საქმე №ას-159-2021 30 ნოემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – კ.დ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – პ.ი–ვა (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით კ.დ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა, რომ გამოთხოვილ იქნას პ.ი–ვას (შემდგომში - „მოპასუხე“) მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი ღვინის 4 ერთეული ცისტერნა (ავზი).
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
4. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. მხარეთა შორის დაიდო მოძრავი ნივთების - 4 ცალი ავზის ნასყიდობის თაობაზე ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, გამყიდველმა - მოსარჩელემ ნასყიდობის საგანი გადასცა მყიდველს - მოპასუხეს ფაქტობრივ მფლობელობაში, რაც დავის განხილვისას კვლავ მყიდველის მფლობელობაშია;
4.2. შსს წყალტუბოს რაიონული სამმართველოდან მოსარჩელის შუამდგომლობით გამოთხოვილ, მოპასუხის განცხადების საფუძველზე წარმოებულ მოკვლევის მასალებში, მოპასუხის გამოკითხვის ოქმებში დაფიქსირებულია, რომ 2017 წლის აპრილის თვეში მოსარჩელესთან სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე შეიძინა 4 ცალი 50-ტონიანი ავზი, რაშიც შეთანხმებისამებრ გადაიხადა 5000 აშშ დოლარი. როდესაც მოსარჩელემ მასთან სოფ. ....... მიიტანა ავზები, დამატებით მოსთხოვა 15000 აშშ დოლარი, რასაც მოპასუხე არ დაეთანხმა და განუმარტა, რომ ასეთზე შეთანხმება არ ყოფილა და, თუკი არ სურდა ავზების ძველი შეთანხმებისამებრ დატოვება, დაებრუნებინა მისთვის გადაცემული 5000 აშშ დოლარი და ავზები უკან წაეღო ან საწარმოს ამუშავების შემდეგ, ნაწილ-ნაწილ გადაუხდიდა თანხას, რასაც მოსარჩელე არ დაეთანხმა. პოლიციის სამმართველოში ამ საკითხზე დავის მოგვარებაში დახმარებას ითხოვდა მოპასუხე (ს.ფ. 144-146);
4.3. შსს წყალტუბოს პოლიციის რაიონულ სამმართველოში მოსარჩელის გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებულია, რომ მოპასუხესთან ზეპირსიტყვიერად შეთანხმდა მისი კუთვნილი 4 ცალი 50-ტონიანი ავზის 36000 აშშ დოლარად მიყიდვაზე. ნასყიდობის საფასური მყიდველს (მოპასუხე) უნდა გადაეხადა 2017 წლის 30 მაისამდე. რაც შეეხება ტრანსპორტირების თანხას, 3000 ლარი წინასწარ გადაუხადა, რაც არ აღმოჩნდა საკმარისი და მოპასუხემ დამატებით 1400 ლარი გადაუხადა მძღოლებს. მიუხედავად შეთანხმებისა, მყიდველმა 2017 წლის 30 მაისს ნასყიდობის თანხა არ გადაუხადა და მოსარჩელეს განუცხადა, რომ თუკი არ აცდიდა თანხის გადახდას, უკან გადაეცა ბე - 4200 ლარი და ავზები დაებრუნებინა, რასაც მოსარჩელე არ დაეთანხმა, ვინაიდან, თავის მხრივ, ეს ავზები ნაყიდი ჰქონდა ვალით და სურდა მოპასუხეს დაეტოვებინა ავზები და მისთვის გადაეხადა თანხა. შესაბამისად, მოპასუხეს მისი ვალი აქვს 36000 აშშ დოლარი, რაც შეეხება ბეს სახით მიცემულ 4200 ლარს, ამ თანხით გაისტუმრა ავტომანქანის მძღოლები, ამასთან, სიტყვიერი შეთანხმების თანახმად, ბეს თანხა უნდა გამოაკლდეს ძირითად თანხას. თუ მოპასუხე გაუქვითავს მას თანხას, ის თანახმაა უკან წაიღოს ავზები, წინააღმდეგ შემთხვევაში ითხოვს 36000 აშშ დოლარის სრულად გადახდას (იხ. ს. ფ. 147-149);
4.4. შსს წყალტუბოს პოლიციის რაიონულ სამმართველოში 2017 წლის 8 სექტემბერს მოპასუხის გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებულია, რომ მასსა და მოსარჩელეს შორის მოხდა სიტყვიერი შეთანხმება მასზედ, რომ მოსარჩელე თანახმაა ნაწილ-ნაწილ გადაუხადოს (მოპასუხემ) თანხა, რომელიც ჯამში შეადგენს 20000 აშშ დოლარს, მათ შორის ყოველგვარი კონფლიქტი ამოწურულია და მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია (იხ. ს. ფ. 157-158);
4.5. წარმოდგენილი სარჩელით, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე (იხ. 2018 წლის 08 ოქტომბრის სხდომის ოქმი 16:19:06) და სააპელაციო სასამართლოში დავის განხილვისას მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სარჩელი არის ვინდიკაციური, ითხოვენ უკანონო მფლობელობიდან საკუთარი ნივთების გამოთხოვას, ვინაიდან ვალდებულება დღემდე არ არის შესრულებული, თანხა გადახდილი არ არის, რაც ადასტურებს, რომ ამ ნივთების მესაკუთრე კვლავ მოსარჩელეა.
5. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისაგან მოძრავი ნივთების (ავზების) დაბრუნებას იმ ფაქტზე მითითებით, რომ ნასყიდობის საგნის საფასური მოპასუხეს არ გადაუხდია, რის გამოც ამ ნივთებზე მისი, როგორც გამყიდველის, საკუთრების უფლება კვლავ არსებობდა და, როგორც მესაკუთრეს, წარდგენილი ჰქონდა ვინდიკაციური მოთხოვნა. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ნასყიდობის თანხა გადახდილი ჰქონდა.
6. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის დადებულია ზეპირი ფორმის ნასყიდობის ხელშეკრულება. გამყიდველმა - მოსარჩელემ ნასყიდობის საგანი - 4 ცალი 50-ტონიანი ავზი (მოძრავი ნივთები) მიაწოდა/გადასცა მყიდველს - მოპასუხეს, მის მიერ მითითებულ მისამართზე. სსკ-ის 477-ე და 186-ე მუხლების საფუძველზე, პალატამ მიიჩნია, რომ სადავო მოძრავი ნივთების - 4 ცალი 50-ტონიანი ავზის მესაკუთრე დავის განხილვისას მოპასუხეა, ვინაიდან მესაკუთრემ - მოსარჩელემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცა შემძენს ნივთი. შესაბამისად, მოსარჩელის მსჯელობა, რომ იგი წარმოადგენს ამ მოძრავი ნივთების მესაკუთრეს და, როგორც მესაკუთრე, სსკ-ის 170-ე-172-ე მუხლების საფუძველზე ითხოვს მოპასუხის უკანონო მფლობელიდან ამ ნივთების გამოთხოვას, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია.
7. სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა, რომ მოსარჩელის (გამყიდველი) სასარჩელო მოთხოვნა არ გამომდინარეობდა სსკ-ის 405-ე და 352-ე მუხლებით მინიჭებული უფლებიდან, მისი მხრიდან მოთხოვნა წარდგენილი არ ყოფილა ხელშეკრულებიდან გასვლისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის საფუძვლით, რასაც ადასტურებს თავად სარჩელის შინაარსი, სადაც მითითებული არ ყოფილა სსკ-ის 405-ე მუხლის სავალდებულო პირობები, კერძოდ, თუ რატომ დაკარგა ინტერესი ნასყიდობის საფასურის მიღებაზე, თუკი გადახდას ადგილი არ ჰქონია, ასევე მითითებული არ ყოფილა ხელშეკრულებიდან გასვლამდე მყიდველისათვის დამატებითი ვადის დაწესების თაობაზე (მაშინ როდესაც გამოძიების მასალებში დაფიქსირებულია ნასყიდობის საფასურის ნაწილ-ნაწილ გადახდის პირობა). გამომდინარე აქედან, სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულებიდან გასვლის მოტივზე და ამ საფუძვლით ნასყიდობის საგნის დაბრუნებაზე.
8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
11. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
12. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
13. საკასაციო საჩივრის თანახმად:
13.1. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხე მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ფაქტობრივად სრულად ცნო, ყველა ფაქტობრივ გარემოებაზე მიუთითა - „ვეთანხმები“;
13.2. მოპასუხე მხარეს არც პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელსა და არც სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია, რომ მოსარჩელემ საკუთრების უფლება დაკარგა მოძრავ ნივთებზე და მან მოიპოვა ეს უფლება. იგი მფლობელობის უფლებას აღიარებდა, შესაგებლით კი უკანონო მფლობელობის ფაქტს დაეთანხმა;
13.3. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ საკუთრების უფლება მოძრავ ნივთებზე შეინარჩუნა თანხის მიღებამდე.
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ [სსსკ-ის 3.1 მუხლი]. მოცემული ნორმა ნების ავტონომიის საპროცესო გამოხატულებაა, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპზე დაყრდნობით ყოველი პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ დაირღვა მისი უფლება, თავად წყვეტს ამ უფლების სასამართლო წესით დაცვას საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, თავად განსაზღვრავს დავის საგანს და იმას, თუ რა ფაქტებსა და გარემოებებზე დაამყაროს მოთხოვნა. სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები [სსსკ-ის 4.1. მუხლი]. ამდენად, როგორც სასამართლოში დავის დაწყება, ისე მოთხოვნის ჩამოყალიბება თუ დავის საგნის განსაზღვრა, მხოლოდ მხარის პრეროგატივაა.
15. სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მიერ აღძრული ვინდიკაციური სარჩელი, რადგან სახეზე არ არის სსკ-ის 172.1. მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა [მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება].
17. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის დაიდო მოძრავი ნივთების - 4 ცალი ავზის ნასყიდობის თაობაზე ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, გამყიდველმა - მოსარჩელემ ნასყიდობის საგანი გადასცა მყიდველს - მოპასუხეს ფაქტობრივ მფლობელობაში, რაც დავის განხილვისას კვლავ მყიდველის მფლობელობაშია.
18. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება [სსკ-ის 477-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები]. ნასყიდობის ხელშეკრულება კონსენსუალურია და იგი დადებულად ითვლება მის ყველა არსებით პირობაზე საამისოდ დადგენილი ფორმით მხარეთა შეთანხმების მომენტიდან. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალაში შესვლა ნივთის გადაცემაზე დამოკიდებული არ არის. ამასთან, ხელშეკრულების მიზანი და ინტერესი, რასაკვირველია, საკუთრების უფლების გადაცემაშია და იგი, მისი შინაარსიდან გამომდინარე, სწორედ უფლების გადაცემას ემსახურება. ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულება მოიცავს როგორც ვალდებულებით (მხარეები თანხმდებიან ხელშეკრულების პირობებზე), ისე სანივთო (გარიგებით საკუთრების უფლების განკარგვა და გადაცემა ხდება) გარიგების ელემენტებს და იგი, როგორც ერთიანი ხელშეკრულება, ერთობლივად უნდა იქნეს განხილული (იხ. სუსგ საქმე №ას-405-2021, 29 ივნისი, 2021 წელი).
19. მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ნივთის გადაცემად ითვლება შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში [სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები].
20. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე არ წარმოადგენს სადავო მოძრავი ნივთების მესაკუთრეს და, შესაბამისად, მას არ აქვს უფლება გამოითხოვოს ისინი მოპასუხის მფლობელობიდან, ხოლო, ვინაიდან სარჩელი აღძრული არ ყოფილა ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველზე ნასყიდობის საგნის დაბრუნების მოთხოვნით, სააპელაციო პალატამ მართებულად არ იმსჯელა აღნიშნულ საფუძველზე.
21. რაც შეეხება საკასაციო პრეტენზიას, რომ მოპასუხემ სარჩელი ფაქტობრივად ცნო და შესაგებლით უკანონო მფლობელობის ფაქტს დაეთანხმა, საკასაციო სასამართლო მოპასუხე მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებლის შესწავლის შედეგად აღნიშნავს, რომ მოპასუხე მხარე არ ეთანხმება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ იმ ფაქტობრივ გარემოებას (იხ. მე-4 ფაქტობრივი გარემოება, ტ. 1, ს.ფ. 4), რომ სადავო მოძრავი ნივთები წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას და იმყოფება მოპასუხის უკანონო მფლობელობაში ამ დრომდე (იხ. შესაგებელი, ტ. 1. ს.ფ. 99). ამასთან, შესაგებელში მოპასუხე არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და განმარტავს, რომ მოსარჩელეს მოპასუხისგან მიღებული აქვს ცისტერნების ღირებულების და მათი გადმოზიდვის ფასის თანხაზე ბევრად მეტი (იხ. შესაგებელი, ტ. 1. ს.ფ. 100). შესაგებლის გრაფაში: „თანახმა ხართ თუ არა, რომ საქმე დაამთავროთ მორიგებით?“, მოპასუხე აღნიშნავს: „არა, რადგან მოსარიგებელი არაფერია, სადავო საგანი შესყიდული გვაქვს“, ხოლო გრაფაში: „თანახმა ხართ თუ არა, რომ საქმე გადაეცეს სასამართლო მედიაციას?“, აღნიშნავს: „არა, რადგან სადავო საგნები ჩვენი საკუთრებაა“ (იხ. შესაგებელი, ს.ფ. 102). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხეს არც სააპელაციო საჩივრით უღიარებია მოსარჩელის საკუთრების უფლება. ამდენად, საკასაციო პრეტენზია მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
23. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. კ.დ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კ.დ–ძეს (პ/ნ: ......) დაუბრუნდეს ნ.შ–ძის (პ/ნ: .........) მიერ 2021 წლის 15 მარტს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი