Facebook Twitter

საქმე №ას-1143-2020 26 იანვარი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ს.მ–ია“ (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ო–ი“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება (ძირითად სარჩელში), პირგასამტეხლოს დაკისრება და ავანსის ნაწილის დაბრუნება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ო–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „ს.მ–იის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“ ან „კასატორი“) მიერ მოსარჩელის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ვადების დარღვევის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა, ნაცვლად 76 635.10 ლარისა, განისაზღვრა 500 ლარის ოდენობით; შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეგებებული სარჩელით მოპასუხეს შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა შეგებებული სარჩელით მოპასუხისათვის გაცემული საავანსო თანხის - 1837 ლარის გადახდა (3.1. ქვეპუნქტი).

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 3.1. ქვეპუნქტი და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა საავანსო თანხის - 1 837.00 ლარის და პირგასამტეხლოს - 500.00 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

4. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. 2016 წლის 20 ივლისს მოპასუხესა („შემსყიდველი“) და მოსარჩელეს („მიმწოდებელი“) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N110-ბ/16, რომლის საგანს წარმოადგენდა მარნეულის მუნიციპალიტეტში, ხრამ-არხის სარწყავი სისტემის დაზიანებული მაგისტრალური არხის და ჰიდროტექნიკური ნაგებობების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 1 857 773.81 ლარით განისაზღვრა;

4.2. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება სატენდერო წინადადებით განსაზღვრული სამუშაოები დაეწყო ხელშეკრულების გაფორმებიდან და დაესრულებინა 19 თვის განმავლობაში - 2018 წლის 20 თებერვლამდე. ხელშეკრულების 11.2. პუნქტით კი მხარეები შეთანხმდნენ, რომ 4.1. პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილი იყო, მიმწოდებლისთვის დაეკისრებინა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,07%-ის ოდენობით;

4.3. მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება 59 დღის დაგვიანებით - 2018 წლის 20 აპრილს შეასრულა;

4.4. 2018 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულებამ 3 551.67 ლარი შეადგინა, რაც მთლიანი სამუშაოების 0.19%-ია;

4.5. მოპასუხეს პირგასამტეხლო დაანგარიშებული აქვს მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 0.07%-ით, რაც 76 635.10 ლარს შეადგენს;

4.6. მოსარჩელის მიერ მიღებული საავანსო თანხიდან გამოსაქვითი თანხის ოდენობა 5 211.58 ლარს შეადგენს;

4.7. დარიცხული პირგასამტეხლოდან - 76 635.10 ლარიდან მოპასუხემ 3 374.59 ლარი გაქვითა, როგორც შესრულებული სამუშაოსათვის ასანაზღაურებელი თანხა (ანუ მოსარჩელეს არ გადასცა 3 374.59 ლარი შესრულებული სამუშაოების ანგარიშში) და, საბოლოოდ, პირგასამტეხლოს სახით 73 260.51 ლარი (76 635.10 - 3 374.59=73 260.51 ლარი) მოითხოვა.

5. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა ხელშეკრულების დროულად შესრულების მიმართ მისი განსაკუთრებული ეკონომიკური ინტერესი, ასევე, ის ფაქტი, რომ ხელშეკრულების ვადის დარღვევით არსებითი ზიანი მიადგა მას ან წარმოიშვა ასეთი ზიანის მიყენების საფრთხე.

6. სააპელაციო პალატამ ვადის დამრღვევის ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმის, ხასიათისა და დარღვევის შედეგების გათვალისწინებით, ასევე, შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობის გათვალისწინებით (ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 3 551.67 ლარი შეადგინა, რაც მთლიანი სამუშაოების 0.19%-ია), სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ სახეზე იყო შეთანხმებული პირგასამტეხლოს, როგორც შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის, შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა - 500 ლარი სრულად უზრუნველყოფდა შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას და შეესაბამებოდა „მიმწოდებლის“ მიერ დაგვიანებით შესრულებელი ვალდებულებისათვის პასუხისმგებლობის სახით დაწესებულ საზღაურს.

7. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, მიუხედავად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში განვითარებული მსჯელობისა, სასამართლოს დასკვნა - შეგებებული სარჩელით მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 500 ლარის დაკისრების თაობაზე, არ იყო ასახული გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, რაც ამ ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის 3.1. პუნქტი) გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველს წარმოადგენდა.

8. სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა დასაბრუნებელი საავანსო თანხის ოდენობასთან დაკავშირებით. სასამართლოს მითითებით, შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ („შემსყიდველმა“) 3 374.59 ლარი შეგებებული სარჩელით მოპასუხეს („მიმწოდებელს“) არ გადაუხადა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების მიზნით და ჩაითვალა პირგასამტეხლოს ანგარიშში (76 635.10 - 3 374.59 = 73 260.51). ამასთან, შეგებებული სარჩელით მოპასუხის მიერ მიღებული საავანსო თანხიდან გამოსაქვითი თანხის ოდენობა შეადგენს 5 211.58 ლარს, ხოლო, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს შეგებებული სარჩელით მოპასუხისთვის გადასახდელი აქვს 3 374.59 ლარი. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, სასამართლომ მართებულად მიიჩნია შეგებებული სარჩელით მოპასუხისთვის შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სასარგებლოდ შეგებებული სარჩელით მოპასუხისათვის გადაცემული საავანსო თანხის ნაწილის - 1 837 ლარის გადახდის დაკისრება (5 211.58 ლარს - 3 374.59 ლარი = 1 837 ლარს).

9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

12. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

14. საკასაციო საჩივრის თანახმად:

14.1. მოსარჩელემ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დაადასტურა მზადყოფნა, ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში გადაეხადა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,07%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სასამართლო ვერ ასაბუთებს, რის მიხედვით განსაზღვრა 500 ლარი კანონშესაბამისი და მართლზომიერი პირგასამტეხლოს ოდენობად;

14.2. ავანსი არის გასაწევი მომსახურებისათვის ან შესასრულებელი სამუშაოსათვის წინასწარ გადახდილი თანხა. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ავანსი ექვემდებარება უკან დაბრუნებას. მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 5211,58 ლარის გადახდა, როგორც მოსარჩელისთვის ავანსის სახით გაცემული თანხიდან დარჩენილი გამოსაქვითი თანხა;

14.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ არ დაკმაყოფილებულა კასატორის სააპელაციო საჩივარი, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 მუხლის მიხედვით, მოსარჩელეს უკვე დაკისრებული ჰქონდა მოპასუხის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 500 ლარის გადახდა.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (იხ. სუსგ საქმე №ას-214-204-2016, 22 ივნისი, 2016 წელი; საქმე №ას-1220-1480-09, 25 მაისი, 2010 წელი);

16. პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის [სსკ-ის 417-ე მუხლი].

17. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი).

18. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა (იხ. სუსგ საქმე №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი).

19. სასამართლოს ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.

20. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება 59 დღის დაგვიანებით - 2018 წლის 20 აპრილს შეასრულა; 2018 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულებამ 3 551.67 ლარი შეადგინა, რაც მთლიანი სამუშაოების 0.19%-ია; ხელშეკრულების 11.2. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ 4.1. პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილი იყო, მიმწოდებლისთვის დაეკისრებინა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,07%-ის ოდენობით; მოპასუხეს პირგასამტეხლო დაანგარიშებული აქვს მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 0.07%-ით (იხ. წინამდებარე განჩინების 4.2., 4.3., 4.4., და 4.5. ქვეპუნქტები);

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან რამდენიმე დღის ვადაგადაცილებისათვის, ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. საკასაციო სასამართლო მხარს უჭერს მიდგომას, რომ პირგასამტეხლო დაანგარიშებული იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ საქმე №ას-164-160-2016, 28 ივლისი, 2016 წელი).

22. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობას პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის თაობაზე და მიაჩნია, რომ სასამართლომ სწორად შეამცირა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშებული პირგასამტეხლო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი. სასამართლომ ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოს ღირებულების და ამით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრა 500 ლარით, რაც მოცემულ შემთხვევაში გონივრული და სამართლიანია.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

24. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3831,75 ლარის 70% – 2682,23 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ს.მ–იის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. შპს „ს.მ–იას“ (ს.ნ. ........) დაუბრუნდეს მის მიერ 2020 წლის 14 ივლისს №035 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3831,75 ლარის 70% – 2682,23 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი