიზიკური მდგომარეობისათვის შესაფერისი. ამასთან, კასატორის მითითებით, ფ.ა–ვას უნარჩვევები და მისი ეკონომიური მდგომარეობა არ იძლევა იმის დასაბუთებული ვარაუდის შესაძლებლობას, რომ იგი შეძლებს არასრულწლოვანი ბავშვები აღზარდოს მატერიალურად და მორალურად ჯანსაღ გარემოში. ის გარემოება, რომ ზ.ბ–ვი არ იმყოფება დროებით საქართველოში, არ უნდა გახდეს გადამწყვეტი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისათვის. ბავშვების მამა, ზ.ბ–ვი ოჯახის მძიმე მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე გახდა იძულებული სამუშაოდ გამგზავრებულიყო საზღვარგარეთ. იგი მატერიალურად ეხმარება თავის მშობლებს. მამის მშობლების საცხოვრებელი ადგილი არის ის ადგილი, სადაც ბავშვები იზრდებოდნენ დაბადებიდან და მათ სწორედ ამ საცხოვრებელ გარემოსთან აქვთ მიჯაჭვულობა, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მამა დროებით იმყოფება საზღვარგარეთ და იგი გეგმავს საქართველოში დაბრუნებას, რის შემდეგაც შეძლებს არასრულწლოვნებზე იზრუნოს პირადად და მიიღოს მათ აღზრდაში მონაწილეობა. იმისათვის, რომ ბავშვები იზრდებოდნენ კეთილსაიმედო და ჯანსაღ გარემოში, აუცილებელია მათ ჰქონდეს სტაბილური, უსაფრთხო და მატერიალურად, მეტ-ნაკლებად მყარი გარემო-პირობები, რითაც დედასთან - ფ.ა–ვასთან, ბავშვები ვერ იქნებიან უზრუნველყოფილნი.
9.2. ასევე, კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის, ბავშვებისათვის პასპორტის აღებისა და 3 თვის ვადით (წლის განმავლობაში) საზღვარგარეთ მამის თანხმობის გარეშე გაყვანის ნაწილში. კასატორის მოსაზრებით, არასწორია და ბავშვების ინტერესებისათვის შეუსაბამოა მსჯელობა იმაზე, რომ ბავშვები უნდა იყვნენ იქ, სადაც მათი მშობელი იქნება. ამიტომ თუკი დედა დროებით გაემგზავრება საზღვარგარეთ, ბავშვებს უნდა ჰქონდეთ მასთან ერთად წასვლის უფლება. კასატორის მითითებით, საქმეში არ არის წარმოდგენილი რამე მტკიცებულება იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ გამგზავრების საფუძველს დედის ნათესავებთან ურთიერთობა, მკურნალობა ან დასასვენებლად წასვლა წარმოადგენს. მართალია საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის ცნობებით დგინდება, რომ ისინი განიცდიან რკინის ნაკლებობას და ახასიათებთ საერთო სისუსტე, თუმცა, კასატორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული დიაგნოზი არ წარმოადგენს საქართველოს ფარგლებს გარეთ გამგზავრების საფუძველს, რამეთუ საქართველოშიც შესაძლებელია მათი მკურნალობა, გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება და შესაბამისი დასვენებით უზრუნველყოფა. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ ფ.ა–ვამ ვერ მიუთითა, თუ რა აუცილებლობითაა გამოწვეული ბავშვების ამ ასაკში საზღვარგარეთ გაყვანა. კასატორი აღნიშნავს, რომ მას არ მოსწონს ფ.ა–ვას ქმედებები და ცხოვრების წესი, რაც მისი აზრით უარყოფითად აისახება ბავშვებზე. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ფ.ა–ვა, რომელიც აზერბაიჯანის მოქალაქეა, აღარ დაბრუნდეს საქართველოში, რადგან მას აქ არ აქვს სათანადო საცხოვრებელი პირობები და მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. საქართველოს ფარგლების დატოვება, ბავშვებს დააშორებს თავიანთ მშობლიურ გარემოს, რაც არ შეესაბამება მათ საუკეთესო ინტერესებს. ამ შემთხვევაში, მამა მოკლებული იქნება შესაძლებლობას ნახოს და ურთიერთობა იქონიოს საკუთარ შვილებთან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის დავის განხილვისას, სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენებით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს (სუსგ N ას-251-2018, 08.02.2022 წ.).
14. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებულ ნაწილში, ძირითადი სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა; მოსარჩელე ბავშვების საცხოვრებელ ადგილად თავისი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას და მეორე მშობლის - მამის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების (საქართველოს მოქალაქი პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანაზე თანხმობის გაცემის ნაწილში) შეზღუდვას ითხოვს. შესაბამისად, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად გვევლინებიან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე (თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს) 1205.1-ლი (მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი) და 1205.2 (სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად) მუხლები.
15. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება მხოლოდ კასატორის შედავების საფუძვლიანობა.
16. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის პირველი პრეტენზია ბავშვის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას შეეხება. ბავშვების მამას/კასატორს მიაჩნია, რომ არასრულწლოვნების დედასთან ერთად ცხოვრება არ შეესაბამება მათ საუკეთესო ინტერესებს და აღნიშნული საზიანოა ბავშვების ინტერესებისათვის.
17. ზემოაღნიშნული საკასაციო პრეტენზიის გათვალისწინებით, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს იმის განსაზღვრა წარმოადგენს, არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა შეესაბამება თუ არა მათ საუკეთესო ინტერესებს.
18. საკასაციო საჩივრის დასაბუთებულების შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო უპირველესყოვლისა, მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციითა და საქართველოს შიდასაკანონმდებლო აქტებით - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე და „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიარებულ მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპზე შვილების მიმართ და ბავშვის უფლებაზე, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.
18. ამასთან, პალატა ყურადღებას გაამახვილებს განსახილველი კატეგორიის საქმეებზე გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლოსათვის სახელმძღვანელო რამდენიმე საკითხზე, მათ შორის, არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის საპროცესო რეალიზაციის წესზე:
18.1. საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი საქმეების განხილვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცალკე თავის სახით არის გამოყოფილი, რადგან მას ახასიათებს გარკვეული თავისებურებები. ამ თავისებურებას განაპირობებს საოჯახო ურთიერთობების სპეციფიკა, რომელიც უპირატესად ატარებს პირადულ და განგრძობად ხასიათს. ერთ-ერთ ფუნდამენტურ თავისებურებას საოჯახო-სამართლებრივი დავების განხილვისას, სხვა კატეგორიის საქმეთა განხილვისაგან განსხვავებით, წარმოადგენს ინკვიზიციურობის პრინციპის უფრო ფართოდ გამოყენება. მართალია, საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობები განეკუთვნება კერძო-სამართლებრივი ურთიერთობების სფეროს, მაგრამ ამ ურთიერთობების განვითარებითა და სიმტკიცით დაინტერესებულია მთელი საზოგადოება. სწორედ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ სასამართლო ინარჩუნებს უფლებას, დაადგინოს ის გარემოებანი, რომელთა აუცილებლობა განაპირობებს არასრულწლოვანის ინტერესებისათვის ყველაზე კეთილსაიმედო გადაწყვეტილების მიღებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს, რომელიც იხილავს კონკრეტულ საოჯახო-სამართლებრივ დავას, მინიჭებული აქვს უფლება, საქართელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილისა და 354-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არ დასჯერდეს მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და თავისი ინიციატივით განსაზღვროს იმ გარემოებათა წრე, რომელთა დადგენის გარეშე შეუძლებელია საქმის სწორად გადაწყვეტა (მტკიცების საგანი). მაშასადამე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დებულება არის სპეციალური ნორმა და მას უპირატესობა ენიჭება ამავე კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებულ ზოგად ნორმასთან შედარებით (იხ. სუსგ №ას-173-2022, 8 ივლისი, 2022წ.).
18.2. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინდადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით. ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვების უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრების ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნების უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს, აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სსკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სსკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმის უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ., სუსგ №ას-53-51-2016, 6 ივლისი, 2016 წელი).
19. „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილით, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ბავშვის საუკეთესო ინტერესების განსაზღვრისას გაითვალისწინება მისი ოჯახურ გარემოში პიროვნული განვითარების უფლება, ბავშვის სოციალური და კულტურული მახასიათებლები, მის მიერ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დამოუკიდებლად რეალიზების შესაძლებლობა და ბავშვის მოსაზრებები.
20. ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა დადგენილია, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლითაც. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის სახელით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაში მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული ბავშვის საუკეთესო ინტერესები (ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ N.71776/12 2 თებერვალი 2016 წელი; პ-19); ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII).
21. ამდენად, სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასა და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, სადაც განხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებები, უპირატესობა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. Elsholz v. Germany, N25735/94, 31.07.2000, პარ. 52; TK and KM v. UK, N 28945/95, 10.05.2001, პარ. 72. შდრ. ასევე, სუსგ Nას-967-916-2015, 25.02.2016წ).
22. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეები ვერ შეთანხმდნენ არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელ ადგილზე; მხარეებს ჰყავთ საერთო შვილები - 01.11.2015 წელს დაბადებული მ.ბ–ვა და 01.10.2018 წელს დაბადებული ი.ბ–ვი. ფ.ა–ვა და ზ.ბ–ვი, არასრულწლოვან შვილებთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ .......ში, ზ.ბ–ვის მშობლების საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდნენ. ზ.ბ–ვი 2019 წლის 01 აგვისტოდან საზღვარგარეთ, კერძოდ უნგრეთში იმყოფება და ამ პერიოდიდან მეუღლეებს შორის თანაცხოვრება ფაქტობრივად შეწყვეტილია. ფ.ა–ვა არასრულწლოვან შვილებთან ერთად 2020 წლის 6 ნოემბრამდე ზ.ბ–ვის მშობლების საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდა. 2020 წლის 6 ნოემბერს კი, მეუღლის დედასთან მომხდარი კონფლიქტის გამო, ფ.ა–ვამ დატოვა მეუღლის მშობლების საცხოვრებელი სახლი და ბავშვებთან ერთად ჯერ იმავე სოფელში მდებარე სხვა საცხოვრებელ სახლში გადავიდა, ხოლო შემდგომ - ქ. რუსთავში მდებარე ბინაში, ქირით.
23. პალატა აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს განსახილველია ბავშვების ჭეშმარიტი ინტერესები, ოჯახური გარემოს ჰარმონიული აღქმისა და აღზრდა-განვითარებისათვის ყველა პირობა ჰქონდეთ, რათა კონტაქტი არ დაიკარგოს მშობელთან, მიუხედავად მშობლების დაშორებისა. „ბავშვები უნდა იყვნენ განხილული არა როგორც მშობლების საკუთრება, არამედ როგორც საკუთარი უფლებებისა და საჭიროებების მქონე ინდივიდები“ (ევროპის საბჭოს ასამბლეა, 31-ს სესია, რეკომენდაციები ბავშვთა უფლებების ევროპულ ქარტიაზე, ტექსტი მიღებული 4.10.1979წ).
24. პალატა განმარტავს, რომ არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხის გადაწყვეტისას შესწავლილი უნდა იქნეს საკითხი იმის შესახებ, როდის და სად სჯობს იყოს ბავშვი, სად არის მისთვის უკეთესი, რომელ მშობელს აქვს უფრო მეტი რესურსი კონკრეტულ პერიოდში, რომ მისცეს ბავშვს უკეთ განვითარების შანსი. გარემომ, სადაც მომავალში იქნება ბავშვი, ხელი უნდა შეუწყოს მის ფსიქო-ემოციურ და ინტელექტუალურ განვითარების, სამომავლო ურთიერთობებსა და სოციალიზაციის პროცესს. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ „როდესაც საქმე არასრულწლოვნების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასა და ცალ-ცალკე მცხოვრებ მშობლებთან ურთიერთობის მოწესრიგებას ეხება, განსაკუთრებული სიფრთხილით შეფასებას მოითხოვს არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე პირებისა თუ შესაბამისი სპეციალისტების (ფსიქოლოგის) მიერ გაკეთებული დასკვნები“ (იხ. სუსგ Nას-53-51-2016, 6.07.2016წ).
25. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს 29.04.2021 წლის დასკვნის, სიტუაციური ანალიზის, არასრულწლოვანი ბავშვების ასაკის, არასრულწლოვნებისა და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენელთა პოზიიციის გათვალისწინებით, ასევე, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ არასრულწლოვანთა მამა საქართველოში არ ცხოვრობს, ბავშვების საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა სრულად შეესაბამება ეროვნულ და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს, რომლებიც დადგენილია არასრულწლოვანთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისათვის.
26. პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დიდი პალატის 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე №41615/07 Neulinder and Shuruk v. Switzerland (აბზაცი 136) განმარტა, რომ „ბავშვის ინტერესი ორი ასპექტისაგან შედგება. ერთი მხრივ, ინტერესი მოგვიწოდებს, რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან შენარჩუნებული იყოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ოჯახური კავშირები შეიძლება გაწყვეტილ იქნეს მხოლოდ გამონაკლის ვითარებაში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირველადი უთიერთობების შესანარჩუნებლად და როცა ეს შესაძლებლია, უნდა „აღსდგეს“ ოჯახი. მეორე მხრივ, ცხადია ისიც, რომ ბავშვის ინტერესშია, უზრუნველყოფილ იქნეს მისი განვითარება ჯანსაღ გარემოში და მშობელი არ შეიძლება აღიჭურვოს მე-8 მუხლით განსაზღვრული უფლებით იმ ღონისძიებათა განსახორციელებლად, რაც ზიანს მიაყენებს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას“.
27. ამ კონტექსტში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის/დედის მიერ, შესაბამისი უნარების არქონა, ფსიქოლოგიური გაუწონასწორებლობა, არამდგრადობა ან/და მისი მხრიდან ბავშვების რომელიმე საჭიროების უგულებელყოფა, რაც საკასაციო პალატას შეუქმნიდა იმ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ დედასთან ერთად ცხოვრება ბავშვებს ზიანს მიაყენებს. აღნიშნულის საპირისპიროდ, საქმეში წარმოდგენილი სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს 29.04.2021 წლის დასკვნით დგინდება, რომ ფ.ა–ვა მუდმივ და უწყვეტ მეთვალყურეობას ახდენს შვილებზე, ზრუნავს მათ კვებაზე, ჩაცმაზე, ჰიგიენაზე და განათლებაზე; ზრუნავს, რომ ბავშვებმა შეიძინონ დამოუკიდებელი მოქმედებების განხორციელებისთვის საჭირო უნარები, ისწავლონ რისკების და მათთვის დამაზიანებელი ქმედებების შეფასება. [..] ვიზიტების დროს ბავშვები იყვნენ მოწესრიგებულნი, ეცვათ სუფთად, ადეკვატურად, ასაკის და ამინდის შესაბამისად. მათი პირადი ჰიგიენა დაცული იყო, ბავშვებს მოწესრიგებული ჰქონდათ თმა და ფრჩხილები.... პოზიტიურად ურთიერთობენ დედასთან. [..] ბავშვები დედის მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულებას ავლენენ, დედის უკუკავშირი ადეკვატურია, შეხვედრების დროს შვილებს მშვიდი ტონით ესაუბრება, ეთამაშება, საუბრობს მათ საჭიროებებზე. ფ.ა–ვა მეუღლის ოჯახიდან წამოსვლის შემდეგ არასრულწლოვან შვილებზე დამოუკიდებლად ზრუნავს, მთელ დროს ბავშვებს უთმობს, დღისა და ღამის განმავლობაში მეთვალყურეობის გარეშე არ ტოვებს. ბავშვებთან განხორციელებული შეხვედრების დროს მათ მიმართ ადეკვატური ზრუნვა შეიმჩნეოდა. დედა ჩართულია ბავშვების კვების, ჰიგიენის, უსაფრთხოების დაცვის და სოციალური კუთხით, ასეირნებს მათ სახლთან მდებარე სკვერში, გონივრულად აფასებს პამდემიასთან დაკავშირებულ რისკებს; [..] ფ.ა–ვა მისი მცირეწლოვანი შვილების მიმართ გამოხატავს მზრუნველობას. ბავშვები ასაკის გამო ძირითადად დამოკიდებულები არიან დედაზე, თუმცა ფარიდა ხელს უწყობს მათ დასწავლის უნარების გამომუშავებას (იხ. დასკვნა - ტ.1, ს.ფ. 167). დადგენილია ისიც, რომ სახლი, სადაც ფ.ა–ვა შვილებთან ერთად დავის განხილვის მომენტისათვის ცხოვრობს, არის კაპიტალურად ნაშენი, კარგ მდგომარეობაში, საცხოვრებელში არის სამი ოთახი, სახლის ეზოში მდებარეობს სამზარეულო და სველი წერტილი, საცხოვრებელში არის ძირითადი მოხმარების საოჯახო ნივთები, სახლი უზრუნველყოფილია ყველა საჭირო კომუნიკაციით და ზოგადი მდგომარეობა კარგია, დაცულია უსაფრთხოების და ჰიგიენის ნორმები (იხ. სიტუაციური ანალიზი - ტ.2, ს.ფ. 71). ამდენად, საკასაციო პალატა კასატორის მოსაზრების საპირისპიროდ მიიჩნევს, რომ არასრულწლოვნების დედასთან ერთად ცხოვრება არ იქნება ბავშვებისათვის ზიანის მომტანი, არ დააბრკოლებს მათ განვითარებას და არ შეუქმნის საფრთხეს სამომავლოდ, ბავშვების, როგორც საზოგადოების სრულყოფილ წევრად ჩამოყალიბებას. შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული მოტივით (არასრულწლოვნების დედასთან ერთად ცხოვრება საზიანოა ბავშვების ინტერესებისათვის), არ იკვეთება არასრულწლოვნების ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის აუცილებლობა და საცხოვრებელ ადგილად მამის-კასატორის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მიზანშეწონილობა, მით უფრო, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მამის საცხოვრებელი პირობებისა და აღმზრდელობითი უნარ-ჩვევების შესახებ შესაბამისი დასკვნა, რისი მომზადებაც ვერ მოხერხდა, რადგან მამა (ზ.ბ–ვი) 2019 წლის 01 აგვისტოდან აღარ ცხოვრობს საქართველოში.
28. აქვე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ არასრულწლოვნების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ყურადღებას აქცევს ბავშვების ერთ-ერთ მშობელთან ყოფნის ხანგრძლივობის საკითხს, მათ უფრო მეტ მიჯაჭვულობას იმ მშობელთან, სადაც ის ცხოვრობს. სასამართლო აფასებს იმ რისკებს, რომლებიც ეხება მცირეწლოვანი ასაკის მქონე ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლით მიღებულ და დედასთან დაშორებით გამოწვეულ სტრესს (იხ. სუსგ №ას-173-2022, 8 ივლისი, 2022 წელი). ამასთან, დავის თავისებურების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია საკითხი შეფასდეს არა ცალმხრივად, არამედ ყოველმხრივ, თოთოეული მშობლის ბავშვებთან ურთიერთობის რეალური შესაძლებლობის გათვალისწინებით, რათა მიღწეულ იქნას დასახული მიზანი, რაც გულისხმობს ოჯახთან გაერთიანებასა და, არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების რეალიზაციას.
29. მოცემულ შემთხვევაში, იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ ბავშვები დაბადებიდან ცხოვრობენ დედასთან ერთად, აქვთ ძლიერი ემოციური კავშირი დედასთან, ხოლო, მამა ზ.ბ–ვი 2019 წლის 01 აგვისტოდან საზღვარგარეთ იმყოფება და იგივენაირ მზრუნველობას ვერ იჩენს ბავშვების მიმართ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესად მიჩნეულ უნდა იქნეს მათი დედასთან, ჩვეულ გარემოში დარჩენა, რათა შენარჩუნებულ იქნეს არასრულწლოვნების ფსიქო-ემოციური ფონი. საწინააღმდეგოს დაშვება და ბავშვების საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა იმ პირობებში, როდესაც დასტუდება, რომ ბავშვებს რეალურად მამის მშობლებთან ერთად მოუწევთ ცხოვრება, საკასაციო პალატის მოსაზრებით, წარმოშობს კითხვებს ამ გადაწყვეტილების ბავშვების საუკეთესო ინტერესებთან თავსებადობის შესახებ, რამეთუ ბავშვისა და მშობლის მიერ დროის ერთად გატარებით ურთიერთსიამოვნება წარმოადგენს ოჯახური თანაცხოვრების ძირეულ ელემენტს და დაცულია კონვენციის მე-8 მუხლის მიერ (იხ. Monory v. Romania and Hungary, no. 71099/01, § 70, 5 April 2005; Iosub Caras v Romania, no. 7198/04, §§ 28-29, 27 July 2006 (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“, 21.07.2015წ.)
30. ასევე, პალატა განმარტავს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება ამ განჩინების 24-ე აბზაცში მითითებული გარემოებების გარდა მოიცავს: ა) ბავშვის უფლების პატივისცემას, თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველა საკითხზე, რომელიც მასზე ზეგავლენას ახდენს და ბ) მის მიერ გამოთქმული მოსაზრებისთვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭებას (იხ. გაეროს ბავშვთა კომიტეტის №12 ზოგადი სახელმძღვანელო კომენტარი). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც აღიარებს, რომ ბავშვის სურვილები და გრძნობები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მშობელთან ურთიერთობის საკითხის გადაწყვეტისას (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 73, ECHR 2003-VIII).
31. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასებისას, ბავშვის მიერ გამოთქმული მოსაზრების შეფასებისა და მათთვის სამართლებრივი მნიშვნელობის მინიჭების პრინციპი ასახულია „ბავშვის უფლებათა კოდექსსა“ და „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციაშიც. კერძოდ, „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-8 მუხლის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, მოუსმინონ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, რომელიც მის რომელიმე უფლებას ეხება ან გავლენას მოახდენს მის რომელიმე უფლებაზე, და გაითვალისწინონ ბავშვის მოსაზრება მისი საუკეთესო ინტერესების შესაბამისად; ბავშვს უფლება აქვს, მოუსმინონ ყოველთვის, როდესაც მას აზრის გამოთქმის სურვილი აქვს, უშუალოდ, მისი ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისი მხარდაჭერით, მისთვის სასურველი და შესაძლებელი კომუნიკაციის ფორმითა და საშუალებით; დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლების ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის ან სხვა გარემოების საფუძველზე შეზღუდვა; ბავშვთან გასაუბრებისა და მისი აზრის მოსმენის პროცესი უნდა იყოს ინფორმაციული, ნებაყოფლობითი, ბავშვისადმი პატივისცემისა და ანგარიშვალდებულების გამომხატველი, ბავშვისთვის მორგებული, ინკლუზიური, უსაფრთხო, ბავშვის საკითხებზე სათანადოდ მომზადებული სპეციალისტების მიერ წარმართული. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოებმა, ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა ბავშვის საუკეთესო ინტერესები განსაზღვრონ და მათი სავალდებულო შეფასება განახორციელონ შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ა) ბავშვის აზრის მოსმენა და სათანადოდ გათვალისწინება; ბ) ბავშვის ყველა სხვა უფლების დაცვა, მათ შორის, ღირსების დაცვის, თავისუფალი განვითარების, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური დაცვის, ყველა ფორმის ძალადობისგან დაცვისა და ბავშვებისადმი თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა; გ) მულტიდისციპლინური მიდგომით, სპეციალიზებული პირების მიერ ბავშვის ფსიქოლოგიური და ფიზიკური კეთილდღეობის, მისი სამართლებრივი, სოციალური და ეკონომიკური ინტერესების შეფასება და გათვალისწინება; ამავე კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ბავშვთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებასა და სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებაში ბავშვს გარანტირებული აქვს შესაძლებლობა, საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ამ საქმესთან დაკავშირებით. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასებისა და განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ბავშვის მოსაზრებები. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად კი, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოხატოს ეს შეხედულებანი ბავშვთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, ამასთან ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა ბავშვის ასაკისა და მოწიფულობის შესაბამისად; ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა მოსმენილი იქნეს ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი, ან წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით.
32. ბავშვის მიერ გამოთქმული მოსაზრების შეფასებისა და მათთვის სამართლებრივი მნიშვნელობის მინიჭებისთვის, განმსაზღვრელია ბავშვის შეხედულება რეალურად ასახავდეს მის ნებას. ამავდროულად, საკასაციო პალატის განმარტებით, როდესაც საკითხი უკავშირდება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და უფლებას მოუსმინონ, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის განვითარებადი უნარები. ბავშვის უფლებათა კომიტეტის განმარტებით, რაც უფრო მეტი იცის ბავშვმა და მეტი გამოცდილება აქვს და მეტი ესმის, მით უფრო უნდა შეცვალონ მშობლებმა, მეურვეებმა ან ბავშვზე პასუხისმგებელმა სხვა პირებმა მითითებები და დარიგებები - შეხსენებითა და რჩევებით, მოგვიანებით კი - დამოკიდებულება დამყარდეს აზრთა ურთიერთგაცვლით, თანასწორ საფუძვლებზე. შესაბამისად, ბავშვის მომწიფებასთან ერთად მის მოსაზრებებს მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მისი საუკეთესო ინტერესების შეფასებისას. სიმწიფე არის გაგებისა და კონკრეტული საკითხის შეფასების უნარი და ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად დგინდება. სიმწიფის განსაზღვრა ძნელია; ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის მე–12–ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ეს არის ბავშვის შესაძლებლობები გამოხატოს მოსაზრებები საკითხთან დაკავშირებით გონივრულად და დამოუკიდებლად. ამასთან, ბავშვს აქვს უფლება „თავისუფლად გამოთქვას შეხედულებები“. „თავისუფლად“ ნიშნავს, რომ ბავშვს შეუძლია აზრის გამოხატვა ზეწოლის გარეშე და ასევე ნიშნავს, რომ დაუშვებელია ბავშვით მანიპულირება ან მასზე უსაფუძვლო გავლენა ან ზეწოლა. „თავისუფლად“ შინაგანად დაკავშირებულია ბავშვის „საკუთარ“ მოსაზრებასთან: ბავშვს აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი მოსაზრებები და არა სხვების აზრები (იხ. სუსგ Nას-70-2022, 16.02.2022 წ.).
33. პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში, დაცულია ბავშვებისათვის სამართალწარმოების პროცესში მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობის მინიჭების თაობაზე დადგენილი სტანდარტი. ამ მიზნით, სასამართლომ მოუსმინა საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე, ასაკით უფროსს, 01.11.2015 წელს დაბადებულ არასრულწლოვან მ.ბ–ვას, რა დროსაც გამოიკვეთა ემოციურად მნიშვნელოვანი კავშირი დედასთან, ხოლო, მამასთან ამგვარი ემოციურად მნიშვნელოვანი კავშირის არსებობა არ დადგინდა. ამგვარ ვითარებაში კი, ბავშვების საცხოვრებელი ადგილის ახლებურად განსაზღვრა და საცხოვრებლად მამის ოჯახში გადასვლა, შესაძლოა არასრულწლოვნების ფსიქიკისათვის მატრავმირებელი გახდეს და შემდგომ, მნიშვნელოვნად უარყოფითად აისახოს ბავშვების პიროვნულ ფორმირებაზე, რაც უდავოდ წინააღმდეგობაში მოვა მათ ინტერესებთან.
34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ მულტიდისციპლინური მიდგომის განხორციელებით გამოიკვლია ბავშვების საუკეთესო ინტერესები; არასრულწლოვნების ფსიქოლოგიური და ფიზიკური კეთილდღეობის დასადგენად, შეაფასა ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება და საბოლოო ჯამში, არასრულწლოვნების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას, მართებული გადაწყვეტილება მიიღო.
35. რაც შეეხება მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვას საქართველოს მოქალაქი პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანაზე თანხმობის გაცემის ნაწილში, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორის ძირითადი პრეტენზია ეფუძნება დედის მხრიდან ბავშვების საზღვარგარეთ გაყვანისა და ქვეყანაში არდაბრუნების რისკს, თუმცა, გარდა ზეპირი ახსნა-განმარტებისა, კასატორს სასამართლოსთვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც ზემოაღნიშნულ პოზიციას გაამყარებდა და სასამართლოს დედის მხრიდან მშობლის უფლებით მანიპულირებისა და უფლების ბოროტად გამოყენების რისკებში დაარწმუნებდა. ამასთან, გამომდინარე იქედან, რომ საკასაციო პალატამ მართებულად მიიჩნია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილება არასრულწლოვნების საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე, ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე და მოსარჩელის განმარტების (მისი ნათესავები აზერბაიჯანში ცხოვრობენ, სადაც არასრულწლოვანი შვილების პერიოდულად წაყვანა სურს, რათა ბავშვებს ურთიერთობა დედის ნათესავებთანაც ჰქონდეთ. ამასთან, ექიმის დანიშნულებით ბავშვებს ზღვის და ქვიშის აბაზანები ესაჭიროებათ და რამდენადაც ბავშვების ბებია ცხოვრობს თურქეთში, იგი მზადაა ბავშვების დასვენება უზრუნველყოს, ესაჭიროება მას პასპორტის აღება და ბავშვების საზღვარგარეთ დროებით წაყვანა) მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ცალკეული ქმედებების განსახორციელებლად მამის თანხმობის აუცილებლობამ, შეიძლება ბავშვების უფლებათა დაცვის შეფერხება, მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების დარღვევა ანდა ჰარმონიული განვითარების ხელშეშლა განაპიროს. შესაბამისად, ბავშვების უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მართებულად შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილების მიმართ საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებისთვის თანხმობის მიცემის ნაწილში და მოსარჩელე ფ.ა–ვას მართებულად მიეცა მოპასუხე ზ.ბ–ვის თანხმობის გარეშე არასრულწლოვანი შვილების დროებით, წლის განმავლობაში არაუმეტესი სამი თვის ვადით, საზღვარგარეთ გაყვანის უფლება.
36. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ დავის სამართლებრივ შეფასებას, რაც საფუძვლად დაედო სააპელაციო პალატის მიერ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას; შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ დაუპირისპირა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განვითარებულ მსჯელობას, რის გამოც, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
37. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
38. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
39. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
40. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
42. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ.ბ–ვის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე