საქმე №ას-1211-2019 22 აპრილი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ა(ა)იპ „ს.ყ.ჰ.ე.ფ–ია“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ზ.ხ–ი, გ.თ–ი, ვ.ხ–ძე, ლ.პ–ძე, ნ.ფ–ვა (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – კრების ოქმების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით ზ.ხ–ის (შემდგომში - „პირველი მოსარჩელე“), გ.თ–ის, ვ.ხ–ძის, ლ.პ–ძისა და ნ.ფ–ვას (შემდგომში ერთობლივად - „მოსარჩელეები“) სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ა(ა)იპ „ს.ყ.ჰ.ე.ფ–იის“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „ფედერაცია“) 2017 წლის 12 მარტის წევრთა რიგგარეშე N2 კრების ოქმი, მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით, ასევე 2017 წლის 20 მარტის წევრთა რიგგარეშე კრების ოქმი, მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით და 2017 წლის 04 აპრილის რიგგარეშე კრების ოქმი, მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით (შემდგომში - „სადავო კრების ოქმები“).
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. 2017 წლის 12 მარტს ჩატარდა ფედერაციის წევრთა რიგგარეშე კრება N2, რომლის თანახმად, კრებას ესწრებოდა ფედერაციის ყველა წევრი, რომელშიც მოიაზრებოდნენ: კ.ბ–ი, დ.ბ–ძე, დ.გ––ძე, ი.დ–ვი, ი.კ–კი, კ.ს–ძე, მ.შ––ი, ე.ხ–ვა. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე (მათ შორის, ფედერაციის იმჟამინდელი გამგეობის წევრების უფლებამოსილების შეწყვეტა, რაც, შესაბამისად, გამოიწვევდა მათ გადაყენებას ფედერაციის პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის პოსტებიდან), კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით: 1) გადაყენებულ იქნენ ფედერაციის გამგეობის წევრები: მოსარჩელეები; 2) ფედერაციის ამონაწერში შევიდა ცვლილება, სადაც მოსარჩელეები ამოღებულ იქნებიან როგორც გამგეობის წევრობიდან, ასევე, პირველი მოსარჩელე გადაყენებულ იქნება პრეზიდენტობის თანამდებობიდან; 3) ფედერაციის ამონაწერში დარეგისტრირდნენ ფედერაციის გამგეობის ახალი წევრები: ი.დ–ვი, მ.შ–ი, გ.ჯ–ი, მ.დ–ი და ი.ნ–ი; 4) ფედერაციის პრეზიდენტი გახდა ი.დ–ვი და ამის შესახებ ამონაწერში შევიდა ცვლილება; 5) ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა გ.ჯ–ი. კრების გადაწყვეტილებით ასევე განისაზღვრა ფედერაციის დამფუძნებელ წევრთა ვინაობა, ამასთან, შეიცვალა ფედერაციის მისამართი და ცვლილებები შევიდა წესდებაში, რომლის მიხედვით, ფედერაციის უმაღლეს მართვის ორგანოდ განისაზღვრა დამფუძნებელთა კრება (ტომი 1; ს. ფ. 25-28). სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2017 წლის 12 მარტს ჩატარებულ ფედერაციის წევრთა რიგგარეშე კრებაზე N2 არ იყვნენ მიწვეულნი მოსარჩელეები და, შესაბამისად, არ ესწრებოდნენ სხდომას;
4.2. კრების ოქმის თანახმად, მონაწილეებმა მოისმინეს ი.დ–ვის ინფორმაცია არაუფლებამოსილი პირების მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადების NBI7030398, 10.03.2017წ. შესახებ (NBI7030398 განცხადების საფუძველზე ფედერაციის გემგეობის წევრებად დარეგისტრირდნენ: პირველი მოსარჩელე (ამავდროულად პრეზიდენტი), დანარჩენი მოსარჩელეები). მან ფედერაციის წევრებს შესთავაზა ბათილად ეცნოთ ზემოაღნიშნული რეგისტრაცია, რაც გამოიწვევდა გამგეობის წევრების გათავისუფლებასა და ამონაწერიდან ამოღებას;
4.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 13.03.2017 წლის გადაწყვეტილებით ი.დ–ვის განცხადებაზე (რომლითაც განმცხადებელი ითხოვდა ფედერაციის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაციას 12.03.2017 წლის ფედერაციის რიგგარეშე ოქმი N2-ის საფუძველზე) შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. მარეგისტრირებელი ორგანოს მითითებით, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელების საფუძვლად წარმოდგენილ წევრთა კრების ოქმში აღნიშნული იყო, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ NBI7030398 განცხადების საფუძველზე რეგისტრაცია განხორციელებული იყო არაუფლებამოსილი პირების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. ამასთანავე, კრებაზე განხილული იქნა საკითხი ზემოაღნიშნული რეგისტრაციის ბათილად ცნობისა და ამ რეგისტრაციის შედეგად დანიშნული პირების გამგეობის წევრობიდან გათავისუფლების თაობაზე. კრების ოქმის აღნიშნული ჩანაწერის შინაარსიდან გამომდინარე, ერთი მხრივ, მითითებული იყო NBI7030398 განცხადებაზე არაუფლებამოსილი პირების მიერ მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციისა და მისი ბათილად ცნობის თაობაზე და არ იყო წარდგენილი აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაცია. მეორე მხრივ, კრებამ იმსჯელა სწორედ ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე დანიშნული გამგეობის შემადგენლობის გათავისუფლებაზე, რითაც ერთგვარი ლეგიტიმაცია დაადასტურა აღნიშნული პირების გამგეობის წევრობასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მარეგისტრირებელმა ორგანომ მიუთითა, რომ დაზუსტებული უნდა ყოფილიყო, მხარე აპელირებდა რეგისტრაციის შესახებ NBI7030398/3 გადაწყვეტილების ბათილობის საფუძვლების არსებობაზე (აღნიშნულ შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო შესაბამისი ფაქტების დამადასტურებელი დოკუმენტაცია), თუ ითხოვდა აღნიშნული გადაწყვეტილებით დანიშნული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას (ტომი 1, ს.ფ. 29-30);
4.4. 20.03.2017 წელს მომზადებული ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დასტურდება, რომ NBI7030398 განცხადების საფუძველზე, ფედერაციის გემგეობის წევრებს წარმოადგენდნენ: პირველი მოსარჩელე (ამავდროულად პრეზიდენტი), დანარჩენი მოსარჩელეები;
4.5. ამ მონაცემებით რეგისტრაციას საფუძვლად დაედო ფედერაციის 2017 წლის 08 მარტის სხდომის ოქმი, რომლის თანახმად, გამგეობის ახალ წევრებად დაინიშნენ მოსარჩელეები, ხოლო ფედერაციის ახალ პრეზიდენტად დაინიშნა პირველი მოსარჩელე (ტომი 1, ს.ფ. 18-21). ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 12 მარტის მდგომარეობით, მოსარჩელეები წარმოადგენდნენ გამგეობის წევრებს, ხოლო, მათ შორის, პირველი მოსარჩელე - ფედერაციის პრეზიდენტს. ამდენად, ვინაიდან სადავო კრების ოქმით კრებამ იმსჯელა 08.03.2017 წლის ოქმის საფუძველზე დანიშნული გამგეობის შემადგენლობის გათავისუფლებაზე, აღნიშნულით მოხდა ერთგვარი ლეგიტიმაცია და დადასტურება აღნიშნული პირების გამგეობის წევრობასთან დაკავშირებით;
4.6. მოსარჩელეების ფედერაციის წევრობას ასევე ადასტურებს 2017 წლის 20 მარტის ფედერაციის წევრთა რიგგარეშე კრების გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, კრების გადაწყვეტილებით მოხდა გამგეობის წევრების უფლებამოსილების შეწყვეტა და გამგეობის ხუთი ახალი წევრის არჩევა შემდეგი შემადგენლობით: ი.დ–ვი, მ.შ–ი, გ.ჯ–ი, მ.დ–ი და ი.ნ–ი. ასევე მოხდა ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტის გათავისუფლება და ახალ პრეზიდენტად არჩეულ იქნა ი.დ–ვი, ხოლო ვიცე-პრეზიდენტად - გ.ჯ–ი. კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით ასევე შეიცვალა ფედერაციის მისამართი და წესდებაში შესული ცვლილების შესაბამისად, ფედერაციის მართვის უმაღლეს ორგანოდ ჩამოყალიბდა ფედერაციის დამფუძნებელთა კრება (ტომი 1, ს.ფ. 31-34);
4.7. ფედერაციის 2017 წლის 13 მარტის გამგეობის სხდომის ოქმის თანახმად, გამგეობის სხდომას ესწრებოდა გამგეობის ხუთივე წევრი. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ფედერაციაში გაწევრიანდა სამი სპორტული ორგანიზაცია. ასევე ფედერაციის წესდების ახალი რედაქციის დამტკიცების მიზნით, დადგინდა ფედერაციის წევრთა რიგგარეშე კრების მოწვევის თარიღი (ტომი 1, ს.ფ. 54-56);
4.8. სადავო არ არის ის გარემოება, რომ ფედერაციის 2017 წლის 13 მარტის გამგეობის სხდომაზე, რომელზედაც დადგინდა რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხი, ასევე, 2017 წლის 20 მარტს ჩატარებულ ფედერაციის წევრთა რიგგარეშე კრებაზე მოსარჩელეები არ იყვნენ მიწვეულნი და, შესაბამისად, არ ესწრებოდნენ სხდომებს;
4.9. 2017 წლის 04 აპრილს ჩატარებული ფედერაციის დამფუძნებელთა რიგგარეშე კრების ოქმის მიხედვით, კრებას ესწრებოდნენ ყველა დამფუძნებელი (რვა წევრი) და გამგეობის წევრები (ოთხი წევრი). კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შეიცვალა ფედერაციის უმაღლესი ორგანო და დამფუძნებელთა კრების სანაცვლოდ განისაზღვრა ყრილობა, ხოლო ყრილობის წევრებად განისაზღვრა ფედერაციის ათი წევრი. ასევე, ცვლილება შევიდა წესდებაში და მიღებულ იქნა წესდება ახალი რედაქციით. ფედერაციის თავმჯდომარის - პრეზიდენტის არჩევამდე კი უფლებამოსილება შეუნარჩუნდა პრეზიდენტ ი.დ–ვს (ტომი 1, ს.ფ. 101-105).
5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდიდა კრების მოწვევისა და ჩატარების პროცედურულ საკითხებს, მათ შორის, მოსარჩელეების, როგორც ფედერაციის წევრების, ინფორმირებულობას კრების ჩატარების თაობაზე.
6. სააპელაციო პალატამ მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად მიუთითა სსკ-ის 29.1., 31.1. მუხლები და ფედერაციის წესდების (2009 წლის 23 ოქტომბრის მდგომარეობით) მე-6 [ფედერაციის მართვის ორგანოებს წარმოადგენენ ფედერაციის წევრთა კრება და ფედერაციის გამგეობა], მე-7 [ფედერაციის წევრთა საერთო კრების მოწვევა ხდება გამგეობის მიერ წელიწადში ერთხელ მაინც, ხოლო რიგგარეშე კრების მოწვევა შესაძლებელია ფედერაციის გამგეობის, ფედერაციის პრეზიდენტის ან ფედერაციის წევრთა ორი მესამედის წერილობითი მოთხოვნით. კრების მოწვევის თაობაზე ინფორმაცია უნდა გაცხადდეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა რომელიმე საშუალებით, კრებამდე ერთი კვირით ადრე მაინც. კრება უფლებამოსილია გამოცხადებულ წევრთა რაოდენობის მიუხედავად, ხოლო გადაწყვეტილების მიღება კი ხდება დამსწრე პირთა ხმების უბრალო უმრავლესობით], მე-8 [ფედერაციის ხელმძღვანელ ორგანოს წარმოადგენს გამგეობა, რომელიც შედგება ხუთი წევრისაგან, მათი არჩევა ოთხი წლის ვადით ხდება ფედერაციის წევრთა კრების მიერ] და მე-3 [ფედერაციის წევრად მიღების თაობაზე გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს წარმოადგენს გამგეობა] მუხლები.
7. სააპელაციო პალატის მითითებით, მოპასუხე ფედერაციამ სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, თუმცა აღნიშნული შესაგებელი, სადავო კრების ოქმებთან მიმართებაში, საერთოდ არ არის დასაბუთებული. კერძოდ, მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს იმ დასაბუთებით, რომ ყველა სადავო კრების ოქმი ჩატარდა კანონის და წესდების მოთხოვნათა დაცვით. გამომდინარე აქედან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი იყო არაკვალიფიციური შესაგებელი. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხემ სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებლით, მართალია, არ ცნო სარჩელი, არ დაეთანხმა სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულ გარემოებებს, თუმცა, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნის დარღვევით, არ აღუნიშნავს ამის მიზეზი და არ დაუსაბუთებია იგი შესაბამისი არგუმენტაციით. მოპასუხე არ შედავებია მოსარჩელის მიერ მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებას.
8. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოპასუხე მხარის მიერ დაზუსტებული შესაგებლის დამატებით ფაქტობრივ გარემოებებში არსებულ მითითებებზე, კერძოდ, ამ გრაფაში აღნიშნულია, რომ: 1) 2017 წლის 08 თებერვალს ფედერაციის რიგგარეშე კრების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ფედერაციის გამგეობის 3 წევრის: ალექსანდრე ვაშაკიძის, პირველი მოსარჩელისა და ნუგზარ პაიკიძის გამგეობის წევრობიდან გადაყენების შესახებ. ასევე, ნუგზარ პაიკიძე გადაყენებულ იქნა გამგეობის თავმჯდომარის და ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან, ხოლო ფედერაციის პრეზიდენტი გახდა ი.დ–ვი; 2) მოსარჩელეები არ არიან და არც არასოდეს ყოფილან ფედერაციის წევრები.
9. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირველი დამატებითი ფაქტობრივი გარემოებით მოპასუხეს სურდა იმის დადასტურება, რომ ნ. პ–ძე და პირველი მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან გადაყენებულნი იქნენ არა სადავო ოქმებით (12.03.2017წ; 20.03.2017წ. და 04.04.2017წ. ოქმებით), არამედ უფრო ადრე - 08.02.2017 წლის ოქმით (ტომი 1, ს.ფ. 314-322). თუმცა, სასამართლოს მითითებით, მეტად მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ 08.02.2017 წელს, მათი გადაყენების შემდეგ, 08.03.2017 წლის კრების ოქმით, პირველი მოსარჩელე, ნ. პ–ძე და დანარჩენი მოსარჩელეები კვლავ აირჩიეს გამგეობის წევრებად, ხოლო პირველი მოსარჩელე - ასევე ფედერაციის პრეზიდენტად (ტომი 1, ს.ფ. 18-21). ამის შემდეგ, სწორედ სადავო 12.03.2017 წლის ფედერაციის ოქმით, აღნიშნული პირები გადაყენებულნი იქნენ გამგეობის წევრობიდან, ზ. ხეჩუაშვილი კი - პრეზიდენტობიდან. არჩეულნი იქნენ გამგეობის ახალი წევრები და პრეზიდენტი. ვინაიდან 12.03.2017 წლის კრების ოქმი იყო ხარვეზიანი, მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში არ განხორციელებულა, 20.03.2017 წელს იმავე საკითხზე ჩატარებული კრების საფუძველზე კი გარკვეული უზუსტობების გამოსწორების შემდეგ, ახალი წევრები დარეგისტრირდნენ რეესტრში (ტომი 1; ს.ფ. 25, 30, 31). გამომდინარე აქედან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 08.02.2017 წლის ფედერაციის წევრთა გადაწყვეტილება არ ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეები არ ყოფილან ფედერაციის გამგეობის წევრები სადავო ოქმების მიღებისას.
10. რაც შეეხება აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეები არც არასოდეს ყოფილან ფედერაციის წევრები (მე-2 დამატებითი ფაქტობრივი გარემოება), პალატამ მიუთითა 10.07.2015 წლის ფედერაციის გამგეობის სხდომის N1-10/07 ოქმზე, რომლითაც დასტურდება 9 პირის, მათ შორის, მოსარჩელეების, ფედერაციის წევრებად მიღების შესახებ გარემოება (ტომი 1; ს.ფ. 241 – 242), გარდა, პირველი მოსარჩელისა, რომლის წევრობაც მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია.
11. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელირება 10.07.15 წლის გამგეობის სხდომის ოქმის N01-10/07 იურიდიული ძალის არქონის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ ის მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი არ ყოფილა და შესაბამისი ცვლილება ამ ოქმის მიხედვით ამონაწერში არ განხორციელებულა. სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 29-ე მუხლის თანახმად, სხვადასხვა მონაცემებთან ერთად ა(ა)იპ-ის სადამფუძნებლო დოკუმენტებში უნდა მიეთითოს ა(ა)იპ-ის წევრად მიღების, წევრობიდან გასვლისა და გარიცხვის წესი, თუ იგი წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია, ხოლო საზოგადოებაში წევრთა მიღება და მათი საზოგადოებიდან გასვლა/გარიცხვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციას არ ექვემდებარება. სასამართლოს მითითებით, იმავეს ადასტურებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცებული „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის 7.4. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლიდანაც გამომდინარეობს, რომ წევრობაზე დაფუძნებულ იურიდიულ პირთა წევრობის შესახებ მონაცემები ამონაწერში არ მიეთითება. გამომდინარე აქედან, სააპელაციო პალატამ მოპასუხის ის არგუმენტი, რომ 10.07.15წ. ოქმი მისი რეგისტრაციაში გაუტარებლობის გამო იურიდიული ძალის არმქონეა, უსაფუძვლოდ მიიჩნია.
12. სააპელაციო პალატამ სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლებთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარ სხდომასა და სააპელაციო სასამართლოში მოპასუხის წარმომადგენლის მიერ მითითებულ გარემოებებზე არ იმსჯელა სსსკ-ის 219.1 და 380.2 მუხლების შესაბამისად.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ფედერაციის 2017 წლის 12 მარტს გამართული წევრთა რიგგარეშე კრება N2, 2017 წლის 20 მარტს გამართული წევრთა რიგგარეშე კრება და 2017 წლის 04 აპრილის დამფუძნებელთა რიგგარეშე კრება არ მოწვეულა ფედერაციის წესდებით დადგენილი წესების მიხედვით და, შესაბამისად, კრება არ იყო უფლებამოსილი მიეღო დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილება.
14. მოსარჩელეთა იურიდიულ ინტერესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2017 წლის 28 მარტს პირველმა მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ფედერაციის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაცია. კერძოდ, სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილ იქნა წესდების ახალი რედაქცია და მოთხოვნილ იქნა ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების ცვლილება. სასამართლოს მითითებით, 2017 წლის 28 მარტს სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ იმ საფუძვლით, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებით, განხორციელდა ფედერაციის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაცია. კერძოდ, ცვლილებები განიცადა მმართველმა ორგანომ და დამფუძნებელმა წევრებმა (ტომი 1, ს.ფ. 325). აღნიშნულიდან გამომდინარე, სამეწარმეო რეესტრმა უარი განაცხადა პირველი მოსარჩელის მიერ წარდგენილი წესდების ახალი რედაქციის რეგისტრაციაზე. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო რიგგარეშე კრების ოქმების ძალაში დატოვების შემთხვევაში, მოსარჩელეებს ეზღუდებოდათ სამეწარმეო რეესტრისთვის მიმართვისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება, რის გამოც, ცალსახად დასტურდებოდა, რომ მოსარჩელეებს გააჩნდათ იურიდიული ინტერესი სადავოდ ქცეული კრების ოქმების ბათილობის მიმართ.
15. სააპელაციო პალატამ არ მიიჩნია მოპასუხის მიერ 2018 წლის 22 იანვარს ანუ შესაგებლის წარმოდგენიდან ორ თვეში სასამართლოში წარმოდგენილი 07.11.2017 წლის ოქმი (ტომი 2, ს.ფ. 65) ფედერაციის გამგეობის 08.03.2017 წლის ოქმის გამაქარწყლებელ მტკიცებულებად, ვინაიდან, სასამართლოს მოსაზრებით, სადავო ოქმების ბათილობის პირობებში, როგორც თანმდევი შედეგი, ამ ოქმს ლეგიტიმური ძალა ვერ ექნებოდა.
16. მოპასუხე მხარის აპელირებაზე, რომ წინამდებარე დავა განეკუთვნებოდა არბიტრაჟის მიერ განსახილველ დავას, რაც გამომდინარეობდა პარტნიორთა 2016 წლის 19 აპრილის საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებიდან, რომლითაც მოხდა წესდებაში ცვლილების შეტანა, პალატამ აღნიშნა, რომ არბიტრაჟისათვის მიმართვის თაობაზე წესდებაში შეტანილი ცვლილება გულისხმობდა სპორტთან დაკავშირებული დავების, კონკრეტული თამაშობების, წესების, სპონსორობის, სპორტული ღონისძიებების ჩატარების თაობაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში არბიტრაჟისათვის მიმართვის წესს და აღნიშნული არ მოიცავდა საზოგადოების წევრებს შორის წარმოშობილი დავის თაობაზე არბიტრაჟისათვის მიმართვის შესახებ შეთანხმებას.
17. მოპასუხის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს, როდესაც იმსჯელა და გადაწყვეტილებაში მიუთითა ოქმების ბათილად ცნობის შესახებ მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ოქმების ბათილად ცნობა, თავის მხრივ, მოიცავს და გულისხმობს მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგების ბათილად ცნობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულზე (სამართლებრივ შედეგებზე) მითითება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, რადგან სსსკ-ის 393.3. მუხლის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
18. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
20. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
21. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
22. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
23. საკასაციო საჩივრის თანახმად:
23.1. თუ მოსარჩელეები თვლიდნენ, რომ სადავოდ ქცეული კრების ოქმებით მათ შეუწყდათ გამგეობის წევრობის ან ფედერაციის პრეზიდენტის უფლებამოსილება, მათ უნდა მოეთხოვათ ამ უფლებამოსილებაში აღდგენა ან სარეგისტრაციო ჩანაწერების აღდგენა, თუ ასეთს ჰქონდა ადგილი, ვინაიდან კრების ოქმის ბათილობა ავტომატურად არ იწვევს მათი რეგისტრაციის აღდგენას და, თუ მოსარჩელეების რეალური მიზანი სწორედ ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე - პირველი მოსარჩელის და გამგეობის წევრებად დანარჩენი მოსარჩელეების აღდგენა არის, მათ სასამართლოში სწორედ ამგვარი მოთხოვნა უნდა დააყენონ, რასაც არავითარი კავშირი აღიარებით სარჩელთან არ აქვს და მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობად სასამართლომ სწორედ სადავო კრების ოქმების ბათილობის საკითხი უნდა განიხილოს, როგორც მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება და არა როგორც - ცალკე აღებული დამოუკიდებელი მოთხოვნა;
23.2. სანამ სადავოდ გამხდარი კრების ოქმების რეგისტრაციების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნება, მანამდე მოსარჩელეებისთვის სასურველი შედეგის დაფიქსირება ფედერაციის ამონაწერში შეუძლებელი იქნება, ვინაიდან რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებამდე იგი ინარჩუნებს ძალას და წინაღობად ხვდებათ მოსარჩელეებს. ამდენად ფაქტია, რომ გასაჩივრებული კრების ოქმების ბათილად ცნობას ვერ მოაქვს რეალური იურიდიული შედეგი;
23.3. სააპელაციო სასამართლომ არ მიუთითა კონკრეტული ნორმა, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესის ფარგლებში იმ შედეგს, რისი მიღწევაც სურთ მოსარჩელეებს. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26.2. მუხლის თანახმად, რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებულ რეგისტრაციამდე არსებული რეგისტრაციის აღდგენას;
23.4. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოში პაექრობის ეტაპზე განაცხადა, რომ მოთხოვნას თანმდევი სამართლებრივი შედეგების თაობაზე ხსნიდა, ხოლო როგორც სააპელაციო, ისე საქალაქო სასამართლომ ეს მოთხოვნა ძალაში დატოვა ანუ გასცდა მოთხოვნის ფარგლებს;
23.5. პირველი ინსტანციის სასამართლოში კასატორმა წარადგინა დაზუსტებული შესაგებელი და დაურთო მტკიცებულებები, შესაბამისად, გასაკვირია გასაჩივრებული განჩინების ჩანაწერი, რომ თითქოს კასატორი ფაქტობრივ გარემოებებზე არ შედავებია მოსარჩელეს;
23.6. 2015 წლის 10 ივლისის გამგეობის სხდომის ოქმის და 2015 წლის 13 ივლისის საერთო კრების ოქმის კანონიერების საკითხი სადავოა. საკითხი იმის შესახებ, ჰქონდათ თუ არა დანარჩენ მოსარჩელეებს დავის წარმოების მიმართ იურიდიული ინტერესი ანუ გაწევრიანდნენ თუ არა აღნიშნული პირები ფედერაციაში კანონის და წესდების მოთხოვნათა დაცვით, არის გადამწყვეტი მნიშვნელობის და ამ დროს უნდა შეფასდეს ყველა მტკიცებულება და არგუმენტი, რომელიც ფედერაციაში მათი კანონიერად გაწევრიანების საწინააღმდეგო გარემოებებს ადგენს და ადასტურებს, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ კასატორი სწორედ იმას უთითებდა, რომ მოსარჩელეებს: ვლ. ხ–ეს, ნ. ფ–ვას, გ. თ–ს და ლ. პ–ძეს არ ჰქონდათ სადავოდ გამხდარი კრების ოქმების ბათილად ცნობის მოთხოვნის იურიდიული ინტერესი, ვინაიდან ისინი არ წარმოადგენდნენ ფედერაციის წევრებს;
23.7. 2017 წლის 08 მარტის კრების ოქმი (რომელიც არაუფლებამოსილი პირების მიერ იყო მოწვეული და მასში წევრების სახელით არაუფლებამოსილმა პირებმა მიიღეს მონაწილეობა) საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ სააგენტოსთვის უცნობი იყო ფედერაციის წევრთა შესახებ ინფორმაცია;
23.8. სადავო საკითხის სწორად გადასაწყვეტად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს უნდა დაედგინათ, 2015 წლის 10 და 13 ივლისს ახალი 9 წევრის მიღება განხორციელდა თუ არა კანონის მოთხოვნათა დაცვით და ასევე 2017 წლის 08 მარტს ფედერაციის საერთო კრება მოწვეული და ჩატარებული იყო თუ არა კანონის მოთხოვნათა დაცვით უფლებამოსილი პირების მიერ და მათი მონაწილეობით.
24. საკასაციო სასამართლო კასატორის ზემოაღნიშნული საკმაოდ ვრცელი საკასაციო პრეტენზიების პასუხად აღნიშნავს, რომ მას პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი აქვს არაკვალიფიციური შესაგებელი. კერძოდ, მოპასუხე 2017 წლის 28 აპრილს წარდგენილ შესაგებელში სადავო კრების ოქმებთან დაკავშირებით უთითებს, რომ კრების მოწვევისას კანონის და წესდების მოთხოვნათა დარღვევას ადგილი არ ჰქონია (იხ. ტ. 1, ს.ფ. 142). შესაგებლის გრაფაში „დავის დამატებითი ფაქტობრივი გარემოებები“ მოპასუხე სადავოდ ხდის მოსარჩელეთა ფედერაციის წევრობას, იმავე შინაარსისაა დაზუსტებული შესაგებელიც, იმ განსხვავებით, რომ აქ დამატებით 2017 წლის 8 თებერვლის ფედერაციის წევრთა რიგგარეშე კრებაზეც აქვს მოპასუხეს მითითება (იხ. ტ. 1. ს.ფ 292-293);
25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება, მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე დისპოზიციურობის პრინციპის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) ერთგვარი გამოხატულებაა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია, ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.
26. პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს [სსსკ-ის 201.4. მუხლი].
27. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება (იხ. სუს დიდი პალატის გადაწყვეტილება, საქმე №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი).
28. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მოპასუხის შესაგებლის შეფასების თაობაზე და აღნიშნავს, რომ მოპასუხე არ შედავებია მოსარჩელის მიერ მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებას, კერძოდ, მართალია, იგი არ დაეთანხმა სარჩელში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა, არ აღუნიშნავს ამის მიზეზი და არ დაუსაბუთებია იგი შესაბამისი არგუმენტაციით.
29. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა ძირითადად იმსჯელებს მოსარჩელეთა იურიდიულ ინტერესთან დაკავშირებით წამოყენებულ საკასაციო პრეტენზიაზე და აღნიშნავს, რომ კრების ოქმების ბათილად ცნობის კატეგორიის დავების განხილვისას სასამართლო ყოველთვის ამოწმებს მოცემული დავის მიმართ მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობას [სსსკ-ის 180-ე მუხლი: სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს].
30. იურიდიული ინტერესი არის ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მხარე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (იხ. სუს დიდი პალატის განჩინება საქმე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).
31. მოსარჩელე მხარე სარჩელის იურიდიულ ინტერესად უთითებდა იმაზე, რომ რიგგარეშე კრების ოქმების გაუქმებით აღდგება 2017 წლის 10 მარტის მდგომარეობა, რითაც მოსარჩელეები აღდგებიან თავიანთ შესაბამის თანამდებობებზე (იხ. სარჩელი, ტ. 1. ს. ფ. 3). სააპელაციო შესაგებელში მოსარჩელე მხარე ასევე აღნიშნავდა იმას, რომ პირველმა მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ფედერაციის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაცია. 2017 წლის 28 მარტს სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ იმ საფუძვლით, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებით განხორციელდა ფედერაციის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაცია. კერძოდ, ცვლილებები განიცადა მმართველმა ორგანომ და დამფუძნებელმა წევრებმა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამეწარმეო რეესტრმა უარი განაცხადა პირველი მოსარჩელის მიერ წარდგენილი წესდების ახალი რედაქციის რეგისტრაციაზე. მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო რიგგარეშე კრების ოქმების ძალაში დატოვების შემთხვევაში, მოსარჩელეებს ეზღუდებათ სამეწარმეო რეესტრისთვის მიმართვისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება (იხ. ტ. 3, ს.ფ. 23).
32. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ დავაში ცალსახად გამოკვეთილია სადავო კრების ოქმების მიმართ მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესის არსებობა, რადგან სასამართლოს მიერ აღნიშნული კრების ოქმების ბათილად ცნობით მათ შესაძლებლობა მიეცემათ განახორციელონ სამეწარმეო რეესტრში შესაბამისი სარეგისტრაციო ცვლილებები.
33. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
35. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 900 ლარის 70% – 630 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა(ა)იპ „ს.ყ.ჰ.ე.ფ–იის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს ა(ა)იპ „ს.ყ.ჰ.ე.ფ–იას“ (ს/კ: ......) დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 24 ოქტომბერს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 900 (ცხრაასი) ლარის 70% – 630 (ექვსას ოცდაათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე