Facebook Twitter

საქმე №ას-857-2023 29 სექტემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სს „ს.ი–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.დ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ.დ–მა (შემდგომში – „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.ი–ის“ (შემდგომში – „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

4. მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე, 369.1, 2591.1 მუხლებით და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი (2023 წლის 04 აპრილი) ცნობილი იყო მოპასუხის წარმომადგენლების - ნ.ც–ას და ს.პ–თვის, რომლებიც შრომით ურთიერთობაში იმყოფებიან აპელანტთან (მოპასუხის იურისტები არიან). მათვე 2023 წლის 09 მარტს სასამართლო სხდომის დასრულებისას სასამართლომ განუმარტა სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსი. ამასთან, საქმის ელექტრონული მასალებით დადგენილია, რომ გადაწყვეტილება დროულად მომზადდა. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხის წარმომადგენლები გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღის შუალედში (2023 წლის 24 აპრილი - 04 მაისი) არ გამოცხადებულან სასამართლოში და არ ჩაუბარებიათ გადაწყვეტილების ასლი. შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 05 მაისს და ამოიწურა 2023 წლის 18 მაისს.

7. სააპელაციო პალატის განმარტებით, აპელანტმა სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოში 2023 წლის 25 მაისს წარადგინა, რითაც დაარღვია კანონმდებლობით დადგენილი ვადა. შესაბამისად, სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე და 374-ე მუხლებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ სახეზე იყო მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი და მისი გაუქმება მოითხოვა.

9. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არ შეამოწმა, როდის მოხდა საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მოპასუხისათვის ჩაბარება. 2023 წლის 04 მაისს ნ.ო–ძე გაესაუბრა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწეს განჩინების მომზადებისა და ჩაბარების საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან მოპასუხეს გადაწყვეტილების ზემდგომ სასამართლოში გასაჩივრება სურდა, თუმცა მოსამართლის თანაშემწის მიერ არ დადასტურდა გადაწყვეტილების მომზადების ფაქტი. უფრო მეტიც, მან განაცხადა, რომ მოპასუხეს შემდეგ კვირაში დაუკავშირდებოდა და შეატყობინებდა იქნებოდა თუ არა მზად წინამდებარე საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება. მოპასუხისათვის ცნობილი არ ყოფილა გადაწყვეტილების მატერიალურად მომზადების ფაქტი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება უსაფუძვლოა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 07 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება. გასაჩივრებული განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ მან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარადგინა.

14. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ მიუხედავად მოთხოვნისა, მას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ჩააბარეს, ვინაიდან, როგორც მოსამართლის თანაშემწემ განუმარტა, დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ იყო.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე 259​1-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

16. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა, რომ წინამდებარე საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2023 წლის 04 აპრილს. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი ცნობილი იყო მოპასუხისათვის. კერძოდ, მოპასუხის უფლებამოსილი წარმომადგენელი (იხ. მინდობილობა, ტ. 1, ს.ფ. 214) - სოფიკო პეტრიაშვილი ესწრებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2023 წლის 09 მარტს გამართულ სხდომას, რომელზეც გადაიდო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება 2023 წლის 04 აპრილს. აღნიშნული დადასტურებულია მისი ხელმოწერით (იხ. სხდომის ოქმი, ხელწერილი, ტ. 1, ს.ფ. 200-213, 219). იმავე სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელს განემარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსი. შესაბამისად, აღნიშნული სამართლებრივი ნორმის მიხედვით, მოპასუხე (მისი წარმომადგენელი) ვალდებული იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი. თუმცა, სადავო არ არის, რომ მოპასუხეს ამ ვადაში გადაწყვეტილების ასლი არ ჩაუბარებია, რის გამოც მისთვის გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო მისი გამოცხადებიდან 30-ე დღეს (სსსკ-ის 60.2 მუხლის მიხედვით მეორე დღიდან) – 2023 წლის 05 მაისიდან და ამოიწურა იმავე წლის 18 მაისს. აღნიშნულ ვადაში მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია.

17. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება არ ჰქონდა მომზადებული. სასამართლო საქმეში აღნიშნულის თაობაზე არ უთითებს, ხოლო მოპასუხეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად, არ წარუდგენია დასაბუთებული გადაწყვეტილების ვადადარღვევით მომზადების დამადასტურებელი მტკიცებულება. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ახსნა-განმარტებას იმ გარემოების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს (04 მაისს) მოპასუხის წარმომადგენელი - ნ.ო–ძე ესაუბრა მოსამართლის თანაშემწეს, რომელმაც გადაწყვეტილების მომზადების ფაქტი არ დაადასტურა. გარდა ამისა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქმეში არ მოიპოვება მოპასუხის მიერ ნ.ო–ძის მიმართ გაცემული მინდობილობა, რომლითაც მას სასამართლოში საქმის წარმოების უფლებამოსილება ექნებოდა მინიჭებული.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. იმავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

20. ამდენად, ვინაიდან, მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარადგინა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „ს.ი–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი