Facebook Twitter

საქმე №ას-775-2019 30 ივლისი, 2021 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა(ა)იპ „თბილისის N115 საბავშვო ბაგა-ბაღი“ (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე–ი“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ (შემდგომში - „სააგენტო“) მიერ 2017 წლის 17 აგვისტოს გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO170000503 საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ა(ა)იპ „თბილისის №115 საბავშვო ბაგა-ბაღსა“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში“, “ბაგა-ბაღი/ბაღი“ ან „შემსყიდველი“) და შპს „ე–ს“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მოპასუხე შეგებებულ სარჩელში“ ან „მიმწოდებელი“) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა 510 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა 128 443,50 ლარს.

2. ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს 510 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით, წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.

3. ხელშეკრულების 6.1-6.3 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობას განახორციელებს მოპასუხე და სააგენტოს შესაბამისი სამსახურები.

4. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - 3917 ლარის ოდენობით.

5. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

6. ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე გარიგების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 19-34).

7. მხარეთა შორის 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულების დანართი №1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, მოსარჩელის მიერ შემსყიდველისათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან ყველის ტექნიკური მახასიათებლები განისაზღვრა შემდეგნაირად:

- თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული პასტერიზებული რძისგან, ნაკლებად მარილიანი, ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე. სადაც მშრალი ნივთიერების შემცველობაა არა უმცირეს 52%-ისა, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა 40%, მარილი 0.5-1.5%. დაჭრის დროს არ უნდა იფხშვნებოდეს. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს. მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით (საქართველოს მთავრობის დადგენილება №152, 2015 წლის 03 აპრილი) განსაზღვრულ მოთხოვნებს;

- შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული, ვაკუუმ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

- მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ, თვეში ერთხელ წარადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები);

- მიწოდებული საქონლის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის მინიმუმ 40%;

- სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებსა და მოქმედ სტანდარტებს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 25-34).

8. მხარეთა შორის 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულების დანართი №1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, მოსარჩელის მიერ შემსყიდველისათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან კარაქის ტექნიკური მახასიათებლები განისაზღვრა შემდეგნაირად:

- თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული რძის ნაღებისგან, მცენარეული ცხიმის გარეშე, ქარხნული წესით. ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის. დაჭრის დროს არ უნდა იფხშვნებოდეს. რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%, წყლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს (საქართველოს მთავრობის დადგენილება №152, 2015 წლის 03 აპრილი);

- შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებულ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

- მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ, თვეში ერთხელ წარადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები);

- მიწოდებული საქონლის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 40%;

- სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებსა და მოქმედ სტანდარტებს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 25-34).

9. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს „ბ–ის“ (შემდგომში - „ბანკი“) საბანკო გარანტია №BB.14.09/154, სადაც პრინციპალს წარმოადგენს - მოსარჩელე, ბენეფიციარს - მოპასუხე, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა შეადგენს - 3917 ლარს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 39).

10. 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის 2017 წლის 03 დეკემბრიდან 2017 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით მიწოდებული საქონლის ღირებულება დღგ-სა და აქციზის ჩათვლით შეადგენს 24 615,6 ლარს (იხ. ტ. 1, ს. ფ. 40).

11. მოპასუხის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა მოსარჩელესთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2017 წლის დეკემბრის თვის (01 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით) შედარების აქტის შედგენაზე, მიწოდებული პროდუქტების (ყველი, კარაქი) ხელშეკრულებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებთან შეუსაბამობის გამო (იხ. ტ. 1, ს.ფ. 41, 43-44).

12. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღში მოსარჩელის მიერ შეტანილი ყველის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს. ამ უკანასკნელის 2017 წლის 15 დეკემბრის №09/03005 მიმართვის თანახმად, წერილის დანართად წარდგენილი სურსათი „იმერული“ არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის, ყველის სავალდებულო პარამეტრებს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 52-53).

13. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის №09/13126 მიმართვიდან ასევე ირკვევა, რომ წარდგენილი სურსათის, „კარაქის“ ეტიკეტი არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 54-55).

14. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მისთვის: გაწეული მომსახურების ღირებულების - 24 615,6 ლარის, გამოთხოვილი საბანკო გარანტიის თანხის - 3917 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით 1752 ლარის გადახდის დაკისრება. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხისათვის მიწოდებული პროდუქტი (კარაქი და ყველი) სრულად შეესაბამებოდა ელექტრონული შესყიდვის პროცედურითა და 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, თუმცა მოპასუხემ უარი განაცხადა 2017 წლის დეკემბერში გაწეული მომსახურების დადასტურებასა და მომსახურების თანხის ანაზღაურებაზე.

15. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო.

16. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა მისთვის 37 159,1 ლარის გადახდის დაკისრება.

17. შეგებებული სარჩელით მოსარჩელის განმარტებით, უტყუარადაა დადასტურებული, რომ მოსარჩელის მიერ საბავშვო ბაგა-ბაღებში შეტანილი პროდუქტები (ყველი და კარაქი) არ შეესაბამებოდა საბავშვო ბაგა-ბაღებსა და მოსარჩელეს შორის კვებითი მომსახურების შესყიდვის სავალდებულო პარამეტრებს, მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია უხარისხოდ, არაჯეროვნად და არსებითად არის დარღვეული მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების პირობები, რამაც ზიანი მიაყენა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს“, მათ შორის, მოპასუხეს. კერძოდ, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიწოდებულ იქნა ხელშეკრულებასთან შეუსაბამო მახასიათებლების მქონე პროდუქტები - 19 216,5 ლარის კარაქი და 17 942,6 ლარის ყველისმაგვარი მასა, ანუ ჯამში 37 159,1 ლარის ღირებულების ხელშეკრულებასთან შეუსაბამო პროდუქტი, რაც ექვემდებარება მოსარჩელის მხრიდან ანაზღაურებას.

18. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც შეგებებული სარჩელი არ ცნო.

19. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (პირველი პუნქტი); მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურეობის ღირებულების - 24 615,6 ლარისა (1.1 პუნქტი) და პირგასამტეხლოს - 100 ლარის (1.2 პუნქტი) გადახდა; სარჩელი მოპასუხისათვის საბანკო გარანტიის თანხის - 3917 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა (მე-2 პუნქტი); სარჩელი ასევე არ დაკმაყოფილდა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს - 1652 ლარის დაკისრების ნაწილში (მე-3 პუნქტი); შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა (მე-4 პუნქტი).

20. მხარეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივრები. მოსარჩელემ მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება; ხოლო მოპასუხემ გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

21. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა (პირველი პუნქტი), ხოლო მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა (მე-2 პუნქტი); გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება (მე-3 პუნქტი), რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად (მე-4 პუნქტი); მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურების ღირებულების - 24 615,6 ლარისა (მე-5 პუნქტი) და პირგასამტეხლოს - 1752 ლარის (მე-6 პუნქტი) გადახდა; ასევე, საბანკო გარანტიის თანხის - 3917 ლარის ანაზღაურება (მე-7 პუნქტი); გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი დარჩა უცვლელი (მე-8 პუნქტი).

22. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-13 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

23. სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა შემდეგი: უდავოა, რომ ბანკმა მოპასუხეს გადაურიცხა საგარანტიო თანხა 3917 ლარი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 64-65); ასევე, უდავოა, რომ მიწოდებული პროდუქცია (ყველი და კარაქი) შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უვნებლობის პარამეტრებს.

24. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხისათვის მიწოდებული პროდუქტი - ყველი, დასახელებით „იმერული“, სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან ნაცვლად პასტერიზებული რძისა იგი დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან.

25. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 03 აპრილის №152 დადგენილების მე-4 პუნქტის „დ“ ქევეპუნქტის თანახმად, აღდგენილი რძის ნაწარმს წარმოადგენს რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის მშრალ ან შესქელებულ/კონცენტირებულ ნაწარმზე იმ რაოდენობის წყლის დამატებით, რომ მასში აღდგენილ იქნეს რძის ნაწარმისთვის დეკლარირებული სტანდარტით დადგენილი, დამახასიათებელი სინესტისა და მშრალი ნივთიერების მასური წილის შესაბამისი თანაფარდობა. იმავე პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მშრალი რძე (რძის ფხვნილი) არის რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის ნაწილობრივ გაუწყლოებით. იმავე პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პასტერიზებულ რძეს (მაღალი ტემპერატურით დამუშავებული) წარმოადგენს უვნებლობის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დადგენილი მოთხოვნების დაცვის მიზნით, თერმულად (თბურად) დამუშავებული სასმელი რძე. იმავე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სასმელი რძე არის რძე, რომელიც გამიზნულია ადამიანის მიერ უშუალოდ მოხმარებისათვის, შემდგომი გადამუშავების გარეშე. ამდენად, მითითებული დებულებების შესაბამისად, აღდგენილი და პასტერიზებული რძე განსხვავებული რძის პროდუქტებია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მხრიდან ბაღისთვის აღდგენილი რძისგან დამზადებული ყველი „იმერულის“ მიწოდება ნივთობრივი ნაკლის მქონე შესრულებას წარმოადგენს.

26. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მე-2 აპელანტის/მოპასუხის პრეტენზია, რომ მოსარჩელის მიერ ბაღისათვის მიწოდებული კარაქიც ნივთობრივი ნაკლის მქონეა. სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით მოსარჩელეს ბაღისთვის უნდა მიეწოდებინა კარაქი, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია. უდავოა ასევე, რომ მოსარჩელის მიერ ბაღისთვის მიწოდებული კარაქის ეტიკეტზე ცხიმის შემცველობად მითითებულია 80% (+/-0,5). საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში კი, ივარაუდება, რომ პროდუქტის თვისებები შესაბამისობაშია მის ეტიკეტზე დატანილ მახასიათებლებთან.

27. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არ არის წარდგენილი იმის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, რომ მოსარჩელის მიერ ბაღისთვის მიწოდებულ კარაქში ცხიმის შემცველობა 80%-ზე ნაკლებია. შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიაჩნია, რომ კარაქის მიწოდების ნაწილში კომპანიამ სახელშეკრულებო ვალდებულება პირნათლად შეასრულა.

28. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477.1, 477.2, 487-ე, 488.1, 490.1, 491-ე, 492-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში უდავოა ბაგა-ბაღის მიერ მოსარჩელისაგან მიწოდებული ნივთობრივი ნაკლის მქონე ყველის - „იმერული“ მიღებისა და დანიშნულებით გამოყენების ფაქტი. უდავოა ასევე, რომ ბაღს კომპანიისთვის არც ნაკლის გამოსწორება (ნაკლიანი პროდუქტის შეცვლა), არც ამ მიზეზით ხელშეკრულების მოშლა და არც ფასის შემცირება მოუთხოვია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბაგა-ბაღს მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა მიწოდებული პროდუქციის ღირებულება - 24 615,6 ლარის ოდენობით.

29. სააპელაციო სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418.1, 418.2, 420-ე მუხლებით და გაიზიარა პირველი აპელანტის/მოსარჩელის პრეტენზია, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლო არ იყო შეუსაბამოდ მაღალი და არ არსებობდა მისი შემცირების საფუძველი.

30. სააპელაციო პალატის განმარტებით, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს კონკრეტულ გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე - კრედიტორის ეკონომიკური ინტერესი. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს დღემდე არ აქვს ანაზღაურებული 2017 წლის დეკემბერში მიწოდებული პროდუქციის ღირებულება. ამასთან, მისი მოსაზრებით, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს პროცენტული ოდენობა - 0,1% არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ნიშნულს, რის გამოც სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო სააპელაციო პალატამ გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიიჩნია ვალდებულების დარღვევის მოცულობასთან და ვადაგადაცილების ხანგრძლივობასთან მიმართებით.

31. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394.1, 494.1, 408.1, 409-ე მუხლებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება მოპასუხისათვის რაიმე სახის ზიანი მიყენების შესახებ. სასამართლოს განმარტებით, მართალია, დადგენილია მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, მაგრამ საქმის მასალებით არ დგინდება მისგან გამომდინარე მოსარჩელისთვის ზიანის, როგორც მატერიალური დანაკლისის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, არ არსებობს ზიანის ანაზღაურების თაობაზე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

32. სააპელაციო პალატამ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879, 880-ე მუხლები და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შედეგად მოპასუხეს რაიმე ზიანი არ მისდგომია. საქმეში არ მოიპოვება აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ბაგა-ბაღი, ზიანის არარსებობის გამო, მიღებული საგარანტიო თანხით კომპანიის მხრიდან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირებას ვერ მოახდენდა.

33. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საგარანტიო თანხის მიღებით ბაგა-ბაღი უსაფუძვლოდ გამდიდრდა, ვინაიდან პრინციპალის მხრიდან ძირითადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით ბენეფიციარს რაიმე ფინანსური ზიანი არ განუცდია. რაც შეეხება მოსარჩელეს, მას გარანტის მიმართ წარმოეშვა ბენეფიციარისთვის გადახდილი საგარანტიო თანხის ანაზღაურების ვალდებულება. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ბაღი 3917 ლარით უსაფუძვლოდ გამდიდრდა კომპანიის ხარჯზე, შესაბამისად, ბაღს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დაეკისროს ხსენებული თანხის პრინციპალისთვის დაბრუნების ვალდებულება.

34. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

35. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

35.1. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. მოწინააღმდეგე მხარე აცხადებს, რომ იგი მესამე პირებისგან იღებდა პროდუქტს, რომელსაც შემდგომ აწვდიდა კონტრაგენტებს მცირეწლოვანი ბავშვების გამოსაკვებად. თავად მიმწოდებლის განმარტებით, მის მიერ მიწოდებული პროდუქტი წარმოადგენდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროდუქტს. ამის პარალელურად, მოსარჩელის მიერ საქმეში წარდგენილია მტკიცებულებები (მწარმოებლების წერილები, მტკიცება იმის შესახებ რომ ყოველი მიწოდებისას პროდუქტი გადიოდა ლაბორატორიულ შემოწმებას), რომლებიც ადასტურებს, რომ მიმწოდებელმა ზუსტად იცოდა რა პროდუქტს იღებდა მესამე პირებისგან და შემდეგ აწვდიდა შემსყიდველს. სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლი ადგენს, რომ თუ მყიდველი მეწარმეა, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ შეამოწმოს ნივთი. შესაბამისად, მოსარჩელეს არა მარტო უფლება ჰქონდა, რომ შემსყიდველამდე პროდუქტის მიტანამდე შეემოწმებინა მესამე პირებისგან მიღებული პროდუქტის ნაკლი, არამედ იგი ვალდებული იყო სცოდნოდა თუ რა პროდუქტს ყიდულობდა და შემდეგ ყიდდა. ამდენად, იგი სრულად აგებს პასუხს მასსა და მწარმოებელს შორის განხორციელებული ნასყიდობის ფარგლებში შეძენილი პროდუქტის მახასიათებლებზე;

35.2. რაც შეეხება იმაზე მითითებას, რომ შესყიდვის ელექტრონული პროცედურების ფარგლებში განხორციელებული შესყიდვა პერიოდულ მიწოდებას გულისხმობდა და ამ ხნის მანძილზე შემსყიდველის მიერ არ მომხდარა პროდუქტის შემოწმება, იურიდიულად დაუსაბუთებელია, რადგან მოპასუხის მხრიდან ნივთის ნაკლის შემოწმების ვალდებულებას გამორიცხავს სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლის მე-2 ნაწილი. გარდა იმისა, რომ მოპასუხე არასამეწარმეო იურიდიულ პირს წარმოადგენს, ამასთან გამყიდველი განზრახ დუმდა ნივთის ნაკლზე, რის გამოც ნაკლიანი ნივთის მიწოდებაზე, შემსყიდველის მხრიდან მისი აღმოჩენის მიუხედავად, მოსარჩელე სრულად აგებს პასუხს. ამ კუთხით მნიშვნელოვანია თავად მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო რეგულირებაც, რომელზეც ასევე არ გაამახვილა ყურადღება სასამართლომ. როგორც აღინიშნა, ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში მოსარჩელე გაცნობიერებულად აწვდიდა შემსყიდველს ხელშეკრულებისგან განსხვავებულ პროდუქტებს, თუმცა ერთხელაც არ მიუმართავს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის მოთხოვნით. ხელშეკრულების 12.1 პუნქტი ცალსახად ადგენს, რომ ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ წერილობითი ფორმით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, ხოლო ხელშეკრულების 12.2 პუნქტი საერთოდ გამორიცხავს მხარეთა შორის ისეთი შეთანხმების დადებას, რომელიც შემსყიდველისათვის ხელშეკრულების პირობებს აუარესებს. ყველის ნაცვლად ყველის მაგვარი მასის, ე.წ. „იმერულის“ და კარაქის ნაცვლად არასათანადო შემადგენლობის პროდუქტის მიწოდება კი, ცალსახად აუარესებს შემსყიდველის მდგომარეობას არა მხოლოდ ფასის კუთხით, არამედ შესყიდული პროდუქტის მიმართ არსებული ინტერესის კუთხითაც. სასამართლოს მითითება იმ გარემოებაზე, რომ შემსყიდველი გარკვეული პერიოდის განმავლობაში იღებდა და მოიხმარდა მიწოდებულ პროდუქციას, არ წარმოადგენს ზიანის არსებობის ეჭქვეშ დაყენებისა და ახალი შეთანხმების არსებობის განმარტების საფუძველს;

35.3. სასამართლო უთითებს, რომ უდავოა კასატორის მხრიდან პროდუქტის მიღებისა და მათი მოხმარების ფაქტი, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ყურადღებას არ ამახვილებს ორ მნიშვნელოვან გარემოებაზე: 1. ბაგა-ბაღის მიერ არ მომხდარა ყველისა და კარაქის ნაცვლად მიწოდებული პროდუქტის მიღება და მოხმარება, არამედ მიღებულ იქნა ბავშვთა კვების მომსახურება, რომლის დროს გამოყენებული საკვებიც დამზადებული იყო იმ პროდუქტების გამოყენებით, რომლებიც არ შეესაბამებოდა ხელშეკრულების პირობებს; 2. სააპელაციო საჩივარში მითითების მიუხედავად, სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული მახასიათებლებისგან განსხვავებული პროდუქტით მომზადებული საკვებით მომსახურების გაწევის მიღებით, ანუ ერთგვარი ნაკლიანი შესრულების მიღებით, მხარეს არ გამოუხატავს თანხმობა ასეთი პროდუქტის გამოყენებაზე, ანუ ხელშეკრულების პირობის ცვლილებაზე. ასეთი ნების არსებობის შემთხვევაშიც, აღნიშულს კრძალავდა, როგორც ბავშვთა კვების შესახებ არსებული სავალდებულო მოთხოვნები, ასევე თავად მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამორიცხული იყო ხელშეკრულებაში ისეთი ცვლილების შეტანა, რომელიც აუარესებდა ხელშეკრულების პირობებს. შესაბამისად, ხელშეკრულებით შეთანხმებული მახასიათებლებისგან განსხვავებული პროდუქტით დამზადებული საკვებით მომსახურების გაწევის მიღება არ ცვლის მოწინააღმდეგე მხარის პასუხისმგებლობის მოცულობას და მნიშვნელობას;

35.4. პროდუქტის უვნებლობა სადავო არ გამხდარა. სასამართლომ არ განმარტა ეტიკეტირების კომპონენტი და მასზე დატანილი ინფორმაციის სანდოობა მოცემულ დავაზე და არ გამოიყენა საქართველოს მთავრობის 441-ე დადგენილება. ლაბორატორიულ კვლევას უნდა დაედგინა, რომ ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია იყო ნამდვილი? რატომ უნდა ჰქონოდა მომხმარებელს ეტიკეტზე დატანილი ინფორმაციის ნამდვილობაზე ეჭვი. აღნიშნული არის ცალსახა მაგალითი იმისა, რომ სასამართლო არასწორად ანაწილებს მტკიცების ტვირთს და კასატორს აკისრებს მწარმოებლის მიერ ეტიკეტზე დატანილი ინფორმაციის ეჭვქვეშ დაყენების ვალდებულებას, რაც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისათვის სრულიად მიუღებელი მიდგომაა;

35.5. სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ დავის საგანს წარმოადგენდა მცირეწლოვანი ბავშვების კვებით მომსახურება და შემსყიდველი ორგანო ხელშეკრულებას დებდა ბავშვთა უპირატესი ინტერესის (ზრდისა და განვითარების) გათვალისწინებით. სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული კონკრეტული მახასიათებლის კარაქისა და ყველის შეძენა მოთხოვნილი იყო სპეციალისტთა მიერ, ბავშვების ჯანმრთელობაზე გავლენისა და ბავშვთა საუკეთესო ინტერესის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, შემსყიდველს წინასწარ რომ სცოდნოდა პროდუქტების ჩანაცვლების თაობაზე, სადავო ხელშეკრულება არ დაიდებოდა;

35.6. ზემოაღნიშნული გარემოებებისა და საკანონმდებლო ვალდებულებების /მოცემულობის გაუთვალისწინებლობამ განაპირობა ის გარემოებაც, რომ არ მოხდა კასატორისათვის მოწინააღმდეგე მხარის მიერ მიყენებული ზიანის სწორი შეფასება და, შედეგად, შესაბამისი საფუძვლების არსებობის მიუხედავად, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე სასამართლომ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება;

35.7. სასამართლომ გამოიყენა ზიანის მიყენების შესახებ ნორმები, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა;

35.8. საბანკო გარანტიის ნაწილში უნდა აღინიშნოს, რომ სხვა სანქცია გამოყენებული არ ყოფილა ხელშეკრულების დარღვევისთვის და არც ხელშეკრულება ითვალისწინებდა სხვა სახის დარღვევას;

35.9. მოპასუხეს უარი არ უთქვამს ანაზღაურებაზე, არამედ ურთიერთგაქვითვის მიზნით დააკავა, შესაბამისად, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება არ წარმოშობილა. კასატორი აღიარებს, რომ გარდა კარაქისა და ყველის ღირებულებისა, დანარჩენ ნაწილში წარმოიშვა გადახდის ვალდებულება, თუმცა აღნიშნული ბევრად ნაკლები იყო მოსარჩელის მიერ უსაფუძვლოდ მიღებულ ანაზღაურებაზე. შესაბამისად, წარმოიშვა გაქვითვის უფლება, რაც გამორიცხავს მხარისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას.

36. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

37. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებაზე იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საბანკო გარანტიის თანხის - 3917 ლარის ანაზღაურება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებია.

38. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

39. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებაზე იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საბანკო გარანტიის თანხის - 3917 ლარის ანაზღაურება, დასაშვებია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

40. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.

41. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ზემოაღნიშნულ ნაწილში განხილულ უნდა იქნას საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე.

42. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის გადაწყვეტილების დანარჩენ ნაწილში, არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

43. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

44. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

45. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მოპასუხისათვის ნასყიდობის საფასურისა და პირგასამტეხლოს დაკისრების მართლზომიერება.

46. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

47. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).

48. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის 2017 წლის დეკემბრის თვეში მიწოდებული პროდუქტის - „კარაქის“ ნივთობრივი ნაკლი. მოპასუხეს მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში არ წარუდგენია აღნიშნული დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება.

49. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიწოდებულ ყველს, დასახელებით „იმერული“, წინამდებარე საქმეში დადგენილია მიმწოდებლის/მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის ნივთობრივი ნაკლის მქონე პროდუქტის მიწოდების ფაქტი. კერძოდ, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიწოდებული ზემოაღნიშნული პროდუქტი სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასტერიზებული რძისა, იგი დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან (იხ. წინამდებარე განჩინების 24-25-ე პუნქტები), რაც განსხვავებულ რძის პროდუქტებს წარმოადგენს.

50. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლით განსაზღვრულია გამყიდველის ვალდებულება მყიდველს გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. იმავე კოდექსის 488-ე მუხლის მიხედვით, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი მყიდველს გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე.

51. ამდენად, საპასუხო შესრულებისგან მოვალეს სამოქალაქო კანონმდებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ათავისუფლებს, თუ ის დაამტკიცებს, რომ ნასყიდობის საგანი ვერ მიიღო ან მიიღო შეთანხმებული ხარისხისგან განსხვებული ხარისხის ან რაოდენობის ნივთი. ამგვარ გარემოებათა არსებობა მოვალეს კრედიტორის მიმართ ნივთის ნაკლის გამოსწორების (სსკ-ის 490 მუხლი), ნაკლიანი გვაროვნული ნივთის შეცვლის (სსკ-ის 490 მუხლი), ფასის შემცირების (სსკ-ის 492 მუხლი) ან ზიანის ანაზღაურების (სსკ-ის 494 მუხლი) მოთხოვნებს წარმოუშობს. მას შეუძლია მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლაც სსკ-ის 352-ე მუხლის მიხედვით (სსკ-ის 491-ე მუხლი). თუმცა, მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში სწორედ მოვალის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს საპასუხო შესრულებისგან გათავისუფლების საფუძვლიანობის დადასტურება.

52. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის ნივთობრივი ნაკლის მქონე პროდუქტის - ყველის, დასახელებით „იმერული“, მიწოდების ფაქტი, შესაბამისად, მოპასუხე პროდუქტის მიღების შემდგომ უფლებამოსილი იყო ზემოთ დასახელებული სამართლებრივი მექანიზმებით ესარგებლა და ნაკლის გამოსწორება, ხელშეკრულების მოშლა ან ფასის შემცირება მოეთხოვა, თუმცა სადავო არაა, რომ მოპასუხეს აღნიშნული უფლებებით არ უსარგებლია, ნაკლიანი პროდუქცია მიიღო და დანიშნულებისამებრ გამოიყენა.

53. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხეს მართებულად დაეკისრა მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურება.

54. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. იმავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

55. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია. ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება; პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი; №ას-1265-1187-2015, 10 თებერვალი, 2016 წელი; №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი; №ას-1077-997-2017, 31 ივლისი, 2018 წელი).

56. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ მოპასუხეს/შემსყიდველს არ აუნაზღაურებია 2017 წლის დეკემბრის თვეში მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება; დადგენილია ასევე, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო შემსყიდველის მიერ ნასყიდობის საფასურის გადახდის ვადის გადაცილებისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სახელშეკრულებო ღირებულების 0,1%-ის ოდენობით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

57. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

58. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

59. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

60. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

61. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

62. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1514,23 ლარის 70% – 922,87 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა(ა)იპ „თბილისის N115 საბავშვო ბაგა-ბაღის“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებაზე იმ ნაწილში, რომლითაც ა(ა)იპ „თბილისის N115 საბავშვო ბაგა-ბაღს“ შპს „ე–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა საბანკო გარანტიის თანხის - 3917 ლარის ანაზღაურება, ცნობილ იქნას დასაშვებად;

2. ა(ა)იპ „თბილისის N115 საბავშვო ბაგა-ბაღის“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის გადაწყვეტილების დანარჩენ ნაწილზე, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

3. საქმის განხილვა დაინიშნოს ზეპირი მოსმენის გარეშე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის შემდეგი შემადგენლობით: ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი), მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი;

4. ა(ა)იპ „თბილისის N115 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს/კ: 20814...) დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 6 ივნისს №1559806892 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, 1514,23 ლარიდან 922,87 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი