საქმე №ას-775-2019 5 აგვისტო, 2021 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ა(ა)იპ „თბილისის N115 საბავშვო ბაგა-ბაღი“ (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე-ი“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ (შემდგომში - „სააგენტო“) მიერ 2017 წლის 17 აგვისტოს გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO170000503 საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ა(ა)იპ „თბილისის №115 საბავშვო ბაგა-ბაღსა“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში“, “ბაგა-ბაღი/ბაღი“ ან „შემსყიდველი“) და შპს „ე-ს“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მოპასუხე შეგებებულ სარჩელში“ ან „მიმწოდებელი“) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა 510 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა 128 443,50 ლარს.
2. ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს 510 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით, წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.
3. ხელშეკრულების 6.1-6.3 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობას განახორციელებს მოპასუხე და სააგენტოს შესაბამისი სამსახურები.
4. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - 3917 ლარის ოდენობით.
5. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
6. ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე გარიგების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 19-34).
7. მხარეთა შორის 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულების დანართი №1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, მოსარჩელის მიერ შემსყიდველისათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან ყველის ტექნიკური მახასიათებლები განისაზღვრა შემდეგნაირად:
- თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული პასტერიზებული რძისგან, ნაკლებად მარილიანი, ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე. სადაც მშრალი ნივთიერების შემცველობაა არა უმცირეს 52%-ისა, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა 40%, მარილი 0.5-1.5%. დაჭრის დროს არ უნდა იფხშვნებოდეს. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს. მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით (საქართველოს მთავრობის დადგენილება №152, 2015 წლის 03 აპრილი) განსაზღვრულ მოთხოვნებს;
- შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული, ვაკუუმ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
- მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ, თვეში ერთხელ წარადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები);
- მიწოდებული საქონლის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის მინიმუმ 40%;
- სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებსა და მოქმედ სტანდარტებს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 25-34).
8. მხარეთა შორის 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულების დანართი №1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, მოსარჩელის მიერ შემსყიდველისათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან კარაქის ტექნიკური მახასიათებლები განისაზღვრა შემდეგნაირად:
- თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული რძის ნაღებისგან, მცენარეული ცხიმის გარეშე, ქარხნული წესით. ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის. დაჭრის დროს არ უნდა იფხშვნებოდეს. რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%, წყლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს (საქართველოს მთავრობის დადგენილება №152, 2015 წლის 03 აპრილი);
- შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებულ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
- მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ, თვეში ერთხელ წარადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები);
- მიწოდებული საქონლის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 40%;
- სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებსა და მოქმედ სტანდარტებს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 25-34).
9. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს „ბ-ის“ (შემდგომში - „ბანკი“) საბანკო გარანტია №BB.14.09/154, სადაც პრინციპალს წარმოადგენს - მოსარჩელე, ბენეფიციარს - მოპასუხე, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა შეადგენს - 3917 ლარს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 39).
10. 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის 2017 წლის 03 დეკემბრიდან 2017 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით მიწოდებული საქონლის ღირებულება დღგ-სა და აქციზის ჩათვლით შეადგენს 24 615,6 ლარს (იხ. ტ. 1, ს. ფ. 40).
11. მოპასუხის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა მოსარჩელესთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2017 წლის დეკემბრის თვის (01 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით) შედარების აქტის შედგენაზე, მიწოდებული პროდუქტების (ყველი, კარაქი) ხელშეკრულებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებთან შეუსაბამობის გამო (იხ. ტ. 1, ს.ფ. 41, 43-44).
12. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღში მოსარჩელის მიერ შეტანილი ყველის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს. ამ უკანასკნელის 2017 წლის 15 დეკემბრის №09/03005 მიმართვის თანახმად, წერილის დანართად წარდგენილი სურსათი „იმერული“ არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის, ყველის სავალდებულო პარამეტრებს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 52-53).
13. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის №09/13126 მიმართვიდან ასევე ირკვევა, რომ წარდგენილი სურსათის, „კარაქის“ ეტიკეტი არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 54-55).
14. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მისთვის: გაწეული მომსახურების ღირებულების - 24 615,6 ლარის, გამოთხოვილი საბანკო გარანტიის თანხის - 3917 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით 1752 ლარის გადახდის დაკისრება. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხისათვის მიწოდებული პროდუქტი (კარაქი და ყველი) სრულად შეესაბამებოდა ელექტრონული შესყიდვის პროცედურითა და 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, თუმცა მოპასუხემ უარი განაცხადა 2017 წლის დეკემბერში გაწეული მომსახურების დადასტურებასა და მომსახურების თანხის ანაზღაურებაზე.
15. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო.
16. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა მისთვის 37 159,1 ლარის გადახდის დაკისრება.
17. შეგებებული სარჩელით მოსარჩელის განმარტებით, უტყუარადაა დადასტურებული, რომ მოსარჩელის მიერ საბავშვო ბაგა-ბაღებში შეტანილი პროდუქტები (ყველი და კარაქი) არ შეესაბამებოდა საბავშვო ბაგა-ბაღებსა და მოსარჩელეს შორის კვებითი მომსახურების შესყიდვის სავალდებულო პარამეტრებს, მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია უხარისხოდ, არაჯეროვნად და არსებითად არის დარღვეული მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების პირობები, რამაც ზიანი მიაყენა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს“, მათ შორის, მოპასუხეს. კერძოდ, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიწოდებულ იქნა ხელშეკრულებასთან შეუსაბამო მახასიათებლების მქონე პროდუქტები - 19 216,5 ლარის კარაქი და 17 942,6 ლარის ყველისმაგვარი მასა, ანუ ჯამში 37 159,1 ლარის ღირებულების ხელშეკრულებასთან შეუსაბამო პროდუქტი, რაც ექვემდებარება მოსარჩელის მხრიდან ანაზღაურებას.
18. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც შეგებებული სარჩელი არ ცნო.
19. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (პირველი პუნქტი); მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურეობის ღირებულების - 24 615,6 ლარისა (1.1 პუნქტი) და პირგასამტეხლოს - 100 ლარის (1.2 პუნქტი) გადახდა; სარჩელი მოპასუხისათვის საბანკო გარანტიის თანხის - 3917 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა (მე-2 პუნქტი); სარჩელი ასევე არ დაკმაყოფილდა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს - 1652 ლარის დაკისრების ნაწილში (მე-3 პუნქტი); შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა (მე-4 პუნქტი).
20. მხარეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივრები. მოსარჩელემ მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება; ხოლო მოპასუხემ გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
21. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა (პირველი პუნქტი), ხოლო მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა (მე-2 პუნქტი); გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება (მე-3 პუნქტი), რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად (მე-4 პუნქტი); მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურების ღირებულების - 24 615,6 ლარისა (მე-5 პუნქტი) და პირგასამტეხლოს - 1752 ლარის (მე-6 პუნქტი) გადახდა; ასევე, საბანკო გარანტიის თანხის - 3917 ლარის ანაზღაურება (მე-7 პუნქტი); გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი დარჩა უცვლელი (მე-8 პუნქტი).
22. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე გადაწყვეტილების 1-13 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
23. სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა შემდეგი: უდავოა, რომ ბანკმა მოპასუხეს გადაურიცხა საგარანტიო თანხა 3917 ლარი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 64-65); ასევე, უდავოა, რომ მიწოდებული პროდუქცია (ყველი და კარაქი) შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უვნებლობის პარამეტრებს.
24. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხისათვის მიწოდებული პროდუქტი - ყველი, დასახელებით „იმერული“, სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან ნაცვლად პასტერიზებული რძისა იგი დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან.
25. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 03 აპრილის №152 დადგენილების მე-4 პუნქტის „დ“ ქევეპუნქტის თანახმად, აღდგენილი რძის ნაწარმს წარმოადგენს რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის მშრალ ან შესქელებულ/კონცენტირებულ ნაწარმზე იმ რაოდენობის წყლის დამატებით, რომ მასში აღდგენილ იქნეს რძის ნაწარმისთვის დეკლარირებული სტანდარტით დადგენილი, დამახასიათებელი სინესტისა და მშრალი ნივთიერების მასური წილის შესაბამისი თანაფარდობა. იმავე პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მშრალი რძე (რძის ფხვნილი) არის რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის ნაწილობრივ გაუწყლოებით. იმავე პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პასტერიზებულ რძეს (მაღალი ტემპერატურით დამუშავებული) წარმოადგენს უვნებლობის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დადგენილი მოთხოვნების დაცვის მიზნით, თერმულად (თბურად) დამუშავებული სასმელი რძე. იმავე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სასმელი რძე არის რძე, რომელიც გამიზნულია ადამიანის მიერ უშუალოდ მოხმარებისათვის, შემდგომი გადამუშავების გარეშე. ამდენად, მითითებული დებულებების შესაბამისად, აღდგენილი და პასტერიზებული რძე განსხვავებული რძის პროდუქტებია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მხრიდან ბაღისთვის აღდგენილი რძისგან დამზადებული ყველი „იმერულის“ მიწოდება ნივთობრივი ნაკლის მქონე შესრულებას წარმოადგენს.
26. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მე-2 აპელანტის/მოპასუხის პრეტენზია, რომ მოსარჩელის მიერ ბაღისათვის მიწოდებული კარაქიც ნივთობრივი ნაკლის მქონეა. სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით მოსარჩელეს ბაღისთვის უნდა მიეწოდებინა კარაქი, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია. უდავოა ასევე, რომ მოსარჩელის მიერ ბაღისთვის მიწოდებული კარაქის ეტიკეტზე ცხიმის შემცველობად მითითებულია 80% (+/-0,5). საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში კი, ივარაუდება, რომ პროდუქტის თვისებები შესაბამისობაშია მის ეტიკეტზე დატანილ მახასიათებლებთან.
27. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში არ არის წარდგენილი იმის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, რომ მოსარჩელის მიერ ბაღისთვის მიწოდებულ კარაქში ცხიმის შემცველობა 80%-ზე ნაკლებია. შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიაჩნია, რომ კარაქის მიწოდების ნაწილში კომპანიამ სახელშეკრულებო ვალდებულება პირნათლად შეასრულა.
28. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477.1, 477.2, 487-ე, 488.1, 490.1, 491-ე, 492-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში უდავოა ბაგა-ბაღის მიერ მოსარჩელისაგან მიწოდებული ნივთობრივი ნაკლის მქონე ყველის - „იმერული“ მიღებისა და დანიშნულებით გამოყენების ფაქტი. უდავოა ასევე, რომ ბაღს კომპანიისთვის არც ნაკლის გამოსწორება (ნაკლიანი პროდუქტის შეცვლა), არც ამ მიზეზით ხელშეკრულების მოშლა და არც ფასის შემცირება მოუთხოვია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბაგა-ბაღს მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა მიწოდებული პროდუქციის ღირებულება - 24 615,6 ლარის ოდენობით.
29. სააპელაციო სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418.1, 418.2, 420-ე მუხლებით და გაიზიარა პირველი აპელანტის/მოსარჩელის პრეტენზია, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლო არ იყო შეუსაბამოდ მაღალი და არ არსებობდა მისი შემცირების საფუძველი.
30. სააპელაციო პალატის განმარტებით, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს კონკრეტულ გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე - კრედიტორის ეკონომიკური ინტერესი. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს დღემდე არ აქვს ანაზღაურებული 2017 წლის დეკემბერში მიწოდებული პროდუქციის ღირებულება. ამასთან, მისი მოსაზრებით, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს პროცენტული ოდენობა - 0,1% არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ნიშნულს, რის გამოც სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო სააპელაციო პალატამ გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიიჩნია ვალდებულების დარღვევის მოცულობასთან და ვადაგადაცილების ხანგრძლივობასთან მიმართებით.
31. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394.1, 494.1, 408.1, 409-ე მუხლებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება მოპასუხისათვის რაიმე სახის ზიანის მიყენების შესახებ. სასამართლოს განმარტებით, მართალია დადგენილია მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, მაგრამ საქმის მასალებით არ დგინდება მოპასუხისათვის ზიანის, როგორც მატერიალური დანაკლისის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, არ არსებობს ზიანის ანაზღაურების თაობაზე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
32. სააპელაციო პალატამ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879, 880-ე მუხლები და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შედეგად მოპასუხეს რაიმე ზიანი არ მისდგომია. საქმეში არ მოიპოვება აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ბაგა-ბაღი ზიანის არარსებობის გამო მიღებული საგარანტიო თანხით კომპანიის მხრიდან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირებას ვერ მოახდენდა.
33. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საგარანტიო თანხის მიღებით ბაგა-ბაღი უსაფუძვლოდ გამდიდრდა, ვინაიდან პრინციპალის მხრიდან ძირითადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით ბენეფიციარს რაიმე ფინანსური ზიანი არ განუცდია. რაც შეეხება მოსარჩელეს, მას გარანტის მიმართ წარმოეშვა ბენეფიციარისთვის გადახდილი საგარანტიო თანხის ანაზღაურების ვალდებულება. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ბაღი 3917 ლარით უსაფუძვლოდ გამდიდრდა კომპანიის ხარჯზე, შესაბამისად, ბაღს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლოის შესაბამისად, უნდა დაეკისროს ხსენებული თანხის პრინციპალისთვის დაბრუნების ვალდებულება.
34. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
35. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებაზე იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ საბანკო გარანტიის თანხის - 3917 ლარის ანაზღაურება დაეკისრა, ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ხოლო, საკასაციო საჩივარი აღნიშნული გადაწყვეტილების დანარჩენ ნაწილზე, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.
36. კასატორმა საბანკო გარანტიასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ხელშეკრულების დარღვევისთვის სხვა სანქცია გამოყენებული არ ყოფილა და არც ხელშეკრულება ითვალისწინებდა სხვა სახის დარღვევას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
37. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საბანკო გარანტიის თანხის - 3917 ლარის ანაზღაურება, უნდა დაკმაყოფილდეს.
38. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მოპასუხისათვის, როგორც ბენეფიციარისათვის, მოსარჩელის, პრინციპალის სასარგებლოდ საბანკო გარანტიის თანხის დაკისრების მართლზომიერება.
39. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე და 880-ე მუხლების თანახმად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას.
40. საბანკო გარანტია წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას. საბანკო გარანტია სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით - არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება - ხელშეკრულება, რომლის უზუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე. საბანკო გარანტია შესასრულებელია გაცემული პირობების ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესაგებელი. საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობას ძირითადი, უზრუნველყოფილი ვალდებულებისაგან (პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის არსებული ვალდებულება), განაპირობებს მისი არააქცესორული ბუნება. თავად საბანკო გარანტია წარმოადგენს დამოუკიდებელ ვალდებულებას (სსკ-ის ის 881-ე მუხლი). პრინციპალის ძირითადი ვალდებულების გაბათილება, შეწყვეტა ან სამართლებრივი ვითარების სხვაგვარი შეცვლა, თავისთავად არ გამოიწვევს საბანკო გარანტიის მოქმედების შეწყვეტას. ამიტომაც, საბანკო გარანტიაში მკაფიოდ უნდა აისახოს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები (იხ. სუსგ საქმე Nას-749-709-2015, 25 სექტემბერი, 2015 წელი).
41. შესრულების გარანტიის (საბანკო გარანტიის ერთერთი სახე) მთავარ მიზანს შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირება წარმოადგენს. მსგავსი გარანტია დამკვეთის მხრიდან საკონტრაქტო ფასის შესაბამისი სრული მომსახურების მიღებას და იმ დანაკარგის კომპენსაციას ემსახურება, რაც შეიძლება კონტრაქტის არასათანადო შესრულებით წარმოიშვას, ასევე, ფარავს იმ რისკს, რაც მიწოდებულ პროდუქციაში დეფექტების აღმოჩენასთან არის დაკავშირებული. ამდენად, შესრულების საბანკო გარანტია არასათანადო შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მაკომპენსირებელ საშუალებას წარმოადგენს.
42. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული იყო შესრულების გარანტია. კერძოდ, ხელშეკრულების 8.1 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო წარმოქმნილი რისკის თავიდან აცილების მიზნით, გამოიყენებოდა გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - 3917 ლარის ოდენობით; ამასთან, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა ბანკის საბანკო გარანტია, სადაც პრინციპალს წარმოადგენდა - მოსარჩელე, ბენეფიციარს - მოპასუხე, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა შეადგენდა - 3917 ლარს; სადავო არ არის, რომ ბანკმა მოპასუხეს გადაურიცხა საგარანტიო თანხა, 3917 ლარი.
43. დადგენილია ასევე, რომ მიმწოდებელმა კომპანიამ, მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. კერძოდ, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიწოდებული პროდუქტი - ყველი, დასახელებით „იმერული“, სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასტერიზებული რძისა, იგი დამზადებული იყო აღდგენილი რძისაგან (იხ. წინამდებარე განჩინების 24-25-ე პუნქტები), რომელიც განსხვავებულ რძის პროდუქტს წარმოადგენს.
44. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია მიმწოდებლის მიერ ვალდებულების ნაწილობრივ არაჯეროვანი შესრულება ერთ-ერთ მიწოდებულ პროდუქტთან მიმართებით. შესაბამისად, ვინაიდან საბანკო გარანტია გამოუთხოვადი ხასიათის იყო და, თავისი არსით, შემკვეთს არაჯეროვანი შესრულებისაგან იცავდა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის მოპასუხისათვის საბანკო გარანტიის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რის გამოც ამ ნაწილში სარჩელი არასწორად დკმაყოფილდა (მსგავს სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით არსებობს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკა, იხ. მაგ., სუსგ საქმეებზე: Nას-108-2020, 03 ივნისი, 2020 წელი; Nას-174-2020, 17 ივნისი, 2020 წელი; Nას-596-2020, 29 ოქტომბერი, 2020 წელი)
45. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს ამგვარი საფუძვლები და არ არის საჭირო მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
46. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. იმავე კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
47. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ საბანკო გარანტიის თანხის - 3917 ლარის ანაზღაურება დაეკისრა, უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4, მე-7 და მე-9 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის სარჩელი მოპასუხისათვის საბანკო გარანტიის თანხის - 3917 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს. საკასაციო საჩივარი გასაჩივრებული გადაწყვეტილების დანარჩენ ნაწილზე დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესაბამისად, ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
48. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
49. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხისათვის გაწეული მომსახურების ღირებულების - 24 615,6 ლარის, გამოთხოვილი საბანკო გარანტიის თანხის - 3917 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით 1752 ლარის გადახდის დაკისრება. შესაბამისად, დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 30 284,6 ლარს; ხოლო, შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნას შეგებებული სარჩელით მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების სახით - 37 159,1 ლარის გადახდის დაკისრება.
50. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი მოპასუხისათვის საბანკო გარანტიის თანხის - 3917 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. ხოლო, ვინაიდან, საკასაციო საჩივარი გასაჩივრებული გადაწყვეტილების დანარჩენ ნაწილზე დაუშვებლად იქნა ცნობილი, გასაჩივრებული გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული.
51. ამდენად, საკასაციო სასამართლოში დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის 87,07%. შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელემ სარჩელზე გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 908 ლარის ოდენობით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 69), მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 908 ლარის 87,07%, რაც შეადგენს 790,59 ლარს.
52. რაც შეეხება მოპასუხის შეგებებულ სარჩელს, მის მიერ შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში, ვინაიდან მისი შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
53. სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შესაბამისად, მისი სააპელაციო საჩივრის ფასი შეადგენდა - 5 569 ლარს (3917ლარს+1652 ლარი). საკასაციო სასამართლოში დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, დაკმაყოფილდა მისი სააპელაციო მოთხოვნის 29,66%. შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 223 ლარი (იხ. ტ. 1, ს.ფ 223), მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო სასამართლოში გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად 223 ლარის 29,66%, რაც შეადგენს 66,14 ლარს.
54. რაც შეეხება მოპასუხის სააპელაციო საჩივარს, საკასაციო სასამართლოში დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, მისი სააპელაციო საჩივარი არცერთ ნაწილში დაკმაყოფილებულა, შესაბამისად, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება ბიუჯეტში.
55. საკასაციო სასამართლოში მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საბანკო გარანტიის თანხის - 3917 ლარის ანაზღაურება, შესაბამისად, წინამდებარე გადაწყვეტილების ფარგლებში უნდა განაწილდეს მხოლოდ 3917 ლარის შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი - 195,85 ლარი. ვინაიდან სარჩელი 3917 ლარის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად, შესაბამისად, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ასანაზღაურებლად 195,85 ლარის გადახდა.
56. საბოლოოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 856,73 ლარის (790,59 ლარს+66,14 ლარი), ხოლო მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ 195,85 ლარის გადახდა. შესაბამისად, გაქვითვის შედეგად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 660,88 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ა(ა)იპ „თბილისის N115 საბავშვო ბაგა-ბაღის“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით იმ ნაწილში, რომლითაც ა(ა)იპ „თბილისის N115 საბავშვო ბაგა-ბაღს“ შპს „ე-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა საბანკო გარანტიის თანხის - 3917 ლარის ანაზღაურება, დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4, მე-7 და მე-9 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „ე-ის“ სარჩელი ა(ა)იპ „თბილისის N115 საბავშვო ბაგა-ბაღისთვის“ საბანკო გარანტიის თანხის - 3917 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
5. ა(ა)იპ „თბილისის N115 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს/კ: …..) შპს „ე-ის“ (ს/კ: ….) სასარგებლოდ დაეკისროს 660,88 ლარის გადახდა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად გაწეული ხარჯის ანაზღაურების სახით;
6. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი