საქმე №ას-700-2019 15 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ჯ.უ.ე.ფ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს....“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით შპს „ს....“-ის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მოპასუხე კომპანია“ ან „კასატორი“) მიმართ 2067,70 ლარის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე მოსამზადებელი ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
4. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად თანხის 2067.70 ლარის დაკისრება. სარჩელში მითითებულია, რომ 2017 წლის 9 დეკემბერს მოპასუხე კომპანია აწარმოებდა სამუშაოებს ქ. თბილისში, ...... დასახლება „მ.ფ–ის“ მიმდებარე ტერიტორიასთან, რა დროსაც კომპანიის ტრაქტორის მიერ დაზიანდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი აირის მილსადენი და განხორციელდა ბუნებრივი აირის 1334 კუბ/მ ჰაერში გაფრქვევა. შპს „ს.გ.ტ.კ–ის“ მიერ 2017 წლის 9 დეკემბერს და 2017 წლის 10 დეკემბერს დაფიქსირებული ჩვენებების გათვალისწინებით მიწოდებული ბუნებრივი აირის მოცულობა შეადგენდა 2619 კუბ/მ, საიდანაც მოსარჩელის მრიცხველის მონაცემებით რეალიზებული იქნა 1285 კუბ.მ. ბუნებრივი აირი, ხოლო სხვაობა 1334 კუბ/მ გაფრქვეული იქნა მილსადენის დაზიანების დროს. შესაბამისად, მოსარჩელის მითითებით, სახეზეა ბუნებრივი აირის სარეალიზაციო ღირებულების ანაზღაურების წინაპირობა მოპასუხე კომპანიის მხრიდან (იხ. სარჩელი, ტ. 1, ს.ფ. 2-4-16).
5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხე კომპანიის მიერ შესაგებელი წარდგენილ იქნა 2018 წლის 5 აპრილს. შესაგებელში მოპასუხემ უარყო მოსარჩელის კუთვნილი გაზსადენი მილის დაზიანების ფაქტი და მიუთითა, რომ აღნიშნული მოსარჩელის მიერ წარდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. მხარემ შესაგებლით სადავოდ გახადა ასევე მოსარჩელის მიერ მტკიცებულების სახით წარდგენილი საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმი და აღნიშნა, რომ პოლიციის მიერ აქტში დაფიქსირებულია მხოლოდ მოსარჩელე კომპანიის წარმომადგენლის ჩვენება და ის არ აფიქსირებს მოპასუხე კომპანიის მიერ ჩადენილ რაიმე შემთხვევას ან ფაქტს (იხ. შესაგებელი ტ. 1, ს. ფ. 48-40-47).
6. სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარდგენისთანავე, ისე, რომ სასამართლოსთვის არ იყო ცნობილი, ჩაბარდა თუ არა შესაგებელი მოპასუხეს, სასამართლომ 2018 წლის 10 აპრილის განჩინებით საქმეზე დანიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა, სხდომის თარიღი განისაზღვრა 8.05.2018წ. 13.00 სთ. (საქმეში წარდგენილი 05.04. საფოსტო ქვითარით არ დგინდება, რა მასალა იყო გაგზავნილი ადრესატისთვის, ასევე არ არის წარდგენილი მისი უკუგზავნილი (ს. ფ. 51)). სასამართლოს გზავნილებითა და ფოსტის უკუგზავნილებით სააპელაციო პალატამ გამოარკვია, რომ მხარეებისთვის გაგზავნილია სასამართლო უწყება მხოლოდ სხდომის თარიღის შესახებ (ს. ფ. 53-56). აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ 10 აპრილის განჩინების მიღებით (იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს მიღებული არ ჰქონდა მოპასუხის შესაგებელი) და, შესაბამისად, საქმის მომზადების ეტაპის დასრულებით შელახა მოსარჩელის პროცესუალური უფლებები გაექარწყლებინა შესაგებლის არგუმენტები. ამასთან, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მტკიცებულებების მოპოვებასთან დაკავშირებით მოპასუხის მიერ გაჟღერებული შუამდგომლობები უარყოფილ იქნა მომზადების ეტაპის დასრულების მოტივით.
7. სააპელაციო სასამართლომ 08.05.2018წ. სასამართლო სხდომის ოქმით დაადასტურა, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის გახმობის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, ასევე საქმის განხილვის გადადებისა და მოსამზადებელ ეტაპზე დაბრუნების თაობაზე. სხდომის ოქმით ასევე დაადგინა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა მოწმის სახით ნ.გ–ისა და მ.ჭ–ის დაკითხვის თაობაზე, რაზედაც უარი ეთქვა. მოსარჩელემ სასამართლოს წინაშე ასევე იშუამდგომლა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, მოპასუხე კომპანიიდან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, რაზედაც ასევე უარი ეთქვა. სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 215-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ახალი მტკიცებულებების წარდგენისა და მათი გამოთხოვის თაობაზე სასამართლო მთავარ სხდომაზე მსჯელობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მხარეს არ შეეძლო მათი წარმოდგენა, აგრეთვე, თუ მათ შესახებ მისთვის ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და მათი წარმოდგენის საფუძველი წარმოიშვა მთავარ სხდომაზე. სასამართლომ ჩათვალა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი შუამდგომლობებისა და განცხადებების წარდგენა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე (იხ. ტ. 1, ს. ფ. 60).
8. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ წინამდებარე საქმე განიხილა საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევით, რაც საფუძვლად დაედო საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანას. კერძოდ, დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე–4 მუხლი, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი, რამაც განაპირობა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხემ წარდგენილ შესაგებელში უარყო სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოება და აღნიშნა, რომ მისი მხრიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი აირის მილსადენის დაზიანების ფაქტს ადგილი არ ჰქონია, რითიც ფაქტობრივად საფუძველი გამოაცალა სარჩელს. საქმის მასალებით კი დგინდება, რომ შესაგებელი მოსარჩელე მხარეს საქმის მომზადების ეტაპზე არ ჩაბარებია, ასევე სასამართლომ საქმის მოსამზადებელი სტადია ისე გადაზარდა მთავარ სხდომაში, რომ მხარეს არ მისცემია შესაძლებლობა გაცნობოდა მოპასუხის არგუმენტებს, საჭიროების შემთხვევაში წარედგინა საპირისპირო მტკიცებულებები და დაეყენებინა შესაბამისი შუამდგომლობები სასამართლოს წინაშე.
10. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის განხილვისას ადგილი ჰქონდა მოსარჩელისათვის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების უგულებელყოფას. კერძოდ, მოსარჩელეს არ მიეცა შესაძლებლობა სრულყოფილად გაცნობოდა საქმის მასალებს (ჩაებარებინა მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებელი და გაცნობოდა საპირისპირო არგუმენტებს) და, შესაბამისად, სათანადო შეპასუხებისა თუ საპირისპირო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მიეღო ზომები თავისი უფლებების დასაცავად, რის გამოც, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, დაირღვა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის ფუნდამენტური პრინციპი.
11. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სახეზე იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საპროცესო სამართლებრივი საფუძველი. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმის ხელახლა განხილვისას, მოსარჩელეს შესაძლებლობა უნდა მიეცეს, განახორციელოს საკუთარი პოზიციის დაცვა, საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებების რეალიზების საფუძველზე, კერძოდ, სასამართლომ უნდა მოახდინოს მოსარჩელის მიერ მითითითებული მტკიცებულებების გამოთხოვა და მათი მიღების შემთხვევაში სათანადო გამოკვლევის შედეგად დასკვნის გაკეთება. იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ საქმის წარმოების ამ ეტაპზე აღნიშნული დავის არსებითად განხილვის შემთხვევაში, მხარეები დაკარგავენ შესაძლებლობას ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ სრულყოფილად იქნეს გამოკვლეული და შესწავლილი საქმის როგორც სამართლებრივი, ასევე ფაქტობრივი გარემოებები, სააპელაციო პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში.
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივნისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
15. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
16. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
17. საკასაციო საჩივრის თანახმად:
17.1. საქალაქო სასამართლოს განჩინებით მოსარჩელეს მტკიცებულებების გამოთხოვაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ მას თავად არ ჰქონდა გამოთხოვილი არცერთი ორგანოდან დოკუმენტები;
17.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, მოსარჩელეს შეეძლო შესაგებლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინა თავისი მოსაზრება და მტკიცებულებები შესაგებელთან დაკავშირებით, რაც არ გაუკეთებია;
17.3. მოსარჩელეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მთავარი სხდომის გახსნამდე სასამართლოსთვის არ წარუდგენია მტკიცებულება და შუამდგომლობა. მოსარჩელემ მხოლოდ მთავარი სხდომის გახსნის შემდგომ დააყენა შუამდგომლობები მტკიცებულებების წარმოდგენისა და დოკუმენტაციის სხვადასხვა უწყებებიდან გამოთხოვის შესახებ;
17.4. სააპელაციო სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებით, რომლითაც მოსარჩელეს მის მიერ საპროცესო ვადების დარღვევის მიუხედავად უნდა მიეცეს მტკიცებულებების წარდგენის უფლებამოსილება, უხეშად ირღვევა შეჯიბრებითობის პრინციპი მოპასუხე კომპანიასთან მიმართებით.
18. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია [საქართველოს კონსტიტუციის 31.1. მუხლი]. სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე [საქართველოს კონსტიტუციის 62.5. მუხლი]. ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების, ან მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ [ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 6.1. მუხლი]. სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები [სსსკ-ის 4.1. მუხლი].
19. შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრების საფუძველზე მიმდინარეობს, რა დროსაც ერთმანეთს მხარეები ეჯიბრებიან, ხოლო შეჯიბრების პროცესს, როგორც დამოუკიდებელი არბიტრი, სასამართლო ხელმძღვანელობს. შეჯიბრების პროცესი მხარეთა თანასწორობის საფუძველზე ხორციელდება, რაც სამართლიანი სასამართლოს ერთ-ერთი ფუძემდებლური გარანტიაა. შეჯიბრების პროცესში მხარეთა თანაბარი უფლება ნიშნავს მათ თანაბარ შესაძლებლობას, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მნიშვნელოვანია, რომ საპროცესო შეჯიბრების დროს სასამართლოს მიერ განხორციელებული უფლებამოსილებებიც მხარეთა თანაბარი მოპყრობის პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონვენციის მე-6 მუხლის კონტექსტში საქმის შემოწმებისას, განსაკუთრებულ ყურადღებას, როგორც წესი, სწორედ მხარეთა თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვას უთმობს, შესაბამისად, მან არაერთ საქმეში განმარტა, რომ სასამართლოს მსჯელობის საგანია სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეს, მიეცა თუ არა გონივრული შესაძლებლობა, გაცნობოდა და კომენტარები გაეკეთებინა მეორე მხარის მიერ წარმოდგენილ დასკვნებსა და მტკიცებულებებზე; აგრეთვე წარმოედგინა თავისი საქმე იმ პირობებში, რომელიც მას მოწინააღმდეგე მხარესთან შედარებით არსებითად არახელსაყრელ მდგომარეობაში არ ჩააყენებდა და ა. შ. (იხ. ქეთევან მესხიშვილი, ჰაგენლოხი / ალავიძე / ბაქაქური / ბერეკაშვილი / გასიტაშვილი / თოდუა / მესხიშვილი / ქათამაძე / ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი (რჩეული მუხლები), GIZ, თბილისი, 2020, გვ. 93-95).
20. შეჯიბრებითობა, როგორც სამართლიანი სასამართლოს ქვაკუთხედი, არა ერთ საპროცესო ნორმაშია გადმოცემული და იგი, ბუნებრივია, მათ შორის მტკიცების ტვირთზე ახდენს გავლენას. სამოქალაქო სამართალწარმოების ეტაპებს კანონმდებელი ორ ძირითად ნაწილად ყოფს, ესაა საქმის მომზადება სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად (იხ. სსსკ-ის 203-ე მუხლი) და სასამართლოს მთავარი სხდომის სტადია (სსსკ-ის 207-ე მუხლი). იმის მიხედით, თუ საქმე განხილვის რა ეტაპზეა, განსხვავებულია მხარეთა მდგომარეობაც (იხ. სუსგ საქმე №ას-543-506-2017, 31 ივლისი, 2017 წელი).
21. მხარეები სარგებლობენ თანაბარი საპროცესო უფლებებით [სსსკ-ის 83.1. მუხლი], თუმცა, მხარეთა მიერ მათი საპროცესო უფლებების განკარგვა შესაბამისი საპროცესო წესების დაცვით ხორციელდება. სასამართლოს მთავარ სხდომაზე, სსსკ-ის 219.1. მუხლის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
22. დადგენილია, რომ მოპასუხე კომპანიის მიერ შესაგებელი წარდგენილ იქნა 2018 წლის 5 აპრილს. ამასთან, დადგენილია ისიც, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარდგენისთანავე, ისე, რომ სასამართლოსთვის არ იყო ცნობილი, ჩაბარდა თუ არა შესაგებელი მეორე მხარეს, სასამართლომ 2018 წლის 10 აპრილის განჩინებით საქმეზე დანიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა.
23. საკასაციო პალატა კასატორის იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მთავარი სხდომის გახსნამდე სასამართლოსთვის არ წარუდგენია მტკიცებულება და შუამდგომლობა, განმარტავს, რომ სასამართლოს მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აპრილის განჩინებით დასრულდა საქმის მოსამზადებელი ეტაპი და შესაბამისად, ამ თარიღიდან მოსარჩელეს უკვე შეეზღუდა ახალი მტკიცებულებების წარდგენისა ან ახალ გარემოებებზე მითითების უფლება.
24. ვიდრე საქმის არსებითად განხილვა დაიწყება სასამართლოში, მოსამართლემ უნდა უზრუნველყოს საქმის მომზადება, რომელიც მათ შორის მხარეთა წერილობითი პოზიციების გაცვლას მოიცავს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება, ერთი მხრივ, სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისათვის, ხოლო მეორე მხრივ, შესაგებლისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მოსარჩელისთვის ჩაბარება. სასამართლომ მკაცრად უნდა გააკონტროლოს ამ კონტექსტში მხარეთა საპროცესო უფლებების დაცვა (წერილობითი დოკუმენტაციის სრულყოფილად მიღება და პასუხის გასაცემად გონივრული ვადის დადგენა), წინააღმდეგ შემთხვევაში, სახეზე იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.1 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა (იხ. სუსგ საქმე №ას-589-2020, 29 ოქტომბერი, 2020 წელი).
25. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ შესაგებლით სადავო გახადა ზიანის მიყენების ფაქტი, რაც ერთ-ერთი არსებითი გარემოებაა დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის და მოსარჩელეს მთავარი სხდომის დანიშვნამდე არ მიეცა შესაძლებლობა წარედგინა საპირისპირო არგუმენტები, მტკიცებულებები ან დაეყენებინა შესაბამისი შუამდგომლობები, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ დარღვეულია სსსკ-ის მე-4 მუხლით გარანტირებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი.
26. სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს უფლებას მხარეთა შეჯიბრობითობაზე, რომლის თანახმად მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ იცოდნენ და ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. საქმეები Milatova and Others v. The Czech Republic, 2005 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება, no. 61811/00, §59; Nideröst-Huber v. Switzerland, 1997 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება, Reports of Judgments and Decisions 1997-I, გვ. 108, § 24, და K.S. v. Finland, 2001 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება no. 29346/95, § 21). სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტი, მხარეთა თანასწორობის პრინციპი, მოიცავს მხარეთა უფლებას, ჰქონდეთ გონივრული შესაძლებლობა, წარადგინონ თავიანთი საქმე სასამართლოს წინაშე ისეთ პირობებში, რომლებიც არ ჩააყენებს მათ არსებითად არახელსაყრელ მდგომარეობაში მეორე მხარესთან შედარებით (იხ. საქმე Hudakova and Others v. Slovakia, 2010 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება, no. 23083/05, § 25). მოთხოვნა, სამართალწარმოების მხარეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია და კომენტარი გააკეთონ წარდგენილ მტკიცებულებებსა და მოსაზრებებზე, მოქმედებს როგორც პირველ ინსტანციაში, ისე გასაჩივრების დროს, იმის მიუხედავად, გასაჩივრების დროს არის თუ არა წარმოდგენილი ახალი მოსაზრებები. ყველა მხარისათვის მოსაზრებების გაცნობის მოთხოვნა გამომდინარეობს საჭიროებიდან, რომ მხარეებს ჰქონდეთ რწმენა მართლმსაჯულების განხორციელებისა და რომ მათ უარი არ ეთქვათ შესაძლებლობაზე გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები იმ საკითხებზე, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (იხ. საქმე Hudakova and Others v. Slovakia, 2010 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება, no. 23083/05, § 29) (იხ. სუსგ საქმე №ას-1191-1133-2014, 14 მაისი, 2015 წელი).
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
28. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. შპს „ჯ.უ.ე.ფ–ს“ (ს/კ: .......) დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 5 ივნისს №72 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი