საქმე №ას-476-2019 25 ივნისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ლ–ვა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა, უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ.ლ–ვას (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - „მოპასუხე“, „სააგენტო“ ან „კასატორი“) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თერჯოლის სახელმწიფო სანოტარო კანტორის ნოტარიუსის მიერ 1993 წლის 30 ნოემბერს დამოწმებული ხელშეკრულების თანახმად ეკლარის კარიერსამმართველოსაგან პ.რ. ასული ს–ვასათვის (გარდაცვალების თარიღია 1993 წლის 29 დეკემბერი) გადაცემული უძრავი ქონება - თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ..... ტერიტორიაზე მდებარე ოროთახიანი საცხოვრებელი ბინა, საცხოვრებელი ფართით 24 კვ.მ., ცნობილ იქნა უმკვიდრო ქონებად; დადგინდა, რომ უმკვიდროდ ცნობილი უძრავი ქონება, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ ტერიტორიაზე მდებარე ოროთახიანი საცხოვრებელი ბინა, საცხოვრებელი ფართით 24 კვ.მ., უსასყიდლო საკუთრებაში გადაეცეს საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლე მოსარჩელეს.
2. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 01 თებერვლის №107 დადგენილების თანახმად, 1993 წლის 30 ნოემბერს, ერთი მხრივ, პ.რ. ასულ ს–ვასა და, მეორე მხრივ, ეკლარის კარიერის სამმართველოს (წარმომადგენელი ს.ა–ძე) შორის დაიდო პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომლითაც პ. ს–ვას საკუთრებაში გადაეცა ეკლარის კარიერის სამმართველოს კუთვნილი საცხოვრებელი ოროთახიანი ბინა, ფართით 24 კვ. მეტრი, მდებარე თერჯოლის რაიონის სოფელი .......... აღნიშნული ხელშეკრულება დადასტურებული იქნა სანოტარო წესით, სახელდობრ, საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს თერჯოლის რაიონის სახელმწიფო სანოტარო კანტორაში ნოტარიუს მ.შ. ჩ–ის მიერ და რეგისტრირებულია შესაბამის რეესტრში, 1341 ნომრით;
4.2. პ. ს–ვამ პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადაცემული საცხოვრებელი ბინა საფასურის - 1000 (ერთი ათასი) აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, სარგებლობის უფლებით დაუთმო გალის რაიონიდან ლტოლვილ მოსარჩელეს, რომელიც 1993 წლის 30 ნოემბრის შემდგომ უწყვეტად ცხოვრობს აღნიშნულ საცხოვრებელ ბინაში, რომელიც მის მიერ, მისი დაუფლების შემდგომ, კეთილმოწყობილ იქნა;
4.3. პ. ს–ვა გარდაიცვალა 1993 წლის 29 დეკემბერს და დაკრძალულია თერჯოლის რაიონის სოფელ ..... სასაფლაოზე;
4.4. პ. ს–ვა წარმოადგენდა მარტოხელა პიროვნებას, რომელსაც გარდაცვლილი ჰყავდა მეუღლე, შვილი კი არ ჰყოლია. ამდენად, გარდაცვალების დროისათვის მას კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრეები არ დარჩენია. მის სამკვიდრო აქტივს - თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... ტერიტორიაზე მდებარე ოროთახიან საცხოვრებელ ბინას, საცხოვრებელი ფართით 24 კვ. მეტრი, სამკვიდროს გახსნის დღიდან, 1993 წლის 29 დეკემბრიდან, კანონით დადგენილ 6 თვეში, 1994 წლის 29 ივნისის ჩათვლით, ფაქტობრივი დაუფლების გზით სამკვიდროს მიღებაზე უფლების მქონე პირი, თუკი ასეთი საერთოდ არსებობდა, არ დაუფლებია, რაც უტყუარია, რადგან მოცემულ პერიოდში გარდაცვლილ პ. ს–ვას სამკვიდროს ფაქტობრივად ფლობდა მოსარჩელე. ამასთან, არათუ სამკვიდროს გახსნის დღიდან, 1993 წლიდან, მისი მიღების ექვსთვიან ვადაში, არამედ მოსარჩელის მიერ სარჩელის სასამართლოში წარდგენის დროისათვისაც კი, 25 წლის განმავლობაში, სანოტარო ორგანოში წარდგენილი არ არის განცხადება პ. ს–ვას სამკვიდროს მიღების შესახებ. სახელდობრ, სსიპ „ს.ნ.პ–ის“ ინფორმაციით დადგენილია, რომ 1993 წლის 29 დეკემბერს გარდაცვლილი პ. ს–ვას სამკვიდრო ქონების თაობაზე ჩანაწერი ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში რეგისტრირებული არ არის;
4.5. საჯარო რეესტრსა და ტექნიკური აღრიცხვის არქივში პ. ს–ვას მიმართ უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ მოიძებნა (ს.ფ. 20);
4.6. უძრავი ქონება, მდებარე თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ........, ამჟამად შედგება საცხოვრებელი ფართის 104.53 კვ.მ., დამხმარე ნაგებობის ფართის 8.66 კვ.მ. და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 1207 კვ. მეტრისაგან.
5. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის სამართლებრივი თვალსაზრისი, რომ მოსარჩელე არ აკმაყოფილებს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის 2.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ნორმატიულ წინაპირობას იმაზე აპელირებით, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არაა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება, პრივატიზაციის ხელშეკრულებაში ბეჭდვისას დაშვებული ტექნიკური ხასიათის შეცდომისა და ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ სააღრიცხვო მასალებში ამ უძრავ ქონებაზე პ. ს–ვას მესაკუთრედ რეგისტრაციის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის არარსებობის გამო.
6. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ 1993 წლის 30 ნოემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულებაში დაშვებული აშკარა ტექნიკური ხასიათის შეცდომების მიუხედავად, უტყუარად დადგენილია, რომ პრივატიზაციის ხელშეკრულება გაფორმებულ იქნა პ.რ. ასულ ს–ვასთან, რომელსაც ამ ხელშეკრულების თანახმად საკუთრებაში გადაეცა ეკლარის კარიერის სამმართველოს კუთვნილი საცხოვრებელი ოროთახიანი ბინა, ფართით 24 კვ.მეტრი, მდებარე თერჯოლის რაიონის სოფელი .......... რაც შეეხება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ამან დამაგრება ვერ ჰპოვა ტექნიკური აღრიცხვის არქივში, სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული განპირობებულ იქნა იმ ობიექტური ვითარებით, რომ ეს უკანასკნელი გარდაიცვალა მოცემული ხელშეკრულების დადებიდან ზუსტად ერთ თვეში - 1993 წლის 29 დეკემბერს. მართალია, პ. ს–ვამ ვერ მოასწრო პრივატიზაციის ხელშეკრულების რეგისტრაცია, მაგრამ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამისად დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მას 1993 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით მოპოვებული ჰქონდა საკუთრების უფლება იმ ბინაზე, რომელზეც მან გარკვეული საზღაურის მიღების სანაცვლოდ მფლობელობის უფლება დაუთმო მოსარჩელეს.
7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 01 თებერვლის №107 დადგენილების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაცია წარმოადგენს მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პ. ს–ვასა და ეკლარის კარიერის სამმართველოს შორის 1993 წლის 30 ნოემბერს დადებული ფორმადაცული - წერილობითი ფორმით შედგენილი და სანოტარო წესით დადასტურებული პრივატიზაციის ხელშეკრულება სადავოდ არ გამხდარა არც ხელშეკრულების მხარეებს შორის და არც მესამე პირის მიერ, 1993 წლის 30 ნოემბრიდან საქმის განხილვის პერიოდის ჩათვლით არც სახელმწიფოს განუკარგავს სადავო ქონება სხვა პირზე, არ წარმოებულა დავა ქონების ფაქტობრივი მფლობელის - მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრების ამ ბინიდან გამოსახლების მოთხოვნით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე პ. ს–ვას მიერ პრივატიზებული უძრავი ქონების, თერჯოლის მუნიციპალიტეტის, სოფელ ........ მდებარე საცხოვრებელი ბინის მოსარგებლეს, რომელსაც სადავო საცხოვრებელ სადგომზე სარგებლობის უფლება მოპოვებული აქვს სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების საფუძველზე. სასამართლომ აღნიშნა ასევე, რომ აუცილებელი არაა სპეციალური კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ყველა მტკიცებულების კუმულაციურად წარმოდგენა.
8. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 1336.1., 1421.2., 1424-ე და 1343-ე მუხლებზე დაყრდნობით წინამდებარე განჩინების 4.3. და 4.4. პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიიჩნია, რომ პ. ს–ვასათვის პრივატიზაციის ხელშეკრულებით გადაცემული უძრავი ქონება, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ მდებარე საცხოვრებელი სადგომი, ორი ოთახი ფართით 24 კვ. მეტრი, ცნობილ უნდა იქნას უმკვიდროდ.
9. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა რა სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობის საფუძველი, მიიჩნია, რომ სახეზე იყო „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით დადგენილი ნორმატიული წინაპირობები.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
13. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
14. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
15. საკასაციო საჩივრის თანახმად;
15.1. სახეზე არ არის ქონების უმკვიდროდ ცნობის წინაპირობები. სასამართლოს არ გამოუკვლევია, ჰყავდა თუ არა პ. ს–ვას პირველი და მომდევნო რიგის მემკვიდრეები. საქმეში წარმოდგენილი არ არის ინფორმაცია ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან;
15.2. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება არც პ. ს–ვას საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრეობის ფაქტი. ხელშეკრულებაში არ იკითხება, თუ ვის გადაეცა უძრავი ქონება (ს/ს–ვა/ს–ვა) და ასევე გაურკვეველია ხელშეკრულების საგანი. ამასთან, გაუგებარია, იქნებოდა თუ არა მითითებული ხელშეკრულება საკმარისი საფუძველი პ. ს–ვას საკუთრების უფლების აღსარიცხად ტექნიკური აღრიცხვის არქივში;
15.3. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არც მოსარჩელის მოსარგებლეობის ფაქტი დასტურდება. საქმეში არ არის წარმოდგენილი კანონით გათვალისწინებული არცერთი მტკიცებულება. მოსარჩელის მოსარგებლეობის ფაქტის დასადგენად სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს, რაც კანონის არასწორი განმარტებაა.
16. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარეობს, რომელიც აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს. კერძოდ, სადავო ქონების უმკვიდროდ ცნობისა და მესაკუთრედ აღიარების სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება სპეციალური კანონის 2.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტს [მოსარგებლე – პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით], 5.2. მუხლს [საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა] და მე-9 მუხლს [თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი). ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება].
17. მოსარჩელის მოსარგებლედ მიჩნევის საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების არსებობის დადასტურებისათვის აუცილებელი არ არის მოცემულ ნორმაში (სპეციალური კანონის 5.2. მუხლი) ჩამოთვლილი ყველა სახის დოკუმენტის ერთდროულად არსებობა. ამასთან, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ [სსსკ-ის 105.2. მუხლი].
18. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებების, ერთობლივი შეფასების საფუძველზე სწორად დაადგინა, ხოლო კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით ვერ უარყო ის ფაქტი, რომ მოსარჩელე სპეციალური კანონით გათვალისწინებული სადავო საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეა.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი