საქმე №ა-1255-22-შ-40-2022 15 ივნისი 2022 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ნ.მ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – დ.ბ–ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე - 2020 წლის 11 მარტის, ქ. მადრიდის N*01 ქალთა მიმართ ძალადობის სასამართლოს N18/2020 განჩინება
დავის საგანი – დედისთვის ექსკლუზიური მშობლის უფლებამოსილების მინიჭება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ქ. მადრიდის N*01 ქალთა მიმართ ძალადობის სასამართლოს N18/2020 განჩინებით, რომელიც დათარიღებულია 2020 წლის 11 მარტით, განმცხადებელ ნ.მ–ძეს არასრულწლოვანი შვილების მიმართ მშობლის ექსკლუზიური უფლებამოსილება მიენიჭა.
2022 წლის 21 მარტს, ნ.მ–ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქ. მადრიდის N*01 ქალთა მიმართ ძალადობის სასამართლოს N18/2020 განჩინების ნაწილობრივ - დედისთვის მშობლის ექსკლუზიური უფლების მინიჭების ნაწილში, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული განჩინებით ირკვევა, რომ საქმის განხილვა გაიმართა და განჩინება გამოცხადდა დ.ბ–ძის დაუსწრებლად. ამასთან, წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოპასუხეს არ გამოუთქვამს წინააღმდეგობა მოსარჩელის მიერ შეთავაზებულ ღონისძიებებზე, რომლებიც გამოცხადდა პროცედურულად.
საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლით, რომელიც წარმოდგენილ დოკუმენტაციას ერთვის, დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი ნ.მ–ძე არის საქართველოს მოქალაქე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინებით ნ.მ–ძის შუამდგომლობა 2020 წლის 11 მარტის, ქ. მადრიდის N*01 ქალთა მიმართ ძალადობის სასამართლოს N18/2020 განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, მიღებულ იქნა განსახილველად.
2022 წლის 31 მაისს, ნ.მ–ძის წარმომადგენელმა მ.ჯ–ამ განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს, რომელმაც განაცხადა, რომ იხმობს აღნიშნულ შუამდგომლობას და მისი განუხილველად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ განცხადება გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის გამოხმობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
"კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. შესაბამისად, მასვე შეუძლია განიხილოს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის შესახებ განცხადების გამოხმობის შუამდგომლობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სსსკ-ის მე-7 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია). საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე რომ, სსსკ პირდაპირ არ ითვალისწინებს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განმცხადებლის თხოვნით განუხილველად დატოვების შესაძლებლობას. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა იხელმძღვანელოს იმ ნორმებით რომლებიც არეგულირებენ სარჩელის გამოხმობის სამართლებრივ შედეგებს.
სსსკ-ის 831 მუხლის თანახმად მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისთვის დაბრუნების თაობაზე. დასახელებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ შუამდგომლობის აღმძვრელ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს შუამდგომლობის გამოხმობა ისე, რომ სამომავლოდ მხარე უარს არ განაცხადებს სასამართლოსათვის წარდგენილ მოთხოვნაზე (იხ.: სუსგ-ები №ა-5745-შ-141-2018, 26.02.2019წ.; №ა-1187-შ-23-2021, 16.04.2021წ.).
განსახილველ შემთხვევაში, ნ.მ–ძის წარმომადგენელი მ.ჯ–ა, შუამდგომლობს მის მიერ წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების განუხილველად დატოვებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 21.03.2022წ. წარმოდგენილი 2020 წლის 11 მარტის, ქ. მადრიდის N*01 ქალთა მიმართ ძალადობის სასამართლოს N18/2020 განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობა, განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.მ–ძის შუამდგომლობა 2020 წლის 11 მარტის, ქ. მადრიდის N*01 ქალთა მიმართ ძალადობის სასამართლოს N18/2020 განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე