Facebook Twitter

საქმე №ას-163-2019 30 ივნისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა.ჩ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ს–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მოსარჩელე კომპანია“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება; მოსარჩელის სარჩელი ა.ჩ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მიმართ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7 757,68 ლარი.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 17 მარტს მოსარჩელე კომპანიის დირექტორსა და ქ. თბილისში, ....... ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბაზრობის დისტრიბუტორს, მოპასუხეს, შორის შედარების აქტი გაფორმდა, რომლითაც შეთანხმდნენ, რომ მოპასუხეს, აღწერის შედეგად, ფინანსური ანგარიშვალდებულება 17.03.2017 წლის მდგომარეობით 11 899.28 ლარი უფიქსირდება (ს.ფ. 20);

3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 2017 წლის 17 მარტის შედარების აქტი სსკ-ის 341-ე მუხლის მიზნებისთვის კონსტიტუციური ვალის აღიარება არ არის, ვინაიდან მასში ასახული არ არის მოპასუხის მკაფიო ნება ვალდებულების შესრულების თაობაზე. სასამართლოს მითითებით, შედარების აქტი ვალის აღიარებაა, თუმცა - არა კონსტიტუციური, დამდგენი, არამედ - დეკლარაციული, კაუზალური. შესაბამისად, იგი სსკ-ის 341-ე მუხლის რეგულირების რეჟიმში არ ექცევა, თუმცა, წარმოადგენს მტკიცებულებას შესრულებულ და შეუსრულებელ ვალდებულებათა არსებობის თაობაზე.

4. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 2017 წლის 17 მარტს შედგენილი წერილობითი დოკუმენტი, რომელიც შედარების აქტად არის დასათაურებული, წარმოადგენს მტკიცებულებას შესასრულებელ ვალდებულებასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ დოკუმენტის როგორც სიტყვა-სიტყვითი, ასევე გრამატიკული და ლოგიკური განმარტების შედეგად დაადგინა, რომ დოკუმენტში მითითებულ ვალდებულებაზე უფლებამოსილ პირს სწორედ მოპასუხე წარმოადგენს. აღნიშნული დოკუმენტის მარჯვენა კუთხეში მოპასუხის ხელმოწერაა ასახული, რითაც მოპასუხე, ფორმალური თვალსაზრისით, დოკუმენტის მისი თანდასწრებით შედგენას ადასტურებს და მის შინაარსს ეთანხმება. ამასთან, სააპელაციო სასამართლოში მოპასუხის მიერ განვითარებული მსჯელობა, რომ აღნიშნული ვალდებულება არა - მის პირად, არამედ მაღაზიების ვალს წარმოადგენს, დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის რელევანტურ შედავებად არ მიიჩნია პალატამ, რადგან, მისი მითითებით, გარდა იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში ამგვარი შედავება არ განხორციელებულა, ასევე სადავო დოკუმენტში ვალდებულ სუბიექტად სწორედ მოპასუხეა დაფიქსირებული და არა - სხვა რომელიმე პირი.

5. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მიერ სააპელაციო შესაგებელში განვითარებული მსჯელობა სასარჩელო მოთხოვნის სავარაუდო ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. სასამართლოს მითითებით, სადავო დოკუმენტი ვალის აღიარებას არ წარმოადგენს, შესაბამისად, სსკ-ის 341-ე მუხლის მიზნებისთვის ხანდაზმულობის ვადის თავიდან ათვლას არ იწვევს. ამასთან, სააპელაციო შესაგებელში ბუნდოვნადაა მითითებული, რომ შესაძლებელია მოთხოვნა სადავო დოკუმენტის გაფორმებისას უკვე ხანდაზმული იყო. ამგვარი შედავება სასამართლომ კვალიფიციურ შედავებად არ მიიჩნია, რადგან, მისი განმარტებით, მტკიცებას ექვემდებარება, როგორც სარჩელის, ასევე შესაგებლის საფუძვლებიც. სააპელაციო შესაგებლიდან კი სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა, კონკრეტული თარიღების მითითების გზით ან/და საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ, მართალია, მითითებული შედარების აქტი ვალის აღიარებას და შესაბამისად, სსკ-ის 341-ე მუხლის კონტექსტში ახალ გარიგებას არ წარმოადგენს, თუმცა, შედარების აქტში ვალდებული პირი მის მიმართ მოთხოვნის არსებობას ადასტურებს, რაც სსკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებული „მოთხოვნის სხვაგვარი აღიარებაა“ და, რაც მიმდინარე (და არა ამოწურულ) ხანდაზმულობის ვადას წყვეტს და მის ათვლას თავიდან იწყებს. სასამართლოს მითითებით, შესაგებლით ფაქტი მასზედ, რომ შედარების აქტში დადასტურებული მოთხოვნა უკვე ხანდაზმული იყო, განხორციელებული არ არის.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მარტის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

9. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

10. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

11. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო პრაქტიკის თანახმად (სუს 2008 წლის 3 ოქტომბრის №ას-237-498-08 განჩინება), ბუღალტრული ურთიერთშედარების აქტი სსკ-ის 341-ე მუხლის კონტექსტში ვალის აღიარებად არ მიიჩნევა. შედარების აქტით არ დგინდება, რომ მოპასუხე აღიარებს მოსარჩელის წინაშე ვალის არსებობას, არ იკვეთება მისი ნება, რომ მომავალში აპირებს თანხის გადახდას.

12. საკასაციო პალატა სადავო მტკიცებულების - შედარების აქტის სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის მიზნით ყურადღებას გაამახვილებს ვალდებულების არსებობის აღიარების საკითხზე სსკ-ის 137-ე, 144-ე და 341-ე მუხლების კონტექსტში.

13. ვალის აღიარება საკმაოდ რთული და კომპლექსური ინსტიტუტია. იგი მხარეთა ნების თავისუფალ გამოვლენას მოიაზრებს, რაც მიზნად ისახავს გარკვეული სამართლებრივი შედეგის დადგომას. სამართლებრივად რელევანტური ნება შესაძლოა, მიმართული იყოს როგორც არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებისკენ (ვალის დეკლარაციული აღიარება), ისე ახალი ურთიერთობის წარმოშობისკენ (ვალის კონსტიტუციური აღიარება). აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, გაიმიჯნოს, ვალის აღიარების რომელ სახესთან გვაქვს საქმე, რამეთუ თითოეულ მათგანს თავისი მნიშვნელობა და განსხვავებული სამართლებრივი შედეგები აქვს. სსკ-ის 341-ე მუხლი განამტკიცებს ე.წ. კონსტიტუტიურ (აბსტრაქტულ) ვალის აღიარებას, სადაც მხარეთა ნება მიმართულია ახალი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისკენ. ამ ხელშეკრულებით მოვალე აღიარებს გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას, თუმცა ამ ურთიერთობისგან დამოუკიდებლად კისრულობს კრედიტორის წინაშე გარკვეული შესრულების განხორციელებას. ანუ დგინდება ახალი, დამოუკიდებელი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, რომელიც არ არის დამოკიდებული ძველი სამართლებრივი ურთიერთობის ნამდვილობაზე. ახალი ხელშეკრულება დამოუკიდებელია მისი სამართლებრივი საფუძვლისგან და მისი მიზანი არ არის ე.წ. ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნა. ახალი ხელშეკრულების ძალით ვალდებულება შესრულებას მაშინაც ექვემდებარება, როცა ძველი ურთიერთობის არსებობა სადავო არის მხარეთათვის (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 341-ე მუხლის კომენტარი, ეკატერინე ბაღიშვილი, თბილისი, 2019, გვ. 174).

14. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ 2017 წლის 17 მარტის შედარების აქტი სსკ-ის 341-ე მუხლის მიზნებისთვის კონსტიტუციური ვალის აღიარება არ არის, ვინაიდან მასში ასახული არ არის მოპასუხის ნება ვალდებულების შესრულების თაობაზე და ამ მხრივ სააპელაციო პალატის შეფასება წინააღმდეგობაში არ მოდის კასატორის მიერ მითითებულ სასამართლო პრაქტიკასთან [იხ. სუსგ საქმე №ას-237-498-08 (3 ოქტომბერი, 2008 წელი): "ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ბუღალტრული ან სხვა თვალსაზრისით და რომელშიც ვალის არსებობაა დაფიქსირებული, ვერ ჩაითვლება ვალის არსებობის შესახებ ხელშეკრულებად, თუ არ დადგინდება, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე. ვალის არსებობის აღიარებად ასევე ვერ ჩაითვლება ძველი ვალდებულებითი ურთიერთობის ფარგლებში განხორციელებული ნებისმიერი მოქმედება ან შეთანხმება, რადგანაც ვალის აღიარება ახალი ხელშეკრულებაა. ბუღალტრული ურთიერთშედარების აქტი კი ძველი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული დოკუმენტია, რომელშიც დაფიქსირებული არაა, რომ შპს ... კისრულობს ვალდებულებას, მეორე მხარეს გადაუხადოს აქტში მითითებული თანხა"].

15. რაც შეეხება დეკლარაციულ (კაუზალურ) ვალის აღიარებას, იგი მხოლოდ ადასტურებს უკვე არსებულ ვალს, ანუ მიმართულია ძველი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებისკენ და არა ახალი ურთიერთობის დადგენისკენ. ამის საჭიროებას, ჩვეულებრივ, განაპირობებს მხარეთა შორის არსებული უთანხმოება ან გაურკვევლობა ვალდებულების არსებობის თაობაზე. დეკლარაციული აღიარების სამართლებრივი ძალა დამოკიდებულია შეთანხმების შინაარსზე და საჭიროებისამებრ დგინდება განმარტების მეშვეობით. დეკლარაციული ვალის აღიარების გავრცელებული ფორმებია: მოვალის შეპირება იმის თაობაზე, რომ ვალს მალე გადაიხდის, ბუღალტრული აქტი, ურთიერთშედარების აქტი, მხარის განცხადება დარჩენილი ვალდებულების განაწილვადების თაობაზე და სხვ (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 341-ე მუხლის კომენტარი, ეკატერინე ბაღიშვილი, თბილისი, 2019, გვ. 176-177).

16. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კონსტიტუტიური (აბსტრაქტული) ვალის აღიარების შემთხვევაში ახალი მოთხოვნა წარმოიშობა, რაც ახალი ხანდაზმულობის ვადის დაწყებას იწვევს. ხოლო დეკლარაციული ვალის აღიარება ექცევა სსკ-ის 137-ე მუხლით განსაზღვრული რეგულირების ქვეშ [სსკ-ის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას] და ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას იწვევს. ამასთან, ამავე კოდექსის 141-ე მუხლის ძალით, შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება, არამედ ვადა დაიწყება თავიდან. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები, რომელთა თანახმად, თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. იგივე წესი გამოიყენება ვალდებული პირის აღიარებისა და უზრუნველყოფის საშუალებათა მიმართაც.

17. საკასაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ სსკ-ის 137-ე მუხლით დადგენილი ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე მოთხოვნის არსებობის სხვაგვარად აღიარება შეფასებითი კატეგორიაა და კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა სრული ანალიზით უნდა შეფასდეს. მოვალის ასეთ ქმედებად - სხვაგვარად აღიარებად უნდა ჩაითვალოს მოვალის ისეთი ქმედება, რომელშიც აშკარად გამოკვეთილია პირის ნება ვალდებულებების არსებობასთან მიმართებით (იხ. სუსგ საქმე №ას-330-733-06, 19 დეკემბერი, 2006 წ).

18. ამდენად, ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა 2017 წლის 17 მარტის შედარების აქტს, მიიჩნია რა იგი არა სსკ-ის 341-ე მუხლით გათვალისწინებულ კონსტიტუციური ვალის აღიარებად, არამედ - სსკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნის არსებობის სხვაგვარ აღიარებად, ხოლო კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო შედავება გასაჩივრებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

20. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 387,88 ლარის 70% – 271,52 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა.ჩ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ა.ჩ–ს (პ/ნ: .......) დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 1 მარტს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 387,88 ლარის 70% – 271,52 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი