საქმე №ას-1604-2022 25 აპრილი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - სს ,,ს.კ.ა–ი“ (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.უ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „ს.კ.ა–ის“ (შემდეგში: „მოპასუხე“, „სადაზღვევო კომპანია“, „კომპანია“, „მზღვეველი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სადაზღვევო კომპანიის საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილა მ.უ–ძის (შემდგომში „მოსარჩელე“ ან „მსესხებლის მემკვიდრე“) სარჩელი სადაზღვევო კომპანიის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ და სადაზღვევო კომპანიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 21 692.96 აშშ დოლარი, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის 6 515.04 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
2. კასატორის პრეტენზიით, ა) სასამართლომ მსესხებელსა და სადაზღვევო კომპანიას შორის დადებული საკრედიტო პორტფელის დაზღვევის ხელშეკრულება არასწორად მიიჩნია მესამე პირის - სს „ს.ბ–ის“ (შემდგომში „ბ–ი“) სასარგებლოდ დადებულ დაზღვევის ხელშეკრულებად და არასწორად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 836-ე-838-ე მუხლებით დადგენილ სამართლებრივ საფუძვლებზე; ბ) იმის გათვალისწინებით, რომ ბანკის არცერთი მსესხებელი არ წარმოადგენს საკრედიტო პორტფელის დაზღვევის ხელშეკრულების მხარეს და ბანკი ხელშეკრულებით დადგენილ სადაზღვევო პრემიას სადაზღვევო კომპანიას უხდის იმის მიუხედავად, მსესხებელი დროულად ან საერთოდ შეასრულებს თუ არა საკრედიტო ვალდებულებას ბანკის წინაშე, საფუძველს მოკლებულია მსესხებლის მიჩნევა აღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრულ დამზღვევად. სადავო ხელშეკრულება გაფორმებულია ორ მხარეს - სადაზღვევო კომპანიასა და ბანკს შორის და ნებისმიერი უფლება-მოვალეობების სუბიექტებს სწორედ ეს მხარეები წარმოადგენენ. შესაბამისად, სადაზღვევო თანხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაც მხოლოდ ბანკს აქვს; გ) სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა სარჩელის მიმართ მოსარჩელის - მსესხებლის მემკვიდრის იურიდიული ინტერესი, ასევე არასწორად შეაფასა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილება განსახვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისგან.
3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
7.1. 2015 წლის 28 დეკემბერს მ.კ–ძესა (როგორც კლიენტს, მსესხებელს) და სს „ს.ბ–ს“ შორის დაიდო საბანკო მომსახურების შესახებ №GAI065616 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ბანკმა კლიენტს გაუხსნა იპოთეკით უზრუნველყოფილი საკრედიტო ხაზი - 50 000 აშშ დოლარი, წლიური 48%-იანი საპროცენტო განაკვეთით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 300 თვით;
7.2. იმავე დღეს, კლიენტსა და ბანკს შორის დაიდო საბანკო მომსახურების შესახებ №GAI065616 ხელშეკრულების საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება №SBI065623, რომლის თანახმად, კრედიტის თანხა განისაზღვრა 23 000 აშშ დოლარით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა 120 თვით (2015 წლის 29 დეკემბრამდე), წლიური საპროცენტო განაკვეთი - 9%-ით;
7.3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ .......). 2015 წლის 28 დეკემბრის ხელშეკრულებების თანახმად, საბანკო კრედიტის ურთიერთობიდან გამომდინარე კლიენტს წარმოადგენს მსესხებელი და მოსარჩელე (მ.უ–ძე);
7.4. მსესხებელს, მოსარჩელესა და ბანკს შორის საბანკო მომსახურების ხელშეკრულების და აღნიშნული ხელშეკრულების შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულების დადების დღესვე (2015 წლის 28 დეკემბერი), მსესხებლის სახელზე ავტომატური დაზღვევის საფუძველზე გაიცა №030504877 სიცოცხლის დაზღვევის პოლისი. აღნიშნული პოლისის გაცემის საფუძველს წარმოადგენდა ბანკსა და სადაზღვევო კომპანიას შორის არსებული შემდეგი სახელშეკრულებო ურთიერთობა: 2013 წლის 31 დეკემბერს ბანკსა და სადაზღვევო კომპანიას შორის გაფორმდა სიცოცხლის დაზღვევის CL/G001/R00005/14/02 ღია პოლისი ოფსეტური სესხის მომხმარებლებისათვის. ღია პოლისის თანახმად, დაზღვევის საგანს წარმოადგენს ს.ბ–ის ოფსეტური იპოთეკური სესხების პორტფელი. დაზღვევის პირობების თანახმად, დამზღვევს და მოსარგებლეს წარმოადგენს სს „ს.ბ–ი“, მზღვეველს - სს „ს.კ.ა–ი“, ხოლო დაზღვეულს - სს „ს.ბ–ის“ მსესხებელი ფიზიკური პირი; პოლისის 1.6. პუნქტის თანახმად მზღვეველის პასუხისმგებლობის ლიმიტი განმარტებულია შემდეგნაირად: მზღვეველის პასუხისმგებლობა კონკრეტულ სადაზღვევო შემთხვევასთან მიმართებით ტოლია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისთვის შესაბამისი სესხის დაუფარავი ოდენობისა, დარიცხული პროცენტის თანხის გამოკლებით, მაგრამ არაუმეტეს ავტომატური დაზღვევის ფარგლებისა; პოლისის 1.8. პუნქტის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევას, ავტომატური დაფარვის შემთხვევაში, წარმოადგენს დაზღვეულის ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული გარდაცვალება, რომელიც იფარება წინამდებარე პოლისით. აღნიშნული დანართის მე-3 მუხლით განსაზღვრულია დაფარული რისკები და გამონაკლისები. 3.2 პუნქტის თანახმად, ავტომატური დაზღვევის შემთხვევაში, სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემა, თუ დაზღვეული გარდაიცვლება დაზღვევის მომენტიდან პირველი 12 თვის განმავლობაში და გარდაცვალების მიზეზი უშუალოდ იქნება ისეთი მძიმე დაავადება, რომელიც, რისკის წინასწარი შეფასების შემთხვევაში, გახდებოდა დაზღვევაზე უარის თქმის ან სტანდარტული სადაზღვევო ტარიფის მკვეთრი მომატების საფუძველი. ამასთან, ტარიფის მკვეთრ მომატებაში იგულისხმება სტანდარტული ტარიფისთვის ისეთი ნამეტის მიყენება, რომელიც შეესაბამება მზღვეველის შეფასების სისტემის (SOLEM/Scor Global Life’s underwriting tool) მიხედვით გარდაცვალების რისკის ორას პროცენტზე მეტით გაზრდას; ღია პოლისის 4.1.1 და 4.1.2 პუნქტების თანახმად, მზღვეველს უნდა წარედგინოს გარდაცვალების (სადაზღვევო შემთხვევის) დამადასტურებელი ქვემოთ მითითებული დოკუმენტები მაქსიმალურად გონივრულ ვადებში: დაზღვეულის გარდაცვალების მოწმობა; უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი და ხელმოწერილი სამედიცინო მოწმობა დაზღვეულის გარდაცვალების შესახებ (ფორმა №106ს-4, რომელშიც მითითებული უნდა იყოს დაზღვეულის გარდაცვალების/სიკვდილის კონკრეტული დადგენილი მიზეზი, გარდაცვალების თარიღი, ადგილი და დაზღვეულის ასაკი), ამასთან, თუ მოწმობა არ შეიცავს ჩამოთვლილ ინფორმაციას, სავალდებულოა, გარდაცვლილის გაკვეთის საფუძველზე შესაბამისი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენა, სადაც მითითებული იქნება გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი; პოლისის 4.2 პუნქტის თანახმად, მზღვეველი ვალდებულია აანაზღაუროს ზარალი წინამდებარე პირობების 4.1 მუხლში მითითებული, სადაზღვევო შემთხვევის დამადასტურებელი, ყველა აუცილებელი დოკუმენტის წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.
7.5. მსესხებელი გარდაიცვალა 2016 წლის 16 დეკემბერს. გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის თანახმად, სიკვდილის გამომწვევ მიზეზად მითითებულია: ,,R99 სიკვდილის სხვა დაუზუსტებელი და არაზუსტად განსაზღვრული მიზეზები’’, ხოლო სხვა მნიშვნელოვან დაავადებებში: ,,D48.9 გაურკვეველი ან უცნობი ქცევის სიმსივნე, დაუზუსტებელი „ზრდა“, რომელიც სხვაგვარად არ არის დაზუსტებული’’.
7.6. 2016 წლის 28 დეკემბერს შპს „მ.ჯ–ას“ მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა №IV-100-ის თანახმად, დაზღვეულის გარდაცვალების მიზეზს წარმოადგენს: ფილტვის სიმსივნე, ღვიძლის, ძვლებისა და თავის ტვინის მეორადი დაზიანებით მე-4 სტადია, მე-4 კლინიკური ჯგუფი C34.9 ბრონქის ან ფილტვის სიმსივნე, დაუზუსტებელი ავთვისებიანი ზრდა.
7.7. გარდაცვალების დროისთვის მსესხებელს ბანკის მიმართ გააჩნდა სასესხო დავალიანება, 21 692.96 აშშ დოლარი.
7.8. 2017 წლის 5 იანვარს ბანკმა მიმართა სადაზღვევო კომპანიას და მოითხოვა მსესხებლის გარდაცვალების გამო, ბანკსა და სადაზღვევო კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე სადაზღვევო თანხის - 21 692.96 აშშ დოლარის ანაზღაურება.
7.9. 2017 წლის 11 იანვრის წერილით სადაზღვევო კომპანიამ ბანკს უარი უთხრა მოთხოვნილი თანხის ანაზღაურებაზე და აღნიშნულის საფუძვლად მიუთითა ღია პოლისის 3.2 პუნქტზე: „დაზღვეული მ.კ–ძე გარდაიცვალა დაზღვევის მომენტიდან პირველი თორმეტი თვის განმავლობაში, კერძოდ, 2016 წლის 16 დეკემბერს. წარმოდგენილ სამედიცინო ცნობაში გარდაცვალების მიზეზად მითითებულია: R99 სიკვდილის სხვა დაუზუსტებელი და არაზუსტად განსაზღვრული მიზეზები, D48.9 გაურკვეველი ან უცნობი ქცევის სიმსივნე, დაუზუსტებელი „ზრდა“, რომელიც სხვაგვარად არ არის დაზუსტებული, ხოლო როგორც შპს „მ–ის“ მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა №IV-100-ით ირკვევა, დაზღვეულის გარდაცვალების მიზეზს წარმოადგენს: ფილტვის სიმსივნე, ღვიძლის, ძვლებისა და თავის ტვინის მეორადი დაზიანებით მე-4 სტადია, მე-4 კლინიკური ჯგუფი C34.9 ბრონქის ან ფილტვის სიმსივნე, დაუზუსტებელი ავთვისებიანი ზრდა, რომელიც რისკის წინასწარი შეფასების შესაძლებლობის შემთხვევაში გახდებოდა მზღვეველის შეფასების სისტემის მიხედვით გარდაცვალების რისკის გამო ტარიფს ორას პროცენტზე მეტით გაზრდის ან დაზღვევაზე უარის თქმის საფუძველი“.
7.10. 2019 წლის 5 თებერვალს გაცემული №190121615 სამკვიდრო მოწმობის თანახმად, მოსარჩელე წარმოადგენს 2016 წლის 16 დეკემბერს გარდაცვლილი მსესხებლის მემკვიდრეს, რომელმაც სამკვიდრო მიიღო სრულად (აქტივები და პასივები).
7.11. 2018 წლის 25 იანვარს მოსარჩელემ, როგორც მსესხებლის მემკვიდრემ, მიმართა სადაზღვევო კომპანიას მსესხებლის გარდაცვალების გამო სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის მოთხოვნით, რაზეც სადაზღვევო კომპანიამ 2018 წლის 3 ივლისის წერილით აცნობა, რომ მასსა და ბანკს შორის შემდგარი კომუნიკაციის ფარგლებში სადაზღვევო ანაზღაურებაზე უარის თქმის მიზეზი გახდა დაზღვევის ღია პოლისის 3.2 პუნქტი.
7.12. 2015 წლის 28 დეკემბერს მსესხებელსა და სს ,,ს.ბ–ს’’ შორის დადებული ხელშეკრულება დაიხურა 2020 წლის 5 ნოემბერს. აღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში ბანკის სასარგებლოდ გადახდილია სესხის ძირითადი თანხა - 21 692.96 აშშ დოლარი და საპროცენტო სარგებელი - 6 515.04 აშშ დოლარი.
7.13. მსესხებლის პირველი რიგის მემკვიდრემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სადაზღვევო კომპანიის მიმართ მოპასუხისთვის სადაზღვევო თანხის, 21 692.96 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.
8. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია წარმოიშობა თუ არა სადაზღვევო კომპანიას ვალდებულება მოსარჩელის წინაშე აუნაზღაუროს მას სადაზღვევო თანხა - 21 692.96 აშშ დოლარი. კასატორი აცხადებს, რომ ვინაიდან სადავო ხელშეკრულება გაფორმებულია ორ მხარეს - სადაზღვევო კომპანიასა და ბანკს შორის და ნებისმიერი უფლება-მოვალეობების სუბიექტებს სწორედ ეს მხარეები წარმოადგენენ, სადაზღვევო თანხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაც მხოლოდ ბანკს აქვს. კასატორი ასევე აპელირებს სასარჩელო მოთხოვნის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არარსებობასა და გასაჩივრებული განჩინების უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასთან შეუსაბამობაზე.
9. საკასაციო პრეტენზიების შემოწმების მიზნით, უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე არის დაზღვეულის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე, ამავე კოდექსის 1328-ე მუხლის მიხედვით კი, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
10. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ სადაზღვევო შემთხვევის (მსესხებლის გარდაცვალების) დადგომის თაობაზე ბანკმა სადაზღვევო თანხის ანაზღაურების მოთხოვნით თავად მიმართა სადაზღვევო კომპანიას, რაზეც უარი ეთქვა იმ საფუძველით, რომ დაზღვეული გარდაიცვალა დაზღვევის მომენტიდან 12 თვის განმავლობაში და მისი გარდაცვალების მიზეზი ისეთი მძიმე დაავადება გახდა, რომელიც რისკის წინასწარი შეფასების შემთხვევაში, გახდებოდა დაზღვევაზე უარის თქმის ან სტანდარტული სადაზღვევო ტარიფის მკვეთრი მომატების საფუძველი. ამავე მიზეზზე მითითებით სადაზღვევო თანხის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნაზე უარი ეთქვა მსესხებლის მემკვიდრეს, მოსარჩელეს.
11. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ იმ უდავო გარემოებას, რომ დაზღვეულის გარდაცვალების მომენტისათვის, სამკვიდრო ქონებაში შევიდა მსესხებლის სიკვდილის მომენტისათვის არსებული აქტივი და პასივი. სსკ-ის 1484-ე მუხლი ადგენს მემკვიდრეთა პასუხისმგებლობას კრედიტორების წინაშე, კერძოდ, მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები მთლიანად უნდა დააკმაყოფილონ მემკვიდრეებმა, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა: „რაც შეეხება კასატორთა ძირითად არგუმენტს მოვალის გარდაცვალებით ვალდებულების შეწყვეტის თაობაზე, მას პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს. სასამართლო განუმარტავს კასატორებს, რომ განსახილველი სარჩელის ფარგლებში შესაფასებელ ვალდებულებას წარმოადგენს სასესხო ურთიერთობა იმგვარად, რომ კრედიტორს წარმოადგენს საბანკო დაწესებულება. ამ ურთიერთობის ნამდვილობაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ვერც სესხის მიზნობრიობა. ფულადი ვალდებულება, თავის იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, არ მოითხოვს მოვალის მხრიდან რაიმე განსაკუთრებული უნარ-ჩვევების ქონას და ის შეიძლება ნებისმიერ ვითარებაში შესრულდეს. ის ფაქტი, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულია სასესხო ურთიერთობის მიზანი, შესაძლოა მხოლოდ მესამე პირებთან მამკვიდრებლის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ჭრილში შეფასდეს, ამ შემთხვევაში შეიძლებოდა ემსჯელა სასამართლოს მამკვიდრებლის უფლებამონაცვლის პიროვნულ თვისებებზე ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესაძლებლობის კუთხით. იმგვარ შემთხვევაზე, როდესაც საბანკო დაწესებულება ითხოვს სესხის დაბრუნებას, სამოქალაქო კოდექსის 453-ე მუხლის პირველი ნაწილი ვერ იქნება გავრცელებული, ამ ვითარებაში ვალდებულება მოვალის გარდაცვალებით არ წყდება. სწორედ ამავე საფუძვლიდან გამომდინარე ...“ (იხ.სუსგ საქმე № ას-567-538-2015, 16.10.2015წ.).
12. განსახილველ დავაში დადგენილია, რომ გარდაცვალების დროისთვის მსესხებელს ბანკის მიმართ გააჩნდა სასესხო დავალიანება, სესხის ძირითადი თანხა - 21 692.96 აშშ დოლარი.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან კრედიტორის, ამ შემთხვევაში, ბანკის ინტერესი სრულიად დაცული და მოწესრიგებულია სამემკვიდრეო სამართლის ნორმებით, ერთმნიშვნელოვნად გამოკვეთილია უფლებამონაცვლის/მოსარჩელის იურიდიული ინტერესი წარმოდგენილი სარჩელის მიმართ, რადგან, იმ შემთხვევაში, თუკი მოპასუხე არ აუნაზღაურებს თანხას ბანკს, მითითებული მოთხოვნა მიმართული იქნება მოსარჩელისკენ (იხ. სუსგ საქმე №ას-1882-2018, 22 თებერვალი, 2019 წელი).
14. ამასთან, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, რომ 2015 წლის 28 დეკემბერს მსესხებელსა და სადაზღვევო კომპანიას შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულება მესამე პირის - ბანკის სასარგებლოდ დადებულ ხელშეკრულებას წარმოადგენს [სსკ-ის 799-ე, 844-ე. 453-ე მუხლები]. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეაფასა, რომ სადაზღვევო კომპანია, როგორც მზღვეველი სსკ-ის 799–ე და 316–ე მუხლების საფუძველზე, მამკვიდრებლის მემკვიდრის სარჩელის საფუძველზე, სარგებლის მიმღები პირის, ბანკის, მიმართ წარმოადგენდა სადაზღვევო თანხის გაცემაზე ვალდებულ პირს, რამდენადაც 2016 წლის 16 დეკემბერს მსესხებლის გარდაცვალებით დადგა სადაზღვევო შემთხვევა, ხოლო ზემოაღნიშნული ხელშეკრულების, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების გათვალისწინებით, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ მსესხებელი განეკუთვნებოდა 55-დან 60 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას და ამასთან, სესხის თანხა არ აღემატებოდა 50 000 აშშ დოლარს დაზღვევა განხორციელდა ავტომატურად და დამზღვევი არ იყო ვალდებული შეევსო ჯანმრთელობის შესახებ განაცხადი (იხ. ღია პოლისი, ს.ფ 34-37), რაც იმას გულისხმობს, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას სადაზღვევო თანხის ანაზღაურების საკითხის დადებითად ან უარყოფითად გადაწყვეტა არ იყო დამოკიდებული ჯანმრთელობის მდგომარეობისა და გარდაცვალების მიზეზების შედეგებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაზე ვერ გავრცელდებოდა დაზღვევის ხელშეკრულების 3.2-ე პუნქტით გათვალისწინებული ის გამონაკლისები, რომელზე მითითებითაც მოპასუხე უარყოფდა ვალდებულების არსებობას.
15. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას გასაჩივრებული განჩინების უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან შეუსაბამოსბის თვალსაზრისითაც და აღნიშნავს შემდეგს: ერთ-ერთ საქმეში, სადაც უარყოფილია სადაზღვევეო კომპანის შედავება დაზღვევის ხელშეკრულების გამონაკლისი გარემოების არსებობის თაობაზე, რაც, თითქოსდა, გამორიცხავდა ბენეფიციარის სასარგებლოდ თანხის ანაზღაურებას, დადგინდა, რომ ვინაიდან, გარდაცვალების გამომწვევი მიზეზის (აივინფექციის) კლინიკური სიმპტომატიკის გამოვლინება გვიან ეტაპზე ხდება, ავადმყოფი არ იყო გამოკვლეული აღნიშნულ დაავადებაზე. შესაბამისად, მსესხებელი დიაგნოსტირებული იყო 2013 წლის იანვარში, ანუ დაზღვევის შემდგომ, ამასთან, დაზღვევამდე ობიექტურად არ არსებობდა დაავადების დიაგნოსტირების შესაძლებლობა, რაც ვერ განიხილებოდა დაზღვევის საგამონაკლისო შემთხვევად (იხ. სუსგ საქმე №ას-602-570-2014, 30 იანვარი, 2015 წელი).
16. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 799-ე, 836-ე, 837-ე, 838-ე, 844-ე მუხლები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს.კ.ა–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. სს „ს.კ.ა–ს“ (..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №61c, გადახდის თარიღი 16.01.2023), 3 149 ლარის 70% - 2 204,3 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე