საქმე №ას-978-2020 18 აპრილი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ე–ი“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარე - ა(ა)იპ „ქ. თბილისის N6 საბავშვო ბაგა-ბაღი“ (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე – ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ძირითადი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ (შემდგომში - „სააგენტო“) მიერ 2017 წლის 17 აგვისტოს გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO170000503 საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ა(ა)იპ „თბილისის №6 საბავშვო ბაგა-ბაღსა“ (შემდგომში - „მოპასუხე“, “ბაგა-ბაღი/ბაღი“ ან „შემსყიდველი“) და შპს „ე–ს“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მიმწოდებელი/შემკვეთი“ ან „კასატორი) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა 247 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 62 206,95 ლარს.
2. ხელშეკრულების 4.1.1 ქვეპუნქტით განისაზღვრა მიმწოდებლის ვალდებულება, 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით უზრუნველეყო 247 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვება და კვებითი მომსახურების გაწევა.
3. ხელშეკრულების 6.1-6.2 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი ხორციელდებოდა პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ხელშეკრულების ზედამხედველობის განხორციელება მოპასუხეს და სააგენტოს შესაბამის სამსახურებს ევალებოდათ.
4. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკი, შეთანხმდა უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის, სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის, კერძოდ, 1897 ლარის ოდენობით, გაფორმების ვალდებულება.
5. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
6. ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 17-32).
7. მხარეთა შორის 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულების დანართი №1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან ყველის ტექნიკური მახასიათებლები განისაზღვრა შემდეგნაირად:
- თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული პასტერიზებული რძისგან, ნაკლებად მარილიანი, ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე. მშრალი ნივთიერების შემცველობაა არა უმცირეს 52%-ისა, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა 40%, მარილი 0.5-1.5%. დაჭრის დროს არ უნდა იფხშვნებოდეს. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს. მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
- შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული, ვაკუუმ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
- მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ, თვეში ერთხელ წარადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები);
- მიწოდებული საქონლის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის მინიმუმ 40%;
- სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებსა და მოქმედ სტანდარტებს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 23-32).
8. მხარეთა შორის 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულების დანართი №1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან კარაქის ტექნიკური მახასიათებლები განისაზღვრა შემდეგნაირად:
- თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული რძის ნაღებისგან, მცენარეული ცხიმის გარეშე, ქარხნული წესით. ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის. დაჭრის დროს არ უნდა იფხშვნებოდეს. რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%, წყლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს;
-შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებულ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
- მიმწოდებელი ვალდებულია, მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ, თვეში ერთხელ წარადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები);
- მიწოდებული საქონლის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 40%;
- სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებსა და მოქმედ სტანდარტებს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 23-32).
9. მხარეთა შორის 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს „ბაზისბანკის“ (შემდგომში - „ბანკი“) საბანკო გარანტია NBB.14.09/25, რომლის თანახმად, პრინციპალს წარმოადგენდა - მოსარჩელე, ბენეფიციარს - მოპასუხე, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა შეადგენდა - 1897 ლარს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 37).
10. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ მოპასუხეს 2017 წლის დეკემბრის თვეში გაუწია 7 683,25 ლარის მომსახურება, რომელიც არ ანაზღაურებულა (იხ. ტ. 1, ს. ფ. 38-39).
11. მოპასუხის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა მოსარჩელესთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული, 2017 წლის დეკემბრის თვის (01 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით) შედარების აქტის შედგენაზე, მიწოდებული პროდუქტების (ყველი, კარაქი) ხელშეკრულებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებთან შეუსაბამობის გამო (იხ. ტ. 1, ს.ფ. 38, 39, 41-44).
12. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღში მოსარჩელის მიერ შეტანილი ყველის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს. ამ უკანასკნელის 2017 წლის 15 დეკემბრის N09/13005 მიმართვის თანახმად, წერილის დანართად წარდგენილი სურსათი „იმერული“ ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის, ყველის სავალდებულო პარამეტრებს არ შეესაბამებოდა, ვინაიდან ნაცვლად ნატურალური რძისა, იგი აღდგენილი რძისგან იყო დამზადებული (იხ. ტ. 1, ს.ფ. 46-47).
13. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის N09/13126 მიმართვიდან ასევე ირკვევა, რომ წარდგენილი სურსათის - „კარაქის“ ეტიკეტი ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს არ შეესაბამებოდა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 48-50).
14. მოსარჩელისათვის ყველის მიმწოდებელმა კომპანიამ - შპს „ნ..“-მა მოსარჩელეს განუმარტა, რომ პროდუქტის ყველა მიწოდებულ პარტიას ლაბორატორიული კვლევის ოქმები ახლდა, რაც ადასტურებდა პროდუქტის უსაფრთხოებასა და საწარმო სტანდარტის შესაბამისობას. ყველა პროდუქტის შესაბამისობის დეკლარაციის შედეგები კი, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უვნებლობის პარამეტრებს ადასტურებდა.
15. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მისთვის: გაწეული მომსახურების ღირებულების - 7 683,25 ლარის, საბანკო გარანტიის თანხის - 1 897 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით, 511 ლარის გადახდის დაკისრება. მოსარჩელის მტკიცებით, მისი მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიუხედავად, მოპასუხემ უარი განაცხადა 2017 წლის დეკემბერში გაწეული მომსახურების დადასტურებასა და ანაზღაურებაზე.
16. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო.
17. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 ივნისის საოქმო განჩინებით წინამდებარე სამოქალაქო საქმეში მოპასუხის მხარეს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაება სააგენტო.
18. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი წარადგინა მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა მისთვის: ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხის, 15 880,6 ლარის დაბრუნებისა და პირგასამტეხლოს სახით, 88,10 ლარის დაკისრება.
19. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით შეგებებული სარჩელი არ ცნო.
20. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა (პირველი პუნქტი); მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურების ღირებულების - 7 683,25 ლარის (1.1 პუნქტი), პირგასამტეხლოს - 511 ლარისა (1.2 პუნქტი) და საბანკო გარანტიის თანხის - 1 897 ლარის (1.3 პუნქტი) გადახდა; შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა (მე-2 პუნქტი).
21. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
22. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების 1.3 და მე-3 პუნქტები და სარჩელი საბანკო გარანტიის თანხის, 1897 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; დარჩენილ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
23. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-14 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
24. სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელემ მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველის მიწოდების ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა. სასამართლოს განმარტებით, სადავო არაა ის გარემოება, რომ ბაგა-ბაღისთვის მიწოდებული პროდუქტი, რომელიც ეტიკეტირებული იყო „იმერულის“ სახელწოდებით, აღდგენილი რძისგან იყო დამზადებული. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებები კი, მისაწოდებელ ყველთან მიმართებით იდენტურ დათქმას ითვალისწინებდა, კერძოდ, კომპანიას ბაღისთვის ნატურალური/პასტერიზებული რძისგან დამზადებული ყველი უნდა მიეწოდებინა.
25. სააპელაციო სასამართლომ „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 03 აპრილის №152 დადგენილების მე-4 პუნქტის „დ“, „პ“, „უ“ და „თ“ ქვეპუნქტებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ აღდგენილი და პასტერიზებული/ნატურალური რძე განსხვავებული რძის პროდუქტებია. შესაბამისად, რადგან მიმწოდებელმა პასტერიზებული რძის მაგივრად შემსყიდველს აღდგენილი რძე მიაწოდა, შესრულება არაჯეროვანი იყო, რაც შემკვეთს კანონით განსაზღვრული ქმედებების განხორციელების შესაძლებლობას აძლევდა.
26. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477.1, 477.2, 629-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა შერეული ტიპის ხელშეკრულება, რომელიც ნარდობისა და ნასყიდობის ელემენტებს მოიცავს. ორივე ურთიერთობაში ფაქტობრივ მისაღწევ შედეგს წარმოადგენს შემკვეთისთვის ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობის წარდგენა.
27. სააპელაციო სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 490.1, 491-ე, 492-ე, 641-ე მუხლებით და მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხისათვის შეთანხმებული საქონელის (განსხვავებული მახასიათებლების) მიწოდების, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ შეთანხმებული ფასის გადაუხდელობის ფაქტი. ამასთან, უდავოა, რომ ბაგა-ბაღმა მოსარჩელის მიერ მიწოდებული ნივთობრივი ნაკლის მქონე ყველი - „იმერული“ მიიღო და დანიშნულებისამებრ გამოიყენა. ბაგა-ბაღს მოსარჩელისათვის არც ნაკლის გამოსწორება (ნაკლიანი პროდუქტის შეცვლა) და არც ამ მიზეზით ხელშეკრულების მოშლა მოუთხოვია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ შემკვეთს მიწოდებული საქონლის ღირებულების გადახდაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა (შეგებებული სარჩელის მოთხოვნა) და მხოლოდ მეორადი მოთხოვნის - არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის წარდგენის შესაძლებლობა გააჩნდა.
28. სააპელაციო პალატამ დადგენილად არ მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხისათვის მიწოდებული სურსათი - „კარაქი“ დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით ამ პროდუქტისათვის ხელშეკრულებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებს არ შეესაბამებოდა. შესაბამისად, მართებულად ჩათვალა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ კარაქის მიწოდების ნაწილში კომპანიამ სახელშეკრულებო ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა.
29. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, უდავოა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით მოსარჩელეს ბაგა-ბაღისთვის უნდა მიეწოდებინა კარაქი, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია. ასევე უდავოა, რომ მოსარჩელის მიერ ბაგა-ბაღისთვის მიწოდებული კარაქის ეტიკეტზე ცხიმის შემცველობად მითითებულია 80% (+/-0,5). სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 103-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში, რისი წარდგენის ვალდებულებაც კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხეს ეკისრებოდა, ივარაუდება, რომ პროდუქტის თვისებები შესაბამისობაშია მის ეტიკეტზე დატანილ მახასიათებლებთან. ამასთან, სადავო არაა, რომ სხვა რაიმე დამატებითი კვლევა მიწოდებული პროდუქტის - კარაქის დამახასიათებელ თვისებებთან და მისი შემადგენლობის ხელშეკრულებით დადგენილ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, არ ჩატარებულა. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მხოლოდ პროდუქტის ეტიკეტია შემოწმებული, ხოლო მოპასუხის მიერ ანაზღაურებაზე უარის თქმის მიზეზად სწორედ ეტიკეტირების დარღვევაა მითითებული.
30. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა ვალდებულების დარღვევის ხასიათის, მოცულობისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით შეუსაბამოდ მაღალი არ იყო და სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების წინაპირობებს არ ქმნიდა.
31. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ საგარანტიო თანხის - 1897 ლარის გადახდის ვალდებულება არამართებულად დაეკისრა.
32. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე, 880-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ საბანკო გარანტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც გადაიხდება, როგორც კომპენსაცია ძირითადი კონტრაქტის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისას. შესრულების გარანტიის (საბანკო გარანტიის ერთ-ერთი სახე) მთავარ მიზანს შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირება წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი ერთ-ერთ მიწოდებულ პროდუქტთან მიმართებით თავად მიმწოდებელსაც არ გაუხდია სადავოდ, შესაბამისად, ვინაიდან საბანკო გარანტია გამოუხმობადი ხასიათის იყო და თავისი არსით შემკვეთს არაჯეროვანი შესრულებისგანაც იცავდა, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საბანკო გარანტიის თანხის მოპასუხისთვის დაკისრების ფაქტობრივ-სამათლებრივი საფუძვლები.
33. სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული მსჯელობებიდან გამომდინარე, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში წარდგენილი არცერთი მტკიცებულებით დგინდებოდა მოპასუხისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, მიიჩნია, რომ მოპასუხის შეგებებული სარჩელი მოსარჩელისათვის უსაფუძვლოდ გადახდილი თანხის უკან დაბრუნების თაობაზე მართებულად არ დაკმაყოფილდა. ხოლო, აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად აღარ მიიჩნია პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მეორად შეგებებულ მოთხოვნაზე მსჯელობა.
34. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
35. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
35.1. განსახილველ შემთხვევაში, საბავშვო ბაგა-ბაღის სასარგებლოდ გაცემული საბანკო გარანტია წარმოადგენდა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების გარანტიას. შესრულების გარანტიის (საბანკო გარანტიის ერთ-ერთი სახე) მთავარ მიზანს შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირება წარმოადგენს. მსგავსი გარანტია ემსახურება დამკვეთის მხრიდან საკონტრაქტო ფასის შესაბამისი სრული მომსახურების მიღებას და იმ დანაკარგის კომპენსაციას, რაც შეიძლება კონტრაქტის არასათანადო შესრულებით წარმოიშვას. ის ასევე ფარავს იმ რისკს, რაც დაკავშირებულია მიწოდებულ პროდუქციაში დეფექტების აღმოჩენასთან. ამდენად, შესრულების საბანკო გარანტია წარმოადგენს არასათანადო შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მაკომპენსირებელ საშუალებას და მისი ჯარიმის ან სანქციის ფორმით გამოყენება საბანკო გარანტიის მიზანთან წინააღმდეგობაში მოდის;
35.2. წინამდებარე საქმეში კასატორის მხრიდან ვალდებულების ნაკლიანი შესრულების შედეგად, მისი უმნიშვნელო ხასიათიდან გამომდინარე, მოპასუხეს რაიმე ზიანი არ მისდგომია. შესაბამისად, ზიანის არარსებობის გამო, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მიღებული საბანკო გარანტიის თანხით კასატორის მხრიდან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირებას ვერ მოახდენდა. მხოლოდ მოთხოვნის არსებობა იმგვარი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, როგორიც არის საბანკო გარანტია, არ აძლევს ბენეფიციარს უფლებას უპირობოდ აინაზღაუროს თანხა. ამ შემთხვევაში, სსკ-ის 361.2 მუხლის შესაბამისად, მას მეორე მხარის ქონებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულეის გამოჩენა ეკისრება.
36. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
37. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
38. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
39. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
40. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.
41. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მოსარჩელის, როგორც პრინციპალისათვის საბანკო გარანტიის თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის მართლზომიერება.
42. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე და 880-ე მუხლების თანახმად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას.
43. საბანკო გარანტია წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას. საბანკო გარანტია სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით - არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება - ხელშეკრულება, რომლის უზუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე. საბანკო გარანტია შესასრულებელია გაცემული პირობების ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესაგებელი. საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობას ძირითადი, უზრუნველყოფილი ვალდებულებისაგან (პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის არსებული ვალდებულება), განაპირობებს მისი არააქცესორული ბუნება. თავად საბანკო გარანტია წარმოადგენს დამოუკიდებელ ვალდებულებას (სსკ-ის ის 881-ე მუხლი). პრინციპალის ძირითადი ვალდებულების გაბათილება, შეწყვეტა ან სამართლებრივი ვითარების სხვაგვარი შეცვლა, თავისთავად არ გამოიწვევს საბანკო გარანტიის მოქმედების შეწყვეტას. ამიტომაც, საბანკო გარანტიაში მკაფიოდ უნდა აისახოს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები (იხ. სუსგ საქმე Nას-749-709-2015, 25 სექტემბერი, 2015 წელი).
44. შესრულების გარანტიის (საბანკო გარანტიის ერთერთი სახე) მთავარ მიზანს შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირება წარმოადგენს. მსგავსი გარანტია დამკვეთის მხრიდან საკონტრაქტო ფასის შესაბამისი სრული მომსახურების მიღებას და იმ დანაკარგის კომპენსაციას ემსახურება, რაც შეიძლება კონტრაქტის არასათანადო შესრულებით წარმოიშვას, ასევე, ფარავს იმ რისკს, რაც მიწოდებულ პროდუქციაში დეფექტების აღმოჩენასთან არის დაკავშირებული. ამდენად, შესრულების საბანკო გარანტია არასათანადო შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მაკომპენსირებელ საშუალებას წარმოადგენს.
45. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მიმწოდებელმა კომპანიამ, მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. კერძოდ, მხარეთა შორის 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიწოდებული პროდუქტი - ყველი, დასახელებით „იმერული“, სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასტერიზებული/ნატურალური რძისა, იგი დამზადებული იყო აღდგენილი რძისაგან, რაც განსხვავებულ რძის პროდუქტებს წარმოადგენს.
46. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია მიმწოდებლის მიერ ვალდებულების ნაწილობრივ არაჯეროვანი შესრულება ერთ-ერთ მიწოდებულ პროდუქტთან მიმართებით. შესაბამისად, ვინაიდან საბანკო გარანტია გამოუთხოვადი ხასიათის იყო და, თავისი არსით, შემკვეთს არაჯეროვანი შესრულებისაგან იცავდა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობდა საბანკო გარანტიის თანხის მოსარჩელისათვის/პრინციპალისათვის დაბრუნების საფუძველი. შესაბამისად, სარჩელი ამ ნაწილში მართებულად არ დაკმაყოფილდა.
47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
48. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
49. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-108-2020, 03 ივნისი, 2020 წელი; Nას-174-2020, 17 ივნისი, 2020 წელი; Nას-596-2020, 29 ოქტომბერი, 2020 წელი; Nას-775-2019, 05 აგვისტო, 2021 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
50. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
51. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
52. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ე–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. შპს „ე–ს“ (ს/კ: ......) დაუბრუნდეს მის მიერ 2020 წლის 30 აპრილს №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი