საქმე №ას-1017-2019 30 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ნ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.მ–ი (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე – შპს „ჯ.ე.ფ.“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა.მ–ის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მ.ნ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 10 842 აშშ დოლარის გადახდა შესაბამისი ექვივალენტით ლარში; მოსარჩელის მოთხოვნა შპს „ჯ.ე.ფ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე კომპანია“) მიმართ არ დაკმაყოფილდა.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. მოსარჩელემ და მოპასუხემ დააარსეს მოპასუხე კომპანია. თანაბარი, 50-50%-იანი წილის მფლობელებად განისაზღვრნენ მხარეები, ხოლო კომპანიის დირექტორად - მოპასუხე. სამეწარმეო საქმიანობის მიზანს წარმოადგენდა საბეჭდი დანადგარის - „UV“ შეძენა და მისი გამოყენება ეკონომიკური დანიშნულებით, რისთვისაც მოსარჩელემ განახორციელა შენატანი 35 000 000 ირანული თუმანის (11 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი) ოდენობით;
4.2. საქმეში წარმოდგენილი, 2016 წლის 28 დეკემბერს სანოტარო წესით დამოწმებული შეთანხმების თანახმად: „...ვინაიდან მხარეებს დაგეგმილი ჰქონდათ საბეჭდი დანადგარი „UV“-ს ერთობლივად შეძენა და მისი საერთო ბიზნესში გამოყენება, რისთვისაც ა.მ–იმ გადაიხადა 35 000 000 ირანული თუმანი - დანადგარის ღირებულების ნახევარი, მაგრამ იგი უარს აცხადებს ერთობლივ საქმიანობაში მონაწილეობაზე, მ.ნ–ი ვალდებულებას იღებს, უმოკლეს ვადაში დაუბრუნოს მას ერთობლივი საქმიანობისათვის დადებული თანხა, ხოლო ა.მ–ი უარს აცხადებს აღნიშნულ დანადგართან დაკავშირებით ნებისმიერ უფლებაზე და მისი სრულფასოვანი მფლობელი იქნება მ.ნ–ი...“.
5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო შეთანხმება, რომლითაც მოპასუხემ აიღო ვალდებულება, მოსარჩელის მიერ გაცემული თანხა გამოეყენებინა იმგვარად, რომ მათი საერთო ბიზნესის მიზნებისათვის ირანიდან დანადგარის ჩამოტანა უზრუნველეყო. მათ შორის წარმოშობილი ურთიერთობა - ერთი მხრივ, მოსარჩელის მხრიდან თანხის გადაცემის, ხოლო, მეორე მხრივ, მოპასუხის მიერ ირანიდან პოლიგრაფიული დანადგარის ჩამოტანის ვალდებულება, არც ერთი მხარის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი. საქმეში წარმოდგენილი შეთანხმებით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ შეთანხმებით განსაზღვრული თანხა - 35 000 000 ირანული თუმანი გადახდილია პირადად მოპასუხის მიმართ, რასაც ადასტურებს აღნიშნული შეთანხმების ფორმულირება - მასში ცალსახადაა მითითებული, რომ მოსარჩელემ გადაიხადა 35 000 000 ირანული თუმანი, რომელიც წარმოადგენს 10 842 აშშ დოლარის ეკვივალენტს.
6. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული ნოტარიულად დამოწმებული შეთანხმება, რომლითაც მოპასუხე იღებს ვალდებულებას, უმოკლეს ვადაში დაუბრუნოს მოსარჩელეს ერთობლივი საქმიანობისათვის დადებული თანხა - 35 000 000 ირანული თუმანი, აკმაყოფილებდა ვალის აღიარებისათვის სსკ-ის 341-ე მუხლით დადგენილ ყველა კრიტერიუმს და იგი მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლებას წარმოუშობდა.
7. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნით მოპასუხის მიმართ 35 000 000 ირანული თუმანის სანაცვლოდ, 11000 აშშ დოლარის (შემდგომ დაზუსტებული სარჩელით - 10 842 აშშ დოლარის) დაკისრება მოითხოვა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოპასუხემ იმ დროს არსებული კურსის შესაბამისად 10 842 აშშ დოლარი მიიღო. სარჩელს ერთვის ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, 1 ირანული თუმანი არის 10 რიალი. 5.12.2016 წელს ირანის სავალუტო პუნქტებში 1 აშშ დოლარი შეადგენდა დაახლოებით 3900 თუმანს ანუ იცვლებოდა 39 000 რიალში. ამავე დღეს ვალუტის კურსი ირანის ისლამური რესპუბლიკის ცენტრალურ ბანკში შეადგენდა 3288 თუმანს ანუ იყიდებოდა 32 280 რიალად.
8. სააპელაციო პალატის მითითებით, არსებითი მნიშვნელობისაა ის გარემოება, რომ მოპასუხეს შესაგებელში სადავოდ არ გაუხდია სარჩელით მოთხოვნილი არც თანხის ოდენობა და არც შესრულების ვალუტა. პალატამ ყურადღება გაამახვილა მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებლის მე-2 ფაქტობრივ გარემოებაზე (ტ. 1. ს. ფ 35), რომ 11 000 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელეს ევალებოდა არა მოპასუხისათვის, არამედ - ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მდებარე ქარხნისათვის, საიდანაც მხარეებს პოლიგრაფიული მანქანა-დანადგარი უნდა შეესყიდათ. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხე ფაქტობრივად დაეთანხმა სარჩელს დასახელებული ფულადი ერთეულის ნაწილში ანუ ფაქტს, რომ მხარეთა შორის შეთანხმება მოხდა სწორედ 11 000 დოლარის დაბრუნების თაობაზე.
9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო საჩივარში მოპასუხემ უკვე არც თანხის მიღების ფაქტი გახადა სადავოდ, თუმცა თავისი შედავება ნომინალიზმის პრინციპის გამოყენების დაუშვებლობაზე დაამყარა, რაც მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებლით სადავო არ გამხდარა. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 389-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ნომინალიზმის პრინციპის გამოყენების წინაპირობები ჩამოთვლილია თავად მუხლის ნორმატიულ შემადგენლობაში. კერძოდ, ეს დასაშვებია მხოლოდ გარემოებების არსებითი ცვლილებისას (სსკ-ის 398-ე მუხლი), როდესაც დღის წესრიგში დგება ხელშეკრულების მისადაგების აუცილებლობა შეცვლილი გარემოებებისადმი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სწორედ მოპასუხეს ეკისრებოდა ამ გარემოებათა მითითებისა და მტკიცების ტვირთი, კერძოდ, იმის დადასტურების ვალდებულება, რომ სსკ-ის 389-ე მუხლის ნორმატიულად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობდა - არ გაზრდილა ან შემცირებულა ფულის კურსი, არ შეცვლილა ვალუტა (არსებითად შეცვლილი გარემოებები). მას კი შესაგებელში და არც საქმის მომზადების ეტაპზე, საკუთარი მტკიცების ფარგლებში, ამ თვალსაზრისით შედავება არ განუხორციელებია.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული და მოპასუხის მიერ შეუდავებელი გარემოებები სამართლებრივად ქმნიდნენ იმის პრეზუმფციას, რომ მოსარჩელეს მოპასუხისადმი გააჩნდა არა 35 000 000 ირანული თუმანის, არამედ - სწორედ 10 842 აშშ დოლარის (დაზუსტებული მოთხოვნის ფარგლებში დაკორექტირებული თანხა) მოთხოვნის უფლება.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
14. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
15. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
16. საკასაციო საჩივრის თანახმად, მოსარჩელემ ერთობლივი საქმიანობისათვის გადაიხადა ირანული ფული 35 მილიონის ოდენობით. მხარეთა შორის გაფორმებულ შეთანხმებაში არ არის დათქმული თანხის დაბრუნების ვადა. სასამართლოს უნდა ემსჯელა იმის შესახებ, თუ როდის უნდა შეესრულებინა მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულება, აგრეთვე - რომელი ქვეყნის ვალუტის სახით. გაუგებარია, რა გარემოების გათვალისწინებით უნდა მოხდეს ვალდებულების შესრულება აშშ დოლარით და არა - ირანული რეალით, ან ევროთი ან თუნდაც ქართული ლარით.
17. კასატორის პრეტენზიის საპასუხოდ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხეს შესაგებელში სადავოდ არ გაუხდია ვალდებულების შესრულების ვალუტის საკითხი (იხ. წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტი), რასთან დაკავშირებითაც სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 201.4. მუხლზე [პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს] და განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება, საქმე №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი, 201-ე პუნქტი). მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხემ დაკარგა აღნიშნულ გარემოებაზე შედავების უფლება და ეს საკითხი ვერც საკასაციო პალატის განხილვის საგანი გახდება.
18. ამდენად, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
19. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, საერთო ჯამში, 785,04 ლარის 70% – 549,53 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.ნ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. მ.ნ–ის (პ/ნ: ......) დაუბრუნდეს ა.მ–ძის (პ/ნ: ........) მიერ 2019 წლის 19 ივლისს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 627 ლ. და ა.მ–ძის (პ/ნ: .) მიერ 2019 წლის 6 აგვისტოს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 158,04 ლარის, საერთო ჯამში 785,04 ლარის 70% – 549,53 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი