საქმე №ას-1010-2023 20 სექტემბერი, 2023 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,
ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ე.მ–ძე, ლ.მ–ძე (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ.მ–ნი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ.მ–ნის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი ე.და ლ.მ–ძეების (შემდეგში: მოპასუხეები, აპელანტები ან კერძო საჩივრის ავტორები) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხეების მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის განჩინებით დარჩა განუხილველი.
2.1. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მხარეს კანონით დაკისრებული ვალდებულების ფარგლებში, დადგენილ ვადაში არ მიუმართავს პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის გადაწყვეტილების ჩაბარების თაობაზე. ამიტომ მისთვის აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების საპროცესო ვადა დაიწყო 2023 წლის 26 მარტს და დასრულდა 10 აპრილს (8 და 9 აპრილი დასვენების დღეები), 24:00 საათზე, რის გამოც, იმავე წლის 9 ივნისს წარდგენილი სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო და დარჩა განუხილველი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა მოითხოვეს.
4. კერძო საჩივრის პრეტენზიის მიხედვით, აპელანტებმა კანონით განსაზღვრულ ვადაში მიმართეს სასამართლოს, თუმცა მათ არ ჩაბარდათ გადაწყვეტილება, ხოლო, როდესაც სასამართლოს შესაბამისი მოხელე დაუკავშირდა, მეორე დღესვე ჩაიბარა და აღნიშნული თარიღიდან კანონით დადგენილი 14 დღიან ვადაში მიმართა სააპელაციო სასამართლოს.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 და 7 აგვისტოს განჩინებებით კერძო საჩივარი წარმოებაშია მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
7. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-18 დღეს, გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსთვის განცხადებით მიმართვა სააპელაციო პალატამ კანონის დარღვევით შეტანილად მიიჩნია.
8. საკასაციო სასამართლო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას არ იზიარებს და განმარტავს, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის პირობებსა და ვადას ადგენს სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
9. სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
10. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება ან გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
11. საკასაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ სსსკ-ის 2591-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულია გამონაკლისი შემთხვევები, რომლის თანახმად, სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. შესაბამისად, სასამართლო თავისი ინიციატივით გადაწყვეტილებას უგზავნის სსსკ-ის 46-ე მუხლში მითითებულ ან პატიმრობაში მყოფ პირებს, თუ მათ არ ჰყავთ წარმომადგენელი. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, ხოლო, საპირისპიროზე არ მიუთითებიათ, რომ კერძო საჩივრის ავტორები ამ პუნქტით განსაზღვრულ პირებს არ წარმოადგენენ.
12. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, რათა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი.
13. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მუხლი იმპერატიულია და, ერთის მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორეს მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.
14. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.
15. მოცემულ შემთხვევაში სადავო არაა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა ერთ-ერთი კერძო საჩივრის ავტორი და მეორე მოპასუხის წარმომადგენელი, რის გამოც მათთვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადებისა და თარიღის შესახებ. ამდენად, დასაბუთებული გადაწყვეტილების მოთხოვნის ვადა არა უადრეს 20 დღის - 15 მარტამდე, ხოლო, არაუგვიანეს 30 დღის - 25 მარტის ჩათვლით იყო. შესაბამისად სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა 2023 წლის 25 მარტს დაიწყო, ხოლო, იმავე წლის 10 აპრილს ამოიწურა, სააპელაციო საჩივარი კი წარდგენილია 2023 წლის 9 ივნისს, რის გამოც გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
17. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორს, გარდა საკუთარი განმარტებისა, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა სასამართლოს დასკვნებს გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო სააპელაციო საჩივრების განუხილველად დატოვების საფუძვლიანობას. ამასთან, ვერც წარმოდგენილი ხელწერილი აბათილებს სასამართლოს დასაბუთებას, ვინაიდან არ დგინდება, რომ სასამართლოს ბრალით ჩაიბარა 31 მაისს განჩინება, საპირისპიროდ კი დადგენილია, რომ დასაბუთებული განჩინება კანონით დადგენილ ვადაში მომზადდა.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე, 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.მ–ძისა და ლ.მ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: გ. მიქაუტაძე
ვ. კაკაბაძე