საქმე №ას-471-2019 14 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ.გ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით სს „ლ.ბ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „ბანკი“) სარჩელი ლ.გ–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ დაკმაყოფილდა სრულად; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირი თანხა 23 347.10 აშშ დოლარი და საპროცენტო სარგებელი 553.73 აშშ დოლარის ოდენობით; დადგინდა, რომ მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, განხორციელდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ........ ფართი 51.51 კვ.მ., საკადასტრო კოდი N01........., იძულებით აუქციონზე რეალიზაცია; დადგინდა ასევე, რომ იპოთეკის ხელშეკრულების 13.3. პუნქტის შესაბამისად, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ვერ იქნება სრულად დაკმაყოფილებული იპოთეკარის მოთხოვნა, აღსრულება მიექცეს მოპასუხის საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. 2011 წლის 19 დეკემბერს ბანკსა და მოპასუხეს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა საკრედიტო ხაზის საერთო პირობები: ერთიანი საკრედიტო ლიმიტი - 50 000 აშშ დოლარი, ამოქმედების თარიღი 19/12/2011 წელი, ხაზის ამოქმედების ვადა - 240 თვე, მაქსიმალური წლიური საპროცენტო სარგებელი - საკრედიტო პროდუქტებზე 6%-დან 36%-მდე, საკრედიტო ხაზის დახურვის თარიღი: 19/12/2031 წელი;
4.2. 2013 წლის 12 მარტს ბანკსა და მოპასუხეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, ბანკმა მოპასუხეზე გასცა სესხი 29 100 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო სარგებლის 14.5%-ის დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 0.5%. ხელშეკრულება დაიდო 12/03/2013 წლიდან 15/03/2023 წლამდე ვადით. ხელშეკრულების 2.2.10.2. პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებული იყო, დაეფარა კრედიტის ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი ყოველთვიურად თანაბარწილებად ანუიტეტური გრაფიკის შესაბამისად. ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვის გრაფიკი წარმოადგენდა ხელშეკრულების დანართს და მის განუყოფელ ნაწილს;
4.3. 2011 წლის 19 დეკემბერს ბანკსა და მოპასუხეს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მხარეებს შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ........... (ყოფ. .........) .........., ფართი 51.51 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N .......... იპოთეკის საგნის სალიკვიდაციო საიპოთეკო ღირებულება შეადგენდა 38 500 აშშ დოლარს. იპოთეკის ხელშეკრულების 13.3. პუნქტით განისაზღვრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ვერ დაკმაყოფილდებოდა სრულად იპოთეკარის მოთხოვნა, იპოთეკარს უფლება ეძლეოდა აღსრულება მიექცია მოპასუხის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავი და მოძრავი ქონების მიმართ;
4.4. მოპასუხემ ჯეროვნად არ შეასრულა საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები. 2017 წლის 28 მარტს მოსარჩელემ შეტყობინება გაუგზავნა მოპასუხეს და ვალდებულების შესრულება მოსთხოვა;
4.5. 2017 წლის 25 აპრილს ბანკმა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოპასუხის მიმართ დავალიანების დაკისრება და იპოთეკის საგნის რეალიზაცია მოითხოვა, რაც დაკმაყოფილდა კიდეც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით.
5. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის პრეტენზია სასამართლოს მიერ თანხების არასწორად დაანგარიშების შესახებ და აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, მოპასუხისათვის სესხის ძირითადი თანხის სახით 23 347.10 აშშ დოლარის და სარგებლის სახით, 553.73 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ, თავად მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას ემყარება.
6. სააპელაციო პალატის განმარტებით, სარჩელის ცნობა სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია და სასამართლო ვალდებული აღარ არის შეამოწმოს და შეაფასოს საქმეში არსებული მტკიცებულებები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარე ნების ნამდვილობის ნაკლზე მიუთითებს. აღიარება ნამდვილია, თუ იგი გამოხატავს ამღიარებლის თავისუფალ ნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება ნების არარსებობა, აღიარება გაქარწყლდება. სსსკ-ის 133-ე მუხლით, მხარეს შეუძლია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გააქარწყლოს (უარყოს) თავისი აღიარება, თუ დაამტკიცებს, რომ ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას. ამავე მუხლის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს, რომ აღიარების უარყოფა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს თავის გადაწყვეტილებაში. ამდენად, აღიარების გაქარწყლება დასაშვებია, თუ დაცული იქნება ზემოთ მითითებული ნორმით განსაზღვრული პირობები. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე სადავოდ არ ხდიდა მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის ცნობასთან დაკავშირებით გამოვლენილი ნების ნამდვილობას და არ მიუთითებდა გამოვლენილი ნების შეუსაბამობაზე მის ნამდვილ ნებასთან, რაც გამორიცხავდა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობას.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 აპრილის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
10. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
11. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
12. საკასაციო საჩივრის თანახმად:
12.1. სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, რის გამოც კასატორს არ მიეცა საშუალება სრულყოფილად დაეცვა საკუთარი უფლებები, გამოეხატა საკუთარი პოზიცია ან გამოეყენებინა მორიგების შესაძლებლობა;
12.2. ბანკმა არასწორად ჩათვალა კასატორის მიერ გადახდილი თანხები პირგასამტეხლოს ანგარიშში და, შესაბამისად, არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება სესხის ძირითადი თანხის ოდენობის შესახებ. ამასთან, პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი.
13. ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მხარეს განუმარტავს, რომ სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო სსსკ-ის 3761 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე [თუ სააპელაციო საჩივარი შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, აგრეთვე თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. ზემოთ აღნიშნული გარემოებების არსებობის შემთხვევაშიც მოსამართლეს უფლება აქვს, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენით] საქმე განეხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. აღნიშნულის თაობაზე კასატორს ეცნობა წინასწარ, 2018 წლის 19 ოქტომბერს (იხ. ტ. 2. ს.ფ. 48).
14. რაც შეეხება ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვის გამო მორიგების უფლების შეზღუდვას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მორიგებით სამოქალაქო დავის დამთავრება წარმოადგენს მხარეთა უფლებასა და დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლენას. მხარეებს საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე შეუძლიათ მორიგდნენ, მათ შორის, გადაწყვეტილების აღსრულების პროცესშიც, ამასთან, ამისთვის აუცილებელი არ არის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა, ვინაიდან მორიგება უშუალოდ მხარეთა შეთანხმების შედეგია. შესაბამისად, კასატორის ზემოაღნიშნული პრეტენზია უსაფუძვლოა.
15. რაც შეეხება შედავებას სესხის ძირითადი თანხის ოდენობის თაობაზე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას (იხ. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტი) და აღნიშნავს, რომ, ვინაიდან მოპასუხე სადავოდ არ ხდის მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის ცნობასთან დაკავშირებით გამოვლენილი ნების ნამდვილობას, მისი აღნიშნული პრეტენზიაც უსაფუძვლოა.
16. ამდენად, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
17. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ლ.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ლ.გ–ძეს (პ/ნ: .......) დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 5 აპრილს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი