Facebook Twitter

საქმე №ას-1108-2019 30 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ე–ი“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ „თბილისის N56 საბავშვო ბაგა-ბაღი“ (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)

მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე –

ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და მონიტორინგის საქალაქო სამსახური

დავის საგანი – თანხის დაკისრება (ძირითად სარჩელში)

მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ „თბილისის N111 საბავშვო ბაგა-ბაღი“ (მოპასუხე)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე –

ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო“

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ „თბილისის N151 საბავშვო ბაგა-ბაღი“ (მოპასუხე)

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, პირგასამტეხლოს დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და გაუქმებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს „ე–ის“ სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ (შემდგომში - „სააგენტო“) მიერ 2017 წლის 17 აგვისტოს გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO170000503 საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ა(ა)იპ „თბილისის N56 საბავშვო ბაგა-ბაღსა“ (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“, „ბაგა-ბაღი“ ან „შემსყიდველი“) და შპს „ე–ს“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“, „მიმწოდებელი“ ან „კასატორი“) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა 325 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურების გაწევა, წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა 81 851,25 ლარს.

2. ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი იღებდა ვალდებულებას, უზრუნველეყო 325 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურება 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით, წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.

3. ხელშეკრულების 6.1-6.2 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი უნდა განხორციელებულიყო პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობაზე განხორციელების უფლებამოსილება პირველ მოპასუხესა და სააგენტოს შესაბამის სამსახურებს მიეკუთვნათ.

4. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო გამოწვეული რისკი, მხარეებმა გაითვალისწინეს უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - 2496 ლარის ოდენობით.

5. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

6. ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველს ეკისრებოდა პირგასამტეხლო - სახელშეკრულებო ღირებულების 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

7. მხარეთა შორის 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულების დანართი N1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, მოსარჩელის მიერ შემსყიდველისათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან ყველის ტექნიკური მახასიათებლები განისაზღვრა შემდეგნაირად:

- თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული პასტერიზებული რძისგან, ნაკლებად მარილიანი, ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე. მშრალი ნივთიერების შემცველობაა არა უმცირეს 52%-ისა, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა 40%, მარილი 0,5-1,5%. დაჭრის დროს არ უნდა იფხშვნებოდეს. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს. მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

- უნდა იყოს შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული, ვაკუუმ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

- მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ, თვეში ერთხელ წარადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები);

- მიწოდებული საქონლის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის მინიმუმ 40%;

- სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებსა და მოქმედ სტანდარტებს.

8. მხარეთა შორის 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულების დანართი N1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, მოსარჩელის მიერ შემსყიდველისათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან კარაქის ტექნიკური მახასიათებლები განისაზღვრა შემდეგნაირად:

- თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული რძის ნაღებისგან, მცენარეული ცხიმის გარეშე, ქარხნული წესით. ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის. დაჭრის დროს არ უნდა იფხშვნებოდეს. რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%, წყლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს;

- შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებულ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

- მიმწოდებელი ვალდებულია, მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ, თვეში ერთხელ წარადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები);

- მიწოდებული საქონლის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 40%;

- სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებსა და მოქმედ სტანდარტებს.

9. პირველ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს „ბ–ის“ (შემდგომში - „ბანკი“) საბანკო გარანტია NBB.14.09/46, რომლის თანახმად, პრინციპალს წარმოადგენდა - მოსარჩელე, ბენეფიციარს - პირველი მოპასუხე, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განისაზღვრა - 2496 ლარით.

10. მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელის მიერ 2017 წლის 03 დეკემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით პირველი მოპასუხისათვის მიწოდებული საქონლის ღირებულება დღგ-სა და აქციზის ჩათვლით შეადგენს 16 023,5 ლარს.

11. ქალაქ თბილისის ბაგა-ბაღებმა უარი განაცხადეს მოსარჩელესთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული, 2017 წლის დეკემბრის თვის (01 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით) შედარების აქტის შედგენაზე, მიწოდებული პროდუქტების (ყველი, კარაქი) ხელშეკრულებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებთან შეუსაბამობის გამო.

12. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღში მოსარჩელის მიერ შეტანილი ყველის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით, მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს. ამ უკანასკნელის 2017 წლის 15 დეკემბრის N09/13005 მიმართვის პასუხად გაგზავნილი 2017 წლის 19 დეკემბრის N09/13126 წერილიდან ირკვევა, რომ წერილის დანართად წარდგენილი სურსათი - „იმერული“ ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის, ყველის სავალდებულო პარამეტრებს არ შეესაბამებოდა.

13. სააგენტოს მიერ 2017 წლის 17 აგვისტოს გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO170000502 საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ა(ა)იპ „ქ. თბილისის N111 საბავშვო ბაგა-ბაღსა“ (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“, „ბაგა-ბაღი“ ან „შემსყიდველი“) და მოსარჩელეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა 305 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება, წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული მენიუს მიხედვით. სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა - 76 814,25 ლარს.

14. ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი იღებდა ვალდებულებას, გაეწია 669 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურება, 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით.

15. ხელშეკრულების 6.1-6.3 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი უნდა განხორციელებულიყო პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობა უნდა განეხორციელებინათ მეორე მოპასუხესა და სააგენტოს შესაბამის სამსახურებს.

16. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის რისკი, ხელშეკრულების მხარეებმა გაითვალისწინეს უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის, კერძოდ - 2 343 ლარის ოდენობით.

17. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

18. ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო - სახელშეკრულებო ღირებულების 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

19. მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულების დანართი N1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, მოსარჩელის მიერ მეორე მოპასუხისათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან ყველისა და კარაქის ტექნიკური მახასიათებლები წინამდებარე განჩინების მე-7 და მე-8 პუნქტებში მითითებული მახასიათებლების იდენტურია.

20. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა ბანკის საბანკო გარანტია №BB.14.09/153, რომლის თანახმად, პრინციპალს წარმოადგენდა - მოსარჩელე, ბენეფიციარს - მეორე მოპასუხე, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა შეადგენდა - 2 343 ლარს.

21. 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელის მიერ მეორე მოპასუხისათვის 2017 წლის 03 დეკემბრიდან 2017 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით მიწოდებული საქონლის ღირებულება დღგ-სა და აქციზის ჩათვლით შეადგენს 16 727,95 ლარს.

22. მეორე მოპასუხის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა მოსარჩელესთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული, 2017 წლის დეკემბრის თვის (01 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით) შედარების აქტის შედგენაზე, მიწოდებული პროდუქტების (ყველი, კარაქი) ხელშეკრულებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებთან შეუსაბამობის გამო.

23. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღში მოსარჩელის მიერ შეტანილი ყველის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს. ამ უკანასკნელის 2017 წლის 15 დეკემბრის N09/13005 მიმართვის თანახმად, წერილის დანართად წარდგენილი სურსათი - „იმერული“ არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის, ყველის სავალდებულო პარამეტრებს.

24. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის N09/13126 მიმართვიდან ასევე ირკვევა, რომ წარდგენილი სურსათის - „კარაქის“ ეტიკეტი ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს არ შეესაბამებოდა.

25. სააგენტოს მიერ 2017 წლის 17 აგვისტოს გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO170000503 საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ა(ა)იპ „თბილისის N151 საბავშვო ბაგა-ბაღსა“ (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“, „ბაგა-ბაღი“ ან „შემსყიდველი“) და მოსარჩელეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება.

26. ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო უზრუნველეყო 481 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურების გაწევა, 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით, წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა 121 139,85 ლარს.

27. ხელშეკრულების 6.1-6.2 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი უნდა განხორციელებულიყო პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობაზე განხორციელების უფლებამოსილება მესამე მოპასუხესა და სააგენტოს შესაბამის სამსახურებს მიეკუთვნათ.

28. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო გამოწვეული რისკი, მხარეებმა გაითვალისწინეს უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - 3694 ლარის ოდენობით.

29. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

30. ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრებოდა პირგასამტეხლო - სახელშეკრულებო ღირებულების 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

31. მოსარჩელესა და მესამე მოპასუხეს შორის 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების დანართი N1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, მოსარჩელის მიერ მესამე მოპასუხისათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან ყველისა და კარაქის ტექნიკური მახასიათებლები წინამდებარე განჩინების მე-7 და მე-8 პუნქტებში მითითებული მახასიათებლების იდენტურია.

32. მოსარჩელესა და მესამე მოპასუხეს შორის 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა ბანკის საბანკო გარანტია NBB.14.09/12, რომლის თანახმად, პრინციპალს წარმოადგენდა - მოსარჩელე, ბენეფიციარს - მესამე მოპასუხე, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განისაზღვრა 3 694 ლარით.

33. 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელის მიერ მესამე მოპასუხისათვის 2017 წლის 01 დეკემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მიწოდებული საქონლის ღირებულება შეადგენს 22 900,10 ლარს.

34. მესამე მოპასუხემ უარი განაცხადა მოსარჩელესთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული, 2017 წლის დეკემბრის თვის (01 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით) შედარების აქტის შედგენაზე, მიწოდებული პროდუქტების (ყველი, კარაქი) ხელშეკრულებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებთან შეუსაბამობის გამო.

35. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღში მოსარჩელის მიერ შეტანილი ყველის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით, მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს. ამ უკანასკნელის 2017 წლის 15 დეკემბრის N09/13005 მიმართვის თანახმად, წერილის დანართად წარდგენილი სურსათი - „იმერული“ არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის, ყველის სავალდებულო პარამეტრებს.

36. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში პირველი მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მისთვის: გაწეული მომსახურების ღირებულების - 16 023,5 ლარის, საბანკო გარანტიის თანხის - 2 496 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით, 1 168 ლარის გადახდის დაკისრება. მოსარჩელის მტკიცებით, მისი მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიუხედავად, პირველმა მოპასუხემ უარი განაცხადა 2017 წლის დეკემბერში გაწეული მომსახურების დადასტურებასა და ანაზღაურებაზე.

37. პირველმა მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

38. პირველმა მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა მისთვის: ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხის, 22 002,70 ლარის დაბრუნების დაკისრება.

39. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით შეგებებული სარჩელი არ ცნო.

40. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 სექტემბრის საოქმო განჩინებით წინამდებარე სამოქალაქო საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაება სააგენტო და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა მონიტორინგის საქალაქო სამსახური.

41. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურების ღირებულების - 16 023,5 ლარისა და პირგასამტეხლოს - 116,8 ლარის გადახდა; სარჩელი საბანკო გარანტიის თანხის - 2 496 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

42. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მეორე მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მისთვის: გაწეული მომსახურების ღირებულების - 16 727,95 ლარის, საბანკო გარანტიის თანხის - 2 343 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით, 1 440 ლარის გადახდის დაკისრება. მოსარჩელის მტკიცებით, მისი მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიუხედავად, მეორე მოპასუხემ უარი განაცხადა 2017 წლის დეკემბერში გაწეული მომსახურების დადასტურებასა და ანაზღაურებაზე.

43. მეორე მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

44. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის საოქმო განჩინებით წინამდებარე სამოქალაქო საქმეში მოპასუხის მხარეს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაება სააგენტო.

45. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მეორე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურების ღირებულების - 16 727,95 ლარისა და პირგასამტეხლოს - 1 440 ლარის გადახდა; სარჩელი საბანკო გარანტიის თანხის - 2 343 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

46. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მესამე მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მისთვის: გაწეული მომსახურების ღირებულების - 22 900,1 ლარის, საბანკო გარანტიის თანხის - 3 694 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით, 1 694 ლარის გადახდის დაკისრება. მოსარჩელის მტკიცებით, მისი მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიუხედავად, მესამე მოპასუხემ უარი განაცხადა 2017 წლის დეკემბერში გაწეული მომსახურების დადასტურებასა და ანაზღაურებაზე.

47. მესამე მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

48. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მესამე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურების ღირებულების - 22 900,1 ლარისა და პირგასამტეხლოს - 1 694 ლარის გადახდა; სარჩელი საბანკო გარანტიის თანხის - 3 694 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

49. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებზე წარადგინა სააპელაციო საჩივრები, რომლებითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელების სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

50. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 04 თებერვლის განჩინებით ზემოაღნიშნული სამოქალაქო საქმეები ერთ წარმოებად გაერთიანდა და ერთი საქმის ნომერი მიენიჭათ.

51. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე მოსარჩელისა და მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე მოსარჩელისა და მესამე მოპასუხის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში (1.1 პუნქტის მე-2 წინადადება) და დაკისრებული პირგასამტეხლო 1 168 ლარის ოდენობით განისაზღვრა.

52. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-35 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

53. სააპელაციო პალატა ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეებთან დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ყველის მიწოდების ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა. სასამართლოს განმარტებით, სადავო არაა ის გარემოება, რომ ბაგა-ბაღებისთვის მიწოდებული პროდუქტი, რომელიც ეტიკეტირებული იყო „იმერულის“ სახელწოდებით, აღდგენილი რძისგან იყო დამზადებული. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებები კი, მისაწოდებელ ყველთან მიმართებით იდენტურ დათქმას ითვალისწინებდა, კერძოდ, კომპანიას ბაღისთვის პასტერიზებული რძისგან დამზადებული ყველი უნდა მიეწოდებინა.

54. სააპელაციო სასამართლომ „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 03 აპრილის N152 დადგენილების მე-4 პუნქტის „დ“, „პ“, „უ“ და „თ“ ქვეპუნქტებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ აღდგენილი და პასტერიზებული რძე განსხვავებული რძის პროდუქტებია. სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული სამივე ხელშეკრულების პირობები მისაწოდებელი ყველის მახასიათებლებთან მიმართებით იდენტურია. შესაბამისად, რადგან მიმწოდებელმა პასტერიზებული რძის მაგივრად შემსყიდველებს აღდგენილი რძე მიაწოდა, შესრულება არაჯეროვანი იყო, რაც შემკვეთს კანონით განსაზღვრული ქმედებების განხორციელების შესაძლებლობას აძლევდა.

55. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477.1, 477.2, 629-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა შერეული ტიპის ხელშეკრულება, რომელიც ნარდობისა და ნასყიდობის ელემენტებს მოიცავს. ორივე ურთიერთობაში ფაქტობრივ მისაღწევ შედეგს წარმოადგენს შემკვეთისთვის ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობის წარდგენა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, შემსრულებელს უნაკლო შესრულების წარდგენის ვალდებულება ეკისრებოდა.

56. სააპელაციო სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 490.1, 491-ე, 492-ე, 641-ე მუხლებით და მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხეთათვის შეთანხმებული საქონლის (განსხვავებული მახასიათებლების) მიწოდების, ხოლო ამ უკანასკნელების მიერ შეთანხმებული ფასის გადაუხდელობის ფაქტი. ამასთან, უდავოა, რომ ბაგა-ბაღებმა მოსარჩელის მიერ მიწოდებული ნივთობრივი ნაკლის მქონე ყველი - „იმერული“ მიიღეს და დანიშნულებისამებრ გამოიყენეს. ბაგა-ბაღებს მოსარჩელისათვის არც ნაკლის გამოსწორება (ნაკლიანი პროდუქტის შეცვლა) და არც ამ მიზეზით ხელშეკრულების მოშლა მოუთხოვიათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ შემკვეთს მიწოდებული საქონლის ღირებულების გადახდაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა (შეგებებული სარჩელის მოთხოვნა) და მხოლოდ მეორადი მოთხოვნის - არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის წარდგენის შესაძლებლობა გააჩნდა.

57. სააპელაციო პალატამ დადგენილად არ მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხეებთან 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული სურსათი - „კარაქი“ დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით ამ პროდუქტისათვის ხელშეკრულებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებს არ შეესაბამებოდა. შესაბამისად, მართებულად ჩათვალა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ კარაქის მიწოდების ნაწილში კომპანიამ სახელშეკრულებო ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა.

58. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, უდავოა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებებით მოსარჩელეს ბაგა-ბაღებისთვის უნდა მიეწოდებინა კარაქი, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია. ასევე უდავოა, რომ მოსარჩელის მიერ ბაგა-ბაღებისთვის მიწოდებული კარაქის ეტიკეტზე ცხიმის შემცველობად მითითებულია 80% (+/-0,5). სასამართლომ სსსკ-ის მე-4, 102-ე, 103-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში, რისი წარდგენის ვალდებულებაც კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხეებს ეკისრებოდათ, ივარაუდება, რომ პროდუქტის თვისებები შესაბამისობაშია მის ეტიკეტზე დატანილ მახასიათებლებთან. ამასთან, სადავო არაა, რომ სხვა რაიმე დამატებითი კვლევა მიწოდებული პროდუქტის - კარაქის დამახასიათებელ თვისებებთან და მისი შემადგენლობის ხელშეკრულებით დადგენილ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, არ ჩატარებულა. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მხოლოდ პროდუქტის ეტიკეტია შემოწმებული, ხოლო მოპასუხეების მიერ ანაზღაურებაზე უარის თქმის მიზეზად სწორედ ეტიკეტირების დარღვევაა მითითებული.

59. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ მეორე მოპასუხისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 1 440 ლარი, ხოლო მესამე მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 1 694 ლარი ვალდებულების დარღვევის ხასიათის, მოცულობისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით, შეუსაბამოდ მაღალი არ იყო და სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების წინაპირობებს არ ქმნიდა.

60. რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით პირველი მოპასუხისათვის დაკისრებულ პირგასამტეხლოს - 116,8 ლარს, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ ვინაიდან სამივე საქმეზე მოსარჩელის მიერ ვალდებულების დარღვევა იდენტური ხასიათისაა, საერთო ჯამში ვალდებულების მოცულობისა და მოპასუხის მიერ შესრულების მიღებისა და ზიანის არარსებობის პირობებში, ამ ნაწილში სახეზე იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს (1168 ლარი) სრულად დაკმაყოფილების წინაპირობები.

61. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ბაგა-ბაღების სასარგებლოდ გამოხმობილი საბანკო გარანტიების თანხის მოსარჩელისათვის ანაზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

62. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე, 880-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ საბანკო გარანტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც გადაიხდება, როგორც კომპენსაცია ძირითადი კონტრაქტის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისას. შესრულების გარანტიის (საბანკო გარანტიის ერთ-ერთი სახე) მთავარ მიზანს შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირება წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი ერთ-ერთ მიწოდებულ პროდუქტთან მიმართებით თავად მიმწოდებლებსაც არ გაუხდიათ სადავოდ, შესაბამისად, ვინაიდან საბანკო გარანტია გამოუხმობადი ხასიათის იყო და თავისი არსით შემკვეთს არაჯეროვანი შესრულებისგანაც იცავდა, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საბანკო გარანტიის თანხის მოპასუხეებისათვის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

63. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

64. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

64.1. განსახილველ შემთხვევაში, საბავშვო ბაგა-ბაღების სასარგებლოდ გაცემული საბანკო გარანტია წარმოადგენდა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების გარანტიას. შესრულების გარანტიის (საბანკო გარანტიის ერთ-ერთი სახე) მთავარ მიზანს შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირება წარმოადგენს. მსგავსი გარანტია ემსახურება დამკვეთის მხრიდან საკონტრაქტო ფასის შესაბამისი სრული მომსახურების მიღებას და იმ დანაკარგის კომპენსაციას, რაც შეიძლება კონტრაქტის არასათანადო შესრულებით წარმოიშვას. ის ასევე ფარავს იმ რისკს, რაც დაკავშირებულია მიწოდებულ პროდუქციაში დეფექტების აღმოჩენასთან. ამდენად, შესრულების საბანკო გარანტია წარმოადგენს არასათანადო შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მაკომპენსირებელ საშუალებას და მისი ჯარიმის ან სანქციის ფორმით გამოყენება საბანკო გარანტიის მიზანთან წინააღმდეგობაში მოდის;

64.2. წინამდებარე საქმეში კასატორის მხრიდან ვალდებულების ნაკლიანი შესრულების შედეგად, მისი უმნიშვნელო ხასიათიდან გამომდინარე, მოპასუხეებს რაიმე ზიანი არ მისდგომიათ. შესაბამისად, ზიანის არარსებობის გამო, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეები მიღებული საბანკო გარანტიის თანხით კასატორის მხრიდან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირებას ვერ მოახდენდნენ. მხოლოდ მოთხოვნის არსებობა, იმგვარი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, როგორიც არის საბანკო გარანტია, არ აძლევს ბენეფიციარს უფლებას უპირობოდ აინაზღაუროს თანხა. ამ შემთხვევაში, სსკ-ის 361.2 მუხლის შესაბამისად, მას მეორე მხარის ქონებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულეის გამოჩენა ეკისრება;

64.3. განსახილველ შემთხვევაში, შესრულების ნაკლი იმდენად უმნიშვნელოა ძირითად შესასრულებელ ვალდებულებებთან მიმართებით, რომ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად მისი განხილვა სამართლებრივად დაუსაბუთებელია.

65. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

66. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

67. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

68. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

69. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია.

70. წინამდებარე საქმეში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მოსარჩელის, როგორც პრინციპალისათვის საბანკო გარანტიის თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის მართლზომიერება.

71. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე და 880-ე მუხლების თანახმად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას.

72. საბანკო გარანტია წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას. საბანკო გარანტია სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით - არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება - ხელშეკრულება, რომლის უზუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე. საბანკო გარანტია შესასრულებელია გაცემული პირობების ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესაგებელი. საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობას ძირითადი, უზრუნველყოფილი ვალდებულებისაგან (პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის არსებული ვალდებულება), განაპირობებს მისი არააქცესორული ბუნება. თავად საბანკო გარანტია წარმოადგენს დამოუკიდებელ ვალდებულებას (სსკ-ის ის 881-ე მუხლი). პრინციპალის ძირითადი ვალდებულების გაბათილება, შეწყვეტა ან სამართლებრივი ვითარების სხვაგვარი შეცვლა, თავისთავად არ გამოიწვევს საბანკო გარანტიის მოქმედების შეწყვეტას. ამიტომაც, საბანკო გარანტიაში მკაფიოდ უნდა აისახოს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები (იხ. სუსგ საქმე Nას-749-709-2015, 25 სექტემბერი, 2015 წელი).

73. შესრულების გარანტიის (საბანკო გარანტიის ერთერთი სახე) მთავარ მიზანს შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირება წარმოადგენს. მსგავსი გარანტია დამკვეთის მხრიდან საკონტრაქტო ფასის შესაბამისი სრული მომსახურების მიღებას და იმ დანაკარგის კომპენსაციას ემსახურება, რაც შეიძლება კონტრაქტის არასათანადო შესრულებით წარმოიშვას, ასევე, ფარავს იმ რისკს, რაც მიწოდებულ პროდუქციაში დეფექტების აღმოჩენასთან არის დაკავშირებული. ამდენად, შესრულების საბანკო გარანტია არასათანადო შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მაკომპენსირებელ საშუალებას წარმოადგენს.

74. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ მიმწოდებელმა კომპანიამ, მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულება. კერძოდ, მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, მოსარჩელის მიერ მოპასუხეებისათვის მიწოდებული პროდუქტი - ყველი, დასახელებით „იმერული“, სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან ნაცვლად ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პასტერიზებული რძისა, იგი დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან, რაც განსხვავებულ რძის პროდუქტებს წარმოადგენს.

75. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია მიმწოდებლის მიერ ვალდებულების ნაწილობრივ არაჯეროვანი შესრულება ერთ-ერთ მიწოდებულ პროდუქტთან მიმართებით. შესაბამისად, ვინაიდან საბანკო გარანტია გამოუთხოვადი ხასიათის იყო და, თავისი არსით, შემკვეთებს არაჯეროვანი შესრულებისაგან იცავდა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობდა საბანკო გარანტიის თანხის მოსარჩელისათვის/ პრინციპალისათვის დაბრუნების საფუძველი. შესაბამისად, სარჩელები ამ ნაწილში მართებულად არ დაკმაყოფილდა.

76. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

77. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

78. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-108-2020, 03 ივნისი, 2020 წელი; Nას-174-2020, 17 ივნისი, 2020 წელი; Nას-596-2020, 29 ოქტომბერი, 2020 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

79. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

80. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

81. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 900 ლარის 70% – 630 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ე–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. შპს „ე–ს“ (ს/კ: ......) დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 6 აგვისტოს №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 900 ლარის 70% – 630 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი