საქმე №ას-273-2023
13 ივლისი 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - მ.ფ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ბ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მ.ფ–ძეს, თ.ლ–ძეს და თ.მ–ს, ნ.ბ–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დანაშაულით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 8 700 აშშ დოლარის გადახდა.
2. სარჩელის საფუძვლები
2.1 მოსარჩელე ნ.ბ–სა და შპს „ს.კ.ს–ოს“ შორის, წარმოდგენილი დირექტორის თ.ლ–ძის სახით, დაიდო სესხის N8013 ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელემ შპს „ს.კ.ს–ოს“ - სესხის სახით გადასცა თანხა 8700 აშშ დოლარის ოდენობით. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა სარგებელი, ყოველთვიურად 2.08%-ის ოდენობით. ხელშეკრულება დადებულ იქნა 06 თვის ვადით.
2.2 თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით, საქმეზე N1/719-17, დამნაშავედ ცნო თ.ლ–ძე, მ.ფ–ძე და თ.მ–ი. აღნიშნული საქმეზე მოსარჩელე ცნობილია დაზარალებულად.
3. მოპასუხის პოზიცია
3.1 მ.ფ–ძემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და არც მის რომელიმე ფაქტობრივ გარემოებას დაეთანხმა. მოპასუხემ დამატებით განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სესხის ხელშეკრულება, რომელსაც იყენებს ზიანის ოდენობის განმსაზღვრელ მტკიცებულებად. აღნიშნული სესხის ხელშეკრულება მოსარჩელემ გააფორმა სამი წლის წინ შპს „ს.კ.ს–ოსთან“. მ.ფ–ძისთვის მოსარჩელეს არ გადაუცია სესხის თანხა.
3.2 მოპასუხე თ.მ–მა წარმოდგენილი არაკვალიფიციური შესაგებლით სარჩელი არ ცნო და არც მის ფაქტობრივ გარემოებებს დაეთანხმა.
3.3 მოპასუხე თ.ლ–ძეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლოს სხდომებში მიუღია მონაწილეობა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
4.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ.ბ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს მ.ფ–ძეს, თ.ლ–ძესა და თ.მ–ს ნ.ბ–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 8 700 აშშ დოლარის გადახდა.
4.2 აღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ფ–ძემ, რომელმაც, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.
5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის განჩინებით, მ.ფ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილება.
5.2 სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხეების, მათ შორის, მ.ფ–ძის ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მოსარჩელეს მიადგა ზიანი, სასარჩელო განცხადებით მოთხოვნილი ოდენობით.
5.3 სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მ.ფ–ძის სააპელაციო საჩივარში მოყვანილი მსჯელობა დელიქტური სამართლის მომწესრიგებელი ნორმებით დავის გადაწყვეტის შეუძლებლობის თაობაზე და განმარტა, რომ განსახილველი დავა სწორედ დელიქტური სამართლით მოსაწესრიგებელ საკითხთა წრეს მიეკუთვნება. პალატამ აღნიშნა, რომ ვალდებულების დარღვევა სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომის საფუძველია, რომელიც იურიდიული პასუხისმგებლობის სახეა.
5.4 პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით, რომლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება შემდეგი წინაპირობების კუმულატიურად არსებობის შემთხვევაში:
1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. ამავე კოდექსის 998-ე მუხლის თანახმად კი, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
6.1 კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
6.2 კასატორი უთითებს, რომ არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ დავა გადაწყდეს დელიქტური სამართლის ნორმებზე დაყრდნობით. კასატორის მოსაზრებით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებანი არ აკმაყოფილებს დელიქტური სამართლის მაკვალიფიცირებელ ელემენტებს. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულება არ წარმოადგენს დელიქტური ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, არ ადგენს ზიანის ოდენობას, რის გამოც საქმის განხილვა უნდა მომხდარიყო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესების შესაბამისად.
6.3 კასატორი, ასევე უკანონოდ მიიჩნევს მისთვის ხელშეკრულებით შეთანხმებული პროცენტის დაკისრების ფაქტს და განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი არ შეიძლება გაიგივებულიყო დელიქტურ ზიანთან.
6.4 კასატორი აცხადებს, რომ მოსარჩელისთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელი სუბიექტი ვერ იქნება.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განჩინებით მ.ფ–ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
12. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა თუ არა დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 992-ე მუხლი. კერძოდ, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს კასატორის პრეტენზიაზე, რომლის თანახმად, ქვემდგომმა სასამართლოებმა უკანონოდ შეაფასეს დელიქტურ ვალდებულებად სესხის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა, ასევე არასწორად დააკისრეს პროცენტის გადახდა.
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული გენერალური დელიქტური ვალდებულების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (სუსგ №ას-769-737-2016; 20.06.2018წ.; სუსგ №ას-176-163-2015, 04.10.2016; სუსგ Nას-1426-2018 , 11.04.2019).
15. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი და განმარტავს, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) სამართლებრივ მოწესრიგებას საჭიროებს დელიქტური ვალდებულებებით გათვალისწინებული საფუძვლებიდან - სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი „პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი“, 998-ე მუხლი „თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით“ და 408-ე მუხლის პირველი ნაწილი „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“.
16. გარდა ამისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920-ე მუხლი ადგენს, თუ რა უნდა ჩაითვალოს დადასტურებულად ანუ ე.წ. პრეიუდიციად. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის პირველ წინადადებაში ნათლად და მკაფიოდ იკითხება: ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობა მხოლოდ ზიანის ფაქტსა და მიზეზობრივ კავშირს გააჩნია. საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ამ სპეციალური წარმოების არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლოს აღარ უწევს ზიანის მიყენების ფაქტის, ე.ი. თავად მიყენებული ზიანის, ზიანის მიმყენებლის ბრალის, მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის კვლევა. თუკი ზიანი დანაშაულის შედეგად დადგა, ყველა აღნიშნული გარემოება სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დასტურდება. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, აღნიშნულთან მიმართებით მსჯელობას შესაძლებელია შეიცავდეს თავად განაჩენი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, სხვა შემთხვევებში, ზიანის გაანგარიშება დასაშვებია უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტით (იხ.სუსგ. №ას-1322-2018, 04.04.2019წ.). ამასთან, საკასაციო პალატა ხაზგასმით მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები პრეიუდიციის რანგში რომც არ იქნეს განხილული (იხ.სუსგ.№ას-1263-2019, 13.03.2020), მოპასუხეს არ წარმოუდგენია განაჩენით დადასტურებული ფაქტების გამაქარწყლებელი სამართლებრივად ვარგისი რაიმე მტკიცებულება.
17. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის ის გარემოება, რომ სარჩელზე თანდართული, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის, კანონიერ ძალაში შესული, განაჩენის თანახმად, შპს „ს.კ.ს–ოს“ დამფუძნებელი თ.მ–ი, დირექტორი თ.ლ–ძე და ფაქტობრივი მმართველი მ.ფ–ძე მეანაბრეთა, მათ შორის, მოსარჩელე მხარის კუთვნილი თანხების მითვისების გამო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად. აღნიშნული განაჩენის საფუძველზე დადგენილია, რომ შპს „ს.კ.ს–ოს“ დირექტორმა თ.ლ–ძემ, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე, მ.ფ–ძის წაქეზებითა და თ.მ–ის დახმარებით, მეანაბრეთა მიერ შეტანილი თანხები სესხის სახით მ.ფ–ძეზე უკანონოდ გასცა, რაც მან პირადი შეხედულებისამებრ გამოიყენა და უკან არ დაუბრუნებია. ამავე საქმეზე მოსარჩელე ნ.ბ–ი მიჩნეულია დაზარალებულად. მოყვანილი მსჯელობით ცხადია, რომ საქმის მასალებში არსებობს მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტის დამადასტურებელი შეუდავებელი მტკიცებულება, ამავე დოკუმენტით დადასტურებულია, რომ ზიანი გამოიწვია მოპასუხეთა სოლიდარულმა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებმა. ამგვარად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კასატორის ის პრეტენზია, რომლის თანახმად, ზიანის მიყენებისათვის აუცილებელი ერთ-ერთი წინაპირობა, კერძოდ, მიზეზობრივი კავშირი კასატორის ქმედებასა და მოწინააღმდეგე მხარისათვის მიყენებულ ზიანს შორის არ დგინდება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმეში წარდგენილი განაჩენი თავისთავად ასაბუთებს ამგვარი მიზეზობრივი კავშირის არსებობას.
18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
19. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას ზიანის ოდენობასთან მიმართებაში და განმარტავს, რომ ვინაიდან განაჩენით დადგენილმა დანაშაულებრივმა ქმედებამ გამორიცხა მოსარჩელის მიერ მსესხებლისათვის სესხად გაცემული თანხის უკან დაბრუნება, ზიანის ოდენობად სწორედ სესხად გაცემული ძირი თანხა უნდა იქნეს მიჩნეული.
20. საკასაციო პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივარში განვითარებულ მსჯელობას სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული პროცენტის დარიცხვასა და სასამართლოს მიერ პროცენტის დელიქტურ ზიანად შერაცხვის თაობაზე, რადგან განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ სესხის ძირითადი თანხის 8700 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს კასატორის ზემოთმოხმობილი პრეტენზია.
21. იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებში წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დასტურდება, რომ მოსარჩელემ მის მიერ კომპანიისთვის სესხად გადაცემული თანხა სწორედ მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესაბამისად ვერ მიიღო, გასაჩივრებული განჩინებით მართებულად დადგინდა, რომ მოპასუხეთა ქმედებები დელიქტური ვალდებულების წარმოშობის წინაპირობებს შეიცავს და „მეწარმეთა შესახებ“ კანონით რეგულირებულ სფეროს არ განეკუთვნება.
22. საკასაციო პალატა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უზრუნველყო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და მოპასუხეთა (ფიზიკურ პირთა) დელიქტური ქმედებით ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოების დადასტურება. შესაბამისად, სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება.
23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N 7932/03).
24. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
25. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
26. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
27. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
8. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 20 მარტის განჩინებით, გათავისუფლდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე, 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, ასევე 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ფ–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე