Facebook Twitter

საქმე Nას-230-2023

13 ივლისი 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა.ტ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ მ.ს–ის სახელობის ქ. წყალტუბოს N2 საჯარო სკოლა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 იანვრის განჩინება

დავის საგანი – სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნება და სააღსრულებო ფურცლის გაცემა

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2019 წლის 1 აგვისტოს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ა.ტ–მა, მოპასუხე - სსიპ მ.ს–ის სახელობის ქ.წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:

ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ მ.ს–ის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის დირექტორის 2019 წლის 04 ივლისის N1/კ-124 ბრძანება ა.ტ–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; ა.ტ–ი აღდგენილ იქნეს სსიპ მ.ს–ის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე; სსიპ მ.ს–ის სახელობის ქ. წყალტუბოს N2 საჯარო სკოლას ა.ტ–ის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 700 ლარის ოდენობით იძულებითი მოცდენის მთელი პერიოდისათვის, 2019 წლის 04 ივლისიდან (იხ. ტომი 1, ს.ფ. 2-23).

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, 2020 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით: ა.ტ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ამასთან, დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა და გადაწყვეტილება მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის და ა.ტ–ისათვის 3 თვის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში (იხ. ტომი 2, ს.ფ. 253-287).

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში, გასაჩივრდა კერძო საჩივრით, თუმცა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 07.08.2020წ. განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამასთან, ამ ნაწილში ქუთასის საქალაქო სასამართლომ, მოსარჩელე ა.ტ–ის განცხადების საფუძველზე, გასცა სააღსრულებო ფურცელი (იხ. ტომი 2, ს.ფ. 288, 295-296, 301-303).

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტომი 2, ს.ფ. 307-321; ტომი 3, ს.ფ. 32-39).

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით: სსიპ მ.ს–ის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა.ტ–ის სარჩელი ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით - არ დაკმაყოფილდა; ა.ტ–ს, სსიპ მ.ს–ის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის სასარგებლოდ დაეკისრა 1008 (ათას რვა) ლარი (იხ. ტომი 3, ს.ფ. 113-137).

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის, 2020 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.ტ–მა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 4 ივნისის განჩინებით, ა.ტ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად (იხ. ტომი 3, ს.ფ. 144-162, 205-237).

8. 2022 წლის 29 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა სსიპ მ.ს–ის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მ.ფ–გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების საკითხის გადაწყვეტისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, იმ საფუძვლით, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე (რომლითაც დაკმაყოფილდა ა.ტ–ის სარჩელი) სსიპ მ.ს–ის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მიერ, ა.ტ–ისათვის მოხდა 3 თვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება - 1981.46 ლარის ოდენობით, რაც ექვემდებარება დაბრუნებას. განცხადებლის მიერ წარმოდგენილი სსიპ მ.ს–ის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის დირექტორის 22.06.2020წ. N1/კ-75 ბრძანებითა და 22.06.2020წ. და 08.07.2020წ. საგადახდო დავალებებით დასტურდება ის გარემოება, რომ ა.ტ–ს ნამდვილად აუნაზღაურდა 3 თვის იძულებითი განაცდური - 1981.46 ლარის ოდენობით.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის, 2023 წლის 16 იანვრის განჩინებით, ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის წარმომადგენლის განცხადება, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნებისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე, დაკმაყოფილდა. ა.ტ–ს, ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის სასარგებლოდ, დაეკისრა 1981,46 ლარის ანაზღაურება.

10. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა.ტ–მა და მისი გაუქმება მოითხოვა.

11. კერძო საჩივრის ავტორმა განჩინების ნაწილობრივ, თანხის ანაზღაურების ნაწილში გაუქმება მოითხოვა.

12. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა - განჩინების მე-5 გვერდზე, მე-2 და მე-3 აბზაცში აღნიშნულია, რომ ა.ტ–ს იძულებითი განაცდურის სახით აუნაზღაურდა 1981.46 ლარი, რაც არ შეესაბამება რეალობას. კონკრეტულად, წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის დირექტორის 22.06.2020 წ. N1/კ-75 ბრძანება და 22.06.2020 წლის საგადასახადო დავალება (ქვითარი) ადასტურებს, რომ მას იძულებითი განაცდურის სახით აუნაზღაურდა 1680 ლარი.

13. განჩინებით დაკისრებული თანხის ნაწილი წარმოადგენს ა.ტ–ის შრომის ანაზღაურებას. კერძოდ, როდესაც მისი აღდგენა მოხდა ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე, ჩვეულებრივ დაუბრუნდა მისი მოვალეობის შესრულებას და მორიგი განთავისუფლების შემდეგ აუნაზღაურდა 301,46 ლარი, როგორც შრომითი გასამრჯელო. ამას ადასტურებს წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის დირექტორის 06.07.2020 წ. N 1/კ-76 ბრძანება და 08.07.2020 წლის საგადასახადო დავალება (ქვითარი). ასევე, აღნიშნულს ადასტურებს თავად სკოლის გაცხადება, რომლითაც სააპელაციო სასამართლოს მიმართეს და გახდა გასაჩივრებული განჩინების საფუძველი - MES 3 2200.... 29.11.2022. ამ განცხადების მე-2 აბზაცში, თავად სკოლა განმარტავს, რომ ა.ტ–ს მიეცა „შრომითი გასამრჯელო“ 301 ლარი და 46 თეთრი. მიუხედავად ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა სააპელაციო სასამართლომ არ შეისწავლა თავად სკოლის განცხადებაც და არც მასზე დართული დოკუმენტები, გარდა იმისა რომ ა.ტ–მა თავის საპასუხო განცხადებაში (მოსაზრება) წარუდგინა სასამართლოს ახსნა-განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით.

14. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე მე-2 პრიმა მუხლის თანახმად, აღსრულებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის, საქმის წარმოების შეწყვეტის ან სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, მოპასუხეს მოსარჩელემ უნდა დაუბრუნოს ყოველივე, რაც მას მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა გაუქმებული გადაწყვეტილებით. შესაბამისად, დაბრუნებას ექვემდებარება იძულებითი განაცდური და არა შრომითი ანაზღაურება, რადგან ის წარმოადგენს მის მიერ შესრულებული სამუშაოს გასამრჯელოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2672 მუხლი არეგულირებს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების საკითხს და იგი დაიშვება ნორმის პირველი ნაწილის აღწერილობით ნაწილში გადმოცემულ წინაპირობათაგან ერთ-ერთის არსებობისას. ეს წინაპირობები კი, შემდეგია: კანონიერ ძალაში შესული/დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, საქმის წარმოების შეწყვეტის ან სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე, ამასთანავე, ნორმის მე-2 ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, აღსრულების შებრუნების საკითხს მოპასუხის განცხადების საფუძველზე გადაწყვეტს ახალი გადაწყვეტილების ან განჩინების მიმღები სასამართლო.

17. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 აპრილის აღსრულებული გადაწყვეტილება, ახალი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გაუქმებულია. გაუქმებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა და გადაწყვეტილება მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის და ა.ტ–ისათვის 3 თვის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში (იხ. ტომი 2, ს.ფ. 253-287).

18. სსიპ მ.ს–ის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მ.ფ–მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების საკითხის გადაწყვეტა და სააღსრულებო ფურცლის გაცემა იმ საფუძვლით, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე (რომლითაც დაკმაყოფილდა ა.ტ–ის სარჩელი) სსიპ მ.ს–ის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მიერ, ა.ტ–ისათვის მოხდა 3 თვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება - 1981.46 ლარის ოდენობით, რაც ექვემდებარება დაბრუნებას.

19. სააპელაციო სასამართლომ, ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის დირექტორის 22.06.2020წ. N1/კ-75 ბრძანებითა და 22.06.2020წ. და 08.07.2020წ. საგადახდო დავალებების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია, რომ ა.ტ–ს ნამდვილად აუნაზღაურდა 3 თვის იძულებითი განაცდური - 1981.46 ლარის ოდენობით.

20. კერძო საჩივრის ავტორი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული განჩინებით დაკისრებული თანხის ნაწილი წარმოადგენს ა.ტ–ის შრომის ანაზღაურებას.

21. საკასაციო პალატა, ყურადღებას გაამახვილებს ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის დირექტორის 2022 წლის 29 დეკემბრის განცხადებაზე, სადაც მითითებულია, რომ 3 თვის იძულებითი განაცდურის სახით, ა.ტ–ს აუნაზღაურდა 1680 ლარი, ხოლო თანამდებობაზე აღდგენის პერიოდში, (2020 წლის 22 ივნისიდან, 2020 წლის 06 ივლისამდე), შრომითი გასამრჯელოს სახით მიიღო 301, ლარი და 46 თეთრი, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილ გარემოებად, რომ 1981.46 ლარის ოდენობით იძულებითი განაცდური აუნაზღაურდა ა.ტ–ს.

22. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის განცხადებით მოთხოვნილი თანხები შეიცავს, როგორც იძულებით განაცდურის სახით, ასევე ა.ტ–ის მიერ, შრომითი გასამრჯელოს სახით მიღებულ თანხას.

23. პალატა, განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, ,,ეკონომიკური სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ” საერთაშორისო პაქტის მე-7 და ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლებით, უზრუნველყოფილი და აღიარებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურების უფლება. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს შრომითი ხელშეკრულების მხარეთა ფუნდამენტურ ვალდებულებებს - დასაქმებულისთვის სამუშაოს შესრულების ვალდებულებასა და დამსაქმებლისათვის ანაზღაურების გადახდის ვალდებულებას. ეს არის შრომითი ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი ძირითადი ელემენტები, რომელთა გარეშეც შრომითი ხელშეკრულების არსებობა გამორიცხულია (შდრ. სუსგ №ას-155-2022, 20.05.2022წ., პუნ. 34). ამგვარად, აღიარებული პოსტულატია, რომ შრომითი ურთიერთობის ფარგლებში, ანაზღაურების გაცემაზე დამსაქმებლის ვალდებულება დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულებას უკავშირდება.

24. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2020 წლის 22 ივნისიდან, 2020 06 ივლისამდე, ა.ტ–ი აღდგენილი იყო სამუშაოზე, რისთვისაც მას შრომითი გასამრჯელოს სახით მიეცა 301,46 ლარი.

25. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განსახილველ საქმეზე სრულად არ გამოუკვლევია და შეუფასებია მხარეთა მიერ შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების გათვალისწინებით წარმოდგენილი მტკიცებულებები, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება, გასაჩივრებულ ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც კიდევ ერთხელ უნდა განიხილოს და შეაფასოს ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის წარმომადგენლის განცხადება, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნებისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის საკითხთან მიმართებით და საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი კვლევისა და შეფასების შედეგად, გადაწყვიტოს განცხადებით მოთხოვნილი საკითხი (301 ლარისა და 46 თეთრის ნაწილში).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.ტ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 იანვრის განჩინება და 301,46 ლარის ანაზღაურების ნაწილში, გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების საკითხის გადაწყვეტისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ განცხადების ხელახლა განსახილველად, საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე