საქმე №ას-362-2023 17 მაისი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ა(ა)იპ „ს.ს.ფ–ია“ (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ.“ თ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 აპრილის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სს „თ.“ თ–მა (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ „ს.ს.ფ–იისა“ (შემდგომში „მოპასუხე“, „პირველი მოპასუხე“, „ს.ფ–ია“, „კომპანია“, „მოპასუხე კომპანია“, „ორგანიზაცია“ „საჩივრის ავტორი“, „აპელანტი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) და შპს „მ....-ის“ (შემდგომში „შპს“ ან „მეორე მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა შპს-ს მიერ მოსარჩელის კუთვნილ ტერიტორიაზე განთავსებული ს.ფ–იის ნივთებისა და ტექნიკისგან აეროდრომის გათავისუფლება და გამოთავისუფლებული ფართის მესაკუთრისთვის (მოსარჩელისთვის) გადაცემა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებს სარჩელზე შესაგებლი არ წარუდგენიათ.
3.საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება
3.1. შესაგებლის წარუდგენლობის გამო 2021 წლის 27 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა (პირველ მოპასუხეს დაევალა მისი კუთვნილი, ნაწილებად დაშლილი AN2 ტიპის თვითმფრინავისა და „იაკ“-ის მოდელის სპორტული თვითმფრინავების დეტალების, აგრეთვე სხვა ლითონ-კონსტრუქციების მოსარჩელის ტერიტორიიდან გატანა და აღნიშნული ფართის გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრისათვის გადაცემა; მეორე მოპასუხეს დაევალა მის საკუთრებაში არსებული ნივთების - ბეტონის დასამზადებელი რკინის კონსტრუქციის, ცემენტის შესანახი რკინის ავზის, ლითონის მოწყობილობების ნარჩენების, ლითონის კუთხოვანების, რკინის შველერების, რკინის ესკალატორის ნარჩენების, ნაწილებად დაშლილი ტრაქტორისა (სანომრე ნიშნით - (...)) და უაზის ტიპის სატვირთო მანქანის (სანომრე ნიშნით (...)) აეროდრომის ტერიტორიიდან გატანა და აღნიშნული ფართის გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისთვის გადაცემა).
4.პირველი მოპასუხის საჩივარი
4.1. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრი წარადგინა პირველმა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
5.საქალაქო სასამართლოს განჩინება
5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 სექტემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
6. პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 სექტემბრის განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა პირველმა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
7.სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2021 წლის 23 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
7.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.2.1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეთა მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით;
7.2.2. სარჩელი თანდართული დოკუმენტებით პირველ მოპასუხეს ჩაბარდა 2021 წლის 15 მარტს - საფოსტო გზავნილში მითითებულია, რომ ს.ფ–იისთვის გაგზავნილი დოკუმენტები ჩაიბარა მ.მ–მა.
7.2.3. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ს.ფ–იის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები არიან გენერალური მდივანი - მ.მ–ი, ასვე თანაპრეზიდენტები - გ.გ–ვა და პ.თ–ია. ამასთან, კომპანიის წესდების მიხედვით, მოპასუხის ინტერესების დაცვა, გარდა პრეზიდენტისა შეეძლოთ თანაპრეზიდენტს და გენერალურ მდივანს (წესდების მე-6 პუნქტი).
7.2.4. სარჩელზე წერილობითი პასუხი (შესაგებელი) მოპასუხეს სასამართლოში უნდა წარედგინა დოკუმენტების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში;
7.2.5. დადგენილ ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია და არც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის.
7.3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 70-ე-78-ე მუხლებით, არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი არაუფლებამოსილი პირის მიერ გზავნილის ჩაბარების შესახებ და აღნიშნა, რომ ვინაიდან მ.მ–ი იყო კომპანიის გენერალური მდივანი, მას შეეძლო დამოუკიდებლად ყოფილიყო საწარმოს ხელმძღვანელი და წარმომადგენელი. შესაბამისად, გზავნილი მართებულად მიიჩნია სასამართლომ უფლებამოსილი პირისთვის ჩაბარებულად.
7.4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირობებშიც, კი თუ მ.მ–ი არ მიიჩნეოდა კომპანიის წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირად, მის მიერ გზავნილის მიღება მაინც ვერ ჩაითვლებოდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დოკუმენტების ჩაბარებად, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ მ. მ–ი იყო ს.ფ–იის თანაპრეზიდენტის, გ.გ–ვას მეუღლე, შესაბამიად, სსსკ 73-ე-74-ე მუხლების მიხედვით, უწყების ჩამბარებელი პირი, როგორც ადრესატის ოჯახის სრულწლოვანი წევრი, გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილ პირად მიიჩნეოდა. ამდენად, სასამართლომ დაასკვნა, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორმა ვერ დაადასტურა სასამართლოში შესაგებლის წარუდგენლობის შეუძლებლობის საპატიო გარემოების არსებობა, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
7.5. სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე, 230-ე, 170-ე, 172-ე მუხლებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას. შესაბამისად, არსებობდა მოსარჩელის კუთვნილ ტერიტორიაზე განთავსებული ს.ფ–იის ნივთებისა და ტექნიკისგან აეროდრომის გათავისუფლებისა და გამოთავისუფლებული ფართის მესაკუთრისთვის (მოსარჩელისთვის) გადაცემის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
8. მოპასუხის საკასაციო საჩივარი
8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.
8.2. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, სარჩელი თანდართული მასალით ჩიბარა არაუფლებამოსილმა პირმა, შესაბამისად, მოპასუხე შესაგებელს ვერ წარადგენდა. საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებდა, რომ კომპანიის წარმომადგენლობის უფლებამოსილება ჰქონდა გ.გ–ვას, რომელმაც დიდი ხნის წინ დატოვა საქართველო და იმყოფებოდა პოლონეთში. შესაბამისად, იგი გზავნილს ვერ ჩაიბარებდა. მართალია კორესპოდენციის მიმღები პირი, მ.მ–ი გ. გ–ავას მეუღლეა, მაგრამ ისინი დიდი ხანია ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. შესაბამისად, მ.მ–ისთვის გზავნილის ჩაბარება ვერ მიიჩნეოდა ადრესატის (გ.გ–ვას) ოჯახის წევრისთვის გზავნილის ჩაბარებად.
8.3. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ აეროდრომზე განთავსებული ტექნიკა წარმოადგენდა ს.ფ–იის საკუთრებას მაშინ, როდესაც ნივთების უმეტესობა საერთოდ არ არის დაკავშირებული მოპასუხესთან. მოსარჩელის მხოლოდ მითითება, რომ სადავო ტერიტორიაზე განთავსებული ნივთები მოპასუხის საკუთრებაა არ შეიძლება ჩაითვალოს ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. სასამართლოს მიერ ამ საკითხის უგულებელყოფა ზიანს აყენებს იმ პირთა (მესამე პირთა) ქონებრივ ინტერესებს, ვისაც ნამდვილად ეკუთვნის აღნიშნული ქონება.
8.4. სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხის მიერ საჩივრებში ასახული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ს.ფ–იას აეროდრომის ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდა ადმინისტრაციული აქტების საფუძველზე, რომელთა გაუქმების გარეშე შეუძლებელი იყო წინამდებარე სამოქალაქო საქმის განხილვა. სწორედ ამ ფაქტის მოსარჩელის მიერ დაფარვამ გამოიწვია სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება სამართლებრივ მართლწესრიგს.
9.საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
9.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
12. მოცემულ დავაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც უცვლელი დარჩა როგორც იმავე, ასევე ზემდგომი სასამართლოს მიერ. სწორედ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინებების კანონიერებაა სადავო.
13. სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, სსსკ-ის 2321 მუხლის (მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით) საკანონმდებლო მიზნებიდან გამომდინარე, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის შემდეგი წინაპირობების არსებობის სავალდებულობაა დადგენილი:
ა) მოპასუხეს სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა ჩაბარდეს სარჩელი და თანდართული მასალები. მასვე უნდა განემარტოს სსსკ-ის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დანიშნული საპროცესო ვადის (შესაგებლის წარდგენის ვადის) არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე;
ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა;
გ) სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს მოთხოვნას.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მთავარი წინაპირობა ისაა, რომ მოპასუხე კანონით დადგენილი წესით იყოს ინფორმირებული მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის თაობაზე (სუსგ საქმე #ას-ას-538-511-2014 , 24 დეკემბერი, 2015 წელი).
16. ამასთანავე, ამგვარი გადაწყვეტილება არ შეიძლება გარკვეული სანქცია იყოს მხარისათვის, რათა დაუსაბუთებლად, საქმის ვითარების გაურკვევლად არ დაეკისროს მოპასუხეს ის, რის წინააღმდეგაც კონსტიტუციით გარანტირებული შედავებისა თუ მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობაც გააჩნია (იხ. სუსგ საქმე #ას№ას-1453-1371-2012, 25 დეკემბერი, 2012 წელი).
17. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მარეგულირებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები (გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები) ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
18. განსახილველ დავაში კასატორი მის წინააღმდეგ მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინებებს ძირითადად სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ სარჩელი თანდართული მასალებით არ ჩაბარებია კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენელს, გ.გ–ვს. ამასთან, მართალია, გზავნილის მიმღები პირი, მ.მ–ი გ.გ–ვას მეუღლეა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ გ. გ–ვა დიდი ხნის წინ წავიდა საზღვარგარეთ და ცოლ-ქმარი ერთად აღარ ცხოვრობს, კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს იგი (მ.მ–ი) არ უნდა მიეჩნია ადრესატის ოჯახის წევრად და მის მიერ გზავნილის მიღებაც სამოქალაქოსაპროცესო წესის დაცვით კორესპოდენციის ჩაბარებად.
19. კასატორის ზემოაღნიშნული პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილზე, რომელიც გზავნილის ორგანიზაციისათვის გაგზავნისა და ჩაბარების წესს არეგულირებს. კერძოდ, ნორმის დისპოზიციის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით ორგანიზაციისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზეპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
20. დასახელებული ნორმის ანალიზით ჩანს, რომ კანონმდებელი ორგანიზაციისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარების ნამდვილობას უკავშირებს ობიექტურ ფაქტორს. ნორმის ამ ნაწილით კანონმდებელი შეგნებულად არ აზუსტებს კონკრეტული პირის უფლებამოსილებას შეტყობინების ჩაბარებაზე და ალტერნატიულად ჩამოთვლის იმ პირთა ვინაობის ზოგად დასახელებას, რომელთაც უფლება აქვთ შეტყობინება ჩაიბარონ ორგანიზაციის სახელით. ამ პირთა წრეს განეკუთვნებიან: კანცელარია ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურული ერთეული ანდა პირი, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამისი უფლებამოსილი პირი, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. უფლებამოსილ პირად გარდა ზემოაღნიშნულისა, შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი პირი, რომელიც რაიმე ფორმით იმყოფება შრომით ურთიერთობაში ორგანიზაციასთან. თავის მხრივ, შრომითი ურთიერთობა დამსაქმებლისა და დასაქმებულის იმგვარი ურთიერთობაა, რაც დასაქმებული პირის ნებისმიერ თანამდებობაზე მუშაობის მიუხედავად, ავალდებულებს მას კეთილსინდისიერად განახორციელოს ხელმძღვანელობისათვის შეტყობინების ჩაბარება. ნორმის ზემოაღნიშნული დანაწესის საპირისპიროდ განმარტება არ გამომდინარეობს სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან (იხ. სუსგ საქმე №ას-1289-1309-2011, 14 ნოემბერი, 2011 წელი).
21. ამასთან, როგორც უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაშია განმარტებულია, მიუხედავად გზავნილის მიმღები პირის თანამდებობისა, ის ფაქტი, რომ მხარე შრომით ურთიერთობაში იმყოფება ორგანიზაციასთან, სწორედ მისი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის სუბიექტად მიჩნევის წინაპირობაა და სასამართლო შეტყობინების ჩაბარების ბარათზე ამ პირის მიერ ხელის მოწერა სასამართლოს აძლევს სრულ შესაძლებლობას მხარე ჩათვალოს ინფორმირებულად და განახორციელოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება (შდრ. იხ. სუსგ № ას-1082-1032-2014, 30 ივლისი, 2015 წელი).
22. ამრიგად, დადგენილი სასამართლო პრაქტიკა სადავოობის შემთხვევაში, ორგანიზაციისათვის გაგზავნილ უწყებაზე ხელმომწერი პირის გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილ პირად მიჩნევას სწორედ მის ორგანიზაციასთან რაიმე სახით შრომით ურთიერთობაში ყოფნას უკავშირებს, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა და მეტიც, როგორც სააპელაციო სასამართლოს მიერაა დადგენილი (და არც კასატორი უარყოფს), გზავნილი (სარჩელი თანდართული მასალით) ჩაიბარა მ.მ–მა (იხ. ს.ფ 50), რომელიც არათუ შრომით ურთიერთობაში იმყოფება მოპასუხე ორგანიზაციასთან, არამედ იგი კომპანიის თანაპრეზიდენტებთან (გ.გ–ვასა და პ.თ–იასთან) ერთად წარმოადგენს ს.ფ–იის მმართველობის ორგანოს - გენერალური მდივანია (იხ. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ს.ფ 22-23). კომპანიის წესდების მე-6 პუნქტის მიხედვით, სააპალაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ ს.ფ–იის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს ახორციელებენ, როგორც კომპანიის თანაპრეზიდენტები, ასევე გენერალური მდივანი (იხ. ს.ფ 79). ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც ზემოაღნიშნული გარემოებები უდავოდ დადასტურებულია და საწინააღმდეგოზე არც კასატორი მიუთითებს, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ სარჩელი თანდართული მასალებით ჩაიბარა კომპანიის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა (ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა). შესაბამისად, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული მოპასუხის პრეტენზია იმის შესახებ, რომ ვინაიდან ორგანიზაციის დირექტორს, გ.გ–ვას პირადად არ ჩაბარებია სასამართლო გზავნილი, კომპანია არ იყო უფლებამოსილი წარედგინა შესაგებელი.
23. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ მ.მ–ს ასევე არ ჰქონდა უფლება როგორც გ.გ–ვას მეუღლეს ჩაებარებინა სასამართლო გზავნილი, საკასაციო სასამართლო ვერც აღნიშნულს გაიზიარებს და მიუთითებს, რომ საზღვარგარეთ მეუღლის დიდი ხნით გამგზავრება სსსკ 74.1 მუხლის მიზნებისთვის, სასამართლომ არ შეიძლება გზავნილის მიმღები მეუღლის, როგორც ადრესატის ოჯახის სრულწლოვანი წევრის, არაუფლებამოსილ პირად მიჩნევას დაუდოს საფუძვლად, მითუფრო მაშინ, როდესაც არ დასტურდება მეუღლეთა განქორწინების ფაქტი. ზემოაღნიშნული საპროცესო ნორმიდან (სსსკ 74.1 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს) ცალსახად გამომდინარეობს, რომ ადრესატის ოჯახის წევრისთვის შეტყობინების დატოვება სრულ შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს მხარე ჩათვალოს ინფორმირებულად და განახორციელოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება (იხ. სუსგ №ას-125-119-2013, 20 მაისი, 2013 წელი). ამრიგად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ იმ შემთხვევაშიც, კი თუ გზავნილის მიმღები პირი, მ.მ–ი არ მიიჩნეოდა მოპასუხე კომპანიის წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირად, მის მიერ გზავნილის მიღება მაინც ვერ ჩაითვლებოდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დოკუმენტების ჩაბარებად.
24. დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ მიიჩნევა ასევე მოპასუხის განცხადება, რომ სასამართლოებმა არ გაიზიარეს საჩივარში მითითებული მსჯელობა მისი არასათანადო მოპასუხეობის შესახებ, ვინაიდან სადავო ტერიტორიაზე განთავსებული ტექნიკის უმეტესობა არ არის მოპასუხის საკუთრება, ასევე ის ფაქტი, რომ აეროდრომის ტერიტორიაზე ნივთები განთავსებული იყო ადმინისტრაციული აქტების საფუძველზე, რაც სამოქალაქო წესით საქმის განხილვის დამაბრკოლებელ გარემოებას ქმნიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან მოპასუხეს ამ გარემოების შესაგებელში მითითების მოვალეობა ეკისრებოდა, რაც მას არ განუხორციელებია, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარსა და სააპელაციო საჩივარში მასზე აპელირება გავლენას ვერ მოახდენს სარჩელის იურიდიულ მართებულობაზე. საკითხი იმის შესახებ, წარმოადგენდა თუ არა მოპასუხე სათანადო მხარეს საქმეში, არსებითი მსჯელობის ეტაპზე და არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში განსახილველია, ვინაიდან, დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით საქმის განხილვაში ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს. ასეთ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLVI თავში მოცემული წესით საქმის განხილვის დროს მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, საქმის განმხილველ მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
25. მოცემულ შემთხვევაში, წარდგენილ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელის საკუთრებაშია აეროდრომის ტერიტორია, რომელზეც ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოპასუხეთა მიერ განთავსებულია სხვადასხვა საავიაციო მოწყობილობისა და ტექნიკის ნარჩენები. შესაბამისად, მოსარჩელემ მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ამ ნარჩენებისგან გათავისუფლება და გამოთავისუფლებული ფართის მისთვის გადაცემა.
26. როგორც უკვე აღინიშნა, სარჩელში მითითებული გარემოებები დადასტურებულად მიიჩნევა და ისინი იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, ვინაიდან სახეზეა ყველა ის მოცემულობა, რაც განსახილველ დავაში სსკ 170-ე-172-ე მუხლების შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარემ ვერ წარადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების წინაპირობა გახდებოდა.
28. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
29. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ. სუსგ საქმე № ას-473-441-2017, 3 ივლისი, 2017 წელი), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.
31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა(ა)იპ „ს.ს.ფ–იის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. ა(ა)იპ „ს.ს.ფ–იას“ (....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მ.მ–ის (შპს მ. ს.) ..... მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №1681135374, გადახდის თარიღი 11.04.2023), 150 ლარის 70% - 105 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე