Facebook Twitter

საქმე №ას-917-2020 15 მარტი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ი.წ–ძის უფლებამონაცვლე ე.ნ–ი (კანონიერი წარმომადგენელი გ.ნ–ი) (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.გ–ვა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ნოტარიუს ც.კ–ის მიერ 2015 წლის 4 მარტს გაცემულ N150207029 სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N150207029, რეგისტრაციის თარიღი 04.03.2015წ.) შევიდეს ცვლილება, კერძოდ, ი.წ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“) მიერ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვროს შემდეგნაირად: სულ 4600 აშშ დოლარი, აქედან, სესხის ძირის თანხაა 4000 აშშ დოლარი, 600 აშშ დოლარი - 03 თვის სარგებელი, აგრეთვე, 109 ლარი -სააღსრულებო ფურცლის გაცემისათვის სანოტარო მომსახურების საზღაური; მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა - გაუქმდეს ნოტარიუს ც.კ–ის მიერ 2012 წლის 01 ნოემბერს დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება N121190234, არ დაკმაყოფილდა.

2. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელემ და ა.გ–ვამ (შემდგომში - „მოპასუხე“).

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით მოცემულ საქმეზე გარდაცვლილი მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ე.ნ–ი (შემდგომში - „მოსარჩელის უფლებამონაცვლე“ ან „კასატორი“).

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. 2012 წლის 01 ნოემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეები არიან: 1. „იპოთეკარი“ - მოპასუხე და 2. „მესაკუთრე“ - მოსარჩელე;

5.2. მესაკუთრესა და იპოთეკარს შორის 2012 წლის 01 ნოემბერს დადებული ზეპირი ხელშეკრულებით სესხის შესახებ, გათვალისწინებული მოსალოდნელი (სამომავლო) ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, მესაკუთრემ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით იპოთეკით დატვირთა უძრავი ქონება, რომელიც შემდეგ ამ ხელშეკრულებაში მოხსენებულია, როგორც „იპოთეკის საგანი“;

5.3. იპოთეკის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება, საკადასტრო მონაცემებით: ზონა თელავი - ..; სექტორი კურდღელაური - ..; კვარტალი - ..; ნაკვეთი - ..; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 30.39.00 კვ.მ; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1-84.1 კვ.მ; N2041.8 კვ.მ., მისამართი: თელავი, სოფელი ....., განცხადების რეგისტრაციის N892012077224, 31/10/2012 წ.;

5.4. სესხის თანხაა 4000 აშშ დოლარი. სესხი გაცემულია სამი თვის ვადით 2013 წლის 01 თებერვლის ჩათვლით. სესხის თანხას ყოველთვიურად დაერიცხება სარგებელი 5%-ის ოდენობით;

5.5. ხელშეკრულება ძალაში შედის 2012 წლის თერთმეტი ოქტომბრიდან და მოქმედებს ორიათას ცამეტი წლის პირველი თებერვლის ჩათვლით;

5.6. ამ ხელშეკრულებაში ცვლილებები და დამატებები შეიტანება წერილობითი ფორმით და იგი ძალაში შედის სანოტარო დამოწმების შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ ცვლილებები ან დამატებები მათი ხასიათისა და შინაარსის გამო საჭიროებს საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, ცვლილებები და დამატებები ძალაში შევა სანოტარო წესით დამოწმებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ;

5.7. მხარეებს ნოტარიუსმა განუმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლისა და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის შინაარსი. კერძოდ, მესაკუთრის ან/და მსესხებლის მიერ წინამდებარე ან/და საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში იპოთეკარი უფლებამოსილია მიმართოს ნოტარიუსს, იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ განცხადებით. კანონით დადგენილი წესით კრედიტორის მიერ ზემოაღნიშნული განცხადების წარდგენის საფუძველზე ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამოთხოვის გარეშე;

5.8. 01.11.2012წ. სესხის ხელშეკრულების ვადა იყო სამი თვე და მხარეთა შეთანხმებით აღნიშნული ვადის გაგრძელება არ მომხდარა (იხ. 06.03.2020წ. სხდომის ოქმი, 15:18:15 სთ.);

5.9. მოსარჩელეს არ შეუსრულებია მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მის მიერ სესხად აღებული 4 000 აშშ დოლარისა და შესაბამისი ყოველთვიური სარგებლის დადგენილ ვადაში გამსესხებლისათვის დაბრუნების თაობაზე.

6. სააპელაციო პალატის მითითებით, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე სადავოდ ხდის თანხის გადახდის ფაქტს, მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება არ არის საკმარისი მის მიერ ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად, სხვა რაიმე მტკიცებულება კი საქმეში წარმოდგენილი არ არის.

7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 12.1, 12.6., 1328.1., 1421.1., 1422.1., 1435.1. და 1484.1. მუხლებით და განმარტა, რომ სამკვიდროს მიღების შედეგად მემკვიდრეზე გადადის მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებები, ისე -ვალდებულებები, თუმცა სამკვიდრო აქტივის ფარგლებში. ამასთან, დაუშვებელია სამკვიდროს მხოლოდ აქტივის მიღება, ისე რომ მემკვიდრეზე არ გადავიდეს მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტისთვის არსებული პასივი. აღნიშნული წარმოადგენს კანონის იმპერატიულ დანაწესს და მოქმედებს მემკვიდრის ქმედუნარიანობის მიუხედავად. შესაბამისად, ის არგუმენტი, რომ მოსარჩელის უფლებამონაცვლე არის მცირეწლოვანი და მისთვის რაიმე ვალდებულების დაკისრება დაუშვებელია, სასამართლომ არ მიიჩნია მამკვიდრებლის კრედიტორის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსი სამკვიდროს მიღების უფლებას ანიჭებს ქმედუუნარო პირებს კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით და, ამასთან, ითვალისწინებს ვალდებულებას მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესების სრულად დაკმაყოფილების თაობაზე.

8. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმებულია არასრულწლოვნის მშობლის - მოსარჩელის მიერ, ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე. აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე მოპასუხეს წარმოშობილი აქვს ფულადი თანხის გადახდის მოთხოვნის უფლება მოსარჩელის მიმართ. ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდგომ სამკვიდრო სრულად მიიღო მისმა არასრულწლოვანმა შვილმა (დაბ. 2013 წლის 25 ნოემბერს). სასამართლოს მითითებით, ვინაიდან სამკვიდროში შედის მამკვიდრებლის როგორც აქტივები, ისე - პასივები, შესაბამისად, 01.11.2012წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების ვალდებულება, სსკ-ის 1484.1. მუხლის თანახმად, ვრცელდება მოსარჩელის მემკვიდრეზე, ამ უკანასკნელის მიერ მიღებული სამკვიდროს ფარგლებში.

9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც მამკვიდრებელს (მოსარჩელეს) სიცოცხლეშივე ჰქონდა განკარგული, კერძოდ, სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება; ამასთან, მისთვის ცნობილი იყო, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება მოხდებოდა იპოთეკის საგნიდან, არასრულწლოვანი პირის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტი ვერ გაათავისუფლებს ამ უკანასკნელს სამკვიდრო პასივის დაკმაყოფილების ვალდებულებისგან. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარე ვერ უთითებდა არასრულწლოვნის კონკრეტულად რა უფლება ირღვეოდა, ან რა ინტერესი ილახებოდა. პალატის მითითებით, სამოქალაქო კოდექსი მკაფიოდ და იმპერატიულად ადგენს, რომ სამკვიდროს მიღების შემთხვევაში, მემკვიდრეზე გადადის მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესების დაკმაყოფილების ვალდებულება. პალატის მოსაზრებით, საწინააღმდეგო განმარტების შემთხვევაში მიიღება კანონით იმპერატიულად დადგენილისაგან განსხვავებული შედეგი, რაც დაარღვევს ეროვნული კანონმდებლობის განსაზღვრულობის პრინციპსა და კრედიტორის კანონიერ ინტერესს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის უფლებამონაცვლის წარმომადგენლის არგუმენტაცია შესაძლოა გასაზიარებელი ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუკი ადგილი ექნებოდა არასრულწლოვნის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვას მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ, ასეთ შემთხვევაში სასამართლო იმსჯელებდა არასრულწლოვანი პირის საუკეთესო ინტერესსა და აღნიშნული ხელშეკრულების კანონიერებაზე ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციით დაცული უფლებების კონტექსტში, თუმცა, სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ქმედუნარიანი პირის მიერ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვა, შესაბამისად, კრედიტორს იპოთეკის საგნის არასრულწლოვნის საკუთრებაში გადასვლის რისკის წინასწარ განსაზღვრისა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების ვალდებულება ვერ დაეკისრებოდა. ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის უფლებამონაცვლეს ჰყავს მეორე მშობელი (მისი კანონიერი წარმომადგენელი - გ.ნ–ი), რომელიც ვალდებულია იზრუნოს შვილის ინტერესების დაცვაზე, მათ შორის, არასრულწლოვანი შვილის საცხოვრისით უზრუნველყოფაზე.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელის უფლებამონაცვლემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის უფლებამონაცვლის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით მოსარჩელის უფლებამონაცვლის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და ნოტარიუს ც.კ–ის მიერ 2015 წლის 4 მარტს გაცემული №150207029 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული №A15016022 სააღსრულებო წარმოება შეჩერდა მოცემულ საქმეზე საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე.

13. 2021 წლის 12 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა მოპასუხემ და იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

15. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

16. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

17. საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა დაცული ბავშვის საუკეთესო ინტერესები. იგი არ უნდა ყოფილიყო უფლებამონაცვლედ ცნობილი. ქმედუუნარო პირი თავისი ქმედუუნარობიდან გამომდინარე ვერ იქნება სამოქალაქო ბრუნვის მონაწილე და, შესაბამისად, პასუხისმგებელი, არათუ უფლებამონაცვლედ ცნობილი. ამასთან, ბავშვი არის სოციალურად დაუცველი, სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ქონება, რომელსაც მას ედავებიან, არის მისი ერთადერთი საცხოვრისი, დაუშვებელია მისი რეალიზაცია იმ ვალდებულების დასაფარად, რომელსაც არ ცნობდა თავდაპირველი მოსარჩელე. დედის გარდაცვალებამ ბავშვში ისედაც გამოიწვია დიდი სტრესი, საცხოვრებლის შეცვლა კი უფრო გაუმძაფრებს ტრავმას.

18. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა მიუთითებს „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციის 3.1. მუხლზე, რომლის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას.

19. ბავშვის უფლებათა კოდექსის 5.3. მუხლის თანახმად კი, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას.

20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბავშვის უფლებასთან დაკავშირებულ საქმეზე მსჯელობისას ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება ეფუძნებოდეს საქმის ინდივიდუალური შესწავლის გზით დადგენილ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ საფუძველზე მხარეთა მტკიცების ტვირთის განხორციელების საპროცესო მოვალეობას, რაც ბავშვის საუკეთესო ინტერესის ჭრილში უნდა იქნეს დანახული და გადაწყვეტილი.

21. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა მიმართ დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია კასატორს, არ იძლევა იმგვარი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გადაწყვიტა მხარეთა შორის წარმოშობილი დავა და უგულებელყო ბავშვის ინტერესები.

22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა არა არასრულწლოვნის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის შემთხვევა მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ, არამედ უძრავი ქონება სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად მოსარჩელეს (მესაკუთრეს) სიცოცხლეშივე ჰქონდა იპოთეკით დატვირთული. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ კრედიტორს იპოთეკის საგნის არასრულწლოვნის საკუთრებაში გადასვლის რისკის წინასწარ განსაზღვრისა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების ვალდებულება ვერ დაეკისრება.

23. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სახეზეა არასრულწლოვნის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა (იპოთეკით დატვირთვა), საქმის გარემოებები თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად ფასდება და უპირობოდ არ ხდება ბავშვის ინტერესებისათვის უპირატესობის მინიჭება (მაგალითად, ერთ-ერთ საქმეში (№ას-944-2018, 12 თებერვალი, 2021 წელი) საკასაციო პალატამ განმარტა შემდეგი: სასამართლოს მეშვეობით არ უნდა წახალისდეს ვალდებულების შეუსრულებლობა ისეთი გარიგებიდან გამომდინარე, სადაც არასრულწლოვანი პირი მონაწილეობს, მაშინ როცა კრედიტორს არ აქვს ვალდებულების იმთავითვე დარღვევისა და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარდაუვალობის მოლოდინი. სასამართლოს მიერ იმგვარი განმარტება, რომ კრედიტორის კანონიერ მოთხოვნასთან შედარებით არასრულწლოვანის ქონების უპირატესი და უპირობო დაცვა უნდა მოხდეს იმ პირობებში, როცა არასრულწლოვანის მშობლები გარიგებას ხელს აწერენ და გარკვეულ ვალდებულებას იღებენ, რაც ოჯახის კეთილდღეობას ემსახურება, საფრთხეს შეუქმნიდა სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას. ასეთი მიდგომა არასრულწლოვანის ქონებასთან დაკავშირებით გარიგების დადებისგან თავის არიდებისკენ განაწყობდა შესაძლო კონტრაჰენტებს და საბოლოოდ, გარკვეულ შემთხვევებში არასრულწლოვანის კანონიერი ინტერესიც კი შეილახება).

24. რაც შეეხება საკასაციო პრეტენზიას, რომ ბავშვი (ქმედუუნარო პირი) არ უნდა ყოფილიყო უფლებამონაცვლედ ცნობილი, საკასაციო პალატა, უპირველესად, მიუთითებს, რომ უფლებამონაცვლის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 23 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრებული არ ყოფილა მოსარჩელის უფლებამონაცვლის კანონიერი წარმომადგენლის მიერ და შესულია კანონიერ ძალაში. ამასთან, სასამართლო დამატებით განუმარტავს მხარეს, რომ, მართალია, მცირეწლოვანი არ არის ქმედუნარიანი, თუმცა, მას გააჩნია უფლებაუნარიანობა და აქვს უნარი, ჰქონდეს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები (სსკ-ის 11.1. მუხლი: ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა – უნარი, ჰქონდეს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობა დაბადების მომენტიდან), ამასთან, მას გააჩნია პროცესუნარიანობაც. კერძოდ, მცირეწლოვნის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავს მისი კანონიერი წარმომადგენელი – მშობელი (სსსკ-ის 81.5. მუხლის პირველი წინადადება).

25. ამდენად, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.

26. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით ნოტარიუს ც.კ–ის მიერ 2015 წლის 4 მარტს გაცემული №150207029 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული №A15016022 სააღსრულებო წარმოება შეჩერებულია მოცემულ საქმეზე საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე. ვინაიდან საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, ძალაში დარჩა ზემოაღნიშნული სააღსრულებო ფურცელი და სარჩელი სრულად არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, სახეზეა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი [სსსკ-ის 1991 მუხლი: სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას]. გამომდინარე აქედან, განუხილველი უნდა დარჩეს მოპასუხის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი.წ–ძის უფლებამონაცვლის ე.ნ–ის (კანონიერი წარმომადგენელი გ.ნ–ი) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება;

3. ა.გ–ვას შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის შესახებ დარჩეს განუხილველი;

4. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე