საქმე Nას-744-2022
03 ნოემბერი 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ც.ც–(მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ნ., ბმა „ე–ა .. (თავმჯდომარე მ.ბ–ძე) (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ამხანაგობის საერთო კრების ოქმის ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება –კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ც.ც–ძემ (შემდგომში „მოსარჩელე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ნ–სა (შემდგომში „მოპასუხე“) და ბმა „ე–ა ..“-ის (შემდგომში „ამხანაგობა“ და ორივე მათგანი ერთად ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“) მიმართ, რომლითაც მოითხოვა ბმა „ერა 57“-ის 2011 წლის 09 ნოემბრის საერთო კრების N33 ოქმის ბათილად ცნობა (ზედდებაში არსებული აივნის ნაწილში (4,93 კვ.მ. ფართის ნაწილში).
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ც.ც–ძის სასარჩელო განცხადება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო კრების ოქმის ზედდებაში არსებული აივნის ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით, გაასაჩივრა ც.ც–ძემ.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინებით, ც.ც–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ც.ც–ძის აღიარებითი სარჩელი დარჩა განუხილველი.
6. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საროცესო კოდექსის 180-ე მუხლით და აღნიშნა, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის საკითხის განხილვისას, მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ხომ არ არსებობს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობები, რადგან ამგვარი წინაპირობების არსებობისას მოსარჩელე ვერ შეძლებს თავისი ნამდვილი მიზნის აღიარებითი სარჩელით მიღწევას, აღნიშნული კი, თავის მხრივ, საფუძველს აცლის აღიარებით მოთხოვნას.
7. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა: ბმა „ე–ა ..“-ის 2011 წლის 09 ნოემბრის საერთო კრების №33 ოქმის (რომლის საფუძველზეც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელა ნ.მ–ის საკუთრებაში ცვლილება) ბათილად ცნობა ზედდებაში არსებული აივნის ნაწილში (4,93 კვმ ფართის ნაწილში). მოსარჩელის მოთხოვნა იყო ასევე, მოპასუხე ნ.მ–ეს დაკისრებოდა საქმეზე წინასწარ გაწეული საპროცესო ხარჯები. სხვა მოთხოვნას სარჩელი არ შეიცავდა და მოსარჩელეს მოთხოვნა არც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს დაუზუსტებია.
8. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ საქმეზე, ბმა „ე–ა ..“-ის 2011 წლის 09 ნოემბრის საერთო კრების №33 ოქმის, ზედდებაში არსებული აივნის ნაწილში (4,93 კვმ ფართის ნაწილში) ბათილად ცნობა - მოსარჩელე მხარის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდებოდა, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების შეჯერების შედეგად გაირკვა, მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი უკანონოდ დაკანონებული აივნის დემონტაჟი და იქედან მომავალი საფრთხის აღკვეთა იყო, რაც ცხადია მხოლოდ აღიარებითი სარჩელის პირობებში, მიკუთვნებითი მოთხოვნის დაყენების გარეშე, ვერ განხორციელდებოდა. ამასთან, სააპელაციო პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვინაიდან მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში არ იყო მოთხოვნილი მოპასუხისაგან რაიმე ქმედების განხორციელება (აივნის მოშლა) ან შესრულება, შესაბამისად, სასამართლო საკუთარი ინიციატივით ვერ მიაკუთვნებდა მხარეს იმას, რაც მას არ მოუთხოვია, რის გამოც სარჩელი დარჩა განუხილველი.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინებაზე, ც.ც–ძემ წარადგინა კერძო საჩივარი. კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე ინსტანციის სასამართლოს.
10. ც.ც. აცხადებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს იმ შემთხვევებს, როდესაც სასამართლო უფლებამოსილია სარჩელი განუხილველად დატოვოს. მისივე აზრით, აღნიშნული ნორმის არცერთი პუნქტი (ნაწილი) არ ითვალისწინებს ისეთ მოცემულობას, რომელიც სააპელაციო პალატამ ამ საქმესთან მიმართებით გამოიყენა.
11. კერძო საჩივრის ავტორისთვის გაუგებარია რა სახის მიკუთვნებითი მოთხოვნა უნდა დაეყენებინა იმისათვის, რათა მისი სარჩელი დაკმაყოფილებულიყო. იგი უთითებს, რომ აღიარებითი სარჩელის არსი იყო ის, რომ მომხდარიყო არაუფლებამოსილი პირის (ბმა) მიერ შედგენილი დოკუმენტის (კრების ოქმის) ბათილად ცნობა (აღიარება), რაც თავისთავად საფუძველს გამოაცლიდა სსიპ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უფლებას (ზედდებას), რის შემდეგაც ზედდების აღმოფხვრა მუნიციპალური ორგანოების რეაგირებისა და უკანონოდ ქცეული მიშენების დემონტაჟის საფუძველი გახდებოდა.
12. ც.ც. ასევე აცხადებს, რომ მას ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი ქონდა აღსრულებითი (მიკუთვნებითი) სარჩელი, რაზედაც საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიღებაზე უარი განაცხადა.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 04 ივლისის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
15. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სარჩელი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი წინაპირობაა.
16. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას აღიარებითი სარჩელის განხილვისას იურიდიული ინტერესის არსებობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად: მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება, დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს, ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიურია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-664-635-2016, 02.03.2017წ; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: Nას-437-409-17 29.09.17, ას916-857-17, 12.09.17; ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.).
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის სახეებად დაყოფა (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი) პრაქტიკული მნიშვნელობისაა და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და, ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს, სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელი არ პასუხობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ, მითითებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი შემდეგი კრიტერიუმები: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად, მხარე სრულად გარკვეულ შედეგს უნდა იღებდეს, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა... (შდრ.სუსგ Nას-838-802-2014, 19.03.2015წ.).
18. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბმა „ე–ა ..“-ის 2011 წლის 09 ნოემბრის საერთო კრების N33 ოქმით, დადასტურდა ნ.მ–ეს მიერ 89,12 კვ.მ მიშენების ფართის ხანგრძლივი ფლობის ფაქტი და მიეცა თანხმობა დაირეგისტრიროს საკუთრებაში ზემოაღნიშნული ფართი. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 26 იანვრის #000432617 დასკვნის თანახმად, ქ. ბათუმში, გორგილაძის ქ. #57/59-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მე-4 სართულზე მოწყობილი აივნის ნაწილი, კერძოდ, სახურავი 7,08კბ.მ ფართის ოდენობით, ხოლო აივნის ძირი(იატაკი) 4,93 კბ. ფართის ოდენობით გადმოსულია ....., #..... საკადასტრო კოდით მოქალაქე ც.ც–ძის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სადავოდ ქცეულ აივნის ფართზე, მოპასუხე ნ.მ–ეს გააჩნია საპროექტო და სანებართვო დოკუმენტაცია.
19. მოსარჩელემ წარდგენილი სარჩელით მოითხოვა ბმა „ე–ა ..“-ის 2011 წლის 09 ნოემბრის, საერთო კრების N33 ოქმის ბათილად ცნობა ზედდებაში არსებული აივნის ნაწილში (4,93 კვ.მ. ფართის ნაწილში). როგორც საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე, ასევე კერძო საჩივარშიც, მხარე უთითებს, რომ რეალურად მისი აღძრული სარჩელის იურიდიული ინტერესი, ანუ საბოლოო შედეგი, რომლის მიღწევასაც მხარე ცდილობს, არის სავარაუდოდ უკანონოდ მიშენებული აივანის დემონტაჟი.
20. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტაციას, რომ გასაჩივრებული კრების ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სამომავლოდ გახდება უკანონოდ მიშენებული აივნის რეგისტრაციის ბათილობისა და დემონტაჟის საფუძველი. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სრულად გარკვეულ შედეგს უნდა იღებდეს, ხოლო მოცემულ შემთხვევაში - მიკუთვნებითი მოთხოვნის გაცხადების გარეშე, მოსარჩელის მიერ მითითებული სავარაუდო დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობები არ იქმნება. კერძოდ, სარჩელის დაკმაყოფილება, ავტომატურად არ გამოიწვევს არც საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერის ბათილობას და არც მუნიციპალური ორგანოების მიერ რეაგირების განხორციელებას (დემონტაჟს).
21. გარდა ზემოაღნიშნულისა, გაზიარებული ვერ იქნება კერძო საჩივრის ავტორის აპელირება თითქოს მას ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი ჰქონდა მიკუთვნებითი მოთხოვნა, მაგრამ სასამართლომ მისი სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარი განაცხადა.
22. საქმის მასალებში წარმოდგენილია ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 იანვრის განჩინება (ტომი I, ს.ფ. 57-60), საიდანაც ირკვევა, რომ ც.ც–ძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისა და მესამე პირის - ნ.მ–ეს მიმართ, რომლითაც მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. ეს საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
23. აქვე, საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას გაამახვილებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციაზე, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა იყოს ფორმალური, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტურ და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება (შდრ. სუსგ №ას-302-285-2017, 16.06.2017).
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია, რომლის წინააღმდეგაც არ არის წარმოდგენილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული შედავება.
25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ც.ც–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე