საქმე №ას-1000-2023 5 ოქტომბერი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,
ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ფ.ნ.ჰ.ნ–ი (აპელანტი, მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.მ–ი (აპელანტი, მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 თებერვლის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გაჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ალიმენტის ოდენობის შემცირება, დამატებითი ხარჯების გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ფ.ნ.ჰ.ნ–ისა (შემდგომში „მოსარჩელე“, ბავშვის მამა“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) და ნ.მ–ს (შემდგომში „მოპასუხე“) ჰყავთ საერთო შვილი - 2013 წლის 16 ნოემბერს დაბადებული ჯულია ნ–ი (შემდგომში „ბავშვი“ ან „არასრულწლოვანი“).
2. 2020 წლის 4 სექტემბრისა და 2020 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით, არასრულწლოვანს დასმული აქვს ასტიგმატიზმის, ჰიპერმეტროპიისა და ამბლიოპიის დიაგნოზი. მკურნალობს ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯში“, დანიშნული აქვს სათვალე და მედიკამენტები.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 იანვრის განჩინებით (საქმე N2/25715-19), მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება, რომლითაც მოსარჩელე და მოპასუხე შეთანხმდნენ, რომ ბავშვის მამა კისრულობდა ვალდებულებას მხოლოდ მას შემდეგ, რაც მის კუთვნილ ყველა საბანკო ანგარიშს მოეხსნებოდა ყადაღა და შეზღუდვები, არასრულწლოვნის აღზრდისთვის ყოველი თვის 15 რიცხვამდე მოპასუხის ანგარიშზე ალიმენტის სახით ჩაერიცხა 600 (ექვსასი) ლარი, რაც მოიცავდა არასრულწლოვნისთვის საჭირო ყველა შესაძლო ხარჯს... ამავე განჩინებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბავშვი სასკოლო განათლებას მიიღებდა კერძო სკოლაში, რომელში სწავლების ღირებულებაც წელიწადში არა უმეტეს 6000 (ექვსი ათასი) ლარი იქნებოდა. შესაბამისად, ერთ წლის განმავლობაში სწავლის გადასახადი თითოეული მხარისთვის იქნებოდა არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარი. სკოლისა და მასთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯს მხარეები თანაბრად გაინაწილებდნენ. ნებისმიერ თანხას სკოლისა და მასთან დაკაშირებულ ხარჯებთან მიმართებით მოსარჩელე გადარიცხავდა სკოლის ინვოისის ან ჩეკების საფუძველზე;
4. 2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 14 ივნისამდე მოსარჩელის ანგარიშიდან მოპასუხის ანგარიშზე გადარიცხულია შემდეგი თანხა: 19.08.2019 – 500 ლარი, 16.09.2019 – 500 ლარი, 07.10.2019 – 500 ლარი, 19.01.2020 – 600 ლარი, 26.01.2020 – 600 ლარი, 14.02.2020 – 600 ლარი, 15.03.2020 – 600 ლარი, 14.04.2020 – 600 ლარი, 15.05.2020 – 600 ლარი, 13.06.2020 – 600 ლარი, 13.07.2020 – 600 ლარი, 14.08.2020 – 600 ლარი, 21.08.2020 – 95 ლარი, 14.09.2020 – 600 ლარი, 13.10.2020 – 600 ლარი, 14.11.2020 – 600 ლარი, 13.12.2020 – 600 ლარი, 13.01.2021 – 600 ლარი, 15.02.2021 – 200 ლარი, 21.02.2021 – 400 ლარი, 14.03.2021 – 600 ლარი, 15.04.2021 – 600 ლარი, 14.05.2021 – 600 ლარი.
5. 2020-2021 სასწავლო წლისთვის სკოლა შპს „ო.თ...“-ში არასრულწლოვნის სწავლის საფასური 5300 ლარი იყო, ხოლო დისტანციური სწავლის პერიოდში სუბსიდირებული თანხა - 530 ლარი. დარჩენილი 4770 ლარი კი, გადახდილ იქნა ეტაპობრივად, 2021 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
6. მოსარჩელემ შვილის სწავლის საფასური სკოლის ანგარიშზე გადარიცხა შემდეგნაირად: 21.09.2020 - 240 ლარი, 22.10.2020 - 240 ლარი, 20.11.2020 - 180 ლარი, 22.12.2020 -180 ლარი, 03.02.2021 - 198 ლარი, 19.02.2021 - 300 ლარი, 17.04.2021 - 265 ლარი, 18.05.2021 - 265 ლარი, 14.06.2021 - 265 ლარი.
7. მოპასუხემ შვილის სწავლის საფასური სკოლის ანგარიშზე გადარიცხა შემდეგნაირად: 01.06.2020 - 250 ლარი, 21.09.2020 - 240 ლარი, 30.10.2020 - 230 ლარი, 26.11.2020 - 180 ლარი, 10.12.2020 - 180 ლარი, 17.12.2020 - სწავლის გადასახადი - 250 ლარი გადარიცხულია კერძო პირის საბანკო ანგარიშზე, 15.04.2021 - 265 ლარი, 17.05.2021 - 265 ლარი, 29.01.2021 - 200 ლარი, 28.02.2021 - 36 ლარი, 29.03.2021 - 265 ლარი, 28.06.2021 - 265 ლარი.
8. მოპასუხეს ასევე გადახდილი აქვს შვილის სხვადასხვა აქტივობებისთვის საჭირო ხარჯი.
9. 2021 წლის 12 აპრილიდან 2022 წლის 11 აპრილის ჩათვლით მოპასუხე კორპორატიული დაზღვევის საოჯახო პაკეტით შვილთან ერთად დაზღვეული იყო სადაზღვევო კომპანია სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–ში“. საოჯახო პაკეტის თვიური სადაზღვევო პრემია შეადგენდა 110 ლარს.
10. 2021 წლის 15 ივნისს მოსარჩელის მიმართ გაიცა შემაკავებელი ორდერი 30-დღიანი მოქმედებით.
11. 2018 წლის 1 ოქტომბრიდან 3 თვის განმავლობაში მოპასუხე ასრულებდა დაწყებითი საფეხურის ფსიქოლოგის ფუნქცია-მოვალეობებს მოსწავლეთა მხარდაჭერის ცენტრში, ხოლო 2019 წლის 9 სექტემბრიდან 2020 წლის 1 სექტემბრამდე - საბაზო პროგრამის ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მოვალეობებს.
12. 2020 წლის 1 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, 2021 წლის 30 ივნისის ჩათვლით მოპასუხე შპს „ე.ს–ში“ ასრულებდა საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამაზე მოწვეული ფსიქოლოგიის მასწავლებლის ფუნქცია-მოვალეობებს.
13. 2020 წლის 16 ოქტომბრიდან მოპასუხე ასევე დასაქმებული იყო შპს „მ.ს–ში“ – 1:1 მომუშავე სპეციალისტის თანამდებობაზე.
14. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესაბამისად, 2021 წლის 21 ივლისის მდგომარეობით, მოპასუხეს 2020 წლის იანვრიდან 2020 დეკემბრის ჩათვლით შპს „ე.ს–დან“ ჩაერიცხა ხელფასი თვეში საშუალოდ - 2648,09 ლარი, შპს „მ.ს–იდან“ 2020 წლის ნოემბერში - 1583,12 ლარი და დეკემბერში - 1041,46 ლარი; 2021 წლის იანვრიდან 2021 წლის ივნისის ჩათვლით (შპს „მ.ს–ი", შპს „ე.ს–", სს „ფ.ს.ს–ა") მოპასუხისთვის დარიცხული საშუალო შემოსავალი 2419,13 ლარია.
15. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის 2021 წლის 21 ივლისის მონაცემების მიხედვით, მოსარჩელეს 2020 წლის იანვრიდან 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით შპს „ი.თ–დან“ ერიცხებოდა ხელფასი თვეში საშუალოდ - 3459,69 ლარი; 2020 წლის ნოემბრის შემდეგ მხოლოდ ერთხელ, 2021 წლის მაისში შპს „ს.ს–დან“ დაერიცხა 4.3 ლარი.
16. შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემების მიხედვით, 2022 წლის 21 იანვრის მდგომარეობით, მოსარჩელის მიერ 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 4.3 ლარს.
17. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 21 ოქტომბერს გაცემული ცნობის მიხედვით, მოსარჩელის მიერ 2022 წლის იანვრიდან 2022 წლის ოქტომბრის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 6 411.43 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი 1 272.28 ლარს.
18. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად, შპს „ს.უ.თ–ის“ 100%-იანი წილის მფლობელი და კომპანიის დირექტორია მოსარჩელე, რომელსაც კომპანიის წილები უსასყიდლოდ გადაეცა. კომპანიის მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების (2022 წლის 14 იანვრის, 2021 წლის 13 დეკემბრის, 2021 წლის 4 ნოემბრის) თანახმად, კომპანიას არ უფიქსირდება შემოსავლები.
19. 2022 წლის 15 თებერვლიდან 2022 წლის 15 მაისამდე, მოსარჩელეს შესთავაზეს სამუშაო ბიზნეს ტრენერის თანამდებობაზე, ნახევარი განაკვეთით, უძრავი ქონების დეველოპერულ კომპანიაში შპს „ს–ი“. შეთავაზების თანახმად, ყოველთვიური ხელფასი განისაზღვრა 875 ლარით. შემდგომი თანამშრომლობა დამოკიდებული იყო მოსარჩელის მიერ ჩატარებული სასწავლო კურსის წარმატებულობაზე.
20. მოსარჩელის ანგარიშზე პერიოდულად ჩარიცხულია სხვადასხვა რაოდენობის თანხა, კერძოდ, 2021 წლის 10 თებერვალს 727.50 ევრო, 2021 წლის 31 მაისს - 500 აშშ დოლარი, 2021 წლის 21 ოქტომბერს - 250 აშშ დოლარი.
21. სს „თ.ბ–ის" მიერ 2022 წლის 24 იანვარს გაცემული ცნობით დგინდება, რომ 2019 წლის 22 ოქტომბრიდან 2022 წლის 24 იანვრის განმავლობაში თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ რეგისტრირებული იქნა 4 ყადაღა კონკრეტული თანხების ნაწილში.
22. 2021 წლის 21 დეკემბერს მოსარჩელე მონაწილეობდა სატელევიზიო გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი".
23. 2021 წლის 26 დეკემბერს მოსარჩელე მონაწილეობდა სატელევიზიო გადაცემა "Forbesკვირაში".
24. არასრულწლოვნისთვის ალიმენტის გადახდის ნაწილში მიმდინარეობს სააღსრულებო პროცესი.
25. მოსარჩელეს გადახდილი აქვს 2022 წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ნაწილი.
26. 2022 წელს გარდაიცვალა მოსარჩელის ორივე მშობელი.
27. სარჩელის საფუძვლები
27.1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა 2020 წლის 30 იანვრის განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობების შეცვლა: არასწრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ განსაზღვრული ყოველთვიური ალიმენტის, 600 ლარის შემცირება 150 ლარამდე, ასევე შვილის სწავლის ყოველწლიური გადასახადისაგან (3000 ლარი) გათავისუფლება.
28. მოპასუხის პოზიცია
28.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
29. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
29.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმყოფილდა: ამავე სასამართლოს 2020 წლის 30 იანვრის განჩინებით განსაზღვრული საალიმენტო ვალდებულება შეიცვალა და განისაზღვრა შემდეგნაირად: მოსარჩელეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის სახით დაეკისრა 400 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (2021 წლის 30 ივნისიდან) ბავშვის სრულწლოვანებამდე და 2022 წლის საშემოდგომო სემესტრიდან იგი გათავისუფლდა არასრულწლოვნის კერძო სკოლაში ყოველწლიური სწავლის ღირებულების - 3000 (სამი ათასი) ლარის გადახდის ვალდებულებისაგან.
30. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
30.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
31. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
31.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არასრულწლოვნის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის შემცირებისა და მოსარჩელის სწავლის გადასახადისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
31.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-26 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში „სსკ“) 1212-ე, 1213-ე, 1198-ე, 1221-ე, 1231-ე მუხლებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ მისი მატერიალური მდგომარეობის გაუარესების ფაქტი და წარედგინა 2020 წლის 30 იანვრიდან (მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინების მიღებიდან) წინამდებარე სარჩელის აღძვრამდე ფინანსური მდგომარეობის გაუარესების დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც მას არ გაუკეთებია. შესაბამისად, პალატა ვერ შეაფასებდა ნამდვილად იყო თუ არა უკვე დაკისრებული ალიმენტის შემცირების, ასევე სწავლის გადასახადის შემცირების თუ მისგან სრულად გათავისუფლების საფუძველი.
32. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
32.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება.
32.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებს მატერიალური მდგომარეობის გაუარესებას 2020 წლის 30 იანვრიდან (მხარეთა შორის მორიგების დამტკიცებიდან) წინამდებარე სარჩელის აღძვრამდე. სინამდვილეში, კი ამ გარემოების დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულებაა საქმეში წარდგენილი, რასაც დაეყრდნო კიდეც საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას. კერძოდ, საქმეში წარდგენილი შემოსავლების სამსახურის წერილები ადასტურებს, რომ მორიგების დამტკიცების დროისთვის მოსარჩელის ყოველთვიური საშუალო ხელფასი იყო 3459.69 ლარი, 2020 წლის ნოემბრის შემდეგ კი მოსარჩელის ანგარიშზე დაფიქსირებულია მხოლოდ ერთი ჩარიცხვა, პანდემიის შემდეგ შემცირდა მისი შემოსავალი, აღარ ჰქონდა მუდმივი სამსახური და მას ფინანსურად ეხმარებოდნენ საზღვარგარეთ მცხოვრები მშობლები (ეს დახმარებაც არ იყო ყოველთვიური).
33. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
33.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აგვისტოს განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აპელანტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
34. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
35. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
36. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით (2020 წლის 30 იანვრის მორიგების განჩინებით) არასრულწლოვანი ბავშვის სასარგებლოდ მშობლისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირება (600 ლარიდან 150 ლარამდე), ასევე დაკისრებული ყოველწლიური სწავლის საფასურის გადასახადისაგან (წელიწადში არაუმეტეს 3000 ლარისა) მისი გათავისუფლება.
37. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 1221-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, მშობელს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ იხდის ალიმენტს, უფლება აქვს აღძრას სარჩელი სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ; იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.
38. კანონის მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, ნათელია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის შემცირებას ან პირიქით, მის გაზრდას, ხოლო ამის საფუძვლად განიხილავს – ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას. აქ ჩნდება კითხვა: რას გულისხმობს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლა? საკასაციო პალატის მოსაზრებით, აქ იგულისხმება ალიმენტის დაკისრების შემდეგ ისეთი ახალი გარემოებების წარმოშობა, რომლებიც აშკარა გავლენას ახდენენ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალურ და ოჯახურ მდგომარეობაზე, მაგალითად, შემოსავლების შემცირება, კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდა ან შემცირება და სხვა. შემოსავლების შემცირებისა და კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში, შესაძლებელია ადრე განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა შემცირდეს, ხოლო კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის შემცირების შემთხვევაში შესაძლებელია გაიზარდოს ალიმენტის ოდენობა.
39. ზემოხსენებული მუხლის დანაწესი გამომდინარეობს თავად ალიმენტის მიზნიდან, სსკ-ის 1212-ე, 1213-ე და 1214-ე მუხლებით კანონი ადგენს მშობლის ვალდებულებას, იზრუნოს თავის შვილზე, რაც გულისხმობს მისი მატერიალურად უზრუნველყოფის მოვალეობას. არასრულწლოვნის რჩენისათვის აუცილებელი მინიმალური ოდენობის დადგენისას მხედველობაში მიიღება მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებები, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა. შესაბამისად, იმ მშობლის ფინანსური თუ ოჯახური მდგომარეობის შეცვლამ, რომელიც ალიმენტს იხდის, შესაძლოა განაპირობოს აღნიშნული ალიმენტის ოდენობაში სასამართლოს მიერ ცვლილების შეტანა (იხ. სუსგ საქმე №ას-617-585-2014, 30.12.2014წ.).
40. ამასთან, გასათვალისწინებელია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს იმას, რომ „მტკიცების თვალსაზრისით, ალიმენტის ოდენობის შესახებ სარჩელის აღძვრისას გარემოებათა არსებითად შეცვლის დადასტურება მოსარჩელეს ევალება, ამასთანავე, სასამართლო ყოველთვისაა ვალდებული, დაადგინოს გონივრული თანაფარდობა ალიმენტვალდებული პირის (იხ. სკ-ის 1212-ე მუხლი) რეალურ მატერიალურ მდგომაროებასა და ალიმენტის მიღების უფლების მქონე პირის ინტერესებს შორის და ისე განსაზღვროს მისი ოდენობის საკითხი (იხ. სუსგ №ას-506-506-2018, 20 სექტემბერი, 2018 წელი).
41. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
42. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება სათანადო და სარწმუნო მტკიცებულებების წარდგენის გზით, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები. მხარეთა მხოლოდ და მხოლოდ ზეპირი განმარტებები სადავო ფაქტების სამტკიცებლად საკმარისად ვერ ჩაითვლება და მხარეთათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
43. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ ეფუძნება არც ერთ ახალ ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც ალიმენტის დაკისრების – 2020 წლის 30 იანვრის - შემდეგ წარმოიშვა და შეეძლო, გავლენა მოეხდინა მის გადახდისუნარიანობაზე.
44. კასატორი საკუთარი პრეტენზიის დადასტურებას ცდილობს საქმეში არსებული შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 28 ივლისის წერილზე დაყრდნობით, რომელიც, მისივე მოსაზრებით, 2020 წლის 30 იანვრის შემდგომ მოსარჩელის ფინანსური მდგომარეობის გაუარესებაზე მეტყველებს, რაც წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია. აღნიშნულ პრეტენზიას ვერ გაიზიარებს საკასაციო სასამართლო და, პირველ რიგში, მიუთითებს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ და მხარეთა მიერ შეუდავებელ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2020 წლის 30 იანვარს დამტკიცებული მორიგების განჩინებით, არასრულწლოვნის მამას დაეკისრა ყოველთვიური ალიმენტის, 600 ლარისა და ბავშვის სწავლის ყოველწლიური საფასურის ნახევრის, წელიწადში არაუმეტეს 3000 ლარის, გადახდა. სადავო არაა, რომ განჩინებაში მითითებული, როგორც ალიმენტი, ასევე სწავლის საფასური სასამართლოს მოსარჩელისთვის არ დაუკისრებია მისი იმჟამინდელი მატერიალური მდგომარეობის შეფასების საფუძველზე (სასამართლოს არ უკვლევია ბავშვის მამის ფინანსური მდგომარეობა და არც რაიმე მტკიცებულება შეუფასებია ამ მიზნით), არამედ კონკრეტულ თანხაზე შეთანხმება მხარეთა ორმხრივი კონსენსუსის შედეგია. უდავოდ დადგენილი გარემოებაა ისიც, რომ მოსარჩელე 2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 14 ივნისამდე ნებაყოფლობით რიცხავდა ბავშვის დედის ანგარიშზე სხვადასხვა თანხებს, მათ შორის, სწავლის გადასახდს (იხ. ტ. 1. ს.ფ 43-44), ამასთან, თავად მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ 2021 წლის ივნისის შემდგომ პერიოდშიც (2021 წლის განმავლობაში), მოსარჩელის ანგარიშზე ირიცხებოდა სხვადასხვა რაოდენობის ამერიკული დოლარი, ასევე კატარული რიალი (იხ. ტ.1. ს.ფ 204-206; 223-225).
45. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დგინდება მოსარჩელის საბანკო ანგარიშებზე გარკვეული თანხების მობილიზება (ჩარიცხვა, გადარიცხვა), როგორც მხარეთა შორის მორიგების დამტკიცებიდან (2020 წლის 30 იანვარი) წინამდებარე სარჩელის აღძვრამდე (2021 წლის 30 ივნისი), ისე სარჩელის აღძვრის შემდგომ პერიოდშიც (2021 წლის აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი...), ამასთან, საქმეში არ მოიპოვება რაიმე დოკუმენტი, რაც შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, შეეფასებინა ბავშვის მამის მორიგების დროისთვის არსებული ფინანსური მდგომარეობა ამჟამინდელ ფინანსურ მდგომარეობასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხოლოდ შემოსავლების სამსახურის წერილზე დაყრდნობით ვერ დადგინდება ალიმენტვალდებული პირის რეალური, იმგვარად გაუარესებული მატერიალური მდგომარეობა, რაც არსებითად შეცვლიდა გარემოებებს მის სასარგებლოდ.
46. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია, ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzar and Giunta v. Italy [GC], no. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. the United Kingdom. no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI).
47. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასა და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საკითხი ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ – Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ სუსგ №ას-967-916-2015, 15.12.2015წ;სუსგ ას-1141-1061-2017 17.10.2017წ.). ალიმენტის დაკისრებისას სასამართლომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების, მშობლის ფინანსური მდგომარეობისა და მისი სხვა საჭიროებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს ალიმენტის ოდენობა.
48. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის (დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება) წარდგენა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და მხარეთა შორის დამტკიცებული მორიგების პირობების შესაცვლელად საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
49. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა და განმარტა კანონი, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით. ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
50. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ასევე არაა წარმოდგენილი დასაბუთებული პოზიცია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
51. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
52. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფ.ნ.ჰ.ნ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. ფ.ნ.ჰ.ნ–ის (......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №6671, გადახდის თარიღი 11.04..2023) 270 ლარის 70% - 189 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: გ. მიქაუტაძე
ვ. კაკაბაძე