Facebook Twitter

საქმე Nას-775-2023

13 ივლისი 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ.წ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე.კ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განჩინება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, ხელშეკრულების შეწყვეტა

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ე.კ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.ო–ის, თ.წ–ის, გ.ჩ–ის მიმართ და მოითხოვა:

1.1 ლ.ო–ს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება შპს „ე.კ–ის“ მიმართ, მიწის ნაკვეთის 1 კვ.მ 4 აშშ დოლარი შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში, რაც შეადგენს 37074 კვ.მ 4 $ ზე 148296 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში;

1.2 თ.წ–ს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება შპს „ე.კ–ის“ მიმართ, მიწის ნაკვეთის 1 კვ.მ 4 აშშ დოლარი შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში, რაც შეადგენს 18025 კვ.მ 4 $ ზე 72100 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში;

1.3 გ.ჩ–ს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება შპს „ე.კ–ის“ მიმართ, მიწის ნაკვეთის 1 კვ.მ 4 აშშ დოლარი შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში, რაც შეადგენს 12405 კვ.მ 4 $ ზე 49620 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში;

1.4 ლ.ო–ს, თ.წ–სა და გ.ჩ–ს სოლიდარულად დაეკისროთ შპს „ე.კ–ის“ მიერ განხორციელებული ინვესტიცია 121000 ლარის ოდენობით;

1.5 შეწყდეს 2019 წლის 09 ივლისის ხელშეკრულების მოქმედება.

2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით, შპს „ე.კ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ლ.ო–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3247,12$ ექვივალენტი ლარში ანაზღაურება; მოპასუხე თ.წ–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1322,88$ ექვივალენტი ლარში ანაზღაურება; მოპასუხე გ.ჩ–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 992,4$ ექვივალენტი ლარში ანაზღაურება; მოპასუხეებს - ლ.ო–ს, თ.წ–სა და გ.ჩ–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 121000 ლარის ანაზღაურება.

3. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოსარჩელემ და მოპასუხეებმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მარტის განჩინებით, შპს „ე.კ–ის“ სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად, ხოლო 2023 წლის 13 მარტის განჩინებით ლ.ო–ის, თ.წ–ის და გ.ჩ–ის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დატოვებული იქნა განუხილველად.

5. 2023 წლის 24 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა თ.წ–მა, რომლითაც სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება იშუამდგომლა და წარადგინა შესაბამისი მტკიცებულებები.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მარტის განჩინებით, შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის, თ.წ–ის შუამდგომლობა, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ, დაკმაყოფილდა; თ.წ–ს, სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდა საქმის განხილვის დასრულებამდე; თ.წ–ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად;

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 11 მაისის განჩინებით, თ.წ–ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, დაუშვებლობის გამო დატოვებული იქნა განუხილველად.

8. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა თ.წ–მა და მისი გაუქმება მოითხოვა.

9. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება მის მიერ გასაჩივრებული იქნა დაუზუსტებელი ფორმალური სააპელაციო საჩივრის ფორმით, რადგან დასაბუთებული გადაწყვეტილება არ ჰქონდა ჩაბარებული, არც სახელმწიფო ბაჟი ჰქონდა გადახდილი, რის გამოც, დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა და დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა.

10. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ შპს „ე.კ–ის“ სააპელაციო საჩივარი ჩაბარდა 2023 წლის 15 მარტს. აღნიშნულის შემდგომ, ელექტრონული ფორმით მოძიებული იქნა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, რის შემდგომ შესაგებელიც და შეგებებული სააპელაციო საჩივარიც იქნა შეტანილი, რომლითაც გასაჩივრდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რა ნაწილშიც დაკმაყოფილდა სარჩელი თ.წ–ის მიმართ (1322.88 აშშ დოლარი და 121 000 ლარი).

11. კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მიერ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებას და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატის მსჯელობა და ამ პრაქტიკის მისადაგება არის არასწორი და არარელევანტური, რადგან სასამართლოს მიერ მითითებულ უზენაესი სასამართლოს ხსენებულ საქმეებში არსებითად განსხვავებული გარემოებებია. სააპელაციო პალატამ თ.წ–ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი ჯერ მიიღო წარმოებაში და შემდეგ ყოველგვარი ახალი გარემოების გამოვლენის გარეშე, სასამართლო სხდომაზე დატოვა განუხილველად.

12. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, გაცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონით გათვალისწინებულ სუბიექტებს უფლება აქვთ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეიტანონ სააპელაციო საჩივარი, თუმცა მოწინააღმდეგე მხარისთვის, რომელსაც ამა თუ იმ მიზეზით არ სურდა გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება (აღარ უნდოდა დავის გაგრძელება), ან კანონის მოთხოვნათა დარღვევის (სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გასვლის) გამო, არ წარადგინა ძირითადი სააპელაციო პრეტენზია, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის შეტანის შემდეგ კანონით კონკრეტულად განსაზღვრულ ვადაში შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას, რაც შეიძლება განხილულ იქნას ასევე ე.წ დაგვიანებულ სააპელაციო საჩივრად. შეგებებული სააპელაციო საჩივრის ინსტიტუტთან მიმართებით, უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე იგი საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე პრინციპის დისპოზიციურობის კლასიკური გამოხატულებაა და მოიცავს მხარის ისეთ შესაძლებლობას, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება მაშინაც, თუ მას წერილობით აქვს უარი ნათქვამი სააპელაციო საჩივრის წარდგენაზე (სსსკ 370-ე მუხლი). შეგებებული სააპელაციო საჩივრის მიმართ სრულად ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ ის მოთხოვნები, რომლებსაც კანონმდებელი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლით უდგენს ძირითად სააპელაციო საჩივარს, ასევე, სასამართლოს დამატებით ევალება მხარის მიერ 10-დღიანი საპროცესო ვადის დაცვის უტყუარად გამორკვევა. თუ სააპელაციო საჩივარზე წარდგენილი შესაგებლით მხარე უარყოფს პროცესუალური ოპონენტის მოსაზრებებს, შეგებებული სააპელაციო საჩივარი მიზნად ისახავს, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმებას, რომელიც მის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ასევე მის სასარგებლოდ მიღებული და ძირითადი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილის უცვლელად დატოვებას.

13. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივარი ორგანულადაა დაკავშირებული ძირითად სააპელაციო საჩივართან. თავისი ხასიათით, შეგებებული სააპელაციო საჩივარი ძირითადი სააპელაციო საჩივრის გამო და მის წინააღმდეგ მიმართული საჩივარია, მისი მიზანია ამ ძირითადი სააპელაციო საჩივრის პარალიზება და გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა მეორე მხარის მოთხოვნა.

14. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ არ არსებობს შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის და განუხილველად დატოვების არც ფორმალური და არც ფაქტობრივი საფუძვლები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

15. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით, შპს „ე.კ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, როგორც მოსარჩელემ, ასევე მოპასუხემ.

16. 2022 წლის, 26 დეკემბერს, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა შპს „ე.კ–მა“, ხოლო 2022 წლის 27 დეკემბერს, სააპელაციო საჩივარი წარადგინა ლ.ო–ის, თ.წ–ის და გ.ჩ–ის წარმომადგენელმა დ.ბ–ამ, რომლითაც გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის, მე-5 პუნქტის საფუძველზე, პალატამ დაავალა აპელანტებს 07 დღის ვადაში შეევსოთ ხარვეზი და სასამართლოსთვის წარედგინათ დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, აგრეთვე აპელანტებს უნდა წარედგინათ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრების დედნები.

18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მარტის განჩინებით, ხარვეზის გამოსწორების შედეგად, შპს „ე.კ–ის“ სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინებით, ლ.ო–ის, თ.წ–ის და გ.ჩ–ის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დატოვებულ იქნა განუხილველად. განჩინებაში მითითებულია, რომ სასამართლო გზავნილის ჩაბარების შესახებ უკუგზავნილის მონაცემებით დასტურდება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 იანვრის განჩინება აპელანტის წარმომადგენლის დ.ბ–ას მიერ მითითებულ მისამართზე 2023 წლის, 03 თებერვალს ჩაბარდა ქ.მ–ძეს (თანამშრომელს) (ს.ფ. 74), შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 07 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის, 04 თებერვალს და ამოიწურა 2023 წლის, 10 თებერვალს. ამასთან, აპელანტების წარმომადგენელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის განჩინება დამატებით გადაეგზავნა მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, რომლის მიღება დაადასტურა 2023 წლის 01 მარტს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტებს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით სასამართლოსთვის არ მოუმართავთ. ამრიგად, ვინაიდან აპელანტებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, სააპელაციო საჩივრი დარჩა განუხილველი პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინებით, რომელიც არ გასაჩივრებულა.

19. 2023 წლის, 24 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა თ.წ–მა, რომლითაც სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება იშუამდგომლა და წარადგინა შესაბამისი მტკიცებულებები.

20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მარტის განჩინებით, თ.წ–ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, დაუშვებლობის გამო დატოვებული იქნა განუხილველად.

21. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ, შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების საკითხი.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

24. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსსკ-ის 379-ე მუხლი, ვინაიდან, მხარის უფლება შეიტანოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, არსებობს ამავე მხარის მიერ ძირითადი სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებისგან დამოუკიდებლად.

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში (სააპელაციო საჩივარი).

26. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონით გათვალისწინებულ სუბიექტებს უფლება აქვთ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეიტანონ სააპელაციო საჩივარი, თუმცა მოწინააღმდეგე მხარისათვის, რომელსაც ამა თუ იმ მიზეზით არ სურდა გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება (მაგ: აღარ უნდოდა დავის გაგრძელება), ან კანონის მოთხოვნათა დარღვევის (მაგ: სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გასვლის) გამო არ წარადგინა ძირითადი სააპელაციო საჩივარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლით (მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, განცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება) გათვალისწინებულია სააპელაციო საჩივრის შეტანის შემდეგ კანონით კონკრეტულად განსაზღვრულ ვადაში შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანის შესაძლებლობა, რაც შეიძლება განხილულ იქნას ასევე ე.წ დაგვიანებულ სააპელაციო საჩივრად. (იხ სუსგ. Nას-657-2022, 07.07.2022წ).

27. აღნიშნული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარეობს, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივარი ორგანულადაა დაკავშირებული ძირითად სააპელაციო საჩივართან. თავისი ხასიათით, შეგებებული სააპელაციო საჩივარი არის ძირითადი სააპელაციო საჩივრის წინააღმდეგ მიმართული საჩივარი, რომლის მიზანია გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა აპელანტის მოთხოვნა.

28. შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც გასულია სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა ან/და მხარეს უარი აქვს ნათქვამი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. ეს ის შემთხვევებია, როდესაც მხარეს რეალიზებული არ აქვს კანონით მინიჭებული გასაჩივრების უფლება (სააპელაციო ან საკასაციო წესით).

29. აქვე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გასაჩივრების უფლება პირმა შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ ერთხელ. შესაბამისად, თუ რომელიმე მხარემ გაასაჩივრა გადაწყვეტილება სააპელაციო ან საკასაციო წესით და მისი საჩივარი განუხილველად დარჩა დაუშვებლობის გამო, ასეთ მხარეს აღარ აქვს შეგებებული საჩივრის შეტანის უფლება. (იხ. სუსგ. Nას-657-2022, 07.07.2022წ).

30. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.

31. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის დროისათვის მოპასუხეს სააპელაციო საჩივრით უკვე გასაჩივრებული ჰქონდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება, რაზეც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის განჩინებით დადგენილი ჰქონდა ხარვეზი. აპელანტს ზემოაღნიშნული განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია, რის გამოც, 2023 წლის 13 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. განმეორებით, იმავე გადაწყვეტილების გასაჩივრება, თუნდაც შეგებებული სააპელაციო საჩივრის სახით, აღარ შეიძლება. შესაბამისად, თ.წ–ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

32. ზემოხსენებული მოტივაციით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 11 მაისის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ.წ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე