საქმე Nას-298-2023
13 ივლისი 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ.გ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ. ო. ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის განჩინება
დავის საგანი – თანხის გადახდის დაკისრება, ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით, შპს „მ.ო.ბ–ის’’ სარჩელი მოპასუხე თ.გ–ძის მიმართ, თანხის დაკისრებისა და ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: თ.გ–ძეს შპს „მ.ო.ბ–ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა, 2017 წლის N171473646 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების - 37 589.78 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 30 000 ლარი, პროცენტი - 6 092.2 ლარი, ჯარიმა - 714,43 ლარი, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის აღების საფასური 132.62 ლარი და აღსრულების საფასურის 650.54 ლარი; მოთხოვნის აღსრულება მოხდეს მოპასუხე თ.გ–ძის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი უძრავ-მოძრავი ქონებიდან;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თ.გ–ძემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ივლისის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 14 დღე - აპელანტს დაევალა 1503,59 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნისა და სააპელაციო საჩივრის შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსიის წარმოდგენა.
4. ამავე სასამართლოს 2022 წლის 15 აგვისტოს განჩნებით აპელანტს 10 დღით, ხოლო 2022 წლის 02 დეკემბრის განჩინებით, 14 დღით გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივრი დარჩა განუხილველად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
6. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ მძიმე ოჯახური და მატერიალური მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა თანხის გადახდა, თუმცა განცხადებით ითხოვდა სახელმწიფო ბაჟისაგან არა მარტო სრულ ან ნაწილობრივ გათავისუფლებას, არამედ გამოხატავდა სურვილს, ხარჯები დაეფარა ნაწილ-ნაწილ, რაც გამოხატავდა მის ნებას, რომ მომხდარიყო საჩივრის სასამართლო წესით განხილვა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მარტის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
9. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის შუვსებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
10. სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
11. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.07.2022 წლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტს ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სასამართლოში, 1503.59 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნისა და სააპელაციო საჩივრის შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსიის წარმოდგენა.
12. ამავე სასამართლოს 2022 წლის 15 აგვისტოს განჩნებით, 10 დღის ვადით აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადა, ხოლო 2022 წლის 02 დეკემბრის განჩინებით 14 დღით გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.12.2022წ. განჩინება აპელანტს გაეგზავნა სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და ფოსტის მეშვეობით ჩაბარდა პირადად, 2016 წლის 06 დეკემბერს (ს.ფ 311), თუმცა აპელანტის მიერ ხარვეზი შევსებული არ იქნა.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მართებულად დატოვა განუხილველად მისი სააპელაციო საჩივარი.
15. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი ემსახურება თითოეული პირის უფლებას, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (სუსგ №ას-851-817-2016, 04.11.2016წ; №ას-1615-2019, 14.01.2020წ. №ას-1170-2022, 29.11.2022წ.).
16. სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.
ამდენად, კანონის მითითებული დანაწესით დადგენილი სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების ან გადასახდელი თანხის ოდენობის შემცირების შესაძლებლობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და საქმის მასალების გაანალიზების საფუძველზე სასამართლოს შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია.
17. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორმა ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები. თ.გ–ძის შუამდგომლობებს, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, მისი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი რაიმე მტკიცებულება არ ერთვოდა. ამგვარი მტკიცებულება არც შემდგომში ყოფილა წარდგენილი.
18. ამასთან, აღსანიშნავია, რომ აპელანტს ორჯერ გაუგრძელდა ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი საპროცესო ვადა, ამასთან, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის პირველად დადგენიდან სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებამდე გავიდა ექვსი თვე. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა იძლეოდა ხარვეზის გამოსწორების რეალურ შესაძლებლობას, თუმცა აპელანტს ხარვეზი მაინც არ გამოუსწორებია.
19. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებულია პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, 62-ე მუხლის მე-5 პუნქტით კი სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან შესაბამისი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებას (მითითებებს), იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები) (სუსგ №ას-693-2019, 28.06.2019წ; №ას-1615-2019, 14.01.2020წ., №ას-1170-2022, 29.11.2022წ.).
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.გ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე