საქმე №ას-290-2019 14 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ვ.ტ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ტ–ი“ (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე – კ.დ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით სს „ტ–ი“-ს (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „ბანკი“) სარჩელი დაკმაყოფილდა; ვ.ტ–ს (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) ბანკის სასარგებლოდ დაეკისრა 12 522,66 აშშ დოლარის ოდენობით თანხის გადახდა; დადგინდა, რომ დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს კ.დ–ის (შემდგომში - „თავდაპირველი მოპასუხე“) საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონება: სიღნაღის რაიონი, .........., დაზუსტებული ფართობი 894.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობა - №1 888 კვ.მ. (განაშენიანების ფართი), მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - ......; დადგინდა, რომ, თუ ვერ მოხერხდება იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია და/ან რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს დაკისრებულ დავალიანებას, თანხის ამოღება განხორციელდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
2. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. 13.12.2012 წელს ბანკს (ყოფილი სს ,,კ.ს.ბ–ი“) და მოპასუხეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელს გაეხსნა საკრედიტო ხაზი 15 000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარზე, მოქმედების ვადა მაქსიმუმ 4 წელი, საპროცენტო განაკვეთი 36%; პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0,5% (ტომი 1, ს.ფ. 15-18 - 13.12.2012 წლის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება);
4.2. 13.12.2012 წლის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ბანკსა და მოპასუხეებს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკით დაიტვირთა თავდაპირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონება: სიღნაღის რაიონი, ......., დაზუსტებული ფართობი 894.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობა - №1 888 კვ.მ. (განაშენიანების ფართი), მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - ........(ტომი 1, ს. ფ. 21-25 - იპოთეკის ხელშეკრულება);
4.3. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, 2013 წლის 18 დეკემბერს მოპასუხესა და სს „კ.ს.ბ–ს“ შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 15 000 აშშ დოლარზე, საბანკო კრედიტის დაფარვის ვადა - 1 წელი, საპროცენტო განაკვეთი - 18%, პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0,5%. ხელშეკრულებით შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, მსესხებელს კრედიტის თანხა უნდა დაებრუნებინა სამ ნაწილად, კერძოდ, პირველი გადახდა უნდა განეხორციელებინა 2014 წლის 20 ოქტომბერს - 5837.36 აშშ დოლარის ოდენობით, მეორე გადახდა 2014 წლის 20 ოქტომბერს - 5837.36 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო მესამე გადახდა 2014 წლის 18 დეკემბერს - 5 837.35 აშშ დოლარის ოდენობით (ტომი 1, ს. ფ. 26-35 - სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N2/515-15);
4.4. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. 2017 წლის 15 ნოემბრის მდგომარეობით დავალიანება შეადგენს 12 522.66 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხაა 8 009.97 აშშ დოლარი, სარგებელი - 4 512.69 აშშ დოლარი (ტომი 1, ს. ფ. 39 - ცნობა დავალიანების შესახებ).
5. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხეთა პრეტენზია, რომ 2013 წლის 18 დეკემბერს მოპასუხესა და სს ,,კ.ს.ბ–ს“ შორის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება არ გაფორმებულა, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2016 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით (ამ საქმეში მხარეებს წარმოადგენდნენ მოსარჩელე: სს ,,კ.ს.ბ–ი“, მოპასუხე ვ.ტ–ი და მესამე პირი კ.დ–ი), აღიარებულ იქნა სს „კ.ს.ბ–სა“ და მოპასუხეს შორის, 2012 წლის 13 დეკემბრის N245398 გენერალური საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში, 2013 წლის 18 დეკემბერს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა იმ პირობებით, რომ: კრედიტის თანხაა 15 000 აშშ დოლარი, კრედიტის ვადა - 1 წელი, პროცენტი - 18%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
5.2. სააპელაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა იმავე მხარეებს შორის იმავე ურთიერთობაზე გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილია ისეთი ფაქტები (პრეიუდიციები), რომლებსაც წინამდებარე საქმეზე მოპასუხეები სადავოდ ხდიან. კერძოდ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ:
5.2.2. 2013 წლის 18 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 15 000 აშშ დოლარის ოდენობით მოპასუხემ სრულად აითვისა;
5.2.3. 2015 წლის 06 აპრილს მოპასუხემ განცხადებით მიმართა სს ,,კ.ს.ბ–ს“ და აღნიშნა, რომ აღებული აქვს სესხი 15 000 აშშ დოლარის ოდენობით; აღნიშნული ვალდებულების აღიარების ხელწერილის ავთენტურობა დადგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 23 მარტის N5001533016 და 2016 წლის 17 მაისის N5002546516 დასკვნებით.
5.3. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი ის ფაქტები, რომ 2013 წლის 18 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არ გაფორმებულა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (კრედიტის თანხა 15 000 აშშ დოლარი) და მოპასუხის მიერ არ არის შესრულებული ხელმოწერა ვალდებულების აღიარებაზე, უარყოფილია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რომელსაც პრეიუდიციული მნიშვნელობა გააჩნია განსახილველი დავის მიმართ (სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი).
6. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სარჩელი ეფუძნებოდა მოპასუხე მხარის მიერ 2013 წლის 18 დეკემბერს ბანკს (ყოფილი სს ,,კ.ს.ბ–ი“) და მოპასუხეს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას, რის საფუძველზეც მოპასუხე მხარის მიერ შესასრულებელი ვალდებულება ბანკის მიერ 2017 წლის 15 ნოემბრის მდგომარეობით განსაზღვრული იყო 12 522.66 აშშ დოლარით (ძირი თანხაა 8 009.97 აშშ დოლარი, სარგებელი - 4 512.69 აშშ დოლარი). სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ბანკის სარჩელზე მოპასუხეებმა წარადგინეს არაკვალიფიციური შესაგებლები, რომლებშიც, ძირითადად, 2013 წლის 18 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების არარსებობის ფაქტზე მიუთითეს. მოპასუხეები სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებლებით, მართალია, არ დაეთანხმნენ სარჩელის მოთხოვნას, თუმცა არ წარუდგენიათ ბანკის სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გამომრიცხავი არგუმენტები და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები. მოპასუხეების მიერ წარდგენილი შესაგებლები (პასუხები) არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილები). გამომდინარე აქედან, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 4.1.-4.4 ქვეპუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 317-ე, 361.2., 867-ე, 623-ე, 625-ე, 316.1., 286.1., 301.1. მუხლებით და მხარეთა შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების 8.4 პუნქტით, რომლის თანახმად, თუ იპოთეკის საგნის ღირებულება ან მისი რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები საკმარისი არ იქნება შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მსესხებლის (კლიენტის) ვალდებულებების მთლიანად დასაფარად, ვალდებულება შესრულებულად არ ჩაითვლება და „მსესხებელს“ (კლიენტს) დაეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. ასეთ შემთხვევაში, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს გადახდევინების მიქცევა (აღსრულება) მსესხებლის (კლიენტის, აგრეთვე, ასეთის არსებობის შემთხვევაში სხვა სოლიდარული ვალდებული პირის) სხვა ქონებასა და აქტივებზე. იგივე გავრცელდება იმ ხარჯებზეც, რაც შეიძლება წარმოიშვას იპოთეკის საგნის რეალიზაციის პროცესში.
8. სასამართლომ აღნიშნა, რომ, ვინაიდან მოპასუხემ (მსესხებელმა) დაარღვია ვალდებულება, აღნიშნული გარემოება კრედიტორს ანიჭებდა უფლებამოსილებას მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა იპოთეკის უფლებით დატვირთული უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაციის გზით. ამასთან, პალატამ დასაბუთებულად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის საკუთრებაში რიცხული სხვა ქონების რეალიზაციის ნაწილში, რადგან მხარეთა მიერ იპოთეკის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნა მოვალის სხვა ქონების რეალიზაციის შესაძლებლობაც (სსკ-ის 301.11 მუხლი).
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 აპრილის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
12. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
14. კასატორი მიიჩნევს, რომ 2013 წლის 18 დეკემბერს მასსა და ბანკს შორის ხელშეკრულება არ გაფორმებულა.
15. დადგენილია, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2016 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით (ამ საქმეში მხარეებს წარმოადგენდნენ მოსარჩელე: სს ,,კ.ს.ბ–ი“, მოპასუხე ვ.ტ–ი და მესამე პირი კ.დ–ი), აღიარებულ იქნა სს „კ.ს.ბ–სა“ და მოპასუხეს შორის, 2012 წლის 13 დეკემბრის N245398 გენერალური საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში, 2013 წლის 18 დეკემბერს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა იმ პირობებით, რომ: კრედიტის თანხაა 15 000 აშშ დოლარი, კრედიტის ვადა - 1 წელი, პროცენტი - 18%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (იხ. წინამდებარე განჩინების 5.1. ქვეპუნქტი).
16. მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ [სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი]. წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა, არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. თავად პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას. პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება როგორც იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები, ასევე ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსს (იხ. სუსგ საქმე №ას-58-56-2016, 26 თებერვალი, 2016 წელი).
17. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი [სსსკ-ის 266-ე მუხლი]. აღნიშნული მუხლით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
18. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიანიჭა სიღნაღის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2016 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს მოცემული დავის მიმართ პრეიუდიციული ძალა. შესაბამისად, კასატორის პრეტენზია მასსა და ბანკს შორის 2013 წლის 18 დეკემბრის ხელშეკრულების არარსებობის თაობაზე უსაფუძვლოა.
19. ამდენად, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ვ.ტ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი