Facebook Twitter

საქმე №ა-4547-შ-116-2022

02.12.2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ო.ა–ო

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ვ–ოვი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის, ქალაქ მინსკის პერვომაისკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის პერვომაისკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ო.ა–ოს სარჩელი ს.ვ–ოვის მიმართ დაკმაყოფილდა. ს.ვ–ოვს, ო.ა–ოს სასარგებლოდ, არასრულწლოვანი შვილის 2014 წლის 3 მარტს დაბადებული ა–ის სარჩენად, ყოველთვიურად დაეკისრა ალიმენტის - ხელფასის ან სხვა სახის შემოსავლების 25 % გადახდა 2018 წლის 26 ივნისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, არაუმეტეს, ერთ სულ მოსახლეზე საარსებო მინიმუმის 50 %-ისა. ს.ვ–ოვს ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 139 რუბლისა და 2 კაპიკის გადახდა სახელმწიფოს სასარგებლოდ.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, 2022 წლის 24 აგვისტოს N11533 წერილით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისათვის გადმოაგზავნა ო.ა–ოს შუამდგომლობა. შუამდგომლობის ავტორი ითხოვს ბელარუსის რესპუბლიკის, ქალაქ მინსკის პერვომაისკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას.

3. შუამდგომლობაზე თანდართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ქალაქ მინსკის პერვომაისკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 26 ივლისიდან და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა. აგრეთვე, მოწინააღმდეგე მხარე სათანადოდ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის ადგილისა და დროის შესახებ.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 04 სექტემბრის განჩინებით ო.ა–ოს შუამდგომლობა ალიმენტის დაკისრების ნაწილში ქალაქ მინსკის პერვომაისკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

5. ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის, პირველი ნაწილის შესაბამისად და მასვე განემარტა, რომ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში აქვს აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმისა და საქმის ზეპირი განხილვის მოთხოვნის უფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე.

სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

6. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ო.ა–ოს შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის, ქალაქ მინსკის, პერვომაისკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების, საქმეზე N2-5167/2018, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ალიმენტის გადახდის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

8. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ. შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, მშობლებსა და შვილებს შორის პირადი ურთიერთობების, შვილების წარმოშობის, მამობის დადგენის და მათთან დაკავშირებული დავების საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ პროცესის ერთ-ერთი მხარე საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.

10. საქმეზე თანდართული მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხე იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეზე საქართველოს სასამართლოს გააჩნია საერთაშორისო კომპეტენცია.

12. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო ხელმძღვანელობს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციით (შემდგომში „კონვენცია“). „მინსკის კონვენცია თავისი შინაარსით, ვიწრო გაგებით, მხოლოდ სამართლებრივ დახმარებას არ შეეხება. მისი გამოყენების სფერო, ასევე მოქალაქეთა სამართლებრივი დაცვის საკითხებსაც მოიცავს. შესაბამისად, კონვენცია სამართლებრივი დახმარების, ასევე სამართლებრივი დაცვის ნაწილში ეფუძნება ერთ ძირითად - თანასწორობის - პრინციპს. კერძოდ, კონვენციის 1-ლი მუხლის თანახმად: 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები, ასევე მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. 2. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლად მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები (შემდგომში – იუსტიციის დაწესებულებები); შეუძლიათ, გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, როგორი პირობებითაც სარგებლობენ მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები.“ კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს (იხ.სუსგ.საქმე№ა-2550-შ-61-2021 18.10.2022წ.).

13. კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს. კონვენციის მე-3 თავითვე მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება (ცნობა) და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-ე-55-ე მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა (ცნობის) და იძულებითი აღსრულების და მათზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.

14. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს მინსკის კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამასთან, არ არსებობს ამავე კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები (გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუკი: ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, იგი არ შესულა კანონიერ ძალაში ან არ ექვემდებარება აღსრულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე; მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება; საქმეზე იმავე მხარეებს, იმავე საგანზე და იმავე საფუძველზე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც აღიარებულ და აღსრულებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება, ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს აღიარებული გადაწყვეტილება, ან/და, თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება ამ საქმეზე; წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობისა, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება აღიარებული და აღსრულებული უნდა იქნას, საქმე ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას; არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ; ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, გათვალისწინებული იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს).

15. შუამდგომლობა, ასევე აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის, პირველი პუნქტით (შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს) დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, არ არსებობს ამავე კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტით (გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს) გათვალისწინებული უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები.

16. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიმართ მოქმედებს თეორია, რომელიც ქართულად შეგვიძლია „გათანაბრების თეორიად“ ვთარგმნოთ. ამის მიხედვით, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნას და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. მაშასადამე, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი. იგი ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემების თანასწორუფლებიანობის პრინციპულ მოსაზრებას. უცხოური სასამართლო აქტის მოქმედების ტერიტორიის გაფართოება არ არის უსაზღვრო. მეორად ქვეყანაში მხოლოდ ის უცხოური საპროცესო შედეგები უნდა იქნას ცნობილი, რომლებსაც იცნობს ცნობის განმახორციელებელი სახელმწიფოს სამართალი (იხ.სუსგ. საქმე Nა-2633-შ-68-2021).

17.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ განიხილა შუამდგომლობა, ორმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში და მიიჩნევს, რომ კონვენციით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ დაცულია, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს და ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის პერვომაისკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერობების შესახებ“ კონვენციის 51-ე, 53-ე, 55-ე მუხლებით, ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო.ა–ოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის პერვომაისკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, საქმე N2-5167/2018, რომლითაც ს.ვ–ოვს (დაბადებული 24.10.1981წ.) ო.ა–ოს სასარგებლოდ, არასრულწლოვანი შვილის, ა–ის (დაბადებული 03.03.2014წ.) სარჩენად დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად ნებისმიერი სახის შემოსავლის 25%, მაგრამ არაუმეტეს, საშუალოდ ერთ სულ მოსახლეზე საარსებო მინიმუმის 50 %-ისა, დაწყებული 26.06.2018 წლიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე