საქმე №ას-437-2022 02 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „T.L.G.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს-ნ.ჯ–ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 08 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ნასყიდობის საფასურის გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „ს-ნ.ჯ–ამ“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „გამყიდველი“) 2018 წლის 09 მარტიდან 2019 წლის 15 თებერვლამდე პერიოდში შპს „T.L.G.“-ს (შემდგომში - „მოპასუხე“, „მყიდველი“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) მიაწოდა ჯამში - 775 795,51 ლარის ღირებულების პროდუქცია, კერძოდ:
1) 09.03.2018წ. Nეკ 3309043 კორექტირებული, დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურით დგინდება 204 774,49 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
2) 10.04.2018წ. მყიდველის მიერ დადასტურებული Nეა-14 5475426 საგადასახადო ანგარიშფაქტურით დგინდება 172 014,02 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
3) 10.04.2018წ. მყიდველის მიერ დადასტურებული Nეა-145475434 საგადასახადო ანგარიშფაქტურით დგინდება 97 672,17 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
4) 27.06.2018წ. მყიდველის მიერ დადასტურებული Nეა-14 7582551 საგადასახადო ანგარიშფაქტურით დგინდება 17 819,66 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
5) 25.07.2018წ. მყიდველის მიერ დადასტურებული Nეა-14 8314522 საგადასახადო ანგარიშფაქტურით დგინდება 16 069,09 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
6) 15.10.2018წ. მყიდველის მიერ დადასტურებული Nეა-16 0421067 საგადასახადო ანგარიშფაქტურით დგინდება 26 602,20 ლარის ღირებულების პრუდუქციის მიწოდება;
7) 15.11.2018წ. მყიდველის მიერ დადასტურებული Nეა-16 1182101 საგადასახადო ანგარიშფაქტურით დგინდება 32 485,88 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
8) 15.11.2018წ. მყიდველის მიერ დადასტურებული Nეა-16 1182046 საგადასახადო ანგარიშფაქტურით დგინდება 28 387,04 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
9) 15.11.2018წ. Nეა-14 5475454 კორექტირებული, დადასტურებული ანგარიშფაქტურით დგინდება 131 078,90 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება;
10) 15.02.2019წ. მყიდველის მიერ დადასტურებული Nეა-16 2886969 საგადასახადო ანგარიშფაქტურით დგინდება 48 892,06 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება.
2. მოპასუხეს ნასყიდობის საფასურის სახით, მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი აქვს ჯამში 633 166,62 ლარი, კერძოდ:
- 2017 წლის 29 სექტემბერს - 90 000 ლარი;
- 2018 წლის 23 თებერვალს - 22 942,17 ლარი;
- 2018 წლის 26 მარტს - 31 972,91 ლარი;
- 2018 წლის 04 აპრილს - 269 495,79 ლარი;
- 2018 წლის 05 ივნისს - 1 788,10 ლარი;
- 2018 წლის 07 ივნისს - 6 412,50 ლარი;
- 2018 წლის 20 ივლისს - 18 684,95 ლარი;
- 2018 წლის 30 ივლისს - 62 615,20 ლარი;
- 2018 წლის 21 აგვისტოს - 7000 ლარი;
- 2018 წლის 23 აგვისტოს - 2500 ლარი;
- 2018 წლის 30 აგვისტოს - 1000 ლარი;
- 2018 წლის 06 სექტემბერს - 50 000 ლარი;
- 2018 წლის 02 ნოემბერს - 40 755 ლარი;
- 2019 წლის 06 თებერვალს - 28 000 ლარი.
3. მხარეთა შეთანხმებით ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო ორ ეტაპად: 20% წინსწრებით, ხოლო დარჩენილი 80% - სრულად მიწოდების შემდეგ (სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას საქალაქო სასამართლომ მართებულად გაიზიარა მოპასუხის მიერ წარდგენილი NSN - 1005/1-2017 ნასყიდობის ხელშეკრულების დანართი N1, დანართი N1-ში ცვლილების შეტანის შესახებ 17.10.2018წ. დამატებითი შეთანხმება და იმავე ხელშეკრულების დანართი N2; მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ სადავო გახადა ასეთი შეთანხმებების არსებობა, იმ საფუძვლით, რომ ისინი წარდგენილი იყო ასლის სახით, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ის გარემოება, რომ მხარეთა შორის 2017 წლიდან 2019 წლამდე პერიოდში ფაქტობრივად ხორციელდებოდა დანართებში ასახული საქონლის მიწოდება (რაც დასტურდებოდა მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და გამყიდველის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, რომელიც დადასტურებული იყო მყიდველის მიერ), ასევე, მყიდველის მიერ მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურების ფაქტი, ადასტურებდა წარდგენილი წერილობითი დანართების ნამდვილობას, რომლითაც განსაზღვრული იყო მისაწოდებელი საქონლის დასახელება და ღირებულებები. დანართი N1-ის შემთხვევაში - 176 187,90 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო დანართი N2-ით - 150 714,32 ლარი. ამავე დანართებით განისაზღვრა ანგარიშსწორების წესი და პირობა, რომლის მიხედვით, 20% გადასახდელი იყო წინსწრებით, ხოლო 80% დანართი N1-ის სრულად მიწოდების შემდეგ).
4. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მისთვის 142 628,89 ლარის გადახდის დაკისრება.
5. მოსარჩელის განმარტებით, მის საქმიანობას წარმოადგენს კომპიუტერული და ინტერნეტ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მოწყობილობების რეალიზაცია. მოსარჩელემ, თავისი საქმიანობის ფარგლებში, მოპასუხეს მიაწოდა 142 628,89 ლარის ღირებულების პროდუქცია, რაც დასტურდება 2018 წლის 24 ივლისს, 15 ოქტომბერს, 13 ნოემბერსა და 2019 წლის 28 იანვარს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებით. აღნიშნულ ანგარიშფაქტურებში მითითებული პროდუქციის მიღება მოპასუხემ დაადასტურა, თუმცა პროდუქციის ღირებულება არ აუნაზღაურებია.
6. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო.
7. მოპასუხემ მოგვიანებით დამატებით წარადგინა სარჩელზე პოზიცია, სადაც განმარტა შემდეგი:
7.1. სადავო პროდუქცია მოპასუხემ შეისყიდა კონკრეტულად ერთი პროექტისთვის - სასტუმრო შერატონის ტექნიკური და ქსელური უზრუნველყოფისათვის;
7.2. აღნიშნულ შესყიდვაზე მხარეთა შორის გაფორმდა რამდენიმე შეთანხმება დანართების სახით. დანართებში გაწერილია იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რომელიც მოსარჩელეს მოპასუხისათვის უნდა მიეწოდებინა (და რომლის დიდ ნაწილზეც გამოწერილია საგადასახადო ანგარიშფაქტურები). აღნიშნული შეთანხმება ანგარიშსწორებას ითვალისწინებდა ორ ნაწილად, კერძოდ: 20% წინასწარ, ხოლო დარჩენილი 80% დანართი N1-ით გათვალისწინებული პროდუქციის სრულად მიწოდების შემდეგ. მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 85-90 დღეში. აღნიშნულ დანართში 2018 წლის 17 ოქტომბერს შევიდა ცვლილება და შეიცვალა მისაწოდებელი პროდუქციის ჩამონათვალი, ხოლო გადახდის პირობა დარჩა უცვლელი. ასევე, გაფორმდა დანართი N2, სადაც მიწოდებისა და გადახდის წესი იყო იგივე;
7.3. მოსარჩელემ მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა ვალდებულება და ნაწილობრივ მიაწოდა მოპასუხეს დანართი N1-ით გათვალისწინებული საქონელი. როგორც აღინიშნა, შესყიდვა ხორციელდებოდა კონკრეტულად ერთი პროექტის - სასტუმრო შერატონის ქსელის ტექნიკური უზრუნველყოფისათვის. შესაბამისად, მოსარჩელეს მხოლოდ ერთიანად უნდა მიეწოდებინა აღნიშნული დანართით განსაზღვრული საქონელი, ვინაიდან ეს პროდუქცია მხოლოდ ერთიანობაში ქმნის პროდუქტს და რომელიმეს გარეშე მიზანი ვერ მიიღწევა, არ იქნება ის პროდუქტი, რომელიც შემსყიდველს უნდა მიეღო პროდუქციის ერთიანად შეძენის შედეგად. სწორედ ამიტომ მხარეებმა პირდაპირ გაითვალისწინეს 20%-ის წინასწარ გადახდა, რაც მოპასუხემ განახორციელა, ხოლო დარჩენილი 80%-ის - მხოლოდ სრულად მიწოდების შემდეგ, რაც არ გადაუხდია. მოსარჩელეს დანართი N1-ით გათვალისწინებული საქონლის ნაწილი მოპასუხისათვის არ მიუწოდებია;
7.4. გარდა იმისა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა მხოლოდ პროდუქციის ნაწილი, მან მოპასუხეს ზოგიერთი პროდუქტი არასწორად მიაწოდა, კერძოდ: 15.11.2018წ. კორექტირებულ ანგარიშფაქტურაში მითითებული პროდუქცია - 48 port 1 GbE switch PoE 720 Bundle with 2x1GbE/10Gb - არ არის მიწოდებული და მის ნაცვლად სხვა პროდუქციაა მიწოდებული; ასევე, იმავე ანგარიშფაქტურის 24 port 1 GbE switch PoE 370W Bundle with 2x1GbE/10Gb 6 ცალი საქონლიდან 5 არის არასწორად მიწოდებული; ამასთან, 15.11.2018წ. ანგარიშფაქტურით განსაზღვრული საქონელი არალიცენზირებულია (არ არის ოფიციალური მწარმოებლისგან შეძენილი). მიწოდებული პროდუქციიდან 54 929,1 ლარის პროდუქცია არის არაორიგინალი და არალიცენზირებული, შესაბამისად, არ ექვემდებარება გადახდას;
7.5. მხარეთა შორის არსებობდა კარგი ბიზნეს-ურთიერთობა, მოსარჩელე პერიოდულად სთხოვდა მოპასუხეს თანხის ვადაზე ადრე გადახდას, რასაც მოპასუხე ასრულებდა, მიუხედავად იმისა, რომ ამის ვალდებულება არ ჰქონდა. მოსარჩელე არ უარყოფს, რომ მას ვალდებულება არ ჰქონდა შესრულებული და სჭირდებოდა დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად;
7.6. მოპასუხეს გადახდის ვალდებულება დაუდგება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსარჩელე შეასრულებს მის წილ ვალდებულებას (რომელიც გადახდაზე ადრე უნდა შესრულდეს) და მოპასუხეს მიაწვდის დანართი N1-ით გათვალისწინებულ პროდუქციას სრულად. მოპასუხეს მოსარჩელისათვის გადახდილი აქვს იმაზე მეტი, ვიდრე უნდა ჰქონოდა გადახდილი.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 142 628,89 ლარის გადახდა.
9. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. მოპასუხემ ასევე მოითხოვა მოწმის დაკითხვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ იმავე სასამართლოს 2020 წლის 12 ივნისის საოქმო განჩინების გაუქმება.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 08 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საოქმო განჩინება დარჩა უცვლელად.
11. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
12. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1, 361.1, 505-ე, 477-ე მუხლებით და სასარჩელო მოთხოვნისა და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილ ურთიერთობას.
13. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ გამყიდველს/მოპასუხეს, წერილობითი შეთანხმების პირობების შესაბამისად, არ წარმოშობია მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
14. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებში წარდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებით დასტურდება მხარეთა შორის შეთანხმებული ღირებულების საქონლის მიწოდების ფაქტი, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ დანართით გათვალისწინებული რომელიმე საქონელი არ არის მოსარჩელის მიერ მიწოდებული, მოპასუხეს ეკისრებოდა, თუმცა მან ამ გარემოებაზე ვერ მიუთითა. ამ მხრივ, აპელანტი მიუთითებდა მოწმის ჩვენებაზე, რომელიც სასამართლომ არ დაკითხა, ასევე, მხარეთა მიმოწერებზე, თუმცა საქმეში არსებული მხარეთა მიმოწერიდან არ დგინდება, რომ მოპასუხე ითხოვდა შეთანხმებით გათვალისწინებული საქონლის დარჩენილი ნაწილის მიწოდებას. მხარეთა წარმომადგენლებს შორის 2019 წელს განხორციელებული მიმოწერით დგინდება, რომ მხარეები თანხმდებოდნენ სხვადასხვა კომუტატორებისათვის ლიცენზიის მიწოდებაზე და მათ აქტივაციაზე. ამასთან, მიმოწერის განმავლობაში გამყიდველი ითხოვდა დავალიანების გადახდევინებას. სასამართლოს მოსაზრებით, სადავო გარემოება საქმის მასალებში განთავსებული არც სხვა მტკიცებულებებით დასტურდება.
15. სააპელაციო პალატამ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მითითება -მიწოდებული საქონლის ღირებულების (142 628,89 ლარის) ანაზღაურების ვალდებულებისაგან გათავისუფლების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ საქონლის ნაწილი ლიცენზიის გარეშეა მიწოდებული, ხოლო მისი ნაწილი არ შეესაბამება შეთანხმებული პროდუქციის სერიულ ნომრებს. სასამართლოს მოსაზრებით, ამ გარემოებაზე მითითება უკავშირდება შესრულების ნაკლს და იმ პირობებში, როდესაც გამყიდველის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურები მყიდველის მიერ დადასტურებული და პრეტენზიის გარეშეა მიღებული, იმის განმარტება, რომ მოპასუხემ შეთანხმებულის ნაცვლად სხვა შესრულების საგანი მიიღო, მის უსაფუძვლობაზე მიუთითებს. ამასთან, მხოლოდ მოპასუხის განმარტებით არ დგინდება, რომ სერიული ნომერი პროდუქციის სპეციფიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემი იყო, შესაბამისად, ასევე არ დგინდება, რომ მოპასუხემ გამყიდველისაგან წერილობით შეთანხმებული საქონლისაგან განსხვავებული კომპიუტერული და ინტერნეტ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მოწყობილობები მიიღო.
16. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ნაკლიანი შესრულების პირობებშიც, მოსარჩელე ვერ ადასტურებს, რომ არაორიგინალი და ლიცენზიის გარეშე მიღებული კომპიუტერული და ინტერნეტ მოწყობილობები გამოსაყენებლად უვარგისია. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მყიდველის მიერ დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებით დგინდება გამყიდველის მიერ სადავო - 54 929,1 ლარის ღირებულების საქონლის მისთვის საკუთრებაში გადაცემის ვალდებულების შესრულება. დადგენილია, რომ მოპასუხეს სადავო პროდუქცია გამყიდველისათვის არ დაუბრუნებია, რაც აბათილებს მოპასუხის მითითებას საქონლის გამოყენების შეუძლებლობაზე.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, გამყიდველს, მოსარჩელეს წარმოეშვა მყიდველისათვის ნასყიდობის საგნის საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება, რაც გამყიდველის მიერ შესრულდა - გამყიდველმა მყიდველს სხვადასხვა დროს მიაწოდა ჯამში 775 795,51 ლარის ღირებულების პროდუქცია, საიდანაც გადახდილია 633 166,62 ლარი. შესაბამისად, გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 142 628,89 ლარს. აქედან გამომდინარე, გამყიდველი უფლებამოსილია მყიდველისაგან მოითხოვოს ზემოაღნიშნული დავალიანების გადახდევინება.
18. აპელანტის მითითებასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 369-ე მუხლი, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან საქმის მასალებით არ დადასტურდა საპასუხო მოქმედების შესრულების ვალდებულება, არ არსებობს აღნიშნული მუხლის გამოყენების საფუძველი.
19. რაც შეეხება გასაჩივრებულ საოქმო განჩინებას, სააპელაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე მოითხოვდა მოწმის სახით მოსარჩელე კომპანიის ყოფილი დირექტორის - გ.გ–ძის დაკითხვას შემდეგი გარემოებების დასადასტურებლად: მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, რომ პროდუქცია მოპასუხეს სჭირდებოდა მხოლოდ ერთიანი, სასტუმრო შერატონის ქსელის უზრუნველყოფისთვის; პროდუქცია ვერ იქნა მიწოდებული მოპასუხისათვის გ.გ–ძის დირექტორობის პერიოდში; მხარეთა შორის შედგა არაერთი მოლაპარაკება პროდუქციის მიწოდების შესახებ და მიწოდების შემდეგ გაირკვა, რომ მოსარჩელემ არასწორად მიაწოდა მოპასუხეს პროდუქციის ნაწილი (რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის გაფორმდა დანართი N1 და დანართი N2, რის დასადასტურებლად მოპასუხე ასევე მოითხოვდა მოწმის დაკითხვას, აღნიშნული სასამართლოს მიერ დადგინდა, რაზეც მოსარჩელეს პრეტენზია არ წარუდგენია).
20. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3, 140.1 მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ პროდუქცია განკუთვნილი იყო სასტუმრო შერატონისათვის. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხის მიზანი მიღწეულია - სასტუმროს ქსელი გამართულად მუშაობს, რაც აპელანტს ასევე არ გაუხდია სადავოდ. რაც შეეხება პროდუქციის მიწოდება/არ მიწოდების საკითხს და მოდავე მხარეთა შორის წარმართულ მოლაპარაკებას პროდუქციის მიწოდების თაობაზე, აღნიშნული გარემოება არ შეიძლება დადასტურდეს მოწმეთა ჩვენებით, ვინაიდან სადავო გარემოება უნდა დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით (მაგ. ანგარიშფაქტურებით), რაც მოსარჩელემ წარადგინა. წერილობითი მტკიცებულებით ასევე უნდა დადასტურდეს გარემოება არასწორად მიწოდებული პროდუქციის არსებობის თაობაზე, შესაბამისად, მოწმის ჩვენება სააპელაციო სასამართლომ სადავო გარემოების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად არ მიიჩნია.
21. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
22. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
22.1. სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი. კერძოდ, სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული რომელი პროდუქტი არ მიაწოდა მოსარჩელემ, თუმცა აღნიშნულის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა (აქ მტკიცებულებად ანგარიშფაქტურა ვერ გამოდგება, რადგან მოსარჩელე თავად უთითებს, რომ ანგარიშფაქტურა დასტურდებოდა პროდუქციის მიწოდებამდე, ხოლო ლიცენზია უნდა გაგზავნილიყო /იგზავნებოდა ელექტრონულო ფოსტით ფაქტურის დადასტურების შემდეგ). მოსარჩელემ თავად დაადასტურა, რომ მას არ მიუწოდებია დანართით გათვალისწინებული გარკვეული პროდუქტი, კერძოდ: (ICX7250-24P-2X10G) 2 ერთეული პროდუქტი (დანართში მიწოდებული 8 პროდუქტიდან მიწოდებულია მხოლოდ 6); ლიცენზიები - ICX7450-SVL-PSDPA-5, ICX7450–PPREM-LIC;
22.2. მოპასუხემ არაერთხელ მიუთითა სასამართლოს, რომელი პროდუქტი არ იყო მიწოდებული. ეს საკითხი დეტალურად არის აღნიშნული სააპელაციო საჩივარში (კონკრეტული პროდუქტისა და ანგარიშფაქტურის იდენტიფიცირებით);
22.3. მაგალითისთვის, მოსარჩელემ წარადგინა ე.წ ცხრილი „მოპასუხის მიერ წარმოდგენილ დანართ N1-ში გათვალისწინებული პროდუქციის მიწოდების შესახებ". აღნიშნულ ცხრილში ერთი და იგივე პროდუქტი (ICX7250-24P-2X10G) ორჯერ არის მითითებული და ორივეჯერ მითითება გაკეთებულია Nეა145475454 ანგარიშფაქტურაზე. თავის მხრივ, დანართშიც ეს პროდუქტი ორჯერ არის ჩამოთვლილი და მისი ჯამური რაოდენობა არის 6+2=8. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მითითებულ ანგარიშფაქტურას, ასეთი 8 პროდუქტი არ გვხვდება და გვხვდება მხოლოდ 6;
22.4. ამ საკითხზე მსჯელობა გაიმართა სააპელაციო სასამართლოში მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე. კერძოდ, 2021 წლის 12 ნოემბერს გამართულ სხდომაზე (30 წუთიდან 33 წუთამდე) მოწინააღმდეგე მხარემ დაადასტურა, რომ მათ მიერ ნაცვლად 8 პროდუქტისა მიწოდებულია 6 პროდუქტი. შესაბამისად, გაუგებარია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხემ ვერ დადასტურა, რომელი პროდუქტი არ არის მიწოდებული;
22.5. აღნიშნულის გარდა, მოსარჩელე იმავე ცხრილში თავად უთითებს ლიცენზიებზე, რომლებიც არ არის მიწოდებული, რადგან, როგორც თავად აღნიშნავს, „ლიცენზია ორ ფაქტურაშია. ორივე წაშლილია". ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე არაერთხელ გაიმართა მსჯელობა სასამართლოს სხდომაზე. მოპასუხემ განმარტა, რომ მათ ანგარიშფაქტურები არ დაადასტურეს, რადგან ლიცენზიები არ იქნა მიწოდებული. იმ გარემოებას, რომ ლიცენზიები მიწოდებული არ არის, არც მოსარჩელე უარყოფდა და აცხადებდა, რომ ლიცენზიები რომ მოეწოდებინათ და მერე არ გადაეხადა მოპასუხეს, ეს მათთვის რისკი იქნებოდა. ანალოგიური პოზიცია აქვს მოსარჩელეს მის მიერ 03.08.2020წ. წარდგენილ წერილში;
22.6. ამ საკითხზე სააპელაციო სასამართლოში მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე გაიმართა მსჯელობა. კერძოდ, 2021 წლის 12 ნოემბერს გამართულ სხდომაზე (33 წუთიდან 34 წუთამდე პერიოდში) მოწინააღმდეგე მხარემ დაადასტურა, რომ მათ ისევ წინასწარ გამოწერეს ანგარიშფაქტურა და სთხოვდნენ მოპასუხეს მის დადასტურებას, რათა შემდეგ ლიცენზიები მოეწოდებინათ. ვინაიდან მოპასუხემ ანგარიშფაქტურა წინასწარ არ დაადასტურა, მოსარჩელემ ლიცენზიები არ მოაწოდა. მოსარჩელის წარმომადგენელმა აღნიშნულ სხდომაზე (34 წუთიდან 40 წუთამდე) დაადასტურა, რომ ანგარიშფაქტურის გამოწერა და მოპასუხის მიერ დადასტურება ხდებოდა პროდუქტის მიწოდებამდე, ხოლო მიწოდება დადასტურების შემდეგ, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. მისივე განმარტებით, ანგარიშფაქტურის მიზანი იყო - პროდუქტის ფასის დაფიქსირება, ხოლო მიწოდება სხვა გზით უნდა დადასტურებულიყო;
22.7. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველ ეტაპზე მხარეთა შორის არსებობდა კარგი და ურთიერთნდობაზე დამყარებული ურთიერთობა. ამიტომაც ხდებოდა ანგარიშფაქტურების წინასწარ დადასტურება და შემდეგ მიწოდება (ამას ადასტურებს მოსარჩელეც); ხოლო, მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ დადასტურების შემდეგ მოსარჩელემ პროდუქცია მოპასუხეს აღარ მიაწოდა, ამ უკანასკნელმა წინასწარ აღარ დაადასტურა ანგარიშფაქტურები;
22.8. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, რადგან ანგარიშფაქტურები დადასტურებულია, მოპასუხე ვერ განაცხადებს პრეტენზიას, რომ პროდუქციის ნაწილი არალიცენზირებულია. როგორც აღინიშნა, პროდუქციის დადასტურება ხდებოდა მის მიწოდებამდე, შესაბამისად, მოპასუხე პროდუქციის მიღებამდე მის ნაკლზე პრეტენზიას ვერ განაცხადებდა. იმის მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხეს ლიცენზირებული პროდუქტი მიეწოდა, ეკისრება მოსარჩელეს. პროდუქციის მიღების შემდეგ არაერთი პრეტენზია დაფიქსირდა. აღნიშნულის თაობაზე წარდგენილია მიმოწერა, სადაც მოპასუხე გამოხატავდა პრეტენზიას და ითხოვდა ლიცენზიების მიწოდებას;
22.9. გაუგებარია რას გულისხმობს სასამართლო მითითებაში, რომ „ნაწილი არ შეესაბამება შეთანხმებული პროდუქციის სერიულ ნომერს". როგორც ჩანს, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხეს უნდოდა პროდუქცია კონკრეტული სერიული ნომრებით. როგორ შეიძლება ვინმესთვის ჰქონდეს მნიშვნელობა რა სერიული ნომერი ექნება კონკრეტულ მოწყობილობას. მოპასუხე აცხადებდა, რომ მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქტი კონკრეტული სერიული ნომრებით იყო არალიცენზირებული. სწორედ ეს დატვირთვა ჰქონდა სერიულ ნომრებს წინამდებარე დავაში. ამის თაობაზე მოპასუხემ წარადგინა მწარმოებლის წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ ამ პროდუქტისთვის ლიცენზიები შეძენილი არ ყოფილა. შესაბამისად, როცა უნიკალური სერიული ნომრით იდენტიფიცირებულ პროდუქტზე მწარმოებელი ადასტურებს, რომ არის არალიცენზირებული და მისთვის ლიცენზიები არ გაუცია, როგორ შეიძლება სადავო იყოს ის გარემოება - ჰქონდა თუ არა ამა თუ ამ პროდუქტს ლიცენზია;
22.10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ არაორიგინალი და ლიცენზიის გარეშე მიღებული კომპიუტერული და ინტერნეტ მოწყობილობები გამოსაყენებლად უვარგისია. სასამართლომ აღნიშნა, რომ არ აქვს მნიშვნელობა პროდუქტი ორიგინალი იქნება თუ არა ან/და პროდუქტი ლიცენზირებულია თუ არა. იმ მოცემულობაში, როდესაც მოპასუხეს უნდა მიეღო ლიცენზირებული პროდუქტი (რომელიც გაცილებით ძვირია), მიიღო არალიცენზირებული, რაშიც სასამართლო პრობლემას ვერ ხედავს. ისევ და ისევ სასამართლო ეყრდნობა ანგარიშფაქტურების დადასტურებას, რომელიც, უდავო ფაქტია, რომ მოხდა პროდუქციის მიწოდებამდე;
22.11. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც, მოპასუხეს უფლება აქვს უარი თქვას გადახდაზე, სანამ სრულად არ მოხდება საქონლის მიწოდება;
22.12. გასაჩივრებულ საოქმო განჩინებასთან დაკავშირებით კასატორმა განმარტა, რომ მოწმედ მოსაწვევი პირი სადავო ურთიერთობის წარმოშობის დროს წარმოადგენდა მოსარჩელე კომპანიის დირექტორსა და 100% წილის მესაკუთრეს, რომელიც საქმისათვის მნიშვნელოვან კითხვებს გასცემდა პასუხს, ვინაიდან სწორედ მან გააფორმა მოპასუხესთან ხელშეკრულება, გამოწერა ანგარიშფაქტურები, მიაწოდა პროდუქცია მოპასუხეს და თავიდან ბოლომდე იყო ჩართული მოლაპარაკებებში. კომპანიის ამჟამინდელი მენეჯმენტი წინამდებარე საქმეში ჩაერთო მას შემდეგ, რაც ყველა ზემოაღნიშნული პროცესი მოხდა, შესაბამისად, შესაძლოა მათ არც კი ჰქონდეთ სრული ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით. როგორც პირველი, ისე მეორე ინსტანციის სასამართლო მოწმის დაკითხვაზე უარის თქმის მიზეზად ასახელებს იმ გარემოებას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, ის ფაქტები, რომელიც უნდა დაადასტუროს მოწმემ, უნდა დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებით. თუმცა, გაურკვეველია რომელი სტანდარტით ხელმძღვანელობს სასამართლო და სხვა რა სახის მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს ის გარემოება, რომ მოსარჩელე კომპანიის დირექტორთან განხორციელდა არაერთი კომუნიკაცია და შეხვედრა სწორი პოროდუქციის მიწოდების თაობაზე ან/და ის გარემოება, რომ მოსარჩელე თანახმა იყო მიეწოდებინა სწორი ლიცენზიები და ამაზე მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება;
22.13. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა არასწორი და არასრული მიწოდების გამო მის მიერ პრეტენზიის გამოთქმის ფაქტი. შესაბამისად, ერთი მხრივ, სასამართლო მხარეს არ აძლევს შესაძლებლობას წარადგინოს მტკიცებულებები და დაკითხოს მოწმე, ხოლო, მეორე მხრივ, მიიჩნევს, რომ სადავო გარემოებები მოპასუხემ ვერ დაადასტურა. გ.გ–ძის მოწმის სახით დაკითხვის შემთხვევაში, ბევრ საკითხს ნათელი მოეფინებოდა;
22.14. გარდა ამისა, მოპასუხემ წარადგინა ვრცელი მიმოწერა მხარეებს შორის, სადაც ეს უკანასკნელი სწორედ ლიცენზირებული პროდუქციის მიწოდებას ითხოვდა, ხოლო მეორე მხარე ადასტურებდა, რომ ამ პროდუქციას მიაწოდებდა. კერძოდ, კასატორის მიუთითებს მხარეთა შორის 2019 წლის 11 მარტს, 29 მაისს, 04 ივნისსა და 28 ივნისს ელექტრონული ფოსტით განხორციელებულ მიმოწერებზე.
23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
24. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 08 დეკემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
25. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მოპასუხისათვის ნასყიდობის საფასურის გადაუხდელი ნაწილის დაკისრების მართლზომიერება.
26. საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, კასატორის ძირითადი პრეტენზია მტკიცების ტვირთის არასწორ განაწილებასა და საქმეში არსებული მტკიცებულებების, მათ შორის, მხარეთა ახსნა-განმარტებების არასათანადო შეფასებას ემყარება. კასატორის მტკიცებით, მხარეთა შორის არსებული კარგი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხე მოსარჩელის მიერ მისაწოდებელი პროდუქტის თაობაზე საგადასახადო ანგარიშფაქტურებს წინასწარ ადასტურებდა, ხოლო მათი მიწოდება შემდგომ ხდებოდა. თუმცა, მიუხედავად ანგარიშფაქტურების დადასტურებისა, მოსარჩელეს მოპასუხისათვის სრულად არ მიუწოდებია ხელშეკრულების დანართი N1-ში მითითებული პროდუქცია, ამასთან მიწოდებული პროდუქტის ნაწილი ნაკლის მქონეა.
27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყველა სამართლებრივ სისტემაში ვალდებულების შესრულება წარმოადგენს ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს. ისევე როგორც კონტინენტური სამართლის სისტემის ქვეყნებში, საქართველოს შემთხვევაშიც, ვალდებულების შესრულების მომწესრიგებელ ნორმებს ძირითადად დისპოზიციური ხასიათი აქვთ. ქართული სამოქალაქო კოდექსის როგორც ზოგადი, ისე კერძო ნაწილი შესრულების მექანიზმებზეა აგებული. მთავარია შესრულება და არა პასუხისმგებლობა (იხ. სუსგ საქმე №ას-742-2021, 02 დეკემბერი, 2021 წელი).
28. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda“-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შედეგს გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და წარმოშობს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ დაირღვა შეთანხმების პირობები (იხ. სუსგ საქმე №ას-696-696-2018, 06 ივლისი, 2018 წელი).
29. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებულია ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მხარეებმა განსაზღვრეს ნასყიდობის საფასურის ორ ნაწილად გადახდის წესი.
30. ნასყიდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელ ცენტრალურ ნორმას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ხოლო, თავის მხრივ, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
31. ნასყიდობა ორმხრივი, კონსენსუალური გარიგებაა, სადაც, როგორც გამყიდველს, ისე მყიდველს გააჩნია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. ნორმის პირველი ნაწილი ადგენს გამყიდველის სინალაგმატურ ვალდებულებას, მყიდველს გადასცეს საკუთრების უფლება ქონებაზე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს როგორც უშუალოდ ნასყიდობის საგნის, ისე ამ საგანზე ნამდვილი უფლების გადაცემით. კანონი ნასყიდობის ნამდვილობისათვის რაიმე შეზღუდვას არცერთი ხსენებული წესის მიმართ არ ადგენს და როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში (ბუნებრივია, მხარეთა შეთანხმების პირობებში) გამყიდველის მხრიდან ვალდებულებას შესრულებულად მიიჩნევს. სწორედ ამ წესის დაცვის შემდგომ წარმოეშობა გამყიდველს შემძენისაგან საპასუხო შესრულების (საქონლის მიღება, ფასის გადახდა) მოთხოვნის უფლება, რამდენადაც, სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა.
32. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლით განსაზღვრულია გამყიდველის ვალდებულება მყიდველს გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. იმავე კოდექსის 488-ე მუხლის მიხედვით, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი მყიდველს გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე.
33. ამდენად, საპასუხო შესრულებისგან მოვალეს სამოქალაქო კანონმდებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ათავისუფლებს, თუ ის დაამტკიცებს, რომ ნასყიდობის საგანი ვერ მიიღო ან მიიღო შეთანხმებული ხარისხისგან განსხვებული ხარისხის ან რაოდენობის ნივთი. ამგვარ გარემოებათა არსებობა მოვალეს კრედიტორის მიმართ ნივთის ნაკლის გამოსწორების (სსკ-ის 490 მუხლი), ნაკლიანი გვაროვნული ნივთის შეცვლის (სსკ-ის 490 მუხლი), ფასის შემცირების (სსკ-ის 492 მუხლი) ან ზიანის ანაზღაურების (სსკ-ის 494 მუხლი) მოთხოვნებს წარმოუშობს. მას შეუძლია მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლაც სსკ-ის 352-ე მუხლის მიხედვით (სსკ-ის 491-ე მუხლი). თუმცა, მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში სწორედ მოვალის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს საპასუხო შესრულებისგან გათავისუფლების საფუძვლიანობის დადასტურება.
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას სასამართლოს მიერ მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქონლის მიწოდება საგადასახადო ანგარიშფაქტურებით დასტურდება, მოცემულ შემთხვევაში სწორედ მოპასუხეს ეკისრებოდა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელემ მას ნასყიდობის საგანი არასრულად, არასწორად და ლიცენზიის გარეშე მიაწოდა.
35. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხემ ვერ მიუთითა კონკრეტულად ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული რომელი პროდუქტი არ ყოფილა მიწოდებული, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მოსამზადებელ ეტაპზე წარადგენილ წერილობით ახსნა-განმარტებაში კონკრეტულად მიუთითა იმ პროდუქციაზე, რომელიც, მისი მტკიცებით, არ ყოფილა მისთვის მიწოდებული, ასევე, მიწოდებული პროდუქციის ნაკლზე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 128-130). კერძოდ, მოპასუხემ განმარტა, რომ 2018 წლის 15 ნოემბრის კორექტირებულ ანგარიშფაქტურაში მითითებული პროდუქტი - 48 port 1GbE switch PoE 720 Bundle with 2xGbE/10Gb - არ არის მოწოდებული და მის ნაცვლად მოწოდებულია სხვა პროდუქტი; ხოლო, 24 port 1GbE switch PoE 370W Bundle with 2x1GbE/10Gb 6 ცალი პროდუქტიდან 5 ცალი არასწორად არის მიწოდებული; ამასთან, იმავე ანგარიშფაქტურით განსაზღვრული საქონელი არალიცენზირებულია. გარდა ამისა, მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოში 22.07.2020წ. გამართულ სასამართლო სხდომაზე დამატებით წარადგინა წერილობითი პოზიცია, სადაც ასევე კონკრეტულად მიუთითა იმ პროდუქციის ჩამონათვალზე, რომელიც, მისი მტკიცებით, იყო არაორიგინალი და არალიცენზირებული (იხ. ტ. 2, ს.ფ. 15-18); პროდუქციის არასრულად, არასწორად და ლიცენზიის გარეშე მიწოდების შესახებ მოპასუხე მიუთითებდა სააპელაციო საჩივარშიც. სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ ანგარიშფაქტურებში და დანართებში მითითებული საქონელი „არ დარდება“; მოსარჩელის მიერ წარდგენილ ე.წ. ცხრილში "მოპასუხის მიერ წარდგენილ დანართ N1-ში გათვალისწინებული პროდუქციის მიწოდების შესახებ" ICX7250-24P-2X10G პროდუქტი ორჯერ არის აღნიშნული და ორივეჯერ მითითება გაკეთებულია Nეა 145475454 ანგარიშფაქტურაზე. თავის მხრივ, დანართშიც ეს პროდუქტი ორჯერ არის ჩამოთვლილი და მისი ჯამური რაოდენობა არის 6+2=8, ხოლო, რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მითითებულ ანგარიშფაქტურას, ასეთი 8 პროდუქტი არ გვხვდება (იხ. ტ. 2, ს.ფ. 95-96, 99). მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ ისე მიიჩნია მოპასუხისათვის სარჩელით მოთხოვნილი ნასყიდობის საფასურის დაკისრება მართლზომიერად, რომ ეს გარემოებები არ გამოუკვლევია. სასამართლოს ასევე არ გამოუკვლევია 15.11.2018წ. საგადასახადო ანგარიშფაქტურაში მითითებული პროდუქცია წარმოადგენდა თუ არა დანართი N1-ით გათვალისწინებულ პროდუქციას და უნდა მიეწოდებინა თუ არა მოსარჩელეს მოპასუხისათვის ისინი ლიცენზირებული სახით.
36. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მყიდველი მეწარმეა, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ შეამოწმოს ნივთი; თუკი იგი ნაკლის აღმოჩენიდან შესაბამის ვადაში ან იმ ვადაში, რომლის განმავლობაშიც ცნობილი უნდა ყოფილიყო მისთვის ნაკლის არსებობა, არ წარუდგენს გამყიდველს პრეტენზიას, მას ერთმევა ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება.
37. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმა ადგენს ნაკლის გამოვლენის სპეციალურ წესს მეწარმე მყიდველისათვის - მას ნივთის შემოწმების ვალდებულება დაუყოვნებლივ წარმოეშობა. მეწარმე სუბიექტის მიერ ნივთის დაუყოვნებლივ შემოწმებისა და ნაკლის აღმოჩენიდან გონივრულ ვადაში გამყიდველისთვის პრეტენზიის წარუდგენლობა ართმევს მას ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლებას. კანონმდებლის მიერ საკითხის მსგავსი მოწესრიგება განპირობებულია იმით, რომ მეწარმე კერძოსამართლებრივი ურთიერთობებისათვის დამახასიათებელ რისკებს უკეთ აღიქვამს. ის ფაქტი, რომ სამოქალაქო ბრუნვაში მეწარმის მიერ განხორციელებული ქმედება გონივრული და კონსტრუქციული უნდა იყოს, წარმოადგენს პრეზუმფციას, რომელიც თავისი ბუნებით იურიდიული ფიქციაა და ამ ვარაუდს არ აუქმებს მეწარმე პირის მიერ გამოჩენილი წინდაუხედაობა. სტატუსი - „სამეწარმეო საზოგადოება“ მოპასუხეს, როგორც შემძენ მეწარმეს, კანონის ძალით წარმოუშობს ჩვეულებრივ მყიდველთან შედარებით მეტი წინდახედულებისა და ნასყიდობის საგნის მახასიათებლების შემოწმების ვალდებულებას (იხ. სუსგ საქმე №ას-560-519-2017, 16 ივნისი, 2017 წელი).
38. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე, რომელიც მეწარმე სუბიექტია, ნასყიდობის საფასურის სრულად ანაზღაურებაზე უარს აცხადებს იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მიერ მიწოდებული ნასყიდობის საგანი ნივთობრივი ნაკლის მქონეა. შესაბამისად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლების წარმოშობისათვის, მოპასუხეს/მყიდველს დაუყოვნებლივ უნდა შეემოწმებინა ნასყიდობის საგანი, ხოლო ნაკლის აღმოჩენიდან გონივრულ ვადაში, ანუ იმ ვადაში, რომლის განმავლობაშიც მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ნაკლის არსებობა, მოსარჩელისათვის/გამყიდველისათვის პრეტენზია წარედგინა. კასატორი მიუთითებს, რომ პროდუქციის მიღების შემდგომ მისი მხრიდან არაერთი პრეტენზია დაფიქსირდა, რის თაობაზეც წარდგენილია მხარეთა შორის არსებული მიმოწერა, სადაც მოპასუხე პრეტენზიას გამოხატავდა და ლიცენზიების მიწოდებას ითხოვდა, თუმცა სააპელაციო სასამართლოს ეს გარემოება და კასატორის მიერ მითითებული მიმოწერა სათანადოდ არ გამოუკვლევია.
39. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზემოაღნიშნული გარემოებების გამოუკვლევლობა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.
40. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა უცვლელად მოწმის დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 ივნისის საოქმო განჩინება. შესაბამისად, ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი.
41. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოწმის ჩვენება მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, რომელიც უნდა შეფასდეს ყველა იმ ობიექტური და სუბიექტური ფაქტორით, რაც ამ მტკიცებულებების იურიდიულ ბუნებას ახლავს თან. იმავე კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ. თუმცა, შედავების შემთხვევაში, თუკი მოწმის ჩვენება არ იქნება გამყარებული სხვა მტკიცებულებით, ის არ შეიძლება გახდეს სადავო გარემოების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება (იხ. სუსგ საქმე Nას-1363-1381-2011, 31 იანვარი, 2012 წელი).
42. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორმა ვერ დაასაბუთა კონკრეტულად რაში მდგომარეობს ზემოაღნიშნული საოქმო განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი უსწორობა. სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმეში მოწმის ჩვენება ვერ ჩაითვლება პროდუქციის მიწოდებასთან ან/და ნასყიდობის საგნის ნაკლოვანებასთან დაკავშირებული გარემოებების დამადასტურებელ ისეთ მტკიცებულებად, რომელსაც შეუძლია გააბათილოს წერილობითი მტკიცებულებით დადგენილი გარემოებები სასამართლოს მხრიდან ამ უკანასკნელთა სათანადოდ გამოკვლევის შემდეგ. გარდა ამისა, იმ გარემოებების ნაწილი, რომელთა დასადასტურებლადაც მოთხოვნილი იყო მოწმის დაკითხვა, მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს.
43. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. იმავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
44. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას თავად მიიღოს გადაწყვეტილება დავაზე, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების საფუძველია. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს მოპასუხის მიერ მითითებული, ნასყიდობის საფასურის სრულად გადახდის გამომრიცხველი გარემოებების არსებობა/არარსებობა (წინამდებარე განჩინების 35-ე პუნქტი) და ნასყიდობის საგნის ნივთობრივი ნაკლის აღმოჩენის შემდეგ მყიდველის მიერ განხორციელებული მოქმედებები. აღნიშნული გარემოებების გამოკვლევას არსებითი მნიშვნელობა აქვს სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად.
45. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.
46. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „T.L.G.“-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 08 დეკემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 08 დეკემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 ივნისის საოქმო განჩინება დარჩეს უცვლელი;
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი