Facebook Twitter

საქმე №ას-198-198-2018 15 ივნისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.კ.ა–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს–ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – სადაზღვევო პრემიის გადახდის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „ს.კ.ა–სა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „სადაზღვევო კომპანია“, „მზღვეველი“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) და შპს „ს–ას“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მოპასუხე კომპანია“ ან „დამზღვევი“) შორის 2013 წლის 30 სექტემბერს დაიდო გენერალური ხელშეკრულება ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, იმავე დღეს მოსარჩელემ გასცა სადაზღვევო პოლისი №MO/C 014913/13, რომლის თანახმად, დაზღვევის საგანს წარმოადგენდა - ლექსუს 470, სარეგისტრაციო ნომრით - SPC 222. სადაზღვევო პრემიად განისაზღრა 1 450 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, გადახდის დღისათვის არსებული კურსის მიხედვით. დამზღვევი ვალდებული იყო პრემია გადაეხადა შემდეგი გრაფიკით: 1) 362,50 აშშ დოლარი - არაუგვიანეს 2013 წლის 01 ოქტომბრისა; 2) 362,50 აშშ დოლარი - არაუგვიანეს 2014 წლის 01 იანვრისა; 3) 362,50 აშშ დოლარი - არაუგვიანეს 2014 წლის 01 აპრილისა; 4) 361,50 აშშ დოლარი - არაუგვიანეს 2014 წლის 01 ივლისისა. დაზღვევის პერიოდი განისაზღვრა - 2013 წლის 01 ოქტომბრიდან 2014 წლის 01 ოქტომბრის 24 საათამდე.

2. გენერალური ხელშეკრულების მე-6 პუნქტით განისაზღვრა ანგარიშსწორების წესი და პირობები. კერძოდ, ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად, შესაბამისი სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო პრემიის დამზღვევის მიერ გადახდამდე, ხოლო თუ სადაზღვევო პოლისი მრავალწლიანია, როგორც პირველი, ისე ყოველი მომდევნო წლის პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო პრემიის გადახდამდე, მზღვეველი თავისუფალია ნაკისრი მოვალეობის შესრულებისაგან; ხელშეკრულების 6.3 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო პრემიის დროულად, სადაზღვევო პოლისით დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში, მზღვეველის მხრიდან განისაზღვრება პრემიის გადახდის ორკვირიანი ვადა. თუ ამ ვადის გასვლის შემდგომ ადგილი ექნება სადაზღვევო შემთხვევას და გადახდა არ იქნება განხორციელებული, მზღვეველი თავისუფლდება ანაზღაურების მოვალეობისაგან. ამასთან, პრემიის დროულად გადაუხდელობისას მზღვეველი უფლებას იტოვებს ერთი თვით ადრე წერილობითი შეტყობინების საფუძველზე და ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, ცალმხრივად შეწყვიტოს დაზღვევის ხელშეკრულება; იმავე ხელშეკრულების 11.1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაზღვევის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს მეორე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა.

3. დამზღვევმა, გ.ლ–ძემ წერილით მიმართა მოსარჩელეს და აცნობა, რომ 2013 წლის 31 ივლისს მასთან დააზღვია ავტომობილი ლექსუს 470, სახელმწიფო ნომრით - ......, პოლისის ნომერი MO/R-011608/13 და გადაიხადა დაზღვევის საფასურის ნაწილი 533,43 აშშ დოლარის ოდენობით. ამასთან, განმარტა, რომ ავტომობილი გადავიდა მოპასუხე კომპანიის სარგებლობაში და მოითხოვა აღნიშნული დაზღვევის გაუქმება და გამოუმუშავებელი პრემიის ჩათვლა მოპასუხის პრემიაში.

4. მოპასუხე კომპანიის დირექტორმა, ა.შ–ძემ 2013 წლის 30 სექტემბერს შემდეგი შინაარსის წერილით მიმართა მოსარჩელეს: „გთხოვთ, თქვენს მიერ დაზღვეული ავტომობილის - ლექსუს 470, სახელმწიფო ნომრით - ....., დამზღვევი - გ.ლ–ძე, პოლისის ნომერი MO/R-011608/13, დაზღვევის გაუქმების შედეგად დარჩენილი გამოუმუშავებელი პრემია ჩაგვითვალოთ პრემიაში პოლისზე №MO/C-014913/13“.

5. მოსარჩელემ 2014 წლის 21 ნოემბერს წერილით მიმართა მოპასუხეს და აცნობა, რომ მის მიერ ვადაგადაცილებულია დაზღვევის პოლისით/ხელშეკრულებით განსაზღვრული სადაზღვევო პრემიის - 788,25 აშშ დოლარის გადახდა (გადახდას დაქვემდებარებული თარიღი: 01.04.2014). იმავე წერილით მოსარჩელემ შეატყობინა მოპასუხეს, რომ გაფრთხილების მიღებიდან ორი კვირის განმავლობაში დაეფარა დავალიანება. მითითებული წერილი მოპასუხეს ჩაბარდა 2014 წლის 26 ნოემბერს.

6. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მისთვის სადაზღვევო შესატანის დარჩენილი, გადაუხდელი ნაწილის - 788,25 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს დარჩენილი სადაზღვევო პრემია არ აუნაზღაურებია. შესაბამისად, დავალიანების გადაუხდელობის საფუძვლით, 2014 წლის 23 ივნისს მოსარჩელემ გააუქმა №MO/C 014913/13 სადაზღვევო პოლისი. გაუქმების მომენტისათვის მოპასუხის სადაზღვევო პრემიის დავალიანება 788,25 აშშ დოლარით განისაზღვრა.

7. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მისი მტკიცებით, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ დავალიანება არ გააჩნია. მოსარჩელე ითხოვს სადაზღვევო პრემიის თანხის გადახდას, რომელთან დაკავშირებული სადაზღვევო მომსახურებითაც მოცემულ პერიოდში მოპასუხეს არ უსარგებლია და ვერც ისარგებლებდა, რადგან დაზღვევის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა და მხარეთა უფლება-მოვალეობები დამზღვევის მიერ სადაზღვევო შესატანის გადახდის შემდეგ წარმოიშობა. ამასთან, მოსარჩელემ მოპასუხეს სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობის გამო ორკვირიანი ვადის დაცვით არ შეუწყვიტა ხელშეკრულება, დაელოდა ხელშეკრულების ვადის გასვლას და მხოლოდ ამის შემდგომ მოითხოვა სადაზღვევო პრემიის სრულად გადახდა, რითაც დაარღვია სსკ-ის 8.3 მუხლი.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

9. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

11. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

12. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ გ.ლ–ძემ და მოპასუხემ, როგორც დამზღვევმა გამოხატეს ნება გ.ლ–ძის №MO/R-011608/13 პოლისის გაუქმების შედეგად დარჩენილი გამოუმუშავებელი პრემია ჩათვლილიყო პრემიაში პოლისზე №MO/C-014913/13; მოპასუხე კომპანიის დირექტორმა მიმართა სადაზღვევო კომპანიას და დაუდასტურა წინამდებარე ქმედება; გ.ლ–ძის პრემია იყო 261,61 აშშ დოლარი, ხოლო მოპასუხის 362,50 აშშ დოლარი; სადაზღვევო კომპანიამ მიიღო დაზღვეულის მიერ ვალდებულების ნაწილობრივი შესრულება. ამგვარად, სამოქალაქო კოდექსის 371-ე მუხლის თანახმად, მოპასუხემ ნაწილობრივ შეასრულა სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება, თუმცა გარდა ამ ნაწილობრივი შესრულებისა მას სხვა შესრულება არ განუხორციელებია.

13. სააპელაციო პალატის განმარტებით, სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს, იმოქმედონ კეთილსინდისიერების ფარგლებში. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და, ამავე დროს, აშკარა უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს. კანონმდებელი სადაზღვევო ურთიერთობაში მზღვეველს, როგორც დაზღვევის ხელშეკრულების ძლიერ მხარეს, ანიჭებს აქტიურ როლს, რაც მისთვის გარკვეული უფლებების განსაზღვრაში გამოიხატება. შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიამ კანონმდებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებები კეთილსინდისიერად უნდა გამოიყენოს და სადაზღვევო ურთიერთობის ფარგლებში არ უნდა შექმნას დამზღვევისათვის უარესი პირობები.

14. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადაზღვევო შესატანის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობისას, კანონმდებელი მზღვეველს ავალებს გონივრულ ვადაში შეატყობინოს დამზღვევს მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების შესახებ. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ დამზღვევს სადაზღვევო შესატანი დროულად არ გადაუხდია. ამასთან, სადაზღვევო შესატანის გადაუხდელობის მიუხედავად, მზღვეველს დამზღვევი წერილობით არ გაუფრთხილებია მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 817-818-ე მუხლები არ არის მავალდებულებელი ხასიათის, თუმცა, მიუხედავად ამისა, კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მზღვეველს მართლზომიერად გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უფლება და სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობის შემთხვევაში, დროულად გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე, არ დაელოდოს ხელშეკრულების ვადის გასვლას და შემდეგ მოითხოვოს სადაზღვევო შესატანის ანაზღაურება. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, თუკი დამზღვევის მიერ შესატანის შეუტანლობა მზღვეველს ათავისუფლებს სახელშეკრულებო ვალდებულებისაგან, დაუშვებელია ძალაში დარჩეს დამზღვევის ვალდებულება, გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი. ასეთ ვითარებაში დგება ხელშეკრულების მოშლის საკითხი, რომლის ინიციატივასაც კანონმდებელი მზღვეველს აკისრებს. სამოქალაქო კოდექსის 818-ე მუხლის თანახმად, მზღვეველს უფლებამოსილება აქვს, წერილობით აცნობოს დამზღვევს ხელშეკრულების მოშლის თაობაზე. დაუშვებელია, კანონმდებლის მიერ მზღვეველისათვის აღნიშნული უფლებამოსილების მინიჭების ბოროტად გამოყენება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი აპელანტის მხრიდან.

15. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ სადაზღვევო კომპანიამ მოპასუხეს 2014 წლის 22 მაისს გაუგზავნა წერილობითი შეტყობინება, რომლითაც განუსაზღვრა დავალიანების გადახდის დამატებითი ვადა და ასევე აცნობა გადაუხდელობის შედეგები, რასაც მოპასუხის მხრიდან არ მოჰყოლია რეაგირება. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეზე თანდართული მტკიცებულებით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 92) არ დგინდება მოპასუხისათვის ამგვარი ინფორმაციის მიწოდების ფაქტი. მართალია, წარდგენილი წერილის შინაარსი შეიცავს ასეთ გაფრთხილებას, თუმცა არ დასტურდება მისი დაზღვეულის მიერ მიღების ფაქტი. ამასთან, 2014 წლის 21 ნოემბერს სადაზღვევო კომპანიამ წერილით მიმართა მოპასუხეს და აცნობა, რომ მის მიერ ვადაგადაცილებული იყო დაზღვევის პოლისით/ხელშეკრულებით განსაზღვრული სადაზღვევო პრემიის 788,25 აშშ დოლარის გადახდის ვადა (გადახდას დაქვემდებარებული თარიღი: 01.04.2014წ.). იმავე წერილით მოსარჩელემ მოპასუხეს შეატყობინა, რომ გაფრთხილების მიღებიდან ორი კვირის განმავლობაში დაეფარა დავალიანება. მითითებული წერილი მოპასუხეს ჩაბარდა 2014 წლის 26 ნოემბერს, თუმცა ამ დროისათვის ხელშეკრულების მოქმედების ვადა უკვე გასული იყო, მას ვადა 2014 წლის 01 ოქტომბერს ამოიწურა.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მხარეთა შორის არსებული სადაზღვევო ურთიერთობა მოიშალა, რის შედეგადაც მზღვეველს აღარ გააჩნია სადაზღვევო პრემიის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ვინაიდან მზღვეველი, რომლის მიმართაც დაირღვა სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება, დაელოდა სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვას და მხოლოდ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ მოითხოვა დარღვეული უფლების დაცვა, ისე რომ მას დამზღვევთან სახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში არცერთხელ გაუფრთხილებია კონტრაჰენტი წერილობით და არ უცნობებია მისთვის მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების თაობაზე. ამდენად, მზღვეველის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კეთილსინდისიერების პრინციპის უგულებელყოფასა და უფლების ბოროტად გამოყენებას.

17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

18. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

18.1. წინამდებარე დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია სწორად იქნეს სამართლებრივად შეფასებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: წარმოშობს თუ არა პირველი სადაზღვევო შენატანის არასრულად გადახდა მზღვეველის ვალდებულებას აანაზღაუროს შემთხვევა; არის თუ არა დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივად მავალდებულებელი, კონსენსუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება; სადაზღვევო შენატანის მორიგი ტრანშების გადაუხდელობის შედეგები;

18.2. დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივად მავალდებულებელი, კონსენსუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. მზღვეველი უფლებამოსილია მოითხოვოს სადაზღვევო პრემიის გადახდა და ვალდებულია აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანი, დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. თავის მხრივ, დამზღვევი უფლებამოსილია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და ვალდებულია, შეთანხმებული ჯერადობითა და ოდენობით იხადოს სადაზღვევო პრემია. დაზღვევის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების განსაზღვრისას ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს სამი დამოუკიდებელი ეტაპი, კერძოდ: დაზღვევის ხელშეკრულების დადება, სადაზღვევო პერიოდის დაწყება და მზღვეველის ვალდებულების წარმოშობა. ქართულ სასამართლო პრაქტიკაში დაზღვევის ხელშკრულებას რეალურ ხელშეკრულებად მიიჩნევენ და აღნიშნავენ, რომ დაზღვევის ხელშეკრულება იურიდიულ ძალას იძენს არა მხარეთა შეთანხმებისთანავე, არამედ მხოლოდ სადაზღვევო პრემიის გადახდის შემდეგ (სუსგ საქმე №ას-85-81-2013, №ას-663-624-2011). ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს სამოქალაქო კოდექსის მხოლოდ 816-ე მუხლში გათვალისწინებული რეგულირება ქმნის. თუმცა, 816-ე მუხლის განმარტებისას მნიშვნელოვანია სამოქალაქო კოდექსის 806-ე მუხლის პირველი ნაწილის მხედველობაში მიღება, რომლის თანახმად, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დაზღვევა იწყება დაზღვევის ხელშეკრულების დადების დღის ოცდაოთხ საათზე. შესაბამისად, სადაზღვევო პერიოდის დაწყება არ არის დაკავშირებული სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში მზღვეველის მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობასთან. მაგალითად, დაზღვევის ხელშეკრულება გაფორმდა 2017 წლის 10 მარტს, დღის 12:00 საათზე და დამზღვევმა ხელშეკრულების გაფორმებისთანავე გადაიხადა პირველი პრემია, თუ სადაზღვევო შემთხვევა დადგება 10 მარტის 12:00 საათიდან ოცდაოთხ საათამდე შუალედში, 806-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მზღვეველს უფლება აქვს უარი უთხრას დამზღვევს ანაზღაურების ვალდებულების შესრულებაზე, ვინაიდან დაზღვევის პერიოდი ჯერ არ დაწყებულა, ანუ სადაზღვევო კომპანია არ იყო რისკის მატარებელი მიუხედავად იმისა, რომ პირველი სადაზღვევო პრემია იყო ანაზღაურებული;

18.3. სამოქალაქო კოდექსის 816-ე მუხლში გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება წარმოადგენს არა ხელშეკრულების ძალაში შესვლის, არამედ მზღვეველის ძირითადი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობას (ზიანის ანაზღაურება), რაც, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ დაზღვევის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებების რიცხვს განეკუთვნება, რადგან სადაზღვევო ურთიერთობების სუბიექტებს, გარდა ზემოთ მოცემული ძირითადი ვალდებულებებისა, ასევე, გააჩნიათ კანონით რეგულირებული სხვა ვალდებულებები, რომლებიც უნდა შესრულდეს დამზღვევის მიერ პირველი ან ერთჯერადი პრემიის გადახდამდე, კერძოდ: დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმებასთან ერთად მზღვეველი ვალდებულია გადასცეს დამზღვევს ხელმოწერილი საბუთი დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ (სადაზღვევო მოწმობა - პოლისი), მისი დაკარგვის შემთხვევაში უზრუნველყოს შესაბამისი ასლის (დუბლიკატის) გაცემა, ასევე, დამზღვევს მზღვეველის წინაშე წარმოეშობა საფრთხის გაზრდის შესახებ შეტყობინების ვალდებულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ვადებულება არ არის დამოკიდებული დამზღვევის მიერ სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაზე, არამედ ისინი ძალაში შედის დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე. შესაბამისად, ხელშეკრულების დადებისათვის ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს, ერთი მხრივ, დაზღვევის ხელშეკრულების დადების, სადაზღვევო პერიოდის დაწყებისა და, მეორე მხრივ, მზღვეველის სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულების წარმოშობის ეტაპები. დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმებით მზღვეველი და დამზღვევი ორი ურთიერთმფარავი თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე იბოჭავენ თავს, რომ შეასრულებენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, შესაბამისად, ხელშეკრულების დადებისთანავე გარიგება ძალაში შედის და მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილეები ხდებიან - დაზღვევის ხელშეკრულების ნამდვილობისთვის საკმარისია მხოლოდ მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სსკ-ის 816-ე და 806-ე მუხლთა კონკურენციის პირობებში, უპირატესობა 806-ე მუხლის პირველ ნაწილს უნდა მიენიჭოს და დაზღვევის ხელშეკრულება კონსენსუალურ ხელშეკრულებად განვიხილოთ, რომლის საფუძველზეც მზღვეველი უფლებამოსილია მოსთხოვოს დამზღვევს სადაზღვევო პრემიის (მათ შორის პირველი ან ერთჯერადი შესატანის) გადახდა, ხოლო დამატებითი წინაპირობის შესრულების, პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო შესატანის გადახდის შემდეგ დამზღვევი უფლებამოსილია მოსთხოვოს მზღვეველს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა;

18.4. დამატებით არგუმენტს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 818-ე მუხლი, რომელიც ადგენს მზღვეველის შესაძლებლობას მოშალოს ხელშეკრულება დამზღვევის მიერ სადაზღვევო შენატანის არადროულად გადახდის გამო. ამ მუხლის შინაარსიდან ცალსახად ირკვევა, რომ დამზღვევის მიერ სადაზღვევო პრემიის არადროულად გადახდის შემთხვევაში (რომელიც, თავის მხრივ, შეიძლება იყოს როგორც პირველი ან ერჯერადი, ასევე, მორიგი შენატანი) მზღვეველს ენიჭება უფლება, მოშალოს ხელშეკრულება. ცხადია, რომ თუ საუბარი არ არის ძალაში მყოფ ხელშეკრულებაზე, კანონმდებელი არ გამოიყენებს ტერმინს „ხელშეკრულების მოშლა“, რადგან აღნიშნული ტერმინი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში გამოიყენება მხოლოდ ძალაში შესული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძვლის აღმნიშვნელად;

18.5. დამზღვევის მიერ სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულების წარმოშობის მომენტი კონკრეტულად არის განსაზღვრული იმავე კოდექსის 815-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ადგენს, რომ დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი (პრემია) დაზღვევის დამადასტურებელი საბუთის (პოლისის) მიღების შემდეგ. სწორედ მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო პოლისის გადაცემის მომენტიდან შედის ძალაში დამზღვევის ვალდებულება, გადაიხადოს სადაზღვევო პრემია. ხოლო, სადაზღვევო პრემიის გადახდა ემსახურება მხოლოდ მზღვეველისთვის ზიანის ანაზღაურების რისკის ტარების საფუძვლებს;

18.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაზღვევის ხელშეკრულება (სადაზღვევო პოლისი) მხარეთათვის სავალდებულო ძალას იძენს მხარეთა მიერ ხელმოწერისა და დამზღვევისათვის გადაცემისთანავე და დამზღვევის ვალდებულება გადაიხადოს სადაზღვევო პრემია, ძალაშია სწორედ მზღვეველის მიერ მისთვის სადაზღვევო პოლისის გადაცემის მომენტიდან. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 815-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს შესაბამისი სადაზღვევო პრემია;

18.7. მოპასუხეს გადახდილი ჰქონდა პრემიის პირველი ტრანშის ნაწილი, კერძოდ, 261,61 აშშ დოლარი, ამასთან წარდგენილი ჰქონდა წერილობითი თანხმობა, რითაც მოსარჩელეს წარმოეშვა სადაზღვევო შემთხვევის არსებობისას ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხეს არ სურდა სადაზღვევო კომპანიასთან სამართლებრივ ურთიერთობაში ყოფნა, ის არც აღნიშნულ ქმედებას განახორციელებდა. პრემიის პირველი ტრანშის ნაწილის გადახდა ემსახურებოდა ზუსტად სადაზღვევო კომპანიისათვის რისკის ტარების ვალდებულების ამოქმედებას, წინააღმდეგ შემთხვევაში სრულიად გაუგებარი ხდება სადაზღვევო ურთიერთობის არსი და მიზანი. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ პირველი შენატანი გააკეთა 261,61 აშშ დოლარისა და არა 362,50 აშშ დოლარის ოდენობით, აღნიშნულით მაინც დასტურდება შენატანის გაკეთების ფაქტი, რაც პირდაპირ უკავშირდება სადაზღვევო ვალდებულების ამოქმედებას სადაზღვევო კომპანიის მხრიდან;

18.8. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 816-ე მუხლით გათვალისწინებული პირველი სადაზღვევო შენატანი არ უნდა იქნეს გაგებული როგორც კონკრეტული ოდენობის თანხის გადახდა, არამედ დამზღვევის ნების გამოვლენა და დადასტურება. ამდენად, სახეზეა ცალსახა მოცემულობა, რომ მზღვეველის (მოსარჩელის) მიერ ნაკისრი რისკი (ვალდებულება) ძალაში იყო შესული და სადაზღვევო შემთხვევის ხდომილებისას, მზღვეველის ვალდებულება აანაზღაუროს ზიანი პოლისის პირობების შესაბამისად, ძალაში იყო მანამ სანამ ძალაში იქნებოდა სადაზღვევო პოლისი – მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია პოლისის მოქმედების ვადაზე;

18.9. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელემ/სადაზღვევო კომპანიამ დროულად არ აცნობა მოპასუხეს მის მიმართ არსებული დავალიანების შესახებ და აქედან გამომდინარე ბოროტად ისარგებლა სამოქალაქო კოდექსის 818-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებით. სადაზღვევო შესატანის გადაუხდელობის გამო სადაზღვევო კომპანიის მიერ დაზღვევის ხელშეკრულების მოშლის მარეგულირებელ ნორმებთან დაკავშირებით №ას-1708-1602-2012 საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადაზღვევო პრემიის შენატანის მარეგულირებელი ნორმები, მათ შორის 815-ე, 817-ე და 818-ე მუხლები არ წარმოადგენს იმპერატიული ხასიათის ნორმებს და ცალსახად არ ადგენს ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობას. კანონმდებელი 817-ე და 818-ე მუხლებით ადგენს მზღვეველის უფლებას შესაბამისი ფორმით განსაზღვროს პრემიის გადახდის დამატებითი ვადა, ასევე, კანონით დადგენილი ფორმის დაცვით მოშალოს ხელშეკრულება, თუმცა მზღვეველის მიერ აღნიშნული უფლების გამოუყენებლობა მისი, როგორც ხელშეკრულების მხარის არაკეთილსინდისიერად მიჩნევის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს;

18.10. აღნიშნულ საკითხზე განსხვავებულ მსჯელობას გვთავაზობს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №ას-1308-1246-2014, რომელიც მზღვეველს ავალდებულებს კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე დროულად შეწყვიტოს ხელშეკრულება, როდესაც დამზღვევი არ იხდის სადაზღვევო პრემიას, რათა ხელოვნურად არ მოახდინოს მისი გამომუშავება. მიუხედავად აღნიშნულისა სასამართლომ უნდა გაამახვილოს ყურადღება სამოქალაქო კოდექსის 817-ე მუხლზე, რომელიც მზღვეველის მიერ შეტყობინების უფლების გამოუყენებლობისათვის ერთგვარ სამოქალაქო-სამართლებრივ სანქციას აწესებს (სუსგ საქმე №ას-1708-1602-2012), კერძოდ: სამოქალაქო კოდექსის 817-ე მუხლის დათქმა, რომ თუ სადაზღვევო შესატანი დროულად არ არის გადახდილი, მაშინ მზღვეველს შეუძლია წერილობით განსაზღვროს გადახდის ორკვირიანი ვადა, ამასთან, უნდა მიუთითოს იმ შედეგებზე, რომლებიც ვადის გასვლას მოჰყვება, არ შეიძლება განმარტებულ იქნას ამავე მუხლის მე-2 ნაწილისაგან განყენებულად, რადგანაც ნორმის მე-2 ნაწილით დადგენილია მზღვეველის მიერ შეტყობინების უფლების გამოუყენებლობისათვის ერთგვარი სამოქალაქო-სამართლებრივი სანქცია, კერძოდ, სადაზღვევო შემთხვევის დადგომა მას წარმოუშობს სადაზღვევო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო კომპანია წერილობით გააფრთხილებს დამზღვევს პრემიის გადახდის თაობაზე და ორკვირიანი ვადის გასვლის შემდეგ დადგება სადაზღვევო შემთხვევა, ამ ვადის გასვლამდე მზღვეველი ვალდებულია აანაზღაუროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი შემთხვევა, მიუხედავად იმისა, დამზღვევს გადაცილებული აქვს თუ არა პრემიის შეტანის ვადა. შესაბამისად, თუ დამზღვევს ანაზღაურებული აქვს სადაზღვევო პრემიის პირველი ტრანში და დაზღვევის პერიოდი დაწყებულია, მზღვეველი არის რისკის მატარებელი სადაზღვევო შემთხვევისას აანაზღაუროს ზიანი;

18.11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 27 ივნისის №ას-719-674-2010 განჩინების მიხედვით, სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება დაიდო ბანკსა და შპს-ს შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე. შპს-ს 100%-იანი წილის მფლობელი ფიზიკური პირის სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულებით მხარეები სადაზღვევო პრემიის ორ ეტაპად გადახდაზე შეთანხმდნენ. დამზღვევმა სესხის სახით გაცემული თანხა ბანკს დაუბრუნა პირველი სადაზღვევო პრემიის გადახდის შემდეგ, პრემიის მეორე ნაწილის გადახდის ვადის დადგომამდე. სასესხო ვალდებულების შესრულების შედეგად დამზღვევს დაეკარგა ინტერესი დაზღვევის ხელშეკრულების მიმართ და მან აღარ გადაიხადა მეორე სადაზღვევო პრემია. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დამზღვევის მიერ პირველი პრემიის გადახდის შედეგად მზღვეველს წარმოეშვა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება (სამოქალაქო კოდექსის 816-ე მუხლი). შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არსებობდა დამზღვევისათვის სადაზღვევო შესატანის დარჩენილი ნაწილის დაკისრების საფუძველი;

18.12. კანონის ამგვარი განმარტება სახელშეკრულებო თანასწორობის ბალანსის დარღვევას არ იწვევს, რადგანაც დაზღვევის ურთიერთობის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები ითვალისწინებს იმ კერძო (სპეციალურ) შემთხვევებს, როდესაც დამზღვევს უფლება აქვს უარი განაცხადოს ხელშეკრულებაზე (სსკ-ის 815.2, 819 მუხლები), ამასთან, საყურადღებოა, რომ თუ სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში მხარეები რაიმე განსხვავებულ წესს არ დაადგენენ, ამ ურთიერთობის მიმართ თავისუფლად ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც მხარის ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას განამტკიცებენ (მაგ., სსკ-ს 399-ე მუხლი).

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

20. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

21. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მოსარჩელისათვის სადაზღვევო შესატანის (პრემიის) ანაზღაურებაზე უარის თქმის მართლზომიერება.

22. სადაზღვევო შესატანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის მე-2 ნაწილი [დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია)].

23. კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ დაზღვევის ხელშეკრულება წარმოადგენს კონსენსუალურ და არა რეალურ ხელშეკრულებას, რის გამოც მხარეთა შორის დაზღვევის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მომენტიდან და აღნიშნული არ იყო დამოკიდებული დამზღვევის მიერ პირველი სადაზღვევო შესატანის გადახდაზე. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა გადაიხადა თუ არა დამზღვევმა პირველი სადაზღვევო შესატანი, მზღვეველი უფლებამოსილია მოითხოვოს მისგან გადაუხდელი სადაზღვევო შესატანის ანაზღაურება. კასატორის მტკიცებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 816-ე მუხლით დადგენილი რეგულაცია [პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო შესატანის დროულად გადახდამდე მზღვეველი თავისუფალია თავისი მოვალეობისაგან] წარმოადგენს არა დაზღვევის ხელშეკრულების ძალაში შესვლის წინაპირობას, არამედ მზღვეველის ძირითადი ვალდებულების (აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანი) წარმოშობის საფუძველს.

24. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას დაზღვევის ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებასთან დაკავშირებით და სააპელაციო სასამართლოს მსგავსად მიიჩნევს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება რეალურ ხელშეკრულებათა კატეგორიას განეკუთვნება.

25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლის თეორიაში რეალურ ხელშეკრულებად განიხილება იმგვარი ხელშეკრულებები, რომელთა დასადებად მხოლოდ მხარეთა შორის შეთანხმება საკმარისი არ არის. აუცილებელია ასევე ერთი მხარის მიერ მეორესათვის ხელშეკრულების საგნის ფაქტობრივი გადაცემა. შესაბამისად, რეალურ ხელშეკრულებაში ერთი მხარის მიერ ვალდებულების შესრულება ხელშეკრულების მეორე მხარეს ვალდებულებას აკისრებს. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, კონსენსუალურ ხელშეკრულებაში ვალდებულების წარმოშობა დამოკიდებულია მხარეთა შეთანხმებაზე. ამგვარი ხელშეკრულება დადებულად ითვლება მხარეთა შორის დადგენილი ფორმით შეთანხმების მიღწევის მომენტიდან (იხ. ზ. ახვლედიანი, ვალდებულებითი სამართალი, მეორე გამოცემა, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 1999, გვ. 29; ასევე, იხ. ქეთევან ირემაშვილის სადისერტაციო ნაშრომი თემაზე „მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო ურთიერთობებში“, თბილისი, 2016, გვ. 22-23).

26. დაზღვევის ხელშეკრულების ცენტრალურ ნორმას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია). ამასთან, იმავე კოდექსის 815-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი მხოლოდ დაზღვევის დამადასტურებელი საბუთის მიღების შემდეგ. ხოლო 816-ე მუხლის შესაბამისად, პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო შესატანის დროულად გადახდამდე მზღვეველი თავისუფალია თავისი მოვალეობისაგან.

27. მოცემული ნორმების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. სსკ-ის 799-ე მუხლით ერთმნიშვნელოვნადაა განსაზღვრული, რომ დაზღვევის მიზანი ფიზიკური და იურიდიული პირების ინტერესების დაცვაა. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა.

28. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 816-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა. კერძოდ, დაზღვევის ხელშეკრულება ვალდებულებებს წარმოშობს არა მისი დადების ან სადაზღვევო პოლისის გადაცემის, არამედ პირველი სადაზღვევო შესატანის განხორციელების მომენტიდან (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-1708-1602-2012, 09 ოქტომბერი, 2013 წელი; №ას-1308-1246-2014, 03 აპრილი, 2015 წელი). ის გარემოება, რომ მზღვეველის მოვალეობა წარმოიშობა არა მხარეთა შეთანხმების, არამედ პრემიის გადახდის მომენტიდან, დაზღვევის მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს და აქცევს მას რეალურ ხელშეკრულებად.

29. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას, რომ 816-ე მუხლის რეგულაცია წარმოადგენს არა ხელშეკრულების ძალაში შესვლის, არამედ ვალდებულების წარმოშობის წინაპირობას და განმარტავს, რომ მზღვეველის ვალდებულება - აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანი, დაზღვევის ხელშეკრულების საგანს და ამ ხელშეკრულების განმსაზღვრელ არსებით პირობას წარმოადგენს. შესაბამისად, ამ პირობის ამოქმედებამდე დაზღვევის ხელშეკრულება დადებულად ვერ მიიჩნევა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების დადების მიზნებისათვის მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმება იმავდროულად გულისხმობს ხელშეკრულების არსებითი პირობების ამოქმედებას, რასაც დაზღვევის ხელშეკრულების შემთხვევაში ადგილი არ აქვს სანამ დამზღვევი პირველ ან ერთჯერად სადაზღვევო შესატანს შეიტანს.

30. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სადაზღვევო შესატანის ანაზღაურების თაობაზე მზღვეველის მოთხოვნაზე მსჯელობა უნდა მოხდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 806.1 [დაზღვევა იწყება ხელშეკრულების დადების დღის ოცდაოთხ საათზე და მთავრდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ბოლო დღის ოცდაოთხ საათზე], 815.1 [დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი მხოლოდ დაზღვევის დამადასტურებელი საბუთის მიღების შემდეგ] და 816-ე [პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო შესატანის დროულად გადახდამდე მზღვეველი თავისუფალია თავისი მოვალეობისაგან] მუხლების ერთობლივი ანალიზის შედეგად. აღნიშნული სამართლებრივი ნორმები სპეციალურ ნორმებს წარმოადგენენ, შესაბამისად, მათი კონკურენციის პირობებში რომელიმე მათგანს კი არ უნდა მიენიჭოს უპირატესობა, არამედ ნორმათა ერთობლივი ანალიზის შედეგად, კანონმდებლის მიზნების გათვალისწინებით, უნდა დადგინდეს მათი გამოყენების ფარგლები. 816-ე მუხლი გამოყენებულ უნდა იქნეს 815-ე და 806-ე მუხლებთან ერთობლიობაში, მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, ხელშეკრულება დადებულად არ უნდა ჩაითვალოს. რაც შეეხება 817-ე და 818-ე მუხლებს, მათი გამოყენება უნდა მოხდეს არა პირველი/ერთჯერადი, არამედ შემდგომი გადახდის ვალდებულების დარღვევის დროს.

31. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 817-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სადაზღვევო შესატანი დროულად არ არის გადახდილი, მაშინ მზღვეველს შეუძლია წერილობით განსაზღვროს გადახდის ორკვირიანი ვადა, ამასთან, უნდა მიუთითოს იმ შედეგებზე, რომლებიც ვადის გასვლას მოჰყვება. ხოლო, იმავე კოდექსის 818-ე მუხლის შესაბამისად, თუ დამზღვევმა თავის დროზე არ შეიტანა სადაზღვევო შესატანი, მზღვეველს შეუძლია ერთი თვით ადრე გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე და ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ მოშალოს იგი. აღნიშნული სამართლებრივი ნორმების შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის მოსაზრებას, რომ მათი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ძალაში შესული ხელშეკრულებების მიმართ, რასაც ადგილი არ აქვს მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის დაზღვევის დამადასტურებელი საბუთის გადაცემისა და აღნიშნულის საფუძველზე ამ უკანასკნელის მიერ პირველი/ერთჯერადი სადაზღვევო შესატანის გადახდამდე. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის სხვადასხვა მუხლებითაა რეგლამენტირებული და ერთმანეთისგანაა გამიჯნული პირველი/ერთჯერადი სადაზღვევო შესატანის გადახდის ვალდებულება და შემდგომი შესატანის გადაუხდელობა/დაგვიანებით გადახდა.

32. იმის გათვალისწინებით, რომ დაზღვევის ხელშეკრულება რეალურ ხელშეკრულებას წარმოადგენს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადაზღვევო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები არ წარმოშობილა.

33. წინამდებარე საქმეში სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის 2013 წლის 30 სექტემბერს დაიდო გენერალური ხელშეკრულება ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის შესახებ; აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, იმავე დღეს მოსარჩელემ გასცა დაზღვევის პოლისი, რომლითაც განისაზღვრა დაზღვევის ობიექტი, სადაზღვევო პრემიის ოდენობა და მისი გადახდის პერიოდულობა; დამზღვევს/მოპასუხეს პირველი სადაზღვევო პრემია - 362,50 აშშ დოლარის ოდენობით უნდა გადაეხადა არაუგვიანეს 2013 წლის 01 ოქტომბრისა, თუმცა სადავო არ არის და კასატორიც ადასტურებს, რომ მოპასუხეს სრულად არ გადაუხდია დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი სადაზღვევო შესატანი. კერძოდ, მოპასუხემ ნაცვლად 362,5 აშშ დოლარისა გადაიხადა 261,61 აშშ დოლარი. კასატორი დავობს, რომ მიუხედავად სადაზღვევო პრემიის არასრულად გადახდისა, აღნიშნულით დასტურდება შენატანის გაკეთების ფაქტი, რაც სადაზღვევო ვალდებულების ამოქმედებას უკავშირდება.

34. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ პირველი სადაზღვევო შესატანის ნაწილობრივ გადახდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 816-ე მუხლის შესაბამისად, წარმოშობს მზღვეველის ვალდებულებას სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით [ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას] ვალდებულება მხოლოდ მაშინ ჩაითვლება შესრულებულად თუკი იგი შესრულდება ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

35. ვალდებულების ჯეროვნად შესრულება ნიშნავს ვალდებულების შესრულებას კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, იმ გონიერი მოლოდინის ფარგლებში, რაც შესრულების მიმღებს ამ ვალდებულების შესრულების მიმართ ჰქონდა. ვალდებულების შესრულების ჯეროვანება ვალდებულების შესრულების მხოლოდ ერთი ან რამდენიმე კანონისმიერი ან ხელშეკრულებისმიერი მოთხოვნის დაცვას არ გულისხმობს, მაგ.: ვალდებულების უნაკლო (ნივთობრივი, უფლებრივი), ხარისხიან, შეთანხმებული ოდენობით, დათქმულ დროს ან დათქმულ ადგილას შესრულებას. შესრულების ჯეროვანება ყველა ზემოთ დასახელებული ობიექტური ფაქტორის ერთობლიობაა და ვალდებულების ყოველგვარი დარღვევის გარეშე შესრულებას ნიშნავს. თეორიაში გამოთქმული შეხედულების მიხედვით, ვალდებულების ჯეროვანი შესრულება გულისხმობს მოვალის მიერ იმ მოთხოვნათა (მოქმედებათა) განუხრელად დაცვას, რომლებიც დაკავშირებულია თვით შესრულების საგანთან (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, ქ. მესხიშვილი, თბილისი, 2019, გვ. 358-359).

36. ზემოაღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დამზღვევის მიერ პირველი სადაზღვევო შესატანის (პრემიის) ნაწილობრივ გადახდა პრემიის გადახდის ვალდებულების ჯეროვან შესრულებად ვერ შეფასდება. შესაბამისად, გამოდის, რომ განსახილველ შემთხვევაში დამზღვევს პირველი სადაზღვევო შესატანი არ გადაუხდია, რის გამოც, მზღვეველს არ წარმოშობია სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება (სსკ-ის 799.1, 816-ე მუხლები) და არც დაზღვევის სამართლებრივი ურთიერთობა დაწყებულა მხარეთა შორის. აქედან გამომდინარე, მზღვეველი არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს დამზღვევისაგან სადაზღვევო პრემიის ანაზღაურება.

37. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სადაზღვევო შესატანის შეთანხმებულ ვადაში გადაუხდელობისას, მზღვეველს ევალება გონივრულ ვადებში შეატყობინოს დამზღვევს მოსალოდნელი შედეგები. მზღვეველის ქცევის ამგვარი სტანდარტის არსებობა განპირობებულია კერძო სამართლის სუბიექტების კეთილსინდისიერი ქცევის ფარგლებით (სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი). მართალია, სამოქალაქო კოდექსის 817-818-ე მუხლები არ წარმოადგენს მავალდებულებელ ნორმებს, მაგრამ სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მზღვეველს მართლზომიერად გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უფლება და სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობის შემთხვევაში, დროულად გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე, არ დაელოდოს ხელშეკრულების ვადის გასვლას და სწორედ ამ პერიოდს არ დაუკავშიროს სადაზღვევო შესატანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების რეალიზაცია (იხ. სუსგ საქმე №ას-1308-1246-2014, 03 აპრილი, 2015 წელი).

38. საკასაციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, თუკი მზღვეველი, რომლის მიმართაც არ სრულდება სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება, წერილობით არ გააფრთხილებს დამზღვევს მოსალოდნელ შედეგებზე, იგი კარგავს სადაზღვევო პრემიის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას სახელშეკრულებო ურთიერთობის ამოწურვის შემდეგ (საკასაციო სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავსი ტიპის საქმეებზე დადგენილ პრაქტიკასთან, იხ. სუსგ საქმე №ას-85-81-2013, 21 თებერვალი, 2013 წელი; №ას-1308-1246-2014, 03 აპრილი, 2015 წელი).

39. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ მზღვეველს, რომლის მიმართაც დაირღვა სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება, წერილობით არ გაუფრთხილებია დამზღვევი პრემიის გადახდის თაობაზე და არ განუსაზღვრავს მისთვის გადახდის ორკვირიანი ვადა, არამედ, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, იგი დაელოდა სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვას და მხოლოდ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ მოითხოვა დარღვეული უფლების დაცვა. შესაბამისად, თუნდაც გაზიარებულ იქნას კასატორის მოსაზრება, რომ დაზღვევის ხელშეკრულება კონსენსუალურ ხელშეკრულებას წარმოადგენს და დამზღვევი ხელშეკრულების დადებისთანავეა ვალდებული გადაიხადოს პრემია, წინამდებარე პუნქტებში აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, მზღვეველმა დაკარგა სადაზღვევო პრემიის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

40. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

41. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება სწორია, რაც მისი ძალაში დატოვებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

42. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.

43. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს კასატორის მიერ გაღებული ხარჯის მხარეთა შორის განაწილების წინაპირობები. შესაბამისად, აღნიშნული ხარჯი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „ს.კ.ა–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი