Facebook Twitter

№ას-685-2022

03 ოქტომბერი 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე – რ.მ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 04 მარტის განჩინება

დავის საგანი – სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1 რ.მ–მა (შემდეგში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელი აღძრა (შემდეგში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“, „კასატორი“) სასამართლოში – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა – რ.მ–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 07 სექტემბრის №18/49028 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

1.2 რ.მ–ის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე აღდგენა;

1.3 სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის მოსარჩელე რ.მ–ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების, ყოველი მოცდენილი თვისთვის ხელზე მისაღები 2 769.40 ლარის ოდენობით, 2020 წლის 8 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში დაკისრება.

2. სარჩელის საფუძვლები

2.1. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება არის უკანონო და მიღებულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, რამდენადაც, მხოლოდ რეორგანიზაცია ვერ იქნება ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი, მითუმეტეს, როდესაც მისი გათავისუფლების შემდეგ მოპასუხემ გამოაცხადა 10-მდე ვაკანსია და მას არც კი შესთავაზეს ალტერნატიული, ტოლფასი სამსახური. ამავდროულად, გაურკვეველია, თუ როგორ და რა კრიტერიუმით შეარჩიეს გათავისუფლებას დაქვემდებარებული ადამიანი და მეორეს მხრივ, რა კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდა რიგი თანამშრომლების სამსახურში დატოვება.

3. მოპასუხის პოზიცია

3.1 მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 18 აგვისტოს Nკ/4-923 ბრძანებით, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 7 აგვისტოს N1467 განკარგულების საფუძველზე, დამტკიცდა სააგენტოს საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები. სააგენტოს Nკ/4-923 ბრძანების დანართით დასტურდება, რომ სააგენტოში არ არსებობს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის შტატი. ასევე, არ არსებობდა არც მოადგილის ტოლფასი ან მისი კომპეტენციის შესატყვისი უფრო დაბალი ვაკანტური თანამდებობა, რაც გახდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. ამასთან, მოსარჩელეს გათავისუფლების გამო მიეცა კომპენსაცია 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით. მოპასუხე მოსარჩელის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენასთან დაკავშირებით მოთხოვნას უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

4.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 07 სექტემბრის N18/49028 გადაწყვეტილება რ.მ–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; მოპასუხეს, რ.მ–ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 35 000 ლარის (ხელზე მისაღები) ოდენობით.

4.2 ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.

5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 04 მარტის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილება.

5.2 სააპელაციო სასამართლომ დაადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.3 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 13 მაისის Nპ-127 ბრძანების საფუძველზე, რ.მ–ი დაინიშნა ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, მოვალეობის შემსრულებლად.

5.4 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 11 სექტემბრის №პ-208 ბრძანებით მოსარჩელე დაინიშნა ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.

5.5 2013 წლის 11 სექტემბრიდან - გათავისუფლებამდე, რ.მ–ი იკავებდა ზემოაღნიშნულ თანამდებობას და მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 3 600 ლარს (დარიცხული).

5.6 2020 წლის 29 მაისის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განისაზღვრა, რომ განხორციელდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან შერწყმა მასთან მიერთებით. ცვლილების შედეგად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გადაეცა საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ფუნქცია-მოვალეობები და ჩაითვალა მის უფლებამონაცვლედ. კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განისაზღვრა ვალდებულება, რომ სათანადო უწყებებმა უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა და სსიპ – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან შერწყმის დასასრულებლად, მათ შორის, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რეორგანიზაციისთვის, საჭირო ღონისძიებების განხორციელება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტში კი მითითებულია შემდეგი: საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საჭიროების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის ამოქმედებამდე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირი − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა მათ მიერ დაკავებული თანამდებობების ტოლფას თანამდებობებზე, ხოლო ასეთი თანამდებობების არარსებობის შემთხვევაში − მათი კომპეტენციის გათვალისწინებით, უფრო დაბალ თანამდებობებზე, ასეთი თანამდებობების არსებობის შემთხვევაში. ამასთანავე, სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეორგანიზაციისა და ამ პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების მიზნით შექმნას კომისია.

5.7 სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 12 ივნისის №კ/1-520 ბრძანებით სააგენტოში გამოცხადდა რეორგანიზაცია.

5.8 რეორგანიზაციის პროცესში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 18 აგვისტოს Nკ/4-923 ბრძანებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა „სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საშტატო განრიგისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ თავმჯდომარის 2019 წლის 21 თებერვლის Nკ/1-202 ბრძანება და დამტკიცდა ახალი საშტატო ნუსხა, რომლითაც არ იქნა გათვალისწინებული ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა.

5.9 სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ მოსარჩელე რ.მ–ს, 2020 წლის 02 სექტემბერს წერილით აცნობა, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 2020 წლის 8 სექტემბრიდან მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

5.10 სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 07 სექტემბრის №კ18/49028 გადაწყვეტილებით სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე რ.მ–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, 2020 წლის 8 სექტემბრიდან. გადაწყვეტილების შესაბამისად, მოსარჩელეს მიეცა კომპენსაცია 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით.

5.11 2020 წლის 15 სექტემბერს რ.მ–მა ორი განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვის, მათ შორის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების წერილობითი დასაბუთების მოთხოვნით.

5.12 საპასუხო წერილი მოპასუხის მიერ მომზადდა 2020 წლის 28 სექტემბერს (მოსარჩელეს ჩაბარდა 01.10.2020 წელს), რომელშიც მითითებულია, რომ მოსარჩელესა და სააგენტოს შორის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი და „სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 18 აგვისტოს Nკ/4-923 ბრძანება, რომლის საფუძველზეც გაუქმდა ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის საშტატო ერთეული. ამავე წერილის მიხედვით, სარეკომენდაციო კომისიის მიერ მოსარჩელესთან გასაუბრება არ ჩატარდა, რამდენადაც, რეორგანიზაციამდე დაკავებული პოზიციის ტოლფასი ან შესაბამისი დაბალი თანამდებობა სააგენტოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში არ მოიძებნა.

5.13 სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლდა 14 თანამშრომელი.

5.14 რეორგანიზაციის პროცესში, რ.მ–ს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხრიდან შეთავაზება რომელიმე სხვა პოზიციაზე დანიშვნის თაობაზე არ მიუღია.

5.15 პალატამ განმარტა, რომ რეორგანიზაცია, თუნდაც მართლზომიერად ჩატარებული, ყოველთვის არ ქმნის დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების ლეგიტიმურ საფუძველს. რეორგანიზაციის მოტივით პირის სამსახურიდან გათავისუფლება მართლზომიერია, თუ დადგინდება, რომ აღნიშნული რეორგანიზაცია თავისი შინაარსით ობიექტური გარემოებითაა გამართლებული და დამსაქმებელს აყენებს თანამდებობიდან კონკრეტული დასაქმებულის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში 2020 წლის 29 მაისს შეტანილი ცვლილების თანახმად, საქართველოს კანონის მე-4 პუნქტის თანახმად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საჭიროების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის ამოქმედებამდე არსებულ სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა მათ მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში − მათი კომპეტენციის გათვალისწინებით, უფრო დაბალ თანამდებობაზე, ასეთი თანამდებობის არსებობის შემთხვევაში.

5.16 პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ მოსარჩელის უფლება დაირღვა იმ ნაწილში, როდესაც მას არ შესთავაზა სააგენტომ სხვა პოზიცია, რაც რეორგანიზაციის პროცესში გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და შეთავაზების არსებობის შემთხვევაში თავად მოსარჩელე შეაფასებდა მისთვის მისაღები იყო თუ არა არსებული პირობებით დასაქმება. მით უფრო, თავად მოსარჩელე აღნიშნავდა სასამართლო სხდომებზე, რომ ის დღემდე არის დაუსაქმებელი და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით არ იტყოდა ალტერნატიულ შეთავაზებაზე უარს.

5.17 სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილად ცნობის სამართლებრივი შედეგი, ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან ხელშეკრულების გაგრძელებულად მიჩნევაა, თუმცა, ხელშეკრულების ავტომატურად გაგრძელებულად მიჩნევას შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილი გამორიცხავს და ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილობის პირობებში, უფლებრივი რესტიტუციის სამ მექანიზმს განიხილავს, კერძოდ - პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას, ტოლფას თანამდებობაზე დასაქმებას, ან კომპენსაციას. განსახილველ შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 07 სექტემბრის №კ18/49028 გადაწყვეტილებით სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე რ.მ–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, 2020 წლის 8 სექტემბრიდან, ხოლო ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის შტატი აღარ არსებობდა.

5.18 პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია, ან ამისთვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. მოცემულ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა ვერ ხდება, სასამართლოს მიაჩნია, რომ რ.მ–ის დარღვეული უფლების რესტიტუცია კონკრეტული თანხით - 35 000 ლარის ანაზღაურებით მართებულია.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 04 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით:

6.2 კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ მიუთითა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე და მხარეს არ მიუღია დასაბუთებული პასუხი მისთვის სადავოდ გამხდარ ფაქტებზე, ამდენად, საკასაციო საჩივარში მას უწევს იდენტურად იმავე გარემოებებსა და არგუმენტებზე მითითება.

6.3 კასატორი მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის დანაწესზე: "სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის ამოქმედებამდე არსებულ სსიპ — საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა მათ მიერ დაკავებული თანამდებობების ტოლფას თანამდებობებზე, ხოლო ასეთი თანამდებობების არარსებობის შემთხვევაში - მათი კომპეტენციის გათვალისწინებით, უფრო დაბალ თანამდებობებზე, ასეთი თანამდებობების არსებობის შემთხვევაში". სასამართლოს მიერ არასწორად განიმარტა კანონი, რომელიც ადგენდა სააგენტოს უფლებამოსილებას, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველეყო თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა მათ მიერ დაკავებული თანამდებობების ტოლფას თანამდებობებზე, ხოლო ასეთი თანამდებობების არარსებობის შემთხვევაში – მათი კომპეტენციის გათვალისწინებით, უფრო დაბალ თანამდებობებზე, ასეთი თანამდებობების არსებობის შემთხვევაში. სასამართლოს უნდა შეეფასებინა 1. საჭიროების არსებობა; 2. ტოლფას თანამდებობათა არსებობა; 3. კომპეტენციის გათვალისწინებით, უფრო დაბალ თანამდებობათა არსებობა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ განხორციელებულა. სააპელაციო სასამართლოს მიერ კი მხოლოდ საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე-38-ე მუხლებზე მითითება, შეუძლებელია მიჩნეულ იქნეს პასუხის გაცემად.

6.4 კასატორი ასევე უთითებს, რომ სააგენტოს Nკ/4-923 ბრძანების დანართით უდავოდ დასტურდება, სააგენტოში ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის შტატის არარსებობა. სააგენტოს 2020 წლის 28 სექტემბრის N18/52905 წერილით დასტურდება, რომ რ.მ–ის მიერ დაკავებული პოზიციის ტოლფასი ან შესაბამისი დაბალი თანამდებობა სააგენტოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში არ არსებობდა და არ არსებობს. საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე მოსარჩელეს არ მიუთითებია საწინააღმდეგო. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ მოსარჩელე ფაქტობრივად გაათავისუფლა მტკიცების ტვირთისაგან. რაც წინააღმდეგობაშია საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ მყარ პრაქტიკასთან.

6.5. კასატორი სადავოდ ხდის მოპასუხისთვის დაკისრებული თანხის ოდენობას და მიუთითებს, რომ, როგორც მინიმუმ განსაზღვრებადი უნდა იყოს მხარისთვის, თუ რა გარემოებაზე დაყრდნობით განისაზღვრა დაკისრებული თანხა, რა გარემოება შეფასდა სასამართლოს მიერ. მოცემულ შემთხვევაში, დაუდგენელია რას ეფუძნება, რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნია სასამართლომ კომპენსაციის გონივრულ და სამართლიან ოდენობად 35 000 ლარის დაკისრება.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ივნისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

11. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

13. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების კანონიერების დადგენა შესაძლებელია, მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული განთავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად. მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ყოველ კონკრეტულ ბრძანებას თავისი საფუძველი გააჩნია, რაც ამართლებს ან არ ამართლებს მის გამოცემას. ასეთ დროს, სასამართლოს როლი სწორედ ბრძანების საფუძვლის მართლზომიერების საკითხის გამორკვევაა, რაც დასაქმებულის სარჩელის იურიდიული ბედის განმსაზღვრელია (შდრ. იხ. სუსგ: №ას-1304-2020, 11.06.2021; №ას-151-147-2016,1 9.04.2016).

15. საკასაციო პალატა, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.

16. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ, ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.

17. შრომის უფლება არის ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება. შრომა, სოციალური გარემო არის ადამიანის ყოფიერების უმთავრესი ელემენტი, ხოლო ანაზღაურება ღირსეული არსებობის მთავარი პირობა. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფონი (რომელსაც წარმოადგენს საქართველო), აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით.

18. პალატა მიუთითებს, რომ განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულისათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში. დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რა ღონისძიებები გაატარა დამსაქმებელმა, რათა უზრუნველეყო დასაქმებულისათვის დაკავებული პოზიციის შენარჩუნება, ცხადია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მომწესრიგებელი თითოეული საფუძვლის გამოყენებამდე, დასაბუთებული უნდა იყოს მისი გამოყენების წინაპირობა (სუსგ Nას-224-224-2018, 18.05.2018წ.; Nას-941-891-2015, 29.01.2016 წ.).

19. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სამუშაოდან განთავისუფლების საფუძველია სშკ-ის 37.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი (ნორმის ამჟამინდელი რედაქციით 47.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი. საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177). ამ მუხლის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია - ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.

20. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული საფუძველი არაერთხელ გამხდარა საკასაციო სასამართლოს განმარტების საგანი. ამ განმარტებების ძირითადი ნაწილის შინაარსი შემდეგია: „რეორგანიზაცია არის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სტრუქტურის შეცვლა, გადაკეთება, გარდაქმნა ან მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლა, რასაც შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში, მოჰყვეს შტატების შემცირება, მაგრამ, რაც მთავარია, ამგვარი ცვლილებები აუცილებელს უნდა ხდიდეს შტატების შემცირებას, ვინაიდან, რეორგანიზაცია თავისთავად არ იწვევს შტატების შემცირებას. საწარმოში რეორგანიზაციის რეალურად (სტრუქტურის ან სამართლებრივი ფორმის შეცვლის, გადაკეთების, გარდაქმნის) განხორციელების შემთხვევაში, საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებულია, ასაბუთოს შტატების შემცირების აუცილებლობა, რათა შტატები ფორმალურად არ შემცირდეს და არ იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად.

21. ამდენად, რეორგანიზაცია, თუნდაც მართლზომიერად ჩატარებული, ყოველთვის არ ქმნის დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების ლეგიტიმურ საფუძველს. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის - რეორგანიზაციის საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია, იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს“ (იხ. სუსგ: №ას-1029-2020, 02.12.2020).

22. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელესთან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შედეგად, სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან შერწყმა მასთან მიერთებით. ცვლილების შედეგად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გადაეცა სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ფუნქცია-მოვალეობები და ჩაითვალა მის უფლებამონაცვლედ. ცვლილების შესახებ კანონით კი განისაზღვრა, რომ უნდა განხორციელებულიყო დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა მათ მიერ დაკავებული თანამდებობების ტოლფას თანამდებობებზე, ხოლო ასეთი თანამდებობების არარსებობის შემთხვევაში − მათი კომპეტენციის გათვალისწინებით, უფრო დაბალ თანამდებობებზე, ასეთი თანამდებობების არსებობის შემთხვევაში.

23. ვინაიდან რეორგანიზაციის პროცესი გამოწვეულ იქნა საკანონმდებლო დანაწესის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ არსებობდა ამის რეალური საჭიროება(რეორგანიზაციის ჩატარების კანონიერება). კერძოდ, კანონში განხორციელებულმა ცვლილებამ დაადგინა სააგენტოების შერწყმის ვალდებულება. თუმცა, ამავე საკანონმდებლო რეგულაციით განისაზღვრა, როგორც რეორგანიზაციის აუცილებლობა, ასევე განისაზღვრა რეორგანიზაციის წესი, კერძოდ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა მათ მიერ დაკავებული თანამდებობების ტოლფას თანამდებობებზე, ხოლო ასეთი თანამდებობების არარსებობის შემთხვევაში − მათი კომპეტენციის გათვალისწინებით.

24. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე რ.მ–თან, რომელიც რეორგანიზაციამდე სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 07 სექტემბრის №კ18/49028 გადაწყვეტილებით შეწყდა შრომითი ურთიერთობა. იგი გათავისუფლდა სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან, ხოლო 2020 წლის 8 სექტემბრიდან, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის შტატი აღარ არსებობდა.

25. საკასაციო პალატა, ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტაციას სადავო რეორგანიზაციის დადგენილი წესის არასწორ განმარტებაზე. კერძოდ, კასატორი ეყრდნობა სააგენტოს 2020 წლის 28 სექტემბრის N18/52905 წერილს, რომლის თანახმად რ.მ–ის მიერ დაკავებული პოზიციის ტოლფასი ან შესაბამისი დაბალი თანამდებობა სააგენტოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში არ არსებობდა და არ არსებობს და აცხადებს, რომ საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე მოსარჩელეს არ მიუთითებია საწინააღმდეგო. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ მოსარჩელე ფაქტობრივად გაათავისუფლა მტკიცების ტვირთისაგან. რაც წინააღმდეგობაშია საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ მყარ პრაქტიკასთან.

26. აღსანიშნავია, რომ შრომითსამართლებრივ დავებში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებური წესი, რომლის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს არათანაბარი შესაძლებლობები გააჩნიათ, დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები წარუდგინოს. ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს დამსაქმებლის მხარეს აბრუნებს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (შდრ. იხ. სუსგ: №ას-151-147-2016, 19.04.2016; №ას-483-457-2015, 7.10.2015; №ას-1276-1216-2014, 18.03.2015).

27. საკასაციო პალატის მოსაზრებით, არარელევანტურია კასატორის მითითება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე, რომელიც შეეხება სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის (ძველი რედაქციით სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი) მიზნებისათვის დამსაქმებლის ვალდებულებას, უზრუნველყოს უკანონოდ გათავისუფლებული პირი ტოლფასი სამუშაოთი იმ შემთხვევაში, თუ აღარ არსებობს ის თანამდებობა, რომელზეც აღდგენას ითხოვს მოსარჩელე. "საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კონკრეტული საშტატო ერთეულის არარსებობის მტკიცება დამსაქმებელს ეკისრება. აღნიშნულის დამტკიცების შემთხვევაში კი, მოსარჩელეზე გადადის იმის მტკიცების ტვირთი, რომელია ტოლფასი თანამდებობა. აღნიშნული შესაძლებელია გაირკვეს მოპასუხე საზოგადოების საშტატო ნუსხისა და შესაბამისი თანამდებობების ფუნქციური დატვირთვის გამოკვლევის შედეგად "(სუსგ Nას-890-857-2016, 09.10.2017წ.; სუსგ Nას-475-456-2016, 24.06.2016წ.). მოცემულ შემთხვევაში, პალატა, კასატორის ყურადღებას გაამახვილებს იმ უმნიშვნელოვანეს გარემოებაზე, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით დადგინდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რეორგანიზაციის წესი. ამგვარად, ნორმატიულ დონეზე განისაზღვრა დამსაქმებლის ვალდებულება რეორგანიზაციის განხორციელებისას უზრუნველეყო დასაქმებულ თანამშრომელთა უკონკურსოდ გადაყვანა დაკავებული თანამდებობების ტოლფას თანამდებობებზე, ხოლო ასეთი თანამდებობების არარსებობის შემთხვევაში − მათი კომპეტენციის გათვალისწინებით უფრო დაბალ თანამდებობებზე. სწორედ კანონით განსაზღვრული რეორგანიზაციის წესის საფუძველზე, უშუალოდ მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა მაღალი სტანდარტით დაესაბუთებინა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის აუცილებლობა და მხოლოდ აპელირება იმ გარემოებაზე, რომ გაუქმდა მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო პოზიცია და მის მიერ დაკავებული პოზიციის ტოლფასი ან შესაბამისი დაბალი თანამდებობა სააგენტოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში არ არსებობს, ვერ გაამართლებს დამსაქმებლის გადაწყვეტილებას მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე. საკასაციო პალატის მოსაზრებით, დამსაქმებელს უნდა დაედასტურებინა, რომ დასაქმებულის ცოდნა, გამოცდილება, კვალიფიკაცია შეუსაბამოა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ფუნქციებთან. მოცემულ შემთხვევაში აპელანტს ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, შესაბამისად, ამ კუთხით კასატორის პრეტენზია დაუსაბუთებელია.

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამსახურიდან დასაქმებულის არამართლზომიერად გათავისუფლების თაობაზე სასამართლოს მიერ გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის დროს, როდესაც არ ხდება დასაქმებულის სამსახურში აღდგენა ან მისი ტოლფასი თანამდებობით უზრუნველყოფა, სასამართლო მოსარჩელისთვის კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს. მოსარჩელეს უნდა მიეკუთვნოს კომპენსაცია იმ კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე, რაც თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მსჯელობის საგანია. ორგანული კანონის ნორმატიული დანაწესი არ ადგენს შრომით დავებზე კომპენსაციის მიკუთვნების კრიტერიუმებს, თუმცა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა მიერ დაძლეული მტკიცების ტვირთის ფარგლებში მხედველობაში მიიღება დასაქმებულთან არამართლზომიერად შეწყვეტილი შრომითი ურთიერთობის ვადა, შრომის ანაზღაურების (ხელფასის) ოდენობა, პირის დასაქმების პერსპექტივა, მისი უნარები, ასაკი, ოჯახური და სოციალური მდომარეობა და სხვა ფაქტორები, რაც ერთობლივად უნდა გაანალიზდეს და შეფასდეს კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის დროს. „დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, დამსაქმებლის ვალდებულება რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა, კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (იხ. სუსგ №ას-1210-2018, 15 თებერვალი, 2019 წელი).

29. რაც შეეხება, კასატორის პრეტენზიას კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილშიც გასაჩივრებული განჩინება სრულად შეესაბამება დადგენილ სასამართლო პრაქტიკას (სუსგ-ები: №ას-727-680-2017, 15.09.2017წ.; №ას-632-2019, 21.06.2019წ.; №ას-395-2019, 27.06.2019წ.). საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელისთვის მიკუთვნებული კომპენსაცია გონივრულია. კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არც ერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს, (შდრ: სუსგ №ას-787-736-2017, 10.11.2017წ.; სუსგ. №ას-632-2019, 21.06.2019წ.). საკასაციო სასამართლოს განსჯით, სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით, მოსარჩელეს მართებულად განესაზღვრა კომპანსაციის ოდენობა 35000 ლარი. ამრიგად, საკასაციო პალატის მიერ, ზემოაღნიშნულ საკითხთან მიმართებით, კასატორის პრეტენზიები ვერ იქნება გაზიარებული.

30. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ კასატორს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო საჩივარი. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

31. ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და, არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ ქმნის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში მითითებულ წინაპირობებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

პროცესის ხარჯები

33. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვთ საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1750 ლარის 70% –1225 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, ასევე 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ რ.მ–ის საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით, სახელმწიფო ხაზინაში, 2022 წლის 15 აპრილს, №04456 საგადახდო დავალებით გადახდილი 1750 ლარის 70% - 1225 ლარი; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე