Facebook Twitter

საქმე №ას-391-2022

10 მარტი 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი (მომხსენებელი),

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ე.მ.კ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს.კ.რ...“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1 შპს „ს.კ.რ...“-სათვის ე.მ.კ–ის სასარგებლოდ 2019 წლის 30 აგვისტომდე პერიოდისათვის არსებული დავალიანების (დარიცხული პროცენტის ჩათვლით) დაკისრება, რაც შეადგენს 1 487 417,23 შვეიცარულ ფრანკს, 148 500,82 აშშ დოლარს და 7950 ევროს.

1.2 შპს „ს.კ.რ...“-სათვის ე.მ.კ–ის სასარგებლოდ 2020 წლის სავალდებულო საწევრო გადასახადის დაკისრება, რაც შეადგენს 5000 შვეიცარულ ფრანკს.

1.3 შპს „ს.კ.რ...“-სათვის ე.მ.კ–ის სასარგებლოდ გადაუხდელ ვადამოსულ ინვოისებზე 2019 წლის 30 აგვისტოდან, 2020 წლის 30 ივნისამდე პერიოდში დარიცხული პროცენტის დაკისრება, რაც ჯამში შეადგენს 34 170,39 შვეიცარულ ფრანკს, 7 385,21 აშშ დოლარს და 218,68 ევროს.

1.4 შპს „ს.კ.რ...“-სათვის ე.მ.კ–ის სასარგებლოდ 2020 წლის 30 ივნისიდან წინამდებარე საქმეზე გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე მოპასუხის მიმდინარე დავალიანებაზე ყოველთვიურად 3 115,49 შვეიცარული ფრანკის, 276,24 აშშ დოლარისა და 19,88 ევროს ოდენობით დარიცხული პროცენტის დაკისრება.

2. სარჩელის საფუძვლები

2.1 ე.მ.კ–ი (შემდგომში ,,E.“) არის საჯარო მედია მომსახურების მიმწოდებელი მსოფლიოში წამყვანი გაერთიანება. მისი წევრია 116 ორგანიზაცია 56 ქვეყნიდან, რომელსაც ასევე დამატებით ჰყავს 34 ასოცირებული წევრი, მათ შორის აზიიდან, აფრიკიდან, ავსტრალიიდან, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკიდან. E-ს წევრი ორგანიზაციები ფუნქციონირებენ 2000-ზე მეტი სატელევიზიო, რადიო და ონლაინ არხებისა, თუ სერვისის მიწოდების მეშვეობით და 160-ზე მეტ ენაზე მაუწყებლობის შედეგად მისი სერვისი მსოფლიოს მასშტაბით საბოლოოდ მიეწოდება 1 მილიარდზე მეტ ადამიანს. მოპასუხე შპს „ს.კ.რ...“ 2003 წლიდან წარმოადგენს ე.მ.კ–ის ასოცირებულ წევრს, შესაბამისად მასზე ვრცელდება E-ს სტატუტითა და სხვა წესებით, მათ შორის E-ს საფინანსო კოდექსით გათვალისწინებული ასოცირებული წევრობისთვის დადგენილი მოთხოვნები. ზემოაღნიშნული სამართლებრივად მბოჭავი დოკუმენტების თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, გადაიხადოს ასოცირებული წევრობისათვის დადგენილი ყოველწლიური საწევრო გადასახადი, სავალდებულო საოპერაციო გადასახადი და E- ს მიერ უშუალოდ მოპასუხისთვის გაწეული კონკრეტული კომერციული საქმიანობის საფასური (EBU-ს სტატუტის 17.1 მუხლი, E-ს საფინანსო კოდექსის 2, 3.1.2, 3.1.3 და 3.2 მუხლები); ამასთან, ნაკისრი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებზე E-ს საფინანსო კოდექსით გათვალისწინებულია შესაბამისი პროცენტის დარიცხვა (E-ს საფინანსო კოდექსის 3.4.1 მუხლი);

2.2 მოპასუხემ არაერთხელ დაარღვია მასზე დაკისრებული ფინანსური ვალდებულება, კერძოდ, არ შეასრულა სავალდებულო საწევრო/საოპერაციო გადასახადების გადახდის ვალდებულება და არ აანაზღაურა E-ს მიერ გაწეული სხვადასხვა სახის კომერციული მომსახურება. მოპასუხეს არ გადაუხდია ასევე ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობიდან გამომდინარე დარიცხული პროცენტი და 2020 წლის სავალდებულო საწევრო გადასახადი, რაც შეადგენს 5000 შვეიცარულ ფრანკს.

3. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხე შპს „ს.კ.რ...“-მა წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ძირიდათი თანხისა და 2019 წლის 30 აგვისტომდე პერიოდისათვის დარიცხული პროცენტის ნაწილში - 1 487 417,23 შვეიცარული ფრანკის, 148 500,82 აშშ დოლარისა და 7950 ევროს ოდენობით.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით, ე.მ.კ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხე შპს „ს.კ.რ...“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 2019 წლის 30 აგვისტომდე პერიოდისათვის არსებული დავალიანების 1 487 417.23 შვეიცარული ფრანკის, 148 500.82 აშშ დოლარისა და 7950 ევროს გადახდა; 2020 წლის სავალდებულო საწევრო გადასახადის 5000 შვეიცარული ფრანკის გადახდა; გადაუხდელ ვადამოსულ ინვოისებზე 2019 წლის 30 აგვისტოდან, 2020 წლის 30 ივნისამდე პერიოდში დარიცხული პროცენტის 34 170.39 შვეიცარული ფრანკის, 7 385.21 აშშ დოლარისა და 218.68 ევროს გადახდა; მოპასუხის მიმდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე (1 241 196.04 შვეიცარული ფრანკი, 110 494 აშშ დოლარი და 7 950 ევრო) 2020 წლის 30 ივნისიდან ყოველთვიურად 3115.49 შვეიცარული ფრანკის, 276.24 აშშ დოლარისა და 19.88 ევროს ოდენობით დარიცხული პროცენტის გადახდა, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

4.2 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.

5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 17 თებერვლის განჩინებით შპს „ს.კ.რ...“-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს;

5.2 პალატამ განმარტა, რომ სასამართლო მტკიცება წარმოადგენს მტკიცებულებათა შეგროვების, შემოწმებისა და შეფასებისათვის სასამართლოსა და მხარეების სამართლით მოწესრიგებულ საქმიანობას, რომლის მიზანია საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების (ფაქტების) დადგენა. პირველი, რაც უნდა გააკეთოს მხარემ დამტკიცების მოვალეობის შესასრულებლად - ესაა მტკიცებულებათა წარმოდგენა სასამართლოში იმ ფაქტის დადგენის მიზნით, რომლის დამტკიცების მოვალეობაც მას ეკისრება. წარმოდგენილი მტკიცებულება ისეთ კავშირში უნდა იყოს დასადგენ გარემოებასთან, რომ შეიძლებოდეს ამ გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ უტყუარი დასკვნის გაკეთება. მხარე საქმის შედეგით დაინტერესებული პირია, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მისი ახსნა-განმარტების სისწორესა და უტყუარობაზე.

5.3 პალატის განმარტებით, მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებზე და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არა მარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი გარემოებები.

5.4 პალატამ საქმის მასალების გაცნობისა და მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად მიიჩნია, რომ აპელანტის - შპს „ს.კ.რ...“-ის წარმომადგენლის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხეს არ უცნია სარჩელი საქმეში წარმოდგენილი მასალებით (სასამართლოს სხდომის ოქმებით) დასტურდება. პალატის მიერ დადგინდა, რომ გადაწყვეტილებაში მოცემული თანხები მოპასუხემ გააჟღერა სასამართლო სხდომაზე მორიგების პირობებზე მსჯელობის დროს, რაც არ შეიძლება შეფასდეს, როგორც ფაქტის აღიარება ან სარჩელის ცნობა და მოპასუხე მხარის წინააღმდეგ არ უნდა იქნეს გამოყენებული სასამართლო გადაწყვეტილებაში.

5.5 პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში, საყურადღებოა ის გარემოება, რომ აპელანტის განმარტებით, მოდავე მხარეები: აპელანტი (მოპასუხე) და მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) განსხვავებულად ანგარიშობენ/ითვლიან ძირ თანხას (მართალია, მოპასუხე ცნობს ძირი თანხის გადახდის ვალდებულებას, მაგრამ არა იმ ოდენობით, როგორც მოსარჩელე მიუთითებს/ითხოვს); ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოცემულ/ჩაშლილ თანხებს, მოპასუხე მხარე არ აღიარებს და უარყოფს ამ ნაწილში სარჩელის ცნობას.

5.6 ამასთან, პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის გაზრდა და დაზუსტება მოხდა 2020 წლის 02 ივლისის განცხადებით, რომლის საწინააღმდეგოდაც „ს.კ.რ...“-ს მიერ წარმოდგენილია წერილობითი პოზიცია, სადაც მხარე უთითებს, რომ „ს.კ.რ...“ არ ეთანხმება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მოთხოვნას არცერთ ნაწილში.

5.7 პალატამ განმარტა, რომ მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხების მართებულობა, ვინაიდან სარჩელის დაკმაყოფილებას საფუძვლად დაედო მოპასუხის მიერ სარჩელი ცნობის ფაქტი, რაც სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვის დროს საქმის მასალებით არ დადასტურდა.

5.8 პალატამ განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უნდა იმსჯელოს და შეფასება მიცეს, მხარის მიერ მოთხოვნილი თანხა რეალურად წარმოადგენდა პროცენტს, თუ პირგასამტეხლოს და დაადგინოს ფაქტობრივი გარემოება, რამდენად იყო აღნიშნული განსაზღვრული მხარეთა შეთანხმებით, რადგან, როგორც პირგასამტეხლოს, ასევე პროცენტის დასაკისრებლად აუცილებელ პირობას წარმოადგენს მხარეთა წინასწარი შეთანხმება.

5.9 პალატამ ასევე მიუთითა, რომ ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა შპს „ს.კ.რ...“-სათვის ე.მ.კ–ის სასარგებლოდ 2020 წლის სავალდებულო საწევრო გადასახადის დაკისრება, რაც შეადგენდა 5000 შვეიცარულ ფრანკს. პალატამ ყურადღება გაამახვილა, იმ გარემოებაზე, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია და 2020 წლის სავალდებულო საწევრო გადასახადი 5000 შვეიცარულ ფრანკი დაკისრებულია 2020 წლის 23 ივლისს, ხოლო სასამართლოს არ აქვს დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, თუ როდის უნდა გადაეხადა „ს.კ.რ...“-ს აღნიშნული თანხა გადაწყვეტილების გამოტანამდე, თუ გამოტანის შემდეგაც გააჩნდა უფლებამოსილება 2020 წლის ბოლომდე გადაეხადა საწევრო. შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლო ვალდებულია საქმის ხელახალი განხილვისას იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე და დაადგინოს ფაქტობრივი გარემოება.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები

6.1 კასატორმა განმარტა, რომ ე.მ.კ–ი არის საჯარო მედია მომსახურების მიმწოდებელი მსოფლიოში წამყვანი გაერთიანება. მისი წევრია 116 ორგანიზაცია 56 ქვეყნიდან, რომელსაც ასევე დამატებით ჰყავს 34 ასოცირებული წევრი, მათ შორის აზიიდან, აფრიკიდან, ავსტრალიიდან და სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკიდან. E-ს წევრი ორგანიზაციები ფუნქციონირებენ 2000-ზე მეტი სატელევიზიო, რადიო და ონლაინ არხებისა თუ სერვისის მიწოდების მეშვეობით და 160-ზე მეტ ენაზე მაუწყებლობის შედეგად მისი სერვისი მსოფლიოს მასშტაბით საბოლოოდ მიეწოდება 1 მილიარდზე მეტ ადამიანს. შპს ,,ს.კ.რ...“ 2003 წლიდან წარმოადგენს ე.მ.კ–ის ასოცირებულ წევრს.

6.2 კასატორმა განმარტა, რომ ე.მ.კ–მა კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულა აპელანტის წინაშე ნაკისრი ვალდებულება და გაუწია მას, როგორც სავალდებულო საწევრო/საოპერაციო გადასახადების შესატყვისი, ასევე დამატებითი კომერციული ხასიათის მომსახურება. საპასუხოდ, „რუსთავი 2“-მა დაარღვია ნაკისრი შემხვედრი შესრულების ვალდებულება. კერძოდ, არ გადაიხადა ევროპის მაუწყებელთა ასოცირებული წევრობისთვის დადგენის სავალდებულო საწევრო/საოპერაციო გადასახადები და არც მის სასარგებლოდ გაწეული დამატებითი კომერციული მომსახურების საფასური.

6.3 კასატორმა განმარტა, რომ 2019 წლის 30 აგვისტოს მოსარჩელემ ოფიციალური მოთხოვნის წერილით მიმართა „რ....“-ს არსებული დავალიანების გადახდასთან დაკავშირებით. მოთხოვნის წერილზე თანდართული იყო ინვოისების ჩამონათვალი შესაბამისი დავალიანების, ძირი თანხისა და ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად დაკისრებული თანხების დეტალური ჩაშლითა და აღწერილობით. „რ....“-ს დავალიანების გადახდის ბოლო ვადად განესაზღვრა მოთხოვნის წერილის მიღებიდან 5 დღე და მხარეს ეცნობა, რომ აღნიშნულ ვადაში ვალდებულების სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში ე.მ.კ–ი სასამართლოს გზით შეეცდებოდა დავალიანებისა და ნებისმიერი დამატებითი ხარჯის ამოღებას. აღნიშნულის მიუხედავად, „რ....--მა“ კვლავ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება.

6.4 შპს ,,ს.კ.რ...“-ს, როგორც ე.მ.კ–ის წევრს, მომსახურების თანხისა და საწევროს დაფარვა უნდა ეწარმოებინა ე.მ.კ–ის სტატუტითა და საფინანსო კოდექსის მიხედვით. მომსახურებით სარგებლობის პერიოდში მოპასუხის მიერ ხდებოდა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების დარღვევა, რასაც ადგილი ჰქონდა არაერთხელ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ს.კ.რ...“-ს წარმოეშვა მომსახურების ღირებულების დავალიანება, ასევე დაერიცხა პროცენტი.

6.5 კასატორი არ ეთანხმება, სასამართლოს მსჯელობას, იმ გარემოების მიმართ, სადაც მიუთითებს, რომ მოცემული თანხები მოპასუხემ გააჟღერა სასამართლო სხდომაზე მორიგების პირობებზე მსჯელობის დროს, რაც არ შეიძლება შეფასდეს, როგორც ფაქტის აღიარება ან სარჩელის ცნობა და მოპასუხე მხარის წინააღმდეგ არ უნდა იქნეს გამოყენებული სასამართლო გადაწყვეტილებაში.

6.6 კასატორი განმარტავს, რომ მოპასუხე შესაგებლით დაეთანხმა ე.მ.კ–ის სარჩელის მეორე ფაქტობრივ გარემოებას, სადაც მითითებულია, ე.მ.კ–ის სტატუსის, როგორც „სამართლებრივად მბოჭავი დოკუმენტების თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, გადაიხადოს ასოცირებული წევრობისთვის დადგენილი ყოველწლიური საწევრო გადასახადი. აღნიშნული უდავო ფაქტობრივი გარემოებები „რ....”-ს სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო საჩივრით. სასამართლოს მიერაც გამოკვლეული და დადგენილია, რომ რ....-ის წევრობა ე.მ.კ–ში არ შეწყვეტილა. შპს „ს.კ.რ...”-ს არ გადაუხდია 2020 წლის სავალდებულო საწევრო გადასახადი, რაც შეადგენს 5000 შვეიცარულ ფრანკს.

6.7 კასატორი პროცენტის, თუ პირგასამტეხლოს საკითხთან დაკავშირებით განმარტავს -სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ დასადგენია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა წარმოადგენდა პროცენტს (403-ე მუხლი) თუ პირგასამტეხლოს (417-ე მუხლი), თუმცა, აღნიშნულის დადგენის რეალური და პრაქტიკული მიზანი და შედეგი ბუნდოვანია. სააპელაციო სასამართლო თავადვე აღნიშნავს, რომ პროცენტის თუ პირგასამტეხლოს დასაკისრებლად ორივესთვის საჭიროა მხარეთა წინასწარი შეთანხმება, შესაბამისად, არანაირი გადამწყევტი მნიშვნელობა მათ გამიჯვნას არ ეკისრება. გამომდინარე იქიდან, რომ ამ თანხის დაკისრების საფუძველს ე.მ.კ–ის საფინანსო კოდექსი წარმოადგენს და საქართველოს კანონმდებლობა როგორც პროცენტის, ისე პირგასამტეხლოს დაკისრების საშუალებას იძლევა, გაუგებარია, თუ რა მიზანს ემსახურება საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის დაბრუნება, რათა მან ჯერ იმსჯელოს დასაკისრებელი თანხის სამართლებრივ ბუნებაზე და შემდეგ დააკისროს.

6.8 კასატორი აღნიშნავს, რომ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საჭიროება არ არსებობდა. სააპელაციო სასამართლო თავად იყო უფლებამოსილი ემსჯელა და დაედგინა შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არსებითად ჭიანურდება საქმის განხილვის პროცესი და უსაფუძვლოდ ილახება კასატორის კანონიერი ინტერესები.

ისეთ შემთხვევებში, როდესაც სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა დადგენილი საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება, მას შეუძლია სრულად გააუქმოს ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ისარგებლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385.2 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით და თავად დაადგინოს ახალი ფაქტები.

6.9 საბოლოოდ, კასატორი ითხოვს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ე.მ.კ–ის სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის, 2022 წლის, 15 აპრილის განჩინებით ე.მ.კ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარები არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

12. საკასაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირზე მიმართული უფლებაა, რომელიც მისი პროცესუალური განხორციელებისაგან მკვეთრად იმიჯნება. მოთხოვნა ძირითადად მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. მოთხოვნა, საპროცესო-სამართლებრივი გაგებით, ყოველთვის მიმართულია სასამართლო გადაწყვეტილების დადგომისაკენ. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის სამართლებრივი შედეგით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებისა თუ მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულება. თითოეული მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილებაა. მოთხოვნის საფუძველი ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ნორმის შემადგენლობა, რომელიც მოიცავს ცალკეულ წინაპირობას და ბ) სამართლებრივი შედეგი, რომელიც კანონის საფუძველზე დადგება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ნორმის შემადგენლობით განსაზღვრული ყველა წინაპირობა.(იხ. სუსგ. №ას-598-2019, 06.05.2022წ.). მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას. თავის მხრივ, მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას.

13. მოცემულ დავაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ფინანსური ვალდებულებების ( საწევრო/საოპერაციო გადასახადების გადახდისა და E-ს მიერ გაწეული სხვადასხვა სახის კომერციული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება) შეუსრულებლობიდან გამომდინარე ძირითადი თანხისა და დარიცხული პროცენტის, ასევე სავალდებულო საწევრო გადასახადის დაკისრება.

14. კასატორის მიერ შედავებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების კანონიერება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის „ე“ და "ე1" ქვეპუნქტების მიხედვით კი, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად: თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის უკან დაბრუნება, ისევე, როგორც საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, სააპელაციო სასამართლოს უფლებაა და არა ვალდებულება. მიუხედავად ამისა, აღნიშნული არ გულისხმობს სააპელაციო სასამართლოს შეუზღუდაობას, ნებისმიერი დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნოს საქმე. ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება რაციონალური მართლმსაჯულებისა და პროცესუალური ეკონომიის პრინციპებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნამდვილ აზრს, რითაც შებოჭილია სააპელაციო სასამართლო. ამიტომ, სააპელაციო სასამართლომ, რომელიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, ასევე საქმის არსებითად განმხილველი სასამართლოა, პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმე უკან უნდა დაუბრუნოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც მას თავად რეალურად გაუჭირდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ან, კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მართლაც მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება.

16. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიუთითებს მოსარჩელის თავდაპირველ მოთხოვნაზე. კერძოდ, აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნებია: 1. შპს „ს.კ.რ...“-სათვის ე.მ.კ–ის სასარგებლოდ 2019 წლის 30 აგვისტომდე პერიოდისთვის არსებული დავალიანების (დარიცხული პროცენტის ჩათვლით) დაკისრება, რაც შეადგენს 1 487 417,23 შვეიცარულ ფრანკს, 148 500,82 აშშ დოლარს და 7950 ევროს (აქედან ძირითადი თანხაა 1241 196,04 შვეიცარული ფრანკი, 110 494 აშშ დოლარი და 7 950 ევრო).

17. 2020 წლის 2 ივლისს, მოსარჩელემ წარადგინა გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნები: შპს „ს.კ.რ...“-სათვის ე.მ.კ–ის სასარგებლოდ, 2020 წლის სავალდებულო საწევრო გადასახადის დაკისრება, რაც შეადგენს 5000 შვეიცარულ ფრანკს; შპს „ს.კ.რ...“-სათვის ე.მ.კ–ის სასარგებლოდ, გადაუხდელ ვადამოსულ ინვოისებზე 2019 წლის 30 აგვისტოდან, 2020 წლის 30 ივნისამდე პერიოდში დარიცხული პროცენტის დაკისრება, რაც ჯამში შეადგენს 34 170,39 შვეიცარულ ფრანკს, 7 385,21 აშშ დოლარს და 218,68 ევროს; შპს „ს.კ.რ...“-სათვის ე.მ.კ–ის სასარგებლოდ, 2020 წლის 30 ივნისიდან წინამდებარე საქმეზე გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე, მოპასუხის მიმდინარე დავალიანებაზე ყოველთვიურად 3 115,49 შვეიცარული ფრანკის, 276,24 აშშ დოლარისა და 19,88 ევროს ოდენობით დარიცხული პროცენტის დაკისრება.

18. საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ მოპასუხე რუსთავი 2 ის შესაგებელზე, სადაც მოპასუხემ სცნო სასარჩელო მოთხოვნები ნაწილობრივ (დავალიანების ძირი თანხის ნაწილში, ხოლო დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილში ითხოვა შემცირება), ასევე მიუთითებს 2020 წლის 2 ივლისის გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში წარდგენილ მოპასუხის შედავებაზე, სადაც მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მოთხოვნას არცერთ ნაწილში, ამასთან მიუთითა, რომ ერთადერთი ურთიერთობა, რაც მხარეებს გააჩნიათ, ეს არის დავა, რითაც მოსარჩელე ითხოვს ვადამოსული დავალიანების დაფარვას. მოპასუხემ განმარტა, რომ სამაუწყებლო კომპანია არ სარგებლობს ე.მ.კ–ის მომსახურებით. ამასთან საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 2017 წლის მარტის თვეში ე.მ.კ–მა შეწყვიტა ჯარიმის დარიცხვა. 2017 წლის მარტის თვის შემდეგ, მოსარჩელე მხარეს არ გამოუგზავნია არცერთი ინვოისი და არ დაურიცხავს პროცენტი. მოპასუხე ვერ არკვევს მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი პროცენტის გაანგარიშების წესს.

19. საქმის მასალებით, ირკვევა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში, მხარეთა მორიგების მიზნით არაერთი სხდომა ჩატარდა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. აქვე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მორიგება მოდავე მხარეთა შორის ხორციელდება და ორმხრივ ურთიერთდათმობას ემყარება. მორიგებისას აუცილებელია მხარეთა კონცენტრირება საერთო სასარგებლო და ორივე მხარისთვის მისაღებ შედეგზე. ორმხრივი ინტერესი ის უმთავრესი წინაპირობაა, რომელიც უმოკლეს დროში იძლევა მორიგების სამართლებრივ შედეგს. (საქმე №ას-756-2021 . 14.09.2021 განჩინება). ცხადია, რომ ამ პროცესში, სასამართლო სხდომაზე მორიგების პირობებზე მსჯელობის დროს, მხარეთა მიერ დაფიქსირებული მოსაზრებები და ახსნა-განმარტებები, არ შეიძლება შეფასდეს, როგორც ფაქტის აღიარება ან სარჩელის ცნობა და რათქმა უნდა, იგი ვერ იქნება მოპასუხე მხარის წინააღმდეგ გამოყენებული სასამართლო გადაწყვეტილებაში. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ასეთ დარღვევას მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია და მორიგების ფარგლებში გაჟღერებული პოზიციები არ დასდებია საფუძვლად საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების დადგენას ან რაიმე საპროცესო შედეგის დადგომას.

20. რაც შეეხება, სარჩელის ცნობის ფარგლებსა და მის პროცესუალურ შედეგს, უზენაესმა სასამართლომ, ერთ-ერთ საქმეზე, აღნიშნა შემდეგი: „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს იმ საპროცესო მოქმედებათა ჩამონათვალს, რომელშიც ვლინდება მხარის უფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს მისი საპროცესო უფლებები, იგი ნების ავტონომიის საპროცესო გამოხატულებაა და წარმოადგენს მხარის საპროცესო უფლებათა იმგვარი რეალიზაციის საშუალებას, როდესაც საქმეზე მისაღები გადაწყვეტილება უმთავრესად მხარის ნებაზეა ორიენტირებული. ნორმა იძლევა უფლებათა შემდეგ კლასიფიკაციას: პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ დაირღვა მისი უფლება, თავად წყვეტს ამ უფლების სასამართლო წესით დაცვას საპროცესო კანონმდებლობით შემოთავაზებული წესების დაცვით; თავად განსაზღვრავს დავის საგანს და იმას, თუ რა ფაქტებსა და გარემოებებზე დაამყაროს მოთხოვნა; მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე. ჩამოთვლილთაგან უმეტესი ნაწილი მიმართულია მოსარჩელის უფლებებისკენ, თუმცა პირთა თანასწორობაზე დამყარებული სამოქალაქო საპროცესო სამართალი ანალოგიურ პირობებს უქმნის მოპასუხეს და ადგენს მის უფლებას, შეთანხმების შემთხვევაში, დავა დაასრულოს მორიგებით, მას ასევე შეუძლია ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას“ (იხ. სუსგ საქმე №ას-64-58-2015, 8 აპრილი, 2015 წელი; საქმე №ას-276-262-2016, 27 მაისი, 2016 წელი).

21. საკასაციო პალატა, ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე მხარემ სარჩელის ნაწილობრივი ცნობა განახორციელა, მის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი საპროცესო დოკუმენტით-შესაგებლით, მოპასუხემ სარჩელი ცნო დავალიანების ძირი თანხის ნაწილში, ხოლო სადავო გახადა ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობიდან გამომდინარე დარიცხული პროცენტები, ასევე მოითხოვა მათი შემცირება. ასევე, 2020 წლის 13 ივლისის მოპასუხის შედავებით (რომელიც წარადგინა გაზრდილ სასარჩელო მოთხოვნაზე, ხოლო სასამართლოში დარეგისტრირდა 2020 წლის 15 ივლისს), მოპასუხემ სადავო გახადა ძირითად დავალიანებაზე პროცენტების დაანგარიშების წესი. ასევე, საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 16 ივლისის სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმით დასტურდება, რომ მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო ძირითადი დავალიანების ნაწილში. რაც შეეხება დავალიანებაზე დარიცხულ პროცენტებს, მოპასუხემ მართალია აღიარა 246 221,19 შვეიცარული ფრანკისა და 38006,82 აშშ დოლარის ოდენობით დარიცხული პროცენტის ოდენობა, თუმცა ამ ნაწილში, სარჩელი არ ცნო და კომპანიის მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, მოითხოვა დარიცხული პროცენტების შემცირება. თუმცა, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოპასუხის მხრიდან სარჩელის ცნობა 1487417,23 შვეიცარული ფრანკის, 148 500,82 აშშ დოლარისა და 7 950 ევროს ოდენობით თანხის ნაწილში, რაც მოიცავს არა მარტო დავალიანების ძირითად თანხას, არამედ მოიცავს 2019 წლის აგვისტომდე დარიცხულ პროცენტს (1241 196,04 შვეიცარული ფრანკი, 110 494 აშშ დოლარი და 7 950 ევრო არის დავალიანების ძირითადი თანხა, ხოლო 246 221,19 შვეიცარული ფრანკი, 38006,82 აშშ დოლარი არის დარიცხული პროცენტის თანხა), რაც საქმის მასალებით არ დასტურდება.

22. რაც შეეხება, 2019 წლის 30 აგვისტოდან, 2020 წლის 30 ივნისამდე პერიოდში, „ს.კ.რ...“-სათვის ე.მ.კ–ის სასარგებლოდ გადაუხდელ ვადამოსულ ინვოისებზე დარიცხული პროცენტის დაკისრებას, რაც ჯამში შეადგენს 34 170,39 შვეიცარულ ფრანკს, 7 385,21 აშშ დოლარს და 218,68 ევროს; ასევე 2020 წლის 30 ივნისიდან წინამდებარე საქმეზე გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე, მოპასუხის მიმდინარე დავალიანებაზე ყოველთვიურად 3 115,49 შვეიცარული ფრანკის, 276,24 აშშ დოლარისა და 19,88 ევროს ოდენობით დარიცხული პროცენტის დაკისრების მოთხოვნას, მოპასუხემ აღნიშნული თანხები სადავო გახადა და მიუთითა, რომ 2017 წლის შემდეგ მას არანაირი ინვოისები არ მიუღია, ამასთან სადავო გახადა ძირითად დავალიანებაზე პროცენტების დაანგარიშების წესი. ამასთან, სასამართლო სხდომებზე მოპასუხე აპელირებდა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს წარმოდგენილ სარჩელსა და თანდართულ დოკუმენტებში არა აქვს ჩაშლილი, როგორი წესით იქნა დარიცხული 2019 წლის შემდგომ სადავო პროცენტები ძირითად დავალიანებაზე (2020 წლის 16 ივლისის სასამართლოს სხდომა (იხ.15 სთ:27წთ:16წმ). სარჩელში არ არის ჩაშლილი ე.მ.კ–ის სავალდებულო საწევროს, საოპერაციო გადასახადებისა და დამატებითი კომერციული მომსახურებისათვის გათვალისწინებული დავალიანების კონკრეტული ძირითადი თანხები. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ძირითადი დავალიანების თანხის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნაზე, მოპასუხეს შედავება არ განუხორციელებია და ცნო სარჩელი ამ ნაწილში, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით ძირითადი დავალიანების თანხების ჩაუშლელად, ვერ ირკვევა მათზე დარიცხული პროცენტის დაანგარიშების სიზუსტე, რადგან დავალიანების ძირ თანხას (კერძოდ, კომერციულ სფეროში გაწეული მომსახურების თანხებს) განსხვავებულად ერიცხებოდა პროცენტი (პირგასამტეხლო), გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში. აღნიშნული დასტურდება ე.მ.კ–ის სტატუტითა და საფინანსო კოდექსით გათვალისწინებული ასოცირებული წევრობისათვის დადგენილი მოთხოვნებით. კერძოდ, საფინანსო კოდექსის 3.4.1 მუხლის თანახმად, ყველა სახის ინვოისისათვის, გარდა სპორტის უფლებებზე გაცემული ინვოისისათვის, რომლისთვისაც პროცენტი (ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი) დაირიცხება, თუ არ მოხდება დადგენილ ვადაში გადახდა, დავალიანებაზე პროცენტის დარიცხვა დაიწყება ინვოისში განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 60 დღის შემდეგ. პროცენტის ოდენობა დადგენილია შემდეგნაირად: პროცენტის განაკვეთი იქნება~ LIBOR +3%, როცა ,,ემკ“-ს ნაღდი ფულის ბალანსი ინვოისში მითითებულ ვალუტაში არის პოზიტიური. ხოლო თუ ,,ემკ“-ს დასჭირდა სესხის აღება კონკრეტულ ვალუტაში, პროცენტის განაკვეთი იქნება LIBOR +6%;

23. ამგვარად, ზემოთ მითითებული რეგულაცია ადგენს, რომ კომერციული სახის (სპორტის სფეროში) მომსახურებაზე პროცენტის დარიცხვა ვადის გადაცილების მომდევნო დღეს მოხდება, ხოლო ყველა სხვა სახის მომსახურებაზე პროცენტი დაერიცხება ზოგადი წესით, ანგარიშსწორების ვადის დარღვევიდან 60 დღის შემდეგ.

წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებით არ ირკვევა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ყოველთვიური თუ ყოველდღიური პროცენტის ოდენობა ყოველი ინვოისისთვის დამოუკიდებლად. თუმცა გადაწყვეტილებით, საქალაქო სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა 2020 წლის 30 ივნისიდან ყოველთვიურად 3115.49 შვეიცარული ფრანკის, 276.24 აშშ დოლარისა და 19.88 ევროს ოდენობით დარიცხული პროცენტის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე ისე, რომ არ არის დადგენილი სპორტის სფეროში (დამატებითი კომერციული მომსახურების) დავალიანების ძირი თანხა და მასზე დარიცხული შესაბამისი პროცენტები, ასევე ყველა სხვა სახის მომსახურების გაწევის ღირებულება და მასზე დარიცხული შესაბამისი პროცენტები (დაუდგენელია პროცენტების დაანგარიშების სიზუსტე და ვადები). ასევე ხაზგასასმელია უმნიშვნელოვანესი გარემოება: როგორც მოსარჩელე, ასევე მოპასუხე მხარე აღიარებდნენ, რომ 2017 წლიდან, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, შეწყდა ძირითადი დავალიანების თანხაზე პროცენტის დარიცხვა, რაც სასამართლოს უდაოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში არ აუსახავს (იხ. მოსარჩელის და მოპასუხის ახსნა-განმარტებები) და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება არ მიუცია ისეთ პირობებში, როდესაც მოპასუხე სადავოდ ხდიდა ძირითადი დავალიანების თანხაზე 2019 წლის შემდგომ პროცენტების დარიცხვა-დაანგარიშების ფაქტს. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებულ ნაწილში საქმის ხელახალი განხილვისას, მტკიცების ტვირთის სწორად განაწილების გზით, უნდა დაადგინოს მხარეთა მიერ შეთანხმებული პროცენტის (რომელიც თავისი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს პირგასამტეხლოს) დაკისრებისათვის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების არსებობა.

24. საკასაციო პალატა, ასევე იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, სადაც აღნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს ისე აქვს დაკისრებული 2020 წლის სავალდებულო საწევრო გადასახადი, 5000 შვეიცარული ფრანკი, „ს.კ.რ...“-სათვის ე.მ.კ–ის სასარგებლოდ, რომ სასამართლოს არა აქვს დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, თუ როდის უნდა გადაეხადა კომპანიას აღნიშნული თანხა, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხიც არის საკვლევი.

25. ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნების თაობაზე, არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 თებერვლის განჩინება.

26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

8. პროცესის ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს, გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის 70% - 5600 ლარი;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.მ.კ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს შპს „ღ–ძე და პ–ბის“ მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „თიბისი ბანკში“, 2022 წლის 24 მარტს, №1648127418 საგადასახადო დავალებით გადახდილი 8000 ლარის 70% - 5 600 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი

ამირან ძაბუნიძე