საქმე №ას-661-2023 25 სექტემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
I საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ტ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – შპს „კ.თ–ა“, ნ.გ–ია (მოპასუხეები)
თავდაპირველი მოპასუხე - გ.გ–ია
II საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „კ.თ–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ტ–ი“ (მოსარჩელე)
მოპასუხე - ნ.გ–ია
თავდაპირველი მოპასუხე - გ.გ–ია
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინება
I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
II კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „ტ–მა“ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „კ.თ–ას“, ნ.გ–იას და გ.გ–იას“ (შემდგომში „მოპასუხეები“) მიმართ თანხის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და შპს „კ.თ–ამ“.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და შპს „კ.თ–ამ“.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ივნისის განჩინებით შპს „კ.თ–ას“ დაევალა მითითებული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) საკასაციო საჩივარი დედნის სახით; ბ) სახელმწიფო ბაჟის – 8000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი ან კასატორის მძიმე ფინანსური მდგომარეობის სარწმუნოდ დამადასტურებელი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებდა მის გადახდისუუნარობაზე.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივნისის განჩინებით სს „ტ–ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
9. 2023 წლის 21 სექტემბერს სს „ტ–ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და აღნიშნა, რომ სს „ტ–ი“ უარს ამბობს სარჩელზე შპს „კ.თ–ას“, ნ.გ–იას და გ.გ–იას მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე წარმოება უნდა შეწყდეს.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რასაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს.
12. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
13. სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე. თავის მხრივ, საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის რეგულაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვით და მასში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.
14. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
15. განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ უარი განაცხადა სარჩელზე, პალატა მიიჩნევს, რომ სს „ტ–ის“ საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.
16. ვინაიდან სს „ტ–მა“ სარჩელზე თქვა უარი და მოცემულ დავაზე წარმოება დასრულდა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს მოცემულ საქმეში გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
17. სსსკ-ის 1991 მუხლის თანახმად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.
18. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეში გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ნ.გ–იას (დაბ. 23/05/1958, C/N 517441796; პ/ნ ..........) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებს მდებარე მისამართზე: ა) თბილისი, .........., სადარბაზო 1, ბინა 15, საკადასტრო კოდი: ..........; ბ) მცხეთა, ........, საკადასტრო კოდით: ............; გ) მცხეთა, ......., საკადასტრო კოდით: .........; დ) ქ. თბილისი, ......., ........., საკადასტრო კოდი: .........; ე) თბილისი, .........., საკადასტრო კოდით: ..........; ვ) თბილისი, ......., საკადასტრო კოდით: . - უნდა მოეხსნას შეზღუდვა ქონების გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის თაობაზე.
19. სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
20. კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ვინაიდან სს „ტ–ის“ საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე კასატორმა (მოსარჩელემ) სარჩელზე თქვა უარი, სს „ტ–ს“ სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 8 000 ლარი.
21. რაც შეეხება შპს „კ.თ–ას“ საკასაციო საჩივარს, ვინაიდან წინამდებარე საქმის წარმოება შეწყდა მოსარჩელის (I კასატორი) მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო, აღარ არსებობს შპს „კ.თ–ას“ (II კასატორი) მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე მსჯელობის სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, II კასატორის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება და დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე, 1991-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ტ–ის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე - სს „ტ–ის“ სარჩელის გამო შპს „კ.თ–ას“, ნ.გ–იას და გ.გ–იას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე;
3. შპს „კ.თ–ას“ საკასაციო საჩივარზე შეწყდეს წარმოება;
4. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება;
5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიება და ნ.გ–იას (დაბ. 23/05/1958, C/N 517441796; პ/ნ ......) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებს მდებარე მისამართზე: ა) თბილისი, ........, ბინა 15, საკადასტრო კოდი: ...........; ბ) მცხეთა, სოფელი ......, საკადასტრო კოდით: ..........; გ) მცხეთა, სოფელი ......., საკადასტრო კოდით: .......; დ) ქ. თბილისი,......, , საკადასტრო კოდი: ..........; ე) თბილისი, ............, საკადასტრო კოდით: .........; ვ) თბილისი, ........., საკადასტრო კოდით: ........ მოეხსნას შეზღუდვა.
6. კასატორს სს „ტ–ს“ (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 2023 წლის 7 ივნისს N23 საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი 8000 (რვა ათასი) ლარი;
7. კასატორს შპს „კ.თ–ას“ (ს/კ .......) დაუბრუნდეს რ.ქ–ას (პ/ნ .......) მიერ 2023 წლის 26 ივნისის №17613406394 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი და 2023 წლის 24 აგვისტოს N18318271039 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 500 ლარი, საერთო ჯამში 800 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
8. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია;
9. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი