საქმე №ას-272-2019 09 დეკემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ა.ჩ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ.ტ–ო“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი _ თნხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ბ.ტ–ოს“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მოსარჩელე კომპანია“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელის მოთხოვნა ა.ჩ–ძისა (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) და გიორგი დინუაშვილისათვის (შემდგომში - „თავდაპირველი მოპასუხე“) მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელე კომპანიის სასარგებლოდ დაეკისრა 14863,47 ლარის გადახდა; დადგინდა, რომ მოპასუხის დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს ვ.ჩ–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთები, მდებარე: ქალაქი ლანჩხუთი, საკადასტრო კოდი N ...... და ქალაქი ლანჩხუთი, საკადასტრო კოდი N .....; სასარჩელო მოთხოვნა თავდაპირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული გირავნობის საგნის რეალიზაციის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; სასარჩელო მოთხოვნა თავდაპირველი მოპასუხის, კ.დ–ისა და ი.ბ–ძის თანასაკუთრებაში არსებული იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელემ და მოპასუხემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. მოპასუხე და თავდაპირველი მოპასუხე დასაქმებულნი იყვნენ მოსარჩელე კომპანიაში მძღოლ-დისტრიბუტორის თანამდებობებზე;
4.2. შრომითი ხელშეკრულებების 5.4.3. პუნქტით გაწერილი იყო დასაქმებულების ვალდებულება, რომ, თუ მათი ბრალეული ქმედებით დამსაქმებელს მიადგება ზიანი, დასაქმებულები ვალდებულნი არიან აღნიშნული ზიანი აანაზღაურონ სრულად. გარდა ამისა, თანამდებობრივი ინსტრუქციით, რომელიც წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, დასაქმებულთა თანამდებობრივ მოვალეობას წარმოადგენდა სავაჭრო ობიექტებიდან გაყიდული პროდუქციის შედეგად მიღებული თანხების მიღება, მათი ოდენობის შესაბამისი ჩეკის ან „ჩგდ“-ს გაცემა და მიღებული თანხების იმავე დღეს დამსაქმებლის სალაროში შეტანა (იხ. ტ. 1, ს. ფ. 17-18; 19-30; 38-50);
4.3. თავდაპირველ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ი.ბ–ძის, კ.დ–ისა და თავდაპირველი მოპასუხის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით N ........; ასევე, გირავნობის უფლებით დატვირთულია თავდაპირველი მოპასუხის კუთვნილი ავტომანქანა: მარკა, მოდელი – ფოლქსვაგენ გოლფ პლუსი, ფერი–ლურჯი 7/8, გამოშვების წელი – 2006, სანომრე ნიშანი – .......; საიდენტიფიკაციო ნომერი - ........, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა – AL6742126, გაცემული 15/05/2016 წელს (ტ. 1, ს. ფ 31-37);
4.4. მოპასუხესთან დადებული შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ვ.ჩ–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთები, საკადასტრო კოდით: N ......; N .........; N ..........;
4.5. 2015 წლის მარტის თვიდან მოპასუხე და თავდაპირველი მოპასუხე წარმოადგენდნენ მეწყვილეებს ერთ სამსახურებრივ მანქანაზე. მუშაობის პროცესში, კერძოდ, 2016 წლის თებერვალში, გამოვლინდა 33 239 ლარის ოდენობით დანაკლისი, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღაზიებიდან საქონლის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხები დისტრიბუტორების მიერ არ იქნა შეტანილი კომპანიის სალაროში (იხ. ტ. 1, ს. ფ. 59-68; 83-93; 102);
4.6. საქმის მასალებში წარმოდგენილია 2016 წლის 11 თებერვალს მოპასუხის მიერ შედგენილი ახსნა-განმარტება, რომლითაც იგი ადასტურებს მის მიერ 2016 წლის პირველიდან ექვსი თებერვლის ჩათვლით, პირადი მოხმარების მიზნით, ქსელში არსებული მაღაზიებიდან 33 239 ლარის ოდენობით თანხის მიღების ფაქტს, რომლის კომპანიისათვის დაბრუნების ვალდებულებაც იკისრა 2016 წლის პირველ აპრილამდე (იხ. ა. ჩხაიძის წერილობითი ახსნა-განმარტება, ტ. 1, ს. ფ. 58).
5. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება თავდაპირველი მოპასუხის თანამონაწილეობის გარეშე მოპასუხის მიერ კომპანიის კუთვნილი თანხების დაუფლების შესახებ.
6. სააპელაციო პალატამ უარყო მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკისრებული თანხის მოცულობასთან დაკავშირებით. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 14863,47 ლარიდან მოპასუხემ აღიარა 11336,76 ლარის გადახდის ვალდებულება. იგი მოთხოვნილი თანხის ოდენობას (შემცირებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში) სადავოდ ხდიდა 3 526,77 ლარის ნაწილში და აღნიშნულს უკავშირებდა ი/მ ვ.კ–ძის მიერ მოსარჩელე კომპანიისათვის თანხის გადაუხდელობას. კერძოდ, მისი მითითებით, მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ი/მ ვ.კ–ძეს მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია დავალიანება, გარდა 2017 წლის 11 მაისის წერილში მითითებული 460 ლარისა, ვინაიდან მოპასუხის მოსაზრებით, თანხები მიღებულია ი/მ ვ.კ–ძის მიერ და ამ უკანასკნელს არ დაუბრუნებია იგი კომპანიისათვის.
7. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვით, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი - ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ 3 526,77 ლარის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა საფუძველსმოკლებულია.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 მაისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
11. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
12. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
13. საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ მოსარჩელის წინაშე ი.მ. „ვ.კ–ძეს“ გააჩნია მხოლოდ 460 ლარის დავალიანება, წინააღმდეგობაში მოდის საქმის მასალებთან. კერძოდ, მოსარჩელემ წარადგინა 2016 წლის 19 დეკემბრის წერილი გაგზავნილი ი.მ. „ვ.კ–ძის“ სახელზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამ უკანასკნელს მოსარჩელის მიმართ გააჩნია ფულადი დავალიანება 4100 ლარის ოდენობით და ითხოვენ მისგან, 5 დღის ვადაში დაფაროს დავალიანება ან წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (ჩეკი ან გადახდის ქვითარი), თუკი დავალიანება დაფარული აქვს. მოცემულ წერილზე ი.მ. „ვ.კ–ძემ“ უპასუხა წერილობითი განცხადებით მხოლოდ 2017 წლის 11 მაისს და აღიარა ფულადი დავალიანება 460 ლარის ოდენობით, აქვე აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში წარმოადგენდა დოკუმენტაციას. მოპასუხე არ დაეთანხმა ამ წერილს და ითხოვა, მოსარჩელეს წარმოედგინა დოკუმენტაცია, რომ ი.მ. „ვ.კ–ძეს“ ნამდვილად გააჩნდა 460 ლარის დავალიანება და დანარჩენი თანხები მას გადახდილი ჰქონდა, თუმცა მოსარჩელეს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარუდგენია სასამართლოსთვის.
14. საკასაციო სასამართლო კასატორის ზემოაღნიშნული პრეტენზიის საპასუხოდ, ყურადღებას გაამახვილებს მტკიცების ტვირთზე.
15. სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები [სსსკ-ის 4.1. მუხლი]. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები]. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
16. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია ი.მ. „ვ.კ–ძის“ განცხადება მოსარჩელის წინაშე 460 ლარის ოდენობით დავალიანების აღიარების თაობაზე (იხ. ტ. 1. ს. ფ. 170) და აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოპასუხის მხოლოდ ზეპირი შედავება არ არის საკმარისი ამ ფაქტის უარსაყოფად. გამომდინარე აქედან, მართებულია სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება, რომლითაც უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 14863,47 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე.
17. ამდენად, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
18. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ა.ჩ–ძეს (პ.ნ. .......) დაუბრუნდეს გ. ნ–ძის (პ.ნ. .......) მიერ 2019 წლის 13 მაისს №45 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი