საქმე №ას-1291-2022
31 მაისი 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
I კასატორი - შპს „ს.ფ–ა“ (მოსარჩელე)
II კასატორი - ნ.ღ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განჩინება
I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე ნ.ღ–ძეს, შპს „ს.ფ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 11 560.51 ლარის გადახდა.
2. სარჩელის საფუძვლები
2.1 შპს „ს.ფ–ასა“ და ნ.ღ–ძეს შორის, 2016 წლის 13 სექტემბერს, 2017 წლის 03 იანვარს, 2018 წლის 05 იანვარს, 2019 წლის 14 იანვარს, 2020 წლის 17 თებერვალსა და 2020 წლის 12 ნოემბერს გაფორმდა საფოსტო-საკურიერო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებები.
2.2 ხელშეკრულების 1.1 პუნქტის საფუძველზე, თითოეული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოსარჩელე მოპასუხეს ანაზღაურების სანაცვლოდ უწევდა საფოსტო-საკურიერო მომსახურებას. ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება წარმოებდა საანგარიშო თვეში ფაქტობრივად განხორციელებული საკურიერო მომსახურების შესაბამისად.
2.3 მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში ნაკისრი ვალდებულებები სრულდებოდა ჯეროვნად, მოპასუხე მხარე რეგულარულად არღვევდა მასზედ ნაკისრ გადახდის ვალდებულებას.
2.4 2016 წლის 01 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე, 2016 წლის იანვრისა და 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანებამ შეადგინა 2 455.05 ლარი; 2017 წლის 12 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2017 წლის 12 იანვრისა და 2017 წლის 31 დეკემბრის პერიოდში - 3 846.58 ლარი; 2018 წლის 05 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 2018 წლის 05 იანვრისა და 2019 წლის 06 იანვრის პერიოდში - 5 818.97 ლარს; 2019 წლის 14 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე, 2019 წლის 14 იანვრისა და 2019 წლის 07 ნოემბრის პერიოდში მოპასუხის დავალიანებამ შეადგინა 2 652.10 ლარი; 2020 წლის 17 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე, 2020 წლის 17 თებერვლისა და 2021 წლის 17 თებერვლის პერიოდში, მოპასუხის დავალიანებამ შეადგინა 3 089.54 ლარი. მოპასუხის დავალიანების ოდენობა მოსარჩელის მიმართ შეადგენს 11 560.51 ლარს.
2.5 მოპასუხე, წლების განმავლობაში პერიოდულად იხდიდა მოსარჩელის მიერ განხორციელებულ მომსახურების ღირებულებას, როგორც მიმდინარე ვალდებულებებისათვის, ასევე ვადამოსული ვალდებულებებისათვის. შესაბამისად, მოპასუხის მიერ პერიოდულად ძველი ვალდებულებების დაფარვით წყდებოდა ხანდაზმულობის ვადის დენა.
2.6 მოსარჩელის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნა არცერთ ნაწილში არაა ხანდაზმული.
3. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ - 7298.54 ლარის ნაწილში. ასევე აღნიშნა, რომ დანარჩენ - 4261.97 ლარის ნაწილში (2016 წლის 01 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი და 2017 წლის 01 იანვრიდან 2017
წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი) სარჩელი არის ხანდაზმული. მხარეები აწარმოებდნენ მოლაპარაკებას მომსახურების თანხის გადახდასთან დაკავშირებით და ელოდებოდა შეთანხმებას, რა დროსაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ ს.ფ–ამ მიმართა სასამართლოს. ს.ფ–ის მხრიდან არაერთხელ დაფიქსირდა გზავნილის ადრესატისთვის გადაცემისას არასწორი ინფორმაციის მითითება.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „ს.ფ–ის“ სარჩელი. ნ.ღ–ძეს, შპს „ს.ფ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა - 7 298,54 ლარის გადახდა.
4.2 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, როგორც მოსარჩელემ, ასევე მოპასუხემ. მოსარჩელემ მოითხოვა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება; მოპასუხემ კი მოითხოვა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.
5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
5.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შპს "ს.ფ–ასა" და ნ.ღ–ძეს შორის საფოსტო-საკურიერო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებების დადების ფაქტი, რომლის საფუძველზე, მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა მომსახურების საფასურის ანაზღაურება. ნ.ღ–ძის მიმართ სასამართლოში აღძრული სარჩელით, მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისთვის მის სასარგებლოდ 11 560.51 ლარის გადახდის დაკისრებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ გამოიყენა სსსკ-ის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ - 7298.54 ლარის ნაწილში (2018-2020 წლის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე). შესაბამისად, სსკ-ის მე-3 და 208.3. მუხლების თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველი იყო. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი - 7298.54 ლარის ნაწილში, უნდა დაკმაყოფილებულიყო. სასარჩელო მოთხოვნის დარჩენილ ნაწილში, სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 128-ე, 129.1. 130-ე, 144.1. მუხლებზე, და აღნიშნა, რომ დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ იყო ის გარემოება, რომ ხელშეკრულებები დადებული იყო 2016 და 2017 წელს, შესაბამისად, სწორედ ამ ვადის უშედეგოდ გასვლის მომენტიდან გახდა მოსარჩელისთვის ვალდებულების დარღვევის თაობაზე ცნობილი და სასარჩელო ხანდაზმულობის დენაც აღნიშნულის შემდგომ დაიწყო. სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილი იყო 2021 წლის 10 თებერვალს - ანუ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ. ვინაიდან სარჩელი ხანდაზმული იყო და მოპასუხე არ იყო თანახმა, შეესრულებინა ვალდებულება, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2016 და 2017 წლის ხელშეკრულებების ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა.
5.3 სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მხარის აპელირება მასზედ, რომ შპს ,,ს.ფ–ამ’’, მოპასუხე მხარესთან წარმოებული მოლაპარაკებების გზით, აღიარა ვალდებულება, რომ მოეხდინა მომსახურების ღირებულების გადახდის განაწილება, რაზედაც, აპელანტი დათანხმდა, რის გამოც, შპს ,,ს.ფ–ის’’ მოთხოვნა 7298.54 ლარის გადახდის ნაწილში, არის ვადამოუსვლელი მოთხოვნა. უპირველეს ყოვლისა, სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო გარემოების (შპს ,,ს.ფ–ამ’’ აღიარა ვალდებულება, რომ მოეხდინა მომსახურების ღირებულების გადახის განაწილება) დამადასტურებელი მტკიცებულებები, აპელანტის მიერ წარმოდგენილი არ არის (სსსკ-ის 4.1. 102-ე მუხლები).
5.4 ამასთან, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონდა მოდავე მხარეთა შორის იმ მოცემულობის არსებობას, რასაც სასამართლო, მათ შორის არსებულ მოლაპარაკებას, შესაძლო მორიგების კონტექსტში განიხილავდა. საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ არსებობდა მხარეთა შორის შეთანხმება, რაც განხილული იქნებოდა, როგორც მათ შორის მიღწეული მორიგება და ამ გზით, მხარეს დაეკისრებოდა რაიმე ვალდებულება მეორე მხარის მიმართ.
5.5 სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
6.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. შპს „ს.ფ–ამ“ მოითხოვა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება; კასატორმა ნ.ღ–ძემ კი მოითხოვა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.2 კასატორმა, შპს „ს.ფ–ის“ წარმომადგენელმა განმარტა, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად მიიჩნია სარჩელი 4 261.97 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში ხანდაზმულად, ვინაიდან ნ.ღ–ძე პერიოდულად ახორციელებდა ჩარიცხვებს, შესაბამისად, ცოცხლდებოდა ხანდაზმულობის ვადები.
6.3 კასატორმა, შპს „ს.ფ–ის“ წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ „ს.ფ–ის“ მიერ მომსახურების გაწევა დასტურდებოდა, თავად ნ.ღ–ძის მიერ დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით. თითოეული მომსახურების დროს, შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურა, ნ.ღ–ძეს ეგზავნებოდა შემოსავლების სამსახურის პორტალზე, რა დროსაც იგი საკუთარი ანგარიშიდან, შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე ადასტურებდა ყველა მომსახურების განხორციელების ნამდვილობას და მითითებული მომსახურების ღირებულების სისწორეს. შესაბამისად, მხარეთა შორის უდავოა, როგორც მომსახურების განხორციელება, ასევე მომსახურების ღირებულება.
6.4 კასატორმა, ნ.ღ–ძემ განმარტა - სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, სადაც იგი მიუთითებდა, რომ წარმომადგენლის მიერ სარჩელის ცნობა მასთან შეთანხმებული არ ყოფილა. ასევე განმარტა, რომ მხარეთა შორის არსებობდა მორიგება, რის გამოც სასამართლო არ იყო უფლებამოსილი არსებითად გადაეწყვიტა საქმე.
6.5 კასატორმა, ნ.ღ–ძემ განმარტა, რომ შპს „ს.ფ–ამ “ აღიარა ვალდებულება, მოეხდინა მომსახურების ღირებულების გადახდის განაწილება, რის გამოც შპს „ს.ფ–ის“ მოთხოვნა 7298.54 ლარის გადახდის ნაწილში, არის ვადამოუსვლელი მოთხოვნა.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის და 2022 წლის 15 ნოემბრის განჩინებებით, შპს „ს.ფ–ის“ და ნ.ღ–ძის საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ისინი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
12. უპირველესად, საკასაციო პალატა შეაფასებს შპს „ს.ფ–ის“ საკასაციო პრეტენზიების მიმართებას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ 391-ე მუხლით დადგენილ წინაპირობებთან, ხოლო მსჯელობის მეორე ნაწილი დაეთმობა ნ.ღ–ძის საკასაციო პრეტენზიებს.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობა ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა (სსკ-ის 629-ე მუხლი), რომლის ორივე ხელშემკვრელმა მხარემ, სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სუსგ. №ას-1315-2020, 09.09.2021წ; №ას-764-2019, 02.03.2019წ) ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან – შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი მოვალეა გადაუხადოს მენარდეს საზღაური, როგორც წესი, სამუშაოს შესრულების შემდეგ.
14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა.
15. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებიდან გამომდინარე, მხარეები სამოქალაქო პროცესში სარგებლობენ თანასწორი საპროცესო უფლებებით, კერძოდ, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს სარჩელით დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დასაცავად, ხოლო იმ პირს კი, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია სარჩელი, შეუძლია თავი დაიცვას ამ სარჩელისაგან. ამასთან ერთად, სარჩელის აღძვრა და ამ სარჩელისაგან თავის დაცვა მიმდინარეობს კანონით განსაზღვრული წესითა და საშუალებების გამოყენებით.
16. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ შპს „ს.ფ–ასა“ და ნ.ღ–ძეს შორის, 2016 წლის 01 იანვარს, 2017 წლის 12 იანვარს, 2018 წლის 05 იანვარს, 2019 წლის 14 იანვარს, 2020 წლის 17 თებერვალსა და 2020 წლის 12 ნოემბერს გაფორმდა საფოსტო-საკურიერო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებები. თითოეული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოსარჩელე მოპასუხეს უწევდა საფოსტო-საკურიერო მომსახურებას.
17. დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, შპს ,,ს.ფ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა იმდაგვარად, რომ ნ.ღ–ძეს შპს „ს.ფ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილის, - 7 298,54 ლარის გადახდა, ხოლო, დანარჩენ ნაწილში (4 261.97 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში), სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელის ცნობა აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველი იყო, რაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მოპასუხე მხარის მიერ (7298.54 ლარის ნაწილში, მოპასუხემ ცნო სარჩელი), ხოლო, დანარჩენ ნაწილში (4 261.97 ლარის ნაწილში), სარჩელი იყო ხანდაზმული, რაც ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.
18. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიას, მასზედ, რომ სარჩელი არც ერთ ნაწილში არ იყო ხანდაზმული და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და დამატებით განმარტავს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. აღნიშნული დანაწესით, კანონმდებელმა განსაზღვრა სამოქალაქო უფლების დაცვის გარკვეული ვადებით შეზღუდვის აუცილებლობა, რომელიც მყარ სამოქალაქო ბრუნვაზეა ორიენტირებული და მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლით მხარე კარგავს იმ სამართლებრივ ბერკეტებს, რომელთა საშუალებითაც მოთხოვნის იძულებით აღსრულების შესაძლებლობა ჰქონდა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით, სახელშეკრულებო მოთხოვნა დაექვემდებარა ხანდაზმულობას და, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრა 3 წლით.
19. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა მოწესრიგებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე. სსკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. ნორმის აღწერილობითი ნაწილის მითითება - როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო, არ შეიძლება, გაგებულ იქნას იმგვარად, რომ გარემოების შეტყობა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ან მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს. კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი, პრაქტიკულად, ერთმანეთთან თანხვდენილია და ორიენტირებულია კრედიტორის ობიექტურ აღქმაზე ვალდებულების დარღვევის მიმართ. ამასთანავე, მხოლოდ სუბიექტურ ფაქტორზე - „უნდა შეეტყო“, მხოლოდ მაშინ შეიძლება დაყრდნობა, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტური ფაქტორის განსაზღვრა.(იხ.სუსგ. N989-2021, 18.02.2022წ.).
20. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ მოთხოვნა სადავოდ გახადა ხანდაზმულობაზე მითითებითაც, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების შემაფერხებელ შესაგებელს და ასეთ დროს, მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი იმისა, რომ არ არსებობს ამ ინსტიტუტის გამოყენების წინაპირობები (მან უნდა ამტკიცოს ხანდაზმულობის ვადის შეჩერება, შეწყვეტა და სხვა).
21. დადგენილია, რომ შპს „ს.ფ–ამ“ დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით, სასამართლოში სარჩელი აღძრა 2021 წლის 01 თებერვალს, ხოლო, 04 თებერვლის განჩინებით უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. 2021 წლის 10 თებერვალს, მოსარჩელემ კვლავ მიმართა სარჩელით სასამართლოს.
22. განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნის საფუძველი გამომდინარეობს საფოსტო-საკურიერო მომსახურეობის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულებიდან. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნაზე ვრცელდება სახელშეკრულებო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
23. დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ ხელშეკრულებები დადებულია 2016 და 2017 წელს. კერძოდ, 2017 წლის ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2017 წლის 3 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო 2016 წლის ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2016 წლის 13 სექტემბრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, 2016 წლის ხელშეკრულების საფუძველზე, 2016 წლის 31 დეკემბრის პერიოდში დავალიანებამ შეადგინა 2 455,05 ლარი, ხოლო 2017 წლის 12 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე, 2017 წლის 31 დეკემბრის პერიოდში დავალიანებამ შეადგინა 3 846,58 ლარი.) შესაბამისად, სწორედ ამ ვადის უშედეგოდ გასვლის მომენტიდან გახდა მოსარჩელისათვის ვალდებულების დარღვევის თაობაზე ცნობილი და სასარჩელო ხანდაზმულობის დენაც აღნიშნულის შემდგომ დაიწყო. როგორც აღინიშნა, სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 2021 წლის 1 თებერვალს - ანუ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ. შესაბამისად, სარჩელი ხანდაზმულია 2016 და 2017 წლის ხელშეკრულებების ნაწილში.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
25. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).
26. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტაციას, რომ სარჩელი არ არის ხანდაზმული, კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, ნ.ღ–ძე პერიოდულად ახორციელებდა ჩარიცხვებს, რის გამოც ცოცხლდებოდა ხანდაზმულობის ვადები. იმის შესახებ, რომ მოწინააღმდეგე მხარე პერიოდულად უხდიდა მას 2016 -1017 წლების ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურების ღირებულების თანხებს, აღნიშნული საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება, შესაბამისად, არც ამ პრეტენზიის გაზიარების საფუძველი არსებობს.
27. რაც შეეხება მეორე კასატორის, ნ.ღ–ძის საკასაციო პრეტენზიას, მასზედ, რომ წარმომადგენლის მიერ სარჩელის ცნობა არ ყოფილა მასთან შეთანხმებული, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია და განმარტავს, რომ უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაშია ასახული სარჩელის ცნობის თანმდევი შედეგები. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს იმ საპროცესო მოქმედებათა ჩამონათვალს, რომელშიც ვლინდება მხარის უფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს მისი საპროცესო უფლებები, იგი ნების ავტონომიის საპროცესო გამოხატულებაა და წარმოადგენს მხარის საპროცესო უფლებათა იმგვარი რეალიზაციის საშუალებას, როდესაც საქმეზე მისაღები გადაწყვეტილება უმთავრესად მხარის ნებაზეა ორიენტირებული. ნორმა იძლევა უფლებათა შემდეგ კლასიფიკაციას: პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ დაირღვა მისი უფლება, თავად წყვეტს ამ უფლების სასამართლო წესით დაცვას საპროცესო კანონმდებლობით შემოთავაზებული წესების დაცვით; თავად განსაზღვრავს დავის საგანს და იმას, თუ რა ფაქტებსა და გარემოებებზე დაამყაროს მოთხოვნა; მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე. ჩამოთვლილთაგან უმეტესი ნაწილი მიმართულია მოსარჩელის უფლებებისაკენ, თუმცა პირთა თანასწორობაზე დამყარებული სამოქალაქო საპროცესო სამართალი ანალოგიურ პირობებს უქმნის მოპასუხეს და ადგენს მის უფლებას, შეთანხმების შემთხვევაში, დავა დაასრულოს მორიგებით, მას ასევე შეუძლია ცნოს სარჩელი.
28. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას (იხ. სუსგ საქმე №ას-64-58-2015, 08.04.2015წ.; საქმე №ას-276-262-2016, 27.05.2016.; №ას-1028-2021, 01.07.2022წ.).
29. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია და არც თავად კასატორი უარყოფს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა, რომელსაც კანონით დადგენილი წესით გაცემული მინდობილობის საფუძველზე, მინიჭებული ჰქონდა სარჩელის ცნობის უფლებამოსილება სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის თანხის, 7 298.54 ლარის დაკისრების შესახებ ცნო, ანუ, სარჩელის ცნობით მოპასუხემ განკარგა პროცესუალური უფლება 7 298.54 ლარის დაკისრების ნაწილში. ამასთან, იგივე პოზიციაა დაფიქსირებული საქმეში წარმოდგენილ შესაგებელში (ტომი 1; ს.ფ. 228-244; შესაგებელი; ტომი 1; ს.ფ. 299-315; დაზუსტებული შესაგებელი). აღნიშნული კი სსსკ 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის (თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ) საფუძველზე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას აძლევდა სასამართლოს.
30. საკასაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილი დანაწესზე, რომელიც ადგენს იმ უფლებამოსილებას, რისი შესრულების უფლებაც ეძლევა წარმომადგენელს. კერძოდ, აღნიშნული მუხლი ადგენს ზოგად უფლებამოსილებას, რომლის თანახმადაც, წარმომადგენელს უფლება აქვს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება. აღნიშნული მუხლი ადგენს ასევე უფლებამოსილების შეზღუდვის საფუძვლებსაც. ამ მუხლის შესაბამისად, წარმომადგენელს უფლება არ აქვს, დამოუკიდებლად, თავისი ნებით აღძრას სარჩელი, საქმე გადასცეს არბიტრაჟს, მთლიანად ან ნაწილობრივ უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე, ასევე, მას არ შეუძლია შეცვალოს სარჩელის საგანი, ცნოს სარჩელი, მორიგებით დაასრულოს საქმე, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება და ა.შ. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ დასახელებული საპროცესო მოქმედებების აბსოლუტური შეზღუდვა კანონმდებელმა არ დააწესა. ამავე მუხლში არსებობს საკანონმდებლო მითითება. რაც გულისხობს იმას, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მოქმედებების შესრულება შესაძლებელია, თუკი, ამის შესახებ სპეციალური ჩანაწერი იარსებებს მინდობილობაში. მარწმუნებლის თითოეული მოქმედების შესრულების თაობაზე უნდა აღნიშნოს მის მიერ გაცემულ მინდობილობაში. აქედან გამომდინარე, წარმომადგენელს ავტომატურად, სპეციალური მითითების გარეშე უფლება აქვს, შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოქმედებებისა, რაც დაკავშირებულია მარწმუნებლის სპეციალურ მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვასთან. ამდენად, აღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ მინდობილობაში მითითებული იყოს ამგვარი უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა მოპასუხის წარმომადგენელს, მინდობილობაში კანონით დადგენილი წესით მინიჭებული ჰქონდა სარჩელის ცნობის უფლებამოსილება.
31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მიერ წარდგენილი პრეტენზია ვერ მიიჩნევა იმგვარ დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
32. საკასაციო პალატა, ასევე დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ მიიჩნევს კასატორ ნ.ღ–ძის აპელირებას მასზედ, რომ შპს ,,ს.ფ–ამ’’, მოპასუხე მხარესთან წარმოებული მოლაპარაკებების გზით, აღიარა ვალდებულება, რომ მოეხდინა მომსახურების ღირებულების გადახის განაწილება, რაზედაც, აპელანტი დათანხმდა, რის გამოც, შპს ,,ს.ფ–ის’’ მოთხოვნა 7298.54 ლარის გადახდის ნაწილში, არის ვადამოუსვლელი მოთხოვნა.
33. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ აქვს მოდავე მხარეთა შორის იმ მოცემულობის არსებობას, რასაც სასამართლო, მათ შორის არსებულ მოლაპარაკებას, შესაძლო მორიგების კონტექსტში განიხილავდა. საქმის მასალებით არ დასტურდება, მხარეთა შორის შეთანხმების არსებობა, რაც განხილული იქნებოდა, როგორც მათ შორის მიღწეული მორიგება და ამ გზით, მხარეს დაეკისრებოდა რაიმე ვალდებულება მეორე მხარის მიმართ.
34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.
35. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები ვერ მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
36. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
37. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრების განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
38. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან
39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორებმა ვერ გააქარწყლეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
40. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებელია, ხოლო კასატორებს, გადახდილი აქვთ საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53, 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს „ს.ფ–ის“ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი; ნ.ღ–ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი; კასატორ შპს „ს.ფ–ას“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 2022 წლის 28 ოქტომბერს სს „საქართველოს ბანკში“ სახელმწიფო ბაჟის სახით, №735 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი. კასატორ ნ.ღ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 2022 წლის 07 ნოემბერს სს „თიბისი ბანკში“ სახელმწიფო ბაჟის სახით, №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 364,92 ლარის 70% - 255,44 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე