Facebook Twitter

საქმე №ას-19-19-2018 8 თებერვალი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა.გ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ.ა–ბი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს ,,კ.ა–ბს’’ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „გამყიდველი“) და ა.გ–ს (შემდგომში - „მოპასუხე“, „მყიდველი“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) შორის დაიდო ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულება 19 875 ლარის საქონლის ნასყიდობის თაობაზე და გამყიდველმა მყიდველს მიაწოდა საქონელი.

2. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მისთვის გადაუხდელი ნასყიდობის საფასურის - 5 277,5 ლარის გადახდის დაკისრება.

3. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო. მოპასუხის განმარტებით, მას მოსარჩელის მიმართ დავალიანება არ გააჩნია, ხოლო წარდგენილი ანგარიშგება რეალიზებული საქონლის შესახებ თავად მოსარჩელის მიერ არის შედგენილი ისე, რომ აღნიშნული საქონლის მიღება-ჩაბარება არ დასტურდება წარდგენილი ზედნადებებით. არცერთი ზედნადებია წესის მიხედვით შედგენილი და არცერთია დადასტურებული მოსარჩელის მიერ.

4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5 271,5 ლარის გადახდა.

5. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 07 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოება.

8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის საგანს წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მყიდველისათვის ნასყიდობის ფასის დარჩენილი ნაწილის გადახდის დაკისრება. შესაბამისად, უნდა დადგინდეს: დაიდო თუ არა მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება; მიაწოდა თუ არა მოსარჩელემ მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე საქონელი და განახორციელა თუ არა მოპასუხემ შესრულება - ნასყიდობის ფასის სრულად ან ნაწილობრივ გადახდა.

9. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების არსებითი პირობებია - ხელშეკრულების საგანი და ფასი. ამასთან, განმარტა, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი ნაწილდება შემდეგი სახით: ხელშეკრულების დადებისა და ვალდებულების არსებობის ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავს შესრულებას ან აძლევს შესრულების დაყოვნების (შესრულების გადადების) უფლებას.

10. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი არ არის, რომ მხარეთა შორის იყო საქმიანი ურთიერთობა და 2016 წლის განმავლობაში, სხვადასხვა დროს, მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა სხვადასხვა პროდუქცია. საქმეში წარდგენილია 2015-2016 წლების პერიოდის ზედნადებები (იხ. ტ. 1, ს.ფ. 18-26). მხარეთა შორის ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დასტურად მოსარჩელის მიერ წარდგენილია 2016 წლის 05 მაისს შედგენილი Nელ-0235700109 სასაქონლო ზედნადები, რომელიც შეიცავს შემდეგ რეკვიზიტებს: შედგენის დრო - 15:34:24; გამყიდველი - მოსარჩელე; მყიდველი - მოპასუხე; ოპერაციის შინაარსი - ტრანსპორტირების გარეშე; საქონლის დასახელება - სათესლე კარტოფილი „ფაბულა“; საქონლის რაოდენობა; საქონლის ღირებულება – 19 875.0000 ლარი; მიწოდებული საქონლის ჩაბარების დრო 05.05.2016წ. 15:34:24 სთ.

11. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134.4 მუხლზე (ზედნადების ამოწერის მომენტში მოქმედი რედაქცია) მითითებით მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის მიზანშეწონილად მიიჩნია ყურადღება გაემახვილებინა ელექტრონული სასაქონლო ზედნადების სამართლებრივ ბუნებაზე. ასევე, რამდენად შესრულდა მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულებები და რა ოდენობით.

12. სააპელაციო პალატამ მოიხმო „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის N996 ბრძანებით (ზედნადების გაფორმების დროს მოქმედი რედაქცია) დამტკიცებული ინსტრუქციის 251 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, 4.ა, 4.ბ, 4.გ, 4.დ (4.დ.ა, 4.დ.ბ, 4.დ.გ), მე-6 პუნქტები და დარღვევად არ შეაფასა აპელანტის მიერ მითითებული გარემოება, რომ ზედნადებში არ არის აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც მოხდა საქონლის გატანა და გადამზიდველი. ამასთან, აღნიშნა, რომ წარდგენილი ზედნადები შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სისტემიდან ამობეჭდილია 20.02.2017 წელს და იგი გაუქმებული არ არის.

13. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში ასევე წარდგენილია მოსარჩელის საბუღალტრო მონაცემებიდან ამონაწერები - ე.წ. ანგარიშის ამონაწერი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 17, 27-28), რომლებშიც N0235700109 სასაქონლო ზედნადები მოპასუხეზე მითითებულია გასავლის ზედნადებად და აღნიშნულია ორი მონაცემი - 3 031,78 ლარი და 16 843,22 ლარი, რაც წარმოადგენს ნასყიდობის ფასის ჯამური თანხის 19 875 ლარის აღრიცხვას და მოიცავს საქონლის ღირებულებას 16 843,22 ლარს დამატებული დღგ (იხ. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის/მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებები 07.11.2017წ. სხდომაზე, 13:38:00). იქვე აღნიშნულია მოპასუხის მიერ ვალდებულებების ნაწილობრივ შესრულების პერიოდულობა და ფარგლები. ის ფაქტი, რომ მოპაუხეს ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა მოსარჩელესთან, იღებდა მისგან საქონელს და მიღებული საქონლის ღირებულებასაც პერიოდულად იხდიდა, დაადასტურა მოპასუხის წარმომადგენელმა საქმის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროსაც (იხ. 07.11.2017წ. სხდომის ოქმი CD დისკზე, 13:19:28-13:19:40).

14. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარდგენილი ზედნადებით, საბუღალტრო მონაცემებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით ერთობლიობაში დასტურდება 19 875 ლარის ღირებულების სათესლე კარტოფილის ნასყიდობა და მყიდველის მიერ მისი მიღება.

15. სააპელაციო პალატამ ასევე მიიჩნია, რომ მოპასუხეს არ აქვს შესრულებული ვალდებულება სრულად, კერძოდ, მას არ გადაუხდია მიწოდებული საქონლის ღირებულების ნაწილი 5 217,5 ლარის ოდენობით.

16. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით და აღნიშნა, რომ მოსარჩელე (გამყიდველი) ადასტურებს მოპასუხის მიერ პროდუქციის ღირებულების ნაწილის გადახდის ფაქტს და ითხოვს დარჩენილი 5 217,5 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას, ხოლო მოპასუხემ ვერ წარადგინა იმგვარი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მის მიერ აღნიშნული თანხის გადახდის ფაქტს, რის გამოც მიიჩნია, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

18. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

18.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული იყო ზეპირი შეთანხმება. ასევე, ის გარემოება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 19 875 ლარის საქონელი, რასაც ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული გარემოებები საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება;

18.2. სასამართლოს მიერ ხელშეკრულების დადების დამადასტურებელ მტკიცებულებად მიჩნეულ იქნა ელექტრონული ზედნადები, რომელიც სხვა მტკიცებულებით არ ყოფილა გამყარებული. აღნიშნული ზედნადების ნამდვილობა და მხარეთა შორის ასეთი რაოდენობის საქონლის შეძენა-მიწოდებას მოპასუხე ცალსახად უარყოფდა. ელ. ზედნადები არ იყო შევსებული წესის დაცვით, არ ახლდა საქონლის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც უნდა დადასტურებულიყო მხარეთა შორის შეთანხმების არსებობა და მოპასუხისათვის საქონლის გადაცემა. მოსარჩელის მიერ წარდგენილი ზედნადებით გაურკვეველი და დაუსაბუთებელია ვის, სად, როდის და რა რაოდენობის საქონელი გაატანა მოსარჩელემ. ასევე, რა ვალდებულება იყო შესრულებული ან/და რა ვადაში უნდა შესრულებულიყო მოპასუხის მხრიდან ნაკისრი ვალდებულება;

18.3. სასამართლო სსკ-ის 327-ე მუხლის მიხედვით განმარტავს თუ როდის შეიძლება ჩაითვალოს ხელშეკრულება დადებულად, რის საპირისპიროსაც მსჯელობს და ასაბუთებს საკუთარ განჩინებაში;

18.4. სასამართლომ სსკ-ის 477-ე მუხლის მიხედვით განმარტა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს ხელშეკრულებით შეთანხმებული საქონელი, რაც უნდა დაადასტუროს კიდეც, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, სასამართლოს დასაბუთება (რომელიც წინააღმდეგობაში მოდის კანონთან) აგებულია მხოლოდ და მხოლოდ ფორმადაუცველად, არასრული მონაცემებით, საქონლის მიღება-ჩაბარების ოქმის არარსებობის პირობებში, მოსარჩელის მიერ შესრულებულ და წარდგენილ ელ. ზედნადებზე, რაც ვერ მიიჩნევა შეთანხმების დამადასტურებელ მტკიცებულებად;

18.5. მხარეთა შორის სხვადასხვა დროს არსებული ურთიერთობა არ არის იმის დადასტურება, რომ 2016 წლის მაისის თვეში ნამდვილად არსებობდა ისეთი შეთანხმება, რომელსაც მოსარჩელე წარუდგენს სასამართლოს. მით უფრო, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ზედნადებების გარკვეულ ნაწილს თან ახლავს საქონლის მიღება-ჩაბარების აქტები, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ მოსარჩელე ელ. ზედნადებებთან ერთად გაცილებით იაფი ღირებულების საქონელს მიღება-ჩაბარების აქტის გარეშე არ გასცემს.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

20. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

21. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მოპასუხისათვის ნასყიდობის საფასურის გადაუხდელი ნაწილის დაკისრების მართლზომიერება.

22. წინამდებარე საქმეში სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დაიდო ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 19 875 ლარის ღირებულების საქონელი, რასაც მოპასუხე/კასატორი უარყოფს. მისი მტკიცებით, მხარეთა შორის ნასყიდობის ზეპირი ხელშეკრულების დადების ფაქტი არ შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ საქმეში არსებული სადავო ზედნადებით.

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელ ცენტრალურ ნორმას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ხოლო, თავის მხრივ, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

24. ნასყიდობა ორმხრივი, კონსენსუალური გარიგებაა, სადაც, როგორც გამყიდველს, ისე მყიდველს გააჩნია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. ნორმის პირველი ნაწილი ადგენს გამყიდველის სინალაგმატურ ვალდებულებას, მყიდველს გადასცეს საკუთრების უფლება ქონებაზე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს როგორც უშუალოდ ნასყიდობის საგნის, ისე ამ საგანზე ნამდვილი უფლების გადაცემით. კანონი ნასყიდობის ნამდვილობისათვის რაიმე შეზღუდვას არცერთი ხსენებული წესის მიმართ არ ადგენს და როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში (ბუნებრივია, მხარეთა შეთანხმების პირობებში) გამყიდველის მხრიდან ვალდებულებას შესრულებულად მიიჩნევს. სწორედ ამ წესის დაცვის შემდგომ წარმოეშობა გამყიდველს შემძენისაგან საპასუხო შესრულების (საქონლის მიღება, ფასის გადახდა) მოთხოვნის უფლება (იხ. სუსგ საქმე Nას-1076-996-2017, 19 აპრილი, 2019 წელი).

25. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხია, თუ რა მოიაზრება ხელშეკრულების არსებით პირობად (essentialia negotii). აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

26. ზემოთ მოხმობილი ნორმებიდან გამომდინარე, ნასყიდობის ხელშეკრულების არსებით პირობებს წარმოადგენს: გარიგების საგანი, ფასი და გამყიდველის მიერ მყიდველისათვის საკუთრების გადაცემის ნება.

27. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთი იმისა, რომ მოდავე მხარეთა შორის წარმოშობილია ნასყიდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, გამყიდველის მხარეზეა, რაც ნიშნავს იმას, რომ სწორედ გამყიდველია ვალდებული, ამტკიცოს სასყიდლიანი გარიგების საფუძველზე მყიდველისათვის გარკვეული რაოდენობის საქონლის გადაცემის ფაქტი. ამის საწინააღმდეგოდ, ნასყიდობის საფასურის გადახდისა და გამყიდველის მიმართ ვალდებულების არარსებობის მტკიცების ტვირთი, ყოველთვის მყიდველის მხარეზეა. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

28. წინამდებარე საქმეში მოსარჩელე მიუთითებს, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნასყიდობის ზეპირი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს გარკვეული პროდუქცია მიაწოდა. აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელეს წარდგენილი აქვს 05.05.2016წ. შედგენილი Nელ-0235700109 სასაქონლო ზედნადები, რომელსაც მოპასუხე არ მიიჩნევს ნასყიდობის ზეპირი ხელშეკრულების არსებობის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად. ამასთან, კასატორი აღნიშნული ზედნადების ნამდვილობას სადავოდ ხდის, მისი მტკიცებით, იგი შევსებულია თავად მოსარჩელის მიერ, თვითნებურად, დადგენილი წესის დაუცველად.

29. კასატორის ზემოაღნიშნული პრეტენზიიდან გამომდინარე, სასაქონლო ზედნადების სამართლებრივი ბუნებისა და მისთვის მტკიცებულებითი ძალის მინიჭების შეფასების თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო მოიხმობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლს (სადავო ზედნადების შედგენის დროს მოქმედი რედაქცია), რომლითაც საჯაროსამართლებრივი მოწესრიგების ფარგლებში დადგენილია შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპები. აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას - მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთან, საქონლის მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010წ. N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის (სადავო ზედნადების შედგენის დროს მოქმედი რედაქცია) 251 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, სასაქონლო ზედნადები არის NII-012 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომელიც ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/ გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე. აღნიშნული ინსტრუქცია არ ითვალისწინებს სასაქონლო ზედნადების მყიდველის მიერ ელექტრონული წესით დადასტურებასა და მიღება-ჩაბარების აქტის შედგენას.

30. ამასთან, საგადასახადო კოდექსის (სადავო ზედნადების შედგენის დროს მოქმედი რედაქცია) 286-ე მუხლით დადგენილია საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და აღურიცხველობის შედეგი. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, – იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. მითითებული საჯარო-სამართლებრივი სფეროს მომწესრიგებელი ნორმების მიზანია ქვეყნის შიგნით განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობისათვის სასაქონლო ზედნადების დანიშნულების ხაზგასმა.

31. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა საქმიანი ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც, 2016 წლის განმავლობაში მხარეთა შორის არაერთხელ დაიდო სხვადასხვა პროდუქციის ნასყიდობის ხელშეკრულება. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში არსებულ შემდეგ მტკიცებულებებს: სარჩელს ერთვის სასაქონლო ზედნადები Nელ-0235700109, რომლის თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეს 2016 წლის 05 მაისს მიაწოდა 7 950 კგ სათესლე კარტოფილი „ფაბულა“ 25 კილოგრამიანი, რომლის ფასი შეადგენდა 19 875 ლარს (იხ. ტ. 1. ს.ფ. 20). ამრიგად, კასატორის მითითების საწინააღმდეგოდ (იხ. წინამდებარე განჩინების 18.2 პუნქტი), დასახელებულ ზედნადებში მითითებულია ინფორმაცია, როგორც პროდუქციის გამყიდველისა და მყიდველის, ისე საქონლის რაოდენობისა და ღირებულების შესახებ; სარჩელს ასევე ერთვის მოსარჩელის საბუღალტრო მონაცემებიდან ამონაწერი - ე.წ. „ანგარიშის ამონაწერი“ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 27-28), რომელშიც აღნიშნული სადავო ზედნადები მითითებულია „გასავლის ზედდებულად“ მოპასუხეზე და მითითებულია ორი მონაცემი 3 031,78 ლარი და 16 843,22 ლარი, რაც წარმოადგენს ნასყიდობის ფასის ჯამური თანხის 19 875 ლარის აღრიცხვას და მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მოიცავს საქონლის ღირებულებას - 16 843,22 ლარს დამატებული დღგ (იხ. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) წარმომადგენლის განმარტებები 07.11.2017წ. სხდომაზე 13:38:00). მასში ასევე მითითებულია ინფორმაცია სხვადასხვა დროს მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების თაობაზე.

32. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას, რომ სადავო სასაქონლო ზედნადები დადგენილი წესის შესაბამისად არ ყოფილა შევსებული. კასატორის პრეტენზია აღნიშნულ ნაწილში ზოგადი და დაუსაბუთებელია. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ აღნიშნული სასაქონლო ზედნადები შეიცავს “გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010წ. N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით გათვალისწინებულ ყველა აუცილებელ რეკვიზიტს.

33. აღნიშნული ინსტრუქციის 251 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება შემდეგი წესით: პირველ სტრიქონში ავტომატურად იწერება ელექტრონული პროგრამის მეშვეობით მინიჭებული ზედნადების სარეგისტრაციო ნომერი; მე-2 სტრიქონში იწერება ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); მე-3 სტრიქონში ამოქმედების (გააქტიურების) დრო (საათი, წუთი). ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი და დრო ემთხვევა საქონლის მიწოდების ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს და დროს; მე-4 და მე-5 სტრიქონებში იწერება გამყიდველის/გამგზავნის და მყიდველის/მიმღების დასახელება ან სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი; მე-6 სტრიქონში იწერება ოპერაციის შინაარსი (თუ როგორ ხდება საქონლის მიწოდება/ტრანსპორტირება), მაგალითად: დ.ა) შიდა გადაზიდვა (საქონლის ტრანსპორტირება, როდესაც არ ხდება საქონლის მიწოდება); დ.ბ) მიწოდება ტრანსპორტირებით (საქონლის მიწოდება, რომელსაც თან ახლავს გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის ტრანსპორტირება); დ.გ) მიწოდება ტრანსპორტირების გარეშე (საქონლის მიწოდება, როდესაც საქონლის მდებარეობის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ იცვლება)... და ა.შ. (დეტ. იხ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010წ. N996 ბრძანებით დამტკიცებული “გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” ინსტრუქციის 251 მუხლის მე-4 პუნქტი). იმავე ინსტრუქციის მე-6 პუნქტის მიხედვით, თუ ხორციელდება მიწოდება ტრანსპორტირების გარეშე, ზედნადების მე-7 და მე-8 სტრიქონებში იწერება საქონლის მდებარეობის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი და ასეთ შემთხვევაში ზედნადების მე-9-მე-12 სტრიქონები (ტრანპორტირების სახე; იმ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, რომლითაც ხდება საქონლის გადაზიდვა; სატრანსპორტო საშუალების მძღოლის პირადი ნომერი; გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ გაწეული ტრანსპორტირების ხარჯი) არ ივსება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ სადავო ზედნადებში სატრანსპორტო საშუალებისა და გადამზიდველის მიუთითებლობა არ წარმოადგენს ზედნადების შედგენისათვის ინსტრუქციით გათვალისწინებული წესის დარღვევას.

34. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოთ დასახელებული გარემოებებისა და მტკიცებულებების დეტალური გაანალიზება არ იძლევა კასატორის პოზიციის გაზიარებისა და იმ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ მოსარჩელის მიერ შექმნილი დოკუმენტი - სასაქონლო ზედნადები, მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების ფაქტს არ ადასტურებს. საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ დოკუმენტზე, როგორც მოსარჩელის მიერ ცალმხრივად შექმნილ და არასარწმუნო მტკიცებულებაზე მითითება, თანაც იმ პირობებში, როდესაც ფინანსთა სამინისტროს შესაბამის ინსტრუქციაზე დაყრდნობით არ არსებობს მყიდველის მხრიდან სასაქონლო ზედნადების მყიდველის მიერ დადასტურების ან/და მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის ვალდებულება, დაუსაბუთებელი მსჯელობაა და არ გამომდინარეობს წინამდებარე პუნქტში მითითებული მოწესრიგებიდან. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სადავო ზედნადები შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სისტემიდან არის ამობეჭდილი 20.02.2017 წელს და იგი გაუქმებული არ არის (აღნიშნული მსჯელობა სრულად შეესაბამება ზედნადების სამართლებრივ ბუნებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, იხ. სუსგ. საქმე Nას-1230-1171-2014, 02 მარტი, 2015 წელი; Nას-794-743-2017, 31 ივლისი, 2017 წელი; Nას-599-558-2017, 13 ნოემბერი, 2017 წელი).

35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მიერ საქმეში წარდგენილი სადავო ზედნადები სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში სწორად შეაფასა მოპასუხესთან ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისა და მისთვის 19 875 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდების დამადასტურებელ მტკიცებულებად.

36. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

37. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია სწორედ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რომლის თანახმად, შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას იმიტომ წარმოადგენს მოვალისათვის, რომ საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი მას ეკისრება. შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულების ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე, რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რომ შეძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-570-541-2015, 11 ნოემბერი, 2015 წელი; Nას-970-935-2016, 18 დეკემბერი, 2017 წელი).

38. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოს ვერ წარუდგინა მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქციის საფასურის ნაწილის - 5 217,5 ლარის ანაზღაურების დამადასტურებელი მტკიცებულება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მას აღნიშნული თანხის მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა მართებულად დაეკისრა.

39. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

40. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება სწორია, რაც მისი ძალაში დატოვებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

41. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.

42. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს კასატორის მიერ გაღებული ხარჯის მხარეთა შორის განაწილების წინაპირობები. შესაბამისად, აღნიშნული ხარჯი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა.გ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი