საქმე №ა-1509-შ-39-2023
11 ოქტომბერი 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – ო.შ–ვა
მოწინააღმდეგე მხარე – გ.შ–ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ უსტ-კამენოგორსკის 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება N6310-21-00-2/7161
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ უსტ-კამენოგორსკის, 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით: ო.შ–ვას სარჩელი, გ.შ–ძის მიმართ, დაკმაყოფილდა. გ.შ–ძეს, ო.შ–ვას სასარგებლოდ, დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, ს.შ–ძის შესანახად (დაბადებული 2013 წლის 24 დეკემბერს), ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად, მისი ყველა სხვა სახის შემოსავლის ¼ ნაწილიდან; ალიმენტის გადახდა დაეკისრა 2021 წლის 13 დეკემბრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე; ასევე, გ.შ–ძეს დაეკისრა სახლმწიფო ხარჯების გადახდა 7310 ტენგეს ოდენობით.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, 2023 წლის 22 მარტს N3173 წერილით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისათვის გადმოაგზავნა ყაზახეთის რესპუბლიკის კომპეტენტური სასამართლოს შუამდგომლობა ქალაქ უსტ-კამენოგორსკის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გ.შ–ძის მიმართ, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებისათვის.
3. შუამდგომლობაზე თანდართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ უსტ-კამენოგორსკის, 2022 წლის, 30 მაისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა, 2022 წლის 4 ივლისს და აღმოსავლეთ ყაზახეთის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოწინააღმდეგე მხარე სათანადოდ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის ადგილისა და დროის შესახებ.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 03 აპრილის განჩინებით ო.შ–ვას შუამდგომლობა, ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ უსტ-კამენოგორსკის, 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა განსახილველად.
5. ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის, პირველი ნაწილის შესაბამისად და მასვე განემარტა, რომ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში აქვს აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმისა და საქმის ზეპირი განხილვის მოთხოვნის უფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე (გზავნილი მხარეს ჩაბარდა, 2023 წლის 16 მაისს). სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
6. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ო.შ–ვას შუამდგომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ უსტ-კამენოგორსკის, 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, ალიმენტის გადახდის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
8. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ. შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, მშობლებსა და შვილებს შორის პირადი ურთიერთობების, შვილების წარმოშობის, მამობის დადგენის და მათთან დაკავშირებული დავების საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ პროცესის ერთ-ერთი მხარე საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.
10. საქმეზე თანდართული მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხე საქართველოს მოქალაქეა.
11. შუამდგომლობის ,სასამართლო ხელმძღვანელობს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციით (შემდგომში „კონვენცია“). „მინსკის კონვენცია თავისი შინაარსით, ვიწრო გაგებით, მხოლოდ სამართლებრივ დახმარებას არ შეეხება. მისი გამოყენების სფერო, ასევე მოქალაქეთა სამართლებრივი დაცვის საკითხებსაც მოიცავს. შესაბამისად, კონვენცია სამართლებრივი დახმარების, ასევე სამართლებრივი დაცვის ნაწილში ეფუძნება ერთ ძირითად - თანასწორობის - პრინციპს. კერძოდ, კონვენციის 1-ლი მუხლის თანახმად: 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები, ასევე მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. 2. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლად მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები (შემდგომში – იუსტიციის დაწესებულებები); შეუძლიათ, გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, როგორი პირობებითაც სარგებლობენ მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები.“ კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. (იხ.სუსგ.საქმე№ა-2550-შ-61-2021 18.10.2022 წ.).
12. კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს. კონვენციის მე-3 თავითვე მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება (ცნობა) და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-ე-55-ე მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა (ცნობის) და იძულებითი აღსრულების და მათზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.
13. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს მინსკის კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამასთან, არ არსებობს ამავე კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები (გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუკი: ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, იგი არ შესულა კანონიერ ძალაში ან არ ექვემდებარება აღსრულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე; მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება; საქმეზე იმავე მხარეებს, იმავე საგანზე და იმავე საფუძველზე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც აღიარებულ და აღსრულებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება, ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს აღიარებული გადაწყვეტილება, ან/და, თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება ამ საქმეზე; წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობისა, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება აღიარებული და აღსრულებული უნდა იქნას, საქმე ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას; არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ; ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, გათვალისწინებული იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს).
14. შუამდგომლობა, ასევე აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის, პირველი პუნქტით (შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს) დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, არც ამავე კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტით (გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს) გათვალისწინებული უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
15. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიმართ მოქმედებს თეორია, რომელიც ქართულად შეგვიძლია „გათანაბრების თეორიად“ ვთარგმნოთ. ამის მიხედვით, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნას და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. მაშასადამე, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი. იგი ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემების თანასწორუფლებიანობის პრინციპულ მოსაზრებას. უცხოური სასამართლო აქტის მოქმედების ტერიტორიის გაფართოება არ არის უსაზღვრო. მეორად ქვეყანაში მხოლოდ ის უცხოური საპროცესო შედეგები უნდა იქნას ცნობილი, რომლებსაც იცნობს ცნობის განმახორციელებელი სახელმწიფოს სამართალი (ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2010წ., გვ.14., სუსგ. საქმე Nა-2633-შ-68-2021).
16.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ მიიჩნევს, რომ კონვენციითა და კანონით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ დაცულია, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს - ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ უსტ-კამენოგორსკის 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება, N6310-21-00-2/7161, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერობების შესახებ“ კონვენციის 51-ე, 53-ე, 55-ე მუხლებით, ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო.შ–ვას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს, ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ უსტ-კამენოგორსკის 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება, N6310-21-00-2/7161, რომლითაც გ.შ–ძეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, ს.შ–ძის შესანახად (დაბადებული 2013 წლის 24 დეკემბერს), ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად, მისი ყველა სხვა სახის შემოსავლის ¼ ნაწილიდან, ალიმენტის გადახდა დაეკისრა 2021 წლის 13 დეკემბრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე