საქმე №ას-851-2023 29 სექტემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ვ.ფ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.ო.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „თ.ლ–მა“ (შემდგომში – „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ.ფ–ძის (შემდგომში – „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 08 თებერვლის საოქმო განჩინებით სს „თ.ლ–ის“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შპს „ს.ო.“ (შემდგომში - „მოსარჩელის უფლებამონაცვლე“).
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
5. მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591.1, 369.1, 374.1 მუხლებით და მიუთითა, რომ საქმის მასალების მიხედვით, რუსთავის საქალაქო სასამართლოში 2023 წლის 08 თებერვალს გამართულ სხდომას, რა დროსაც სათათბირო ოთახში გაუსვლელად სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ესწრებოდა როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის წარმომადგენელი - ე.გ–ი (იხ. რწმ., ს.ფ. 244-245). შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე უნდა გამოცხადებულიყო სასამართლოში 20-დან 30 დღის განმავლობაში (30-ე დღე იყო 2023 წლის 10 მარტი) და ჩაებარებინა დასაბუთებული გადაწყვეტილება, რის შემდეგაც, 2023 წლის 11 მარტს, დაიწყებოდა გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა, რომელიც ამოიწურებოდა 2023 წლის 24 მარტს. ამდენად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილების გასაჩივრების ბოლო დღე იყო 2023 წლის 24 მარტი.
8. სააპელაციო პალატის განმარტებით, დადგენილია, რომ აპელანტის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 02 მარტს და მოითხოვა დასაბუთებული გადაწყვეტილების მის მისამართზე გაგზავნა, თუმცა სასამართლოსთვის უცნობია, რატომ არ ჩაიბარა მოპასუხემ დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში, მით უფრო მაშინ, როდესაც გადაწყვეტილება საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ იქნა 2023 წლის 24 თებერვალს.
9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, სასამართლოს მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილება გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს და ადრესატს ჩაბარდა 2023 წლის 23 მარტს, თუმცა ვინაიდან მოპასუხე არ მიეკუთვნება სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ პირს, სასამართლოს არ ჰქონდა მისთვის გადაწყვეტილების გაგზავნის ვალდებულება. შესაბამისად, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო არა 2023 წლის 24 მარტიდან (მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების მომდევნო დღიდან), არამედ 11 მარტიდან. აპელანტმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2023 წლის 04 აპრილს, გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
10. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60, 61-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტს სააპელაციო საჩივარი 2023 წლის 25 მარტამდე უნდა წარედგინა. დასახელებული ვადის გასვლის შემდეგ კი, აპელანტის შესაძლებლობა, გაესაჩივრებინა სადავო გადაწყვეტილება, უნდა ჩაითვალოს გაქარწყლებულად სსსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი და მისი გაუქმება მოითხოვა.
13. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა იმ ფაქტს, რომ მოპასუხემ გაუშვა გასაჩივრების ვადა, ვინაიდან მოპასუხეს სასამართლოსთვის განცხადებით მიმართული ჰქონდა 2023 წლის 02 მარტს, ხოლო გადაწყვეტილება ჩაბარდა 2023 წლის 23 მარტს. გადაწყვეტილების გასაჩივრება მოხდა იმავე წლის 04 აპრილს, 12 დღეში, რის გამოც არ არის გაშვებული გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 07 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ პუნქტებისა.
17. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
18. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ მას სააპელაციო საჩივარი ვადადარღვევით არ წარუდგენია, კერძოდ, მოპასუხეს გადაწყვეტილება ჩაბარდა 2023 წლის 23 მარტს, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარადგინა იმავე წლის 04 აპრილს, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან მე-12 დღეს.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია; ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
20. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა, რომ წინამდებარე საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2023 წლის 08 თებერვალს. სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა სათათბირო ოთახში გაუსვლელად და მის გამოცხადებას ესწრებოდა მოპასუხის უფლებამოსილი წარმომადგენელი - ე.გ–ი (იხ. მინდობილობა, ს.ფ. 244-245, სხდომის ოქმი, ს.ფ. 255-263). მოპასუხე არ მიეკუთვნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ პირს, შესაბამისად, იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იგი (მისი წარმომადგენელი) ვალდებული იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი.
21. დადგენილია, რომ 2023 წლის 02 მარტს, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 22-ე დღეს მოპასუხის წარმომადგენელმა, ე.გ–მა განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა წინამდებარე საქმეზე მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილების მის მიერ მითითებულ მისამართზე გადაგზავნა. თუმცა, მიუხედავად კანონით დადგენილ ვადაში მოთხოვნისა, მოპასუხის წარმომადგენელს დასაბუთებული გადაწყვეტილება გაეგზავნა მხოლოდ 2023 წლის 16 მარტს, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ, რაც სასამართლოს აფიქრებინებს, რომ მოპასუხის წარმომადგენლის მიერ განცხადების წარდგენის დროისათვის, 2023 წლის 02 მარტს დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ იყო და ის არც სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღის ვადაში მომზადებულა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას, რომ მოპასუხისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა უნდა აითვალის არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, არამედ დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების მომენტიდან.
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში გადაწყვეტილების 2023 წლის 24 თებერვალს ატვირთვის ფაქტი მოცემულ შემთხვევაში გავლენას ვერ მოახდენს გასაჩივრების ვადის გამოთვლის წესზე, რადგან დადასტურებულია, რომ მხარის წარმომადგენელმა დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 22-ე დღეს), 2023 წლის 02 მარტს მოითხოვა, ხოლო სასამართლომ მას დასაბუთებული გადაწყვეტილება ამ დღეს არ გადასცა და მხოლოდ 2023 წლის 16 მარტს გაუგზავნა ფოსტით.
23. დადგენილია ასევე, რომ მოპასუხის უფლებამოსილ წარმომადგენელს დასაბუთებული გადაწყვეტილება გაეგზავნა და ჩაბარდა 2023 წლის 23 მარტს (იხ. ს.ფ. 287-288), შესაბამისად, მოპასუხისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 24 მარტიდან (სსსკ-ის 60.2 მუხლის შესაბამისად) და ამოიწურა იმავე წლის 06 აპრილს. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2023 წლის 04 აპრილს, კანონით დადგენილ 14-დღიან ვადაში, შესაბამისად, არ არსებობდა მისი განუხილველად დატოვების საფუძველი.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმის იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ვ.ფ–ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩინება და ვ.ფ–ძის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი