საქმე №ას-1499-2019 19 თებერვალი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ქ.კ.კ–ია“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით:
1.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „ქ.კ.კ–იას“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კომპანია“) დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ:
1.1.1. 11.06.2014 წლის აქტი №117-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს 1000 ლარის გადახდა;
1.1.2. 13.01.2014 წლის აქტი №7-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს 1000 ლარის გადახდა;
1.1.3. 31.01.2014 წლის აქტი №22-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს 1000 ლარის გადახდა;
1.1.4. 10.02.2014 წლის აქტი №30-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს 1000 ლარის გადახდა;
1.1.5. 13.05.2014 წლის აქტი №93-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს 1000 ლარის გადახდა;
1.1.6. 30.06.2014 წლის აქტი №125-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს 1000 ლარის გადახდა;
1.1.7. 25.06.2014 წლის აქტი №120-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს 1000 ლარის გადახდა;
1.2. მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ:
1.2.1. 11.06.2014 წლის აქტი №117-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს 9000 ლარის გადასახდელად დაკისრებაზე ეთქვა უარი;
1.2.2. 13.01.2014 წლის აქტი №7-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს 9000 ლარის გადასახდელად დაკისრებაზე ეთქვა უარი;
1.2.3. 22.01.2014 წლის აქტი №16-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს 10000 ლარის გადასახდელად დაკისრებაზე ეთქვა უარი;
1.2.4. 28.01.2014 წლის აქტი №19-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს 10000 ლარის გადასახდელად დაკისრებაზე ეთქვა უარი;
1.2.5. 31.01.2014 წლის აქტი №22-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს 9000 ლარის გადასახდელად დაკისრებაზე ეთქვა უარი;
1.2.6. 10.02.2014 წლის აქტი №30-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს 9000 ლარის გადასახდელად დაკისრებაზე ეთქვა უარი;
1.2.7. 27.02.2014 წლის აქტი №45-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს 10000 ლარის გადასახდელად დაკისრებაზე ეთქვა უარი;
1.2.8. 28.03.2014 წლის აქტი №54-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს 10000 ლარის გადასახდელად დაკისრებაზე ეთქვა უარი;
1.2.9. 20.03.2014 წლის აქტი №57-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს 10000 ლარის გადასახდელად დაკისრებაზე ეთქვა უარი;
1.2.10.28.03.2014 წლის აქტი №64-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს 10000 ლარის გადასახდელად დაკისრებაზე ეთქვა უარი;
1.2.11.13.05.2014 წლის აქტი №93-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს 9000 ლარის გადასახდელად დაკისრებაზე ეთქვა უარი;
1.2.12.28.05.2014 წლის აქტი №106-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს 10000 ლარის გადასახდელად დაკისრებაზე ეთქვა უარი;
1.2.13.23.05.2014 წლის აქტი №104-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს 10000 ლარის გადასახდელად დაკისრებაზე ეთქვა უარი;
1.2.14.30.06.2014 წლის აქტი №125-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს 9000 ლარის გადასახდელად დაკისრებაზე ეთქვა უარი;
1.2.15.30.06.2014 წლის აქტი №124-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს 10000 ლარის გადასახდელად დაკისრებაზე ეთქვა უარი;
1.2.16.06.06.2014 წლის აქტი №115-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს 10000 ლარის გადასახდელად დაკისრებაზე ეთქვა უარი;
1.2.17.25.06.2014 წლის აქტი №120-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს 9000 ლარის გადასახდელად დაკისრებაზე ეთქვა უარი.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. 2013 წლის 30 დეკემბერს სამინისტროს (შემსყიდველი) და კომპანიას (მიმწოდებელი) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №911 ხელშეკრულება, რომლითაც მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება, უზრუნველეყო სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი მომსახურება გაზრდილი კერძების რაოდენობით და საკვების მრავალფეროვნებით, რაც გულისხმობს რამდენიმე სახეობის სხვადასხვა კერძის შეუზღუდავი რაოდენობით მიწოდებას დღეში სამჯერ, საკუთარი კვების პროდუქტებით (ტრანსპორტირებითა და შენახვის პირობების დაცვით) და მომსახურე პერსონალით, მათ შორის, საველე პირობებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31, 2007 წლის 26 სექტემბრის №560, 2013 წლის 20 ივნისის №629 ბრძანებებისა და ხელშეკრულების დანართებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად:
4.1.1. ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მოქმედ სტანდარტებს, სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, კვების უსაფრთხოების ნორმებს და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს;
4.1.2. ხელშეკრულების 8.1. პუნქტი ითვალისწინებს შემსყიდველის ვალდებულებებს, კერძოდ, უზრუნველყოს მიმწოდებელი, სამხედრო ნაწილში არსებულ სამხედრო მოსამსახურეთა კვებისათვის საჭირო სამზარეულოთი, სამზარეულოს ინვენტარით და სამზარეულოს მოწყობილობა-დანადგარებით;
4.1.3. ხელშეკრულების 8.4 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ვალდებულია ჩაატაროს ჯანსაღი კვებით ორგანიზებისა (მომსახურების) და საკვები პროდუქტების რეგულარული შემოწმება/კონტროლი;
4.1.4. ხელშეკრულების 8.2. პუნქტი ითვალისწინებს მიმწოდებლის ვალდებულებებს, მათ შორის, კომპანია ვალდებულია, სამინისტროსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 01 თებერვლის N31 ბრძანებისა და სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ 2013 წლის 20 ივნისის N629 ბრძანებებისა და ხელშეკრულებაზე თანდართული მენიუ განწილვის ფორმის შესაბამისად, წარუდგინოს შემსყიდველს ერთკვირიანი მენიუ-განწილვა;
4.1.5. ხელშეკრულების 10.1. პუნქტის თანახმად, მომსახურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სტანდარტებს, ამ ხელშეკრულებით და კონკრეტული შეკვეთით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
4.1.6. ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისთვის, ამავე ხელშეკრულების 15.1. პუნქტით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო, კერძოდ, თუკი შემსყიდველი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოაჩენს მიმწოდებლის მხრიდან მომსახურების არაჯეროვან ან უხარისხო შესრულებას (მათ შორის: მენიუ-განწილვის არასწორად შევსება, კალორაჟის დარღვევა, იჯარით გათვალისწინებული ნორმის არასრულად გაცემა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, უხარისხო საკვები პროდუქტების გამოყენება, უხარისხო საკვების მომზადება, მომსახურების გაწევის ვადის დარღვევა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევა), მიმწოდებელს წინასწარი შეტყობინების გარეშე, დაეკისრება პირგასამტეხლო 10 000 ლარის ოდენობით;
4.1.7. ხელშეკრულების 21.1. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შევიდა მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერის დღიდან და მოქმედებდა 2014 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით;
4.1.8. 07.02.2014 წელს მხარეთა შორის დაიდო წერილობითი შეთანხმება, რითაც ცვლილებები/დამატებები შევიდა 30.12.2013 წლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №911 ხელშეკრულების 7.5. პუნქტში, რომელიც ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: მიმწოდებელი უფლებამოსილია შეისყიდოს სამზარეულოს ფუნქციონირებისათვის საჭირო ელექტრო, სანტექნიკური, სამეურნეო დანიშნულების მატერიალური საშუალებები, რომელთა ღირებულება შემსყიდველის მხრიდან არ ანაზღაურდება; 8.2.4 პუნქტში, რომელიც ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: თავისი სახსრებით აწარმოოს გადაცემულ კვების ობიექტზე არსებული მატერიალური ქონების მიმდებარე სარემონტო სამუშაოები, შეისყიდოს სამზარეულო ინვენტარისა და მოწყობილობა-დანადგარების შესაკეთებლად საჭირო საქონელი, რომელთა ღირებულება შემსყიდველის მხრიდან არ ანაზღაურდება;
4.2. 11.06.2014 წელს გაერთიანებული შტაბის უფროსის 2010 წლის 7 ოქტომბრის №849 ბრძანების საფუძველზე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის სამმართველოს სანივთე ქონების საწვავისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების ოფიცრების მიერ შემოწმებულ იქნა სოფელ კრწანისში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის სასადილო და სასადილოს საწყობი. შემოწმების შედეგად შედგენილ იქნა №117 აქტი, რომლის მიხედვით, საუზმეზე კერძები მომზადდა მენიუს მიხედვით, მენიუში ნორმირებული იყო სოსისი, საწყობიდან გამოტანილ იქნა სულ 31.16 კგ სოსისი, სოსისი მოხარშულ და გაგზავნილ იქნა ადგილზე, სადაც ექიმის მიერ მოხდა საკვების შემოწმება ორგანოლეპტიკურად. კონტეინერის გახსნისას საეჭვო აღმოჩნდა სოსისი, რომელსაც აღენიშნებოდა არასასიამოვნო სუნი და არ გაიცა საუზმეზე, რის გამოც სამხედრო მოსამსახურეებმა საუზმეზე ვერ მიიღეს კუთვნილი ხორცის ნორმა. სოსისი, ძეხვი და ჯემი გაგზავნილ იქნა ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად. სასადილოს შენობაში სანიტარული მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, მომრავლებულია ჩიტები, ტარაკნები, ბუზები და კატები. მომსახურე პერსონალს სამუშაო პროცესში არ აცვიათ სანიტარული ტანსაცმელი. სასადილოს საწყობში კარადა-მაცივარში ერთად ინახება ბოსტნეული, რძის პროდუქტი, ჯემი, სოსისი და ძეხვი. პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ჯემი გამოჟონილია და დასვრილია მუყაო, პოლიეთილენის პარკი არ არის შეკრული თერმოშედუღებით, რამაც გამოიწვია ჯემის გამოჟონვა. აქტს ხელს აწერს როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი, ასევე სასადილოს მენეჯერი. სასადილოს მენეჯერის წერილობითი ახსნა-განმარტებით, ჯემი არ იქნა გამოყენებული სამხედრო მოსამსახურეთა კვებისათვის და დაბრუნებულ იქნა მომწოდებელთან შესაცვლელად. სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №0036435514 დასკვნით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მოხარშული ძეხვისა და სოსისის ნიმუშები გამოკვლეული პარამეტრებიდან ორგანოლეპტიკური მაჩვენებლებით, ასევე სუფრის მარილისა და ნიტრატის შემცველობით აკმაყოფილებს ამ დასახელების პროდუქტისათვის სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. სახამებლისა და სინესტის მაჩვენებლის მნიშვნელობით არ შეესაბამება სტანდარტით დადგენილ ნორმას. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნიმუშები გამოკვლეული მიკრობიოლოგიური მაჩვენებლებით შეესაბამებიან მოთხოვნებს. ხოლო მოხარშული სოსისის საკონტროლო ნიმუში გამოკვლეული მიკრობიოლოგიური მაჩვენებლებით არ შეესაბამება გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
4.3. 13.01.2014 წელს გაერთიანებული შტაბის უფროსის 2010 წლის 7 ოქტომბრის №849 ბრძანების საფუძველზე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის სამმართველოს სანივთე ქონების საწვავისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების ოფიცრების მიერ შემოწმებულ იქნა დაბა კ–ში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის სასადილო და სასადილოს საწყობი. შემოწმების შედეგად შედგენილ იქნა №7 აქტი, აქტის მიხედვით სადილისთვის მომზადებული კერძების ნორმა და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია. სასადილოს საწყობში ქიშმიშის მუყაოს ყუთზე არ აქვს მითითებული გამოშვების თარიღი და ვარგისიანობის ვადა. ლობიოს ტომარაზე ეტიკეტი მიმაგრებული აქვს წებოვანი ლენტით. ხილფაფა პოლიეთილენის პარკებით მოთავსებულია როშენის მუყაოს ყუთში, რომელსაც მიმაგრებულ ეტიკეტზე მითითებული აქვს: დამზადებულია საქართველოში ვაშლის ჯემი, მწარმოებელი შპს გ.კ–ა. სასადილოს დარბაზში გაცემის ორი ხაზიდან ერთი არ მუშაობს. კონტეინერ მაცივარში, სადაც ინახება ხორცი, რომლის შენახვის ტემპერატურაა -18 ცელსიუს გრადუსი, ფიქსირდება -8 ცელსიუს გრადუსი. საწყობი განთავსებულია ერთ დიდ დარბაზში, სადაც ბოსტნეული, ბურღულეული და მაცივრები ერთად არის მოთავსებული. სავენტილაციო სისტემა არ არსებობს, მოსაწესრიგებელია ელექტრო გაყვანილობა. სამზარეულოდან და სამრეცხაოდან საწყობში ჭერზე იჟონება წყალი. სასადილო დარბაზში მოსაწესრიგებელია გათბობის სისტემა. სამზარეულოს ესაჭიროება ბოსტნეულის შესანახი კარადა-მაცივარი. აქტს ხელს აწერს როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი, ასევე სასადილოს მენეჯერი;
4.4. 02.01.2014 წელს გაერთიანებული შტაბის უფროსის 2010 წლის 7 ოქტომბრის №849 ბრძანების საფუძველზე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის სამმართველოს სანივთე ქონების საწვავისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების ოფიცრების მიერ შემოწმებულ იქნა ქ. თბილისში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის სასადილო და სასადილოს საწყობი. შემოწმების შედეგად შედგენილ იქნა №16 აქტი. აქტის მიხედვით, სადილისთვის მომზადებული კერძების ნორმა და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია. საწყობში დაფიქსირდა 21 ყუთი ჯემი, რომელიც მოთავსებულია მუყაოს ყუთში. ეტიკეტზე არსებული ინფორმაცია: ვაშლის ჯემი შპს გ.კ–ა, არ შეესაბამება მუყაოს ყუთზე მოთავსებულ ინფორმაციას: როშენი საკონდიტრო კორპორაცია. სასადილოს ფართი ვერ უზრუნველყოფს კმაყოფაზე მყოფ სამხედროების მომსახურებას. სასადილოდან კერძების გატანა ობიექტამდე ხდება ხელით. ფართის სიმცირის გამო კერძების მოსამზადებელი ქვაბები და ქურები განთავსებულია ერთ ხაზზე მიჯრით. ბოსტნეულის, თევზის და ხორცის დასამუშავებელი ფართი არ არის საკმარისი. საწყობში ჯემი ინახება ბურღულთან, ხოლო ბოსტნეული და ხილი მოთავსებულია მაცივრებთან ერთ ოთახში, რის გამოც გაძნელებულია სანიტარული წესების დაცვა. აქტს ხელს აწერს როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი, ასევე სასადილოს მენეჯერი;
4.5. 28.01.2014 წელს გაერთიანებული შტაბის უფროსის 2010 წლის 7 ოქტომბრის №849 ბრძანების საფუძველზე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის სამმართველოს სანივთე ქონების საწვავისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების ოფიცრების მიერ შემოწმებულ იქნა დაბა ორხევში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის სასადილო და სასადილოს საწყობი. შემოწმების შედეგად შედგენილ იქნა №19 აქტი. აქტის მიხედვით სადილისთვის მომზადებული კერძების ნორმა და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია. საწყობში დაფიქსირდა 12 ყუთი ჯემი, რომელიც მოთავსებულია მუყაოს ყუთში. ეტიკეტზე არსებული ინფორმაცია: ვაშლის ჯემი შპს გ.კ–, არ შეესაბამება მუყაოს ყუთზე მოთავსებულ ინფორმაციას: როშენი საკონდიტრო კორპორაცია. აქტს ხელს აწერს როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი, ასევე სასადილოს მენეჯერი;
4.6. 31.01.2014 წელს გაერთიანებული შტაბის უფროსის 2010 წლის 7 ოქტომბრის №849 ბრძანების საფუძველზე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის სამმართველოს სანივთე ქონების საწვავისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების ოფიცრების მიერ შემოწმებულ იქნა სოფელ კრწანისში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის სასადილო და სასადილოს საწყობი. შემოწმების შედეგად შედგენილ იქნა №22 აქტი. აქტის მიხედვით, სადილისთვის მომზადებული კერძების ნორმა და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელი. სასადილოს შენობა არის სარემონტო, მოსაწესრიგებელია სასაწყობე მეურნეობა, საკანალიზაციო და სავენტილაციო სისტემები. სასადილოს ესაჭიროება პურის შესანახი კარადები, კონტეინერები სხვადასხვა ზომის, სათლები, დიდი და პატარა ზომის ჩამჩები, ქაფქირები, კოვზები, ჭიქები, ჩანგლები, სამარილეები, დანები, დაფები და ა.შ.; სასადილოს დარბაზში ოთხი ონკანი არ მუშაობს, არ არის სასაპნეები. გაცემის ორი ხაზიდან არ მუშაობს არცერთი. სასადილოს ესაჭიროება კარადა მაცივრები, ინვენტარი ირეცხება ხელით. სასადილო დარბაზში დაფრინავენ ჩიტები. პერსონალი უჩივის კატების მომრავლებას, რაც იწვევს ანტისანიტარიას. საწყობის შემოწმებისას ქიშმიშს მუყაოს ყუთზე არ აქვს მითითებული გამოშვების თარიღი და ვარგისიანობის ვადა. ლობიოს, მარილს, ჩაის, სიმინდის ფქვილს ეტიკეტი მიმაგრებული აქვს წებოვანი ლენტით. ჩაის ეტიკეტი შესრულებულია მეორე გვერდზე კომპიუტერის მიერ უკვე გამოყენებულ ფურცელზე. ჯემი პოლიეთილენის პარკში მოთავსებულია მუყაოს ყუთებში, რომელზეც დატანებულია: როშენი საკონდიტრო კორპორაცია, არ შეესაბამება მასში მოთავსებული პროდუქტის ეტიკეტზე დატანილ ინფორმაციას: ვაშლის ჯემი დამზადებულია საქართველოში შპს გ.კ–ა. აქტს ხელს აწერს როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი, ასევე სასადილოს მენეჯერი;
4.7. 10.02.2014 წელს გაერთიანებული შტაბის უფროსის 2010 წლის 7 ოქტომბრის №849 ბრძანების საფუძველზე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის სამმართველოს სანივთე ქონების საწვავისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების ოფიცრების მიერ შემოწმებულ იქნა ქ. თბილისში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის სასადილო და სასადილოს საწყობი. შემოწმების შედეგად შედგენილ იქნა №30 აქტი. აქტის მიხედვით, სადილისთვის მომზადებული კერძების ნორმა და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელი. სასადილოს მენიუს მიხედვით მომზადებულ იქნა შემწვარი კარტოფილი, რომელიც კვების პროცესის მიმდინარეობისას გაშავდა, შეიცვალა ფერი. საწყობის შემოწმებისას ვაშლის ჯემი პოლიეთილენის პარკში მოთავსებულია მუყაოს ყუთებში, რომელსაც არ აქვს არანაირი მარკირება. პოლიეთილენში მოთავსებული ჯემი მოთავსებულია მეორად ყუთებში, რომლის წარწერა არ შეესაბამება პროდუქტს. აქტს ხელს აწერს როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი, ასევე სასადილოს მენეჯერი. აქტზე გაკეთებულია სასადილოს მენეჯერის შენიშვნა: მომწოდებელთან შეთანხმებით კარტოფილის ნაშთი შეიცვლება ახლით;
4.8. 27.02.2014 წელს გაერთიანებული შტაბის უფროსის 2010 წლის 7 ოქტომბრის №849 ბრძანების საფუძველზე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის სამმართველოს სანივთე ქონების საწვავისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების ოფიცრების მიერ შემოწმებულ იქნა დაბა კ–ში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის სასადილო და სასადილოს საწყობი. შემოწმების შედეგად შედგენილ იქნა №45 აქტი. აქტის მიხედვით სადილისთვის მომზადებული იქნა საქონლის ხორცის კონსერვის სოუსი, ორგანოლეპტიკური მაჩვენებელი კონსისტენცია არადამაკმაყოფილებელი, კერძი ლანგარზე დასხმისას ძალიან მცირე პერიოდში წვენი გადაიქცევა ჟელესმაგვარ ნივთიერებად ისე, რომ იჭრება, როგორც ხალადეცი. საქონლის ხორცის კონსერვი, რომლითაც მომზადებულ იქნა კერძი, გაგზავნილ იქნა ექსპერტიზაზე. მენიუს მიხედვით მომზადებულ იქნა ქათმის ხორცის სალათა სტაფილოთი, რომელიც არ არის ნორმირებული კერძი. ფირმას ეძლევა რეკომენდაცია, სალათის შემადგენლობაში გათვალისწინებულ იქნეს ბოსტნეული სეზონის მიხედვით, რათა დაცული იქნეს ხორცის და სხვა ინგრედიენტების თანაფარდობა. საწყობში დაფიქსირებულ იქნა 4 ყუთი ჯემი, რომელიც მოთავსებულია მეორად მუყაოს ყუთებში პოლიეთილენის პარკით. ეტიკეტზე არსებული ინფორმაცია, ვაშლის ჯემი დამზადებული საქართველოში შპს გ.კ–ა, არ შეესაბამება მუყაოს ყუთზე მითითებულ ინფორმაციას, როშენი საკონდიტრო კორპორაცია. აქტს ხელს აწერს როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი, ასევე სასადილოს მენეჯერი. სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №001541714 დასკვნით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ხორცის კონსერვი გამოკვლეული ორგანოლეპტიკური და ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლებით, შეესაბამება სახელმწიფოთაშორისო სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს;
4.9. 14.03.2014 წელს გაერთიანებული შტაბის უფროსის 2010 წლის 7 ოქტომბრის №849 ბრძანების საფუძველზე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის სამმართველოს სანივთე ქონების საწვავისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების ოფიცრების მიერ შემოწმებულ იქნა სოფელ მუხროვანში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის სასადილო და სასადილოს საწყობი. შემოწმების შედეგად შედგენილ იქნა №54 აქტი. აქტის მიხედვით, სადილისთვის მომზადებული კერძების ნორმა და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია. საწყობში დაფიქსირებულ იქნა 4 ყუთი კარაქი, რომლის მარკირებაზე მითითებული ინფორმაცია, ნაღები კარაქი, ცხიმიანობა 82%, დამზადებულია საქართველოში შპს ვარიას მიერ, არ შეესაბამება მუყაოს ყუთზე მითითებულ ინფორმაციას, ფირმა სოლპრო, რძის ცხიმის შემცვლელი მცენარეული ცხიმი, დამზადებული რუსეთი. აქტს ხელს აწერს როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი, ასევე სასადილოს მენეჯერი;
4.10. 20.03.2014 წელს გაერთიანებული შტაბის უფროსის 2010 წლის 7 ოქტომბრის №849 ბრძანების საფუძველზე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის სამმართველოს სანივთე ქონების საწვავისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების ოფიცრების მიერ შემოწმებულ იქნა ქ. თბილისში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის სასადილო და სასადილოს საწყობი. შემოწმების შედეგად შედგენილ იქნა №57 აქტი. აქტის მიხედვით, სადილისთვის მომზადებული კერძების ნორმა და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელი. საწყობის შემოწმებისას აღმოჩენილ იქნა 9 ყუთი კარაქი, ყუთზე მითითებული ინფორმაცია, მწარმოებელი ფირმა სოლპრო, რძის ცხიმის შემცვლელი მცენარეული ცხიმი, დამზადებული რუსეთში, არ შეესაბამება ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციას, ნაღები კარაქი, ცხიმიანობა 82%, დამზადებულია საქართველოში შპს ვ–ას მიერ, დამზადების თარიღი: თებერვალი 2014 წელი. აქტს ხელს აწერს როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი, ასევე სასადილოს მენეჯერი;
4.11. 20.03.2014 წელს გაერთიანებული შტაბის უფროსის 2010 წლის 7 ოქტომბრის №849 ბრძანების საფუძველზე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის სამმართველოს სანივთე ქონების საწვავისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების ოფიცრების მიერ შემოწმებულ იქნა ქ. თბილისში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის სასადილო და სასადილოს საწყობი. შემოწმების შედეგად შედგენილ იქნა №64 აქტი. აქტის მიხედვით, სადილისთვის მომზადებული კერძების ნორმა და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია. საწყობის შემოწმებისას აღმოჩენილ იქნა 5 ყუთი ჯემი, რომლის ეტიკეტზე მითითებული ინფორმაცია არ შეესაბამება მუყაოს ყუთზე მითითებულ ინფორმაციას, ხოლო პროდუქტები: კარაქი სპრედი და კარაქი, ეტიკეტის მიხედვით, მოთავსებულია მუყაოს ყუთში, რომელზეც მითითებულია: რძის ცხიმის შემცვლელი მცენარეული ცხიმი, ცხიმიანობა 99.7%, დამზადებულია სოლნეჩნი პროდუქტიში. პროდუქტის შესაფუთად გამოყენებულია მეორადი მუყაოს ყუთი. აქტს ხელს აწერს როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი, ასევე სასადილოს მენეჯერი;
4.12. 13.05.2014 წელს გაერთიანებული შტაბის უფროსის 2010 წლის 7 ოქტომბრის №849 ბრძანების საფუძველზე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის სამმართველოს სანივთე ქონების საწვავისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების ოფიცრების მიერ შემოწმებულ იქნა ქ. თბილისში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის სასადილო და სასადილოს საწყობი. შემოწმების შედეგად შედგენილ იქნა №93 აქტი. აქტის მიხედვით, სადილისთვის მომზადებული კერძების ნორმა და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია. სასადილოში ხდება როგორც სამხედრო მოსამსახურეების კვებით უზრუნველყოფა, ასევე არის კომერციული მიმართულება, იკვებებიან თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები. სასადილოს ფართი არასაკმარისია. ფართის სიმცირის გამო დარბაზში არ არის საკმარისი მაგიდები და სკამები. სასადილოს დარბაზში და სამზარეულოში არ ხდება ვენტილაცია. მაღალი ტემპერატურის გამო ფანჯრები ღიაა, ფანჯრებზე არ არის მწერებისაგან დამცავი ბადეები. ერთ ფართში არის განთავსებული სამზარეულო და სამრეცხაო. აქვე ხდება ხორცის, თევზის და ბოსტნეულის დამუშავება, საკვების ნარჩენების დაგროვება. ნარჩენების გატანა ხდება სასადილოს დარბაზის გავლით. სამზარეულოში არ მუშაობს წყლის გამაცხელებელი. წყალი ცხელდება სათლში და გადაიტანება ინვენტარის გასარეცხად. ბოსტნეული მუშავდება და პური იჭრება ხელით. სასადილოს არ აქვს პურის საჭრელი და კარტოფილის საფცქვნელი დანადგარი. ფართის სიმცირის გამო ვერ მონტაჟდება ბოსტნეულის დასამუშავებელი დანადგარი. სასადილოს ესაჭიროება ქვაბები, ჩაის და წვენის აპარატები (წვენი გაიცემა პოლიეთილენის მეორადი ვედროებით), საკვების გაცემის ცხელი და ცივი ხაზი. საწყობისათვის განკუთვნილ ფართში განთავსებულია პერსონალის მაგიდები, საყინულე და კარადა მაცივრები, ბურღულის შესანახი კარადა და ბოსტნეულისა და ხილის შესანახი თაროები, რის გამოც დარღვეულია საკვები პროდუქტების შენახვის პირობები, ასევე გაძნელებულია სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვა. პროდუქტების მიღება ხდება ფანჯრიდან, რადგან არ გააჩნია სასადილოს საწყობს კარები. აქტს ხელს აწერს როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი, ასევე სასადილოს მენეჯერი;
4.13. 28.05.2014 წელს გაერთიანებული შტაბის უფროსის 2010 წლის 7 ოქტომბრის №849 ბრძანების საფუძველზე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის სამმართველოს სანივთე ქონების საწვავისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების ოფიცრების მიერ შემოწმებულ იქნა ს. კ–ში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის სასადილო და სასადილოს საწყობი. შემოწმების შედეგად შედგენილ იქნა №106 აქტი. აქტის მიხედვით, სადილისთვის მომზადებული კერძების ნორმა და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელი. სასადილოს მომსახურე პერსონალს სამუშაო პროცესში არ აცვია შესაბამისი უნიფორმა. არ აქვს ჯანმრთელობის ცნობა. სასადილოში აღინიშნება მწერები, ტარაკნები, კონტეინერ საყინულე მაცივარში ერთად აწყვია ხორცი და თევზი. სასადილოს ცხელ საამქროში მოსაწესრიგებელია წყალდამწური. აქტს ხელს აწერს როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი, ასევე სასადილოს მენეჯერი;
4.14. 23.05.2014 წელს გაერთიანებული შტაბის უფროსის 2010 წლის 7 ოქტომბრის №849 ბრძანების საფუძველზე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის სამმართველოს სანივთე ქონების საწვავისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების ოფიცრების მიერ შემოწმებულ იქნა ქ. თბილისში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის სასადილო და სასადილოს საწყობი. შემოწმების შედეგად შედგენილ იქნა №104 აქტი. აქტის მიხედვით, სადილისთვის მომზადებული კერძების ნორმა და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელი. სასადილოში მომუშავე პერსონალს არ აქვს ჯანმრთელობის ცნობა. ნაწილს არ გააჩნია და სამუშაო პროცესში არ აცვიათ შესაბამისი უნიფორმა. აქტს ხელს აწერს როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი, ასევე სასადილოს მენეჯერი;
4.15. 30.06.2014 წელს გაერთიანებული შტაბის უფროსის 2010 წლის 7 ოქტომბრის №849 ბრძანების საფუძველზე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის სამმართველოს სანივთე ქონების საწვავისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების ოფიცრების მიერ შემოწმებულ იქნა ქ. თბილისში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის სასადილო და სასადილოს საწყობი. შემოწმების შედეგად შედგენილ იქნა №125 აქტი. აქტის მიხედვით, სადილისთვის მომზადებული კერძების ნორმა და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელი. სასადილოს მოსამსახურე პერსონალს სამუშაო პროცესში არ აცვიათ სათანადო ფორმა. სასადილო დარბაზში ფუნქციონირებს ერთი გაცემის ხაზი და ერთი ცხელი და ერთი ცივი სასმელების გამანაწილებელი დანადგარი. საწყობში დაფიქსირდა 1750 ცალი ნაყინი ლიდერი, შენახვის ვადა 6 თვე, აქედან 350 ცალზე არ არის აღნიშნული დამზადების თარიღი. აქტს ხელს აწერს როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი, ასევე სასადილოს მენეჯერი. მენეჯერის წერილობითი ახსნა-განმარტებით, ნაყინი არ გაცემულა სამხედრო მოსამსახურეებზე, მოხდა მისი უკან დაბრუნება, შეცვლა;
4.16. 30.06.2014 წელს გაერთიანებული შტაბის უფროსის 2010 წლის 7 ოქტომბრის №849 ბრძანების საფუძველზე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის სამმართველოს სანივთე ქონების საწვავისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების ოფიცრების მიერ შემოწმებულ იქნა ქ. თბილისში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის სასადილო და სასადილოს საწყობი. შემოწმების შედეგად შედგენილ იქნა №124 აქტი. აქტის მიხედვით სადილისთვის მომზადებული კერძების ნორმა და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია. კერძების მომზადების და მომსახურების პროცესში სასადილოს მოსამსახურე პერსონალს არ აცვიათ სპეციალური სანიტარული ტანსაცმელი. მენიუ საჭიროებს კორექტირებას. მენიუში არ არის ხილი და ხილის კომპოტები, ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოსამსახურეთა სურვილები და მენიუში მოხდეს სხვადასხვა სახის საკონდიტრო ნაწარმი, არსებული ორცხობილის ჩანაცვლებით. სასურველია მენიუში სალათების მრავალფეროვნება. აქტს ხელს აწერს როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი, ასევე სასადილოს მენეჯერი;
4.17. 06.06.2014 წელს გაერთიანებული შტაბის უფროსის 2010 წლის 7 ოქტომბრის №849 ბრძანების საფუძველზე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის სამმართველოს სანივთე ქონების საწვავისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების ოფიცრების მიერ შემოწმებულ იქნა ქ. თბილისში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის სასადილო და სასადილოს საწყობი. შემოწმების შედეგად შედგენილ იქნა №115 აქტი. აქტის მიხედვით, სადილისთვის მომზადებული კერძების ნორმა და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია. მენიუ საჭიროებს კორექტირებას. მენიუდან ამოღებულია ხილი და ხილის კომპოტები. სამხედრო მოსამსახურეები ითხოვენ მენიუში ხილის და ნაყინის ჩართვას. სასადილოში მომრავლებულია ბუზები, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარებულია მ/წლის 02 აპრილს. სასადილოს შენობაში, გარდა ცხელი საამქროსი, არ არსებობს სავენტილაციო სისტემა. ცხელ საამქროში გამწოვი არის მცირე სიმძლავრის და არ არის საკმარისი მთლიანი ფართობისთვის. საწყობში, სადაც მოთავსებულია შესანახად ბურღული, ხდება ბუნებრივი ვენტილაცია, მოხდა კედლის გამონგრევა. აქტს ხელს აწერს როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი, ასევე სასადილოს მენეჯერი;
4.18. 25.06.2014 წელს გაერთიანებული შტაბის უფროსის 2010 წლის 7 ოქტომბრის №849 ბრძანების საფუძველზე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის სამმართველოს სანივთე ქონების საწვავისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების ოფიცრების მიერ შემოწმებულ იქნა დაბა კრწანისში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის სასადილო და სასადილოს საწყობი. შემოწმების შედეგად შედგენილ იქნა №120 აქტი. აქტის მიხედვით, სადილისთვის მომზადებული კერძების ნორმა და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია. სასადილოში მომრავლებულია ჩიტები და ბუზები. სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარებულია ა/წ. 27 მაისს. სასადილოს ესაჭიროება საპურეები, სამარილეები და საპილპილეები. სავენტილაციო სისტემა გამოსულია მწყობრიდან და არ მუშაობს, რის გამოც დარბაზში ცხელა და სამხედრო მოსამსახურეები მენიუში არსებულ ცხელ კერძებს სრულად ვერ იღებენ. სამრეცხაოში და ცხელ საამქროში დაზიანებულია ტრაპი და მეტლახი. მოსაწესრიგებელია საკანალიზაციო სისტემა. პურ-კარაქის საწყობში კონდიციონერი გამოსულია მწყობრიდან, საჭიროებს შეცვლას, ვინაიდან არ ექვემდებარება შეკეთებას. აქტს ხელს აწერს როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი, ასევე სასადილოს მენეჯერი;
4.19. მოსარჩელის გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის მიერ მოპასუხისადმი 12.03.2014 წელს მიწერილ წერილში აღნიშნულია, რომ სამედიცინო დეპარტამენტი მუშაობს კვების ბლოკში დასაქმებული პერსონალის პერიოდული სამედიცინო შემოწმების დარეგულირების საკითხზე. გთხოვთ, ნორმატიული აქტის შექმნამდე, დროებით შეაჩეროთ კვების ბლოკში დასაქმებული პერსონალის პერიოდული სამედიცინო შემოწმება და რეაგირების გარეშე დატოვოთ სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის თქვენდამი 17.01.2014 წელს მოწერილი წერილი.
5. სააპელაციო პალატამ ასევე სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
5.1. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №911 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულება დგინდება:
5.1.1. 11.06.2014 წლის №117 აქტით სოსისთან მიმართებით, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაუცველობით სასადილოში ჩიტებისა და კატების არსებობით;
5.1.2. 13.01.2014 წლის №7 აქტით სასადილოს საწყობში ქიშმიშის მუყაოს ყუთებზე გამოშვების თარიღისა და ვარგისიანობის ვადის მიუთითებლობით, რა დროსაც შეუძლებელია დადგინდეს პროდუქტის მოხმარების ვადა და მისი საკვებად გამოყენების ვარგისიანობა და უვნებლობა;
5.1.3. 31.01.2014 წლის №22 აქტით სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაუცველობა სასადილოში ჩიტების და კატების არსებობა, ასევე საწყობში არსებული ქიშმიშის მუყაოს ყუთებზე პროდუქციის გამოშვების და ვარგისიანობის ვადის მიუთითებლობა, რა დროსაც შეუძლებელია დადგინდეს პროდუქტის მოხმარების ვადა და მისი საკვებად გამოყენების ვარგისიანობა;
5.1.4. 10.02.2014 წლის №30 აქტით საკვებად ისეთი კარტოფილის გამოყენება, რომელიც მომზადების პროცესში იცვლის ფერს და შავდება, რის გამოც საკვებად უვარგისია;
5.1.5. 15.05.2014 წლის №93 აქტით წვენების გაცემა პოლიეთილენის მეორადი გამოყენების ვედროებით;
5.1.6. 30.06.2014 წლის №125 აქტით სასადილოს საწყობში 350 ცალი ისეთი ნაყინის არსებობა, რომელსაც არ გააჩნია დამზადების თარიღი, რის გამოც შეუძლებელია დადგინდეს პროდუქტის მოხმარებისათვის ვარგისიანობა და უვნებლობა;
5.1.7. 25.06.2014 წლის №120 აქტით სასადილოში ჩიტების არსებობა, რა დროსაც დაცული არ არის სანიტარულ-ჰიგიენური წესები.
5.2. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ აქტებში დაფიქსირებულ სხვა ე.წ. დარღვევებს, სასამართლომ ისინი მოპასუხის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებად და პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლად არ მიიჩნია;
5.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ დამკვეთის მიერ ჩვიდმეტი შემოწმებიდან შვიდ შემთხვევაში დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით შეთანხმებული მომსახურების გაწევის პირობები. ამასთან, სასამართლოს შეფასებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო მიმწოდებლის მხრიდან მომსახურების ყოველი არაჯეროვანი ან უხარისხო შესრულებისთვის 10 000 ლარი, შეუსაბამოდ მაღალია და სამოქალაქო უფლების არამართლზომიერად განხორციელებაზე მიუთითებს. ასეთ პირობებში პირგასამტეხლო, როგორც ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენციის მეთოდი, კარგავს თავის დანიშნულებას. პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულების გათვალისწინებით და მიწოდებული მომსახურების პირობების დარღვევის მხედველობაში მიღებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს განაკვეთი 10 000 ლარიდან უნდა შემცირდეს 1000 ლარამდე და მოპასუხეს მის მიერ 2013 წლის 30 დეკემბრის №911 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის სიმძიმის, ბრალის ხარისხისა და დარღვევის შედეგების შესაბამისად, სამინისტროს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1 000 ლარის გადახდა თითოეული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის.
6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი აქტებით დგინდება და აღნიშნული მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევას, რაც გამოიხატა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით და ა.შ. ყოველივე აღნიშნული კი, ხელშეკრულების 15.1. პუნქტის თანახმად, მოსარჩელეს წარმოუშობს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
7. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამინისტროს მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს მოცულობა შეუსაბამოდ მაღალია და მართებულად იქნა შემცირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
11. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
12. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
13. კასატორი მიიჩნევს, რომ კრედიტორის მიერ პირგასამტეხლოს თანხის ოდენობა განისაზღვრა თავად მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე და არ არსებობს მისი შემცირების სამართლებრივი საფუძველი.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (იხ. სუსგ საქმე №ას-214-204-2016, 22 ივნისი, 2016 წელი; საქმე №ას-1220-1480-09, 25 მაისი, 2010 წელი).
15. პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის [სსკ-ის 417-ე მუხლი].
16. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი).
17. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა (იხ. სუსგ საქმე №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი).
18. სასამართლოს ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
19. ზემოთ მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად შეამცირეს პირგასამტეხლო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი (იხ. წინამდებარე განჩინების 5.3. ქვეპუნქტი) და მისი ოდენობა განსახილველ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრულია.
20. ამდენად, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი