Facebook Twitter

საქმე №ას-50-2021 5 მარტი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ც–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ა–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – ალიმენტის ოდენობის გაზრდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2005 წლის 15 ნოემბერს დაბადებული თ.ა–ი (შემდგომში - „არასრულწლოვანი“, ბავშვი“ ან „შვილი“) არის მ.ც–ძისა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „დედა“ ან „კასატორი“) და გ.ა–ის (შემდგომში - „მოპასუხე“, „მამა“ ან „აპელანტი“) შვილი.

2. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, ხოლო არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით მამას შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისრა ყოველთვიურად 200 ლარის გადახდა.

4. გადაწყვეტილების მიხედვით, იმ დროისათვის მოპასუხის ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 905 ლარს.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, არასრულწლოვანს დაუდგინდა მსუბუქი გონებრივი განვითარების ჩამორჩენა ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით, რომელიც მოითხოვს ყურადღებას და მკურნალობას. იგი არის სხვა პირის მუდმივი დახმარების საჭიროების მქონე. გარდა ამისა, არასრულწლოვანს აქვს მე-2 ხარისხის სქოლიოზი.

6. მოპასუხე იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში ქ.ბ–ძესთან და არასრულწლოვნის გარდა, ჰყავს ორი შვილი - 2008 წლის 30 მაისს დაბადებული ნ.ა–ი და 2013 წლის 17 იანვარს დაბადებული მ.ა–ი.

7. მ.ა–ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა - მისი მარცხენა თირკმელი არ ვიზუალირდება.

8. მოპასუხე ამჟამად მუშაობს სს „ლ.ბ–ში“ და მისი ყოველთვიური დარიცხული ხელფასი შეადგენს 3000 ლარს (იხ. ს.ფ. 105).

9. მოპასუხის მამა, ა.ა–ი არის 78 წლის. მან 2012 და 2016 წლებში გადაიტანა მიოკარდიუმის ინფარქტი. გარდა ამისა, მას აწუხებს რამდენიმე სხვა დაავადებაც.

10. მოპასუხის დედა, ს.ლ–ი არის 74 წლის. იგი დაავადებულია არასტაბილური სტენოკარდიითა და შაქრიანი დიაბეტით.

11. ა.ა–ისა და ს.ლ–ის შემოსავალს წარმოადგენს სახელმწიფო პენსია.

12. მოპასუხის და, ნ.ა–ი მუშაობდა შპს „აკადემიკოს გ.ჩ–ძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში“ და მისი საშუალო ხელფასი შეადგენდა 300 ლარს. 2020 წლის 29 აპრილიდან იგი თანამდებობიდან გათავისუფლდა.

13. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით (სამოქალაქო საქმე N2/9079-06) მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად დაკისრებული თანხის - 200 ლარის გაზრდა 1400 ლარამდე.

14. მოსარჩელის განმარტებით, სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდგომ საგრძნობლად შეიცვალა არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა და საჭიროებები. კერძოდ, ასაკის მატებასთან ერთად, გაუარესდა მისი ფსიქოლოგიურ-ნერვული მდგომარეობა; გაიზარდა მისთვის საჭირო როგორც საკვებისა და მედიკამენტების ღირებულება, ისე აუცილებლად ჩასატარებელი თერაპიების ოდენობა; უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში გაუარესდა არასრულწლოვნის ქცევა და გახდა უმართავი, ახასიათებს სპონტანური აგრესიულობა; სასწავლო კურსის ასათვისებლად ესაჭიროება პერსონალური დახმარება და უწყვეტი მეთვალყურეობა. შესაბამისად, ალიმენტის სახით მოპასუხისათვის დაკისრებული 200 ლარი არასრულწლოვნის საჭიროებების უზრუნველსაყოფად არ არის საკმარისი. ამასთან, მოსარჩელე არასრულწლოვნის დაბადების დღიდან უმუშევარია და ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და იმის გათვალისწინებით, რომ მას უწყვეტი მეთვალყურეობა ესაჭიროება, მის მიერ მუშაობის დაწყება ამ ეტაპზე წარმოუდგენელია. მოსარჩელემ ბავშვის ყოველდღიური საჭიროებების უზრუნველსაყოფად უკვე გაასხვისა მისი ოჯახის კუთვნილი უძრავი ქონება, თუმცა ეს თანხები არ არის საკმარისი მისი მკრუნალობისა და თერაპიული კურსებისათვის. რაც შეეხება მოპასუხეს, მას აქვს სტაბილური, მაღალანაზღაურებადი სამსახური სს „ლ.ბ–ში“.

15. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და დაეთანხმა ალიმენტის გადახდას 250 ლარის ოდენობით, ხოლო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დაეთანხმა ალიმენტის გაზრდას 100 ლარით.

16. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა შეიცვალა და მას შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისრა 850 ლარის გადახდა, 2020 წლის 21 იანვრიდან მის სრულწლოვანებამდე.

17. მხარეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივრები. მოსარჩელემ მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება; ხოლო, მოპასუხემ გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის 300 ლარით განსაზღვრა.

18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ხოლო, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა და მას შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის - ყოველთვიურად 600 ლარის გადახდა, 2020 წლის 21 იანვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

19. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე გადაწყვეტილების 1-12 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

20. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდის ან შემცირების საფუძველს წარმოადგენს ალიმენტვალდებული მშობლის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, ამ შემთხვევაშიც, მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინება აუცილებელია. არ შეიძლება მშობლისათვის იმგვარი საალიმენტო ვალდებულების დაკისრება, რომლის შესრულებასაც იგი ვერ შეძლებს.

21. სააპელაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ ალიმენტის სახით მოთხოვნილი თანხა, 1400 ლარი არასრულწლოვნის ყოველთვიურ საჭიროებებს შეესაბამება, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, სადავოა მხოლოდ ბავშვის საჭიროებების შესაბამისობა მოპასუხის შემოსავალთან და ოჯახურ მდგომარეობასთან. დადგენილია, რომ 2007 წელს მოპასუხის ყოველთვიური ხელფასი იყო 905 ლარი, ხოლო ამაჟამად მისი ხელფასი 3000 ლარს შეადგენს. ამავდროულად, სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციითა და სს „ლ.ბ–ის“ მიერ გაცემული ცნობით დგინდება, რომ თანამდებობრივი სარგოს გარდა, მოპასუხე ხელფასის სახით იღებს დამატებით თანხასაც. კერძოდ, სს „ლ.ბ–ის“ 20.07.2020წ. ცნობის მიხედვით, მოპასუხეს 2019 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით ხელფასის სახით დაერიცხა 44 847,13 ლარი, საიდანაც დაუკავდა საშემოსავლო გადასახადი - 8 419 ლარი. დარიცხული თანხა მოიცავდა დარიცხულ: ხელფასს - 39 660,88 ლარს, დაზღვევის თანხას - 699 ლარს და სამივლინებოდ გაცემულ საწვავის თანხას - 4 487,25 ლარს. შესაბამისად, ნათელია, რომ მოპასუხის მიერ ხელფასის სახით მიღებულმა ყოველთვიურმა შემოსავალმა შეადგინა - 39 660,88/12=3 305,07 ლარი, საიდანაც საშემოსავლო გადასახადის დაკავების შემდეგ, მან ყოველთვიურად მიიღო 3 305,07-3305,07X20%=2644,06 ლარი.

22. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დგინდება 2007 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული მოპასუხის ხელფასი წარმოადგენდა დარიცხულ თუ ხელზე ასაღებ თანხას, თუმცა ნათელია, რომ ალიმენტის დაკისრების შემდეგ მოპასუხის შემოსავალი დაახლოებით 2,92-3,65-ჯერ გაიზარდა. დადგენილია ასევე, რომ 2007 წლის 11 იანვრის შემდეგ შეიცვალა მოპასუხის ოჯახურის მდგომარეობა. მას შეეძინა ორი შვილი, რომელთაგან ერთი თორმეტი, ხოლო მეორე შვიდი წლისაა. ამასთან, მ.ა–ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. გარდა ამისა, მოპასუხის მშობლები არიან შრომისუუნაროები. მისმა მამამ მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრების შემდეგ, ორჯერ გადაიტანა მიოკარდიუმის ინფარქტი. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მოპასუხეს მშრობლების რჩენის ვალდებულებაც გააჩნია. ხოლო, ის გარემოება, რომ შვილების რჩენაში მონაწილეობა მოსარჩელემ, ხოლო მშობლების რჩენაში - მოპასუხის დამ უნდა მიიღოს, მოპასუხეს პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შვილის მიმართ მოპასუხის საალიმენტო ვალდებულებები უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ მან სხვა სარჩენი პირების მიმართ არსებული ვალდებულებებიც შეასრულოს და საარსებოდ საჭირო შემოსავალიც დარჩეს.

23. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკის თანახმად, პირის საალიმენტო ვალდებულებები მისი შემოსავლის 50%-ს არასდროს აღემატება. მთელი შემოსავლის შვილების სასარგებლოდ განკარგვა მშობლის მორალური და არა სამართლებრივი ვალდებულებაა. თუ მოპასუხე შვილის სასარგებლოდ ყოველთვიურად 850 ლარს გადაიხდის, მას კუთვნილი ხელფასიდან 3000-20%-850=1550 ლარი დარჩება. ხოლო, თუ, ამავდროულად, იმ სხვადასხვა სახის დანამატებსაც გავითვალისწინებთ, რომელსაც მოპასუხე, სავარაუდოდ, 2019 წელს იღებდა, ეს თანხა 2644,06-850=1794,06 ლარს შეადგენს. როგორც ზემოთ ითქვა, აღნიშნული თანხით მოპასუხემ, როგორც დანარჩენი შვილების, ისე მშობლების რჩენაში უნდა მიიღოს მონაწილეობა. თითოეულ შემთხვევაში მოპასუხის ვალდებულება 300 ლარით მაინც რომ განისაზღვროს, მის მიერ გადასახდელი თანხა, ჯამში 900+850=1750 ლარს, ე.ი. საუკეთესო შემთხვევაში, შემოსავლის 66%-ზე მეტს შეადგენს. თუმცა, ვითარება, როდესაც მშობელი ერთი შვილის სარჩოდ 850 ლარს, ხოლო დანარჩენი შვილების სარჩოდ, მხოლოდ, 300-300 ლარს იხდის, არასამართლიანია. ეს კი ნიშნავს, რომ სარჩოს სამართლიანად განაწილების შემთხვევაში, მოპასუხის მთელი შემოსავალი საალიმენტო ვალდებულებების შესრულებას მოხმარდება და მას საარსებო თანხა აღარ დარჩება.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა მის შემოსავალს არ შეესაბამება. შესაბამისად, მოპასუხის შემოსავლების, მისგან სარჩოს მიღების უფლების მქონე პირებისა და არასრულწლოვნის საჭიროებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის მიერ გადასახდელი ალიმენტის გონივრულ ოდენობად ყოველთვიურად 600 ლარი მიიჩნია.

25. სააპელაციო პალატამ მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის ცალკე შემოწმება მიზანშეწონილად აღარ მიიჩნია, ვინაიდან მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა 600 ლარს მნიშვნელოვნად აღემატებოდა.

26. მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება მოითხოვა.

27. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

27.1. სასამართლომ უხეშად დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი. დარღვეულია სასამართლოში მტკიცებულების წარდგენის სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესი, კერძოდ, სსსკ-ის 102 მუხლის პირველი ნაწილი და 380-ე მუხლის მე-2 ნაწილი;

27.2. სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მოპასუხის მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ხარჯების ამსახველი მტკიცებულებები და, შესაბამისად, დადგენილად არ უნდა მიეჩნია, რომ მოპასუხის შემოსავლები მშობლების რჩენაშიც იხარჯება. მოპასუხეს პენსიონერი მშობლები რომ ჰყავს, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, ახალი გარემოება არ არის, თუმცა კონკრეტული ხარჯის თაობაზე სასამართლოს ინფორმაცია არ ჰქონია. მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას არ მიუთითებია აღნიშნული დოკუმენტების წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ;

27.3. სასამართლოს ასევე არ უნდა გაეზიარებინა მოპასუხისა და ქ.ბ–ძის სახელფასო ცნობებში ასახული ინფორმაცია და მოპასუხის შვილის, მ.ა–ის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ხარჯების ამსახველი მტკიცებულებები. მოპასუხეს არ მიუთითებია აღნიშნული მტკიცებულებების პირველი ინსტანციის სასამართლოში წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ;

27.4. სასამართლოსთვის ცნობილი იყო, რომ მოპასუხის შვილს, მ.ა–ს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. თუმცა, მოპასუხეს სსსკ-ის 102-ე, 103-ე მუხლების შესაბამისად, კონკრეტული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარუდგენია და არც აღნიშნული მტკიცებულებების წარუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ მიუთითებია შესაგებელში ან/და პირველი ინსტაციის სასამართლოში საქმის განხილვისას. სააპელაციო სასამართლოში მოპასუხემ წარადგინა მ.ა–ის ჯანმრთელობის შესახებ ცნობები, რომლებიც თითქოსდა ახალ გარემოებას მოიცავს, თუმცა არცერთი ანალიზი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ან ცნობა მიუთითებს უშუალოდ ანალიზებიდან ან ექიმის პირადი გასინჯვიდან გამომდინარე ინფორმაციას. ექიმი ყოველ ჯერზე გადმოსცემს მშობლების მონათხრობს, ექიმის მითითებით, როგორც მას მშოლებმა განუცხადეს, მ.ა–ს აღენიშნებოდა გულყრა-ცნობიერების დაბინდვით. აღნიშნული არ არის საკმარისი დასკვნისთვის, რომ მ.ა–ის მდგომარეობა გაუარესდა ან მას დამატებით აუცილებლად ესაჭიროება კონკრეტული მკურნალობა და ხარჯები, პაციენტის ცნობიერება ნათელი და ადეკვატურია;

27.5. სასამართლომ მტკიცებულებების წარუდგენლობის საპატიო მიზეზად პანდემია დაასახელა, თუმცა სასამართლოს არცერთ ეტაპზე შეუწყვიტავს დოკუმენტაციის მიღება ელექტრონული საშუალებით. თუ დავაკვირდებით პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელისა და შესაგებლის წარდგენის პერიოდსა და ვადებს, ასევე COVID 19-ის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების ვადებს, დავრწმუნდებით, რომ მოპასუხის არგუმენტაცია მტკიცებულებების წარუდგენლობის შესახებ არარეალურია და საპროცესო კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდის;

27.6. მოსარჩელემ სარჩელი სასამართლოში 2020 წლის 20 იანვარს შეიტანა, შესაბამისად, მოპასუხეს საკმარისი დრო ჰქონდა იმისათვის, რომ აღნიშნული მტკიცებულებები მოეპოვებინა და სასამართლოში პანდემიის დაწყებამდე წარედგინა;

27.7. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში საერთოდ არ შეეხო მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს, გადაწყვეტილება, საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით, ამ მტკიცებულებებს დააფუძნა და განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვის ინტერესების საზიანოდ გამოიყენა;

27.8. გარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმების დარღვევისა, სააპელაციო სასამართლომ არ მოახდინა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების ადეკვატური შეფასება;

27.9. სასამართლომ დაასკვნა, რომ არასრულწლოვნის სასარგებლოდ მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის, 850 ლარის ძალაში დატოვების შემთხვევაში, მოპასუხეს თავისი შემოსავლის პირობებში დანარჩენი 2 შვილისთვის 300-300 ლარი დარჩება, რაც არასამართლიანია. სასამართლოს აღნიშნული ლოგიკა იმთავითვე მცდარია და არ შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესების კონცეფციას. სასამართლომ ამ კალკულაციის დროს მხედველობაში არ მიიღო შემდეგი მნიშვნელოვანი გარემოებები: პირველი - ბავშვის საუკეთესო ინტერესი თითოეული ბავშვის ინდივიდუალური მოთხოვნილებებიდან და საჭიროებებიდან დგინდება, შესაბამისად, არასწორია არასრულწლოვნის, ნ.ა–ისა და მ.ა–ის საჭიროებების გათანაბრება. ნ.ა–ი, როგორც საქმის მასალებიდან იკვეთება, განსხვავებული საჭიროებების მქონე ბავშვი არ არის და მისი ჯანმრთელობის ან სხვა ტიპის განსაკუთრებული, არაორდინალური მოთხოვნილებების შესახებ მოპასუხეს არ მიუთითებია. ხოლო, რაც შეეხება მ.ა–ს, სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების გაზიარების შემთხვევაშიც კი, ნათელია, რომ მისი მკურნალობის ყოველთვიური ხარჯი 200 ლარიც არ არის. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოპასუხე სარგებლობს ოჯახური დაზღვევის სერვისით, რომელსაც ხელფასიდან ავტომატურად იხდის;

27.10. გარდა ამისა, მოსარჩელისგან განსხვავებით, მოპასუხის მეუღლე - ქ.ბ–ძე დასაქმებულია და ასევე უზრუნველყოფს შვილების მოვლა - პატრონობას. მოსარჩელე ვერასდროს იმუშავებს, რადგან არასრულწლოვანს სტანდარტული აუტიზმის დიაგნოზის გარდა, მწვავე აგრესიულობა და ფსიქოზური ქცევები ახასიათებს. იგი ვერ უწევს კონტროლს საკუთარ ქმედებებს, სცემს დედას, მოხუცებულ ბებიას და უფრო მეტად აგრესიული ხდება, თუ მასთან უცხო ადამიანები მიდიან. ახასიათებს უკონტროლო მოთხოვნილებები: ჭამის, კონკრეტული ნივთის ქონის და სხვა, ვერ აანალიზებს არქონის/ვერქონის მიზეზებს, იწყებს ნივთების მტვრევას და ყვირილს, რომელიც საათობით გრძელდება. გაუსაძლისია ამ მდგომარეობაში მყოფი მოზარდის კონტროლი და მოვლა, მას აუცილებლად სჭირდება სპეციალური ცოდნის მქონე სპეციალისტის დახმარება, მაგრამ აღნიშნულის შესაძლებლობა არ არსებობს. მდგომარეობა მართლაც უმძიმესია და სწრაფი ტემპით რეგრესირდება. სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელემ წარადგინა ვიდეო მასალა, სადაც ნათლად ჩანს არასრულწლოვნის უეცრად გამოვლენილი ქცევის მოდელი, რომელიც მხოლოდ მშობლის გადმოცემით არ არის აღწერილი, არამედ ფაქტია და მცირედ წარმოდგენას მაინც ქმნის რეალურ სურათზე;

27.11. მოპასუხემ ბავშვის მამობაც კი უარყო და მხოლოდ სასამართლო წესით მოხდა მამობის დადგენა. მას არ სურს ბავშვის ნახვა, მასზე მზრუნველობა, მას ბავშვის დანახვის ეშინია;

27.12. ქვედა ინსტანციების სასამართლოებში წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ არასრულწლოვნის განსაკუთრებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად 600 ლარი საკმარისი არ არის. დღემდე მოპასუხე იხდის იძულებით დაკისრებულ ალიმენტს - 200 ლარის ოდენობით, რომელიც ერთი დღეც არ ჰყოფნის ბავშვის საჭიროებებს;

27.13. საქმეში წარდგენილია მტკიცებულებები, ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, სადაც ნათლად ჩანს, რომ მოსარჩელემ გაასხვისა მემკვიდრეობით მიღებული ქონებები და დღეს საცხოვრებლის გარდა აღარაფერი გააჩნია. ბავშვის ღირსეული ყოფისა და საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მინიმუმ 850 ლარი კრიტიკულად აუცილებელია;

27.14. მოპასუხის პენსიონერი მშობლების რჩენის ვალდებულება მათ მეორე შვილს, ნ.ა–საც თანაბრად აკისრია, რომელიც ცხოვრობს მათთან ერთად, არის ჯანმრთელი და თავისუფალი შესაძლებლობების მქონე.

28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

29. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

30. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მოპასუხისათვის (მამა) სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გაზრდილი ოდენობის მართლზომიერება.

31. კასატორი დავობს, რომ არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი რჩენა-აღზრდისა და ინდივიდუალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა - 600 ლარი საკმარისი არ არის. აღნიშნულისათვის საჭიროა ყოველთვიურად მინიმუმ 850 ლარი.

32. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობის გაზრდის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

33. კანონის მოხმობილი ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა მუდმივი არ არის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის შემცირებას ან პირიქით, მის გაზრდას, ხოლო ამის საფუძვლად განიხილავს – ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლაში იგულისხმება ალიმენტის დაკისრების შემდეგ ისეთი ახალი გარემოებების წარმოშობა, რომლებიც აშკარა გავლენას ახდენს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალურ და ოჯახურ მდგომარეობაზე, მაგალითად, შემოსავლების შემცირება/გაზრდა, ჯანმრთელობის გაუარესება, კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდა, ან შემცირება და სხვა (იხ. სუსგ საქმე №ას-303-290-2015, 13 მაისი, 2015 წელი; №ას-284-2019, 27 ივნისი, 2019 წელი).

34. მითითებული საკანონმდებლო დანაწესი გამომდინარეობს თავად ალიმენტის მიზნიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1213-ე და 1214-ე მუხლებით კანონი ადგენს მშობლის ვალდებულებას, იზრუნოს თავის შვილზე, რაც გულისხმობს მისი მატერიალურად უზრუნველყოფის მოვალეობას. არასრულწლოვნის რჩენისათვის აუცილებელი მინიმალური ოდენობის დადგენისას გაითვალისწინება მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებები, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა. შესაბამისად, იმ მშობლის ფინანსური თუ ოჯახური მდგომარეობის შეცვლამ, რომელიც ალიმენტს იხდის, შესაძლოა, განაპირობოს სასამართლოს მიერ ალიმენტის ოდენობაში ცვლილების შეტანა (იხ. სუსგ საქმე №ას-617-585-2014, 30 დეკემბერი, 2014 წელი).

35. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებელი არასრულწლოვნის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა: მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა. სწორედ ამ მიზნით, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის, აგრეთვე, გაზრდის საკითხის განხილვისას, უპირატესად უნდა განისაზღვროს ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც დგინდება მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროების ურთიერთშეჯერებით, ამ უკანასკნელის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით. გონივრულობის აღნიშნული სტანდარტის განსასაზღვრად სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით, რომელიც ადგენს არასრულწლოვანი შვილების რჩენის მოვალეობას, იმავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლითაც დადგენილია მშობლების ვალდებულება შვილების აღზრდის, ზრუნვის, ფიზიკური, სულიერი თუ გონებრივი განვითარების ასპექტში და 1214-ე მუხლით, რომელიც შვილებზე ზრუნვის საკითხში მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ითვალისწინებს დავის სასამართლო წესით გადაწყვეტას, როდესაც, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმად დადგენილია როგორც მშობლის, ასევე - შვილის რეალური მატერიალური შესაძლებლობა და საჭიროება, თუმცა ამოსავალ პრინციპს მაინც ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება და მისთვის ოჯახური გარემოს შექმნა წარმოადგენს და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია (იხ. სუსგ საქმე №ას-621-2019, 11 ივლისი, 2019 წელი; №ას-177-2019, 23 მაისი, 2019 წელი; №ას-284-2019, 27 ივნისი, 2019 წელი).

36. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით; ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის დროისათვის მოპასუხის შრომის ანაზღაურება შეადგენდა ყოველთვიურად 905 ლარს; დადგენილია ასევე, რომ ამჟამად მოპასუხე მუშაობს სს „ლ.ბ–ში“ და მისი ყოველთვიური დარიცხული ხელფასი შეადგენს 3000 ლარს; მოპასუხე ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს გარდა, იღებს დანამატს. ამდენად, ცხადია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდგომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის გაზრდის წინაპირობას წარმოადგენს.

37. თუმცა, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისათვის ასევე მნიშვნელოვანია წინამდებარე საქმეში დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოპასუხეს გარდა მოსარჩელესთან საერთო შვილისა, ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, რომელთა რჩენის ვალდებულება მას იგივე მოცულობით აკისრია; ამასთან, დადგენილია, რომ მათგან ერთ-ერთ აქვს ჯანმრთელობის პრობლემა - მისი მარცხენა თირკმელი არ ვიზუალირდება, თუმცა მოპასუხეს არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მას აღნიშნულის გამო ესაჭიროება რაიმე სახის მკურნალობა და დამატებითი ხარჯების გაწევა; გარდა ამისა, მოპასუხეს ჰყავს პენსიონერი მშობლები, რომელთა შემოსავალს წარმოადგენს მხოლოდ სახელმწიფო პენსია და მათი რჩენის მოვალეობა ასევე ეკისრება მოპასუხეს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად [შვილები მოვალენი არიან იზრუნონ მშობლებისათვის და დაეხმარონ მათ].

38. მოცემულ შემთხვევაში განსაკუთრებით ყურადღსაღებია თავად არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის გამოც მისი რჩენა-აღზრდისა და ინდივიდუალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ჩვეულებრივზე მეტი სახსრებია ესაჭიროება. კერძოდ, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, არასრულწოვანს დაუდგინდა მსუბუქი გონებრივი განვითარების ჩამორჩენა, ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით, რომელიც მოითხოვს ყურადღებას და მკურნალობას. იგი არის სხვა პირის მუდმივი დახმარების საჭიროების მქონე. გარდა ამისა, არასრულწლოვანს აქვს მე-2 ხარისხის სქოლიოზი. კასატორის განმარტებით, არასრულწლოვანს სტანდარტული აუტიზმის გარდა, მწვავე აგრესიულობა და ქცევები ახასიათებს. იგი ვერ უწევს კონტროლს საკუთარ ქმედებებს, არის აგრესიული ოჯახის წევრების მიმართ, ხოლო უცხო ადამიანების მიმარ კიდევ უფრო აგრესიული ხდება. ახასიათებს უკონტროლო მოთხოვნილებები ჭამის, ნივთების ქონის და სხვა. ვერ აანალიზებს არქონის/ვერქონის მიზეზებს, იწყებს ნივთების მტვრევას და ყვირილს, რომელიც საათობით გრძელდება. ბავშვის მუდმივ მეთვალყურეობასა და მოვლას დედა ახორციელებს, რის გამოც იგი მოკლებულია შესაძლებლობას იმუშაოს და დამატებით სახსრები მოიძიოს შვილის რჩენა-აღზრდისათვის.

39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის ყოველთვიური შემოსავლის, არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს ჰყავს სხვა არასრულწლოვანი შვილები და პენსიონერი მშობლები, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხისათვის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობა უნდა გაიზარდოს და მისი ოდენობა განისაზღვროს ყოველთვიურად 750 ლარით. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ალიმენტის აღნიშნული ოდენობა გონივრულია და შეესაბამება, როგორც მშობლის, ისე შვილის რეალურ მატერიალურ და ოჯახურ მდგომარეობას, ასევე, მის ინდივიდუალურ საჭიროებებს.

40. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას მოპასუხის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების საქმეზე დართვასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლისა და 382-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. ამასთან, სააპელაციო სასამართლო მიიღებს ახლად წარმოდგენილ მტკიცებულებებს, თუ მათ მნიშვნელობა აქვთ საქმისათვის, 380-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

41. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმა წარმოადგენს ე.წ. „შეზღუდული აპელაციის“ პრინციპის განმსაზღვრელ ნორმას და სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ახალ ფაქტებზე მითითებისა და ახალი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ საგამონაკლისო წესით, საპატიო მიზეზის არსებობისას. თავის მხრივ, მტკიცებულების წარდგენის საპატიოობაც სრულად უნდა შეესაბამებოდეს ამავე კოდექსით დადგენილ სტანდარტს (სსსკ-ის 215.3 მუხლი), რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს პროცესის ფუნდამენტური პრინციპები (იხ. სუსგ საქმე №ას-123-123-2018, 09 ნოემბერი, 2018 წელი). ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ მტკიცებულებებს მნიშვნელობა ჰქონდეთ საქმის განხილვისთვის.

42. გარდა ამისა, ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ დავებში, ბავშვის საუკეთესო ინტერესების კვლევისას სასამართლო ხელმძღვანელობს საოჯახო დავების განხილვისთვის დამახასიათებელი ინკვიზიციურობის პრინციპით, რაც დასადგენ გარემოებათა წრის სასამართლოს ინიციატივით განსაზღვრაში და მტკიცებულებათა გამოთხოვაში გამოიხატება (სსსკ-ის 354-ე მუხლის პირველი ნაწილი).

43. მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ პირველ ინსტანციაში წინამდებარე დავის განხილვის პერიოდი დაემთხვა COVID-19-ის, ახალი კორონვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ პანდემიასა და შეზღუდვებს, ამასთან, განსახილველი დავა დაკავშირებულია არასრულწლოვნის უფლებებთან, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოპასუხის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები საქმეს მართებულად დაერთო.

44. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს ამგვარი საფუძვლები, შესაბამისად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.

45. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ; შეიცვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა და მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის, ყოველთვიურად 750 ლარის გადახდა 2020 წლის 21 იანვრიდან მის სრულწლოვანებამდე.

46. მოპასუხის/მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე [საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები] და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. იმავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. დასახელებული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ქვითრების ასლები), მთლიანობაში „2“ ფურცლად (ტ. 1. ს.ფ. 421-422).

47. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამასთან, იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

48. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ მოპასუხისათვის ალიმენტის სახით დაკისრებული 200 ლარის 1400 ლარამდე გაზრდა. ამდენად, დავის საგნის ღირებულება, სსსკ-ის 41.1.გ მუხლის შესაბამისად, შეადგენდა 14 400 ლარს (1200 ლარი x 12 თვეზე). მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და დაეთანხმა ალიმენტის ოდენობის 100 ლარით გაზრდას.

49. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ალიმენტის ოდენობა განისაზღვრა 750 ლარით, ანუ მისი ოდენობა გაიზარდა 550 ლარით. ამდენად, დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის 45,83%.

50. მოსარჩელე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად [სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან: მოსარჩელეები – ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე], გათავისუფლებული იყო სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად მის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 197,98 ლარის (14 400 ლარის 3% არის 432 ლარი, რომლის 45,83% შეადგენს 197,98 ლარს), გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

51. თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო ალიმენტის 100 ლარით გაზრდის ნაწილში, ანუ სარჩელი ცნო 1200 ლარის ფარგლებში (100x12). ამდენად, მოპასუხე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან [თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს იგი მთლიანად თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან] გამომდინარე, უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის იმ ნაწილის გადახდისაგან, რომელიც მან ცნო. კერძოდ, მის მიერ გადასახდელ სახელმწიფო ბაჟს 197,98 უნდა გამოაკლდეს 36 ლარი (1200 ლარის 3%) და საბოლოო მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 161,98 ლარი.

52. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ორივე მხარემ. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, ვინაიდან იგი გათავისუფლებულია წინამდებარე საქმეზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მის მიერ გასაწევ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

53. რაც შეეხება მოპასუხის სააპელაციო საჩივარს, მის სააპელაციო მოთხოვნას წარმოადგენდა მისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობის - 850 ლარის 550 ლარით შემცირება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენდა 6 600 ლარი (550 ლარი x 12 თვეზე). საკასაციო სასამართლოში დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, მოპასუხის სააპელაციო მოთხოვნა დაკმაყოფილდა 1200 ლარის ნაწილში (100 (850-750) x 12), ანუ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნის 18,18%. მოპასუხემ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 264 ლარი, რომლის 18,18% შეადგენს 47,99 ლარს და რაც უნდა დაეკისროს მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ.

54. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა ალიმენტის ოდენობის 850 ლარით განსაზღვრა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოში დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 3000 ლარს (250 x 12). საკასაციო სასამართლოში დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, მოსარჩელის საკასაციო მოთხოვნა დაკმაყოფილდა 1800 ლარის (150 x 12) ნაწილში, ანუ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნის 60%.

55. მოსარჩელე გათავისუფლებული რომ არ ყოფილიყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1.გ, 39.2 და 14.გ მუხლებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა გადაეხადა 150 ლარი. შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 150 ლარის 60%, რაც 90 ლარს შეადგენს.

56. ამგვარად, საბოლოო ჯამში, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 251,98 (161,98+90) ლარის გადახდა. ხოლო, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 47,99 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. მ.ც–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. მ.ც–ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. შეიცვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით გ.ა–ისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა და გ.ა–ს შვილის, 2005 წლის 15 ნოემბერს დაბადებული თ.ა–ის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის, ყოველთვიურად 750 ლარის გადახდა 2020 წლის 21 იანვრიდან თ.ა–ის სრულწლოვანებამდე;

5. გ.ა–ს (პ/ნ: ......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) დაეკისროს 251,98 ლარის გადახდა;

6. მ.ც–ძეს (პ/ნ: ...........) გ.ა–ის (პ/ნ: ..........) სასარგებლოდ დაეკისროს 47,99 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

7. გ.ა–ს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ქვითრების ასლები), მთლიანობაში „2“ ფურცლად (ტ. 1. ს.ფ. 421-422);

8. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი