საქმე №ას-1113-2019 30 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ა(ა)იპ „თბილისის N95 საბავშვო ბაგა-ბაღი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ (შემდგომში - „სააგენტო“) მიერ 2017 წლის 17 აგვისტოს გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO170000503 საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ა(ა)იპ „თბილისის №95 საბავშვო ბაგა-ბაღსა“ (შემდგომში - „მოპასუხე“, “ბაგა-ბაღი/ბაღი“, „შემსყიდველი“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) და შპს „ე–ს“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მიმწოდებელი“) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა 62 710,65 ლარს.
2. ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს 249 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით (დასვენებისა და უქმე დღეების გამოკლებით), წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.
3. ხელშეკრულების 6.1-6.3 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობას განახორციელებს მოპასუხე და სააგენტოს შესაბამისი სამსახურები.
4. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - სს „ბ–ის“ (შემდგომში - „ბ–ი“) 2017 წლის 14 სექტემბრის №BB.14.09/63 უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - 1913 ლარის ოდენობით.
5. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
6. ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 19-34).
7. მხარეთა შორის 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების დანართი №1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან ყველის ტექნიკური მახასიათებლები განსაზღვრულია შემდეგნაირად:
- თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული პასტერიზებული რძისგან, ნაკლებად მარილიანი, ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე. სადაც მშრალი ნივთიერების შემცველობაა არა უმცირეს 52%-ისა, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა 40%, მარილი 0.5-1.5%. დაჭრის დროს არ უნდა იფხშვნებოდეს. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს. მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით (საქართველოს მთავრობის 2015 წლის 03 აპრილის №152 დადგენილება) განსაზღვრულ მოთხოვნებს;
- შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული, ვაკუუმ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
- მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ, თვეში ერთხელ წარადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები);
- მიწოდებული საქონლის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის მინიმუმ 40%;
- სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებსა და მოქმედ სტანდარტებს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 25-34).
8. მხარეთა შორის 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების დანართი №1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან კარაქის ტექნიკური მახასიათებლები განსაზღვრულია შემდეგნაირად:
- თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული რძის ნაღებისგან, მცენარეული ცხიმის გარეშე, ქარხნული წესით. ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის. დაჭრის დროს არ უნდა იფხშვნებოდეს. რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%, წყლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს (საქართველოს მთავრობის 2015 წლის 03 აპრილის №152 დადგენილება);
-შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებულ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
- მიმწოდებელი ვალდებულია, მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ, თვეში ერთხელ წარადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები);
- მიწოდებული საქონლის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 40%;
- სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებსა და მოქმედ სტანდარტებს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 25-34).
9. მხარეთა შორის 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა ბანკის საბანკო გარანტია №BB.14.09/63, რომლის თანახმად, პრინციპალს წარმოადგენს - მოსარჩელე, ბენეფიციარს - მოპასუხე, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია - 1913 ლარით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 39).
10. 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის 2017 წლის დეკემბრის თვეში (01 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით) მიწოდებული პროდუქციის ღირებულება შეადგენს 10 311,25 ლარს (იხ. ტ. 1, ს. ფ. 40-42).
11. მოპასუხემ უარი განაცხადა მოსარჩელესთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული, 2017 წლის დეკემბრის თვის (01 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით) შედარების აქტის შედგენასა და გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე, მიწოდებული პროდუქტების - ყველისა და კარაქის ხელშეკრულებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებთან შეუსაბამობის გამო (იხ. ტ. 1, ს.ფ. 41, 43-51).
12. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში მოსარჩელის მიერ შეტანილი პროდუქტების - ყველისა და კარაქის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 52-56).
13. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 დეკემბრის №09/13005 მიმართვის თანახმად, წერილის დანართად წარდგენილი სურსათი „იმერული’’ არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის, ყველის სავალდებულო პარამეტრებს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეაფასა რძის პროდუქტების ეტიკეტი, სააგენტოს არ განუხორციელებია აღნიშნული რძის პროდუქტების სინჯების აღება და ლაბორატორიული კვლევა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 52-54).
14. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის №09/13126 მიმართვის თანახმად, წერილის დანართად წარდგენილი სურსათი „კარაქი“ არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის, კარაქის სავალდებულო პარამეტრებს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეაფასა რძის პროდუქტების ეტიკეტი, სააგენტოს არ განუხორციელებია აღნიშნული რძის პროდუქტების სინჯების აღება და ლაბორატორიული კვლევა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 55-57).
15. მოპასუხემ 2018 წლის 26 თებერვალს ბანკს გაუგზავნა მოთხოვნა საგარანტიო თანხის გადახდაზე, რის საფუძველზეც ბანკმა 2018 წლის 02 მარტს გადაურიცხა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა - 1 913 ლარი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 65-66).
16. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მისთვის: გაწეული მომსახურების ღირებულების - 10 311,25 ლარის, საბანკო გარანტიის თანხის - 1 913 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით, 730 ლარის გადახდის დაკისრება. მოსარჩელის მტკიცებით, მისი მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიუხედავად, მოპასუხემ უარი განაცხადა 2017 წლის დეკემბერში გაწეული მომსახურების დადასტურებასა და ანაზღაურებაზე.
17. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო.
18. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 10 311,25 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით, 730 ლარის გადახდა; მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის საბანკო გარანტიის თანხის - 1 913 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
19. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში დარჩა უცვლელად.
21. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-15 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
22. სააპელაციო პალატამ დამატებით დადგენილა მიიჩნია, რომ 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე იმავე წლის დეკემბერში მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიწოდებული პროდუქტი, დასახელებით „იმერული“ სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან ნაცვლად ნატურალური რძისა, დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან. სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების მიხედვით, მოსარჩელეს ბაღისთვის უნდა მიეწოდებინა პასტერიზებული რძისგან დამზადებული ყველი.
23. სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით, ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მიწოდებული პროდუქცია (ყველი და კარაქი) შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უვნებლობის პარამეტრებს. სასამართლოს მითითებით, მხარეთა წარმომადგენლების განმარტებებით დადგენილია, რომ 2017 წლის ივლისამდე ანუ იმ დრომდე, ვიდრე მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტით პროდუქტი - „ყველის“ რეგლამენტირება მოხდებოდა, მოსარჩელე ბაგა-ბაღს ხანგრძლივი დროის განმავლობაში იგივე პროდუქციას აწვდიდა, რაც სადავო პერიოდში მიაწოდა.
24. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 03 აპრილის №152 დადგენილების მე-4 პუნქტის „დ“ ქევეპუნქტის თანახმად, აღდგენილი რძის ნაწარმს წარმოადგენს რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის მშრალ ან შესქელებულ/კონცენტირებულ ნაწარმზე იმ რაოდენობის წყლის დამატებით, რომ მასში აღდგენილ იქნეს რძის ნაწარმისთვის დეკლარირებული სტანდარტით დადგენილი, დამახასიათებელი სინესტისა და მშრალი ნივთიერების მასური წილის შესაბამისი თანაფარდობა. იმავე პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მშრალი რძე (რძის ფხვნილი) არის რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის ნაწილობრივ გაუწყლოებით. იმავე პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პასტერიზებულ რძეს (მაღალი ტემპერატურით დამუშავებული) წარმოადგენს უვნებლობის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დადგენილი მოთხოვნების დაცვის მიზნით, თერმულად (თბურად) დამუშავებული სასმელი რძე. იმავე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სასმელი რძე არის რძე, რომელიც გამიზნულია ადამიანის მიერ უშუალოდ მოხმარებისათვის, შემდგომი გადამუშავების გარეშე. ამდენად, მითითებული დებულებების შესაბამისად, აღდგენილი და პასტერიზებული რძე განსხვავებული რძის პროდუქტებია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მხრიდან ბაღისთვის აღდგენილი რძისგან დამზადებული სასურსათო პროდუქტის, „იმერულის“ მიწოდება ნივთობრივი ნაკლის მქონე შესრულებას წარმოადგენს.
25. სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია მოსარჩელის პოზიცია, რომ მიუხედავად „ყველის“ ნაწილში ვალდებულების ნაკლიანი შესრულებისა, აღნიშნული მახასიათებელი, უშუალოდ პროდუქტის ლაბორატორიული კვლევის გარეშე, არ შეიძლება მიჩნეულიყო იმგვარ არსებით ნივთობრივ ნაკლად, რომელიც გამორიცხავდა მიწოდებული პროდუქტის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებას მიმღების მიერ მისი მიღებისა და სრულად გახარჯვის/მოხმარების ფონზე. გარდა ამისა, მოპასუხეს მთელი სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში სადავოდ არ გაუხდია მიწოდებული პროდუქტის ნივთობრივი ხარისხი, მიუხედავად ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარისხზე კონტროლის მექანიზმისა.
26. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ამ კუთხით საგულისხმოა მოსარჩელისათვის ხსენებული პროდუქტის („იმერული“) მიმწოდებლის შპს ,,ნ’’-ის განმარტება (იხ. ტ. 1, ს.ფ. 59-60), რომლის თანახმად, პროდუქტის ყველა მიწოდებულ პარტიას ახლდა ლაბორატორიული კვლევის ოქმები, რაც ადასტურებდა პროდუქტის უსაფრთხოებას და საწარმო სტანდარტის შესაბამისობას. ყველა პროდუქტის შესაბამისობის დეკლარაციის შედეგები კი ადასტურებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უვნებლობის პარამეტრებს.
27. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის დეკემბრის თვეში მიწოდებული სურსათი - „კარაქი“ დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით არ შეესაბამებოდა ამ პროდუქტისათვის ხელშეკრულებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებს. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მოსარჩელის მიერ ბაგა-ბაღისათვის მიწოდებული კარაქიც ნივთობრივი ნაკლის მქონე იყო.
28. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს ბაგა-ბაღისთვის უნდა მიეწოდებინა კარაქი, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია. ამასთან, უდავოა, რომ მოსარჩელის მიერ ბაგა-ბაღისთვის მიწოდებული კარაქის ეტიკეტზე ცხიმის შემცველობად მითითებული იყო 80% (+/-0,5). სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 4.1, 102-103.1 მუხლებზე და განმარტა, რომ საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში, რისი წარდგენის ვალდებულებაც კონკრეტულ შემთხვევაში აპელანტს ეკისრებოდა, ივარაუდება, რომ პროდუქტის თვისებები შესაბამისობაშია მის ეტიკეტზე დატანილ მახასიათებლებთან. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარდგენილი სათანადო მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელის მიერ ბაღისთვის მიწოდებულ კარაქში ცხიმის შემცველობა 80%-ზე ნაკლები იყო.
29. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ თავად მოსარჩელემ წარადგინა და საქმის მასალებს ერთვის აღნიშნული პროდუქტის მიმწოდებლის - შპს „ა.წ–ის“ მიმართვა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 58), რომლის თანახმად, ამ უკანასკნელისა და მოსარჩელის ურთიერთობის მანძილზე, 2017 წლის ოქტომბრიდან სულ დაფასოებულია 29 105 კგ კარაქი, კერძოდ, ოქტომბრის თვეში - 9 900 კგ კარაქი 82,5% რძის ცხიმის შემცველობით, ნოემბრის თვეში - 10 705 კგ კარაქი 82,5% რძის ცხიმის შემცველობით, დეკემბრის თვეში - 2 400 კგ კარაქი 82,5% რძის ცხიმის შემცველობით და 6 100 კგ კარაქი 80,0% რძის ცხიმის შემცველობით. იმავე მიმართვის თანახმად, 80,0%-იანი ცხიმიანობის კარაქის დაფასოების შემდგომი კვლევისას, ასევე განმეორებითმა კვლევამ აჩვენა, რომ მასში ცხიმის შემცველობა შეადგენდა 80,0%-ს.
30. სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ საქმეში მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, შესწავლილია მხოლოდ პროდუქტის ეტიკეტი და მითითებულია ეტიკეტირების წესის დარღვევაზე, რაც შესაბამისი პროდუქტის მახასიათებლების შესწავლისა და ლაბორატორიული კვლევის ჩატარების გარეშე არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქტი შესაბამისობაში არ იყო ხელშეკრულებით დადგენილ მახასიათებლებთან. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ კარაქის მიწოდების ნაწილში კომპანიამ სახელშეკრულებო ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა.
31. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477.1, 487-ე, 488.1, 490.1, 491-ე, 492-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში უდავოა ბაგა-ბაღის მიერ მოსარჩელის მხრიდან მიწოდებული ნივთობრივი ნაკლის მქონე ყველი „იმერულის“ მიღებისა და დანიშნულებით გამოიყენების ფაქტი. დადგენილია ასევე, რომ ბაგა-ბაღს კომპანიისთვის ნაკლის გამოსწორება (ნაკლიანი პროდუქტის შეცვლა), ამ მიზეზით ხელშეკრულების მოშლა, ფასის შემცირება ან/და პირგასამტეხლოს დაკისრება არ მოუთხოვია. ამასთან, მხარეთა წარმომადგენლების განმარტებებით დგინდება, რომ 2017 წლის დეკემბერში ბაგა-ბაღისთვის მიწოდებული ნაკლიანი ყველის ღირებულება უმნიშვნელოდ, მხოლოდ რამდენიმე ათეული ლარით ნაკლებია ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე.
32. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.1, 4.1, 219-ე მუხლებით და განმარტა, რომ მოპასუხეს არც შესაგებელში და არც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მოსამზადებელ სტადიაზე განუხორციელებია კონკრეტული, დასაბუთებული შედევება იმ ნორმებზე დაყრდნობით, რომლებითაც მყიდველს შეუძლია ისარგებლოს ნაკლიანი შესრულების დროს. შესაბამისად, მიიჩნია, რომ მიწოდებული პროდუქციის ფასი ექვემდებარება ანაზღაურებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
33. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში შესრულების ნაკლი იმდენად უმნიშვნელოა ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით, რომ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად მისი განხილვა სამართლებრივად დაუსაბუთებელია.
34. სააპელაციო პალატამ მოპასუხის მიერ სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმებით მინიჭებული უფლებების რეალიზაციის კუთხით აღნიშნა, რომ საქმეში განთავსებულია მოპასუხის დირექტორის მიერ ხელმოწერილი 29.12.2017წ. N60-გ წერილი სადავო პერიოდში მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურებაზე მოსარჩელის მოთხოვნის საპასუხოდ. წერილის შინაარსიდან ირკვევა, რომ მოპასუხე მოსარჩელისგან ითხოვდა 14.09.2017წ. ხელშეკრულების 11.2 პუნქტით გათვალისიწნებული პირგასამტეხლოს დაკისრებას ამ უკანასკნელის მიერ ხელშეკრულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო, რაც გამოიხატა ვალდებულების უხარისხოდ და არაჯეროვნად შესრულებაში. თუმცა, მოპასუხე არ მიუთითებს დასაკისრებელი თანხის ოდენობაზე, მოთხოვნა ზოგადი ხასიათისაა და ფორმულირებულია იმგვარად, რომ ბაგა-ბაღი მოსარჩელეს არიცხავს პირგასამტეხლოს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 0,1%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 62,71 ლარს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 44-45).
35. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება იმ გარემოებაზეც გაამახვილა, რომ მოპასუხის მიერ სარჩელზე წარდგენილი შესაგებელი არ შეიცავს პირგასამტეხლოს რაიმე კონკრეტულ დაანგარიშებას. ამასთან, მოპასუხის მხრიდან რეალიზებული არ არის ნაკლიანი მიწოდების შემთხვევისთვის მყიდველისთვის სამოქალაქო კოდექსის ზემოთ დასახელებული რომელიმე ნორმით მინიჭებული უფლებამოსილება. მართალია, მოპასუხე შესაგებლის პირველ ფაქტობრივ გარემოებაში მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ მათთვის მიყენებული ზიანი ჯამურად შეადგენს 3 091 235 ლარს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება დეკემბრის თვისთვის მოთხოვნის თანხას, თუმცა არ განმარტავს, რას გულისხმობს ამ ზიანში.
36. სააპელაციო პალატამ ასევე იხელმძღავანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418.1, 420-ე მუხლებით და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ ბაგა-ბაღს მართებულად დაეკისრა კომპანიის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა 730 ლარის ოდენობით. სასამართლოს მოსაზრებით, სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრული და სამართლიანია ვალდებულების დარღვევის მოცულობასთან და ვადაგადაცილების ხანგრძლივობასთან მიმართებით.
37. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
38. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
38.1. სასამართლომ სწორად განმარტა, რომ რძე და აღდგენილი რძე განსხვავებული ცნებებია. შესაბამისად, ხელშეკრულებით რძეზე დამზადებული პროდუქტის გამოყენებით მომსახურების გაწევის მოთხოვნის თვითნებური ჩანაცვლება აღდგენილ რძეზე დამზადებული პროდუქტით წარმოადგენს ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებას. თუმცა, სასამართლომ არ განავრცო აღნიშნული მსჯელობა და ყურადღება არ გაამახვილა იმაზე, რომ თუ ზემოთ დადგენილი გარემოება ერთიანი ხელშეკრულების ჭრილში უნდა განიმარტოს არაჯეროვან შესრულებად, კონკრეტული პროდუქტის მიწოდების ჭრილში წარმოადგენს ვალდებულების შეუსრულებლობას. ანუ, მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით მოთხოვნილია მიმწოდებლის მიერ რძეზე დამზადებული ყველის გამოყენებით მომსახურების გაწევა, ეს პროდუქტი კი გამოყენებული არ ყოფილა მომსახურების გაწევისას, აღნიშნული უნდა განიმარტოს ყველთან მიმართებით პროდუქტის გამოუყენებლობად, ანუ ვალდებულების შეუსრულებლობად. ამდენად, შემსყიდველის მხრიდან კონკრეტულად „ყველის“ საფასურის გადახდის ვალდებულება არ წარმოშობილა, რადგან მიწოდება არ განხორციელებულა;
38.2. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს, სსკ-ის 495-ე მუხლის შესაბამისად, იგი ვალდებული იყო სცოდნოდა ქვეკონტრაქტორებისაგან მიღებული პროდუქტის მახასიათებლები. აღნიშნულის საპირისპიროდ მოპასუხე არასამეწარმეო იურიდიული პირია და მსგავსი საკანონმდებლო ბოჭვა მასზე არ ვრცელდებოდა. ამასთან, აღნიშნული სამართლებრივი ნორმის მე-2 ნაწილი გამორიცხავს კასატორის პასუხისმგებლობას გონივრულ ვადაში პარამეტრებისაგან განსხვავებული პროდუქტის აღმოჩენაზე, რადგან მოსარჩელე შეგნებულად დუმდა სახელშეკრულებო ვალდებულების ნაკლიანი შესრულების თაობაზე. მოსარჩელის მხრიდან განზრახი და შეგნებული დუმილით შემსყიდველი შედიოდა შეცდომაში და ეთანხმებოდა ისეთ შესრულებას, რომელიც რეალურად არ განხორციელებულა;
38.3. მხარეთა შორის მიღება-ჩაბარებების აქტების გაფორმების მიუხედავად, მოსარჩელე არ თავისუფლდება ნაკლიანი შესრულების პასუხისმგებლობისაგან. შესაბამისად, შესრულების მიღება არ წარმოადგენს ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საფუძველს;
38.4. შემსყიდველის მიერ ზედმიწევნით გაიწერა მომსახურების გაწევისას გამოსაყენებელი პროდუქტის მახასიათებლები, რაც განპირობებული იყო მცირეწლოვანი ბავშვების ჯანსაღი ცხოვრების უფლების ინტერესით, რომლის კომპონენტიც არის სრულფასოვანი კვების რაციონი. ხელშეკრულების დანართებიდანაც ჩანს, რომ სატენდერო დოკუმენტაცია მომზადებულია მცირეწლოვანი ბავშვების დღის კვების რაციონის, კალორაჟისა და სხვა კომპონენტების დათვლის საფუძველზე, შესაბამისი მარეგულირებელი ნორმატიული აქტების გამოყენებით. ბაგა-ბაღს არ ჰქონდა უფლება შეეძინა ისეთი პროდუქტი, რომელიც თუნდაც ერთი „უმნიშვნელო“ კომპონენტით არ შეესაბამებოდა კომპეტენტური სპეციალისტების მიერ შემუშავებულ სატენდერო დოკუმენტაციის საფუძვლად დადგენილ პარამეტრებს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა ბავშვთა უფლებების უპირატესი ინტერესებიდან გამომდინარე;
38.5. რეალურად იმ ქმედების სამართლებრივი ბუნება, რომელიც კასატორმა განახორციელა სწორედ ნაკლის ნაწილში ფასის შემცირებაა. საუბარია სადავო პროდუქტების - ყველისა და კარაქის ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმასა და უკვე ანაზღაურებულის უკან გამოთხოვაზე. რეალურად, მოსარჩელის მხრიდან განხორციელებული შესრულების ნაკლი მდგომარეობს ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურებისას ყველისა და კარაქის გამოუყენებლობაში. ამ ორი პროდუქტის ნაწილში ადგილი ჰქონდა შეუსრულებლობით გამოწვეულ ნაკლს. კასატორის მხრიდან სრულიად ლეგიტიმურად, ნაკლის ღირებულებად მიჩნეულ იქნა იმ პროდუქტის შესაბამისი საფასური, რომლის გამოყენებაც არ მომხდარა მომსახურების გაწევისას. ამ არგუმენტით კი, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის გზით, დაკავებულ იქნა დეკემბრის ანაზღაურება ნაკლიანი შესრულებით გამოწვეული, ზედმეტად, ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხის უკან დაბრუნებამდე;
38.6. საქმის ფაქტობრივ გარემოებებს არ შეესაბამება სასამართლოს მსჯელობა, რომ პროდუქტ კარაქთან მიმართებით ხელშეკრულების პირობების ხელყოფას ადგილი არ ჰქონია. როგორც ყველთან, ისე კარაქთან დაკავშირებით მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ ყველა იმ მახასიათებელზე, რომელიც დაკმაყოფილებული უნდა ყოფილიყო მიმწოდებლის მიერ. ეს დათქმაც, როგორც ყველა სხვა პროდუქტზე, განპირობებული იყო ბავშვთა საუკეთესო ინტერესის უპირატესობით შედგენილ მენიუში გათვალისწინებული საკვების მომზადების მიზნით. ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტის, როგორც კარაქია, შემადგენლობაში რაიმე სახის შეუსაბამობის დაშვება სერიოზუად უარყოფითად შეიძლება ასახულიყო ბავშვთა კვების დღიურ რაციონზე. მით უფრო, რომ მოცემულ შემთხვევაში საუბარია კარაქში ცხიმიანობის დონეზე, რაც განაპირობებს ზოგადად პროდუქტის კარაქად აღიარებას;
38.7. სასამართლოს დასაბუთება პირგასამტეხლოსთან მიმართებით არასწორია, რადგან არ არის გათვალისწინებული მხარის უფლება განეხორციელებინა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის მიზნით თანხების დაკავება, რაც გამორიცხავს კასატორის განზრახვას არ შეასრულოს ან ვადის დარღვევით შეასრულოს დეკემბრის თვის ანაზღაურების ნაწილში ანგარიშსწორება.
39. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
40. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
41. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
42. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
43. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.
44. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მოპასუხისათვის ნასყიდობის საფასურისა და პირგასამტეხლოს დაკისრების მართლზომიერება.
45. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
46. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).
47. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის 2017 წლის დეკემბრის თვეში მიწოდებული პროდუქტის - „კარაქის“ ნივთობრივი ნაკლი. მოპასუხეს მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში არ წარუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება.
48. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიწოდებულ ყველს, დასახელებით „იმერული“, წინამდებარე საქმეში დადგენილია მიმწოდებლის/მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის ნივთობრივი ნაკლის მქონე პროდუქტის მიწოდების ფაქტი. კერძოდ, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიწოდებული ზემოაღნიშნული პროდუქტი სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასტერიზებული რძისა, იგი დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან (იხ. წინამდებარე განჩინების 22-ე, 24-ე პუნქტები), რაც განსხვავებულ რძის პროდუქტებს წარმოადგენს.
49. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლით განსაზღვრულია გამყიდველის ვალდებულება მყიდველს გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. იმავე კოდექსის 488-ე მუხლის მიხედვით, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი მყიდველს გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე.
50. ამდენად, საპასუხო შესრულებისგან მოვალეს სამოქალაქო კანონმდებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ათავისუფლებს, თუ ის დაამტკიცებს, რომ ნასყიდობის საგანი ვერ მიიღო ან მიიღო შეთანხმებული ხარისხისგან განსხვებული ხარისხის ან რაოდენობის ნივთი. ამგვარ გარემოებათა არსებობა მოვალეს კრედიტორის მიმართ ნივთის ნაკლის გამოსწორების (სსკ-ის 490 მუხლი), ნაკლიანი გვაროვნული ნივთის შეცვლის (სსკ-ის 490 მუხლი), ფასის შემცირების (სსკ-ის 492 მუხლი) ან ზიანის ანაზღაურების (სსკ-ის 494 მუხლი) მოთხოვნებს წარმოუშობს. მას შეუძლია მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლაც სსკ-ის 352-ე მუხლის მიხედვით (სსკ-ის 491-ე მუხლი). თუმცა, მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში სწორედ მოვალის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს საპასუხო შესრულებისგან გათავისუფლების საფუძვლიანობის დადასტურება.
51. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის ნივთობრივი ნაკლის მქონე პროდუქტის - ყველის, დასახელებით „იმერული“ მიწოდების ფაქტი, შესაბამისად, მოპასუხე პროდუქტის მიღების შემდგომ უფლებამოსილი იყო ზემოთ დასახელებული სამართლებრივი მექანიზმებით ესარგებლა და ნაკლის გამოსწორება, ხელშეკრულების მოშლა ან ფასის შემცირება მოეთხოვა, თუმცა სადავო არაა, რომ მოპასუხეს აღნიშნული უფლებებით არ უსარგებლია, ნაკლიანი პროდუქცია მიიღო და დანიშნულებისამებრ გამოიყენა.
52. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხეს მართებულად დაეკისრა მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურება.
53. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. იმავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
54. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია. ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება; პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი; №ას-1265-1187-2015, 10 თებერვალი, 2016 წელი; №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი; №ას-1077-997-2017, 31 ივლისი, 2018 წელი).
55. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ მოპასუხეს/შემსყიდველს არ აუნაზღაურებია 2017 წლის დეკემბრის თვეში მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება; დადგენილია ასევე, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო შემსყიდველის მიერ ნასყიდობის საფასურის გადახდის ვადის გადაცილებისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სახელშეკრულებო ღირებულების 0,1%-ის ოდენობით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
56. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
57. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
58. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
59. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
60. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
61. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 552 ლარის 70% – 386,4 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა(ა)იპ „თბილისის N95 საბავშვო ბაგა-ბაღის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ა(ა)იპ „თბილისის N95 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს/კ: .......) დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 1 აგვისტოს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 552 ლარის 70% – 386,4 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი